Sunday 11 November 2007

აპელასიონების აპელაცია




თანამედროვე მეღვინეობის ერთ-ერთ ყველაზე მწვავე საკითხად აპელასიონების ფრანგული სისტემა რჩება. ბოლო ათწლეულში მას ყველა მხრიდან უტევენ - ჟურნალისტები და ღვინის მწარმოებლები, ავსტრალიელები და თავად ფრანგებიც კი. და მაინც, ხომ არ იმსახურებს AOC მეტ პატივისცემას? ამ წერილში საკითხის სხვადასხვა ასპექტს წარმოგიდგენთ. ჟურნალ Wine-ს მიმომხილველები, ენდრიუ ჯეფფორდი და ჯონ რედფორდი საკუთარ მოსაზრებებს შემოგთავაზებენ. მაშ ასე, იარსებოს თუ არა აპელასიონებმა?
აპელასიონი - მკვეთრად განსაზღვრული ტერიტორია, რომლის შიგნით უნიკალური ეკოსისტემაა ჩამოყალიბებული (კლიმატი, ნიადაგი, ქარი, სინოტივე) და მხოლოდ ვაზის მკაცრად განსაზღვრული ჯიშები კულტივირდება. ყურძენიც მკაცრად განსაზღვრული ოდენობით იკრიფება (მოსავლის რაოდენობის მიუხედავად) და ღვინის წარმოებისას მკაცრ ტექნოლოგიურ პროცესს გადის. ღვინოს, რომელიც ყველა ამ მოთხოვნას პასუხობს, ანიჭებენ Appellation d`origine Controlee-ს, ანუ AOC-ს კლასიფიკაციას. ამ კატეგორიის ღვინოები საკმაოდ ძვირფასია. მათ წარმოებასა და გაყიდვას საფრანგეთის სახელმწიფო აკონტროლებს.

PRO

შეკითხვაზე, რა არის ყველაზე დიდი სასჯელი ადამიანისთვის, ნებისმიერი სფეროს წარმომადგენელი - მღვდელი იქნება, სოციალური მუშაკი თუ ძიძა, გიპასუხებთ: - სულიერი მარტოობა. პიროვნებას, რომელსაც არც მეგობარი ჰყავს და არც გულშემატკივარი, უკეთეს შემთხვევაში დეპრესია ელის, უარესში - შესაძლოა, თვითმკვლელობამდეც მივიდეს. ვითარება კიდევ უფრო მძაფრდება, თუ ჩვენი გმირი ოდესღაც ცნობილი და პოპულარული პერსონა იყო. სწორედ ასეთ მდგომარეობაშია დღეს კეთილი ბებერი AOC.
ავადმყოფის სრული სახელია Appellation d`origine Controlee. ათ წელიწადზე მეტია მას გამუდმებით დასცინიან ბრიტანელები, რომელთაც გასინჯეს სუპერმარკეტში ნაყიდი უგემური ბორდო AOC, აშმორებული Bourgogne, Vouvray, რომელსაც გოგირდის გემო დაჰკრავდა და დაასკვნეს, რომ აპელასიონების სისტემამ თავისი დრო მოჭამა.
სხვადასხვა დროს ბევრი კრიტიკოსი მოითხოვდა ღვინის იმ კანონების გადახედვას, რომლებიც ვაზის ჯიშებს ეხება. შარდონე ან რუსანი ბორდოში? - რატომაც არა? ამასობაში კი ახალი სამყაროს ღვინის მწარმოებლები საფრანგეთის დამარცხებას ზეიმობდნენ და საკუთარი მოქნილი ტექნოლოგიებით ამაყობდნენ.
გრეჰემ კრენსვიკ-სმიტი კრენსვიკის მამულიდან ახალს არაფერს ამბობს, როცა ამტკიცებს, რომ საფრანგეთს, ისევე, როგორც ევროპის სხვა სახელმწიფოებს, თავისი არქაული სისტემით, შუასაუკუნეობრივი რეგულაციებით, უფხო წვრილი მეწარმეებითა და ბრენდების უქონლობით ხელ-ფეხი აქვს შეკრული. მისი თქმით, ავსტრალიას საფრანგეთზე გაცილებით უკეთესი ღვინის წარმოება შეუძლია. "ჩვენ გვაქვს უმკაცრესი საექსპორტო კანონები, ჭკვიანური რეგიონული კლასიფიკაცია და "ლეიბლის" დაცვის პროგრამა. ეს ნიშნავს, რომ საუკეთესო პროდუქტის შესაქმნელად მეღვინეებს შეუძლიათ, სურვილის მიხედვით შეურიონ ყურძნის ჯიშები და რეგიონები. პირადად მე ეჭვი მეპარება, მაგრამ, შესაძლოა, ფრანგებმა ოდესმე მადლობა გადაგვიხადონ იმისათვის, რომ XXI საუკუნეში ჩვენ ღვინის გაყიდვების ამოქაჩვა შევძელით," - ამბობს იგი.
ეს განცხადება, შესაძლოა, ავსტრალიური აგრესიულობის ყველაზე უტაქტო და უხეშ გამოვლინებად მიგვეჩნია, რომ არა ის ფაქტი, რომ AOC –ს ბევრი ცნობილი ფრანგი მეღვინეც აკრიტიკებს. თუმცა, არაერთი ნაკლის მიუხედავად, აპელასიონებს ბევრი მომხრე ჰყავს.

ძირითადი პრინციპები

მთავარი, რის გამოც ამ სისტემას კბილებით იცავენ - იგი მაქსიმალურად უფრთხილდება ყველაფერ საუკეთესოსა და ღირებულს ღვინის სფეროში. თუმცა აპელასიონებს, ისევე როგორც ბევრ სხვა იურიდიულ სისტემას, მუდმივად სჭირდება განახლება. სამწუხაროდ, ეს პროცესი ხანგრძლივად და მძიმედ მიმდინარეობს, აპელასიონების ძირითადი პრინციპები ბრდღვნად ნამდვილად ღირს.
მათგან ყველაზე მთავარი კონკრეტული სახელწოდების საერთო საკუთრებაში ფლობის პრინციპია. იშვიათი გამონაკლისის გარდა, ერთ პიროვნებას უფლება არა აქვს, ფლობდეს და მხოლოდ პირადი მიზნებისთვის გამოიყენოს ცნობილი სახელი. იგი მშვენივრად თანაარსებობს სხვა დასახელებებთან, უსვამს რა ხაზს მათ შორის არსებულ განსხვავებას.
ამ თვალსაზრისით AOC ბრენდის, როგორც წარმონაქმნის, სრულიად საპირისპირო მოვლენაა. ეს უკანასკნელი აუცილებლად კერძო მფლობელობაში მოიაზრება და გათვლილია ფინანსურ მოგებასა და კონკურენტების დამარცხებაზე.
ის, რომ AOC რამდენიმე მწარმოებლის საერთო საკუთრების უფლებაა, ამ ორგანიზაციას მშვენიერ ანტიმონოპოლიურ იარაღად აქცევს, რომელიც მის წევრებს თავისუფალი ბაზრის სასტიკი და დამანგრეველი გამოვლინებისგან იცავს. როგორ? -AOC წვრილ მეწარმეებს ერთი დროშის ქვეშ გაერთიანებას სთავაზობს. სხვანაირად ისინი ვერ შეძლებენ, ფეხი მოიკიდონ საშინაო და, მით უმეტეს, საგარეო ბაზარზე.
საფრანგეთში არ არის არც Gallo და არც Southcorp-Rosemount და ამისათვის მადლობა სწორედ აპელასიონების სისტემას ეკუთვნის. უნდა აღინიშნოს, რომ AOC მხოლოდ მცირე მეწარმეებს კი არ იცავს, არამედ ვაზის ნაკლებად ცნობილ ჯიშებსა და წარმოების მეთოდებსაც. იარსებებდა vin jaune ან vin de paille AOC-ის გარეშე? მოიპოვებდა დღევანდელ პოპულარობას ბანდოლაში - მურვედრი, მადირანში - ტანა, Vic-Bilh-ში კი პტი მანსენი? გასინჯეთ დიდებული Bandol - Domains Bunan-ისგან, Madiran - Chateu d`Aydie-ის ან Brumont- ის, ან Jurancon - Domain Ramontue-სგან და AOC -ის მიმართ უფრო თბილად განეწყობით.
სისტემის საფუძველი, როგორც ცნობილია, ტერუარის შესახებ წარმოდგენას ეფუძნება. AOC-ის თანახმად, ღვინის გემო არც ყურძნის ჯიშზე უნდა მიანიშნებდეს და არც მისი დაყენების ტექნოლოგიაზე; ღვინის არომატიც და გემოც, პირველ რიგში, იმ ნიადაგის ტერუარის თავისებურებას უნდა ასახავდეს, სადაც იგი გაჩნდა. ეს კი საკმაოდ რთული პროცესია და ბევრი მნიშვნელოვანი ფაქტორის ერთიანობას ეფუძნება, მათ შორისაა, გეოგრაფია, ტოპოგრაფია, ადგილობრივი ამინდის თავისებურებანი, ვაზის ტრადიციული ჯიშები და ყველაზე ნაკლებად - ღვინის წარმოების ადგილობრივი პრაქტიკა.
ღვინოს ერთი უცნური თვისება აქვს. იგი ნებისმიერ სასოფლო-სამეურნეო პროდუქტზე მეტად "ისრუტავს" იმ ნიადაგის თვისებებს, რომელზეც შეიქმნა, ამიტომ ნიადაგს "ღვინის სიმართლესაც" უწოდებენ. სამწუხაროდ, AOC-ის ღვინოების უმეტესობა არც ისე მაღალი ხარისხისაა, რომ გამოკვეთილად ასახონ მშობელი მიწის თავისებურებანი. ამის მიუხედავად, AOC-ის გარეშე ტერუარის შესახებ ჩვენი წარმოდგენა გაცილებით მწირი იქნებოდა.

კეთილშობილური მისია

AOC-ის კრიტიკას უმეტესწილად მისი მისიის გაურკვევლობა განაპირობებს. კონკრეტულად, რას აკონტროლებს იგი? პასუხი ასეთია: Appelation d`origine. ეს არ არის Appellation de qualite garantie. AOC -ის ღვინოების ხარისხის კრიტიკა ნიშნავს საბაზო ფრანგულ ღვინოთა სტანდარტების კრიტიკას, თუმცა, ეს ღვინოები არ მიეკუთვნება იმ სისტემას, რომელიც ორიგინალობას აკონტროლებს.
AOC -ის კრიტიკა ნიშნავს იმასაც, რომ არ გვესმის მეღვინეობის სტრუქტურული მნიშვნელობა და როლი ფრანგულ ეკონომიკაში. ციფრები გვიჩვენებს, რომ ამ სფეროში მოღვაწე ადამიანთა უმეტესობა უკვე შემდგარი პროფესიონალები ან გამდიდრების მსურველი საქმოსნები კი არა, ჩვეულებრივი გლეხები არიან. ისინი მცირე რაოდენობით მიწებს ფლობენ, საწყის ეტაპზე არც ამ საქმიანობისათვის აუცილებელი უნარები გააჩნიათ, არც განსაკუთრებული შემოსავალი და, მით უმეტეს, არც მეღვინეობით გამდიდრების იმედი. მაგალითად, ლანგედოკის მსგავს ოლქებში მეღვინეობა იმ პიროვნებათა ხვედრი იყო, რომლებიც სხვა სფეროებში ვერაფერს აღწევდნენ. ძალიან ხშირად ღვინო და ვენახი სუსტების უკანასკნელი ნავსაყუდელია. AOC-ის სისტემა იმისთვის არსებობს, რომ დაეხმაროს ადამიანებს სტაბილური მეღვინეობის საწარმოებლად, რაც ღვინის ხარისხის გაუმჯობესებასაც შეუწყობს ხელს.

Contra

ალბათ, გსმენიათ, რომ ბრიტანეთისთვის ღვინის ძირითადი მიმწოდებლის რანგში ავსტრალია საცაა გაუსწრებს საფრანგეთს. ბოლო დროს ევროპაში (განსაკუთრებით, საფრანგეთში) ხშირად გამოთქვამენ უკმაყოფილებას იმის გამო, რომ მეღვინეობის ცნობილ რეგიონებში ხარისხიან ღვინოებზე Quality Wine (QW) კონტროლი განვითარების საშუალებას ზღუდავს და სხვა ქვეყნების ნოვატორულ ღვინოებს მათი ნაწარმის განდევნაში უწყობს ხელს. მსოფლიოში უმსხვილესი ღვინის გამოფენის Vinexpo-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, რობერტ რეინმა განაცხადა, რომ საფრანგეთმა უნდა შეასუსტოს თავისი წარმოების სისტემა, თუ უნდა, რომ ავსტრალიურ ან ჩინურ ანალოგებს შეებრძოლოს.
ეს პარადოქსული იდეა საფრანგეთის ღვინისა და სპირტიანი სასმელების ექსპორტიორთა ფედერაციის თავმჯდომარემ, ბერტრან დევიიარმაც აიტაცა. საქმე ისაა, რომ 2001 წელს ფრანგული ღვინის ექსპორტი 5%-ით შემცირდა, რის გამოც დევიიარმა კოლეგებს ღვინის კონტროლის, გაყიდვისა და მართვის სისტემის საფუძვლიანი გადახედვისკენ მოუწოდა. "თუ შეჯიბრი გინდათ, ბაზარზე ცხრაპირ ტყავში გაძრომაც უნდა შეძლოთ. ნუ დაუშვებთ, რომ ბიუროკრატიამ სუნთქვის საშუალება მოგისპოთ," - მიიჩნევს იგი.

AOC, DOC თუ QW?

არ ღირს იმის დავიწყება, რომ თანამედროვე სისტემაში ყველაზე კარგად თავს საერთაშორისო რეპუტაციის მქონე მსხვილი მამულები გრძნობს. ვერავინ შეგეკამათებათ, თუ იტყვით, რომ Chateau Lafite-Rothschild, Domaine de la Romanee-Conti და მსგავსნი მათნი წინათ გაყიდვებისთვის ნამდვილად არ იბრძოდნენ. მაგრამ არსებობს მეორე მხარეც - "კლუბი QW", რომელიც ამბიციური, "მიმწოლი" ღვინის მწარმოებლების საყრდენს წარმოადგენს. უბედურება ისაა, რომ ამ უკანასკნელთ ხშირად სწორედ მაშინ აკვეცენ ფრთებს, როდესაც წარმატება ძალიან ახლოსაა. "ახალი იდეები? ექსპერიმენტული მეთოდები? გვაპატიეთ, მუსიე, მაგრამ ეს არღვევს წესებს..." - პასუხობენ მათ ბიუროკრატები.
რასაკვირველია, არსებობენ ინდივიდუალისტები - მეღვინეები, რომლებიც ყურადღებას არ აქცევენ ბიუროკრატთა მოსაზრებებს, ღვინოს საკუთარი გემოვნებით აყენებენ და თავიანთი სამარკო ნიშნით ყიდიან. მაგალითად, კატალონიელი მიგელ ტორესი მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ და სახელგანთქმულ საწარმოს ფლობდა და ათეულობით ქვეყანაში გაჰქონდა თავისი ღვინო, სანამ არ აიძულეს, ეტიკეტზე მიეთითებინა DOC ოლქი - Penedes. კიდევ ერთი მაგალითია კაბერნეს საფუძველზე შექმნილი იტალიური სუპერტოსკანური ღვინოები, რომელთაც ნება არ დართეს ეტიკეტზე DOC სახელწოდება მიეთითებინათ. მიზეზი - ეს ჯიში ამ რეგიონისთვის ტიპური არ არის. მათი შესანიშნავი ღვინოები, მართალია, ძალიან მაღალ ფასად იყიდება, მაგრამ "სუფრის ღვინოების" კლასიფიკაციაში გადის.
სხვაგვარად რომ ვთქვათ, ბიუროკრატია ყოველთვის არ არის მართალი. ის ფაქტი, რომ ღვინოს აქვს Apellation, Denominacion ან Denominazione, ყოველთვის არ ნიშნავს, რომ იგი უფრო მეტად ხარისხიანი ან ძვირფასია, ვიდრე ინდივიდუალისტის მიერ იმავე ოლქში წარმოებული ღვინო.
1987 წელს საფრანგეთი გარკვეულწილად შეეხო ამ საკითხს, როდესაც შექმნა Vin de Pays d`Oc ქვეყნის სამხრეთ ნაწილში. მეთოდმა გაამართლა - ამ კატეგორიამ ნოვატორებს თვითგამოხატვის საკმაოდ დიდი შესაძლებლობა მისცა. დღესდღეობით, 15 წლის შემდეგ, Vin de Pays d`Oc სამხრეთულ ღვინოებს შორის ერთ-ერთ საუკეთესოდ და, ამასთან, კომერციულად მომგებიანადაც ითვლება. ამაში იოლად დარწმუნდებით, თუ ნებისმიერ ბარს ან სუპერმარკეტს ეწვევით. ასეთი წარმატება შეუმჩნეველი არ დარჩენილა. ესპანელები, მაგალითად, ინტერესით აკვირდებოდნენ თავიანთი ფრანგი კოლეგების საქმიანობას.

ესპანური DOCუმენტაცია

1978 წელს ესპანეთის კონსტიტუციამ ქვეყანა 17 ავტონომიურ ოლქად დაყო. თითოეულს თავისი დამოუკიდებელი მმართველობა ჰყავდა, რომელიც სრულად აკონტროლებდა ოლქის ტერიტორიაზე მიმდინარე ყველა პროცესს. სოფლის მეურნეობა, მაგალითად, მთლიანად ექვემდებარებოდა რაიონულ მმართველობას, რომელსაც, თავის მხრივ, შეეძლო ფერმერთა ინტერესების გათვალისწინებით შეექმნა ან შეეცვალა კანონები. ამ პროცესების დამკვიდრებას გარკვეული პერიოდი დასჭირდა, თუმცა, ამჟამად რაიონულ ადმინისტრაციას უკვე შეუძლია ახალი კანონების შექმნა და მადრიდი მათ წინააღმდეგ უძლურია.
პირველად ამ უფლებით კატალონიამ ისარგებლა. 1998 წელს მან 4000 ჰექტარი მანამდე არაკლასიფიცირებული ვენახი მიიერთა და, რაც მთავარია, ნება დართო მეწარმეებს, შეერიათ ღვინოები ზოგიერთი კატალონური DOC-ებიდან და ადგილობრივი სახელწოდებებით გაეყიდათ, რისი უფლებაც ყოველთვის ჰქონდათ ბორდოს და ბურგუნდიას. ეს კანონი ძალაში 1999 წელს შევიდა.
ამავე პერიოდში ევროკავშირის სოფლის მეურნეობის თავკაცები აქტიურად მუშაობდნენ ღვინის რეჟიმის თანამედროვე ვერსიაზე, ანუ იმ საკითხზე, თუ რისი უფლება ჰქონდათ ღვინის დამზადებისას ევროკავშირში შემავალ ქვეყნებს.
ამ დოკუმენტის თანახმად, ევროკავშირის კანონმდებლობა გაცილებით "ლიბერალურია" და მის წევრებს უტოვებს უფლებას, თავიანთი შეხედულებისამებრ გაამკაცრონ ან შეარბილონ ძირითადი დებულებები. კანონის მთავარი ღირსება ისაა, რომ უფლებების დიდი ნაწილი ცენტრალური ხელისუფლებიდან უშუალოდ მეღვინეებს გადაეცათ.
ამ ეპოქალური დოკუმენტის გამოქვეყნებიდან ცხრა დღის შემდეგ კასტილია-ლა-მანჩას მმართველობამ ტოლედოში შექმნა Vino de la Tierra Castilla. ეს კლასიფიკაცია მთელს რეგიონს უნდა შეხებოდა და მანამდე არაკვალიფიცირებული მწარმოებლებისთვის საშუალება მიეცა ეტიკეტზე ვაზის ჯიში და ვინტაჟის თარიღი მიეთითებინათ, რაც მანამდე ჩვეულებრივ სუფრის ღვინოებს ეკრძალებოდათ. მწარმოებლებს ასევე უფლება ეძლეოდათ, არსებული DOC-ის ფარგლებში არასტანდარტული ღვინოები ეწარმოებინათ. ცვლილებების ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მომხრე იყო კარლოს ფალკო - მარკიზ დე გრინიონი, რომლის ღვინოებსაც Dominio de Valdepusa არასოდეს ჰქონდა რაიმე სახის ფორმალური კლასიფიკაციის უფლება.
ევროკავშირის ახალ დოკუმენტაციაში მითითებული იყო ისიც, რომ უნდა გაიზარდოს ღვინის მწარმოებელთა ორგანიზაციების როლი ღვინის რეგულირებისა და ზედამხედველობის საქმეში. ეს ფაქტი ევროპაში ღვინის რეგულირებისა და ზედამხედველობის პერტურბაციის ძირითადი ამოსავალი შეიძლება გახდეს. ამჟამად ამ პროცესს თითოეულ QW ზონაში ერთობლივად ახორციელებენ მმართველობის ცენტრალური ორგანო და რეგიონალური კომიტეტები. მაგალითად, საფრანგეთში თითოეულ AOC-ს ჰყავს Comite Interprofessionel, ესპანეთში კი თითოეულ DOC ზონას თავისი Consejo Regulador. რა როლს ითამაშებს "მწაროებელთა ორგანიზაცია" დადგენილ რეგულატორებსა და ინდივიდუალურ მწარმოებლებს შორის, ჯერჯერობით უცნობია, თუმცა ეს საკითხი უახლოეს მომავალში გაირკვევა.

XX საუკუნის ღვინის კანონმდებლობის ისტორია

1957 წელი - სუფრის ღვინოზე მხოლოდ ქვეყნის ან წარმოშობის მითითება შეიძლება, ყურძნის ჯიში, რაიონი, ვინტაჟი - აკრძალულია.
1973 წელი - იქმნება Country Wines - ზოგადრეგიონალური კატეგორიების გარდა, მითითებულია ვინტაჟი და ყურძნის ჯიში.
1980-იანი წლები - ასპარეზზე გამოდის ინდივიდუალისტთა ღვინოები არაკლასიფიცირებული ტერიტორიებიდან. ხდება 1957 წლის წესების განახლება.
1987 - საფრანგეთს შემოაქვს Vin de Pays d`OC - კანონი გაცილებით მოქნილი ხდება.
1990-იანი წლები - ესპანეთი ნებას რთავს "ინდივიდუალისტების" რეგიონალურ კატეგორიას, ვინტაჟს და ყურძენს.
1999 - იტალია და პორტუგალია არეგულირებენ Country Wines წესებს. კატალონია აარსებს region-wide Quality Wine.
2000 წელი - კასტილია-ლა-მანჩა აყალიბებს "ინდივიდუალისტების ღვინის" დამცავ მექანიზმებს QW სტატუსით.
2002 წელი - ევროპა ელოდება პირველ "კერძო" QW-ს ყოფილი "სუფრის" ღვინოებისგან.

სისტემის მიღმა

2000 წლის 1 აგვისტოს ტოლედოს პარლამენტმა კიდევ ერთი კანონი მიიღო, რომელიც "კერძო" DOC -ების ფორმირების უფლებას იძლეოდა. კლასიფიკაცია "ერთი მამულის" (pago) ღვინოებს ეხება. კანდიდატებმა უნდა უჩვენონ, რომ მათი მევენახეობისა და მეღვინეობის მეთოდები საერთაშორისო სტანდარტებს შეეესაბამება, ღვინოში კი მაქსიმალურად არის გამოხატული თავად ამ pago-ს თვისებები. გარდა ამისა, ღვინომ პრესტიჟული რეპუტაცია და ავტორიტეტიც უნდა მოიპოვოს.
2000 წლის ნოემბერში ესპანეთში შეიქმნა ორგანიზაცია, სახელწოდებით - Grandes Pagos de Castilla, რომლის პრეზიდენტიც კარლოს ფალკო გახდა. ამ რადიკალურ ორგანიზაციაში საერთაშორისო დონის ყველა ესპანელი ღვინის მწარმოებელი გაერთიანდა: ოთხი - კასტილია-ლა-მანჩადან (თავიანთ ღვინოებს ისინი ახლა ასე აღნიშნავენ - Vino de la Tierra de Castilia), სამი კი - კასტილია-ლეონადან (ერთი მათგანი განსაზღვრულია, როგორც DOC Ribera del Duero, დანარჩენი ორი კი თავიანთ ღვინოებს Vino de Mesa de Castilla-Leon-ს აწერს).
ამათგან პირველი კარლოს ფალკოს მამულში, Malpico de Tajo-ში DOC -ის ახალ "კერძო" სტატუსზე აპელირებს, თუმცა სავსებით შესაძლებელია, რომ ეს სტატუსი კასტილია-ლა-მანჩას დანარჩენმა წევრებმაც მიიღონ.
კასტილია-ლეონში ასეთი კანონები არა აქვთ, თუმცა, შესაძლოა, კავშირის აქაური წევრები უკმაყოფილო დარჩნენ და მსგავსი პრივილეგიების სურვილი თავადაც გამოთქვან. და თუ ეს მოხდება, წარმოგიდგენიათ, ნავარის, რიოხის, კატალონიისა და სხვა ოლქების კიდევ რამდენი "სახელგანთქმული მამული" მოითხოვს ადმინისტრაციისგან იმავეს?!
მიხვდება კი საფრანგეთი, რომ სწორედ ესაა საუკეთესო გამოსავალი - ინდივიდუალებსაც შეუწყოს ხელი და, ამასთანავე, არ გაანადგუროს არსებული AOC სისტემა? ისეთმა მამულებმა, როგორიცაა, Mas de Daumas Cassae (ამჟამად - მოკრძალებული Vin de Pays de`Herault), აღიარებასა და პრესტიჟს თავიანთი წესების შემოღებით მიაღწია. იქნებ, ბორდოს, ტოსკანისა და მოზელის "სახელგანთქმულმა მამულებმაც" მოითხოვონ იგივე საკუთარი თავისთვის?
მაგრამ როგორ აისახება ეს ყველაფერი მომავალზე? წარმოიდგინეთ, დადგა 2051 წელი და 2048 წლის ვინტაჟის ხარისხს განვიხილავთ. როგორ შევადაროთ ერთმანეთს Chardonnay d`Haut Brion (AOC Chateaou Haut-Brion) და Riesling de la Romanee-Conti? ან Tempranillo Classico de Antinori (DOGG Antinori) როგორ გაეჯიბრება JP Sangiovese Garrafiera (DOC Joao Pires)-ს?
ბიუროკრატიისთვის მართვის სადავეების ჩამორთმევა და მისი მეღვინეებისთვის გადაცემა სახიფათო, მაგრამ მიმზიდველი პროექტია. თუმცა, თუ გავითვალისწინებთ ახალი სამყაროს ღვინოების მზარდ წარმატებას, ცხადი გახდება, რომ ბებერი ევროპა უნდა შეიცვალოს. უნდა შეიცვალოს, თუ სურს, რომ ამ სამყაროს პირისპირ ისე წარდგეს, როგორც ტოლი - ტოლთან.

© „მარანი“

2 comments:

Anonymous said...

მალხაზ
დიდი მადლობა ამ ბლოგისთვის
დიდი ხანი არ არის რაც ვიპოვე
და ბევრი საინტერესო რამ გავიგე.
ერთი თხოვნა და მოკრძელებული რჩევა ორიენტირი უფრო შემეცნებით
კონტენტზე აიღე.
დარწმუნებული ვარ კიდევ ბევრ საინტერესო ინფორმაციას მივიღებთ ამ ბლოგის მეშვეობით .

მალხაზ ხარბედია said...

Anonymous

დიდი მადლობა პოსტისთვის, რჩევა რა თქმა უნდა მიღებულია. თუმცა იქნებ უფრო დააკონკრეტო რას გულისხმობ, იმიტომ, რომ დიდი სურვილი მაქვს, კონტენტი გარკვეულწილად მკითხველის მოთხოვნებზეც იყოს დამოკიდებული.