Sunday 30 March 2008

ქართული ღვინო - კულტურა, ტრადიცია, ხარისხი


მრგვალი მაგიდა

ჩვენი გაზეთი უკვე წელიწადზე მეტია რაც არსებობს და ამ დროის მანძილზე "მარანში" ქართული ღვინის პრობლემებთან დაკავშირებული არაერთი სტატია დაიბეჭდა. რუსული ემბარგოთი დაწყებული და შარშანდელი რთველის შესავლითა და მისი შედეგებით დამთავრებული, ყველაფერმა დეტალური ასახვა ჰპოვა ჩვენი გაზეთის ფურცლებზე. დღევანდელი ნომრიდან, გადავწყვიტეთ დიალოგის ფორმისთვისაც დაგვეთმო ადგილი და მრგვალ მაგიდასთან სასაუბროდ რუსეთში მოღვაწე ქართველი ღვინის კრიტიკოსი და ჟურნალ Simple Wine News-ის პასუხისმგებელი რედაქტორი სანდრო ხატიაშვილი და საქართველოს სომელიეთა ასოციაციის პრეზიდენტი, შალვა ხეცურიანი მოგვეწვია.

მალხაზ ხარბედია: ამასწინათ, ერთ სატელევიზიო გადაცემაში მომიწია მონაწილეობის მიღება, რომელიც ღვინოს მიეძღვნა და სადაც დიდხანს ვისაუბრეთ იმის შესახებ, რომ საქართველოში ღვინის კულტია, მაგრამ არ არის ღვინის კულტურა. თან კულტიც პირობითად შეიძლება ეწოდოს ასეთ თაყვანისცემას, იმდენაც უცნაური ფორმები მიიღო. როგორ ფიქრობთ, რა არის საჭირო იმისთვის, რომ საქართველოში ღვინის სმამ გარკვეული კულტურული ფორმა შეიძინოს, ანუ ღვინოს თან ახლდეს რაღაც კონტექსტი, ჰქონდეს ფონი და არ იყოს მხოლოდ თრობა. რა თქმა უნდა, ქართული სუფრის ტრადიციები გულისხმობს ამ კონტექსტს, მაგრამ ტრადიციების მიუხედავად, მომხმარებელთა 90%-ზე მეტი განურჩეველია ღვინის ხარისხის მიმართ, არ ინტერესდება რას სვამს.
სანდრო ხატიაშვილი: მთავარია ღვინის მომხმარებელი გაერკვიოს იმაში, თუ რას სვამს. სამწუხაროდ ჩვენში, მოსახლეობის უმეტესობა ღვინოს ფასით არჩევს და რადგან ფასზეა დამოკიდებული ბევრი რამ, შეუძლებელია საუბარი იყოს ღვინის ღრმად შესწავლაზე და ღვინის კულტურაზე. სამწუხაროდ უმეტესობას, და განსაკუთრებით ახალგაზრდობას, მთავარ კრიტერიუმად ღვინის შეფასებისას ნაბახუსევი მოყავს, ანუ ექნება თუ არა მეორე დღეს ე.წ. "პახმელია"... თავის მხრივ მეღვინეც ამბობს ხოლმე თავის პროდუქციაზე, რომ სუფთა ღვინოა, რომ არაფერი არ ურევია... აი სულ ესაა კრიტერიუმები, რომლითაც ჩვენში ღვინოს აფასებენ. პირველ რიგში ეს უნდა შეიცვალოს და ღვინო არ უნდა აღიქვან მხოლოდ ნაბახუსევის მიხედვით, ან წყალის გარევა არ გარევით, არამედ უამრავი სხვა კრიტერიუმის მიხედვითაც და პირველ რიგში ეს უნდა იცოდეს მომხმარებელმა.
შალვა ხეცურიანი: კულტი რატომ არის უფრო იოლი ასახსნელია, ვიდრე ის, თუ რატომ არის უკულტურობა. ღვინოს დიდი საკრალური მნიშვნელობა ჰქონდა საქართველოში, და სხვა ქრისტიანულ ქვეყნებში. მეტიც, საუკუნეების წინ, ეკლესია-მონასტრები ერთადერთი მსხვილი ღვინის მწარმოებელნი იყვნენ. აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ ომიანობის დროს, ღვინო ერთგვარი ძალის მომგვრელიც კი იყო. მაგრამ უკულტურობა კი ჩემის აზრით ჩაკეტილი სივრცის ბრალია. ჩვენ ავცდით მეღვინოების განვითარების სწორ გზას ბოლო საუკუნის განმავლობაში. ჩვენ ისედაც არ გვქონდა დიდი შანსი რუსეთის იმპერიის ფარგლებში, რომ რაღაც ადგილი დაგვეჭირა მსოფლიო ღვინის ბიზნესში, რადგან ძალიან მოცილებული ვიყავით ღვინის მოხმარების "სწორ" ბაზრებს, და თითქმის მთლიანად ორიენტირებული ვიყავით რუსეთზე და მის სატელიტებზე. ვფიქრობ, ამის წამალი განათლებაა და ჩვენი მოსახელობის მეტი მოგზაურობა მეღვინეობის მაღალი კულტურის ქვეყნებში, რაც ღვთის წყალობით უფრო ხშირი ხდება.
მალხაზ ხარბედია: ალბათ მნიშვნელოვანია, რომ დამლევს აინტერესებდეს ღვინის წარმოშობა, ადგილმდებარეობა იმ ვენახისა, სადაც ყურძენია მოწეული (ე.წ. ტერუარის თავისებურებები), ის, თუ რა ჯიშია, შერეულია თუ არა ჯიშები ერთმანეთში და მრავალი სხვა.
სანდრო ხატიაშვილი: თუ იმ ტერუარის ამბავს კითხულობს და აინტერესებს, მაშინ იმ ტერუარზე მოწეული ყურძნიდან დაწურული ღვინის დახასიათებებსაც უნდა იცნობდეს.
მალხაზ ხარბედია: ანუ ის, თუ რა "ნორმებს" აკმაყოფილებს ესათუის ღვინო.
სანდრო ხატიაშვილი: და ამას გარდა რა შედეგს იძლევა ეს ღვინო უკვე იმ კონკრეტული ღვინის კლასიკურ დახასიათებებში. ანუ რითი გამოირჩევა გარკვეული ტერუარების ღვინო ერთმანეთისგან.
შალვა ხეცურიანი: ვეთანხმები სანდროს, მეტსაც ვიტყვი, საბედნიეროდ საქართველოში ოდითგანვე პოპულარული იყო ტერუარის ფაქტორი ღვინოში. ქართველი ყოველთვის ინტერესდებოდა ღვინის წარმოშობით. ის, რომ იგი უფრო მეტით აღარ ინტერესდება, ანუ ტერუარით და არც კი აქვს ხოლმე მისი აღწერის სურვილი - შეიძლება ეს ჩვენი ეროვნული ხასიათის ბრალიცაა? ქართველებს ცოტა არ იყოს, გვახასიათებს ზედაპირულობა.
მალხაზ ხარბედია: კიდევ ერთი სერიოზული პრობლემაა საქართველოში ღვინის ფასისა და ხარისხის შეხამება. ჟურნალ “The Drinks Business”-ის ბოლო მონაცემებით, ბრიტანეთის ბაზარზე ავსტრალიურმა ღვინოებმა უკვე 8%-ით გადაუსწრო საფრანგეთს და 9%-ით აშშ-ს, ძირითადად ეს ხდება ფასისა და ხარისხის სწორი შეხამების ხარჯზე. საქართველოში კი ხშირად ძალზე საეჭვო ხარისხის ღვინო საკმაოდ ძვირი ღირს. ალბათ ესეცაა მიზეზი, რომ ჩვენს ქვეყანაში ძალიან ბევრ ღვინოს მოიხმარენ, მაგრამ ძალიან ცოტას, ბოთლის ღვინოს.
სანდრო ხატიაშვილი: რადგან ხარისხისა და ფასის შეხამებას შევეხეთ, ჩემს ერთ დაკვირვებას გაგიზიარებთ. დაბალი საფასო კატეგორიიისთვის ჩვენ საკმაოდ ხარისხიან ღვინოს ვუშვებთ და იგი კონკურენტუნარიანია მსოფლიო ბაზრისთვის. როგორც კი სხვა საფასო კატეგორიაზე ჩამოვარდება საუბარი, აქ არანაირ კონკურენციაზე არაა საუბარი. ძირები კომუნისტურ მემკვიდრეობაში უნდა ვეძებოთ (ვიცი რო ბანალურად ჟღერს, მაგრამ ძალაუნებურად გვიწევს დაბრუნება ამ თემასთან), როცა სოც-შეჯიბრებისა და მასშტაბური წარმოების პირობებში გლეხიცა და მეღვინეც ეძებდა ისეთ ადგილებს, სადაც უფრო ნოყიერი ნიადაგი და მაღალი მოსავლიანობა იყო, ანუ შეიმჩნეოდა ფერდობებიდან ბარში ჩამოსვლა. აი სწორედ დღეს ჩამოვედი კახეთიდან და იქ არაერთგან შევამჩნიე ფერდობებზე ნავენახარები. არადა ამ დროს მაგარი მუშაობა მიდის ბარში და ამ ადგილმდებარეობის ამორჩევის უმთავრესი კრიტერიუმია მოსავლიანობა და ის, რომ ნაკვეთი ერთ მთლიანობას ქმნიდეს, ტრაქტორით ადვილი დასამუშავებელი იყოს და სამუშაოც ერთიანად დასრულდეს. ფერდობებზე ძრომიალი და ხელით მუშაობა არავის უნდა.
მალხაზ ხარბედია: აქედან გამომდინარე, რამდენად შეეხამება ქართული ღვინის ხარისხი და ფასი?
სანდრო ხატიაშვილი: გაუმართლებლად მაღალია. ანუ ქართული ღვინის ფასი ერთიორად დაბალი უნდა იყოს.
შალვა ხეცურიანი: არანაირ კრიტიკას არ უძლებს ეს შეხამება. მითუმეტეს, რომ თუ ჩვენს ღვინოს განვიხილავთ არარუსულენოვან ბაზრებზე რეალიზაციის შესაძლებლობის თვალსაზრისით -ასეთი შეხამებით ვერანაირ კონკურენციას ვერ გავუწევთ საერთაშორისო ჯიშებისაგან შექმნილ ღვინოებს ქვეყნებიდან, რომელთაც გაცილებით მეტი ცნობადობა და რეპუტაცია აქვთ, ვიდრე საქართველოს. ეს ეხება ზუსტად იმ დაბალფასიან სეგმენტს. მაღალფასიანში კი - აქ კონკურენცია კიდევ უფრო მძაფრია, რადგან საშუალო და მაღალი ფასის გადამხდელი ადამიანი უფრო კარგად ერკვევა ღვინოში და მეტსაც ითხოვს. იგივე ფასში მას კარგი ავსტრალიური და ფრანგული ღვინის დალევა შეუძლია, რაც მისთვის ნაცნობია და მიჩვეულიც არის. მან შეიძლება გარისკოს და მისცეს შანსი ახალ ქვეყანას, თუმცა იგივე ღვინის ყიდვის მეორე, მესამე ჯერზე, შეიძლება არასასიამოვნო სიურპრიზსაც წააწყდეს - ანუ შეიძლება სულ სხვა ხარსიხის ღვინო აღმოაჩინოს არამც თუ ერთი და იგივე აპეალსიონის ფარგლებში, არამედ ერთი და იგივე მწარმოებლის ერთი და იგივე მოსავლის ღვინოშიც კი.
მალხაზ ხარბედია: მოდით აპელასიონურ სისტემაზეც ვისაუბროთ, ანუ ადგილწარმოშობის კონტროლირებადი დასახელების ღვინოებზე. მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობის თვალსაზრისით იგი ახალი ხილია საქართველოში (სულ რამდენიმე ათწლეულის), ადგილწარმოშობის ღვინოებს საკმაოდ დიდი ისტორია აქვს ჩვენს ქვეყანაში. ჯერ კიდევ ვახტანგ მეექვსის დროს იყო ცნობილი "ბოლნური", გიორგი 12-ეს კი, როგორც პლატონ იოსელიანი წერს თავის წიგნში, ყველაზე მეტად ხორნაბუჯული უყვარდა. დღეს ნამდვილად ვერ ვიტყვით, რომ ადგილწარმოშობის დასახელების ღვინოები დაცულია საქართველოში და რომ არსებობს მექანიზმები, რისი მეშვეობითაც ვთქვათ, რომელიმე "წინანდლის" ან "მუკუზნის" გაყალბებას ავიცილებთ თავიდან. ხშირია ხოლმე ისეთი შემხვევები, როცა "წინანდლად" საღდება ღვინო, რომელიც არც გემოთი, არც ფერით და არც სხვა მონაცემებით არ აკმაყოფილებს "წინანდლის" დახასიათებებს და რაც მთავარია, ისეთივე საფასო კატეგორიაში გადის (დაახლ. 7-9 ლარი), რაშიც "წინანდლები", რომლებიც აკმაყოფილებენ კანონით გათვალისწინებულ ნორმებს.
სანდრო ხატიაშვილი: მართალია მე ღრმად არ ვარ ჩახედული იმაში, თუ რამდენადაა შესწავლილი ქართული ტერუარების დახასიათებები, თუმცა ამასთან დაკავშირებით უკვე არსებობს რაღაც გამოცდილება. იქ მცხოვრებმა და მომუშავე ხალხმა საკმაოდ კარგად იცის კონკრეტული ზონა, ანუ ზუსტად შეუძლიათ ტერიტორიის მოხაზვა, სადაც ადგილმდებარეობის მიხედვით უნიკალური ღვინო მოდის. უბედურება სხვა რამეშია, ანუ იცავს თუ არა ამ ზონის კანონებს ვინმე. მაგალითად, ზოგს ჰგონია, რომ ნებისმიერ საფერავი შეგიძლია დააძველო 3 წელი და შემდეგ "მუკუზნის" ეტიკეტით ჩამოასხა... მთავარი პრობლემა ისაა, რომ ადგილწარმოშობის ღვინოები არაა რეგლამენტირებული ძალიან მკაცრად, და რაც მთავარია, არ არსებობს ის ინსტიტუტი, რომელიც გააკონტროლებს ყველაფერ ამას და წარმოებას ხარისხის დაცვას მოთხოვს. და კიდევ ერთი, ალბათ არ იქნებოდა სწორი მხოლოდ ის ორგანოები ვაკრიტიკოთ, რომელთაც ვერ მოაბეს თავი ამ ინსტიტუტის ჩამოყალიბებას, მემგონი აუცილებელია თავად ღვინის მწარმოებელსაც მივმართოთ და მათაც მოვთხოვოთ პასუხი, რადგან მთელს მსოფლიოში ყველაზე მკაცრი კონტროლიორი, პირველ რიგში, მწარმოებელია. ანუ იგი სასწორზე დებს თავის რეპუტაციას, რომელიც ათწლეულებისა და საუკუნეების შრომის შედეგია, მასზე რამდენიმე თაობამ იმუშავა... შესაბამისად იგი არამცდაარამც არ გარისკავს რაღაც წუთიერი მოგების გამო და ყოველთვის ეცდება ხარისხიანი ღვინო აწარმოოს. სახელის გატეხვას ბევრს ურჩევნია სულ არ გამოუშვას ღვინო…
მალხაზ ხარბედია: ზოგიერთი ევროპელი მწარმოებელი ასეც იქცევა...
სანდრო ხატიაშვილი: ანუ კონტროლი უნდა ხდებოდეს ზემოდანაც და ქვემოდანაც. ზუსტად ამიტომ შეიძლება ითქვას, რომ ამ გაყალბებებისა და დაბალი ხარისხის გამო ქართულ ისტორიულ დასახელებებს, "მუკუზანი", "ნაფარეული" და ა.შ. რეპუტაცია აქვთ გაფუჭებული.
შალვა ხეცურიანი: ყველაზე მტკივნეული თემა ალბათ ეს არის. აპელასიონები უნდა გახდეს ჩვენი გაყიდვების ლოკომოტივი. ძალიან ბევრია სამუშაო იმაზე, თუ როგორები უნდა იყვნენ ისინი. არის თუ არა საჭირო, რომ შენარჩუნდნენ ისინი იმ სახით, რომლითაც ახლა არიან. უნდა იყოს თეთრი ქინძმარაული და წითელი წინანდალი თუ არა? ანდა გაიზარდოს მუკუზანის ზონა თუ დარჩეს ამ ზომის? შეიძლება თუ არა მშრალი ხვანჭკარის წარმოება და სხვა. ყველაფერს ამას აზრი უნდა ჰქონდეს. ახლა, როცა რუსული ბაზარი ჩვენთვის დაკეტილია, კარგი შანსი გვაქვს რომ დავსვათ ეს კითხვები და დავიწყოთ ისეთი აპელასიონების ჩამოყალიბება, რომელიც პასუხობს არა მარტო რუსეთის ბაზრის იმ ნაწილს, რომელიც საბჭოურ ნოსტალგიაზეა ორიენტირებული, არამედ "სწორ" ბაზრებზე, როგორებიცაა ევროპა, აშშ და ახლო მომავალში სამხრეთ-აღმოსავლეთი აზია. რუსეთშიც მომავლის მომხმარებელი იგივე ტიპისაა, რაც დღეს დასავლეთის ქვეყნებია. მაგრამ ეს თემა დღეს ფუფუნებად მეჩვენება იმასთან შედარებით, რაც ქვეყანაში ხდება. აბსოლუტური ქაოსია აპელასიონების განსაზღვრებებში, და მათ დაცვაში. აქ საჭიროა ძალიან სწრაფი რეფორმები. იმიტომ, რომ, რუსული ბაზარი თუ გაიხსნა მანამ, სანამ ეს რეფორმები არ ჩატარდა, და დარგის შიდა მოწყობილობა არ შედგა, ქართული მეღვინება შეიძლება დიდი საფრთხის წინაშე დადგეს, ანუ დაუბრუნდეს იმ ფალსიფიკაციის ჭაობს, რაშიც ამდენი წელი ვიმყოფებოდით. რაც შეეხება მეწარმეებს, ისინი, ვინც აწარმოებენ ასეთ ღვინოს, თვითონ უნდა ეცადნონ მათი დაცვა. მაგალითად, ჩვენი კომპანია რამოდენიმე სხვა მწარმოებელთან ერთად ვაყალიბებთ "ზუბ-ოყურეშის კავშირს", რომელიც იქნება მკაცრ სადარაჯოზე უსახელოურის ღვინის ხარისხისა.


მალხაზ ხარბედია: კიდევ ერთ პრობლემაზე მინდა შევაჩერო თქვენი ყურადღება, ესაა მუხა, ანუ მუხის კასრები, ჩიფსები და ა.შ. თანამედროვე ქართველი მეღვინეები, მემგონი ზედმეტ მუხას იყენებენ. საუბარი იმდენად მუხის კასრებზე არაა, რამდენადაც ე.წ. ჩიფსებზე, რომლითაც ძალიან მალე ხდება ღვინის "დავარგება". ეჭვი მეპარება, ყველა მწარმოებელს ჰქონდეს იმის საშუალება, რომ ახალი ფრანგული (თუნდაც სლოვენიური იყოს, ან ამერიკული) მუხის კასრები 2 წელიწადში ერთხელ ცვალოს.

სანდრო ხატიაშვილი: სხვა საკითხია მუხის გამოყენება საქართველოში და სულ სხვა პრობლემებს ვაწყდებით დასავლეთში. მსოფლიოში, გლობალურ დონეზე ღვინოები ორ დიდ ჯგუფად იყოფა: 1. ღვინოები, რომლებიც ტერუარის უნიკალური თვისებებით ხასიათდება და 2. ე.წ. ენოლოგიური ღვინოები, ანუ ენოლოგის მიერ შექმნილი ღვინოები. კარგი ენოლოგი, რა თქმა უნდა დიდი პლიუსია ღვინისთვის, მაგრამ სამწუხარო ის არის, რომ კარგი ენოლოგის შექმნილ ღვინოში სერიოზული სპეციალისტიც კი შეიძლება შეცდეს, როცა სიტყვა ჩამოვარდება ამათუიმ ტერუართან ღვინის მიკუთვნებაზე. თავის ტერუარულ თვისებებს ღვინო მხოლოდ დაძველებასთან ერთად ავლენს, რამდენიმე წლის შემდეგ მეორე პლანზე გადადის ეს ენოლოგიური თავისებურებები, ენოლოგის სტილი და პირველ პლანზე ტერუარული თავისებურებები გამოდის. თუ ღვინოს ინდივიდუალობა არ გააჩნია და მხოლოდ ენოლოგის ძალისხმევითაა დამზადებული, იგი მალე კარგავს ელფერს...
მალხაზ ხარბედია: ანუ უკბილო ღვინო ხდება...
სანდრო ხატიაშვილი: უკბილო, უინტერესო... აი მაგალითად სულ მალე დიდი სკანდალია მოსალოდნელი ე.წ. გარაჟულ ღვინოებთან დაკავშირებით, რომლის პიონერიც Château Valandraud გახლდათ და მათ წლების განმავლობაში შეძლეს შეეყვანათ შეცდომაში ცნობილი სპეციალისტები, რომ ისინი მართლაც დიდ ღვინოებს ქმნიან, სინამდვილეში მათმა ღვინოებმა სულ მალე დაკარგეს თავიანთი თვისებები...
მალხაზ ხარბედია: აშკარა გახდა, რომ ესენი ფსევდო-ღვინოებია...
სანდრო ხატიაშვილი: ფსევდო ღვინოები, რა თქმა უნდა. რაკი ღვინის ღირებულების ამოცნობა შესაძლებელია მხოლოდ რაღაც დროის მონაკვეთში (10-15 წლის მანძილზე), სწორედ ამ დროის გასვლის შემდეგ გახდა ცხადი, რომ ეს ღვინოები არის ფსევდო დიდი ღვინოები. მეორე მხრივ, არის, ე.წ. ტერუარული ღვინოები...
მალხაზ ხარბედია: რომლითაც ყველაზე მეტად ბურგუნდიამ გაითქვა სახელი...
სანდრო ხატიაშვილი: არამხოლოდ. უბრალოდ, ტერუარები ბურგუნდიაში ზედმიწევნითაა შესწავლილი, სხვა რეგიონებთან შედარებით უკეთესად. მეღვინეობის ნებისმიერ რეგიონში (საფრანგეთში), სადაც ისტორიული ღვინოები არსებობს, არის ტერუარული ღვინოები, თუმცა პრობლემა იმაშია, რომ ამ ისტორიური ღვინოების ფარგლებშიც ახერხებს ხალხი ენოლოგიური ღვინოების შექმნას. მოდით დავუბრუნდეთ მუხას და გავარკვიოთ რა როლს თამაშობს იგი. საქმე ისაა, რომ ე.წ. ენოლოგიური ღვინო მზადდება გარკვეული რეცეპტის მიხედვით, ანუ აუცილებლად ძველი ვაზი უნდა იყოს, აუცილებლად ძალიან მცირემოსავლიანი, ახალი ფრანგული მუხა...
მალხაზ ხარბედია: მიკროოქსიგენაცია...
სანდრო ხატიაშვილი: კი ბატონო და სხვა ეშმაკობებიც... რის შედეგადაც გამოდის ენოლოგიური ღვინო, რომლის ამოცნობაც ტერუარის მიხედვით, პირველ ეტაპზე შეუძლებელი ხდება. ამ შემთხვევაში მუხა ძალიან დიდ როლს თამაშობს. პარკერი თავს უფლებას აძლევს საკმაოდ ადრე შეაფასოს ღვინო, მაშინ როცა იგი ჯერ კიდევ კასრშია. ასეთ ღვინოებში მუხის ტონი ძალიან აშკარაა, ეს მოწონს რობერტ პარკერს და ბევრი მეღვინე ცდილობს კიდეც ამაზე ითამაშოს და ივიწყებს, რომ მუხის კასრები დაძველების პროცესში სწორედ იმ მიკროოქსიდაციის როლს თამაშობენ, ანუ ღვინო იღებს ჟანგბადს ფორების მეშვეობით, რაც ეხმარება მას განვითარებაში. კასრის მთავარი დანიშნულება ისაა, რომ აქტიურად მოხდეს ღვინის განვითარება. როცა ღვინო ბოთლში ისხმება, ის უკვე მზადაა მოხმარებისთვის (თუმცა ბევრი ღვინო ბოთლშიც ვითარდება). ახალი სამყარო სხვა გზას დაადგა გლობალური წარმოების პირობებში, ანუ შემოიღო ე.წ. ჩიფსები, ბურთები და სხვა ფორმის მუხის კომპონენტები, რითაც ისინი იმიტაციას აკეთებენ კასრის ეფექტის. რა თქმა უნდა, იმ ღვინოს ჩვენ განვითარებულს ვერ ვუწოდებთ და აქ ერთად-ერთი ამოცანა აქვს ღვინის მწარმოებელს, რომ დაამზადოს იაფფასიანი ღვინო, რომელიც თავისი დახასიათებით წააგავს მაღალი დონის ღვინოებს. ცნობილ ენოლოგს, მიშელ როლანს აქვს კიდევ გარკვეული მეთოდები შემოტანილი, მაგალითად, ვაშლმჟავა დუღილი ახალ კასრში. ანუ, ვაშლმჟავა დუღილის დროს გამოიყოფა სითბო, რომელიც კასრს ათბობს და კასრიდან გადმოსული ნივთიერებების პოლიმერიზაცია ხდება, ღვინის ფაქტობრივი კარამელიზაცია, ამით ღვინის ხელოვნური გამდიდრება ხდება, არადა კარამელიზების ნოტები ღვინოში მხოლოდ დაძველების პროცესში ჩნდება, 10-15 წლის შემდეგ (ეს, როცა საუბარია ტერუარულ ღვინოზე). და ესეთი ღვინო, როგორც წესი, ღებულობს მაღალ ქულებს. თუმცა ერთიც უნდა ითქვას, მიუხედავად იმისა, რომ ენოლოგიური ღვინოები მაღალ ქულებს იღებენ დეგუსტაციებზე, ტერუარული ღვინოებისგან განსხვავებით, ისინი საკმაოდ არასასიამოვნო დასალევი არიან. მათში ძალიანაა კონცენტრირებული მუხის ძლიერი ტონები და ისეთი შთაბეჭდილება რჩება, თითქოს ყელში არ გადადის. არადა წესით მწარმოებელი უნდა უწევდეს ამას ანგარიშს, დეგუსტაციისთვის ამზადებს ღვინოს თუ დასალევად და სიამოვნებისთვის.
მალხაზ ხარბედია: ასე ძირითადად პარკერის და მისი მიმდევრების შემთხვევაში ხდება არა?!
სანდრო ხატიაშვილი: არამხოლოდ, ათასი სხვა სპეციალისტიცაა.
მალხაზ ხარბედია: ანუ ამერიკელი სპეციალისტები... ამაში ამერიკული სისტემა იგულისხმება არა?
სანდრო ხატიაშვილი: ძირითადად ამერიკულში, იმიტომ, რომ ინგლისელებს ქულების სხვა სისტემა აქვს და ბევრი რამის გათვალისწინებით ადგენენ ღვინის რეიტინგს.
მალხაზ ხარბედია: ისინი გარკვეულ კონტექსტში სვამენ ხოლმე ღვინოს... ჩემთვის ინგლისური სკოლის მიდგომა ყველაზე საინტერესოა...
სანდრო ხატიაშვილი: ორივე გასათვალისწინებელია, უფრო სწორად, სამივე (თუკი რეგიონულსაც მივათვლით, ამ შემთხვევაში ევროპულებს). რატომ? იმიტომ, რომ ინგლისელებს უყვართ ე.წ. პიკის ღვინოები, ანუ სვამენ მაშინ, როცა ღვინო თავისი განვითარების პიკს აღწევს. ასეთი გამოთქმაცა აქვთ, ღვინოს მაშინ ვსვამთ, როცა კისერზე მარყუჟი მოეჭირებაო. ამერიკელებს პირიქით, ახალგაზრდა ღვინოები უყვართ, მუხით მდიდარი და ა.შ. ევროპელები (ფრანგები, გერმანელები, შვეიცარიელები) საშუალო ასაკის ღვინოს ანიჭებენ უპირატესობას.
მალხაზ ხარბედია: და მივადექით ქართულ ღვინოსაც და მის ყველაზე "მუხიან" ნიმუშებს.
სანდრო ხატიაშვილი: რაც შეეხება საქართველოს. რა თქმა უნდა, აბსოლუტურად გაუმართლებელია დღესდღეობით ახალ კასრებში ღვინის დაძველება. რადგან ასეთ კასრებს ესაჭიროებათ ძალიან სერიოზული, ძალიან კონცენტრირებული პროდუქტი. დიდი შეცდომაა, როდესაც ფიქრობენ, რომ ავიღებთ რომელიმე წყალწყალა ღვინოს, ჩავასხამთ ახალ კასრებში, დავაძველებთ და მივიღებთ კარგ ღვინოს. კასრი ხომ არ ქმნის ღვინოს? ღვინო თავიდანვე უნდა იყოს ძალიან მდიდარი, ახალი ფრანგული კასრი მხოლოდდამხოლოდ უნდა დაეხმაროს ღვინოს სწორად განვითარებაში. ჩიფსების გამოყენება, რა თქმა უნდა, შეიძლება, თუკი ავსტრალიელები იყენებენ, ჩვენ რაღა დავაშავეთ, მაგრამ საქმე იმაშია, რომ შემდეგ ეს ჩიფსებიანი ღვინო ძვირად არ უნდა დააფასო და მსოფლიო ბაზარზე არ უნდა გაიტანო ისინი როგორც მაღალი საფასო კატეგორიის პროდუქტი. სხვა საკითხია მომხმარებელი, თუკი იგი არაა გათვიცნობიერებული ღვინოში, არ იცის ნამდვილი ღვინის ფასი და ერთად-ერთი რასაც ეძებს, მუხის ტონებია, პრობლემა არაა, უბრალოდ ჩვენ არ უნდა მოვიტყუოთ თავი და არ უნდა დავაყენოთ ერთ დეგუსტაციაზე, ერთ რიგში ჩიფსიანი ღვინოები ნამდვილ ღვინოებთან ერთად.
შალვა ხეცურიანი: როგორც ყველგან, აქაც ზომიერებაა საჭირო. არსებობს ორი უკიდურესობა - მუხისადმი დიდი მნიშვნელობის მინიჭება და მისი (მათ შორის ჩიფსების) უხვი გამოყენება, და საერთოდ მისი არ გამოყენება. სამწუხაროა, რომ ხშირად მუხა გამოიყენება იმისთვის, რომ ძვირიანი ღვინის იმიტაცია შეიქმნას. ანუ მაღალი ღირსების ღვინო იგივდება უხვი მუხის ტონების მქონე გემოსთან. ვფიქრობ, ეს მუხის მნიშვნელობის გადამეტებაა. ანუ საჭიროა, რომ მუხას თავისი ადგილი მიეჩინოს. არა მგონია, რომ ამას ეშველოს იმით, რომ ვინმემ მაღალი ტრიბუნიდან გამოაცხადოს, მუხის გემო აღარაა მოდაში, და ამით ეს პრობლემა მოგვარდეს. უბრალოდ, ღვინის კრიტიკოსები, ჩემი აზრით, მალე მიუბრუნდებიან ღვინის ნამდვილ, საკუთარ ღირებულებებს, და მუხას განიხილავენ მხოლოდ როგორ დამატებით კომპონენტს და არა როგოც წამყვანს ან გადამწყვეტს. მე მგონია, რომ ეს ძალიან ინდივიდუალური თემაა. ანუ, მუხა უნდა იყოს საჭირო ღვინისთვის, და არა ღვინის კომერციალიზაციისათვის. ჩვენს მარანში მაგალითად მუხას ვიყენებთ იშვიათად, მაშინ, როცა მართლა ვთვლით, რომ კონკრეტულად ამ ღვინოს მუხის კასრი (არა ჩიფსები) მოუხდება რაღარ განსაზღვრული დროის განმავლობაში. და ვართ ძალიან ფრთხილი, რომ მუხამ არ წაართვას ღვინოს რამე - მხოლოდ შესძინოს, მაგრამ ეს შენაძენი არ უნდა იყოს ღვინოზე მნიშვნელოვანი.
მალხაზ ხარბედია: თქვენ აზრით, რა მთავარი პრობლემებია ქართულ მევენახეობასა და შესაბამისად, ვეღვინეობაში. აშკარაა, რომ ბოლო წლებში ამ ორ სფეროს შორის დიდი წყვეტა მოხდა, ანუ მეღვინეს უკვე აღარ აკმაყოფილებს ის ხარისხი, რასაც გლეხი სთავაზობს მას, თანაც კომპანიებს უკვე თავისი ვენახები აქვთ, გლეხი კი მიტოვებული დარჩა უხვი მოსავლის ამარა. რაში ხედავთ გამოსავალს?
შალვა ხეცურიანი: ჩემი აზრით პრობლემა იმაშია, რომ საქართველოში დღეს ჩვენ არ ვიცით მიწის სწორი შერჩევა, ვენახის სწორი გაშენება, მისი მოვლა, რთველი, ღვინის დაყენება, ღვინის მოვლა, მისი შენახვა, შეფუთვა, გაყიდვა და ღვინის მოხმარება. მევენახეობა და მეღვინეობა ძალიან დიდი კრიზისშია. ჩვენ განათლების პრობლემა გვაქვს პირველ რიგში. გარდა ამისა, მეღვინეობა და მევენახეობა ჩვენთან განიხილება როგორც 2 დამოუკიდებელი პროფესია, რაც არაეფექტურს ხდის პროცესს, ქმნის უაზრო დაპირისპირებას მევენახესა და მეღვინეს შორის, ეს კი, საბოლოო ჯამში უარყოფითად აისახება ღვინოზე. ღვინოს 1 შემქმნელი უნდა ჰყავდეს. მას მაღალი მოტივაცია უნდა ჰქონდეს. დღეს მევენახეობა ძირითადად გლეხის ხელშია, რომელსაც სამწუხაროდ ნალებად მიუწვდება ხელი ცოდნაზე. თან გლეხის მოტივაცია, სამწუხაროდ, საპირისპიროა ხარისხიანი ყურძნის მოყვანის მიზნისა. გლეხს დიდი მოსავალი უნდა. დღეს ეს მოტივაცია ემთხვევა უმეტესი ღვინის კომპანიების მიზანს, რადგან რაც მეტია ყურძენი, მით ნაკლებია მისი ფასი. ხარისხიანი ყურძნის მოთხოვნა ნაკლები იმიტომაც არის, რომ ასეთ ღვინოზე მოთხოვნა არის დაბალი. ჩვენი მთავარი ბაზარი - რუსეთი, ითხოვს ჩვენს აპელასიონებს ისეთ ფასებში, რომლის უზრუნველყოფა შეუძლებელია ასეთი რაოდენობებით. მაგალითად ხვანჭკარა-ქინძმარაულის მოხმარების 80% რუსეთში 2 დოლარიან სეგმენტშია. გასაგებია, რომ ეს თვითღირებულებაზე ნაკლებია. ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ სანამ რუსული ბაზარი დაკეტილია, საქართველომ უნდა მოასწროს ჩამოაყალიბოს თამაშის ისეთი წესები, გაწეროს ყველა ძირითადი პრიორიტეტი და მათი შესრულების დეტალური გეგმა, რათა ჩვენი ღვინო უფრო კონკურენტუნარიანი და წარმატებული გახდეს, და ის მისაღები და გასაგები იყოს დასავლელი მომხმარებლისთვის. წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ რუსეთის ბაზრის გახსნა მანამ მოხდა - ჩვენ ისევ ჩავეფლობით ფალსიფიკაციის ჭაობში, რომლისგან ამოსვლა უკვე შეუძლებელი იქნება. ნახეთ რა ხდება დღეს უკრაინაში - იგივე, რაც რუსეთში იყო 2 წლის წინ, როცა ქართული დასახელების ღვინოების ნახევარზე მეტი იყო ან უხეში ფალსიფიკაცია, დამზადებული საქართველოს ფარგლებს გარეთ, ან კიდევ საქართველოდან გატანილი უფრო დახვეწილი ფალსიფიკატები.
ჩვენთან მეღვინე-მევენახეს, მიზანის სწორი ამორჩევის პრობლემაც აქვს. Mან არ იცის რა ღვინო უნდა აწარმოოს. უფრო სწორედ, მან იცის მხოლოდ როგორი ღვინო უნდა რუსულ ბაზარს. მან დაკარგა აპელასიონის შეგრძნება, დღეს ის ვერ იტყვის რა არის "მუკუზანი", "წინანდალი" და სხვა. მას მათი რეალური გემოც კი შეიძლება ჰქონდეს დავიწყებული. არ არსებობს ამ ღვინოების ტიპიურობა დღეს, ყველა აწარმობეს მათ როგორც მას ესმის იმ მომენტისათვის, და ძირითადში არ ხელმძღვენელობს ამ აპელასიონისათვის დადგენილი სტანდარტებით. მე პირველ რიგში აქ გულისხმობ ვენახს, და შემდეგ ღვინოს. მაგრამ სასიხარულოა ის, რომ ამ ბოლოს წლებში წამოვიდა ახალგაზრდა მეღვინეების პლეადა, რომლებსაც კარგი გამოცილება აქვთ მიღებული უცხოეთში და გულწრფელად ცდილობენ ჩვენი დიადი ტრადიციების აღორძინებას.
სანდრო ხატიაშვილი: ძალიან ცუდია, რომ თავის დროზე ეს ორი საქმიანობა დაშორებული იყო ერთმანეთს. მევენახემ ბევრი არაფერი იცოდა მეღვინეობის შესახებ და მეღვინემ არაფერი იცოდა მევენახეობის შესახებ. ფრანგულ ენაში, მაგალითად, სიტყვა მეღვინე არ არსებობს, იგულისხმებოდა, რომ მევენახე იყო მეღვინეც (რა თქმა უნდა შამპანის გარდა, რადგან ტრადიციულად იქ ღვინოს მსხვილი საწარმოები ამზადებნენ ძირითადად ნაყიდი ყურძნიდან). ამასთან ერთად, უნდა გადაისინჯოს სწავლების პროგრამა შესაბამის სასწავლებლებში და აუცილებლად უნდა მოხდეს ამ ორი დისციპლინის ერთგვარი შერწყმა, რათა მეღვინემ გაიაროს საკმაოდ სრულყოფილი კურსი მევენახეობისა და პირიქით. სწორედ ამ წყვეტის შედეგია ის, რომ დღემდე მომხმარებელს ჰგონია, თითქოს ღვინო მარანში მზადდება. ეს არის ფიქცია, ღვინო ვენახში მზადდება და მეღვინის მთავარი ამოცანაა წყალში არ ჩაყაროს ის შრომა, რაც გლეხმა გასწია. რაც შეეხება იმას, რომ ყურძნის ხარისხი არ აკმაყოფილებს მეღვინეების მოთხოვნებს, მე ვფიქრობ, რომ ამასთან დაკავშირებით უნდა შემუშავდეს მკაცრი საფასო კლასიფიკაცია, როგორიც არის, მაგალითად, შამპანში. იქ დაახლოებით 10 000-მდე ნაკვეთია, სულ, თუ არ ვცდები, სამასამდე სოფელია, და ეს სოფლები დაყოფილია ე.წ. კრუს ტაბულად, ანუ თითო სოფელი თითო კრუს ნიშნავს (შამპანში კრუს სოფელს ეძახიან, სხვა რეგიონებში ნაკვეთს). ანუ სოფლის მთელს ვენახებს მოიცავს ერთი კრუ. არსებობს გარკვეული კოეფიციენტი, რომელიც პროცენტულად გამოისახება. თუკი სოფელს 100% აქვს - ეს ყველაზე მაღალი კატეგორიაა და ასეთი კოეფიციენტი სულ 17 სოფელს გააჩნია - იგი გრან კრუდ ითვლება. როცა მყიდველი მოდის და უკვე დაახლოებით იციან რა ხარისხის ყურძენს ელიან, მევენახეთა კავშირი, იქაურ ოფიციალურ ორგანოებთან ერთად, თანხმდება ფასზე. ვთქვათ კილო ყურძენი ღირს 1 ევრო (სინამდვილეში გაცილებით ძვირი ღირს), რაც იმას ნიშნავს, რომ 1 ევროდ ყურძნის გაყიდვის უფლება მხოლოდ ამ 17 სოფელს აქვს, ანუ გრან კრუს, მათ, ვისაც ღირებულების 100%-იანი მაჩვენებელი აქვს. დანარჩენები ყიდიან იმ კოეფიციენტის მიხედვით, რაც მათ ვენახს მიენიჭა თავის დროზე (გაითვალისწინეთ, რომ ეს მუდმივი კოეფიციენტია, ანუ არ იცვლება, იცვლება მხოლოდ ფასი), შესაბამისად 95%-იანი გაყიდის 95 ცენტად და ა.შ. რა თქმა უნდა, ასე უცებ ამის დანერგვა წარმოუდგენელია საქართველოში, მაგრამ რაღაცნაირად უნდა გადაისინჯოს ეს ყველაფერი და უნდა ავუხსნათ იმ ადამიანებს, რომელსაც დაბლობში მოჰყავს ყურძენი, რომ იგი იმავე ფასში ვერ გაყიდის ყურძენს, რა ფასშიც კარგ ფერდობზე გაშენებული ვენახის პატრონი გაყიდდა. ჯერ ერთი, ეს არ იქნება სამართლიანი იმ ადამიანთან მიმართებაში, ვისაც ფერდობზე უწევს მუშაობა, ვისი ვენახიც არაა ისეთი მოსავლიანი, როგორც ბარისა, სამაგიეროდ მას უფრო მაღალი ხარისხის ყურძენი აქვს და ბუნებრივია, უფრო ძვირად უნდა გაყიდოს. ჩვენთან, რთველზე, ღვინის მარნები ერთიანად ყიდულობენ ყურძენს რამდენიმე სოფლიდან და იქ ძნელია გაარჩიო ყურძნის წარმოშობა, რომელი ვენახებიდან არის მოწეული და ა.შ. ისინი იმდენად დიდ რაოდენობებთან მუშაობენ, რომ ფაქტობრივად არც ანაწილებენ მოსავლებს. არადა ამას პირველ რიგში კანონმდებლობა უნდა აწესრიგებდეს.


მალხაზ ხარბედია: მემგონი კარგი იქნება თუ უკვე დაიწყება ეს პროცესი, პირველ ჯერზე თუნდაც ორი-სამი, ან ათამდე საუკეთესო ნაკვეთი რო განისაზღვროს და დროთა განმავლობაში მიემატოს...
შალვა ხეცურიანი: ეს პროცესი უკვე დაწყებულია. უბრალოდ მისი დახვეწა და დაცვა შეწყდა საბჭოთა კავშირის არსებობის ბოლოს.Gგადასახედია ყველა ქართული აპელასიონი, მისი დანიშნულების, ფილოსოფიის, წარმოების სტანდარტების, მწარმოებელთა მოტივაციის, მევენახეთა ტრადიციების, მარკეტინგის, ფართის და სხვა თვალსაზრისით. თუმცა ვეთანხმები იმასაც, რომ საჭიროა ახლების შექმნა - შეიძლება იყოს საინტერესო პატარა, მიკროაპელასიონებზე ფიქრი, რაც საკმაოდ პოპულარული იქნება ქართველ მომხმარებელს შორის.
სანდრო ხატიაშვილი: რა თქმა უნდა, ხაშმის საფერავი არ უნდა გაიყიდოს იგივე ფასში, რაშიც ჩვეულებრივი საფერავი იყიდება. და ეს იქნება მოტივაცია მეღვინეებისთვის, რომ დაამზადონ სუფთა მუკუზნის საფერავი და სუფთა ხაშმის საფერავი და არ გაურიონ რამე. ანუ მწარმოებელს ავტომატურად მიეცემა ლეგიტიმური უფლება დაარქვას თავის ღვინოს მუკუზანი და გაყიდოს იგი ძვირად. ახლა კი არაფრისგან არ ვართ დაზღვეულნი. დიდი შანსია "მუკუზანში" საერთოდაც არ იყოს მუკუზნის ყურძენი.
მალხაზ ხარბედია: დაბოლოს, რა შანსები აქვს ქართულ ღვინოს მსოფლიო ბაზარზე, რა ნიშის დაკავება შეუძლია, რომელი საფასო კატეგორიის?
სანდრო ხატიაშვილი: ჯერ ჯერობით უიაფესის. და მე ვფიქრობ, ქართველმა ღვინის მწარმოებლებმა ძირითადი აქცენტი ამაზე უნდა გააკეთონ. დღესდღეობით, მსოფლიო ბაზარზე შეიმჩნევა იაფი ღვინოების ძალიან სერიოზული უკმარისობის ტენდენცია (კარგი ხარისხის იაფფასიან ღვინოებს ვგულისხმობ). ამ თვალსაზრისით ევროპაში ჯერ-ჯერობით ესპანელები სჯობიან ყველას, რადგან ყველაზე იაფიან ღვინოებს ისინი ასხამენ. თუმცა ყოველწლიურად შეიმჩნევა ფასების ზრდა ამ სეგმენტში. მაგალითად, ჩვენი კომპანია საკმაოდ კარგი ხარისხის ღვინოში შარშან იხდიდა 1.15 ევროს (ესაა ყველაზე იაფიანი ნორმალური ხარისხის ფრანგული ღვინო), წლევანდელ პრაისლისტებში კი უკვე 20-25 %-თ იყო მომატებული ფასები. ამის მიზეზად ისინი ყურძნის გაძვირებას არ ასახელებენ, არამედ ღვინის ბოთლების, ეტიკეტების, საცობების და ა.შ. გაძვირებას, მაგრამ ახლა არა აქვს ამას მნიშვნელობა, მთავარი ისაა, რომ ჩვენ გვაქვს შანსი ძალიან სერიოზული კონკურენცია გავუწიოთ ადგილობრივ იაფფასიან ღვინოებს. ჯერ-ჯერობით შეგვიძლია დავივიწყოთ მაღალ საფასო კატეგორია, სჯობს შედარებით დაბალ დონეზე ვიმუშაოთ და მთელი ძალისხმევა მოვახმაროთ იმას, რომ ადგილი დავიმკვიდროთ ზემოხსენებულ კატეგორიაში. ამის რესურსი ნამდვილად გაქვს, გამომდინარე წლევანდელი რთველის უარყოფითი მომენტებიდანაც.
შალვა ხეცურიანი: ჩვენი ამოცანაა, რომ არ დავკარგოთ ის პოზიტივი, რაც უკვე შექმნილია ყოფილი "მოძმე რესპუბლიკების" ბაზრებზე და გამოვასწოროთ ნეგატივი. ყოფილი კომუნისტური სივრცის ბაზრები ჩვენ პირობითად შეგვიძლია გავყოთ შემდეგ ნაწილებად: 1. რუსეთი. 2. დანარჩენი სსრკ-ს ყოფილი რესპუბლიკები. 3. ყოფილი სოციალისტური ბანაკი. რაც შეეხება რუსეთს, აქ ჩვენ კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ეს ბაზარი არის ძალიან სწრაფად მზარდი, და რუსი მომხმარებელი სულ უფრო ნებივრდება დიდი არჩევნით. ემბარგომდე იქ ქართულ ღვინოს უფრო ძველი თაობის ხალხი ეტანებოდა, რომლებისთვის ის საბჭოთა ნოსტალგიის ნაწილი იყო. ახალგაზრდა რუსი მომხმარებელი უკეთ იცნობს საფრანგეთსა და ავსტრალიას, ვიდრე საქართველოს, და უფრო მოსწონს კიდეც ამ ქვეყნების ღვინოები. რუსი მომხმარებლის გემოვნება სულ უფრო იხვეწება, და მიდის მოძრაობა არაყიდან ღვინისაკენ, ნახევრადტკბილიდან მშრალი ღვინოებისაკენ. ანუ, გასაგებია, რომ იქ ქართული ღვინის მაყვარულთა რაოდენობა წლიდან წლამდე იკლებს ბუნებრივად. ახალ თაობას კი ნაკლებად აინტერესებს ძველი სტილის ღვინოები. მე ვფიქრობ, რომ სულ მალე რუსეთს დაახლოებით იგივე სტილის ღვინოების მოთხოვნა ექნება როგორც ევროპას. დანარჩენი ყოფილი სსრკ-ს რესპუბლიკებში იგივე ტენდენციები აღინიშნება, როგორც რუსეთში, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ იქ ეს განვითარება უფრო ნელია, და ძველი სტილის ღვინოების მოხმარებას უფრო ხანგრძლივი ინერცია ექნება. თუმცა აქაც სულ უფრო იკიდებენ ფეხს ახალი სამყაროს ღვინოები, და სულ უფრო მკვიდრდება ხარისხისა და ფასის საუკეთესო შეფარდების ძიება, და არა მხოლოდ ტრადიციისა და ნოსტალგიის მოტივაციით ღვინის შეძენა.
ყოფილი სოციალისტური ბანაკის დიდი ნაწილი უკვე ევროკავშირშია, და იქ თითქმის იგივე მოთხოვნებია, რაც ძველ ევროპაში. მაგრამ დასავლეთ ევროპისაგან განსხვავებით, აღმოსავლეთ ევროპაში ქართული ღვინის ცნობადობა არსებობს, თანაც, ყოფილი სსრკ-დან განსხვავებით, უფრო პოზიტიურ ჭრილში, რადგან აქ ქართული ღვინის ფალსიფიცირება, მისი დაბალი მოთხოვნის გამო, არ ყოფილა აქტუალური, და ამიტომ ფალსიფიკატორებმა ვერ მოასწრეს ისეთივე წარმატებით გაეფუჭებინათ სახელი ქართული ღვინისათვის, როგორც ყოფილ სსრკ-ს ქვეყნებში.
დანარჩენ, ანუ ახალ ბაზრებზე თავიდანვე საჭიროა ჩამოვაყალიბოთ ისეთი იმიჯი, რომელიც შეესაბამება ჩვენს შიდა სინამდვილეს და შესაძლებელი იქნება მისი გამტკიცება და დახვეწა. იმისათვის, რომ ჩვენ წარმატებულნი გავხვდეთ ახალ ბაზრებზე, საჭირო არის, რომ ვიცოდეთ ამ ბაზრების მოთხოვნები, თუ რა მოსწონს მას, რა ნიშებზე შეიძლება გვქონდეს პრეტენზია, თუ როგორი უნდა იყოს ქართული ღვინო, რომ მიაღწიოს წარმატებას. შეიძლება გამოვკვეთოდ 3 მთავარი სეგმენტი ამ ბაზრისა: 1. ევროპა. 2. ჩრდილოეთ ამერიკა. 3. სამხრეთ-აღმოსავლეთი აზია. ევროპა ალბათ ყველაზე გაჯერებული ღვინის ბაზარია მსოფლიოში. თანაც აქ თავმოყრილია მთავარი მეღვინეობის ქყეყნები - საფრანგეთი, იტალია, ესპანეთი, გერმანია, პორტუგალია და სხვა. რამოდენიმე ქვეყნის გამონაკლისით, თითქმის ყველა ევროპული ქვეყანა ღვინოს აწარმოებს. თუმცა აქაც შეიძლება მოიძებნოს ქართული ღვინის ნიშა, როგორც ახალი, ასევე ძველი სტილის ღვინოებისაც. მაგალითად ავსტრიაში, გერმანიასა და ესპანეთში საკმაოდ პოპულარულია ტკბილი ღვინოები, და ჩვენმა ნახევრადტკბილმა ხვანჭკარა და ქინძმარაულმა შეიძლება იქ თავისი პატარა ადგილი დაიმკვიდროს. საერთოდ, ძველი სტილის ქართული ღვინოები, რომლებიც გარკვეულ ეგზოტიკადაც კი შეიძლება იქნან აღქმულნი, შესაძლოა მოთხოვნადი გახდნენ სწორედ ამ თავისებურ, ევროპისათვის არატრადიციულ ღვინოებს შორის, როგორებიცაა ბანდოლი, მარსალა და სხვა. ახალი სტილის ღვინოებს კი საკმაოდ კარგი პერსპექტივა შეიძლება ჰქონდეთ პირველ რიგში ინგლისის ბაზარზე, სადაც მომხმარებელი არ არის მიბმული საკუთარი ქვეყნის ღვინოზე, და ყოველთვის ახლის ძიებაშია. ევროპაში ალბათ ყველაზე რთული იქნება დამკვიდრება, მაგრამ შანსები არსებობს.
ჩრდილოეთ ამერიკის, უფრო მეტად აშშ-ს ბაზარი მართლაც ძალიან დიდია, და ზუსტად ამით არის ძალიან საინტერესოც. ჩემი აზრით, საჭიროა ცალცალკე შტატების მიხედვით შესწავლა მათი გემოვნებების, რადგან ისინი საკმაოდ განსხვავებულნი არიან. ისევე, როგორც ინგლისი, ამერიკაც დაიღალა ფრანგული რთული ეტიკეტების კითხვით, და გადავიდა უფრო მარტივ ვერსიებზე საერთაშორისო ჯიშებისა, როგორებიცაა კაბერნე სოვინიონი, პინო ნუარი, სირა თუ შარდონე, რომლებიც უხვად შესთავაზა ახალმა სამყარომ - ავსტრალიამ, ჩილემ, სამხრეთ აფრიკამ და სხვა. ასევე არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ თვითონ ამერიკა არის ღვინის ერთ-ერთი უდიდესი მწარმოებელი, და კალიფორნია თვითონ არის ახალი სამყაროს ღვინოების ავანგარდში. აქ შეიძლება წარმატებული იყვნენ ახალი სტილის ღვინოები, და ასევე საერთაშორისო ჯიშებისაგან ნაწარმები ქართული ღვინოები.
სამხრეთ-აღმოსავლეთი აზია, ჯერ კიდევ საკმაოდ გამოუცნობი ბაზარია მეღვინეობის შემდგარი ქვეყნებისთვისაც კი, რადგან იქაური კულტურა და მენტალობა ძალიან განსხვავდება ევროპულისაგან. იქ ყველაზე დინამიურად ვითარდება იაპონიის, ჩინეთისა და ინდოეთის ღვინის ბაზრები. ზუსტად ერთი თვის წინ მსოფლიოს სომელიეთა ასოციაციის პრეზიდენტი გახდა იაპონიის წარმომადგენელი, რაც სულ არ არის შემთხვევითი. იაპონიაში 8500 სომელიეა, და იქ სომელიეს დიპლომს სახელმწიფო გასცემს მკაცრი გამოცდების შემდეგ. ეს კიდევ ერთი მანიშნებელია, თუ რაოდენ მნიშვნელოვანი ხდება სამხრეთ-აღმოსავლეთი აზიის ქვეყნები ღვინის მოხმარებაში. თუ ძველმა სამყარომ ახალი სამყაროს ქვეყნების დახმარებით შეძლო ღვინო, როგორც სასმელი, მოდური გახადოს, ევროპის სოფლის მეურნეობას სუბსიდიები ალბათ აღარასოდეს დასჭირდება. აქ ქართული ღვინის სამივე სტილი მისაღები და აუცილებლად საცდელი იქნება.
მალხაზ ხარბედია: ხომ არ არის ერთ-ერთი გამოსავალი კოოპერატივების შექმნა?
შალვა ხეცურიანი: კოოპერატივები არის საუკეთესო გამოსავალი გლეხებისათვის, რომლებიც არიან ძირითადი ვენახისა და ღვინის მწარმოებელნი საქართველოში. ისინი საბჭოთა დროიდან მიჩვეული არიან, რომ მათ ყურძენს გარანტირებულად იძენდა სახელმწიფო. დღეს იგივეს თხოვენ ღვინის მწარმოებლებს და მთავრობას, რომელიც ხანდახან იძულებულია რაღაც სუბსიდიები გამოჰყოს, რომ არ მოხდეს სოციალური დაძაბულობა და არ დაკარგონ ელექტორატი. გლეხს დღეს უჭირს კონკურენტუნარიანი ყურძენი აწარმოოს და სამრეწველო ღვინო შექმნას. ეს იწვევს იმას, რომ აწარმოებს სუსტი სტაბილურობის მქონე ჩამოსასხმელ ღვინოს, რომელსაც მოიხმარს საქართველოს 90%, თავისი ფასის და გავრცელებული მცდარი მოსაზრების გამო, რომ გლეხის ღვინო მუდამ სჯობს ბოთლისას. აქ მომხმარებელს 2 მოტივატორი აქვს - დაბალი ფასი, და ღვინის ე.წ. "ნატურობა", რაც ხშირად საეჭვოა, და რომც იყოს ასეთი, ეს კრიტერიუმი არის მხოლოდ და მხოლოდ აუცილებელი მინიმუმი, და მეტი არაფერი. ღვინის საწარმოები კი ცდილობენ მინიმუმამდე დაიყვანონ დამოკიდებულება გლეხის ნედლეულზე და გააშენონ საკუთარი ვენახები. მით უმეტეს, რომ ახალი ვენახები შენდება უფრო ეფექტურად, ვიდრე ეს გლეხს აქვს (თუმცა საბჭოთაA დროს გაშენებული ვენახების დიდი ნაწილი საკმაოდ ეფექტურად არის გაშენებული, და დღეს მათი ლომის წილი გლეხების ხელშია. მეორე საქმეა, რომ რადგან ეს ვენახები გლეხებს "მუქთად" ჩაუვარდათ, მისი ფასიც არ იციან, და ნაკლებად უვლიან). ეს ტენდენცია კი იმას იწვევს, რომ ღვინის საწარმოები სულ უფრო ნაკლებ ღვინოს შეიძენენ გლეხებისაგან, და უკანასკნელებს უფრო გაუმძაფრდებად ყურძნის "დაბინავების" პრობლემა. დაიწყება ვაზის აჩეხვები. ეს რომ არ მოხდეს, საჭიროა გლეხმა დაიწყოს არა მხოლოდ ყურძნის, არამედ საკუთარი ღვინის კომერციალიზაციაზე ფიქრი. კომერციალიზაცია კი დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული, რაც ცალკეული გლეხური მეურნეობებისთვის აუწეველი ტვირთი იქნება. აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ ღვინის სამრეწველო წარმოებასაც სხვა ცოდნა და ხარჯები სჭირდება, ვიდრე კუსტარულ გლეხურს. ერთადერთი ხსნა არის გლეხური, ანუ ფერმერული კოოპერატივები. გლეხები აერთიანებენ თავიანთ მოსავალს (ან მის ნაწილს), ქირაობენ ენოლოგს და აღჭურვილობას, ასევე გაყიდვების მენეჯერს და აწარმოებენ საკუთარ ღვინოს. მერწმუნეთ, რომ ასეთი ღვინო უფრო დაბალი თვითღირებულებისაც იქნება და უფრო პოპულარული ქართველ მომხმარებელში, რადგან ის მისთვის არც "ქარხნის" ღვინო იქნება, და არც კუსტარული გლეხური. ანუ ეს არის ახალი ნიშა "კულტურული ფერმერული ღვინის", რომელიც გაცილებით უფრო ახლოსაა მიწასთან, ვიდრე "ქარხნის" და გაცილებით უფრო პროფესიონალურად და სწორად არის დამზადებული, ვიდრე გლეხური.
სანდრო ხატიაშვილი: რატომაც არა. მთავარია ყველა მეღვინემ კარგად გაიაზროს რა სეგმენტში მუშაობს, და არ უნდა ჰქონდეს ცდუნება ძვირფასი ღვინის კატეგორიაში გადაინაცვლოს, ჯერ-ჯერობით ადრეა ამაზე საუბარი. ჯერ გლობალურად უნდა გავიაზროთ, ბოლოსდაბოლოს რასა აქვს ძირითადი გავლენა ხარისხზე, გავაცნობიეროთ, რომ ღვინო იბადება ვენახში და არა ქარხანაში, უნდა დავივიწყოთ მითი ზოგიერთი ქართველი მეღვინის გენიალურობის შესახებ (რომელ გენიალობაზეა საუბარი, როცა ბევრ ქართველ მეღვინეს ელემენტარული საერთაშორისო გამოცდილება არა აქვს), თანაც ქართველების უმრავლესობა დარწმუნებულია, რომ ჩვენი ღვინო მსოფლიოში საუკეთესოა... აი ეს მითები უნდა დავძლიოთ და ყველაფერი თავის ადგილას დადგება.

© „მარანი“

სამი ბოთლი 329 ათასად


ლეგენდარული ჩინური არყის, "მაოტაის" სამი ბოთლი ჩინეთის სამხრეთ-დასავლეთში მდებარე ქალაქის, გუიანის აუქციონზე რეკორდულ თანხად - 2,34 მილიონ იუანად (329 ათასი დოლარი) გაიყიდა.
აუქციონში გაიმარჯვა ბიზნესმენმა გუანდუნის პროვინციიდან. მან შეიძინა 1957 წლის სასმელი 1,38 მილიონ იუანად. მეორე ბოთლის მფლობელი გახდა უცნობი კომპანია შანხაიდან. მან 1966 წლის სასმელში 800 ათასი იუანი გადაიხადა. მესამე, 1997 წლის სასმელი, იყიდა ადგილობრივმა კომპანიამ 250 ათას იუანად.
გაყიდვიდან შემოსული თანხა საქველმოქმედო მიზნებს მოხმარდება.
ჩინური მაგარი სასმელი მზადდება ერთწლიანი მარცვლოვანი მცენარისგან, გაოლიანისგან და მდინარე ჩიშუის წყლისგან. ეს მდინარე მოედინება განსაკუთრებული ეკოსისტემის მქონე პროვინცია გუიჩჟოუში. სასმელი დაყენებულია ათობით სხვადასხვა სამკურნალო ბალახზე.
ჩინეთის შიდა ბაზარზე ამ მარკის არაყი უფრო ძვირია, ვიდრე ცნობილი ფრანგული კონიაკები ან შოტლანდიური ვისკი.

© „მარანი“

ახალი ლუდი "სიმხა"


გერმანელებმა შექმნეს სპეციალური ლუდი ებრაელებისთვის, - იუწყება European Jewish Press. "სიმხა" ღია ფერის მსუბუქი, მაღალხარისხოვანი ლუდია პლზენის ტიპის. მასში ალკოჰოლის შემცველობა 4,9%-ია. მოლურჯო-მოოქროსფრო ეტიკეტზე დავითის ვარსკვლავი ბრწყინავს.
ქერი და სვია ამ სასმელისთვის ბავარიის შეუწამლავ მინდვრებზე მოჰყავთ, საფუარს უშუალოდ ლუდსახარშში ამზადებენ, ხოლო წყალს ადგილობრივი წყაროებიდან იღებენ. ლუდი ქაშერულია. ის ებრაული კვების კანონების შესაბამისად მზადდება ბერლინელი რაბინის მეთვალყურეობით. ამავე ქარხანაში მზადდება ხალალი - ლუდის უალკოჰოლო ვერსია მუსულმანებისთვის.

© „მარანი“

Wine Enthusiast-ის რჩეულები


ავტორიტეტულმა ამერიკულმა ჟურნალმა Wine Enthusiast გამოაქვეყნა 2007 წლის ასი საუკეთესო ღვინის სია. გამარჯვებული აღმოჩნდა ესპანური El Puntido 2004 (Vinedos Paganos, რიოხა). El Puntido მზადდება ტემპრანილიოს ჯიშის ყურძნისგან და ფრანგულ კასრებშია დავარგებული. ამ ღვინომ დაიმსახურა არაერთი ჯილდო და ისეთი კრიტიკოსების მაღალი შეფასებები, როგორიცაა ხოსე პენინი და რობერტ პარკერი. Wine Enthusiast-მა მას 96 ქულა მიანიჭა.
ჟურნალში აგრეთვე დაიბეჭდა იმ ასი ღვინის სია, რომლებიც საუკეთესოდ გაიყიდა (TOP 100 Best Buys of 2007). სიას 91 ქულით ლიდერობს არგენტინული Pascual Toso Maipu Vineyards Malbec 2006, რომელიც 12 დოლარი ღირს.
© „მარანი“

Friday 28 March 2008

პოლიტიკა ღვინის თანხლებით


ნათია მსხილაძე

ქართული ალკოჰოლური და მინერალური პროდუქციის დანაკლისს რუსული ბაზარი ნამდვილად რომ განიცდის, ეს უდავოა. რუსეთმა ქართული პროდუქციის დასაბრუნებლად პირველი ნაბიჯი თავად გადმოდგა. ყველასთვის მოულოდნელად, რუსეთის მთავარი სანიტარიული ექიმი გენადი ონიშჩენკო ქართული პროდუქციის დაბრუნებაზე ალაპარაკდა. რა თქმა უნდა, მის განცხადებას პოლიტიკური სარჩული ჰქონდა - საქართველოს პრეზიდენტად მეორე ვადით არჩეულ მიხეილ სააკაშვილის ინიციატივა, რომელიც მედიის საშუალებებით გაჟღერდა: "მე მზად ვარ, ხელახლა გავუწოდო მათ ხელი. ჩვენ ინაუგურაციაზე აუცილებლად მოვიწვევთ რუსეთის პრეზიდენტსაც და აუცილებლად შევეცდებით, რომ რუსეთთან ეს ურთიერთობები სუფთა ფურცლიდან დავიწყოთ."

ქართული მხარის სტრატეგია

საქართველოს ხელისუფლება ტაქტიკას ცვლის და რუსულ ბაზარზე დასაბრუნებლად ნიადაგს სიფრთხილით სინჯავს.
"საქართველო მზადაა, რუსეთთან ქართულ ალკოჰოლურ სასმელებსა და მინერალურ წყლებზე დაწესებული ემბარგოს მოსახსნელად დიალოგი განაახლოს," - ეს განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ლადო გურგენიძემ სახელმწიფო კანცელარიაში გააკეთა, რითაც ლადო გურგენიძემ რუსეთის მთავარი სანიტარული ექიმის, გენადი ონიშჩენკოს გზავნილს უპასუხა.
ონიშჩენკომ, რომლის უწყების ბრძანებითაც ქართული პროდუქციის რუსეთში იმპორტი 2006 წლის გაზაფხულზე "უხარისხობის" მოტივით აიკრძალა, 7 იანვარს ქართულ მხარესთან მოლაპარაკებების განახლების სურვილი გამოთქვა. "ჩვენ მზად ვართ, გამოვთქვათ ჩვენი წინადადებები იმავე რეჟიმში, როგორც ეს მოლდავეთის მხარის მიმართ მოხდა," - აღნიშნა ონიშჩენკომ.

ქართული და მოლდოვური ღვინის პარალელები

მოლდავურ ღვინოებზე ემბარგო, რომელიც ქართულ პროდუქციასთან ერთად დაწესდა, რუსეთმა, პრეზიდენტების დონეზე მიღწეული შეთანხმების შედეგად, 2006 წლის მიწურულს მოხსნა.

რა სახის პირობებს უყენებს რუსეთი საქართველოს

რუსეთის მთავარ სანიტარიულ ექიმ გენადი ონიშჩენკოს განცხადებით, თუკი მიღებული იქნება გადაწყვეტილება რუსულ ბაზარზე აკრძალული ქართული პროდუქციის დაბრუნებაზე, ამ პროცესს ქართული მინერალური წყალი "ბორჯომი" დაიწყებს. "ქართველმა მწარმოებლებმა მის უწყებას ალკოჰოლური პროდუქციის წარმოებაში წესრიგის დამყარების თაობაზე უნდა აცნობონ, მაგრამ საქართველოს ჯერ არაფერი შემოუთავაზებია, ყოველ შემთხვევაში, ჩემთვის. ქართულ პროდუქციაზე იგივე პრინციპები ვრცელდება, რაც მოლდოვურზე," - განაცხადა ონიშჩენკომ.
მოლდოვური ალკოჰოლური პროდუქციის რუსულ ბაზარზე დაბრუნება, 28 ნოემბერს დსთ-ს სამიტის ფარგლებში რუსეთისა და მოლდოვას პრეზიდენტების შეხვედრაზე გადაწყდა.
ქართული მხარისთვის რუსეთის მიერ წარმოყენებული წინადადებები მისაღებია და უფრო მეტიც, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები მზადყოფნას გამოთქვამენ, რომ მოლაპარაკებები რუსეთის ნებისმიერ წარმომადგენელთან აწარმოონ.
საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი პეტრე ცისკარიშვილი რუსეთის მთავარ სანიტარს საქართველოში ეპატიჟება.
როგორც ცისკარიშვილმა გენადი ონიშჩენკოს წინანდელი განცხადების კომენტირებისას აღნიშნა, ქართული მხარე მზად არის, რუსეთის მთავარი სანიტარი თბილისში მოიწვიოს, რათა მან საკუთარი თვალით ნახოს, რაოდენ მაღალი ტექნოლოგიებით მზადდება როგორც ღვინო, ისე მინერალური წყლები. "ქართული მხარე თანახმაა, როგორც ღვინის, ისე მინერალური წყლის რუსულ ბაზარზე დაბრუნებაზე მოსკოვთან მოლაპარაკებები დაიწყოს. მზად ვართ, ეს მოლაპარაკებები რუსეთის ნებისმიერ წარმომადგენელთან ვაწარმოოთ. ამისთვის თავად ღვინის და მინერალური წყლების სექტორიც მზად არის," - განაცხადა მინისტრმა.
სახელმწიფო მინისტრმა რეფორმების დარგში კახა ბენდუქიძემ მიხეილ სააკაშვილის ინიციატივა რუსეთთან ურთიერთობების აღდგენის თაობაზე დადებითად შეაფასა და მას "მართებული რეაქცია" უწოდა.
როგორც ბენდუქიძემ აღნიშნა, მართალია, საქართველომ რუსეთის ემბარგოსგან გამოწვეულ პრობლემები დაძლია, მაგრამ ამ ქვეყანასთან ურთიერთობის აღდგენა საქართველოსთვის ძალიან მომგებიანია. "ის პრობლემა, რომელიც რუსეთის ემბარგომ შეგვიქმნა, მნიშვნელოვანწილად გადალახულია, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ რუსეთთან ურთიერთობის აღდგენაზე არ უნდა ვიზრუნოთ. რუსეთის ბაზრის დაბრუნება საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარებას მნიშვნელოვან სტიმულს მისცემს," - განაცხადა ბენდუქიძემ.

ვინ გადაწყვეტს ქართველი მეღვინეების ბედს?

რუსეთის ბაზარზე ქართული პროდუქციის დაბრუნების მიზნით გამართულ შეხვედრაზე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში რუსეთის ფედერაციის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ვიაჩესლავ კოვალენკო მიიწვიეს.
საქართველოს საგარეო პოლიტიკური უწყების ცნობით, ელჩი მინისტრის მოადგილე გრიგოლ ქათამაძეს შეხვდა.
ქართული მხარე მზადყოფნას გამოთქვამს, მოიწვიოს კომპეტენტური კომისია, რომელიც ადგილზე შეისწავლის ქართული ღვინისა და მინერალური წყლების წარმოების პირობებს, განიხილავს ყველა მნიშვნელოვან საკითხს.
შესაბამისი წერილი რუსეთის მთავარ სახელმწიფო სანიტარ გენადი ონიშჩენკოს სახელზე მინისტრის მოადგილემ ვიაჩესლავ კოვალენკოს გადასცა.
ქართული მხარე, ასევე, გამოხატავს მზადყოფნას, ითანამშრომლოს რუსეთის ბაზარზე ქართული პროდუქციის, მათ შორის სოფლის მეურნეობისა და სხვა სახეობის პროდუქტის დაბრუნებისთვის.
ვიაჩესლავ კოვალენკომ თანამშრომლობისთვის მზადყოფნა გამოთქვა და აღნიშნა, რომ მაქსიმალურად შეუწყობს ხელს ამ პროცესის გააქტიურებას.
სპეციალურად ამ საკითხისთვის გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ბაკურ კვეზერელი, ღვინის მწარმოებელთა ასოციაციის პრეზიდენტი ლევან კობერიძე, კომპანია "თელიანი ველის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე არჩილ გეგენავა და სომელიეთა ასოციაციის პრეზიდენტი შალვა ხეცურიანი.
როგორც გაზეთ "24 საათთან" საუბრისას სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ბაკურ კვეზერელმა განაცხადა, რუსეთში ქართული ღვინის დაბრუნების შესახებ მოლაპარაკებების დაწყების პროცესი საქართველოში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის ვიზიტისას გადაწყდება.
მინისტრის მოადგილის განცხადებით, რუსეთის ბაზარზე ქართული ღვინის დაბრუნების საკითხზე აქტიური შეხვედრები და კონსულტაციები გაიმართება. ამის შემდეგ კი, დაგეგმილია საქართველოს დელეგაციის ვიზიტი რუსეთის ფედერაციაში.
"საქართველო მზად არის, ქართული პროდუქციის რუსეთის ბაზარზე დაბრუნების მიზნით რუსეთის ხელისუფლებასთან შედეგზე ორიენტირებული დიალოგი დაიწყოს," - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გელა ბეჟუაშვილმა განაცხადა.
მინისტრის თქმით, საუბარია არა მხოლოდ ქართული ღვინისა და მინერალური წყლის, არამედ სოფლის მეურნეობის პროდუქციის ექსპორტის განახლებაზე.
როგორც ბეჟუაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ქართული მხარე მზად არის, ყველა პრეტენზია ადგილზე განიხილოს და გადაწყვიტოს.
"ეს იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება და თუ ტექნიკური პრობლემები მოგვარდება, დანარჩენი პოლიტიკურ ნებაზე იქნება დამოკიდებული," - განაცხადა საქართველოს საგარეო პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელმა.
„ქართული ღვინის რუსულ ბაზარზე დაბრუნების პერსპექტივა მალე გამოჩნდება," - განაცხადა გაზეთ „24 საათთან" საუბარში ღვინის მწარმოებელთა ასოციაციის პრეზიდენტმა ლევან კობერიძემ.
მისი განცხადებით, მთავარია, რუსეთთან მოლაპარაკებების პროცესი დაიწყოს, შემდეგ კი, იქნება საუბარი იმ კონკრეტულ პირობებსა და მექანიზმებზე, თუ როგორ დაბრუნდება ქართული ღვინო რუსეთში.
კობერიძის აზრით, საქართველოსთვის მისაღები არ იქნება ის მოდელი, რომლითაც რუსულ ბაზარზე მოლდოვური ღვინო დაბრუნდა. მისივე თქმით, მოლაპარაკებები შეიძლება იანვრის ბოლოსთვის დაიწყოს.
ქართველი კომპანიების მიმართვაზე ონიშჩენკოს პასუხი მომავალი კვირის დასაწყისში გახდება ცნობილი. საქართველოში ჩამოსული რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი მხოლოდ ზოგადი კომენტარით შემოიფარგლა. სერგეი ლავროვის განცხადებით, საქართველოსა და რუსეთის მხრიდან ორმხრივი ურთიერთობების გაუმჯობესებისთვის კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადაიდგას.
როგორც ლავროვმა საქართველოს პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა, დროა, ორივე მხარე განცხადებებიდან კონკრეტულ ნაბიჯებზე გადავიდეს.
ლავროვმა შეხვედრის თემატიკა არ დააკონკრეტა. მისი განცხადებით, ქართველი ხალხი ყოველთვის იყო რუსეთისთვის მეგობრული. მისი თქმით, მან გადასცა მიხეილ სააკაშვილს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის მილოცვა მეორე ვადით არჩევასთან დაკავშირებით. "ჩვენ დავადასტურეთ გულწრფელი და ღრმა სურვილი, რომ გაუმჯობესდეს ჩვენი ქვეყნების ორმხრივი ურთიერთობები", - აღნიშნა ლავროვმა.

ყველაზე რთული წელი ქართველი მეღვინეებისთვის

რა გაახსენდება ქართველ მეღვინეს, როცა 2006 წელს გადაავლებს თვალს? რა თქმა უნდა, რუსული ბაზრის დაკარგვა (დროებით მაინც), ფინანსური ზარალი, შელახული იმიჯი, რთული გზა ახალ ბაზრებზე დასამკვიდრებლად და ბრძოლა ფალსიფიკაციის წინააღმდეგ. ერთი სიტყვით, ქართველმა მეღვინეებმა ყველაფერი ცუდი, რაც შეიძლება მომხდარიყო, 2006 წელს ერთბაშად იწვნიეს. თუმცა ზოგი ჭირი, როგორც თავად ქართველი მეწარმეები აღიარებენ, გრძელვადიან ჭრილში შეიძლება მართლაც მარგებელი აღმოჩნდეს. ნებსით თუ უნებლიეთ, წელს ქართველი მეღვინეების წინაშე არსებული ყველა პრობლემა რუსულ სანქციებს უკავშირდებოდა. თუმცა რუსული ემბარგო არა მარტო მეღვინეებისთვის, არამედ მთლიანად ქვეყნისთვის გახდა 2006 წლის ერთ-ერთი მთავარი მოვლენა. ხელისუფლება, ექსპერტები, ბიზნესმენები თუ უბრალოდ, რიგითი მოქალაქეები ამ მოვლენას, ეკონომიკურის გარდა, პოლიტიკურ ჭრილშიც განიხილავდნენ. ემბარგოდან ორი წლის თავზეც კი ამ თემას როგორც ქართულ, ისე უცხოურ მედიაში აქტუალობა არ დაუკარგავს. თუმცა მედია ერთადერთი არ იყო, რომელიც ამაზე მთელი წლის განმავლობაში საუბრობდა. პარლამენტის კედლებიდან დაწყებული, სოფლის ე.წ. "ბირჟებით" დამთავრებული, ყველგან ხდებოდა რუსეთის მთავარ სანიტარ გენადი ონიშჩენკოს გადაწყვეტილებისა და რუსული პოლიტიკის განხილვა.


© „მარანი“

შამპანური იაფად


ბრიტანული უნივერმაღების ქსელმა Woolworths დაიწყო ქვეყანაში ყველაზე იაფი შამპანურის გაყიდვა. შამპანურის ფასი სულ რაღაც 5 ფუნტია. სასმელი გამოდის მარკით Worthit. ეს ქსელის საკუთარი ბრენდია.
2008 წლისთვის ქსელი ასორტიმენტის გაფართოებას გეგმავს.
ასორტიმენტში შევა ხიზილალის სასაჩუქრე კომპლექტები, საიუველირო ნაკეთობები ბრილიანტებით, პარფიუმერული პროდუქცია და ა შ. შამპანური ქსელის პირველი და ჯერჯერობით ერთადერთი ალკოჰოლური სასმელია. მისი საცალო ფასი ორჯერ დაბალია ამ კატეგორიის ორ ყველაზე იაფ პროდუქტთან შედარებით, რომლებიც წარმოდგენილია სუპერმარკეტებში Tesco და Asda.
ინგლისელი ჟურნალისტი კამერონ ფილდენი აღნიშნავს, რომ შამპანურის ხარისხი ცუდი არ არის, მაგრამ შეფუთვა კი საშინელი აქვს.
Woolworths-ის ინიციატივამ ბრიტანულ და საერთაშორისო ღვინის მოყვარულთა წრეებში აღშფოთება გამოიწვია. მართალია ამ ქსელს არ აქვს სერიოზული წონა ღვინის ბაზარზე, მაგრამ მისი სტრატეგია ნეგატიურად აისახება ზოგადად შამპანურის იმიჯზე. ეს სასმელი ხომ დღესასწაულის და ფუფუნების სიმბოლოდ მოიაზრება.
© „მარანი“

კუპიდონის სასიყვარულო პუნში


ინდოელებმა, ბრიტანელების მიბაძვით, "სიყვარულის ნექტარი" შექმნეს. დელის ელიტარულ დაწესებულებებში გაგიმასპინძლდებიან თავბრუდამხვევი სასმელით, "კუპიდონის სასიყვარულო პუნშით." ეს არის კოქტეილი, რომელიც 100 ათასი რუპი (დაახლ. 2,5 ათასი დოლარი) ღირს.
სასმელი არ შეიცავს რაიმე განსაკუთრებულ ინგრედიენტებს: სოვინიონის თეთრ მშრალ ღვინოს იტალიურ ატმის ლიქიორს უმატებენ და ცოტაოდენ გაზიან წყალში აზავებენ.
პუნშის საიდუმლო იმაშია, რომ მას ბროლის ბოკალით გთავაზობენ, რომლის ფსკერზეც ბრილიანტისთვლიანი ბეჭედი ბრწყინავს.


© „მარანი“

Wednesday 26 March 2008

ჩეხური ლუდი ძვირდება


ექსპერტების ვარაუდით ჩეხური ლუდი დაახლოებით 25%-ით გაძვირდება, რაც ნედლეულზე ფასის მომატებითაა განპირობებული: სვიასა და ალაოზე ფასი საკმაოდ გაიზარდა, ქერი, რომლითაც ალაო მზადდება, წლის განმავლობაში 80%-ით გაძვირდა.
ლუდის მოყვარულებს არ უმართლებთ. ჩეხეთში ყველაზე გავრცელებული 10 %-იანი ლუდი, რომელიც დღესდღეობით 8,70 კრონი ღირს (0,5 ლიტრი) 2008 წლის ბოლოსთვის 11 კრონამდე გაძვირდება.

© „მარანი“

"თელიანი ველი" საუკეთესოა


საფრანგეთში გამართულ საერთაშორისო კონკურსზე Challenge International du Vin, საუკეთესოდ აღიარეს "თელიანი ველის" ღვინოები "წინანდალი", "საფერავი" და "გაუფილტრავი საფერავი". კომპანიამ უკვე მიიღო შესაბამისი სიგელები.
კონკურსში Challenge International du Vin ყოველწლიურად 30-ზე მეტი ქვეყანა მონაწილეობს. შარშან "თელიანი ველის" ღვინოებმა, "თელმა" და "მუკუზანმა" ვერცხლის მედლები მოიპოვეს.
© „მარანი“

"ქალთა ღვინოები"


16-17 იანვარს ლონდონში გაიმართა "ქალთა ღვინოების" გამოფენა. აქ წარმოდგენილი იყო 25 ყველაზე პოპულარული დასახელების ღვინო ბურგუნდიიდან, ელზასიდან და ლანგედოკიდან.
თავდაპირველ საგამოფენო სიაში ჩამოთვლილი იყო 400-მდე დასახელების სასმელი, მაგრამ გამოკითხვების შემდეგ, რომელიც სუსტი სქესის წარმომადგენლებს ჩაუტარდათ, შეარჩიეს საკულტო ღვინოები მხოლოდ სამი რეგიონიდან.
გამოკითხვებმა დაადასტურა, რომ ქალებს მოსწონთ რბილი და არომატული ღვინოები, ხოლო მამაკაცები საშუალო სიმაგრის ღვინოს ამჯობინებენ.

© „მარანი“

Sunday 23 March 2008

The Famous Grouse - სამეფო კარის ვისკი


2007 წლის 27 დეკემბერს 1896 წელს შექმნილმა შოტლანდიურმა ვისკიმ The Famous Grouse კვლავ მიიღო ოფიციალური სამეფო ნებართვა. ნებართვის მიხედვით სამეფო კარს სწორედ ამ სასმელით მოამარაგებენ. ნებართვა ძალაშია 5 წლის განმავლობაში, 2013 წლამდე.
პირველად ეს პატივი ვისკის 1984 წლის 1 იანვარს ერგო. სამეფო ნაბართვა საუკეთესო ხარისხის ნიშანია და ბრენდებს სამეფო გერბის გამოყენების უფლებას აძლევს.
დღესდღეობით The Famous Grouse შოტლანდიის ნომერი პირველი ვისკია. გასულ წელს მისი გაყიდვების მოცულობა 3,4%-ით გაიზარდა და 30 მილიონი ბოთლი შეადგინა.

© „მარანი“

Glaetzer - ახალი ეტიკეტები და ახალი ერა


1995 წელს კოლინ გლეიცერმა ოჯახური კომპანია დააარსა, მან შექმნა ბრენდი "Glaetzer" და ორიგინალური ეტიკეტები ღვინოებისთვის - Glaetzer Shiraz და Bishop Shiraz.
კომპანია თანდათან ფართოვებოდა. 2000 წლისათვის ოჯახურ ბიზნესს ბენ გლეიცერიც შეუერთდა. სწორედ მან შექმნა ახალი სტილის ღვინოები და ახალი ეტიკეტებიც - Glaetzer Amon-Ra Shiraz-ისთვის 2001 წელს და Glaetzer Godolpin Shiraz-ისთვის 2004 წელს, აგრეთვე Wallace shiraz Grenache-ს ღვინოებისთვის, რომელთა პირველი რელიზი 2002 წელს შედგა.
Glaetzer პატარა ოჯახური მეურნეობაა არც თუ ისე დიდი ასორტიმენტით. იყო დრო, როცა კომპანიას მხოლოდ ოთხი ღვინო და ეტიკეტის ორი სახეობა ჰქონდა.
ახლა სიტუაცია სხვაგვარადაა. გლეიცერების მეურნეობაში ახალი ერა იწყება. ეტიკეტებს ახლებური იერსახე ექნება, ყველა ღვინოს - დასამახსოვრებელი სახელი და დამახასიათებელი სიმბოლიკა.
Amon-Ra-s და Anaperenna-ს (ყოფილი Godolphin-ი) ეტიკეტების სიუჟეტები ანტიკურ მითებზე და სიმბოლოებზეა აგებული. დანარჩენი ორი ტრადიციული ღვინო (Bishop და Wallace) გლეიცერების ოჯახის ქალბატონებს ეძღვნება.

© „მარანი“

Saturday 22 March 2008

ღვინის გზამკვლევი- შვეიცარია - ალპური ოქრო


გერქვას შვეიცარიელი მეღვინე, ეს იმას ნიშნავს, რომ სტიქიასთან შებრძოლებისას მუდმივად შეგეძლოს სიმაღლის შიშის დაძლევა; ნებაყოფლობით თქვა უარი არხეინ და უპრობლემო არსებობაზე, რითაც შვეიცარიის კონფედერაცია ოქროს მარაგის წყალობით უზრუნველყოფს ყველა თავის მოქალაქეს; უზომოდ დიდი ფული ჩადო ერთი ციცქნა ვენახების შენარჩუნებაში, რათა შემდგომში მიზერული მოგება ნახო. გამოიღებს კი ოდესმე შედეგს რომანტიკული შვეიცარიელების თავდადება, რომლებიც მზად არიან თავიანთ ქვეყანაში მეღვინეობის განვითარებისთვის სულიც კი გაყიდონ? ამ რიტორიკულ კითხვაზე პასუხს ეძებს Wine-ის კორესპონდენტი როჯერ ვოსი (Roger Voss).

აღმასვლა

ალპური სახელმწიფოს ღვინოები მსოფლიო ღვინის წარმოების მხოლოდ 0,02%-ს შეადგენს. ქვეყნის ფარგლებს გარეთ თითქმის არაფერი იციან მათ შესახებ. აქედან ჩნდება ეჭვი იმის თაობაზე, რომ შვეიცარიული ღვინოები არ შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს, რადგან მათში იზოლირებული კულტურის სპეციფიკური ელფერია შენარჩუნებული. თავიდანვე გეტყვით, რომ ეს მოსაზრება მცდარია. არ შეიძლება შვეიცარიის ამოშლა ღვინის მწარმოებელი ქვეყნების ტოპ-სიიდან მხოლოდ იმის გამო, რომ აქაურ ალპებში დამზადებული ღვინოები ძალზე ცოტაა და ძვირიც მსოფლიოში არსებული ყველა იმ ჟურნალისტისა და პიარ-მენეჯერის მოსამარაგებლად, რომლებიც მეღვინეობის სფეროში მუშაობენ და რომლებიც მათთვის ფართო რეზონანსის უზრუნველყოფას შეძლებდნენ. დიახ, შვეიცარიული ღვინოები საერთაშორისო სტანდარტების უმეტესობის მიხედვით ძვირადღირებულია, მაგრამ მათი სიძვირე გახლავთ კონსტანტა, რომლის დაძლევა შეუძლებელია მიწის უზომოდ მაღალი ღირებულებისა და მაღალმთიანი ვენახების მოვლის გამო. საბოლოო ჯამში, ბრიტანული მაღაზიების თაროებზე ვერ ნახავთ ვერც ერთ შვეიცარიულ ღვინოს, რომლის ერთი ბოთლი 6 ფუნტზე ნაკლები ღირდეს, თუმცა, უფრო ბუნებრივად გეჩვენება ციფრი 10. ამასთან, Merlot ტიჩინოდან და ზოგიერთი დაძველებული ღვინო შეიძლება უფრო ძვირიც ღირდეს. ადგილობრივ მეღვინეებს არცა აქვთ იმის იმედი, რომ როდესმე შეძლებენ თავიანთი პროდუქციის თვითღირებულების შემცირებას, ამიტომ ისინი იძულებული არიან, საგანგებო ყურადღება უმაღლესი ხარისხის მიღწევაზე გადაიტანონ.
ის მცირერიცხოვანი მკვლევარები, რომლებიც შვეიცარიის შესახებ იწყებენ წერას, განსაკუთრებით უსვამენ ხაზს ალპური ვენახების ექსტრაორდინარულ პირობებს. ეს ვენახები ისეთ ციცაბო ფერდობებზეა გაშენებული, რომ მათი შემხედვარე ფიქრობ, მეღვინეებს მარჯვენა ფეხი მარცხენაზე მოკლე უნდა ჰქონდეთ, საგრძნობი სიჩქარით რომ შეძლონ ქვიან ტერასებზე გადაადგილება. მხოლოდ შვეიცარიელების უცნაური ახირებული ხასიათით შეიძლება აიხსნას ის ფაქტი, რომ ადგილობრივი მეღვინეობა დღემდე არ ჩაბარებია წარსულს. ხალხი, რომელიც გაცილებით მეტ გამორჩენას ნახავდა შვეიცარულ ბანკებში ანაბრების შეტანით, ამის ნაცვლად ტბების ნაპირებზე, სადაც ნიადაგი უფრო ნაყოფიერია, ყიდულობს მიწის პატარა ნაკვეთებს. სამწუხაროდ, ტბასთან მდებარე იმავე მიწით დაინტერესებული არიან არა მხოლოდ მეღვინეები, არამედ სხვა საქმოსნებიც, რომლებიც, მაგალითად, სასტუმროების ან ელიტური მაღლივი საცხოვრებლების მშენებლობით არიან დაკავებული. თოხებით შეიარაღებული მეღვინეები იძულებული არიან სამჯერ უფრო ძვირი გადაიხადონ რაღაც უბადრუკ 10-50 მეასედში, რომელშიც ვერაფრით იშოვი უფრო მეტს, ვიდრე იჯარით გაცემულ კოტეჯში, ტბიდან დაშორებული სავოიის მთების ჯაჭვს რომ გადმოსცქერის.
როდესაც მეღვინეობის მთავარი შვეიცარიული კანტონების, ვალესა და ვოს გავლით რონის ხეობაში მანქანით ან მატარებლით მოგზაურობთ, თქვენს ყურადღებას აუცილებლად მიიქცევს რომელიმე მიუვალ კლდეზე თავმოყრილი ჯუჯა ვენახები, რომლებშიც ტერასების შემაკავებელი ლითონის ნაგებობები გაცილებით დიდ ადგილს იკავებს, ვიდრე თავად ვენახი. თუ თქვენ მოხვდებით ტიჩინოში, შვეიცარიის კონფედერაციის სამხრეთში მდებარე მეღვინეობის იტალიურენოვან კანტონში, კვლავ გაოცდებით უცნაური სურათის ხილვით: ვაზები სასოწარკვეთილნი იბრძვიან მზის ქვეშ ადგილის დასამკვიდრებლად და ცოცვით მიიწევენ ფერმერთა საცხოვრებლების კედლებსა და სახურავებზე.
მაგრამ, როდესაც ბოლოს და ბოლოს დაასრულებთ მოგზაურობას ერთ-ერთ მდიდრულ რესტორანში (ასეთი რესტორნები შვეიცარიაში აურაცხელია), იქ თქვენ დააგემოვნებთ შვეიცარიულ ღვინოს, და მიხვდებით, რომ ადგილობრივი ღვინოები უბრალოდ კი არ "განსხვავდება ყველა დანარჩენისგან", ისინი ხმამაღლა, ხარისხიანი აქცენტით ლაპარაკობენ და გურმანის მომაჯადოებელი, განსაკუთრებული სტილით გამოირჩევიან. შესაძლოა, ისინი ვერ აღწევენ ღვინის შედევრების დონემდე, რომელთა გარეშე ჩვენ ვერავითარ შემთხვევაში ფონს ვერ გავიდოდით, მაგრამ, მიუხედავად ამისა, აუცილებელია თვალსაწიერის გასაფართოებლად.

სამი კულტურა ერთ ბოთლში

თუ მშპ-თან დაკავშირებით დღეს შვეიცარიას ყველაფერი რიგზე აქვს, ქვეყნის წარსული გაცილებით ნაკლებად იძლეოდა აყვავებისა და ფინანსური კეთილდღეობის შესახებ საუბრის შესაძლებლობას. საუკუნეების განმავლობაში ალპურ სოფლებს ძლივს გაჰქონდათ თავი. აქედან მომდინარეობს არა მარტო ეროვნული მენტალიტეტის, არამედ გასტრონომიისა და მეღვინეობის სპეციფიკური თავისებურებები. ჟენევისა და ბერნის დიდებულ რესტორნებში haute cuisine-ს უკანასკნელი ტენდენციების ადაპტაცია ყველაზე უფრო დახვეწილ ფორმებში მიმდინარეობს. შვეიცარია ბევრი ცნობილი მზარეულისა და რესტორატორის სამშობლოა, რომლებსაც დღეს მსოფლიო კოჰორტაში პირველი ადგილები უკავიათ. მაგრამ საკუთრივ ნაციონალური სამზარეულო უაღრესად უბრალო და "ჯანსაღია", შეიძლება ითქვას, "პრიმიტიულიც" კი: აქ შეხვდებით ყველანაირი სახეობის შეუცვლელ შვეიცარიულ ყველს, კარტოფილს "მუნდირში", რძეს და დიდ ნაჭრებად შემწვარ ღორის ხორცს.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტია ამ ქვეყნის მრავალეროვნული არსი. მოსახლეობის უმეტესობას ავსტრია-უნგრეთის ქვეშევრდომთა გერმანულეონოვანი შთამომავლები შეადგენენ, ხოლო შვეიცარიის კონფედერაციის დასავლეთში არა მხოლოდ ლაპარაკობენ ფრანგულად, ისინი ყოფის ესთეტიკაში ფრანგული ტრადიციებისკენაც იხრებიან, მაშინ როდესაც სამხრეთში სხვა ენაზე ხმამაღლა იტალიური ენა გაისმის, იტალიის ტერიტორიული სიახლოვე კი თვალნათლივ აისახება ცხოვრების წესზე. ასევე თვალნათლივ იყოფა სამად ცნება "ტრადიციული შვეიცარიული სამზარეულო": გერმანულენოვან კანტონებში პატივშია ძეხვი და მჟავე კომბოსტო, იტალიურ საზღვართან ახლოს მიირთმევენ პოლენტას, რიზოტოსა და რავიოლის, ხოლო საფრანგეთთან მოსაზღვრე ოლქებში ამზადებენ ალუბლისა და ქლიავის შტრუდელებს. მთელ ამ ნაირხმოვანებას კი კრავს ფონდიუს საყოველთაო სიყვარული, ადგილობრივი მეყველეობის თაყვანისცემა და გლეხური სულისკვეთების შესაბამისად, საკვების მაძღრისობისკენ სწრაფვა.
ეროვნული თავისებურებები ძირითადი კანტონების მიერ წარმოებული ღვინის სტილში არსებით განსხვავებებსაც წარმოშობს. შვეიცარია მდებარეობს მეღვინეობის სამ ძლევამოსილ სახელმწიფოს - საფრანგეთს, იტალიასა და გერმანიას შორის. შვეიცარიული ღვინის ხასიათი გამომუშავდა დიდი მეზობლების გამოცდილების გათვალისწინებით, მაგრამ მისი ინდივიდუალობა უდავოა. მთავარი პლუსი ის გახლავთ, რომ ეს ღვინო იდეალურად ეწყობა მრავალფეროვნებით განთქმულ შვეიცარიულ სამზარეულოს.

კონკურენციის ცივი ქარი

შვეიცარიული ღვინოები გარკვეული თვალსაზრისით ეგზოტიკურიც კია. კონფედერაციის ფარგლები არასოდეს დაუტოვებია "განსაკუთრებული" ღვინოების კატეგორიაში შემავალ ღვინოთა უმეტესობას. თუმცა, დამაიმედებელია ადგილობრივი თეთრი ღვინოების ექსპორტის პირველი მცდელობები. ცოტა უფრო ადრე მეღვინეებს სამთავრობო კვოტების დიდი იმედი ჰქონდათ, რომლებიც ახდენდნენ სხვა ქვეყნებიდან თეთრი ღვინის შემოტანის რეგლამენტირებას, ეს კი მეღვინეებს ქვეყნის შიგნით თავიანთი პროდუქტის დიდი ნაწილის რეალიზების საშუალებას აძლევდა. მაგრამ არც ისე დიდი ხნის წინ იმპორტზე კვოტები გაიზარდა, და საზღვრებს გარედან შვეიცარიისკენ გამოემართა ხელმისაწვდომი თეთრი ღვინით სავსე ცისტერნების მწკრივი, რომელიც საფრთხეს უქმნის საერთაშორისო სტანდარტების უმეტესობის მიხედვით ძალზე ძვირადღირებულ ადგილობრივ ღვინოს. შვეიცარიელ მეღვინეებს, რომლებსაც უცხოელებთან კონკურენტულ ბრძოლაში გამარჯვება სურთ, სხვა არაფერი რჩებათ, გარდა იმისა, რომ კიდევ უფრო მეტი კონცენტრირება მოახდინონ ღვინის ხარისხზე. მათ არ შეუძლიათ საკუთარ პროდუქციაზე ფასის დაწევა, რადგან მთაზე გაშენებული ვენახების მოვლა უზომოდ ძვირი უჯდებათ. მხოლოდ ზოგიერთ ვაკე ადგილას გაშენებულ ვენახებსა და აღმოსავლეთ შვეიცარიის ნაკლებად ფრიალო ტერასებზე შეიძლება თანამედროვე მექანიზაციის გამოყენება, მეურნეობათა უმრავლესობა კი ხელით შრომას ეყრდნობა. თუმცა, ზოგიერთი შვეიცარიული ღვინის ხარისხი ნამდვილად არ დგება ეჭვქვეშ. ამგვარად, სავსებით შესაძლებელია, რომ ახლო მომავალში მსოფლიო ბაზარზე მათ თავიანთი ექსკლუზიური ნიშა დაიკავონ.

ღვინის რუკა

შვეიცარიელების აშკარად თანდაყოლილმა მეღვინეობის "ნიჭმა", XIX საუკუნის მეორე ნახევარში ქვეყნის მეღვინეობის დარგი კრახისგან ვერ იხსნა. იმ ათწლეულების მეღვინეობის კატასტროფებმა - ბუმბულის ობმა და ფილოქსერამ - გაცილებით მეტად შეძრა შვეიცარია, ვიდრე ნებისმიერი სხვა ქვეყანა. 1870-იან და 1960-იან წლებს შორის დარგი დაკნინებული იყო: ვენახების საერთო ფართობი 33 000 ჰა-დან 12 500 ჰა-მდე შემცირდა, ხოლო შვეიცარიული ღვინის რეპუტაცია არსებითად შეირყა. ეკონომიკური (ინდუსტრიალიზაცია) ფაქტორებისა და ბუნებრივი საგანგებო შემთხვევების გარდა, ამას ბიურგერული კულტურის ზეწოლაც უწყობდა ხელს. ლუდმა უმთავრესი ეროვნული სასმელის წოდება მიიღო: "მეტისმეტად კალორიული" და ძალზე დემოკრატიული სასმელის ქაფის ზღვამ ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთ ოლქებიდან, რომლებიც გერმანიას ესაზღვრება, თითქმის საფრანგეთის საზღვრამდე უწია.
შვეიცარიაში მეღვინეობის კულტურის აღორძინება დაახლოებით 1960-იან წლებში დაიწყო. ამ მომენტისთვის, 150 წლის წინანდელთან შედარებით, არსებითად შეიცვალა სუბორდინაცია ძირითად ოლქებს შორის. XIX საუკუნის პირველ ნახევარში მთავარი ყურადღება ეთმობოდა წითელი ყურძნის ჯიშებს, რომელთაგან საუკეთესოები წარმოშობით ქვეყნის გერმანულენოვანი რაიონებიდან იყო, - ამ თვალსაზრისით, თავისი მიმდებარე მამულებით განსაკუთრებით გაითქვა სახელი პატარა ქალაქმა გრაუბიუნდენმა. აღმოსავლეთ კანტონები ყველა მაჩვენებლით (წარმოების მოცულობა, ტექნოლოგიური პროგრესი) წინ უსწრებდნენ სხვა ოლქებს. ვოს კანტონში, რომელიც ჟენევის ტბის ჩრდილოეთ ნაპირზე, ლოზანასა და მონტრეს შორის მდებარეობდა, იმედს მთავარი შვეიცარიული ჯიშის - შასლას თეთრ ღვინოებზე ამყარებდნენ. ვალეში კი, რონის ზემო წელში მდებარე მთიან ოლქში სპორადულად იყო განთავსებული ყურძნის ძალზე მუქმარცვლიანი იშვიათი ნარგავები, რომლებსაც "მთიელები" ამ უნარის გამო სხვა ჯიშებთან შედარებით უპირატესობას ანიჭებდნენ. ეს უნარი მდგომარეობდა მშრალი ალპური კლიმატის მცხუნვარე მზის ქვეშ სიტკბოსა და სიმაგრის კონცენტრირებაში.
ამჟამად დისპოზიცია ასეთია. ვალე მიიჩნევა შვეიცარიული კონფედერაციის მეღვინეობის ძირითად კანტონად: ამ ფრანგულენოვანი რაიონის 5200 ჰა ნაყოფიერი ვენახები ყოველწლიურად იძლევა მთელი შვეიცარიული ღვინის 40%-ს. ვოს მხარეში ვენახებმა "ჩაწერის ადგილი შეიცვალეს": ჟენევის ბარაქიანი ნაპირებიდან, სადაც ახლა ქალაქის ინფრასტრუქტურა ვითარდება, ისინი ზემოთ, მთებში გააძევეს. მნიშვნელობით მესამე აღმოჩნდა ჟენევის კანტონი, რომელმაც ბოლო ნახევარ საუკუნეში ბევრად გაზარდა თავისი ვენახების ფართობი: აქ აშენებენ მრავალ ფრანგულ ჯიშს და მეღვინეობის ტექნოლოგიას მოხერხებულად უთავსებენ ღვინის მოყვარულთა თანამედროვე გემოვნებას.
სანამ ფრანგულენოვანი კანტონები თავიანთ პოზიციებს იმყარებდნენ, გერმანულენოვნები ოდნავ ჩრდილში აღმოჩნდნენ. ამჟამად აქ ძირითადად საშუალო ღირებულებითი კატეგორიის ხარისხიან ღვინოებს აწარმოებენ. იტალიურენოვანი ტიჩინოს მეღვინეები პირიქით მოიქცნენ: მათ თითქმის მთლიანად მიაგდეს ნოსტრანოს ჯიშის ყურძენი, რომელიც ადრე თავზე სასხმელად სამყოფ იაფ სუფრის ღვინოს იძლეოდა, და მთელი ყურადღება ბორდოულ მერლოზე გადაიტანეს, რომელიც აქ პირველად 1945 წელს ჩამოიტანეს.
მთელ ქვეყანაში თანაბრად მიმოფანტული ცალკეული ვენახების ნაცვლად დღეს შვეიცარიაში მეღვინეობის რამდენიმე ძლიერი რეგიონი არსებობს. სწორედ ამის გამო წამოიჭრა საკითხი მეღვინეობის კანტონებში ოფიციალურად კონტროლირებადი დემარკაციის შესახებ. 1990-იანი წლებიდან აღმოცენებულ Appelliation Contrôlée-ს სისტემას ყოველი კანტონი ინდივიდუალურად იყენებს.

ვალეს მზე

პირით სამხრეთისკენ მიმართულ ალპურ ფერდობებზე გადაჭიმული ვალეს ვენახები ზღვის დონიდან 750 მეტრზე მდებარეობს, რაც ყურძნისთვის საკმაოდ მაღალია. სამაგიეროდ, ვალე ძალზე მზიანია; წელიწადში 2000, ზოგჯერ 2500 მზის საათი ვისპერტერმინენისთვისაც კი უზრუნველყოფს მოსავლის მაღალ ხარისხს: ეს არის მევენახეობის პატარა სოფელი, რომელმაც მთებში ზღვის დონიდან 1000 მეტრამდე აიწია (ევროპაში ვერ ნახავთ ვერც ერთ ვენახს, ამაზე უფრო მაღლა რომ იყოს გაშენებული). ვალეს მშრალ და მზიან კლიმატს ხშირად აღწერენ როგორც რაღაც საშუალოს ესპანურსა და პროვანსულს შორის. გარდა ამისა, ვალეს ზოგჯერ "შვეიცარიის კალიფორნიას" ეძახიან.
1990-იანებში ვალეში, ბოლოს და ბოლოს, გადაიდგა ნაბიჯები გამოცალკევებული crus-ის დასადგენად. ეს განსაკუთრებით სჭირდებოდათ მეღვინეებს, რომლებიც შასლას ჯიშზე სპეციალიზდებოდნენ. ზოგიერთი მათგანი სტაბილურად კარგ ღვინოს აყენებს, ზოგიერთი კი - საკმაოდ უფერულს, მაგრამ, ვინაიდან მყიდველს ადრე არანაირი შესაძლებლობა არ ჰქონდა ეტიკეტით განესხვავებინა საუკეთესო მწარმოებლების პროდუქტი ყველა დანარჩენი ვარიანტისგან, ვალეს შასლებს მთლიანობაში საკმაოდ ცუდი რეპუტაცია ჰქონდა. დღეს ეტიკეტზე სოფლის სახელის მითითება სავალდებულოა, ხოლო თავად სახელწოდება "შასლა" (ან, სხვანაირად, ფანდანი) ზოგჯერ უბრალოდ გამოტოვებულიც კია, რადგან მყიდველი მის გარეშეც კარგად მიხვდება, რომ ვალეს თეთრი ღვინო შასლა იქნება.
შასლა? თქვენ იტყვით: "ეს ხომ სუფრის ღვინოა, რომელსაც შემოდგომობით ხშირად ვაწყდებით საფრანგეთის სუპერმარკეტებში. როგორც ჩანს, ის წარმოუდგენლად ძვირია, - ამიტომაც არ ეძალებიან განსაკუთრებულად". ნუ ეტყვით ასეთ რამეს შვეიცარიელს - საეჭვოა, რომ მერე წყენის გამოსწორება მოახერხოთ. შასლა ყველაზე მრავალრიცხოვანია ძირითად შვეიცარიულ ჯიშებს შორის. თავად მევენახეებს საკმაოდ დიდი წარმოდგენა აქვთ მის შესახებ. ადგილობრივი მცოდნეები ამბობენ (მე არ დავიწყებ მათთან კამათს), რომ მათ შასლას წმინდა შემთხვევითობის გამო დაერქვა ასე. ჯიშების საერთაშორისო კლასიფიკაციაში ის ცნობილია როგორც "ფანდან ვერტი" ან "ლოზანო".

შვეიცარიამ მსოფლიოს რამდენიმე სახელგანთქმული "ღვინის" სახელი აჩუქა: წარმოშობით შვეიცარიელმა, ვინმე დიუფურმა, XIX საუკუნის დასაწყისში დააფუძნა პირველი მსხვილი (და კომერციულად წარმატებული) სირაჯხანის კომპანია აშშ-ში; მეორე შვეიცარიელი გახდა გზის მანათობელი ვარსკვლავი ავსტრალიური მეღვინეობისთვის, რომელიც ფეხს მხოლოდ ორი საუკუნის წინ იდგამდა; დაბოლოს, მეღვინეობის მთელი სამყაროსთვის კარგადაა ცნობილი შვეიცარიელი ნეგოციანტების, ბუხერისა და სუტერის მიერ გამოგონებული მემბრანის წნეხები, - მოწყობილობები, რომლებიც იმისთვის შეიქმნა, რომ გასაბერი მემბრანის უკიდურესად დელიკატური ზემოქმედებით, ძვირფასი ყურძნიდან რაც შეიძლება მეტი წვენი გამოიწუროს.

რა თქმა უნდა, შეიძლება, რომ შასლასგან მხოლოდ სუფრის ღვინო არ დადგეს, მაგრამ ის მაინც სრულიად ნეიტრალურია: მისგან ტყუილად ველით განსაკუთრებულ ხარისხს. ამ ყურძნისგან ამზადებენ ღვინოს, რომელიც სრულიად ახალგაზრდა უნდა დაილიოს: მას კასრებში არ აძველებენ. ქვეყნის სხვადასხვა რაიონში შასლა თავის ხასიათს სხვადასხვაგვარად ამჟღავნებს. მაგრამ ნებისმიერი "რაიონული" შასლასთვის სავალდებულოა ვაშლისა და რძის ფერმენტაცია, რომელიც ამცირებს ჯიშის მაღალ მჟავიანობას.
"ჭეშმარიტად ელზასური ხასიათის" ღვინო: აი, ეს გამოთქმა მახსენდება ვალეს ცარცოვან-ფიქალოვან ნიადაგებზე მოწეული ყურძნისგან დაყენებული ღვინის დასახასიათებლად. ვალეს შასლას ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ნიმუშია Fendant de Sierre კომპანია Rouvinez Vins-იდან. ეს გახლავთ კონცენტრირებული და "ვაჟკაცური" ღვინო, რომელსაც პურის არაჩვეულებრივი გემო დაჰკრავს. მეორე ცნობილი მარკა - Varone Vins-ი - პატარა სოფელ უვრიეს ღვინოებს ეკუთვნის: ცარცოვანი ნიადაგი, რომელიც გარს აკრავს მის ვენახებს, ღვინოებში ახალი ხილისა და ციტრუსოვანთა მსუბუქი არომატით მჟღავნდება.
შასლას გარდა განსაკუთრებულ ხსენებას გაცილებით ნაკლებად გავრცელებული ჯიშებიც იმსახურებს. ერთ-ერთი მათგანია სილვანერი, რომელიც ვალეში "იოჰანისბერგის" სახელითაა ცნობილი: იგი იძლევა სრულწონიან მშრალ ღვინოებს, რომლებიც განსაკუთრებით იმ შემთხვევაშია შთამბეჭდავი, თუკი ისინი დამზადებულია გვიანი რთვლის ყურძნისგან. მარსანს ადგილობრივ კილოზე "ერმიტაჟს" ეძახიან. ფულიში მისგან ბრწყინვალე გემოსა და ოხშივრის მსუბუქი არომატის მქონე საუცხოო ღვინოს ამზადებენ. მალვაზიას ჯიშის მეორე სახელია პინო გრი. ვალეს მეღვინეები ორივე ტერმინს იყენებენ. ამ ყურძნისგან წარმოებულ მშრალ ღვინოს პინო გრის ეძახიან, ხოლო გვიანი რთვლის მოსავლისგან დამზადებულ ტკბილ ღვინოს - მალვაზიას. შვეიცარიის ალპებში მუსკატს XVI საუკუნიდან ზრდიან. ვალეში მისგან ამზადებენ ღვინოს, რომელიც სტილით ყველაზე მეტად Muscat d’Alsace-ს ჰგავს: მთელი ნარჩენი შაქარი ფერმენტაციის დროს გამოიყოფა. ზოგჯერ ვალეს ვენახებში შეიძლება გადავეყაროთ გევიურცტრამინერის, რისლინგის, ალიგოტეს, შარდონეს, შენენისა და პინო ბლანის მცირე ნარგავებსაც.

ვალეს განძი

კანტონის სიამაყე და კონფედერაციის იმედი ვალეს ეგრეთ წოდებული განსაკუთრებული ღვინოებია, რომლებსაც არანაირი საერთო არა აქვთ ჩვეულებრივ "ტბის შასლასთან". სწორედ "განსაკუთრებულებს" მიაწერენ შვეიცარიული ღვინოების ჯერ კიდევ გამოუმჟღავნებელ პოტენციალს. დღეს ვალეს მეღვინეები იმედს უძველეს ადგილობრივ ჯიშებზე ამყარებენ, რომელთა მიმართაც ამპელოგრაფები უდიდეს ინტერესს იჩენენ.
არსებობს სულ რაღაც 40-მდე რარიტეტული აბორიგენი-ჯიში, და თითოეული მათგანი საკმაოდ სქელ და ხანგრძლივი დაძველების პოტენციალის მქონე ღვინოს იძლევა, რომელშიც ისტორიის სურნელი შეიგრძნობა. პატარა სოფელ ვეტროს შემოგარენში გაშენებულია ყურძენ ამინის საუკეთესო ნარგავები. მისგან ამზადებენ ძალზე შეზღუდული რაოდენობის მტკიცე ხასიათის ხავერდოვან თეთრ ღვინოს, რომელსაც ნარჩენი შაქრის გასაწონასწორებლად საკმარისი დონის მჟავიანობა გააჩნია. არვინის ჯიშის სახელწოდება მომდინარეობს ლათინური სიტყვიდან, და იგი მკრთალ ყვითელს ნიშნავს. არვინისგან მიიღება ღვინო, რომელსაც სახასიათო მომლაშო გემო გასდევს; იგი ჩვეულებრივ მშრალია, თუმცა ზოგიერთი მწარმოებელი მასში გვიან მოკრეფილი ყურძნისგან დამზადებული ღვინის ნაწილს ურევს, რომლის წყალობითაც ის შესამჩნევ სიტკბოს იძენს. სხვათა შორის, დღეს შვეიცარიულ არვინს ზრდიან სამხრეთ საფრანგეთში, Mas de Daumas Gassac-ში. ბოლო დროს მთელ შვეიცარიაში მოდაში შემოვიდა ღვინის დაძველება ახალგაზრდა მუხის კასრებში, მაგრამ, კაცმა რომ თქვას, თეთრ ჯიშებს შორის მხოლოდ ვალეს ამინი და არვინი ფლობენ საკმარის ძალას იმისათვის, რომ ღირსეულად აიტანონ მუხის ჩარევა.

უკანასკნელ წლებში შვეიცარიელმა სელექციონერებმა მთელი ყურადღება ჰიბრიდული ჯიშების შექმნაზე გადაიტანეს, რომლებიც იდეალურ შესაბამისობაში უნდა მოსულიყო ქვეყნის მეღვინეობის რაიონების კლიმატურ პირობებთან.
სულ ცოტა ხნის წინ გამოყვანილი რამდენიმე ჰიბრიდმა უკვე მოასწრო სახელის მოხვეჭა: ფრაიზამერ-შარმონი (შასლას ჰიბრიდი შარდონესთან); გამარე და გრანუარი (ორივე ჯიში არის გამეს ჰიბრიდი რაიჰენშტაინერთან); ფრაიზამერი (სილვანერს პლუს პინო გრი). ვალეს კანტონს შესანიშნავად შეეგუა ტიოლინუარი (პინო ნუარის ჰიბრიდი რუჟ დიოლინთან).

იუმან ბლანის ჯიში განსაკუთრებული ჭირვეულობით გამოირჩევა: მისი მოსავალი არასტაბილურია, ის გვიან და მხოლოდ ყველაზე უფრო ხელსაყრელად განლაგებულ ვენახებში მწიფდება. იუმანის დამუშავებასთან დაკავშირებულმა სირთულეებმა იქამდე მიგვიყვანა, რომ ბევრმა მევენახემ უბრალოდ უარი თქვა მასზე. თუმცა, ბოლო წლებში იუმანის ღვინის მიმართ ინტერესი გაიზარდა. ეს ის ღვინოა, რომელსაც ოდესღაც შვეიცარიელი მკურნალები მშობიარეებს ძალების აღსადგენად უნიშნავდნენ. ამ ჯიშის სახელწოდება ლათინურიდან ითარგმნება როგორც "ჯანსაღი ღვინო" და, მართლაც, მისი მატონიზირებელი ზემოქმედება სავსებით ნათელია. კიდევ ერთი თითქმის გამქრალი სახეობაა სწორედ ის რეზე, რომლისგანაც ამზადებდნენ ახალი დროის ევროპაში პოპულარულ "ღვინოს მყინვარიდან" (Vin des Glaciers).
ზემო ვალეში, ძალიან მაღლა, მთებში, სადაც ქვისცვენა ხშირია, ზოგიერთი მეღვინე თავს ევლება ყველაზე უფრო ძვირფას, უძველესი შვეიცარიული ჯიშების პაწია ნარგავებს. უძველეს დროში მოსავალს აქ დღევანდელთან შედარებით გაცილებით ადრე იღებდნენ, რათა მძიმე სამუშაო დღის შემდეგ, წყურვილის მოსაკლავად და დაძაბულობის მოსახსნელად, მისგან მკვეთრი გემოს მქონე ღვინო გაეკეთებინათ. ადგილობრივი თეთრი "ანტიკვარული" ჯიშებიდან საუკეთესოდ მიიჩნევა ხაიდა (ანუ პაიენი). ის ან საიენის, ან ტრამინერის ახლო ნათესავია. ხიმბერჩის ჯიშის სახელწოდება შეესატყვისება შვეიცარიულ სიტყვას "ჟოლო". სინამდვილეში კი, ზემო ვალეს დიალექტზე ის ნიშნავს "ცხაურებზე მოყვანილს" - და საკუთრივ ასეც მოჰყავთ. ყურძენი, რომელსაც ლაფნეჩა ჰქვია, სავოური იშვიათი ჯიშის ბლანშეს ვალეური ვარიაციაა, რომლისგანაც ყვითელ ღვინოს ამზადებენ. ხიმბერჩა და ლაფნეჩა იძლევა მკაფიო გემოს მქონე საკმაოდ მჟავე თეთრ ღვინოს, რომელიც ძალზე ხანგრძლივი დაძველებისთვისაა განკუთვნილი. დაბოლოს, გვასი (ანუ გუეს ბლანი), თეთრი ყურძნის კიდევ ერთი იშვიათი ჯიშია, რომლისგან დამზადებული ღვინოც, სანამ ის ახალგაზრდაა, გემოთი აშკარად სიდრს გვახსენებს.

თავდასხმა წითელზე

პირველი მიახლოვებისას დამკვირვებელი შენიშნავს, რომ მთლიანად შვეიცარია და, კერძოდ, ვალე, თეთრი ღვინოების კლონდაიკია. თუმცა, ხარისხისა და ღირებულების თვალსაზრისით, თეთრი ღვინო ლიდერია, მაგრამ რაც შეეხება რაოდენობას (ბოთლებში), ვალეში მათ წითელზე მეტს არ ამზადებენ. ვალეში წითელი ზუსტად ნახევარია, ხოლო წითელი ნახევრიდან ორი მესამედი პინო ნუარზე მოდის.
ძველთაძველი ჯიშები ვალეს წითელ ჯიშებს შორისაც მოიძებნება. ისინი სწორედ "განსაკუთრებულის" კატეგორიას მიკუთვნებული იმ ღვინოების დასამზადებლად გამოიყენება, რომლებზეც შვეიცარიელები ცხარედ და გაუთავებლად მსჯელობენ. იუმან რუჟს არანაირი კავშირი არა აქვს თეთრ იუმანთან. ეს ჯიში იძლევა მაგარ, სასიამოვნოდ მწკლარტე და მადისაღმძვრელ ღვინოს. კორნალენ ლანდროტერი ის ჯიშია, რომელიც მეღვინეთა უმეტესობამ ჭირვეულობისა და არამდგრადობის გამო უარყო და, რომელიც დიდი ხნის წინ უნდა შეეტანათ "წითელ წიგნში". ის კი, ვინც მაინც ბედავს კორნალინზე ექსპერიმენტების ჩატარებას, ზოგიერთ წელიწადს ჯილდოდ იღებს ღრმა ფერის, კარგი ტანინებისა და ხილის შეუდარებელი ბუკეტის მქონე ღვინოს.

ვოს პეიზაჟები

ვოს კანტონის ვენახები გადაჭიმულია ჟენევის ტბის ჩრდილოეთ ნაპირებზე, რონის დინების აღმა ვალემდე. ვო სამ ძირითად ზონად იყოფა: შაბლე (რონის მთელი მარჯვენა სანაპირო ოლონამდე), ლავო (ცენტრალური სექცია მონტრესა და ლოზანას შორის) და ლა-კოტი (ლოზანიდან ჟენევის კანტონის საზღვრამდე) პლუს რამდენიმე ანკლავი ნევშატელის ტბასთან ახლოს და მორას ტბის გვერდით. უკანასკნელი წლების განმავლობაში, ვოში მკაცრად მოაწესრიგეს ღვინის სერტიფიკაცია და კონტროლი წარმომავლობის მიხედვით. მთელი მეღვინეობის ვო 24 აპელასიონად იყოფა.
ევროპაში არც ისე ბევრია მეღვინეობის ოლქი, რომლებიც ისეთი ხედებითა და სილამაზით დაიკვეხნიდა, როგორითაც ვო ხვდება ცნობისმოყვარე ჩამოსულ სტუმრებს. ლავოს ვენახები, ეს არის მიწიერი სამოთხის შუაგული, ფერწერული დეკორაცია შასლას ოქროს მარცვლებით სავსე მტევნებისთვის. მთიანი ტერასებიდან, რომლებზეც აკურატულ ზოლებად დარგული ყურძენი კლდის კალთებში "იჭრება", საოცარი პანორამა იშლება მარგალიტის ზედაპირით მბრწყინავი ტბის ნაპირებზე მდებარე პატარა სუფთა სოფლებზე, რომლებსაც ზურგიდან სავოის მთების ჯაჭვი აკრავს. თავად მევენახეები კი ამ სურათს ყოველდღიურად პრაქტიკული მიზნით ადევნებენ თვალყურს: ჩვეულ პეიზაჟში საღებავების კონცენტრაციისა და აქცენტების განლაგებით, ისინი უახლოესი პერიოდის ამინდს წინასწარმეტყველებენ. ძლიერი წვიმის შემდეგ შეშფოთებული გასქერიან ტბას: ნელ-ნელა ყავისფერი ლაქის წყლის ზედაპირზე გაწოლა, ავის მომასწავებელი ნიშანია ვოში მცხოვრები მევენახეებისთვის, რომელთა მთავარ პრობლემას ნიადაგის ბანალური ეროზია წარმოადგენს.
დეზალეს რაიონის რამდენიმე სოფელი სწორედ ის crus-ებია ლავოდან, ასწლეულების განმავლობაში შვეიცარიის საუკეთესო თეთრი ღვინოების სამშობლოდ რომ მიიჩნეოდა. ისინი კალამენის რაიონის რამდენიმე მეურნეობასა და ზემო ვოს ექვს აპელასიონთან ერთად კანტონის საუკეთესო მოთამაშეები არიან, რომლებიც შასლას ნიადაგზე მეტოქეობენ.
შასლა მთელ ვოში უდავოდ მთავარი ჯიშია: ვოს ღვინის 80% სწორედ ამ ყურძნისგან მზადდება. კანტონში ნიადაგის მრავალფეროვნება განაპირობებს უსასრულო ვარიაციებს შასლას თემაზე: მთის მწვერვალებთან ახლოს განლაგებული ვენახების ღვინო გამოირჩევა სიმკვირცხლითა და კეთილსურნელებით, მაშინ როდესაც შიგ მთების ძირში მისგან მკაცრი სტილის სასმელი მიიღება; ზოგიერთ სოფელში შასლა შეიძლება ლამის შეურაცხმყოფლად უწყინარი მოგვეჩვენოს, სადღაც კი მოულოდნელად გამოავლინოს სიმაგრე, რომელიც მას Pouilly-Fumé-ს ამსგავსებს.
ცარცოვან ნიადაგზე შასლა იძლევა კონცენტრირებულ ღვინოებს წიწაკის არომატითა და გრეიპფრუტის გემოთი. ასეთია, მაგალითად, შასლას ერთ-ერთი უმსხვილესი სპეციალისტის, Louis Bovard-ის Saphorin L’Archevesque, რომლის 16 ჰა ვენახის 90% შასლათია გაშენებული. საინტერესოა ფირმა Teztus-ის დაკვირვებები, რომელიც დეზელეში სხვადასხვა ტიპის ნიადაგზე გაშენებული შასლას ნარგავების მფლობელია: თიხიან გრუნტზე მოყვანილი ყურძნისგან ფირმა ამზადებს ძლიერი, მდიდარი და "მძიმე" გემოს მქონე Coup de l’Etrier-ს; ხოლო მყინვარების გადნობის შემდეგ წარმოქმნილი ქვიანი ნიადაგების მოსავლიდან, პირიქით - შასლას ერთ-ერთ იშვიათ ვარიანტს - L’Arbalette-ს, რომელიც ხანგრძლივი დაძველებისთვისაა შესაფერისი, და დროთა განმავლობაში იძენს მდიდარ სტრუქტურას და ბენზინის არომატს, რაც ამ ღვინოს ავსტრალიურ რისლინგს ამსგავსებს.

ჟენევა და სხვა

მეღვინეობის ტექნოლოგიების თვალსაზრისით ჟენევა შვეიცარიის მოწინავე კანტონია. ფრანგული ნოუ-ჰაუ პირველ ყოვლისა ჟენევაში შემოდის და სწორედ აქ გადის "ადგილობრივ ადაპტაციას" იმისათვის, რათა შემდეგ ვალეში ან ვოში გადაინაცვლოს. ჟენევის გავლით შვეიცარიაში ჩამოაღწია ელეგანტურმა ფრანგულმა ტექნიკურმა სრულყოფილებებმა, რომლებიც ისეთი ღვინოების შექმნის საშუალებას იძლეოდა, ყოველგვარი "პარფიუმერული" არომატიზატორების გარეშე მდიდარი და ხანგრძლივი გემო რომ მიჰყვებოდა.
ჟენევაში შასლას ბოთლებში ჩამოსხმის იმგვარი მეთოდი გამოიგონეს, რომ საბოლოოდ, ღვინო მსუბუქად "მჩხვლეტავი" გამოსულიყო: ერთგვარი "ნემსისებრი ტექსტურა" სასმელს ანიჭებს ინდივიდუალობას, რომელიც ასე აკლია სტანდარტულ შასლას.
ჟენეველმა მეღვინეებმა მოახერხეს მოდური Beaujolais-ის შვეიცარული "ანალოგის" შექმნა, რისთვისაც გამოიყენეს გამეს ჯიშის შინგამოზრდილი ფორმები. უკანასკნელ წლებში განსაკუთრებით იზრდება გამეს გავლენა ფრანგულენოვან კანტონებში.
ჟენევის ოდნავ ჩრდილოეთით გამეს არ ზრდიან. ერთადერთი წითელი ჯიში, რომელიც ნევშატელში გვხვდება, პინო ნუარია. კლიმატის ზომიერება და ნევშატელის ტბის ნაპირის კირქვა ნიადაგები, ადგილობრივ პინო ნუარს მოუხელთებელი დახვეწილობით უზრუნველყოფს. რჩეული მწარმოებლების ნევშატელის პინოები საუკეთესო წლებში ყველა დანარჩენ შვეიცარიულ პინო ნუარს შორის ლიდერობენ. სხვათა შორის, პინო ნუარისგან აქ ვარდისფერ ღვინოს - Oeil-de-Perdix-ს, ანუ "გნოლის თვალსაც" აკეთებენ, რაც მთელი შვეიცარიისთვის ცნობილი ფერადოვანი სახელწოდებაა.

გერმანული აქცენტები

17 გერმანულენოვანი კანტონი მეღვინეობის ერთიან რეგიონად იმის წყალობით განიხილება, რომ აქ ერთი და იმავე ჯიშის ყურძენს ზრდიან და ღვინის წარმოების ტექნოლოგიაშიც ერთნაირი პრინციპებით ხელმძღვანელობენ. ვენახების კონცენტრაცია ტბების (კონსტანსი, ციურიხი) გარშემო ან მდინარეების (რეინი, აარე, ლიმატი) გასწვრივ ხდება. დღესდღეობით ყველაზე პროდუქტიულ კანტონებად ციურიხი და შლაფჰაუზენი მიიჩნევა.

ყველა შვეიცარიული ღვინო მშრალია. შაპტალიზაცია დასაშვებია დაბალი კლასის ღვინოებისთვის, და საკმაოდ ხშირადაც გამოიყენება. უმაღლესი ღირებულებითი კატეგორიის მხოლოდ ზოგიერთი ღვინოა ტკბილი (ჩვეულებრივ, გვიანი რთვლის წყალობით): მაშინ მათ ეტიკეტზე სხვა რაღაცებთან ერთად უთითებენ vin mi-fletri-ს (სიტყვასიტყვით - "დამჭკნარი ღვინო") ან უბრალოდ fletri-ს; გერმანულენოვან კანტონებში იგივე აზრია ჩადებული ტერმინში spatlese. შვეიცარიელებს ძალიან უყვართ თავიანთი ღვინოების (პირველ რიგში, იმ ღვინოების, რომლებსაც ახალგაზრდას სვამენ, მათ შორის შასლას) ისეთ ბოთლებში ჩამოსხმა, რომელთაც ჩვეულებრივი საცობების ნაცვლად, ხრახნიანი თავსახურები ეფარება.

აქ, ფრანგულენოვანი რაიონებისგან განსხვავებით, დომინირებს ყურძნის წითელი ჯიშები, რომელთა შორის ყველაზე გავრცელებულია პინო ნუარი. მთელ აღმოსავლეთ შვეიცარიაში პინო ნუარი ცნობილია ბლაუბურგუნდერის სახელით, რომელსაც კლევნერსაც ეძახიან (ციურიხის ტბაზე). გრაუბუნდენის გარშემო მდებარე ოთხ სოფელში ზრდიან რეგიონში საუკეთესო ბლაუბურგუნდერს: თბილი შემოდგომა და განსაკუთრებული მიკროკლიმატი ხელს უწყობს ყურძნის სრულ დამწიფებას, რომელიც ნათელი ფერის ხავერდოვან ღვინოს იძლევა. მაგრამ "გერმანული" შვეიცარიის უმეტეს ნაწილში პინო ნუარისგან აკეთებენ მკრთალი ფერის ცქრიალა ღვინოს, რომელიც ძალიან უყვარს ადგილობრივ მოსახლეობას, ჩამოსულებს კი საკმაოდ უვარგისად მიაჩნიათ. თუმცა, ჩამოსულებზე ამ რეგიონის მეღვინეები არც ამყარებენ იმედებს: მათი წითელი ღვინოები უკანასკნელ წვეთამდე წარმატებით იყიდება ქვეყნის შიგნით.
შეიძლება ითქვას, რომ რისლინგ-სილვანერი რეგიონში ცნობილი ერთადერთი თეთრი ჯიშია. საუკუნის დასაწყისში ეს ჯიში აღმოსავლეთ შვეიცარიაში გეიზენჰაიმიდან მოხვდა. მაშინ ის მიულერ-ტურგაუს სახელს ატარებდა (იმ მეცნიერის სახელის მიხედვით, რომელმაც იგი XIX საუკუნეში გამოიყვანა), ამჟამად კი სრულიად მივიწყებულია. კარგი პატრონის ხელში (ხელში, რომელმაც ვაზის სწორად გასხვლა იცის) რისლინგ-სილვანერი წარმოშობს საოცრად არომატულ ღვინოებს, რომლებსაც ქვეყნის "ფრანგული" სამხრეთის ზოგიერთი საუკეთესო შასლასთვის ფორის მიცემა შეუძლია.
ადგილობრივ რარიტეტებს შეიძლება მივაკუთვნოთ კომპლეტერი - ყურძნის იშვიათი ჯიში, რომელიც გვიან მწიფდება. მისი სახელწოდება საღამოს საეკლესიო მსახურებას, Compline-ს უკავშირდება, რომლის შემდეგაც ბერები ორი-სამი ბოკალი ნოყიერი ღვინით იხსნილებდნენ. რაუშლინგი უძველესი ციურიხული ჯიშია, ელეგანტური და მხნე ღვინო, გაცილებით უფრო ნათელი, ვიდრე რისლინგ-სილვანერი.

ტიჩინოს ტემპერამენტი

იმ დროს, როცა ფრანგულენოვან კანტონებში დადგენილ საზომად მიჩნეულია კვადრატულ მეტრზე ერთი კილოგრამი მოსავალი, და არა ერთი ჰექტოლიტრი ჰექტარზე (აი ასეთი პატარა მიწის ნაკვეთებია ცალკეულ მეპატრონეთა განკარგულებაში), ტიჩინოში, მევენახეების ასევე საკმაოდ მცირე სამფლობელოების მიუხედავდ, მოსავლიანობის მაჩვენებლები ზოგჯერ ცდება გონივრულ ფარგლებს. აქ კარგად დამკვიდრებული მერლო ხშირად გიგანტურ მოსავალს იძლევა. ახლომდებარე ვენეტოსგან განსხვავებით, რომელიც იტალიის საზღვრის იმ მხარეს მდებარეობს, სადაც მერლო მოსავლიანობის მკაცრი სტანდარტების ჩარჩოებშია მიქცეული, ტიჩინოში მას უხვი მსხმოიარობის ნებას რთავენ. ასეთი ქარაფშუტული მიდგომის შედეგია მსუბუქწონიანი წითელი ღვინოების დიდი უმრავლესობა, რომლებსაც სულმოუთქმელად სვამენ სრულიად ახალგაზრდა ასაკში. ამასთან, ტიჩინოში შეინიშნება მსუბუქი ვარდისფერი ღვინოების მიმართ ინტერესი, მაგრამ, ისინი ადგილობრივ მეღვინეებს განსაკუთრებულ სახელსა და დიდებას არ სძენს.
თუმცა, ტიჩინოს მეღვინეობის სასწორის მეორე მხარეს აწყვია უძვირესი, პომპეზურად შეფუთული ღვინოები, რომლებიც ერთმნიშვნელოვნად გვახსენებს ჭეშმარიტად იტალიურ სიყვარულს მაღალმოდური სინატიფის მიმართ. ზოგიერთი "წინ წასული" მეღვინე დღეს იმის დამტკიცებას ცდილობს, რომ მოსავლიანობის კონტროლისა და მუხის კასრების გამოყენების შემთხვევაში, შვეიცარიულ მერლოს გაცილებით მეტი შეუძლია, ვიდრე განსაკუთრებულ სტრიქონს "სახლის ღვინო" - ლუგანოს ტბის ნაპირას არსებული ტრატორიის ღვინის რუკაზე. Guido Brivio-ს ღვინოები "მაღალ" სტილშია შესრულებული. წითელი Riflecci d’Epoca ხანგრძლივი მაცერაციის შემდეგ 12 თვეს მუხის კასრებში ატარებს და იძენს გამოკვეთილ სანელებლიან არომატს, თუმცა მომწიფებული მერლოს ელფერი კარგად წარმოაჩენს ხის გემოს. იგივე Guido Brivio აწარმოებს ღვინის ერთეულ ეგზემპლარებს, რომლებიც ასახავს შვეიცარიის მეღვინეობის სამხრეთის მოდის სიოს უკანასკნელ ქროლას: მის Merlot Bianco Rovere-ს (სიტყვასიტყვით - "მუხის თეთრი") ასხამენ მძიმე მაღალ ბოთლებში, მას აქვს ზომაზე მეტად გამომწვევი ხის გემო და, რა თქმა უნდა, ხანგრძლივ დამწიფებას საჭიროებს. იმგვარადვეა შესრულებული Carlo Tamborini-ს Colivo-ს მარკის ღვინოები. Tamborini-ს სიამაყეა წითელი Riserva, რომელიც მწიფდება პირდაპირ ბორდოდან ჩამოტანილ კასრებში. ამ ღვინოს აქვს ვანილის მაგარი გემო, რომელიც გაზავებულია ტანინის მყარ ღეროზე ასხმული მუხის სანელებლიანი ნოტებითა და ჟოლოს არომატებით.
ისეთი მწარმოებლები, როგორიცაა Brivio და Tamborini, თავდაუზოგავად მუშაობენ მეღვინეობის შვეიცარიის მომავალზე. უკვე რამდენიმე ათწლეული გავიდა მას შემდეგ, რაც შვეიცარიელმა მეღვინეებმა გააცნობიერეს, რომ არ შეიძლება მხოლოდ მასობრივი იაფფასიანი ღვინოების იმედზე ყოფნა და მათი მეშვეობით ალპური სამთო-სათხილამურო კურორტების წალეკვა. თუმცა, დღეისათვის მათი ძალისხმევის ნაყოფის შესაფასებლად, თქვენ მაინც დაგჭირდებათ სამოგზაუროდ წასვლა ამ პატარა და საოცრად ლამაზ ალპურ ქვეყანაში.

შვეიცარია

წარმოების დასაწყისი

ძვ.წ. VII-VI სს - მეღვინეობის აღმოცენება; XVI-XVIII საუკუნეები - ქვეყანაში მეღვინეობის აყვავება; XIX საუკუნის ბოლო - ვენახების მასობრივი დაზიანება ფილოქსერით, ბუმბულისა და ფხვნილის ობით, წარმოების მძლავრი დაცემა; XX საუკუნის შუა ხანებიდან - ქვეყანაში მეღვინეობის აღორძინება.

დაყოფა
ოლქები/კანტონები (იყოფა რაიონულ აპელასიონებად). ფრანგულენოვანი შვეიცარია: ფრიბურგი (ვული), ჟენევა (არვ-ე-ლიაკი, არვ-ე-რონი, მანდიომანი), ჟიურა, ნევშატელი (ვული), ვალე, ვო (ბონვილიარი, შაბლე, ლა-კოტი, კოტ დე ლ’ორბი, ლავო). გერმანულენოვანი შვეიცარია: არგაუ, ბაზელი, ბერნი (ბილერზეე, იუბერლანდი), გრაუბიუნდენი (ბიუნდნერ გერშაფტი), სენტ-გალენი (ობერლანდი, რაინტალი), შვიცი, შაფჰაუზენი (კლეტგაუ), ტურგაუ (ტურტალი, უნტერზეე), ციურიხი (ფლახტალი, ლიმატალი, რაფცერფელდერი, ციურიხერი, უნტერლანდი, ვაინლანდი). იტალიურენოვანი შვეიცარია: ტიჩინო (სოპრაჩენერი, სოტოჩენერი), გრისონსი (მისოქსი).

ნიადაგები
კრისტალური, შეიცავს გრანიტს, გნაისსა და ქვიშაქვას. ქვეყნის ცენტრში - შეიცავს კალციუმს.

ყურძნის ჯიშები
ODA-ს თანახმად, ნებადართულია ყურძნის 46 ჯიში და ჰიბრიდები. თეთრები: შასლა, სილვანერი, მიულერ-ტურგაუ, რისლინგი, პინო გრი, პინო ბლანი, გევიურცტრამინერი, შარდონე, ალიგოტე, სოვინიონ ბლანი, სემიიონი და სხვ. წითლები: პინო ნუარი, გამე, მერლო, ბონდოლა, სირა და სხვ.

წესები
Ordonnance sur les Denrées Alimentaires (ODA) ახდენს ღვინის წარმოების რეგლამენტირებას ყურძნის განსაზღვრული ჯიშისგან და მოითხოვს ეტიკეტზე ყურძნის ჯიშის აუცილებელ აღნიშვნას, გარდა შასლასი, პინო ნუარისა და გამესი. უკანასკნელ წლებში თანდათანობით იწყება Appelliation Contrôlée-ს სისტემის გამოყენება, რომელიც ყურადღების ფოკუსირებას ცალკეულ მამულებში ბოთლებში ჩამოსხმულ ღვინოებზე ახდენს.

მეღვინეობა
თეთრი ღვინოები: დაწნეხა (წვენის გამოწურვა გასაბერი მემბრანის დელიკატური ზემოქმედებით), ვაშლისა და რძის ფერმენტაცია და რქებისგან გათავისუფლება (ძირითადი განსხვავება გერმანული და ავსტრიული ღვინოებისგან), იშვიათ შემთხვევებში დაძველება მუხის კასრებში. წითელი ღვინოები: დაწნეხა (იხ. ზემოთ); ნახშირის მაცერაცია (გერმანულენოვანი რეგიონები); ფერმენტაცია მაცერაციის გარეშე ტემპერატურის კონტროლით (სხვა რეგიონები); გამდიდრება (სიმაგრის გაზრდა შაქრის დამატების გზით); მუხის კასრებში დაძველება. ვარდისფერი ღვინოები: თეთრი ღვინოების ტექნოლოგია; იწარმოება პინო ნუარისა და/ან გამეს ყურძნისგან.

© „მარანი“

Wednesday 19 March 2008


ჰიუ ჯონსონი - ღვინის ისტორია - ფილოქსერა, შემოსევის ქრონიკა


ჰიუ ჯონსონი

ფილოქსერა - შემოსევის ქრონიკა

ოქროს საუკუნით არა მხოლოდ ბორდო, ბურგუნდია, შამპანი და ძველი არისტოკრატებისა და ახალი მდიდრების სხვა ვენახები ტკბებოდნენ. საფრანგეთის სამხრეთში, განსაკუთრებით ლანგედოკში, გაიზარდა ყურძნის ზვრები. მიდიში აყვავდა რევოლუციას გადარჩენილი უზარმაზარი ვენახები; მათმა ღვინომ და კონიაკმა ნაპოლეონის ჯარებთან ერთად დაიპყრო სამყარო. 1815 წელს, ომების დამთავრებისას მეღვინეობის ლანგედოკი მშვენივრად გრძნობდა თავს, და, რამდენადაც აქ სხვა დარგების განვითარებისთვის საკმარისი ნედლეული არ იყო, მისი მოქალაქეები შეუდგნენ ფულის მიწაში ჩადებას და ახალი ვენახების დარგვას. 1825-დან 1850 წლის ჩათვლით ეროში, ლანგედოკის ცენტრალურ დეპარტამენტში ვენახების ფართობი გაორმაგდა. სამხრეთელ მეღვინეებს ასევე ძლიერ შეუწყო ხელი საფრანგეთის ჩრდილოეთის ინდუსტრიალიზაციამ: მზარდი ქალაქების გამოსაკვებად იქაურ ყურძენს ავიწროებდა პური და შაქრის ჭარხალი. 1850-დან 1875 წლის ჩათვლით ფრანგული ვენახების ფართობი ნახევარი მილიონი აკრით გაიზარდა, რომელთაგან 325 ათასი ლანგედოკში დაირგო. ყურძენი პურის, ბოსტნეულისა და პროვანსული ზეთისხილის შევიწროების ხარჯზე ნელ-ნელა, მაგრამ ბეჯითად მოიწევდა ბორცვების ფერდობებიდან ქვემოთ და იპყრობდა ვაკეს.
ნაცრის ეპიდემია, რომელმაც 1850-იან წლებში იფეთქა, საკმაოდ სწრაფად დამარცხდა გოგირდის მეშვეობით. და როდესაც პარიზი-ლიონი-მარსელის სარკინიგზო გზამ სამრეწველო ჩრდილოეთი მეღვინეობის სამხრეთთან დააკავშირა, დაიწყო მეღვინეობის ოქროს ციებ-ცხელება. სეტის პორტიდან გემებს რუსეთიდან ამერიკამდე ყველა მსურველისთვის მოჰქონდა ათასობით კასრი ღვინო. ღვინიდან ოქრო მდინარესავით მოედინებოდა, ამასობაში კი, მწარე ნაბახუსევი მზადდებოდა...
ფილოქსერა უკვე რამდენიმე საუკუნის განმავლობაში "ამასხარავებდა" დანავსულ მევენახეებს: ეს საკუთარ თავზე იწვნიეს თომას ჯეფერსონმა და სხვა გამოჩენილმა ამერიკელებმა, რომლებიც ატლანტიკის სანაპიროებზე ევროპული ვაზების შეტანას ცდილობდნენ. ისინი თავიანთ წარუმატებლობაში კლიმატს, ნიადაგს ან მსხვილ მწერებს ადანაშაულებდნენ და ჯიუტად ვერ ხედავდნენ "პატარა სისაძაგლეს" (ფილოქსერა ზომით 1 მმ-ზე ნაკლებია), რომლის მიმართაც ადგილობრივმა ვაზებმა იმუნიტეტი გამოიმუშავეს.
ფილოქსერამ ამერიკიდან ევროპაში XIX საუკუნეში ჩააღწია გემებით, რომლებმაც ერთმანეთთან დაახლოეს კონტინენტები. მანამდე იალქნიან ხომალდებზეც მრავალი მწერი ხვდებოდა. ისინი იბუდებდნენ კალმების კონაში ან დეკორატიული მცენარეების ფესვებში, რომლებიც ქოთნებით გადაჰქონდათ ევროპაში. მაგრამ რამდენიმე კვირის მანძილზე იალქნების ქვეშ ხანგრძლივი მოგზაურობისას ყველანაირი მწერი იღუპებოდა. 1850-იანი წლებისთვის ცხელმა ორთქლმა ატლანტიკის გადაცურვის დრო 9-10 დღემდე შეამოკლა, ევროპულ ნავსადგურებში კი ამერიკიდან ჩამოსულ საქონელს სატვირთო მატარებლები ელოდებოდა. ტექნიკის სასწაულების წყალობით, ბუგრმა ყურძნით მდიდარ რონის შესართავამდე ჩააღწია - ბედის ირონიით მავნებელმა სწორედ იქ აღმოჩნდა, სადაც თავის ნებაზე იქნებოდა, სადაც ვენახები ყველაზე მჭიდროდ იყო გაშენებული.
მავნებლის პირველი ნაკვალევი 1863 წელს, პროვანსში დაფიქსირდა: ბევრ ვაზს, რომელიც რონის ორივე ნაპირზე ეშვებოდა, შეეყარა ეპიდემია: ფოთლები უფერულდებოდა და ცვიოდა, ახალი ყლორტები სუსტი იყო, ყურძენი ვერ მწიფდებოდა, და სამ წელიწადში ვაზი კვდებოდა. უცნაურია, მაგრამ ამოძირკვულ მკვდარ ვაზს თითქოს ფესვები არ ჰქონდა!
ფილოქსერა იკვებება ვაზის წვრილი მზარდი ფესვებით და თავისი ხორთუმით შიგნით უშხაპუნებს ნივთიერებას, რომლისგანაც ფესვებზე სიმსივნეები - გალები წარმოიქმნება. მცენარის ორგანიზმი იშორებს სიმსივნეს და ფესვები კარგავს ვაზის გამოკვების უნარს. ბოლოს და ბოლოს ფესვები ხმება და ბუჩქი მსუბუქი ხელისკვრითაც შეიძლება წაიქცეს. ფილოქსერა კი მკვდარი ვაზიდან მაშინვე ცოცხალზე ცოცდება. გულუბრყვილო გლეხები ვერაფრის გაგებას ვერ ასწრებდნენ.
1866 წლისთვის მიწათმოქმედებმა დაზიანებულ რაიონებში განგაში ატეხეს. ყველაზე მეტი აქტიურობით გამოირჩეოდა მონპელიელი ბირჟის მაკლერი, მხატვარ-იმპრესიონისტ ფრედერიკ ბაზილის მამა, გასტონ ბაზილი (Bazille), რომელმაც დიდი ფული ჩადო ყურძენში. დახმარებისთვის ბაზილმა მიმართა ჟიულ-ემილ პლანშონს (Planchon), ფარმაცევტიკის პროფესორს მონპელიეს უნივერსიტეტიდან. სხვას რომ თავი დავანებოთ, პლანშონი მწერების შესწავლით იყო გატაცებული.
1868 წლის ივლისში ბაზილი, პლანშონი და მისი ასისტენტები სენ-რემის შემოგარენში მდებარე შატო დე ლაგაოის ვენახში შეიკრიბნენ, რომელიც არლიდან 15 მილის დაშორებით მდებარეობს. ისინი გრავიურაზეც კი გამოსახეს: ვაზებს შორის მდგარნი, ლუპებით ხელში და თავზე ცილინდრებით. ვენახში შეიძლებოდა მკვდარი, ავადმყოფი და ჯერ კიდევ ჯანსაღი ვაზების პოვნა. და მეცნიერებმა პირველად მხოლოდ ახლა შეუდარეს ისინი ერთმანეთს. "ახლა მივხვდი, - ჩაინიშნა პლანშონმა წიგნაკში, - რომ მიწის ქვეშ შეგროვილ მრავალრიცხოვან, თითქმის უხილავ მწერებს ყველაზე ჯანმრთელი ვაზის განადგურებაც კი შეუძლიათ. რა ჩანდა დაზიანებული ვაზის ფესვებზე? ძალიან წვრილი ბუგრის მოძრავი მასა. ისინი მტვრის ნაწილაკებს ჰგავდნენ, მაგრამ იმდენად ბევრნი იყვნენ, თითქოს ფესვები ყვითელი საღებავით შეუღებავთო. მაინც რა მწერი იყო ეს?"
მაშინ ფილოქსერას წარმომავლობა ჯერ კიდევ არ იყო ცნობილი. ამერიკაზე ეჭვის მიტანა არავის მოსვლია თავში აზრად, უმეტესობას კი საერთოდ არ სჯეროდა, რომ შესაძლო იყო ვაზი რომელიღაც მიკროსკოპული "ხოჭოს" მსხვერპლი გამხდარიყო. გამოჩნდნენ გლობალისტები, რომლებიც ამტკიცებდნენ, რომ "ჩვენს დროში თავად ყურძენი გადაგვარებულა, რამეთუ ვაზებმა ასეთი ამთვისებლური უნარი გამოავლინეს ერთი შეხედვით ამდენად უმნიშვნელო სახეობის თავდასხმის მიმართ".
საქმე კი თავისი გზით მიდიოდა, და 1867 წელს დაავადებამ გარშემო ასეულობით მილის მანძილზე დააზიანა ზვრები, რომელთა რიცხვში ბორდოს პალიუსური ვენახებიც შედიოდა. თუმცა, ამ დროისათვის, მეღვინეების გარდა, ყველა სხვა დანარჩენ ფრანგს უფრო გრანდიოზულ საქმეებზე ჰქონდა ყურადღება გადატანილი. 1868 წელს პარიზის მსოფლიო გამოფენამ აღნიშნა თავისუფალი ვაჭრობის ტრიუმფი; 1869 გაიხსნა ფრანგების მიერ დაპროექტებული სუეცის არხი; ხოლო 1870 წელს განდიდების მანიით შეპყრობილმა ნაპოლეონ III-მ ძალების მოსინჯვა გადაწყვიტა პრუსიასთან, რომელსაც ბისმარკი მართავდა. ეს იყო ყველაზე მოკლე და უსახელო ომი, რომელიც ოდესმე საფრანგეთს უწარმოებია. რამდენიმე კვირის შემდეგ გერმანელებმა ალყა შემოარტყეს პარიზს და დათანხმდნენ ჯარების გაყვანას მხოლოდ კონტრიბუციისა (იგი 1460 ტ. ოქროს შეადგენდა, რომელიც შეგროვილი იყო მოქალაქეებისთვის გაცემული 6%-იანი სახელმწიფო სესხის მეშვეობით) და ელზასისა და ლოტარინგიის მუდმივად სადავო ტერიტორიების გერმანიისთვის გადაცემის სანაცვლოდ. პრუსიელების უკან დახევისთანავე საფრანგეთის დედაქალაქი ახალმა რევოლუციამ - პარიზის კომუნამ მოიცვა.
ასეთ პირობებში სამხრეთელი მევენახეების განგაში, რომლებიც მომაკვდავ ვაზებს დასტიროდნენ, ხალხს უბრალოდ, სასაცილოდ მიაჩნდა. გასაკვირი არ არის, რომ მავნებელი დაუსჯელად მომრავლდა ყველგან. პროფესორმა პლანშონმა თავის მომხრეებთან ერთად, რომელთა რაოდენობა მაინც იზრდებოდა, ამ საკითხთან დაკავშირებით 1869 წელს ის-ის იყო შექმნა კომისია, მაგრამ მათ ფული არ ჰქონდათ. 1872 წელს ჟირონდის სასოფლო-სამეურნეო ასოციაციამ ფილოქსერაზე გამარჯვებისთვის დააწესა პრემია 20 ათასი ფრანკის ოდენობით, თუმცა, მაშინდელი ომის შემდგომი კურსით ამ ფულით მხოლოდ ნახმარ კარეტას თუ იყიდიდი. სხვადასხვა სახის პროჟექტიორებმა უამრავი ბოდვისმაგვარი იდეა წამოაყენეს: მაგალითად, ყოველ ბუჩქთან უნდა ჩაემარხათ გომბეშო (ნასესხებია პლინიუსისგან), განედევნათ ეშმაკები, ან საერთოდაც, მიწისთვის მანამდე ერტყათ, სანამ მავნებელი ზღვაში არ გადაეშვებოდა ან საზღვარგარეთ არ წავიდოდა.
ჩინოვნიკების მიერ დაწესებული უბადრუკი პრემია, რა თქმა უნდა, მხოლოდ "ფორმალურ" ხასიათს ატარებდა. სულ მალე ხელისუფლებამ ეს თანხა 300 ათას ფრანკამდე გაზარდა, რომლითაც კარეტასთან ერთად არცთუ ისე უვარგის წყვილ ცხენს იყიდიდი. მაშინ, გარკვეულწილად სასარგებლო რჩევის მომცემი რამდენიმე კაციც გამოჩნდა. მაგრამ პრემია არავისთვის მიუნიჭებიათ, რის მიზეზადაც არეულობა და კანდიდატებს შორის გაურკვევლობა დაასახელეს.
მკვლევარები, სხვათა შორის, ორი მიმართულებით მიდიოდნენ: მავნებლის განადგურება და მის მიმართ გამძლე ვაზების გამოყვანა. აღმოჩნდა, რომ ვენახისთვის ბუგრის მოშორება შესაძლებელია დატბორვის გზით - თუმცა, მხოლოდ ვაკის ნაწილის ჩაძირვა შეიძლებოდა, რომელიც არც თუ ისე ბევრი იყო, და თანაც, ყველაზე იაფფასიან ღვინოს იძლეოდა. ფილოქსერამ ვერც იმ ვენახებში შეაღწია, რომლებიც მთლიანად ქვიშიან ნიადაგზე იყო გაშენებული.
როგორც წყალი, ისე ქვიშა, მართლაც რომ იხვეწებოდნენ, ვენახი ლანგედოკის მთელ ვაკე სანაპიროზე გაშენებულიყო. სწორედ ამით იყო დაკავებული ფირმა, რომელიც, ჭაობიანი კამარგის გაღმა მდებარე ეგიუ მორტის ლაგუნებში ზღვის წყლიდან მარილს ხდიდა. ხედავდა რა, თუ სხვა ადგილებში როგორ ნადგურდებოდა ვენახები, მან უზარმაზარი და, ამიტომაც აუთვისებელი პლაჟები კარინიანითა და არამონით გაანაშენიანა. ამ უზარმაზარი პლანტაციების შემყურეს, რომელზეც ახლა გრენაში, კაბერნე და სხვა სრულიად ღირსეული ჯიშები იზრდება, და რომელიც ნიადაგის გადამლაშების თავიდან აცილების მიზნით გარშემორტყმულია მტკნარი წყლით სავსე თხრილებით, შეუძლებელია არ გაგახსენდეს კანას გალილეის საოცრება.
მაგრამ, ვენახების უმრავლესობისთვის ბრძოლის ერთადერთი მეთოდი ნიადაგის გაუსნებოვნება იყო. ამისათვის, მაგალითად, იყენებდნენ ნახშირბადის ბისულფიდს, რომელიც გავარვარებული ნახშირიდან გოგირდის ორთქლის გამოშვებით მიიღებოდა. ქიმიკოსმა ბარონ პოლ ტენარმა (Thenar) აღმოაჩინა, რომ ბისულფიდი ძალიან შხამიანია ფილოქსერისა და სხვა მწერებისთვის. თავის პირველ ცდებში, მან დოზას გადაამეტა და მწერებთან ერთად ყურძენიც დაიღუპა - შხამიანმა ორთქლმა კი გვარიანად მოწამლა ირგვლივ მყოფი ადამიანები. ამასთანავე, ნივთიერება ფეთქებადსაშიშიც აღმოჩნდა.
ვენახებით გაშენებულ მიწებს ქიმიით 1870-იანი წლებიდან XX საუკუნის შუა ხანებამდე წამლავდნენ. მიწას ჩხვლეტდნენ ბარაქიანი შპრიცით, რომელსაც სპეციალურ პედალზე ფეხის დაჭერით, მუშა ნიადაგში ასობდა. ეს იყო ძალიან დამქანცველი და ძვირი პროცედურა. შემდეგში რაციონალიზატორებმა ეს შპრიცი ცხენის გუთნის მსგავსად გადააკეთეს, მაგრამ მოგვრილი შვება უმნიშვნელო იყო. სამაგიეროდ, პროცესი გააცხოველა ხანძრის შემთხვევებმა: გუთანი ქვაში ესობოდა და ყრიდა ნაპერწკალს, რომლისგანაც ქიმიკატი კაშკაშა ალით ფეთქდებოდა. მხვნელს უკან მიჰყვებოდა სპეციალურად ამისთვის გამოყოფილი მუშა ცეცხლჩამქრობით ხელში, და ეს მოსაწყენი პროცესია მრავალი წლის განმავლობაში ფრანგული ვენახების დამახასიათებელ ნიშნად იქცა.
ვენახების ნატრიუმის სულფოკარბონატით შეწამვლა უფრო ეფექტური, მაგრამ გაცილებით ძვირიც იყო: ტუმბოების, მილების კილომეტრების, ფრქვევანებისა და, რაც მთავარია, სარწყავი წლის მთელი ზღვის ქონის უფლებას თავს მხოლოდ ძალიან შემოსავლიანი მეურნეობები თუ მისცემდა. პირველ მსოფლიო ომამდე მედოკის რამდენიმე საუკეთესო ვენახს ყოველწლიურად აჰყავდა ბრიგადები ნიადაგის გაუსნებოვნებისთვის, რასაც ახორციელებდა ნაცრის საწინააღმდეგოდ გოგირდის რეგულარულ დოზებთან და მსგავს მოსაწყენ პროცედურებთან ერთად, რომლებზეც ბუმბულიანი ობის თავდასხმის შემდეგ, 1880-იანი წლებიდან იყო მოთხოვნა.
ყურძნის მოყვანის პრაქტიკა ისე შეიცვალა, რომ ძნელადღა იცნობდით. უბრალო, თუმცაღა გასხვლის, მოხვნის, გამარგვლის, ზოგჯერ გადარგვისა და მოსავლის აღების შრომატევადი რუტინიდან, იგი მწერებისა და სოკოების დევნისათვის მყრალი სითხის გამოყენების უსასრულო რიგად გადაიქცა.
ფილოქსერისგან რეალურად თავის დაღწევა შესაძლებელი იყო მხოლოდ მავნებლის მიმართ გამძლე ვაზის გამოყვანით. პირველად ეს იდეა ნაცრის გაჩენის დროს წარმოიშვა: ამერიკიდან ხომ არ ჯობდა ვაზების ჩამოტანა, იქნებ ისინი უფრო გამძლეა? სამწუხაროდ, გამორიცხული არ არის, რომ სწორედ ამგვარად შემოაღწია ნაცართან ბრძოლისას ფილოქსერამაც.
ამერიკული ვაზები საფრანგეთში ადრეც ჩნდებოდა, იალქნიანი ფლოტის ხანაში, მაგრამ მათი ყურძენი რატომღაც აუტანლად მჟავე აღმოჩნდა. მიუხედავად ამისა, 1869 წელს ერთდროულად რამდენიმე მეცნიერი ჩაეჭიდა ამ იდეას და დღეს უკვე შეუძლებელია დადგენა, თუ ვინ იყო პირველი, ვინაიდან ასობით მკვლევარი იღებდა მონაწილეობას. რაც არ უნდა იყოს, სწორედ იმ წელს ბატონმა ლალიმანმა (Laliman) ბორდოდან, შენიშნა, რომ ზოგიერთი იმპორტული ვაზი გამძლე იყო ფილოქსერის მიმართ.
სწორედ მაშინ წამოაყენა გასტონ ბაზილმა (რაც ჯერ კიდევ არ უკავშირდებოდა ფილოქსერასთან ბრძოლას) წინადადება ვაზების დამყნობის შესახებ: ის ინტერესდებოდა, შეეძლო თუ არა ფრანგულ სანამყენეს ამერიკულ საძირესთან შეგუება. მეორე მონპელიელმა მეცნიერმა, გასტონ ფუემ (Fouex) ივარაუდა, რომ ნამდვილად შეეძლო. ფუემ, რომელიც იმ დროს საფრანგეთში არაპოპულარული დარვინიზმის მომხრე იყო, ასეთი დასკვნა გამოიტანა: ფილოქსერა ევროპული მწერი რომ იყოს, იგი ევროპაში დიდი ხნის წინ გაანადგურებდა მთელ ყურძენს. ესე იგი, ის იქიდან ჩამოვიდა, სადაც მშვიდობიანად ცხოვრობდა მცენარეებთან.
ის, რომ ფილოქსერის სამშობლო ამერიკაა, პროფესორმა პლანშონმა დაადგინა. 1869 და 1873 წლებში მას გაცვლითი ვიზიტები ჰქონდა ამერიკელ ჩარლზ რაილისთან (Riley), რომელიც მაშინ უკვე განთქმული იყო თავისი ნაშრომებით კოლორადოს ხოჭოს შესახებ. რაილიმ დაადასტურა პლანშონის ჰიპოთეზა, რომელიც, ჩრდილოეთ კაროლინიდან ოჰაიომდე აშშ-ის აღმოსავლეთის ვენახების ნახვის შემდეგ უკეთ ეპყრობოდა ამერიკულ ღვინოებს. "მათ არ დაუმსახურებიათ ის ცუდი რეპუტაცია, რომელიც უმეცრებისა და ძველი ცრურწმენის გამო მიანიჭა ევროპამ. გამონაკლისია არასწორად დაყენებული, ანგლო-ამერიკული გემოს საამებლად სპირტით გამაგრებული, აგრეთვე ისეთი ღვინოები, რომლებშიც საკმაოდ უხეშად მჟღავნდება ხენდროს ბუკეტი", - წერდა პროფესორი.
რაც შეეხება თავად ფილოქსერას, პლანშონმა აღმოაჩინა, რომ ბუგრი ამერიკული ვაზების ფესვებითაც იკვებება. ყურძნის ზოგიერთი სახეობა გამძლე იყო მის მიმართ, ზოგიერთი - მხოლოდ ნაწილობრივ, სხვებს კი, როგორც კატოუბას, საერთოდ არ გააჩნდა გამძლეობის უნარი. მაგრამ ამასთან, ფესვებზე სიმსივნეები არ წარმოექმნებოდა!
დასკვნის გამოტანამდე კიდევ რამდენიმე კითხვაზე იყო საჭირო პასუხის გაცემა. იმ შემთხვევაშიც კი, თუ დამყნობა წარმატებით ჩაივლიდა და ფრანგული ვაზებიც შეეგუებოდა ამერიკულ საძირეს, როგორ გავლენას მოახდენდა ეს ღვინის გემოზე? რომელი ამერიკული სახეობები შეეგუებოდა ევროპის ნიადაგს? აშშ-ის აღმოსავლეთში ნიადაგი ძირითადად მჟავეა, ევროპის საუკეთესო ვენახებში - პირიქით, ტუტე და კირქვით სავსე. და ვაზის რა სახეობების გამრავლება შეიძლებოდა სამრეწველო რაოდენობით? სინამდვილეში, საფრანგეთში ჩამოტანილი პირველი ვაზები ნიადაგს ძალზე ცუდად ეგუებოდა, - მხოლოდ რამდენიმე წლიანი ინტენსიური მუშაობის შემდეგ მოახერხეს სელექციონერებმა სხვადასხვა ტიპის, განსაკუთრებით ტუტე ნიადაგის შესაფერი საძირეების მიღება. მაშინ ცოტა ვინმეს თუ სჯეროდა, რომ ყოველი კონკრეტული ნაკვეთისთვის გამოყვანილი საძირეები საბოლოო ჯამში ჩინებულ შედეგს მოიტანდა.
მაგრამ ფილოქსერით უკვე დაზიანებულ რაიონებში წყალწაღებული ფრანგები ნებისმიერ ხავსს ეჭიდებოდნენ: ისინი ნებისმიერი ამერიკული ვაზის დამყნობას ცდილობდნენ. 9 წლის შემდეგ, იმ დროისთვის, როდესაც ხელისუფლებამ ამერიკული საძირეების ლეგალიზება მოახდინა, უამრავი ვაზი უკვე კონტრაბანდული გზით იყო შემოტანილი. ამასთან, მათი გამოყენება დაიწყეს არა მხოლოდ საძირედ, არამედ პირდაპირი მწარმოებლის სახით. სხვათა შორის, საფრანგეთის ბევრ კუთხეში დღესაც შეიძლება სოფლის პატარა ვენახის პოვნა, სადაც საიდუმლოდ ინახება ხენდროს გემოს მქონე ღვინის მცირე მარაგი, რომელიც ყოველთვის მოსწონდათ მის მფლობელ გლეხებს.
იქ, სადაც კატასტროფა ჯერ კიდევ არ მიგორებულიყო, სკეფსისი სჭარბობდა. მღვინეები, რომლებიც თავს ეფექტური ქიმიის გამოყენების უფლებას აძლევდნენ, ჯერჯერობით მას ამჯობინებდნენ, რათა თანდათანობით ესწავლათ სხვების, და არა საკუთარ შეცდომებზე. დავის კულმინაცია დადგა 1880-იან წლებში. მეცნიერები ორ ბანაკად, ქიმიკოსებად და ბოტანიკოსებად გაიყვნენ. 1881 წელს ბორდოში ფილოქსერასთან დაკავშირებით ჩატარებულ საერთაშორისო კონფერენციაზე, "სულფურისტებსა" და "ამერიკანისტებს" შორის გაცხარებული დებატები გაჩაღდა. მაგრამ რომელ მხარესაც არ უნდა გაემარჯვა (შედეგად კი გამოირკვა, რომ ვერც ერთმა ვერ გაიმარჯვა), ჯერ კიდევ უამრავი ტექნიკური პრობლემა რჩებოდა.
საფრანგეთის უკვე დაცარიელებული სამხრეთის გარდა, ფილოქსერას იერიში, სხვათა შორის, ნელა მიმდინარეობდა. ბორდოში მისი პირველი გამოჩენიდან მედოკის საუკეთესო ნაწილებში შეღწევამდე ათი წელი გავიდა. ბურგუნდიაში (მერსო) მან მხოლოდ 1878 წელს შეაღწია. ბუნებრივია, იქ სხვადასხვანაირად მოიქცნენ პრესტიჟული პინო ნუარისა და გამეს მწარმოებლები: პირველებს ყურძნის გემოს გაფუჭების ეშინოდათ და შეეძლოთ მისი კარგად შეწამვლის უფლება მიეცათ თავისთვის, ხოლო უკანასკნელნი ვაზების დამყნობასა და შვებით ამოსუნთქვას ამჯობინებდნენ.
შამპანამდე ფილოქსერამ სულ ბოლოს ჩააღწია და მარნაზე მხოლოდ 1901 წელს გაჩნდა. იქ ყველაფერი შებრუნებით იყო: მდიდარმა მწარმოებლებმა დანარჩენი საფრანგეთის გამოცდილებით უკვე იცოდნენ, რომ უკეთესი იქნებოდა ყველაფრის ერთბაშად გადარგვა, ხოლო წვრილი მევენახეები, რომლებიც შამპანის ბირთვს ქმნიან, ამაში ეშმაკეულ შეთქმულებას ხედავდნენ, რომლის მიზანიც მათ საგანძურზე ძალაუფლების მოპოვება იყო. საქმე იმაშია, რომ ამერიკული ვაზების უზარმაზარ პარტიებს ობის ახალი ფორმა ჩამოჰყვა. "ფხვნილის" ნაცრის საწინააღმდეგოდ მას "ბუმბულის" ობი უწოდეს; ის ასევე მკვეთრად ამცირებდა მოსავლიანობასა და ღვინის ხარისხს. თუმცა, სპილენძის სულფატის წყალხსნარისა და ნათელი ცისფერი კირქვისგან შემდგარი ცნობილი "ბორდოული ნარევის" შემუშავებით, ბორდოს უნივერსიტეტში ეს პრობლემა ოთხ წელიწადში გადაწყვიტეს. მიუხედავად ამისა, 1880-იანი წლები აღინიშნა დაბალი მოსავლებით და გლეხების წინააღმდეგობით, რომლებიც ვერ იგებდნენ, რისთვის იყო საჭირო ეს ახალი ტექნოლოგიები და ნივთიერებები, ან რითი უნდა ეყიდათ ეს ყველაფერი, როცა გახვერტილი შაურიც არ ებადათ.
ღვინის წარმოება საფრანგეთში ორმაგად დაეცა, მისმა ფასმა კი მოიმატა. 1870-იან წლებამდე საფრანგეთს რვაჯერ მეტი ღვინო გაჰქონდა, ვიდრე შემოჰქონდა, 1880-იანების დასაწყისისთვის - მხოლოდ სამჯერ მეტი, 1887 წელს კი, გაქანებული კრიზისის დროს, მხოლოდ 2 მლნ. ჰექტოლიტრი გაიტანეს, ხოლო 12 მლნ. შემოიტანეს. ხელმოკლე ხალხმა ისეთი ღვინის შესყიდვა დაიწყო, რომელიც ადრე მხოლოდ ძმრად თუ გამოდგებოდა, მაგრამ ესეც არ იყო საკმარისი. დაიწყო ღვინის წარმოება ჩამიჩისგან, რომელიც ძირითადად საბერძნეთიდან და თურქეთიდან შემოჰქონდათ. კრიზისამდე საფრანგეთი წელიწადში რამდენიმე ათასი ტონა ჩამიჩის იმპორტირებას ახდენდა, რომელსაც, ბუნებრივია, კონდიტერები ყიდულობდნენ. 1880-იან წლებში კი მარსელისა და სეტის ნავსადგურების გავლით წელიწადში მილიონ ტონამდე ჩამიჩი შედიოდა, ხოლო 1880 წელს მარსელში გამოცემული წიგნი "როგორ დავამზადოთ ღვინო ჩამიჩისგან", ექვს წელიწადში თორმეტჯერ გამოიცა ხელახლა.
ფრანგების უბედურებებზე დაუყოვნებლივ "მოითბეს ხელი" მსხვილმა იტალიელმა და ესპანელმა მეღვინეებმა. მიუხედავად იმისა, რომ ბუგრმა მათი ვენახებიც დააზიანა (იტალია - 1870-იანების დასაწყისიდან, ესპანეთი - 1878 წლიდან), ისინი კვლავ განაგრძობდნენ ვაზის მასშტაბურ დარგვას. კონკურენტმა მეზობლებმა საფრანგეთისგან გადაიღეს ბრძოლის მეთოდები, რომელმაც პირველმა მიიღო საკუთარ თავზე იერიში და უკვე სიმწრით მიაღწია საკითხის რადიკალურ გადაწყვეტას. ამავე დროს, ფილოქსერა პრაქტიკულად არ შეხებია გერმანიის მრავალრიცხოვან ვენახებს: 1900 წლისთვის დაავადდა გერმანული ვაზის მხოლოდ 1,5%. ისე ჩანდა, თითქოს ბუგრი ვერ ბედავდა მკაცრი გერმანული კანონების დარღვევას.
XX საუკუნის პირველი ოცი წლის განმავლობაში მდგომარეობა ძალზე მძიმე რჩებოდა. საძირეებზე ახლად გადარგულ ვაზებს ტენიანობის პირველივე მომატებისას ობი აზიანებდა და მათ რეგულარული შეწამვლა ესაჭიროებოდა. დაბრუნდა ნაცარი, რომელიც დამღუპველი აღმოჩნდა მოუმაგრებელი ახალგაზრდა ვაზებისთვის. გაპატივების ფართო გამოყენებამ (ნიადაგის სულფოკარბონატით გაუსნებოვნება თავისთავად გაპატივება იყო, ხოლო მმართველები ამასთან ერთად არნახული ენთუზიაზმით ახდენდნენ ორგანული და ქიმიური ნარევებით ექსპერიმენტირებას მოსავლიანობის მხარდასაჭერად და ავადმყოფი ვაზების განსაკურნებლად) გაზარდა მოსავალი, მაგრამ დასცა ხარისხი.
თავისი სიტყვა თქვა მომხმარებელმაც - მათ შორის დიდი ბრიტანეთის უმაღლესმა საზოგადოებამ, რომელსაც კონსერვატიულად შემოჰქონდა მხოლოდ დიდებული ღვინოები. როგორც კი ბაჟის შემცირებამ ფრანგული ღვინოებისთვის კვლავ შექმნა ხელსაყრელი კლიმატი, ყველა გაზეთი ვენახების დაავადებების შესახებ ინფორმაციებით აჭრელდა. და როგორც კი წამოჭრა საკითხი, თუ რა გავლენას მოახდენდა გოგირდითა და შაბიამნით მკურნალობა ღვინის ხარისხზე, ლორდებმა სასწრაფოდ შეიყვარეს სოდიანი შოტლანდიური ვისკი. პრესტიჟი და დიდი მოგება ღვინოს მხოლოდ ნახევარი საუკუნის შემდეგ დაუბრუნდა.
არც ისე ადვილია ამ ნახევარი საუკუნის შედეგის შეჯამება, რომელიც ოქროსი არ ყოფილა და, რომელიც, ფრანგული ღვინის ოქროს საუკუნეს მოყვა. საფრანგეთის ვენახების საერთო ფართობი ერთი მესამედით შემცირდა: დაღუპული ვაზების 30% მაინც ახლით არ შეცვლილა. არაერთმა ისეთმა რეგიონმა, როგორიც ჩრდილო-აღმოსავლეთში მერტია, სადაც ყურძენი ძირითადი კულტურა არასოდეს ყოფილა, საერთოდ უარი თქვეს მასზე.
ფილოქსერის შემოსევის შემდეგ საუკეთესო ვენახების ღვინოებიც კი შეუქცევადად გაუარესდა. თუმცა, ფილოქსერით მოცელილ რაიონებში გვხვდებოდა მცირე ნაკვეთები, რომლებიც სასწაულებრივად გადარჩა ხელუხლებელი. ერთ-ერთი მათგანია დღემდე შემორჩენილი, აიში (შამპანი) მდებარე პინო ნუარის ორი მცირე ნაწილი, რომელიც Bollinger-ების სახლს ეკუთვნის. ამგვარად, Bollinger-ის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ დაუმყნელი ვაზების შამპანური ზედმეტად "კონცენტრირებულია" თანამედროვე გემოსთვის. შესაძლოა, დამყნობილმა ვაზებმა, ნაწილობრივ მაღალი მოსავლიანობის წყალობით, XX საუკუნის ღვინოს სიმსუბუქისა და ელეგანტურობის ელფერი მიანიჭეს.
მაგრამ კრიზისმა სარგებელიც მოიტანა: მეცნიერება შეიჭრა იმ სფეროში, რომელსაც მანამდე იცავდა დახავსებული ტრადიცია და უმეცრება, მთავრობა კი დაკავდა საქმეებით, რომლებიც ადრე ნებაზე იყო მიშვებული.
თუმცა, ფილოქსერის პრობლემა ბოლომდე არ გადაჭრილა: იგი ახლაც ჩნდება მსოფლიოს ბევრ მხარეში, განსაკუთრებით ხშირად კი კალიფორნიაში, ავსტრალიასა და ახალ ზელანდიაში. ამის მთავარი მიზეზი მევენახეთა თვითდამშვიდებაა. იქ, სადაც ფილოქსერა უკვე დიდ ხნის განმავლობაში არ უნახავთ, და რეგიონებში, რომლებიც ადრე არ იცნობდნენ მეღვინეობას, ხშირად რგავდნენ დაუმყნელ ევროპულ ვაზებს. ამის ნათელი მაგალითია მონტერეის ოლქი კალიფორნიაში, სადაც დანარჩენი ვენახებისგან მოშორებით ვაზი 30 ათას აკრზე იყო გაშენებული. მაგრამ ბუგრმა იქამდეც ჩააღწია და ახლა ნელ-ნელა სპობს მათ. კიდევ უფრო საგანგაშოა ახალი ფილოქსერის გამოჩენა, რომელიც მანამდე გამძლე ვაზების ფესვებსაც ანადგურებს...
შენიშვნა: ყურძნის ფილოქსერა (Viteus vitifolii) - ფილოქსერისებრთა, ანუ ფოთლოვანთა, ბუგრების (Phylloxeridae) განცალკევებული ოჯახის წარმომადგენელი თანაბარფრთიანი მწერების რაზმში. ფილოქსერა განვითარების სრულ ციკლს ამერიკულ ყურძენზე გადის - უფრთო საწყისი მდედრი პართენოგენეტიკურ კვერცხებს მცენარის ფოთლებზე დებს. მათგან იჩეკებიან ასევე უფრთო არსებები, რომლებიც განაგრძობენ ფოთლებზე ცხოვრებას და პართენოგენეტიკურად გამრავლებას. მთელი რიგი თაობების შემდეგ წარმოიქმნება ფორმები, რომლებიც ფესვებზე გადაცოცდება - მწერის შემდგომი, ასევე პართენოგენეტიკური გამრავლება ხდება ვაზის მიწისქვეშა ნაწილში. მომდევნო წელს მორიგ თაობაში ჩნდება მატლები, რომლებიც მიწიდან ამოდიან და ფრთიან მდედრებად გადაიქცევიან. ისინი დებენ კვერცხებს, რომლიდანაც კვლავ იჩეკებიან როგორც უფრთო მდედრები, ისე უფრთო მამრები. განაყოფიერების შემდეგ მდედრი დებს კვერცხს, რომლიდანაც გამოზამთრების შემდეგ იჩეკება საწყისი მდედრი, და ციკლი კლავ მეორდება. ამასთანავე, დაზიანებული ვაზი, როგორც წესი, არ კვდება, რამდენადაც, ფესვებზე წარმოიქმნება დამცავი ქსოვილი, ბუგრის ფოთლოვანი თაობა კი ყურძენს დიდ ზიანს არ აყენებს.
ევროპულ ყურძენზე გამრავლებისას, ფილოქსერის ცხოვრების ციკლიდან ვარდება სქესობრივი სტადია - მწერების რიცხოვნობა იზრდება მხოლოდ და მხოლოდ მიწის ქვეშ პართენოგენეტიკური გამრავლების ხარჯზე. ეს იმის გამო ხდება, რომ ევროპული ყურძნის ფოთლები ფილოქსერისთვის ნაკლებ ვარგისიანია საჭმელად და ბუგრის ფოთლოვანი ფორმები მასზე ვერ ცოცხლობენ. ევროპული ვაზის ფესვებს კი, სამწუხაროდ, ფილოქსერის იერიშთან შეწინააღმდეგების უნარი არ გააჩნია.
© „მარანი“