Friday 28 September 2007

რთველი - პოლიტიკური ბრძოლის იარაღი



ფრაქცია "დემოკრატიული ფრონტის" თავმჯდომარის მოადგილე, "კონსერვატორი" დეპუტატი ზვიად ძიძიგური რთველის პოლიტიკურ ასპექტებზე საუბრობს.
"შარშან საარჩევნო წელი იყო და ამიტომ პრეზიდენტი ხან ერთ ვენახში შეიტანდა ტრიბუნას, ხან მეორეში და იქ ატარებდა პრესკონფერენციებს. მაშინ რთველს თავისი პოლკოვნიკები და გენერლები ჰყავდა. შესაბამისად, ყურძნის შესასყიდი ფასიც მაღალი იყო. ვინაიდან წელს არჩევნები არ ტარდება, გლეხები ყველამ დაივიწყა და ყურძნის ფასიც, შესაბამისად, მიზერულია," - საყვედურს უთვლის ხელისუფლებას ოპოზიციონერი პარლამენტარი.
ძიძიგური პროტესტს იმის გამოც გამოთქვამს, რომ "თბილისიდან გურჯაანის რაიონში რამდენიმე ათეული სპეცრაზმელი ჩაიყვანეს, რათა ყურძნის დაბალი ფასებით უკმაყოფილო კახელმა გლეხებმა საპროტესტო აქციები არ მოაწყონ." თავისი ნათქვამის საილუსტრაციოდ, დეპუტატი სოფელ ველისციხეში ამასწინათ მომხდარ ინციდენტს ასახელებს, რომლის დროსაც სპეცრაზმელები რამდენიმე ადამიანს ფიზიკურად გაუსწორდნენ.
კონსერვატორებს თავის მოვალეობად მიაჩნიათ, რომ კახეთში ჩავიდნენ და მოსახლეობას პროტესტის ორგანიზებულად გამოხატვაში მიეხმარონ. ისინი კახეთში ალტერნატიული შტაბის გახსნას აპირებენ, რომელიც "გლეხებს ხელისუფლების მხრიდან ძალადობისგან დაიცავს."
კონსერვატორებს პროტესტის ფორმაც მოფიქრებული აქვთ. "კახელები ყურძენს 25 თეთრად არ ჩააბარებენ. ამას ურჩევნიათ, ყურძენი თბილისში ჩამოიტანონ და პარლამენტისა და სახელმწიფო კანცელარიის წინ დაყარონ," - აცხადებს ზვიად ძიძიგური.
მის განცხადებას გურჯაანის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი იოსებ კარდანახიშვილი ეხმაურება. მისი მტკიცებით, ველისციხის ინციდენტი ყურძნის კი არა, დენის გამო მოხდა.
"ველისციხეში რამდენიმე უბანს ელექტროენერგიის საფასურის გადაუხდელობის გამო დენი ჰქონდა გათიშული. უკმაყოფილო ხალხი ქუჩაში შეიკრიბა, ზოგიერთი მოქალაქე ხულიგნურად მოიქცა და ძალოვანმა სტრუქტურებმა ამაზე სათანადო რეაგირება მოახდინეს. ასე რომ, ველისციხის ინციდენტის შემთხვევაში, რთველი არაფერ შუაშია," - ასე განმარტავს მომხდარს კარდანახიშვილი.
მის განმარტებას "მემარჯვენე" მამუკა კაციტაძე ეჭვქვეშ აყენებს. "თუ ეს ასეა, მაშინ ერთ-ერთმა სპეცრაზმელმა ბადრი ძამუკაშვილმა რატომ დაწერა პატაკი გადადგომის შესახებ?" - აინტერესებს კაციტაძეს. დეპუტატი კოლეგებს შეახსენებს, რომ ამა წლის ზაფხულში ხელისუფლებამ სპეცრაზმი რაჭაშიც შეიყვანა და "ეს ნაბიჯიც მოსახლეობაში შიშის დანერგვას, სახელმწიფოს ძლევამოსილების დემონსტრირებას ემსახურებოდა..."
რთველის მიმართ ოპოზიციისგან რადიკალურად განსხვავებული ტაქტიკა აირჩია სახელისუფლებო გუნდმა. პარლამენტის გუშინდელ პლენარულ სხდომაზე ვიცე-სპიკერმა მიხეილ მაჭავარიანმა სიამაყით აღნიშნა, რომ დეპუტატებმა თავისი ხელფასიდან გარკვეული თანხა გაიღეს "ქართული რთველის მხარდასაჭერად".
"ჩვენ ვფიქრობთ, რომ გლეხების დასახმარებლად უკეთესი იქნება, თუ ყურძენს შევიძენთ. ზვიად ძიძიგურს კი მიაჩნია, რომ უმჯობესია, გლეხებს საპროტესტო აქციების ორგანიზებაში დაეხმაროს. რომელი გზა უფრო სწორია, დაე, 2008 წელს ამომრჩეველმა გადაწყვიტოს," - ელექტორატის ინტუიციას ენდობა პარლამენტის ვიცე-თავმჯდომარე.
მიხეილ მაჭავარიანს ასევე არასწორად მიაჩნია ოპოზიციის კიდევ ერთი მოთხოვნა მევენახეობის დარგისთვის სახელმწიფო სუბსიდიების გამოყოფის თაობაზე.
"მევენახეობის გარდა, ჩვენ გვაქვს მეციტრუსეობა, ვაშლის თუ კომბოსტოს წარმოება. ყველაფერ ამას სახელმწიფო ბიუჯეტი ნამდვილად ვერ გასწვდება," - ტრადიციულ და "რიგით" სასოფლო-სამეურნეო კულტურებს "ერთ ქვაბში ხარშავს" პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე.
© „24 საათი“

ღვინის გზამკვლევი - Rhône - ღვინის ხეობა


მალხაზ ხარბედია

რუბრიკა “ღვინის გზამკვლევი” მსოფლიო მეღვინეობის ლეგენდარულ რეგიონებს ეძღვნება. მასში მკითხველი სხვადასხვა კონტინენტის სახელოვან მიწებს გაეცნობა და გაიგებს, თუ რის გამო გაითქვა სახელი ბორდოს ღვინოებმა და ესპანურმა რიოხამ, ბურგუნდიამ თუ კალიფორნიულმა ნაპას ველმა, ლუარამ და ტოსკანამ, ვენეტომ, ფრანკონიამ, პრიორატმა და მრავალმა სხვამ. ჩვენ შევეცდებით ამომწურავი ინფორმაცია მოგაწოდოთ ამ მხარეების შესახებ და შეძლებისდაგვარად ადგილზე გავეცნოთ იქაური ღვინოების თავისებურებებს.

Rhône
ღვინის ხეობა

ალალი ღვინოები


ჩემი დღევანდელი არჩევანი ბევრმა რამემ განაპირობა, მაგრამ მთავარი მაინც ის გახლდათ, რომ ორი თვის წინ, როცა უკვე დაწყებული გვქონდა ჩვენი გაზეთის პირველი ნომრის მზადება, ძალიან გამიმართლა და საფრანგეთში, რონის მხარეში აღმოვჩნდი ფესტივალ est-ouest-ზე. ამ ფესტივალზე ახლა დიდხანს არ შევჩერდები (მითუმეტეს, რომ მის შესახებ კარგა მოზრდილი წერილი დავბეჭდე “24 საათის” საკვირაო დამატებაში), უბრალოდ აღვნიშნავ, რომ იქ გატარებული 11 დაუვიწყარი დღის მანძილზე, სხვადასხვა კულტურულ ღონისძიებაში მონაწილეობის გარდა, სამხრეთ რონის ღვინის სარდაფების, ვენახების, ქარხნების მოხილვა და ტექნოლოგებთან შეხვედრაც მოვახერხე. თანაც ამ უძველესი ოცნების ასასრულებლად გაპარვაც კი არ მჭირდებოდა ხოლმე, რადგან კონცერტსა და სპექტაკლს, მრგვალ მაგიდასა თუ ლიტერატურულ საღამოებს შორის ყოველთვის გამონახავდა კაცი რამდენიმე საათს, იქაურ კეთილ მეღვინეებთან ჩასაჯდომად და უსასრულო ცივ სარდაფებში სასეირნოდ (ამაზე მოგვიანებით).
კიდევ ერთი მიზეზი ისაა, რომ ბოლო წლებში ძალიან პოპულარული ხდება ღვინო რონის ნაპირებიდან და უფრო მეტიც, ბევრმა იქაური დასახელების ღვინომ მყარად მოიკიდა ფეხი ელიტური, კუდაბზიკა ღვინოების საზოგადოებაში (მიუხედავად რონული ღვინის ალალმართალი ხასიათისა). გარდა ამისა, ბოლო წლებში Wine Spectator-ის წლის საუკეთესო ასეულებში საგრძნობლად იმატა Rhône-ს წილმა, 2005-ში კი საერთოდ სასწაული მოხდა, პირველად ამ ავტორიტეტული რეიტინგის ისტორიაში, ყველა სხვა ჯიშს სირამ (Syrah) აჯობა, რონის ნაპირების შავმა მარგალიტმა (საქმე ისაა, რომ ასეულის ყოველ მეოთხე ღვინოში სირა ერია, ანდა მთლიანად ამ ყურძნისგან იყო დაწურული), თავად ღვინოებში კი მეორე ადგილზე ბრწყინვალე Châteauneuf-du-Pape გავიდა, სამხრეთ რონის მშვენება და სიამაყე.

ციფრები

დღეს რონაში, შეიძლება ითქვას, მეღვინეობის აღმავლობის ხანაა. ბოლო 50 წლის მანძილზე ღვინის წარმოება 10-ჯერ გაიზარდა, რაც მთავარია გაუმჯობესდა ხარისხი და რეიტინგიც ამაღლდა. 2005 წლის მონაცემებით, მხარეში 5716 მეურნეობა ფუნქციონირებს, ასევე 1200-მდე კერძო ღვინის სარდაფი, 110 კოოპერატიული მარანი, 48 ნეგოციანტური სახლი და მეწარმეთა 6 კავშირი.
საფრანგეთში რონა AOC კატეგორიის (Appellation d'Origine Controlee, ანუ ე.წ. აპელასიონები, წარმოშობის მიხედვით კონტროლირებადი დასახელება. AOC კატეგორიას საფრანგეთის სოფლის მეურნეობის სამინისტრო ანიჭებს სპეციალური დეკრეტის საფუძველზე) ღვინის წარმოების მიხედვით მეორე ადგილზეა. გასულ წელს იქ 3,1 მილიონი ჰექტოლიტრი დაიწურა (წითელი, თეთრი და ვარდისფერი ღვინოები), და 412 მილიონი ბოთლი გავიდა ბაზარზე. რონის მხარეში მეღვინეობაში დაახლ 60 000 კაცია დასაქმებული, სეზონური სამუშაოების გათვალისწინებით კი 200 000-მდე. 2005 წლისთვის რეგიონი უკვე 145 ქვეყანას ამარაგებს თავისი ღვინოებით და AOC კატეგორიის ღვინოების ექსპორტში რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია, შარშანდელმა შემოსავალმა 350 მილიონ ევროს გადაამეტა.
რონის ხეობის ვენახების საერთო ფართობი 1294 ჰექტარია, რაც უფრო მეტია, ვიდრე პროვანსის, ბოჟოლესა და ბურგუნდიის ერთად აღებული. წითელი ღვინოები AOC კატეგორიის საერთო რაოდენობის 87% შეადგენს, ვარდისფერი - 9%-ს, თეთრი – 4%-ს. მაგალითისთვის, წითელი ღვინოების წილი AOC კატეგორიის Côtes du Rhône-ში 95%-ია, ხოლო Côtes du Rhône Villages–ში 99%. არის აპელასიონები, სადაც მხოლოდ წითელ, ვარდისფერ ან თეთრ ღვინოებს აწარმოებენ.
აპელასიონებს რაც შეეხება, მისი, ანუ AOC ტიპის კატეგორიების შემოღება ჯერ კიდევ 18-ე საუკუნეში უცდიათ რონაში, როცა 1737 წელს საფრანგეთის მეფემ Côtes du Rhône-ს ყველა კასრზე C.D.R. მიაწერინა. ხოლო წარმოშობის მიხედვით კონტროლირებადი ის რეგლამენტაცია, რომელიც ახლა მოქმედებს მხარეში, 1937 წლის 19 ნოემბერს მიიღეს.

ფინიკიელები, პაპები და ტამპლიერები

ზოგი მეცნიერი მეღვინეობის ისტორიას ამ მხარეში ძვ. წ. VII-VI საუკუნიდან იწყებს. როგორც ვარაუდობენ, სწორედ ამ პერიოდში დაუარსებიათ ფინიკიელებს მასილია (მარსელი), რომელიც სულ მალე სავაჭრო და სანავსადგურო ცენტრად იქცა და მაშინვე უნდა შესულიყო მხარეში ვაზის პირველი ნერგებიც. შემდეგ ბერძენი კოლონიზატორების, კერძოდ კი ფოკეელების ჯერი დადგა, რომლებიც ძვ. წ. 5-4 საუკუნეებში შემოვიდნენ და მალე მათ რომაელებიც მოყვნენ. უკვე ძვ. წ. I საუკუნისთვის მთელი სანაპირო ვაზით ყოფილა გაშენებული. მაშინ განსაკუთრებით გაითქვა სახელი ხეობის ჩრდილოეთი ნაწილის ღვინოებმა (დღევანდელი Hermitage და Côte Rôtie-ს ტერიტორიები), აქვე იყო პროვინციის დედაქალაქი ვიენიც, ამიტომ არისტოკრატებს ახლოს ჰქონდათ ვენახები და მრავლად მეღვინეც ჰყავდათ, რომლებიც თურმე იმდროისთვის მეტად საინტერესო ღვინოს აყენებდნენ.
ბარბაროსების შემოსევის შემდეგ მევენახეობა ჩამკვდარა და IX-XIII საუკუნეებამდე აქ არც ღვინო იწურებოდა. მხოლოდ ქრისტიანმა ბერებმა და ადგილობრივმა მოსახლეობამ მოახერხა ტრადიციის აღდგენა. მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ტამპლიერთა ორდენმაც.
საინტერესოა, რომ თავიდან მხოლოდ ჩრდილოეთ ნაწილში აწარმოებდნენ ღვინოებს, სამხრეთ ოლქები კი ვიენში ყიდულობდნენ ამ სასმელს. XIII-XIV საუკუნიდან ჩნდება პირველი სამხრეთ რონული ღვინოები, რომელსაც რომის პაპს უგზავნიდნენ, 1309 წლიდან კი, უკვე თავად პაპები გადმოსახლდნენ სამხრეთ რონაში, როცა მეფე ფილიპე IV ლამაზის ბრძანებით, პაპი კლიმენტი V იძულებული შეიქნა ავინიონში დაედო ბინა, ხოლო მეორე ავინიონელმა პაპმა, იოანე XXII-მ, თავისი საზაფხულო რეზიდენციის გარშემო ვენახის გაშენება გადაწყვიტა, რომელსაც დღეს ჩვენ შესანიშნავი Châteauneuf-du-Pape-ის (შატონეფ დიუ პაპ) სახელით ვიცნობთ.
აპ პერიოდში ახალი ჩამოყალიბებული იყო ბურგუნდიის საჰერცოგო და მთელი საფრანგეთის დიდგვაროვნები სწორედ ბურგუნდიულს სვამდნენ, რონისას კი თურმე მხოლოდ გლეხები ეტანებოდნენ. თუმცა გავიდა დრო და აქაურ ღვინოს შორს გაუვარდა სახელი, პარიზი კი სამხრეთულმა ღვინოებმა XVII საუკუნეში დაიპყრეს.
რონის ნაპირების ღვინოებისთვის ოქროს ხანა XIX საუკუნეში დადგა. ამ დროს ელიტურ ღვინოებსაც აწარმოებდნენ რონის ნაპირებზე, თუმცა მეოცე საუკუნის დასაწყისში მომხდარმა ორმა მოვლენამ უკან დაწია ეს პროცესები და რონის ნაპირებზე ნამდვილი კრიზისი დაიწყო. ჯერ ერთი, ბორდოში ალჟირული ღვინის შეტანა გაჭირდა, რომელსაც იქ კუპაჟში იყენებდნენ და ლეგენდარული შატოების მწარმოებლები რონის იაფ ღვინოებს მიაწყდნენ ბითუმად შესაძენად. ამის გამო, აქაოდა ავშენდებითო, ყველამ დღევანდელი კვერცხი არჩია და რამდენიმე ათწლეული ძალიან ცოტა ვინმე თუ დარდობდა ხარისხზე. მეორე პრობლემა კი ის იყო, რომ 30-იან წლებში გლეხების მასიური მიგრაცია დაიწყო ქალაქებში და სოფლები და საღვინე მეურნეობები თითქმის დაიცალა. კრიზისი კარგა ხანს გაგრძელდა, აღორძინების ხანა 80-იან წლებში დაიწყო, 90-იანების ბოლოსა და ახალი საუკუნის დასაწყისში კი ისეთი წლები მიება ერთმანეთს, ისეთი გამორჩეული მოსავლები აიღეს რონის მხარეში, რომ “ახალ სამყაროს” გადაყოლილი გემოვნებიანი მომხმარებელი მალე ისევ ბებერი ევროპისკენ მოაბრუნეს, სადაც გლობალიზებული შატოს ნაცვლად რონული შედევრები დახვდათ.

ჩრდილოეთ რონის ციცაბო ნაპირებზე

რონის მხარეში მოსახვედრად რამდენიმე გზა არსებობს, თუმცა ჩვენ ყველაზე ტრადიციულით მოგვიხდა მგზავრობა და ლიონიდან შევუყევით ხეობას. რონა ბურგუნდიასა და პროვანსს შორისაა მოქცეული და ვიენს გაცდები თუ არა, პირველი ვენახებიც იწყება, სახელოვანი Côte-Rôtie -სა და Condrieu-ს აპელასიონები. მართალია მხარეს სექტემბერში ვეწვიეთ, გაგანია რთველში, მაგრამ ჩრდილოეთში მაინც იშვიათად ნახავდით ყურძნით დატვირთულ მანქანებსა და გზისპირებზე შეფენილ, დასაკრეფად გამზადებულ ვენახებს (როგორც სამხრეთში), მიზეზი კი მარტივია, უბრალოდ აქ ძალზე მცირე ტერიტორიებზეა ვენახი გაშენებული, მეღვინეობის რუკასაც რომ დახედოთ, მხოლოდ ერთი ვიწრო ზოლია ვიენიდან – ვალანსამდე.
ჩრდილოეთის ღვინოები მთელი რონის მხოლოდ ერთ მეათედს შეადგენს, სამაგიეროდ მათ განსაკუთრებული ხარისხი გამოარჩევთ. აქ ძირითადად ტერასული ვენახებია, ჰავა ზომიერია, კონტინენტალური, ნიადაგი - გრანიტისა და თიხოვანი ფიქალის. წითელ ჯიშებში სირა (Syrah) ბატონობს, თეთრებში კი ვიონიე (Viognier), მარსანი (Marsanne) და რუსანი (Rousanne).
Côte-Rôtie – როგორც ამბობენ, ეს ღვინო ჯერ კიდევ 10 საუკუნის წინ ითვლებოდა პრესტიჟულად, დღეს კი ამ აპელასიონში მხოლოდ 100 ჰექტარი ვენახია გაშენებული. კოტ-როტის ვენახები ორი მთის ფერდობებზეა გაფენილი, ერთს Côte-Brune ჰქვია, მეორეს - Côte Blonde. ლეგენდის მიხედვით, ერთ-ერთ აქაურ სენიორს ორი ქალიშვილი ჰყოლია, ქერა და წაბლისფერთმიანი და სახელიც თითქოს ამის გამო შეურქმევიათ. თავად Côte-Rôtie კი დამწვარ ფერდობს ნიშნავს და იგი მართლაც ცხელ კლდოვან ფერდობზეა გაშენებული. უაღრესაც არომატული წითელი ღვინოა, რომელშიც სირას სიმწვავეს, თეთრი ვიონიეს ღვთაებრივი არომატითა და სიტკბოთი ათვინიერებენ. ცნობილი ენოლოგი რობერტ პარკერი ამ ღვინოს გამაოგნებელს, ეტალონს უწოდებს (განსაკუთრებით მარსელ გიგალის მიერ დაყენებულ ღვინოს აქებს). ინტენსიური მუქი ლალისფერია, გამოირჩევა ურთულესი ბუკეტით, შავი კენკრის, შოკოლადის, ყავის, კვამლის, თამბაქოსა და ქლიავის ჯემის ტონებით. სხეულიანია, ტკბილი ხავერდოვანი ტანინებით. კარგია შეკმაზულ ხორციან კერძებთან, შემწვარ იხვთან და მაყალზე მომზადებულ სხვა ხორცეულთან. საუკეთესო მწარმოებლები: Guigal, Jasmin, Clusel-roch, Jamet, Gilles Barge, Champet.
Condrieu – ძალიან პატარა აპელასიონია, სულ რაღაც 50 ჰექტარი, თუმცა, როგორც ოზ კლარკი წერს, არსებობს საშიშროება, რომ კონდრიეს AOC უფლება მიანიჭონ ამ ღვინისთვის შეუფერებელ ადგილზე გაშენებულ ვენახებსაც, რაც მკვეთრად დააგდებს მის რეპუტაციას. ღვინოს 100% ვიონიეს ჯიშის ყურძნისგან წურავენ. ოქროსფერია, აქვს ძალზე ჰარმონიული ბუკეტი მსხლის, გარგრის, ფორთოხლის ჯემის, თაფლისა და ჩირის ტონებით. შედარებით მსუბუქი სხეულით, გემოში მინერალებითა და ზომიერი სიძელგით. კარგია თევზეულთან და ჩინურ კერძებთან. საუკეთესო მწარმოებლები: Jean Pinchon, Guigal, Cuilleron, Perret, dumazet.
Château Grillet - ყველაზე პატარა აპელასიონია, სულ 4 ჰექტარი. ღვინოც შესაბამისად იშვიათად იშოვება და ძალზე ძვირია. მთლიანად ვიონიესგან წურავენ, საუკეთესო ჩამოსხმას აყვავებული ხილის ბაღის სურნელი აქვს.
Saint Joseph – ადრე ეს აპელასიონი 6 კომუნას აერთიანებდა, 1969 წელს ნება დართეს კომუნების რაოდენობა 45-მდე გაზრდილიყო, ფართობი კი 850 ჰექტარამდე. ბევრის აზრით ეს გადაწყვეტილება დამღუპველი აღმოჩნდა, რადგან შეუფერებელ ადგილებში მოწეული ყურძნისგან ხშირად ღვინოც უხარისხო დგება. წითელი სენ ჟოზეფი მუქი ლალისფერია, კენკრის, სუნელებისა და გაფიცხებული პურის სურნელით, სხეულიანი, ხანგრძლივი გემოთი. თეთრი კი ოქროსფერია, აკაციის, გარგრის, ატმისა და თაფლის ტონებით. კარგად სტრუქტურირებული გემოთი და სასიამოვნო ფინალით. საუკეთესო მწარმოებლები: Chapoutier, Florentin, Chave, Coursodon, Gaillard.
Cornas – საკმაოდ მძიმე ღვინოა, ძალზე ავტორიტეტული და ძლიერი, მაგრამ ნაკლებად დახვეწილი. სირადან წურავენ. თითქოს Hermitage-საც ჰგავს, თუმცა საამისოდ ხილის არომატი აკლია. საუკეთესო მწარმოებლები: Colombo, Clape, Balthazar, Juge.
Hermitage – ძალზე ციცაბო ბორცვებზეა გაშენებული, ოღონდ განსხვავებით ზემოთჩამოთვლილი დასახელებებისგან, რონის მარცხენა სანაპიროზე მოდის. მას ყველაზე ვაჟკაცურ ღვინოსაც უწოდებდნენ, ამასთანავე ერთ-ერთი ყველაზე მაღალგრადუსიანი ღვინოა საფრანგეთში. წითელ ერმიტაჟს კვამლის სურნელი აქვს, სირა კი მალინისა და შავი მოცხარის ღრმა ტონებს ანიჭებს მას. თეთრი ერმიტაჟი თავიდან მძიმეა, წლების მანძილზე კი მსუბუქ და სასიამოვნო გემოს იძენს, მას სამართლიანად უწოდებენ საუკეთესო ფრანგულ თეთრ ღვინოს. მწარმოებლები: Fayolle, Belle, Delas, Grippat.
Crozes Hermitage - ერთად-ერთი აპელასიონია ჩრდილოეთში, რომლის ვენახების დიდი ნაწილი დაბლობზეა განლაგებული და არა ფერდობებზე და ტერასებზე. ხარისხით ერმიტაჟს არ ჩამოუვარდება. მუქი ბროწეულისფერია, მრავალფეროვანი ბუკეტით, სადაც ხილის არომატები ჰარმონიულად ერწყმის ტრიუფელების, ნეშომპალის, თამბაქოსა და წითელი წიწაკის ნიუანსებს. გამოირჩევა კარგი სტრუქტურით, მდიდარი გემოთი და ხავერდოვანი ტანინებით. საუკეთესო მწარმოებლები: Belle, Chapoutier, Fayolle, Delas.


სამხრეთელი პაპისტები

ძირითადი განმასხვავებელი ჩრდილოეთსა და სამხრეთს შორის ისაა, რომ სამხრეთში ძალზე მრავალფეროვანი ნიადაგია (თიხნარი, კირქვა, ქვიშნარი და ა.შ.) და იგი ასევე მდიდარია ჯიშებითაც - გრენაში, მურვედრი, კლერეტი, სირა, ბურბულენი, სენსო, პიკპული და მრავალი სხვა. კლიმატი, ხმელთაშუაზღვის გავლენით, ცხელი და მშრალია, წვიმა არც ისე ხშირია, ვენახები ბორცვებსა და დაბლობებზეა გაშენებული. ვენახებში ძალიან ხშირად ნახავთ ქვებს, რომელიც დღე ხურდება და ღამით სითბოს უნარჩუნებს ვაზს. ჩრდილოეთის ძლიერი ქარები, მისტრალები თურმე ბუნებრივად იცავენ ვაზს დაავადებებისგან, მაგალითად სოკოსგან, თუმცა იმასაც ამბობენ, მისტრალები დამღუპველიც შეიძლება იყოსო (1956 წელს მისტრალების პერიოდი სამ კვირას გაგრძელებულა, ქარის სიჩქარე 100 კმ. საათს უტოლდებოდა და ამის გამო ბევრი დაზარალებულა, განსაკუთრებით პროვანსული ზეთისხილი), ამიტომ მისტრალების გამო ამ მხარეში ვენახებს სამხრეთისკენ მიმართულ ფერდობებზე აშენებენ, რაც ვაზს ჩრდილოეთის ქარების განსაკუთრებული შემოტევებისგან დაიცავს. სამხრეთში ყურძენი წვიმების სეზონამდე მწიფდება და შესაბამისად ლპობა-დაობების ნაკლები პრობლემები იქმნება.
აქ ძირითადად წითელ ღვინოს აყენებენ და ვინიფიკაციის პროცესის დასრულების შემდეგ ღვინოს ბეტონის კუბებში ან მუხის ახალ კასრებში აძველებენ. არსებობს ბევრი სხვადასხვა ტექნოლოგია, მაგალითად ზოგი ბოთლში ჩამოსხმამდე ფილტრავს, ზოგი კი არა და რაც მთავარია, თითქმის ყველა ასამბლაჟით აკეთებს ღვინოს.
კუპაჟირებისას მეღვინემ ზუსტად უნდა იცოდეს თითოეული ჯიშის თავისებურება: თუკი გრენაში დამყოლია კუპაჟისას, სირას განსაკუთრებული ურთიერთობა უნდა, იგი ძალზე თავისებური, მკვეთრად გამორჩეული ჯიშია, თუმცა ხშირია შემთხვევები, როცა მეღვინეები განსაკუთრებით არც იტკიებენ თავს.
მაგალითისთვის, ცნობილი აპელასიონის, Châteauneuf-du-Pape-ს წარმოებაში 13 ჯიშია ნებადართული, მათ შორის 8 წითელია, სინამდვილეში კი წითელი Châteauneuf-ების ასამბლაჟში ძირითადად გრენაში, სირა და მურვედრი მონაწილეობენ (სულ რამდენიმე მეურნეობა იყენებს ცამეტივეს - Domaine de Mont Redon, Chateau Beaucastel და Domaine du Pegau). ყველაზე ხშირია შემდეგი თანაფარდობა - გრენაში 65%, სირა 15%, და მურვედრი 15%. დარჩენილი 5% გემოვნების მიხედვით, ვთქვათ სენსო ან კარინიანი.
როგორც ამბობენ, ადრე სამხრეთული ღვინოები ძალიან აგრესიულები იყვნენ, ბოლო წლებში კი ისინი დაიხვეწნენ, რის საუკეთესო ნიმუშსაც, რა თქმა უნდა, სახელოვანი Châteauneuf-du-Pape წარმოადგენს.

Châteauneuf-du-Pape - ეს ღვინო მსოფლიომ სულ რაღაც 20-25 წლის წინ აღმოაჩინა (ხანგრძლივი ისტორიის მიუხედავად), როცა რობერტ პარკერმა თავის ჟურნალში The Wine Advocate გამოაქვეყნა სტატია სახელწოდებით “რონის ბორდო: შატონეფ-დიუ-პაპს უზარმაზარი პოტენციალი გააჩნია მსოფლიოს საუკეთესო და კარგად შესანახი ღვინოების შესაქმნელად” და იქვე “პაპისტების” სამ მიმდინარეობას გაუსვა ხაზი: ტრადიციულს, მოდერნისტულსა და რადიკალურს.
ტრადიციონალისტები უძველეს ტექნოლოგიას მისდევენ, უმრავლესობა ჭაჭიანად წურავს ყურძენს და ძველ მუხის კასრებში აძველებს (2-დან 6 წლამდე), ბოთლებში კი თითქმის გაფილტვრის გარეშე ასხამენ. ეს ღვინო ძალზე სხეულიანი გამოდის, ხოლო კონცენტრაცია, არომატი და გემო ასაკსა და მეღვინის ოსტატობაზეა დამოკიდებული.
მოდერნისტებს მიაჩნიათ, რომ შატონეფ-დუ-პაპში ძირითადად ხილის არომატები უნდა იყოს, გამოირჩეოდეს ელეგანტურობით, სიმსუბუქითა და შესაბამისად მძიმე ღვინოებზე უფრო ადრე უნდა მომწიფდეს დასალევად. ყურძენს აუცილებლად კუმპლავენ, ბოთლებში კი ერთი წლის, ან წელიწადნახევრის შემდეგ ასხამენ (მოდერნისტებში პარკერი უპირატესობას ანიჭებს მეურნეობებს: Domaine Font de Michelle, Domaine de Beaurenard და Domaine La Roquette, რომლებიც თანამედროვე ტექნოლოგიების დახმარებით ტრადიციულ სტრუქტურასაც აღწევენ და ღვინო კარგადაც ინახება, თუმცა მათი ინოვაციები არაიმდენად ტექნოლოგიებს უკავშირდება, რამდენადაც იმას, რომ რეგიონისთვის არატრადიციულ ყურძნის ჯიშებს იყენებენ).
რადიკალები კი, პარკერის სიტყვით, მაგარი თავქეიფა ხალხია, მაგალითად ზოგიერთი (M.Chapoutier, Domaine de la Janasse, Les Cailloux და Chateau Rayas-ს მეურნეობები), თავის ღვინოში მხოლოდ 100% გრენაშს იყენებს. სხვები (Chateau Beaucastel, Chateau de la Nerthe და Chateau Fortia), 50%-ს. რადიკალებად მიიჩნევიან ისეთებიც, რომლებიც მუხის ახალ კასრებში აძველებენ ღვინოს. ლეგენდარული მეღვინე ჟაკ რეინო სიცოცხლის ბოლომდე (გარდაიცვალა 1997 წელს) მხოლოდ გრენაშს წურავდა და ხის რეზერვუარებში აძველებდა. ანრი ბონო, 80% გრენაშით აყენებს ღვინოს და არაფრისდიდებით არ იყენებს ახალ კასრებს…
რონელი მეღვინეების უმრავლესობა ახალი ღვინის მომხრეა, ანუ ღვინისა, რომელსაც დაძველების ხანგრძლივი პროცესი არ უნდა. იშვიათად, რომ ვინმემ გაიმეტოს ღვინო მრავალწლიანი დაძველებისთვის, რათა სხეულიანი, ხავერდოვანი, კვამლისა და წიწაკის სურნელით გაჯერებული სასმელი მიიღოს წლების მერე. თუმცა ხშირია შემთხვევები, როცა ე.წ. დროზე ადრე მომწიფებული ღვინოებით ნაშოვნ ფულს მწარმოებელი სწორედ იმ ნაღდი ღვინოების შექმნაში დებს.
ვენახები აქ 3000 ჰექტარზეა გადაჭიმული, სულ ხუთი კომუნაა და კლასიკური წითელის გარდა მცირეოდენ თეთრ ღვინოსაც წურავენ (გრენაშ ბლანის, ბურბულენის, რუსანისა და კლერეტისგან).
Châteauneuf-du-Pape-ს ბოთლი ადვილად იცნობა პაპის გერბით, თუმცა ნეგოციანტების მიერ ჩამოსხმულზე გერბს ვერ ნახავთ, უფლება არა აქვთ. საერთოდ კი ითვლება, რომ ყველაზე კარგი ე.წ. საავტორო შატონეფებია, მე ბედმა გამიღიმა და პროვანსში, შატო გრინიონში სტუმრობისას სწორედ ეგეთი დავლიე, Domaine du Pegau-ს ნაწარმოები (როგორც შემდეგ გავარკვიე, ამ მეურნეობაში ხელოვნურად ამცირებენ მოსავლიანობას, მტევნებს აცლიან ვაზს და ხშირად თოხნიან).
Châteauneuf-du-Pape მუქი ლალისფერია ბროწეულის ტონებით, აქვს ძალზე კომპლექსური ბუკეტი, ალუბლიდან დაწყებული – ვანილით დამთავრებული. ოზ კლარკი მასში “წიწაკის, მიწის, შოკოლადისა და ალუბლის” არომატებს გამოყოფს. დაძველების შემდეგ ხილის სურნელი მეორე პლანზე გადადის და ტყავის, თამბაქოსა და სხვა ელიტური სურნელები იჩენს თავს. კარგია შებოლილ და შემწვარ ხორცთან, ასევე ნანადირევთან და სოკოსთან.
Gigondas – ეს ღვინო, შატონეფთან ერთად, უკვე სერიოზულ კონკურენციას უწევს ბორდოს შატოებსა და ბურგუნდიულებს. იგი კოტ-დიუ-რონ ვილიაჟის ზონაშია განლაგებული საბლესა (Sablet) და ვაკეირასს შორის (Vacqueyras) და საკმაოდ ცხელი მიკროკლიმატით გამოირჩევა. ნიადაგი თიხისა და ქვიშაქვის ნაზავია. რთველი დაახლოებით სექტემბრის ბოლოს იწყება. აპელასიონის ხარისხი ჟიგონდასმა 1971 წელს მიიღო და აქ მხოლოდ წითელ და ვარდისფერ ღვინოს აწარმოებენ. ჟიგონდასში 80% გრენაშია, დანარჩენი სირა და მურვედრი. საუკეთესოა 4-5 წლიანი დაძველების შემდეგ. რობერტ პარკერის სიტყვით, ზოგიერთ ჟიგონდასს ნამდვილად აქვს პერსპექტივა დიად, ელიტურ ღვინოდ იქცეს, თუმცა მის მოსათვინიერებლად ხშირად ხანგრძლივ ფილტრაციას მიმართავენ. ჟიგონდასის სიძლიერეზე ისიც მეტყველებს, რომ სომელიე არ ურჩევს თავის კლიენტებს ჟიგონდასის შემდეგ რომელიმე სხვა წითელი ღვინის დალევას.
აქ ტექნოლოგიებიც განსხვავდება, მაგალითად დომენიკ აი, რომელიც პარკერის კლასიფიკაციის მიხედვით მოდერნისტებს ეკუთვნის, ღვინოს კასრებში 1.5-2 წელს ინახავს და ბოთლებში ფილტრაციის გარეშე ასხამს. არც იმაზე დარდობს, რომ ღვინომ შესაძლოა ლექი დაიდოს. ამაზე იგი ამბობს, ბოთლის ფსკერზე დალექილი ღვინის მჟავას კრისტალები ღვინოში საუკეთესო თვისებების კონცენტრაციის ნიშანიაო. ღვინო სხეულიანი, ჰარმონიული და დახვეწილი გამოდის, ტანინითა და მაღალი გემური თვისებებით. ჟიგონდასის ფერს ძალზე უცნაურად ახასიათებენ ხოლმე, მაგალითად როგორც ბროწეულის, ქლიავისა და კრამიტისფერის ნაზავს. ძირითადად კენკრის სურნელით გამოირჩევა, ასევე აქვს წიწაკის, დაფნისა და ხავსის ტონები. ძალზე მდიდარი გემო აქვს. ყველა იმ კერძის ჩამოსათვლელად კი, რაზეც ეს ღვინო “მიდის”, ნამდვილად არ მეყოფა ნერვები, უბრალოდ გეტყვით, რომ ჟიგონდასი საუკეთესო ღვინოა ნანადირევზე მისაყოლებლად.
მწარმოებლები: Paul Jaboulet Aine, Domaines Perrin, M.Chapoutier, Domaine Raspay-Ay, Guigal.
Vacqueyras - ცალკე აპელასიონად საკმაოდ გვიან, 1990 წელს გაფორმდა და კოტ-დუ-რონ ვილიაჟის ვენახთა ჯგუფს გამოეყო (საერთოდ, ჟიგონდასსა და ვაკეირასში ღვინის მეურნეობებს პატარა ისტორია აქვს, მასიური წარმოება 20-ე საუკუნის 50-იანი წლებიდან იწყება). ფართობი 1500 ჰექტარია. ჯიშური ნომენკლატურა Villages ღვინოების კომპოზიციას იმეორებს: გრენაში, კარინიანი, სენსო, სირა და მურვედრი (წითელი და ვარდისფერი). თუმცა ვაკეირასელ მეღვინეებს სიმძიმის ცენტრი კარინიანიდან და სენსოდან სირა და მურვედრზე გადააქვთ. ვეკეირასზე უფრო ენერგიული ღვინო ითქმის, ვიდრე დახვეწილი. არსებობს თეთრი ვაკეირასიც (ბურბულენი და რუსანი). წითელი ღვინო მშვენივრად ვითარდება 10-15 წლის განმავლობაში. გამოირჩევა ინტენსიური ხილის არომატითა და მოცხარის ტონებით. გემო ჰარმონიული აქვს, ხავერდოვანი ტანინებით. კარგია ცხვრის ხორცთან, შემწვარ ფრინველთან, თხის ყველთან და ზოგიერთ სუბპროდუქტთან (თირკმელი).
Côtes du Rhône – მხარის ძირითადი აპელასიონია და ამიტომ ნებისმიერი სახის კოტ დიუ რონის შეიძლება ხელში ჩაგივარდეთ, ჩალისფერიდან და ღია ვარდისფერიდან დაწყებული – კრამიტისფერიტა და მუქი ლალისფერით დამთავრებული. შეხვდებით დახვეწილ მსუბუქ ღვინოსაც და ნამდვილ ალკოჰოლურ მონსტრებსაც. საფრანგეთში, სუპერმარკეტში შესულებს, ღვინის თაროებიდან ყველაზე მეტი Côtes du Rhône-ის ეტიკეტები შემოგეფეთებათ, ამიტომ განსაკუთრებული გამოცდილება გჭირდებათ, ან კარგი გზამკვლევი, რათა ამ სიმრავლიდან ღირსეული ამოარჩიოთ. საუკეთესო მწარმოებლები: Cantheride, Bel Air, Chapoutier, Guigal, Lionnet, Grand Moulas.
Côtes du Rhône Villages – ცალკე აპელასიონად 1993 წელს გაფორმდა. ძირითადად წითელ ღვინოს წურავენ, უმაღლესი ხარისხისას, მთავარი ჯიში გრენაშია (არაუმეტეს 65%), ასევე სირა, მურვედრი, სენსო და კარინიანი, საიდანაც ძალზე მხნე ღვინო გამოდის მიწისა და მალინის ტონებით. სხეულიანი, მრავალფეროვანი და შინაარსიანი. საუკეთესო მწარმოებლები: Alary, L’Oratoire St-Martin, Meffre, Brusset.
Tavel – ავინიონის დასავლეთით, კირქვიან ნიადაგზე გაშენებული ვენახებიდან (ფართობი 759 ჰექტარი) დაწურული ღვინო. ნებისმიერი ტაველი ვარდისფერია (rose) და მას არამხოლოდ საფრანგეთის, არამედ მსოფლიოს საუკეთესო ვარდისფერს უწოდებენ. იყენებენ გრენაშს, სენსოს, სირას, მურვედრსა და კარინიანს. ძალიან მშრალი ღვინოა, რასაც ხშირად სხვადასხვა არომატი ეწირება ხოლმე. ტანინიანია და საკმაოდ დაბალი მჟავიანობით. ბოლოდროინდელი ტექნოლოგიური მიღწევები ხილის კომპონენტებისა და მჟავიანობის გაზრდის საშუალებას იძლევა. ღვინო 4-5 წელი შეიძლება ევოლუციონირდეს, თუმცა აპოგეას რთველიდან 2-3 წლის შემდეგ აღწევს. არომატში ყვავილებისა და ხილის ტონები გამოიყოფა, კარგია თევზთან, ძეხვეულთან, შემწვარ გულ-ღვიძლთან. საუკეთესო მწარმოებლები: Guigal, Trinquevedel.
Lirac – ტაველის აპელასიონის სიახლოვეს, 650 ჰექტარის ფართობზე გაშენებულია ვენახი, სადაც წითელი ღვინის ჯიშების გარდა თეთრებსაც ბევრს შეხვდებით. ლირაკი ძირითადად წითელი ან ვარდისფერია. აყენებენ ძალზე დახვეწილ ღვინოს, რომელიც საკმაოდ იაფიც ღირს. წითელი შატონეფ-დუ-პაპის შედარებით მსუბუქი ვარიანტია. ვარდისფერი, ზოგის აზრით მძიმეა, ოზ კლარკი კი მიიჩნევს, რომ ასეთი სამხრეთი რეგიონისთვის იგი ძალზე ცოცხალი და მოქნილია. არსებობს თეთრი ლირაკიც. წითელ ლირაკს მუქი ლალისფერი აქვს, მწიფე ქლიავის, კაკაოსა და ალუბლის ლიქიორის არომატით. კარგია სტეიკთან. საუკეთესო მწარმოებლები: Aqueria, Maby, Fermade, La mondoree.
სამხრეთული ღვინოებიდან კიდევ მრავალის გამოყოფა შეიძლება (მათ შორის საუკეთესოებია Rasteau, Côtes du Luberon, Côtes du Vivarais, Costiere de Nimes, Coteaux du Tricastin, Côtes du Ventoux, Chateau Pesquie), თუმცა ამჯერად სჯობს რონის იმ რაიონზე ვისაუბროთ, სადაც ყველაზე დიდხანს მომიწია ყოფნა და შესაბამისად, ყველაზე მეტი გავიგე იქაური მეღვინეობის თავისებურებათა შესახებ.

საფრანგეთის რაჭაში

საუბარია მდინარე დრომის ულამაზეს ხეობაზე და მხარეზე, რომელიც ვალანსის გადასახვევიდან იწყება და ალპებამდე აღწევს. ამ მხარეს რონის ალპებსაც უწოდებენ, იგი შედარებით აღმოსავლეთითაა, რონის სხვა აპელასიონებისგან მოშორებით და ამიტომ არც სამხრეთულებს მივაკუთვნე ეს ადგილი და არც ჩრდილოეთს. დისა და შატიიონ ენ დიუაში გაშენებული ვენახები ამ ორ რეგიონს შუაა მოქცეული და მდინარე დრომი იდეალურ გამყოფს წარმოადგენს ჩრდილოეთ და სამხრეთ რონას შორის.
პატარა ქალაქ დიში რამდენიმე დღე გავჩერდით და ამ დროის მანძილზე ძალიან ბევრი საინტერესო რამ ვნახე. თავიდანვე გეტყვით, რომ ეს რეგიონი შესანიშნავი ცქრიალა ღვინით, Clairette de Die-თია განთქმული და ამიტომ ყველაფერს ამ აპელასიონის სუნი უდის და ყველა მარანში, კაფესა თუ ბარში ეს სახელი ტრიალებს. ხალხი ძალიან გულთბილია, კარგი სტუმარმასპინძლობა იციან და საერთოდაც, რაჭას მაგონებდა ეს მხარე ვენახებითაც და მთებითაც. იქ რამდენიმე მეგობარიც გავიჩინე, მათ შორის მეღვინეეები, რომლებიც, მიუხედავად იმისა, რომ ფესტივალის ორგანიზატორებისგან ღვინო არ მოგვკლებია, ყოველთვის ხელდამშვენებულები მოდიოდნენ ხოლმე სხვადასხვა ღვინოებით. ჩვენც ვხსნიდით ხოლმე და ვაგემოვნებდით ერმიტაჟს, ალიგოტედან დაწურულ შატიიონ ენ დიუას, ვაკეირასს და მუსკატის არომატულ ღვინოს.
დრომის ნაპირები რამდენიმე არაჩვეულებრივი ყველითაა განთქმული, მათ შორის კი პიკოდონი საუკეთესოა. ეს ყველი ჩემთვის აღმოჩენა იყო, იგი გარეგნულად მართალია ჩვენებურ, ფშაურ დამბალ ხაჭოს გავდა, მაგრამ გემომ ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბა. საერთოდაც იქ ყველი დიდი კალათით მოაქვთ, რომელსაც ცაცხვის ფოთოლი აქვს ამოფენილი და პირთამდეა სავსე სხვადასხვა სახეობის ობიანი თუ ჭყინტი მარგალიტით. მასპინძლებმა საუზმეზე ერთიორჯერ უგემრიელესი ვენახის ატამიც გამოგვიტანეს და როცა ვუთხარით, “ჩვენთან ამას ვენახის ატამს ვეძახით მეთქი” - გახარებულებმა დაგვიდასტურეს, რომ მათთანაც იგივე სახელი ჰქონდა ამ ჯიშის ატამს.
დის ვენახები ვერკორის ქედის ძირასაა გაშენებული, თავად დი კი გლანდასის უზარმაზარი მთის ჩრდილქვეშაა მოქცეული. აქ კარგად ერწყმის ერთმანეთს მთისა და პროვანსის ცხელი ჰავა, ყურძენი კი ძირითადად 200-700 მეტრის სიმაღლეზე მოჰყავთ და ამის გამო ითვლება, რომ დის ვენახები ყველაზე მაღალია მთელს საფრანგეთში.
ღვინის ნამდვილი წარმოება დიში 18-ე საუკუნეში დაიწყო და პირველი მარნებიც მაშინ შეიქმნა. 20-ე საუკუნის 40-იან წლებამდე მხოლოდ კერძო მარნები იყო და არც აპელასიონები არსებობდა, აქაური ღვინო კი ძირითადად ლიონისა და გრენობლის კაფეებში იყიდებოდა. იდეა, დის მხარეში კოოპერატივის შექმნის შესახებ, 1926 წელს იშვა, სისრულეში კი მხოლოდ 1950 წელს მოვიდა ეს ჩანაფიქრი. საქმეს ანრი ბონე ედგა სათავეში, Jaillance-ის ქარხნის დამაარსებელი. თავიდან სულ 25 ჰექტარი ვენახი ჰქონდათ და 80 000 ბოთლს ასხამდნენ, დღეს კი მარტო კლერეტი ისხმება 8 მილიონი ბოთლი.
Clairette de Die - პირველი თარიღი კლერეტის ისტორიაში, ძვ. წ. 77 წელია და პირველი ნაბიჯებიც ამ ღვინის წარმოებაში რომაელების სახელს უკავშირდება (აქაური ღვინო პლინიუსსაც აქვს ნახსენები თავის Naturalis Historia-ში). არსებობს ლეგენდაც, რომლის მიხედვით ერთ-ერთ მეღვინეს ყურძნის წვენით სავსე ამფორა მდინარე დრომში დარჩენია მთელი ზამთრის მანძილზე, გაზაფხულზე კი, როცა გაყინული მდინარე გამლღვალა და მეღვინეს ამფორისთვის თავი მოუხდია, იქიდან შუშხუნა, ცქრიალა ღვინოს ამოუხეთქავს. დღეს ეს ლეგენდა, შეიძლება ითქვას, მეთოდად იქცა, ჩემი თვალით ვნახე, კლერეტისთვის განკუთვნილ საუკეთესო მტევნებს როგორ აყრიდნენ ყინულს და დასაწურად ამზადებდნენ.
დის ტრადიციული ტექნოლოგია ცოტათი განსხვავდება კლასიკური შამპანურის ტექნოლოგიისგან, ამიტომ ამ სხვაობის უკეთ წარმოსაჩენად სჯობს ცოტა დაწვრილებით მოგითხროთ შამპანური და ცქრიალა ღვინოების შესახებ.
შამპანურის დაყენება საკმაოდ რთული პროცესია. ყურძენს სამჯერ წურავენ და მისგან სამგვარ წვენს იღებენ. cuvee პირველი გამონაწურია, ყველაზე მაღალი ხარისხისა, პირველადი ტკბილი – მეორე გამონაწური და მეორადი ტკბილი – მესამე გამონაწური, რომელიც დაბალი ხარისხისაა და შამპანურში იშვიათად იყენებენ. ამის შემდეგ წვენი დუღს რკინის ან მუხის კასრებში, შემდეგ კი იწყება კუპაჟირება, ამ დროს შამპანური თავის უნიკალურ გემოს იძენს და დგება დრო მთავარი პროცესისა, რომელიც ბოთლებში ჩამოსხმით იწყება. ღვინოს საფუარის ბაქტერიებსა და შაქრის ხსნარს უშვებიან, ანუ მზადდება ე.წ. liqueur de tirage, სატირაჟე ლიქიორი და უკვე მეორედ, ამჯერად ბოთლებში იწყება ფერმენტაცია (დუღილი), რომელიც რამდენი თვე გრძელდება და მთელი ამ დროის მანძილზე ბოთლებს აბრუნებენ ხოლმე, რათა ლექმა ერთ ადგილას მოიყაროს თავი. დაძველების შემდეგ რემიუაჟის (remuage) ოპერაციის ჯერი დგება, ანუ ლექი საცობზე გადადის და უკვე ვერტიკალურ მდგომარეობამდე მისულ ბოთლს, დეგორჟირების (dégorgement) პროცესი უტარდება. ამ დროს ღვინის გარკვეულ მოცულობას ბოთლის ყელში, საცობთან - იქ, სადაც ლექი იყრის თავს, - ყინავენ და შემდეგ ამ ყინულს ლექიანად აცლიან. ეს გახლავთ კლასიკური შამპანური ტექნოლოგია, რისგანაც Clairette de Die-ს ტექნოლოგია განსხვავდება. საქმე ისაა, რომ კლერეტში ცქრიალი და შუშხუნი არ მიიღწევა მეორადი ფერმენტაციითა და სატირაჯე ლიქიორით, არამედ პირველივე ფერმენტაცია ბოთლებში სრულდება. ამას ტრადიციულ Dioise ტექნოლოგიას უწოდებენ.
დიში რთველი დაახლოებით 6 კვირა გრძელდება (ადგილების მიხედვით), რის შემდეგაც ყურძენი სერიოზულ შემოწმებას გადის და 2-3 საათში ტკბილიც მზადაა. ფერმენტაცია 4 გრადუსზე ხდება, მეორე ეტაპი კი 8-12 თვე, 7 გრადუსზე გრძელდება. ეს პროცესები ძალიან საინტერესო სანახავია, მითუმეტეს, რომ ჩვენ, მხარეში საუკეთესო ქარხანაში მოგვიწია ამაზე თვალის დევნება. Jaillance-ს საწარმო, რომელიც დის ყველა მეღვინეს აერთიანებს, საფრანგეთში ერთ-ერთ საუკეთესო ცქრიალა ღვინოებს აყენებს. Jaillance-ის სარდაფებში 8 მილიონზე მეტი ბოთლია და ისინი უზარმაზარ ყუთებშია მოთავსებული (თითოში 600 ბოთლი ეტევა). განათება სარდაფში მბჟუტავია, იდუმალი და იქ მოსეირნეზე, თითოეულ ბოთლში მიმდინარე პროცესებზე ფიქრის გარდა, ეს განათებაც მოქმედებს. ტემპერატურაზე აღარაფერს ვამბობ, იქ მუდმივად 7-8 გრადუსია და მთელი ამ ცივი ლაბირინთის მოხილვის შემდეგ სტუმარი უკვე მზადაა, რათა საუკეთესო შუშხუნები დააგემოვნოს და მნიშვნელობა არა აქვს გიყვარს თუ არა ეს სასმელი, მთავარია, რომ ნაღდს სინჯავ, ნამდვილ ცქრიალა ღვინოს.
მე არ მივეკუთვნები ცქრიალა ღვინის ტრფიალთა რიცხვს, თუმცა როგორ არ დაუჯეროს კაცმა სახელოვან ოზ კლარკს, ბრწყინვალესა და უმაღლესი ხარისხისას რომ უწოდებს Clairette de Die და როგორ არ მოსვას თითო ჭიქა აპერეტივზე, ჭამის წინ?!
Clairette de Die-ს მართლაც გასაოცარი არომატი აქვს. ასეთი აქამდე არაფერი მქონდა დალეული და სიმართლე გითხრათ ცოტა გამაკვირვა კიდეც ამ გემომ. საქმე ისაა, რომ ამ დასახელების ცქრიალა ღვინოში ორიგინალური ჯიშის, კლერეტის წილი სულ რაღაც 25%-ია, მაშინ როცა, ძირითადი, 75% მუსკატზე მოდის (Muscat a petits grains, მუსკადელსა და მუსკადეში არ უნდა აგვერიოს), ჯიშზე, რომელიც გასაოცარი არომატით გამოირჩევა და ღვინოც შესაბამისი დახვეწილობით გამოირჩევა. იქ ყოფნისას ათამდე სხვადასხვა სახის კლერეტი დავლიე, თუმცა, როგორც ამბობენ, ყველას მაინც 90-10% შეფარდებიანი (სადაც მუსკატი 90 პროცენტია), ანდა სულაც 100-იანი სჯობს, საერთოდ კი საუკეთესო Clairette de Die Cuvée Impériale და Cuvée Excellence გახლავთ.
კლერეტის გარდა ქარხანა შესანიშნავ Crémant de Die-საც ასხამს, მშრალ ცქრიალა ღვინოს (Brut), ასევე Crémant de Bordeaux (Brut, Demi-sec, Rosé), Crémant de Bourgogne (Brut), Vouvray (Brut, Demi-sec). კრემანში კლერეტის წილი 100%-ია, კრემან დე ბორდოში კაბერნე და მერლო (Rosé), სემიიონი, სოვინიონი, იუნი ბლანი და მუსკადელი (Demi-sec), Vouvray-ში კი 100% შენინ ბლანია (ლუარას თეთრი პინო).
ასხამენ ღვინოსაც, AOC Châtillon en Diois-საც, რომელიც იაფი, მაგრამ ხარისხიანი და გემრიელი ღვინოა. მე რამდენიმე შატიიონი გავსინჯე და მათ შორის ყველა მეტად Châtillon en Diois Domaine de la Gouyarde მომეწონა, რომელსაც ალიგოტეს ჯიშის ყურძნისგან წურავენ. საერთოდაც თეთრ შატიიონებს ძირითადად ალიგოტესა და შარდონესგან აყენებენ, წითელსა და ვარდისფერს კი მეტწილად გამესგან (ცოტაოდენ სირასა და პინო ნუარსაც უმატებენ).

ეპილოგი

რონის ნაპირებზე უკვე წლევანდელ, ახალ ღვინოს სინჯავენ, აფასებენ, არჩევენ, აუმჯობესებენ. დაძველებაზე ფიქრისას ზოგს მუხის ჩიფსებისკენ გაურბის თვალი, ზოგი კი ახალი კასრების ძიებაში ამერიკას სტუმრობს. რონაში უფრთხილდებიან ტრადიციებს, თუმცა როგორც ამბობენ, ბოლო წლებში შესანიშნავი ახალი თაობა მოვიდა, რომელთაც ახალი დასახელებები, ახალი ხარისხი და რაც მთავარია, იმიჯი მოუტანეს მშობლიურ ღვინოს. ეს უკვე ყველგან ჩანს, მსოფლიოს ნებისმიერ კონტინენტზე აღმოაჩენს კაცი “რონული რენესანსის” ნიშნებს და იმედს ვიტოვებთ, რომ ოდესმე ქართველ მეღვინეებსაც გამოადგება რონელი კოლეგების ბოლოდროინდელი გამოცდილება.

2006, ნოემბერი
© „მარანი“

ვაზის გაჩეხვა ხელისუფლების პრობლემა არ არის



















ზვიად რუაძე
კახეთიდან


კახელ გლეხებს ხელისუფლებამ მუქარა ჯერ კიდევ რთვლის დაწყებამდე შემოუთვალა. ამის მიუხედავად, გურჯაანელმა გლეხებმა ვაზის მასობრივად გაჩეხვა დაიწყეს. მიზეზი ყურძენზე დაწესებული ფასები გახდა, რომელიც, როგორც კახელები ამბობენ, ერთი კილოგრამი ყურძნის თვითღირებულებასაც ვერ ფარავს. ამ ფაქტს სოფლის მეურნეობის სამინისტროში მშვიდად შეხვდნენ.

„ჩივილის მაგივრად გლეხებს ურჩევნიათ, რომ ყურძენი ჩაწურონ, გადაყრას რას გამორჩებიან? იმათ კი, ვისაც მიტინგები და დემონსტრაციები სურთ გამართონ და სკანდალის მოწყობას შეეცდებიან, მინდა ვუთხრა, რომ ამას არავის ვურჩევ. ყველა ასეთი ადამიანი გაიშიფრება და დაისჯება," - ასეთი მუქარა კახელ გლეხებს რთვლის დაწყებამდე სოფლის მეურნეობის მინისტრმა პეტრე ცისკარიშვილმა შეუთვალა. მინისტრის ამ განცხადებას გურჯაანის რაიონში სპეცრაზმის მობილიზება მოჰყვა. მოგვიანებით კი მთავრობამ დანაპირები შეასრულა და სოფელ ველისციხეში მშვიდობიანი მოქალაქეები დაარბია. თუმცა ამ ამბავს სოფლის მეურნეობის სამინისტროს რთვლის ორგანიზებულად ჩატარებისთვის შექმნილ შტაბში სკანდალური განმარტება მოჰყვა. „გლეხებმა დამპალი ყურძნის მაღალ ფასად ჩაბარება მოითხოვეს. სინამდვილეში კი მოსავალს ან შეწამვლა დააკლდა, ან ამინდმა დააზიანა. გლეხს ეს არ აინტერესებს და ხელისუფლებას ადანაშაულებს. ასეთი ადამიანები ნამდვილად უნდა დაისაჯონ," - ასეთი შეფასება მისცა ველისციხეში მომხდარ ინციდენტს ადგილობრივი მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში შტაბის ხელმძღვანელმა აკაკი სიხარულიძემ.
საპროტესტო აქციებისა და გზების გადაკეტვის ნაცვლად, კახელმა გლეხებმა პროტესტის უკიდურეს ზომებს მიმართეს. გურჯაანელმა ავთო ყალაბეგაშვილმა ახლად გაშენებული ნახევარი ჰექტარი საფერავის ჯიშის ვაზი ცრემლებით და ხელის კანკალით მთლიანად გაჩეხა. „ჩემს ოჯახს ვერ ვუვლიდი ისე, როგორც ამ ვაზს. შვილივით ვეფერებოდი და ველაპარაკებოდი, მაგრამ ამ გადაწყვეტილებამდე ხელისუფლებამ მიმიყვანა. კილოგრამ საფერავს 40 თეთრი დაადეს და მისი გადახდაც ენანებათ. ქარხანაში მითხრეს, ნაწილს მაისში გაგისტუმრებთო. ავდგები, ბალახს დავთეს და ტუკებად გავყიდი. მას უფრო ფასი აქვს," - ამბობს ავთო ყალაბეგაშვილი.
ავთო ყალაბეგაშვილი ერთადერთი გლეხი არ არის, რომელმაც კახეთში ვაზი ამოძირკვა. პროტესტის ასეთი ფორმით ხელისუფლებას ახაშნელებიც ემუქრებიან. „სააკაშვილის მთავრობა ზუსტად იმას აკეთებს, რაც საუკუნეების წინ შაჰ-აბასმა დაგვმართა. ხელისუფლებამ ცარიელი სიტყვებით მაინც დაგვაიმედოს, ტელევიზიით კახელი გლეხისათვის შეურაცხმყოფელ კლიპებს რომ აჩვენებენ. ცისკარიშვილმა იცის, რა არის ვაზი, როგორ უნდა მას მოვლა და ჩვენ არა? ამ კლიპების გადაღებაში დახარჯული თანხით მთავრობას კახელი გლეხის პრობლემის მოგვარება ერჩია," - ამბობს ახაშენელი გია გაგნიძე.
საგულისხმოა, რომ შარშანდელთან შედარებით წელს კახეთში ყურძნის უხვი მოსავალია. ფასები კი, როგორც გლეხები ამბობენ, საგრძნობლად დაბალია. ერთი კილოგრამი რქაწითელის ღირებულება 19-20 თეთრს, ხოლო საფერავის ფასი 40 თეთრს არ აღემატება.
ქართველ მეღვინეთა განცხადებით, ყურძენზე ფასის დაცემა რუსეთის მიერ დაწესებულმა ემბარგომ გამოიწვია. ქარხნებს შარშან წარმოებული ღვინის რეალიზება ვერ მოუხდენიათ, ისინი მხოლოდ საკუთარ ვენახებს კრეფენ და წლის მარაგს ამით ავსებენ.
კახელი გლეხის უკიდურეს ზომამდე მიყვანას გუშინვე „კონსერვატორები“ გამოეხმაურნენ და მომხდარში ხელისუფლება დაადანაშაულეს. რთვლის ორგანიზებულად ჩატარებისათვის შექმნილ სპეციალურ შტაბში კი მისმა ხელმძღვანელმა აკაკი სიხარულიძემ ასეთი კომენტარი გააკეთა: „ეს ჩვენი პრობლემა არ არის. ვისაც ვენახის გაჩეხვა უნდა, გაჩეხოს!"

© „24 საათი“

Pernod Ricard-ის ახალი კამპანია


კომპანია Pernod Ricard-მა 5 მილიონი გამოყო იმისთვის, რათა მომხმარებელს აუხსნას, რომ სასმელის დალევა პასუხისმგებლობას მოითხოვს. ამ კამპანიის წამოწყება სამწუხარო სტატისტიკამ განაპირობა, კერძოდ, საგზაო შემთხვევების დიდმა რაოდენობამ. ადამიანთა 99%-მა კარგად იცის, რომ საჭესთან ნასვამი ჯდომა არ შეიძლება, თუმცა დარწმუნებულია, რომ კონკრეტულად მის შემთხვევაში არაფერი მოხდება.Pernod Ricard-ი კამპანიის გაგრძელებას წლების მანძილზე აპირებს და მასზე სარეკლამო ბიუჯეტიდან დაახლოებით 15%-ის დახარჯვას გეგმავს.

Cornas-ის ვენახები საფრთხეშია


საფრანგეთში, რონის ჩრდილოეთ რაიონში მდებარე Cornas-ის ორი ვენახი, Les Mazards და Les Chaillots-La Cote განადგურების საფრთხეშია. ორივე მათგანი მოხვდა სოფელ Cornas-ს ურბანიზაციის პროექტში, რომელიც 2005 წლიდან განიხილება. ვენახების ფართობი მთლიანად Cornas-ის ტერიტორიის 100 ჰექტარიდან მხოლოდ 3,4 ჰექტარს შეადგენს.
Cornas-ის მეღვინეთა კავშირი ხელმოწერებს აგროვებს ვენახების გადასარჩენად.
© „მარანი“

Thursday 27 September 2007

ენოლოგები - მეღვინეები გასტროლებზე მიდიან



ისინი გადამფრენ ფრინველებს ჰგვანან, თუმცა, ჩიტებისგან განსხვავებით, თბილ ქვეყნებში გამოსაზამთრებლად კი არა, კოლეგების დასახმარებლად ჩადიან. ხუმრობით `გადამფრენ მეღვინეებს` ეძახიან, სამეცნიერო ენაზე კი ენოლოგები, ანუ ღვინის სპეციალისტები ჰქვიათ. გარკვეულ საფასურად ისინი მზად არიან მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში გაემგზავრონ და ადგილობრივ მწარმოებლებს კვალიფიციური რჩევებით დაეხმარონ. ღვინის დაყენების ტექნოლოგიის გარდა, მათ ფუნქციებში ახალი სამარკო ნიშნების პოპულარიზებაც შედის.
მეღვინეობა ევროპაში პრესტიჟული საქმიანობაა. არანაკლებ აზარტული, ვიდრე ბანკის ან სამრეწველო კომპანიის მართვა, თუმცა, საყოველთაო აღიარება არ მოაქვს. რასაკვირველია, ამ სფეროშიც არსებობენ ვარსკვლავები, რომელთაც ცალკეული რეგიონების მეღვინეობაზე მოახდინეს გავლენა და თავიანთი სახელი ცნობილ სავაჭრო მარკად აქციეს, თუმცა, მათი რიცხვი არცთუ დიდია. მიგელ ტორესი (Miguel Torres-ფოტოზე), ჟორჟ დიუბოფი (Georges Duboeuf), მარსელ გიგალი (Georges Duboeuf) ანჯელო გაია (Angelo Gaja), პიერო ანტინორი (Piero Antinori); სამწუხაროდ, ძველი დროის ენოლოგთაგან მეტს ვერავის დაგისახელებთ და ამას თავისი ობიექტური მიზეზი აქვს.
საქმე ის გახლავთ, რომ ევროპელებს ღვინის დამამზადებელზე მეტად სასმელის წარმომავლობა და ხარისხი აინტერესებდათ და აინტერესებთ. ხანდახან სასიამოვნო თანხვედრა ხდება, როგორც, დომინიკ ლაფონის (Dominique Lafon), ჟერარ შავისა (Gerard Chave) და ოლივიე უმბრეშტის შემთხვევაში. ამ უკანასკნელმა 1998 წელს საერთაშორისო კონკურს WINE -ზე თეთრი ღვინის კატეგორიაში `წლის მეღვინის` წოდება და ლენ ევანსის (Len Evans Trophy) პრემია დაიმსახურა. უნდა აღვნიშნოთ, რომ ეს ადამიანები საკუთარ თავს მეღვინეებს კი არა, ვინერონებს (vignerons) ანუ მევენახეებს უწოდებენ.

ვინ არიან ვინერონები

ვინერონი ის ადამიანია, რომელიც ვენახში იმდენსავე დროს ატარებს, რამდენსაც ღვინის სარდაფში. ფრანგებს მეღვინეების არ სწამთ. მათი აზრით, საუკეთესო მეღვინე თავად ადგილის დედაა, თუმცა, რეგიონებში, სადაც vin de pays კატეგორიის ღვინოებს ამზადებენ, მოსაზრება - `ღვინოს ღმერთი ქმნის` - არაპოპულარულია. სწორედ იქ და არა ელიტურ საწარმოებშია გავრცელებული ღვინის მარკირება მეღვინის სახელით.
ცნობილ ვენახს სახელგანთქმული მეღვინე აღარ სჭირდება. კარგი ენოლოგის დაქირავება მხოლოდ იმ შემთხვევაში მოგიწევთ, თუ გადაწყვიტეთ, თქვენი ღვინო წარმატებულ ბრენდად აქციოთ, ვენახს კი საუკუნეების ისტორია არა აქვს. სწორედ ასე მოიქცნენ ტოსკანელები, რომელთაც ცნობილი ენოლოგები, მაურიციო კასტელი (Maurizio Castelli) და ფრანკო ბერნაბეი (Framco Bernabei) დაიქირავეს. ასეთივე ვითარებაა არა მხოლოდ რიოხასა და მენდოზაში, არამედ მაჯისა (Mudgee და ჰანტერ ველიშიც (Hunter Valley) კი. ახლა გასაგებია, რატომ გაიზარდა ბოლო 15 წლის განმავლობაში ასე ძალიან მოთხოვნა მოწვეულ ენოლოგებზე. `გადამფრენი მეღვინეებიდან` ყველაზე ცნობილნი მიშელ როლანი (Michel Rolland) და ემილ პეინო (Emile Peynaud) არიან, რომელთაც საკუთარ მაგალითზე გვიჩვენეს, რა შეუძლიათ ამ პროფესიის ადამიანებს.

დაბალი მჟავიანობის აპოლოგეტი

თანამედროვე ენოლოგთაგან ემილ პეინო ყველაზე ცნობილია. ამჟამად პენსიაზეა. თავის დროზე კი ბორდოს უნივერსიტეტში ლექციებს კითხულობდა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში კოლეგებს კონსულტაციებს უწევდა. პეინომ ბორდოელი მეღვინეების აზროვნება შეცვალა. სწორედ მისი მოღვაწეობის პერიოდში გაითქვა სახელი იქაურმა პროდუქციამ. XX საუკუნის 80-იან წლებში ბორდოში დამზადებული ღვინო დახვეწილი, ელეგანტური და მდიდრული არომატით გამოირჩეოდა.
პეინოს სახელს ღვინის წარმოებაში არაერთი სიახლე უკავშირდება. მეღვინეებს რაც შეიძლება მწიფე ყურძნის მოკრეფას ურჩევდა. მისი აზრით, ეს იყო ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც კარგი ღვინისკენ მიმავალ გზაზე ადამიანს ევალებოდა, დანარჩენზე უკვე `მწიფე` ტანინები იზრუნებდნენ. `ნაკლებად ჩავერიოთ ბუნებრივ პროცესებში` - ასეთი გახლდათ პეინოს დევიზი.
იგი არასოდეს აქცევდა ყურადღებას ენოლოგთა განსხვავებულ მოსაზრებებს ღვინის მჟავიანობის შესახებ, რადგან ზუსტად იცოდა, რომ წითელი ღვინის ხარისხის მთავარი განმსაზღვრელი მისი დაბალი მჟავიანობა იყო. სწორედ პეინომ გამოარჩია შატოს ვენახების საუკეთესო ღვინოები დანარჩენთაგან; პრაქტიკაში დანერგა Grand Vin კლასის ღვინოების ჩამოსხმა `პირველი ხარისხის` ნიშნით, სხვები კი მეორე და მესამე ხარისხიანის იარლიყით უნდა გაეყიდათ.
წლებს თავისი მიაქვს. ბოლო დროს პეინო იშვითად ტოვებს ბორდოს. სამაგიეროდ ჰყავს მემკვიდრე, რომელიც ამ `დანაკლისს` გადაჭარბებით უნაზღაურებს.


ზებგერითი სიჩქარის ფრინველი

`გადამფრენი` მეღვინეები ბევრია, თუმცა, მათ შორის მხოლოდ ერთი ავითარებს ზებგერით სიჩქარეს. ეს მიშელ როლანი გახლავთ, რომელიც ბორდოს რეგიონის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ რაიონში, პომროლში ცხოვრობს. თუმცა, იქ მას იშვიათად ნახავთ, რადგან ძირითად დროს თავის მრავალრიცხოვან კლიენტებთან ატარებს. გამომდინარე იქედან, რომ ეს ადამიანები დედამიწის სხვადასხვა წერტილში ცხოვრობენ, როლანი თითქმის ჰაერშია გამოკიდებული - წელიწადში დაახლოებით 167 რეისს ასრულებს.
`საუკეთესო ღვინო მხოლოდ კარგად დამწიფებული მარცვლისგან მიიღება` - დარწმუნებულია როლანი, თუმცა, არც იმას მალავს, რომ ბორდოსა და ბურგუნდიის მსგავს რეგიონებში ასეთი შედეგის მიღება არცთუ იოლია. ყურძნის უკეთ დასამწიფებლად იგი ორ ტექნოლოგიას გვთავაზობს: პირველი - effeuillage, ანუ ფოთლების მოცილება, რათა მტევანს მეტად მოხვდეს მზე და ჰაერი და მეორე - eclaircissage, ანუ ერთ ძირზე მტევნების რაოდენობის შემცირება ვაზის ფესვზე დატვირთვის შესამცირებლად.
ისტორიულად მეღვინეობა ორ სამეცნიერო დისციპლინას – ენოლოგიას (მეცნიერება ღვინის შესახებ) და ვიტიკულტურას (მევენახეობა) აერთიანებს. ეს უკანასკნელი ვენახისა და ყურძნის ჯიშების გამოყვანის საკითხებს შეისწავლის. რაც დრო გადის, მეღვინეები მეტად აცნობიერებენ, რამდენად მნიშვნელოვანია ნედლეული საბოლოო შედეგის, ანუ კარგი ღვინის მისაღებად, ამიტომ როლანის ტიპის ენოლოგები ყურძნის ხარისხს განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევენ.
თავისი მასწავლებლის მსგავსად, როლანიც ამტკიცებს, რომ ყურძენი რაც შეიძლება გვიან უნდა დავკრიფოთ და შემდეგ მისი მაცერაცია მოვახდინოთ. ეს სასმელის ფერს, გემოსა და ხარისხს გააუმჯობესებს. ცნობილი ენოლოგი იმასაც გვირჩევს, რომ ღვინო აუცილებლად მუხის ახალ კასრში შევინახოთ, რადგან ძველში გოგირდის მჟავა გროვდება. `ამბობენ, რომ ხეზე ჭკუა მეკეტება. სინამდვილეში, მუხის კასრს ღვინის ხარისხის გასაუმჯობესებლად ვიყენებ და არა მისთვის ხის გემოს მისანიჭებლად. ჩემი მიზანია, სასმელში ჰარმონია და წონასწორობა იგრძნობოდეს` - ამბობს როლანი.


ახალი სამყაროს თავისებურება

დღესდღეობით მსოფლიოს უამრავი ქვეყნის სუპერმარკეტი გადავსებულია სხვა ცნობილ `გადამფრენთა` პროდუქციით. კიმ მილნი (Kym Milne), ჰიუ რაიმონი (Hugh Ryman), ჟაკ ლიურტონი (Jacques Lurton), ჯონ ვორონჩაკი (John Worontschak) და პიტერ ბრაიტი (Peter Bright) კარგა ხანია არცთუ ურიგო ღვინოებს ამზადებენ, თანაც, არც ისე მაღალი ხარისხის ნედლეულისგან. წარმატებამ კიდევ უფრო გააძლიერა საზოგადოების ინტერესი მათ მიმართ. თავად ენოლოგები ამ ფაქტს შესაშური ობიექტურობით ხვდებიან. `გადამფრენ მეღვინეთა როლს მავანნი გადამეტებულად აფასებენ - ამბობს კიმ მილნი. - ბედი ღვინის იმ მწარმოებლებს უღიმის, ვინც საკუთარ გამოცდილებას ეყრდნობა და სხვათა დახმარების იმედად არ ცხოვრობს. კლიენტთან არასოდეს მივფრინავთ იმ განწყობით, რომ ვიღაც იდიოტს ღვინის დაყენება ვასწავლოთ. ეს მათ უჩვენოდაც იციან`.
მილნის აზრით, მოდა დაქირავებულ მეღვინეებზე მალე გადავა. `ჩვენი მისია თითქმის ამოწურულია - ამბობს იგი, - მსოფლიოში ძალიან ცოტაა ქვეყანა, სადაც ჯერ კიდევ ვჭირდებით.`
ევროპაში `გადამფრენი მეღვინეები` უკვე დასაფრენად ემზადებიან, ახალი სამყაროს ქვეყნებში კი ისინი კვლავ პოპულარობის პიკზე რჩებიან. ეს განსაკუთრებით თვალშისაცემია კალიფორნიაში, სადაც წამყვან მეღვინეებს ავტოგრაფებს ართმევენ, მათ სახელებს ახალ კომეტებს არქმევენ და ეთაყვანებიან. ერთი სიტყვით, საკულტო ფიგურები არიან.
პირველი მერცხალი, რომელმაც კალიფორნიელ მეღვინეებს დახმარება შესთავზა, რობერტ მონდავი (Robert Mondavi) გახლდათ. 1966 წელს მან Napa Valley-ში ღვინის საწარმო გახსნა და თავისი საქმიანობით მეღვინის სტერეოტიპი სრულიად შეცვალა. მანამდე კალიფორნიაში ადგილობრივი მწარმოებლები – გალო (Gallo), სებასტიანი (Sebastiani) და ლუის მარტინი (Louis Martini) მოღვაწეობდნენ, თუმცა, მონდავიმ ფურორი მოახდინა და მეღვინეობა არაფრით გამორჩეული პროფესიიდან ელიტურ საქმიანობად აქცია.
კიდევ ერთი ქვეყანა, რომელმაც კარგი მეღვინეებით გაითქვა სახელი, ავსტრალიაა. ჯეფ მერილი (Geoff Merrill), ვოლფ ბლასი (Wolf Blass), ბრაიან კროზერი (Brian Croser), ჯეიმს ჰელიდეი (James Halliday), ჯონ დიუვალი (Jon Duval), შტეფენ ჰენშკე Stephen Henschke) - სწორედ ამ ადამიანებმა გაიტანეს მსოფლიო ასპარეზზე ავსტრალიური ღვინო. მათ შორის ყველაზე გამორჩეული ვოლფ ბლასია, რომელსაც `ავსტრალიელ მონდავისაც` უწოდებენ. წარმატების მისაღწევად იგი არაფერზე იხევდა უკან. რეკლამის არაორდინარულ ხერხებსაც მიმართავდა. მაგალითად, ადამიანებს მისი სახელი უკეთ რომ დაემახსოვრებინათ, აეროპორტებში ხმამაღლა აცხადებდა საკუთარ გვარს. თუმცა, გადამეტებულმა პოპულარობამ მეღვინის ბიზნესს, შესაძლოა, ავნოს კიდეც. მაგალითად, McLaren Vale -ში, ჯეფ მერილის საწარმოში მისულ სტუმრებსა და მნახველებს მერილის გარდა საუბარი არავისთან სურდათ. წარმომიდგენია, რა მდგომარეობაში იქნებოდა იგი დღის ბოლოს. ვეჭვობ, ასეთივე მდგომარეობაში აგდებდნენ Chateau Margaux -ს დამთვალიერებლები პოლ პონტალიეს (Paul Pontallier), არადა, იგი მედოკის ყველაზე ცნობილი მეღვინეა. თავად პონტალიე მეღვინის კულტივირებას ახალი სამყაროს ქვეყნების თავისებურებად მიიჩნევს.

მოდა მოდის და მიდის...

რამდენ ხანს გაძლებს მეღვინის კულტი? ახალი სამყაროს ქვეყნებში თანდათან აცნობიერებენ, რომ მევენახე მეღვინეზე არანაკლებ მნიშვნელოვანია. ასეთი დამოკიდებულების ჩამოყალიბებაში დიდი წვლილი მიუძღვით რიჩარდ სმარტს (Richard Smart), პრიუ ჰენშკეს (Prue Henscke), სტივ სმიტს (Steve Smith) და დევიდ ჯორდანს (David Jordan). კალიფორნიიდან დაბრუნებულმა მიგელ ტორესმა აღნიშნა, რომ იქაურები ვაზის მწკრივების წყობასა და სიმჭიდროვეზე ლაპარაკობდნენ. ათი წლის წინათ ასეთი რამ აზრადაც არავის მოუვიდოდაო.თუმცა, ჯერჯერობით მეღვინე მაინც სამყაროს საყრდენ წერტილად რჩება, რაც მევენახეებს, ცოტა არ იყოს, აღიზიანებთ. დევიდ მერდოკი (David Murdock), ავსტრალიელ ღვინის მწარმოებელთა ერთ-ერთი ყველაზე მხვილი გაერთიანების, Southcorp -ის წევრი, ამბობს: `ავსტრალიელებს მეღვინე და მევენახე ერთიდაიგივე პიროვნება ჰგონიათ. რასაკვირველია, ეს მცდარი მოსაზრებაა. როდესაც მევენახე კარგად ასრულებს თავის საქმეს, მეღვინეს მუშაობა უადვილდება, მაგრამ საკმარისია მევენახემ შეცდომა დაუშვას, რომ კარგი ღვინო არაფრისდიდებით აღარ გამოვა`.
© „მარანი“

Wednesday 26 September 2007

მევენახე ავთო ყალაბეგაშვილმა მსხმოიარე ვაზი აჩეხა



გურჯაანში კახელმა გლეხმა ნახევარ ჰექტარზე გაშენებული მსხმოიარე ვაზი (საფერავი) საკუთარი ხელით, პროტესტის ნიშნად აჩეხა.
მევენახე ავთო ყალაბეგაშვილმა ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც გაიგო, რომ მის მიერ მთელი წლის განმავლობაში ვენახის მოვლისთვის გაწეულ ხარჯს, შემოსავალი ვერ აანაზღაურებდა.
გლეხები ამბობენ, რომ ყურძნის ფასი ყოველწლიურად მცირდება და ერთ კილოგრამ საფერავში 50 თეთრზე მეტს არავინ იხდის. მევენახეებმა სახელმწიფოსგან ვერც კრედიტები მიიღეს.


Imedinews

ახალი ფრანგული ელიტარული კონიაკი



კონიაკის ცნობილი სახლი `მარტელი` (Martell) მომხმარებელს სიახლეს სთავაზობს: ტრადიციული კონიაკის, 1819 წლის Martell Extra-ს ორიგინალური გადაწყვეტა თანამედროვე სტილში - ასე ახასიათებენ მარტელის ახალ ქმნილებას, Martell Creation Grand Extra-ს. Martell Creation Grand Extra შეენაცვლება მანამდე გამოშვებულ კონიაკის სახეობებს: Martell Extra-ს და Martell Creation -ს. ეს კონიაკი მარტელის ბლენდირების (კუპაჟის) ოსტატის - ბრუნო ლემუანის რიგით მეორე წარმატებაა (2005 წელს ახალი Martell XO-ს გამოშვების შემდეგ).
© „მარანი“

ღვინის ომის ქრონიკები


დიანა ჩაჩუა


რამდენიმე თვე იყო გასული მას შემდეგ, რაც საქართველომ რუსული `ენერგეტიკული ბლოკადა` დაძლია, როცა იმავე ქვეყნის მთავარმა სანიტარულმა ექიმმა გენადი ონიშენკომ რუსეთში ქართული ღვინის იმპორტი აკრძალა. ღვინის ხარისხი მწარმოებლთა მიერ მითითებულ სტანდარტებს არ შეესაბამება - ეს იყო ონიშენკოს მიერ დეკლარირებული მოტივი. რუსეთის ქმედება თბილისში პოლიტიკური ზემოქმედების იარაღად და ეროვნული ღირსების შეურაცხყოფად აღიქვეს. ქართული ღვინო შემოწმდა როგორც ევროპის წამყვანი ქვეყნების, ისე საქართველოში არსებულ ლაბორატორიებში. ის, რომ რუსეთის სანიტარული ექიმის გადაწყვეტილებას პოლიტიკური სარჩული ჰქონდა, საქართველოს გარდა რუსეთშიც აღიარეს.


`საეჭვოა, რომ უახლოეს მომავალში ქართული ღვინო რუსეთის ბაზარზე დაბრუნდეს,` - ეს განცხადება რუსეთის მთავარმა სახელმწიფო სანიტარულმა ექიმმა გენადი ონიშჩენკომ ამასწინათ გააკეთა. მისი განცხადებით, ქართული ღვინის დაბრუნების საფუძველი, ჯერჯერობით, არ არსებობს, საქართველოს ხელისუფლების მხრიდან პროდუქციის ხარისხის გაუმჯობესებისაკენ მიმართული ღონისძიებების შესახებ კი ბუნდოვანი მონაცემები გააჩნია. `პროდუქციის ხარისხი მაინც არ შეცვლილა,` - ამბობს ონიშენკო. ის ვარაუდობს, რომ საქართველოს მთავრობას ან პრობლემის მოგვარებისთვის ნებისყოფა და მონდომება არ ყოფნის ან, `პირიქით - კარგად აქვს შეგნებული, რომ ღვინის პროდუქციის ხარისხის გაკონტროლებას ვერ მოახერხებს,` - დასძინა გენადი ონიშენკომ. თუმცა სანამ იმ საკითხებს განვიხილავთ, თუ რითია დაკავებული საქართველოს მთავრობა და ქართველი მეღვინეები, გავიხსენოთ `ღვინის ომად` მონათლული მოვლენის პერიპეტიები. მაშ ასე, ყველაფერი 27 მარტის შემდეგ დაიწყო:რუსეთის მომხმარებელთა უფლებების დაცვის და ადამიანის კეთილდღეობის სფეროში ზედამხედველობის ფედერალურმა სამსახურმა 27 მარტიდან საქართველოდან და მოლდოვადან რუსეთში ღვინის შეტანაზე სანიტარულ-ეპიდემიოლოგიური დასკვნების მოქმედება შეწყვიტა. როგორც სამსახურის ხელმძღვანელის გენადი ონიშჩენკოს წერილში იყო ნათქვამი, საქართველოდან და მოლდოვადან რუსეთის ტერიტორიაზე შეტანილი ღვინო და ღვინომასალები რუსეთის ფედერაციის კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს არ შეესაბამებოდა.კერძოდ, განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ მოლდავური ღვინის პროდუქციის 24 და ქართული ღვინის 16 ნიმუშში პესტიციდები აღმოჩნდა, მათ შორის ისეთიც, რომელიც ჯერ კიდევ 70-იან წლებში აკრძალულ გარემოს გლობალურ დამაბინძურებლებს მიეკუთვნება. ესენია: დდტ, ალდრინი, გეპტაქლორი და გეკსაქლორციკლოგეკსანი.უკვე 3 აპრილს კი მოსკოვის სავაჭრო ქსელში 36 ათას 897 ლიტრი ალკოჰოლური პროდუქციის რეალიზაცია შეჩერდა. მათ შორის მოლდავური წარმოების 21 226 ლიტრი ღვინო, ქართული – 7 899 ლიტრი, არგენტინული – 7 750 ლიტრი, უკრაინული – 56 ლიტრი, რუსული – 65 ლიტრი და ჩილეში წარმოებული 11 ლიტრი ღვინო. 9 აპრილს, გენადი ონიშენკოს უწყების ოფიციალურ ვებგვერდზე გაჩნდა წერილი, რომელიც რუსული ბაზრის მოთამაშეებს ქართული და მოლდავური ღვინოების ბრუნვიდან ამოღებისკენ მოუწოდებდა. ხოლო ზუსტად სამ დღეში, პეკინში გამართული ჩინეთი-საქართველოს ბიზნესფორუმის შემდეგ პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი განაცხადებს, რომ ქართული ღვინოების ალტერნატიულ ბაზრებზე წინსვლას ქვეყნის თავდაცვის მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი ჩაუდგება სათავეში. პარალელურ რეჟიმში არ ცხრებოდა რუსული მხარე: `თუ გინდათ ნორმალური ურთიერთობა - პატივისცემით მოეპყარით ჩვენს ისტორიას, ჩვენს ქვეყანას და მის კულტურას. თუ გსურთ მიიღოთ ნავთობი და გაზი თქვენთვის მისაღებ ფასში, ნაკლებად მოუსმინეთ ამერიკელებს, მხოლოდ შემდეგ ვიფიქრებთ როგორი დამოკიდებულება გვექნება ქართული ღვინისა და ბორჯომის მიმართ,` - აცხადებდა რუსეთის სათათბიროს დეპუტატი გენადი ზიუგანოვი.ის, რომ აღნიშნულ აკრძალვას პოლიტიკური ხასიათი ჰქონდა, ერთი საგულიხმო ფაქტიც ადასტურებდა. რუსეთში დღესაც იყიდება აფხაზური ღვინოები, რაც ექსპერტების შეფასებით, სრული პარადოქსია. საქმე იმაშია, რომ აფხაზური ღვინოები ჯამრთელობისთვის მავნებელია. ისინი, როგორც წესი იზაბელას ჯიშის ყურძნისგან მზადდება. ყურძნის ამ ჯიშისგან დამზადებულ ღვინოში კი, ფერმენტაციის დროს ე.წ. მეთილის სპირტი წარმოიქმნება, რომელიც მხედველობისთვის ძალიან მავნებელია. `ეს პარადოქსი უნდა იყოს მათთვის, ვინც ქართული ღვინოები აკრძალა. რუსეთს პირველ რიგში აფხაზური ღვინოები უნდა აეკრძალა,` - აცხადებდნენ ქართველი ექსპერტები. როგორი შეფასება მისცა „ღვინის ომს` უცხოურმა მედიამ? მთელ ამ ისტორიაში იმდენი რამ იყო ულოგიკო, რომ თავად რუსული პრესაც კი ვერ მალავდა გაოცებას და ცდილობდა ყველაფრისთვის თავის სახელი დაერქმია. ცნობისათვის: საქართველოში 126 მოქმედი ღვინის მწარმოებელი კომპანიაა. 2005 წელს ღვინის ექსპორტმა საქართველოდან რუსეთში 52 336 163 ბოთლი შეადგინა, დსთ-ის დანარჩენ ქვეყნებში 3470172, აღმოსავლეთ ევროპისა და ბალტიის ქვეყნებში 683090, ევროპაში, აშშ-ში და კანადაში 2580440, ხოლო აღმოსავლეთის ქვეყნებში 216901.


`ღვინის ომი` უცხოური მედიის ფურცლებზე


`ქართველ და მოლდაველ გლეხებს არა აქვთ პესტიციდების საყიდელი ფული, და რომც ჰქონდეთ - პესტიციდები წარმოების პროცესში ნეიტრალდება, მძიმე ლითონები კი მხოლოდ იმ შემთხვევაშია ღვინოში, როცა იგი რადიაციულ ზონაში მოყვანილი ყურძნითაა დამზადებული. ჩინოვნიკების მიერ მოწოდებული ინფორმაციები, სულ უფრო ფანტასტიკური ხდება, მალე ოფიციალურ ქრონიკაში ტროლები და უცხოპლანეტელები გამოჩნდებიან,` – ირონიას ვერ მალავდა რუსული გამოცემა `Ведомости`. `არ შეიძლება იმის უარყოფა, რომ დასავლეთისაკენ, განსაკუთრებით აშშ-კენ, საქართველოს მზარდმა ორიენტაციამ მოსკოვს საპასუხო ზომებისაკენ უბიძგა და საქართველოს მტკივნეულ ადგილზე დაადგა ფეხი. ქართული ღვინისა და მინერალური წყლების აკრძალვა ზოგიერთმა მიმომხილველმა მოსკოვის მიერ თბილისისათვის ჭკუის სასწავლებელ გაკვეთილად მიიჩნია, რომელიც მიზნად იმის დემონსტრირებას ისახავდა, რომ საქართველო რუსეთზე მხოლოდ ენერგეტიკული თვალსაზრისით არ არის დამოკიდებული,` - წერდა გერმანული გამოცემა „ფრანკფურტ ალემაინე`. `პესტიციდებმა თუ ხელისუფლების პოლიტიკამ გადაუღობა გზა ქართულ და მოლდავურ ღვინოებს?` - `Известия`. ეს ციტატა კი `ნოვაია გაზეტადან` დავიმოწმეთ: `საქართველოს საერთაშორისო ტერორიზმთან კავშირი საბოლოოდ დადასტურდა. როგორც აღმოჩნდა, წლების მანძილზე მოსკოვის ცენტრში ყოველდღიურად დანაშაულს ჰქონდა ადგილი. `შერატონ პალას ოტელში`, სადაც პრეზიდენტები და საერთაშორისო კორპორაციების ხელმძღვანელები ჩერდებიან, მოწამლულ ღვინოს, უფრო კონკრეტულად, მოწამლულ ქართულ ღვინოს ყიდდნენ. შეთქმულება გასულ კვირას მოსკოვის მთავარი სანიტარული ექიმის, ფილატოვის გაბედული ნაბიჯის შედეგად გაიხსნა. ამ უკანასკნელმა, გაიგო რა, რომ აღნიშნულ სასტუმროში ქართული ღვინის დეგუსტაცია იგეგმებოდა, სასტუმროს გენერალურ მენეჯერს მაიკლ შლუტერს მკაცრი წერილი გაუგზავნა. `ცნობის ფურცელში` ფილატოვი ამ ღონისძიების ჩატარების ჩაშლას მოითხოვდა. წერილში `გაბედული` ექიმი იუწყებოდა, რომ ამ ღონისძიების მიზანი მოსკოველების და ქალაქის სტუმრების მოწამვლა იყო. კანონმორჩილმა ჰერ შრუტერმა არა მარტო შეასრულა წერილში მოყვანილი მოთხოვნები, არამედ სასტუმროს ზღურბლზეც კი არ შეუშვა ღვინის `მკვლელი-მწარმოებლები`, რომლებიც ამ შემზარავი ტერორისტული აქტის ჩასატარებლად სპეციალურად საქართველოდან ჩამოვიდნენ.` სხვათა შორის, ქართულ-რუსული `ღვინის ომის~ გაშუქებისას იუმორს ვერც სხვა ევროპული გამოცემები მალვდნენ: `ლანა მოსკოვში ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ქართულ რესტორანში, `დედა ზოიაში` ოფიციანტად მუშაობს. მან თავის კოლეგებთან ერთად კლიენტებისთვის `არას` თქმა უნდა ისწავლოს. საქმე ის არის, რომ მოსკოვში ბევრი ქართული რესტორანი კლიენტებს ჯერ კიდევ სთავაზობს ხბოს მწვადს, ქართული ღვინო კი, რომელიც ასე უხდება მწვადს, რუსეთში აკრძალულია,` - `შüდდეუტსცჰე ძეიტუნგ". კიდევ რა აგვეკრძალა საქართველოსა და მოლდოვასთვის? - როგორც წესი ირონიული რუსი ჟურნალისტები ხშირად სვამდნენ ხოლმე ამ კითხვას. მოლდოვაში სანქციებს ნატურალური წვენები, ნექტარები, კომპოტები, სიროფები, ტომატის პასტა, დამარილებული კიტრები და პომიდვრები, პაშტეტები, მურაბები და ჯემები ელიან. საქართველოში კი, როგორც რუსული მედია წერს, `როსპოტრებნადზორის` მცდელობების წყალობით, რუსების `მოწამვლის შესაძლებლობები`, პრაქტიკულად, აღარ დარჩა. ხილ-ბოსტნეულის ექსპორტი უკვე აიკრძალა. `თუმცა ქართულ ჩურჩხელაში და ტყემალში მოულოდნელად მომაკვდინებელი საწამლავის აღმოჩენის შანსი მაინც რჩება,` - ასკვნიდნენ რუსულ მედიაში. `ქართული ღვინის იმპორტზე კრემლის ემბარგო ქვეყნის პროდასავლური პოზიციისთვის შურისძიებაა,` - წერდა ამერიკული გაზეთი `თჰე ჭასჰინგტონ Pოსტ`. როგორც სტატიაშია ნათქვამი, მართალია ღვინის აკრძალვამ ქართველი გლეხი და მწარმოებელი მნიშვნელოვნად აზარალა, თუმცა ამ ფაქტს პოზიტიური ეფექტიც აქვს. კერძოდ, `აკრძალავამ, შესაძლოა, იმ სფეროს დევერსიფიკაცია გამოიწვიოს, რომელიც აქამდე მხოლოდ ერთ ბაზარზე იყო ორიენტირებული. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ქართულ ღვინოს სხვა ბაზარზე გასვლის შანსი მიეცემა,` - ვკითხულობთ `თჰე ჭასჰინგტონ Pოსტ`-ის სტატიაში. სხვათა შორის, საქართველოს მთავრობამ ქართული ღვინის რეპუტაციის აღდგენა სწორედ მედიის საშუალებით დაიწყო. გაზაფხულიდან საქართველოს უცხოელი ჟურნალისტები სტუმრობენ. პირველები კი სწორედ რუსული მედიის წარმომადგენლები ჩამოვიდნენ. მაშინ ისინი აღფრთოვანებას ვერ მალავდნენ ქართული ღვინით და აცხადებდნენ, რომ ქართული ღვინის ხარისხში ეჭვი აღარ ეპარებათ. საქართველოში მოწვეულმა რუსეთის პრესისა და სატელევიზო არხების ჟურნალისტებმა კახეთის რეგიონი მოინახულეს. `ქართული სტუმართმოყვარეობით აღტაცებულნი ვართ. ეს ღვინო მართლაც ხარისხიანი და ძალიან გემრიელია,` - აცხადებდნენ ისინი.ახლახანს საქართველოს ჟურნალისტთა კიდევ ერთი ჯგუფი სტუმრობდა. საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ინიციატივი მოწვეულები იყვნენ, კრისტიან კალეკი – ღვინის ენციკლოპედიის ავტორი, იორგენ ალდრიჩი – უმსხვილესი დანიური ჟურნალის Fყენს შტიფტსტიდენდე-ის რედაქტორი, ვიქტორ ბრუზევსკი – ღვინის და ალკოჰოლური სასმელების შესახებ მწერალ ჟურნალისტთა ფედერაციის წევრი და პოლონეთის ვაზისა და ღვინის ინსტიტუტის დამფუძნებელი. უცხოელმა ჟურნალისტებმა საქართველოში ოთხი დღე დაჰყვეს. ვიზიტის ფარგლებში მათ ქართული ღვინის მწარმოებელი შემდეგი კომპანიების ქარხნები დაათვალიერეს: `ასკანელი ძმები`, `თბილღვინო`, `თელიანი ველი`, `ვაზი+`, კორპორაცია `ქინძმარაული`, `თელავის ღვინის მარანი` და `შუმი`. როგორც საქართველოს სავაჭრო პალატაში აცხადებდნენ, `საქართველოზე მიღებული ინფორმაცია ზემოთმოყვანილ გამოცემებში გამოქვეყნდება, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ქართული მეღვინეობის და სამზარეულოს პოპულარიზაციას საზღვარგარეთ’’.


რუსული ბაზრის ჩანაცვლების მცდელობები


ექპერტები, მთავრობა და ბიზნესმენები თავიდანვე შეთანხმდნენ, რომ რუსული ბაზრის დაკარგვა ტრაგედიაა არ არის. ქართულმა ღვინის კომპანიებმა ალტერნატიული ბაზრების ძიება დაიწყეს, მთავრობამ კი მათ საყოველთაო დახმარება აღუთქვა. ჩინეთი, იაპონია, ევროპის ქვეყნები, კანადა - რამდენადაც ხმამაღლა არ უნდა ჟღერდეს, რუსული ბაზრები სწორედ ამ ქვეყნებმა უნდა ჩაანაცვლონ. შევთანხმდეთ იმაზე, რომ ამას ერთი წელი არ ეყოფა, თუმცა ამ მცირე ხანში ქართული კომპანიების მიერ ბაზრების დივერსიფიკაციისკენ გადადგმული ნაბიჯები მაინც საინტერესოა. ილუზია, რომ იაპონიის ან ნებისმიერი ქვეყნის ბაზარი ერთბაშად შეცვლის რუსულს, არც ერთ ქართველ მეღვინეს არ აქვს. თუმცა იაპონიაში გამართულმა კვების პროდუქტების ერთ-ერთმა საერთაშორისო გამოფენამ ქართული ღვინის ის რამდენიმე უპირატესობა გამოკვეთა, რაც ადგილობრივ მეწარმეებს ამ ბაზრის იოლად დაპყრობაში დაეხმარება. მიუხედავად იმისა, რომ იაპონიაში ადგილობრივი ალკოჰოლური სასმელების, მათ შორის – ღვინის, წარმოება ყოველ წელს იზრდება, ამ ქვეყანაში იმპორტირებულ ღვინოზე მოთხოვნა კიდევ უფრო სწრაფი ტემპით მატულობს. მარტივი შედარებისთვის: თუკი გასულ წელს იაპონიაში ერთ სულ მოსახლეზე 100 ლიტრი ადგილობრივი, ხოლო 160 ათასი ლიტრი იმპორტირებული ღვინო მოიხმარეს, წელს იგივე მაჩვენებლები, წინასწარი გათვლებით, შესაბამისად, 120 და 270 ლიტრს მიაღწევს.ერთი შეხედვით, პარადოქსია, მაგრამ ფაქტია, რომ იმპორტირებული ღვინო იაპონიაში სამჯერ უფრო იაფია, ვიდრე ადგილობრივი წარმოების. სწორედ ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, თუ რატომ იზრდება იმპორტირებული ღვინის რეალიზაცია ამომავალი მზის ქვეყანაში.`საქართველოს მაღალხარისხოვანი ღვინოების წარმოების დიდი ისტორია გააჩნია. ქართულმა ღვინოებმა, განსაკუთრებით კი ცქრიალა ღვინოებმა დამთვალიერებლების ყურადღება დაიმსახურეს. ვფიქრობთ, რომ ამ პროდუქტზე, მაღალი ხარისხისა და ხელმისაწვდომი ფასის გამო, მომავალში იაპონიის ბაზარზე დიდი მოთხოვნა იქნება... ყოველივე ამის გათვალისწინებით შევეცდებით, ქართულ ღვინოს რეკლამა გავუკეთოთ,` - ეს რამდენიმე ციტატაა იმ სპეციალური საინფორმაციო ბუკლეტიდან, რომელიც იაპონიაში, ხსენებული გამოფენის შემდეგ დაიბეჭდა. ყურადღების მიღმა არც მეზობელი თურქეთის ბაზარი დარჩენილა. უკვე გადაწყვეტილია, რომ იქ 500 ათასი ლიტრის მოცულობის ქართული ღვინო განუბაჟებლად შევა. დამატებით 250 ათას ლიტრზე თურქული მხარე 50 პროცენტიან `დისკაუნტს` დაგვპირდა. ბუნებრივია, ქართველ მეღვინეებს ეს ახალი ამბავი ახარებთ, თუმცა არცერთ მათგანს არ აქვს იმის ილუზია, რომ თურქული ბაზარი რუსულს ასე იოლად თუნდაც რამდენიმე წლის შემდეგ ჩაანაცვლებს. მათ იმისაც ნაკლებად სჯერათ, რომ ამ ტიპის შეღავათით უახლოეს თვეებში, ან თუნდაც წლებში მოახერხებენ თურქული ბაზრის მთლიანად დაკავებას. `ცალსახაა, რომ ეს ფაქტი ქართველ მეღვინეებს ხელს ნამდვილად გვაძლევს, რადგან ეს იქნება გარკვეული სტიმულატორი ჩვენთვის და ჩვენი კოლეგებისთვის. ეს გვაძლევს ძალიან კარგ შანს, რომ ჩვენი პროდუქცია თურქულ ბაზარზე გავაიაფოთ და დღეს არსებული პოზიცია კიდევ უფრო გავიმყაროთ. თუმცა არავითარ შემთხვევაში ეს არ არის იმ ტიპის შეღავათი, რომ ეიფორიაში ჩავვარდეთ`, - აღნიშნა Gჭშ-ის მარკეტინგისა და გაყიდვების დირექტორმა ლევან კობერიძემ. ამ შემთხვევაში Gჭშ-ს ეძლევა შესაძლებლობა, რომ საკუთარი პროდუქცია თურქეთის ბაზრებზე 3-4 აშშ დოლარით გააიაფოს. თუკი დღეს მეზობელი სახელმწიფოს სუპერმარკეტებში Gჭშ-ის ნაწარმი 15-17 დოლარაი ღირს, აღნიშნული შეღავათი, ღვინის ფასს, ლევან კობერიძის პროგნოზით, 12-13 დოლარამდე დააგდებს. სამართლიანობისთვის ისიც უნდა აღინიშნოს, რომ თურქული მხარის მიერ დაწესებულ შეღავათებზე ფიქრი, ამ გადაწყვეტილებამდე წარმოუდგენელი იყო. საქმე იმაშია, რომ მეზობელი ქვეყნის ხელისუფლება ადგილობრივი ღვინის გასაღებისთვის და ხელშეწყობისთვის მაქსიმუმს აკეთებს. გარდა იმისა, რომ მილიონობით თურქულ ლირას ხარჯავს სუბსიდირებაში და ქვეყანაში იმპორტირებულ ალკოჰოლურ სასმელებს ზღუდავს. ეს კი პირველ რიგში მაღალი საბაჟო და საგადასახადო განაკვეთებში გამოიხატება. ასე მაგალითად, ღვინის ნებისმიერი მწარმოებელი კომპანია, რომელიც გადაწყვეტს, რომ თურქულ ბაზარზე საკუთარი ნაწარმი შეიტანოს 18 პროცენტიანი დღგ-ს გარდა ვალდებულია გადაიხადოს აქციზი 69 და საბაჟო გადასახადი 70 პროცენტის ოდენობით. სწორედ ეს იყო დღემდე ერთადერთი მიზეზი, რის გამოც ქართველი მეღვინეები თურქეთის ბაზარზე შესვლას ვერ `ბედავდნენ`. წლების განმავლობაში Gჭშ იყო გამონაკლისი, რომელიც ამ მეზობელ სახელმწიფოში მცირე მოცულობის ღვინის ექსპორტს ახდენდა. შპს `ქინძმარაულმა` რუსეთის ემბარგოს შემდეგ ღვინოების პირველი პარტია კანადის ბაზარზე გაგზავნა. ასევე დასრულებულია მოლაპარაკებები გერმანიასთან. ცნობისათვის, კომპანიის პროდუქციის 50 პროცენტი საექსპორტოდ იგზავნება. `ჩვენი მთავარი საექსპორტო პარტნიორი ამერიკის შეერთებული შტატებია, თუმცა პროდუქციის დიდი ნაწილი რუსეთშიც იგზავნებოდა, საშუალოდ 1 მილიონი ლიტრი ღვინო წელიწადში,` - აცხადებენ კომპანიაში. ახალი აზრების თვისება ომპანია "Èბილღვინომაც" Ãაიწყო. Òუსეთის ვინის მბარგოს ემდეგ ომპანია ოლონეთის, Ãიდი რიტანეთისა ა აერთიანებული რაბეთის ამეფოს აზრებზე არსდგა. Áალტიისპირეთის ვეყნებში კი "Èბილღვინოს" Ðროდუქციის აჩვენებელი აორმაგდება. Êომპანია `თბილღვინო` ყოველწლიურად 1,5 მილიონ ბოთლ ღვინოს ასხამს და საკუთარი პროდუქცია 17 ქვეყანაში ააქვს. "Èბილღვინოს" Óაკუთარი როდუქციის 50 პროცენტი რუსეთის ბაზარზე გაჰქონდა. ყველაზე დიდი წილი ამჯერად უკრაინას (30 პროცენტი) ჭირავს. ქართულ ღვინოს ევროპული ბაზრის ათვისებაში ფრანგული კომპანია `კასტელი` დაეხმარება. `კასტელის` წარმომადგენლის ჟან პოლ ლაფრანკის განმარტებით, მისი კომპანია `წინანდალის`, `ცოლიკაურის`, `მუკუზანის` და `თელიანი ველის` პირველი პარტიის ექსპორტს უკვე ოქტომბრის ბოლოს განახორციელებს საფრანგეთში და დიდ ბრიტანეთში. ქართული ღვინის ნაწარმი ევროპაში, `კასტელის` 800 მაღაზიაში გაიყიდება.


არგენტინული ღვინოები ქართულის სანაცვლოდ?


თავიდანვე გაჩნდა ეჭვი, რუსული ბაზრიდან ქართული ღვინოების განდევნით ის რუსული ბიზნეს-ჯგუფებიც იყვნენ დაინტერესებული, რომლებმაც სხვა ქვეყნებში, უმთავრესად კი ჩილესა და არგენტინაში, ღვინის ქარხნები ააშენეს. `ეს ქარხნები უკვე ამუშავდა და ბუნებრივია, ხსენებული ბიზნეს-ჯგუფები ახლა რუსული ბაზრის დაპყრობას ცდილობენ. ლაპარაკია რუსული ბაზრიდან ქართული და მოლდოვური ღვინოების განდევნაზე, რომლებსაც ამ ბაზარზე დაბალი და საშუალო ნიშა უკავიათ. ძალიან დიდი სამუშაოა ჩასატარებელი იმისთვის, რომ ძირითადად, ჩილესა და არგენტინის ღვინოებზე მომუშავე კომპანიებმა არ დაგვჯაბნონ,` - აცხადებდა პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე ნიკო ლეკიშვილი. რუსეთში ღვინის ყველაზე მსხვილ იმპორტიორს მოლდოვა წარმოადგენდა. მასზე რუსეთში იმპორტირებული ღვინის და ღვინომასალების 50 პროცენტი მოდიოდა. ქართულ ღვინოებს კი რუსულ ბაზარზე შედარებით მოკრძალებული წილი - 9 პროცენტი ეჭირა. მას შემდეგ, რაც რუსეთში ქართული და მოლდავური ღვინოები აიკრძალა, რუსული ბაზრის მოთამაშეების წინაშე ერთი ძალზე მნიშვნელოვანი პრობლემა გაჩნდა - სად ეყიდათ ღვინო და ღვინომასალები? მოლდავური ღვინის მთავარი უპირატესობა მისი დაბალი ფასი იყო - საშუალოდ 60 რუბლი. ერთადერთი ქვეყანა, რომელსაც მოლდოვასთვის კონკურენციის გაწევა შეეძლო, არგენტინა იყო. სხვა სამხრეთ ამერიკული ქვეყნის, აფრიკის ან ევროპის ღვინო და ღვინომასალები, რუსი ანლიტიკოსების შეფასებით, გაცილებით ძვირი ღირს და მოლდავური ღვინის ჩასანაცვლებლად არ გამოდგება. `დღეისთვის არგენტინაში ნორმალური ღვინის ბოთლი 70-75 ცენტი ღირს. ეს მოლდავურ ღვინოზე იაფი გამოდის. ამიტომაც ყველა იმპორტიორი არგენტინისკენ გაეშურა,` - ამბობს კორპორაცია `ლავინას` მარკეტინგის დირექტორი ალექსანდრე უნიგოვსკი. თუმცა არგენტინული ღვინის ნაკლი იმაში მდგომარეობს, რომ პროდუქცია შემკვეთამდე მხოლოდ ორ თვეში აღწევს. მაშინ, როცა მოლდოვადან რუსეთში ღვინის მიწოდებას 3-7 დღე სჭირდებოდა. კიდევ ერთი ქვეყანა, რომელზე რუსი იმპორტიორები გადაერთნენ, ბულგარეთია. ამ ქვეყანაში მეღვინეობა ისევეა განვითარებული, როგორც მოლდოვაში. თუმცა იმპორტიორები, რომლებიც ღვინის იმპორტს ბულგარეთიდან აწარმოებენ, მეტად არინ დაცულნი პოლიტიკური რისკისგან. უნდა აღინიშნოს, რომ თავად ბულგარეთი აქტიურად იყენებს არგენტინულ ღვინომასალებს. სხვათა შორის, აღნიშნული ჩილეს და არგენტინული ღვინოები ე.წ. `ახალი სამყაროს` ღვინოთა კლასს მიეკუთვნებიან. როგორც ამბობენ, საქართველომ რუსეთში ელიტარული ღვინოების ნიშა სწორედ მაშინ დაკარგა, როცა იქ ევროპიდან და `ახალი სამყაროდან` ელიტარული ღვინოების აქტიური შემოტანა დაიწყო. ეს 1992 წელს მოხდა. `ახალი სამყაროს` ქვეყნებმა საკუთარი ღვინის აქტიური რეკლამირება დაახლოებით 15-20 წლის წინ დაიწყეს. მათ თავიდანვე ძალიან ჭკვიანური გეზი აიღეს: ახალი მეთოდების და ჯიშების გამოყვანა არ დაუწყიათ. უბრალოდ, მთელს მსოფლიოში ცნობილი ღვინის ჯიშები გამოიყენეს, ისინი საკუთარ ვენახებში გააშენეს და შეეცადნენ დაემზადებინათ ღვინო, რომელიც ცნობილი ბორდოს ან ბურგუნდიის ღვინოებთან ახლოს იქნებოდა. ამ იმიტაციის დახმარებით `ახალი სამყაროს` ქვეყნებმა ძალიან დიდ წარმატებას მიაღწიეს. ჩილეს, არგენტინის, კალიფორნიის და სხვა მსგავსი ქვეყნების ღვინის მწარმოებლები, როგორც წესი, მსხვილი კომპანიებია, რომლებშიც ძალიან დიდი ინვესტიციებია ჩადებული. ამ ქვეყნებს დიდ ხარჯებზე მოუწიათ წასვლა იმის გამო, რომ ძლიერი მარკეტოლოგები და ექსპორტიორები დასჭირდათ. საბოლოოდ, `ახალი სამყარო` `ბებერ კონტინენტზე` საკმაოდ აგრესიული მეთოდით შევიდა და ევროპიდან დაახლოებით 30 პროცენტამდე ფრანგული ღვინოები გამოდევნა. `ახალი სამყაროს` ყველაზე სერიოზული რეგიონებია: შეერთებული შტატების რამდენიმე შტატი, კალიფორნიით თამადობით, ჩილე, არგენტინა, ნაწილობრივ ურუგვაი, სამხრეთ აფრიკა, ავსტრალია და ახალი ზელანდია. ერთი სიტყვით, რუსულ მხარეს თუ ვენდობით, ქართული და მოლდავური ღვინის აკრძალვიდან სულ რამდენიმე თვეში რუსულმა ბაზარმა ალტერნატივის მოძიება მოახერხა. თუმცა...`თუ ხელისუფლება დროულად არ მიიღებს ზომებს, რუსული ალკოჰოლური ბაზრის `პარალიჩი` საგანგაშო ფორმებს მიიღებს და აგვისტოში რუსეთის რეგიონებში ლეგალური ალკოჰოლური სასმელების სერიოზული დეფიციტი შეიქმნება. თუ იმპორტირებული ალკოჰოლური ნაწარმის სიმცირესაც გავითვალისწინებთ (ცნობილი მიზეზების გამო), რუსეთში ფაქტობრივად ხელოვნური `მშრალი კანონი` ამოქმედდება,` - რამდენიმე თვის წინ რუსულ მედიაში მსგავსი შინაარსის სტატიები გაჩნდა. ეს პროცესი ჯერ კიდევ ივნისში დაიწყო. მაშინ ძალაში `ეთილის სპირტის, ალკოჰოლური და სპირტშემცველი პროდუქციის წარმოების და ბრუნვის რეგულირების შესახებ` ახალი სახელმწიფო კანონი ამოქმედდა, რომელმაც ეროვნული პროდუქციისთვის სპეციალური ფედერალური მარკები, იმპორტირებულისთვის კი - ახალი აქციზები შემოიღო. კანონის მიღების პერიოდში, ახალი აქციზური მარკების შემოღების ოფიციალურ მიზეზად ამ სფეროს აღრიცხვიანობის მოწესრიგება დასახელდა.რუსეთში ალკოჰოლური პროდუქციის ძველი აქციზური მარკებით იმპორტი პირველ აპრილამდე იყო შესაძლებელი (შემდეგ ვადა პირველ ივლისამდე გადაიწია). თუმცა სახელმწიფოსგან პროდუქციისთვის ახალი მარკების მიღება არცთუ ისე იოლი აღმოჩნდა. იმპორტიორების განცხადებით, მათი მარკები, გასული წლის ნოემბრის ნაცვლად, მხოლოდ მაისის მეორე ნახევარში მიიღეს. შედეგად ბაზარზე პროდუქციის დეფიციტი შეიქმნა, რაც საბოლოოდ დახლებიდან იმპორტირებული პროდუქციის გაქრობამდე მივიდა.
რუსეთის მხრიდან აკრძალვა შესაძლოა ადრე თუ გვიან მოიხსნას, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ის, რაც აქამდე ხდებოდა, მომავალშიც უნდა გაგრძელდეს. რუსეთში ქართული ღვინის ფალსიფიკაციის პრობლემის მოსპობა, პირველ რიგში საქართველოს ინტერესებში უნდა იყო, რადგან ეს პრობლემა ქართულ ღვინოებს უტეხავს სახელს. ახალი ბაზრების ათვისება, გარდა ტექნიკური საკითხისა, პროდუქციის ხარისხის პრობლემასაც უკავშირდება. ამ მიმართულებით ქართველ მეწარმეებს სერიოზული მუშაობა მოუწევთ. ბევრი მიიჩნევს, რომ ქართველი მეღვინეები, პირველ რიგში, არა ახალ ბაზრებზე გასვლას, არამედ სწორედ ღვინის ხარისხის გაუმჯობესებას უნდა ცდილობდნენ. ხარისხთან დაკავშირებით პრობლემები რეალურად არსებობს. ამას თავად ბაზრის მოთამაშეები აღიარებენ. ემბარგო საშიშროებას არ წარმოადგენს, - აცხადებენ ქართველი ექსპერტები. თუ პრობლემას ხანგრძლივი პერსპექტივის მხრივ განვიხილავთ, დადებითი შედეგი გარდაუვალია - შევძლებთ ექსპორტის დივერსიფიცირებას. ჩვენმა მეწარმეებმა უნდა გაიგონ, რომ მხოლოდ ერთ ბაზარზე მიბმა არ შეიძლება, - მიიჩნევენ ექსპერტები. პარადოქსია, მაგრამ წელიწადში 17-20 მილიონი ბოთლი `ხვანჭკარა` ჩამოისხმება, მაშინ როცა სულ 600 ტონა ყურძენი მოდის, ეს კი სულ რაღაც 600-700 ათასი ბოთლია. ძნელია ასეთ სიტუაციაში ხარისხზე ილაპარაკო.უკვე წელიწადია ქართული ღვინის სექტორი ყველანაირი სუბსიდიების გარეშე მიიკვლევს გზას, რაც ექსპერტებს თუ ვენდობით, არასწორია. მათი შეფასებით, რამოდენიმე წლის მანძილზე ამ დარგს სუბსიდირება სჭირდება. მნიშვნელოვანია კონტროლის მექანიზმის გაძლიერებაც. ნიკო ლეკიშვილის აზრით, ფალსიფიკატორების მიმართ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა უნდა ამოქმედდეს, რადგან ფალსიფიცირებული ღვინო საფრთხეს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობას. საქართველოს შესაბამის უწყებებს საზღვარგარეთ ფალსიფიცირებული ღვინოების წარმოების შესახებ ზუსტი სტატისტიკა არ გააჩნიათ. თუმცა ცნობილია, რომ ქართული ფალსიფიცირებული ღვინოების ყველაზე მსხვილი მწარმოებელი ბულგარეთია. ახლახანს საქართველომ გეოგრაფიული აღნიშვნების სახელწოდების დაცვის მიზნით ბულგარეთის წინააღმდეგ საერთაშორისო სასამართლოში სამი სარჩელი წარადგინა. არ არის გამორიცხული საერთაშორისო სასამართლოში ერთი ანალოგიური სარჩელი საქართველომ ისრაელის წინააღმდეგაც შეიტანოს. და ბოლოს, როგორც ერთმა მეღვინემ განაცხადა, ფინანსური ზარალის კომპენსირება შესაძლებელია‚ რეპუტაციის აღდგენა კი, რომელიც გაცილებით მნიშვნელოვანია, ძალიან რთული. თუმცა კი მაინც შესაძლებელი.

Tuesday 25 September 2007

ამერიკელები ძვირადღირებულ ღვინოებს ირჩევენ



ამერიკელი მომხმარებელი უფრო და უფრო ძვირიან სასმელს ეტანება. ორი წლის განმავლობაში 15 $-ზე ძვირიან სასმელზე მოთხოვნილება 40%-ით გაიზარდა, 10-15 $-იანზე - 28%-ით, ხოლო 8-10 $-იანი ღვინოების გაყიდვამ 18%-ით იმატა. რაც შეეხება 6 $-ზე ნაკლები ღირებულების ღვინოებს, მათზე მოთხოვნილება საგრძნობლად კლებულობს, მაგ. 3 $-ზე ნაკლები ღირებულების ღვინოების გაყიდვა 15%-ით შემცირდა.
© „მარანი"


ღვინის მსოფლიო ბრუნვა იზრდება



მსოფლიოში ღვინისადმი ინტერესი არ ნელდება; პირიქით, მოსალოდნელია, რომ 2010 წლისთვის ღვინის მოხმარების მაჩვენებელმა 5%-ით აიწიოს, რაც დაკავშირებული იქნება გასაღების ახალი ბაზრების წარმოშობასთან.სავაჭრო ჯგუფ Vin Expo/IWSR-ის თქმით, ღვინის გამოყენების მსოფლიო მოცულობა, რაც ამჟამად წელიწადში 30 მილიარდი ბოთლია, 4 წლის განმავლობაში ყოველწლიურად 267 მლნ. ბოთლით გაიზრდება. რაოდენობასთან ერთად მატულობს მოთხოვნილება უფრო მაღალხარისხიან სასმელზეც. პროგნოზის თანახმად, 5-10 დოლარის ღირებულების ღვინოების გაყიდვა 2010 წლისათვის 9%-ით გაიზრდება. უფრო დაბალფასიანი ღვინის გაყიდვა კი - მხოლოდ 2,4%-ით.რაც შეეხება მაგარ ალკოჰოლურ სასმელებს, Vin Expo მათი მოხმარების მკვეთრ ზრდას გვიწინასწარმეტყველებს. ეს მაჩვენებელი განსაკუთრებით აზიაში გაიზრდება, სადაც ამ პროდუქციაზე ისედაც დიდი მოთხოვნილებაა.დღესდღეობით არაყი ყველაზე პოპულარულ სპირტიან სასმელად რჩება, მაგრამ მოსალოდნელია, რომ მისი პოპულარობა დაეცემა და არაყს სკოტჩი, რომი და ტეკილა დაჯაბნის.
© „მარანი

"მარნის" გამოკითხვის შედეგები


დასრულდა ჩვენი საიტის პირველი გამოკითხვა, რომელსაც უნდა გამოევლინა, თუ საქართველოს რომელი მხარის ღვინოს ანიჭებდა მკითხველი უპირატესობას. გამოკითხვამ ბევრისთვის მოულოდნელი შედეგი აჩვენა. ყველა დარწმუნებული იყო კახეთის ერთპიროვნულ გამარჯვებაში, თუმცა, როგორც ვხედავთ, რაჭამ ღირსეული კონკურენცია გაუწია მეღვინეობის უმთავრეს ქართულ რეგიონს. რათა? :)


კახეთი (42%)


რაჭა (32%)


იმერეთი (10%)


ქართლი (8%)


სამეგრელო (6%)


ველით გამოხმაურებებს :)


© „მარანი

შამპანელი მეღვინეები წარმოების გაზრდას აპირებენ



შამპანელი მეღვინეები ფიქრობენ, რომ მათ ღვინოებზე მოთხოვნილება დიდია, მაგრამ ყურძნის მოსავალი ყოველთვის ვერ აკმაყოფილებს მომხმარებლის მოთხოვნებს. ბაზარზე ღვინის დეფიციტის თავიდან აცილებისა და ღვინის ექსპორტის გაზრდის მიზნით, მეღვინეებმა ყურძნის მოსავლის გაზრდა გადაწყვიტეს.კომპანია Vranken-Pommery-ს პრეზიდენტი პოლ-ფრანსუა რანკენი აცხადებს, რომ 2006 წლის ყურძნის მოსავალი საკმარისია 360 მლნ. ბოთლის საწარმოებლად, ისიც მხოლოდ ორი წლის შემდევ უნდა გამოვიდეს გასაყიდად. 2003 წლის მწირმა მოსავალმა ბაზარზე ფასების ზრდა და ღვინომასალების დეფიციტი გამოიწვია. ამასთან დაკავშირებით, ღვინის მწარმოებლებმა გადაწყვეტილება მიიღეს, გაზარდონ ვენახების ფართობები. ექსპერტების აზრით, ამის მიღწევა მხოლოდ 2012 წლისთვის არის შესაძლებელი.

© „მარანი“

საბაჟო გადასახადები ინდოეთში



ევროკავშირის წარმომადგენლები ჩივიან, რომ ინდოეთის ბაზარზე ევროპულ ღვინოებზე დაწესებული საბაჟო გადასახადი ღვინის ფასს თითქმის ხუთჯერ აძვირებს. ოფიციალური დელის განცხადებით, მათ უკვე განიხილეს საბაჟო გადასახადების შემცირების პერსპექტივა, მაგრამ ჯერჯერობით საბიუჯეტო პროექტში ცვლილებების შეტანა არ მოხერხდა.მართლაც, ინდოეთის რამდენიმე რეგიონს იმპორტირებულ ალკოჰოლზე დამატებითი გადასახადები აქვს დაწესებული. ეს გადასახადები პროდუქტის ღირებულებას 177-დან 540 პროცენტამდე ზრდის.
© „მარანი“

ახალი სიტყვა ღვინის ინტერნეტ-ვაჭრობაში



ინტერნეტ-მაღაზია VinoMatch.com მომხმარებელს ღვინით ვაჭრობის ახალ ხერხს სთავაზობს. საიტის შემქმნელებს მიაჩნიათ, რომ ღვინის შერჩევის ახალი სისტემა ზუსტად შეესაბამება მომხმარებლის მოთხოვნებს. საიტის დამთვალიერებლებს ამიერიდან შეუძლიათ ღვინოები შეარჩიონ არა მწარმოებელი ქვეყნის, რეიტინგის ან ფასის მიხედვით, არამედ გემოს (Taste Engine) და გასტრონომიული წყვილის (Food Pairing) მიხედვით.
© „მარანი“

გლობალური დათბობა საფრთხეს უქმნის ვენახებს



ავსტრალიაში მკვეთრი კლიმატური ცვლილებები საფრთხეს უქმნის ღვინის წარმოებას. მსოფლიოში კარგად ცნობილი ავსტრალიური ღვინის ხარისხსა და რეპუტაციას შესაძლოა ზიანი მიადგეს. მევენახეები შედარებით გრილკლიმატიან ადგილებს ეძებენ ახალი ვაზის დასარგავად.ტემპერატურის ცვლილების მიმართ ვაზი მგრძნობიარეა. 1-2 გრადუსის სხვაობაც კი დიდ გავლენას ახდენს როგორც ნაყოფის გემოზე, ასევე მთლიანად მოსავლის ხარისხზე. `ღვინო კლიმატური ცვლილებების მგრძნობიარე ინდიკატორია` - აცხადებს მევენახეობის ცნობილი სპეციალისტი რიჩარდ სმარტი.მევენახე ბრაიან მაკგიგანი დარწმუნებულია, რომ გლობალურმა დათბობამ თავისი კვალი უკვე დაატყო ჰანტერ ველის (Hunter Valley) ღვინოებს. ეს ავსტრალიის ერთ-ერთი უძველესი ღვინის მწარმოებელი რეგიონია. ხეობაში, რომელიც სიდნეის ჩრდილოეთით მდებარეობს, კლიმატური ცვლილებები 90-იანი წლებიდან შეინიშნება. ტემპერატურის ზრდა ყურძნის ნაადრევ დამწიფებას იწვევს, რის შედეგადაც ნაყოფი კარგავს არომატს და მჟავიანობას.კლიმატური ცვლილებების საერთაშორისო კომისიის მონაცემებით 2030 წლისთვის სიტუაცია გაუარესდება, რაც გამოიწვევს სამხრეთ და აღმოსავლეთ ავსტრალიაში და აღმოსავლეთ ახალ ზელანდიაში სასოფლო-სამეურნეო წარმოების შემცირებას.
© „მარანი“

Sunday 23 September 2007

ნუგზარ შატაიძე - ცოფი



ჩვენი ჯერ არ მოგვეკრიფა, ხეივნისა, ჯერ ისევ ესხა და სჭამდნენ ჩიტები. გაუვარდებოდა ჩემი კაცი ყვირილითა და ტაშისცემით, გაეცლებოდნენ ის გასაწყვეტლები, შესხდებოდნენ, შეიხორხლებოდნენ თუთაზე და გამოსცქეროდნენ იქიდან, შინ რო შემოვიდოდა, აიშლებოდნენ, მობრუნდებოდნენ და დაუწყებდნენ ისევ ჭამას. ახლა უნდა გენახა, ქა, ზოგი თავდაყირა ეკიდა, და ისე კიკნიდა მარცვალსა!დატანჯეს კაცი.მე ვუთხარი, ადექი, მოკრიფე და მოიშორე-მეთქი!აბა რას ამბობ, ქალო, მჟავეა ჯერაო.მა ეგ ჩიტები რაღამ დააქიმითა-მეთქი, ქა?!რა ვიცი, გაუწყდათ მაგათ სინსილაო!გაიტანა ბოლოს სკამი, დაჯდა, დაიჭირა ცოცხი და დაუწყო ქშევა. ჯერ ახლო არ ეკარებოდნენ. ისხდნენ ზოგი კაკალზე, ზოგი თუთაზე და უყურებდნენ იქიდან. მერე ნელ-ნელა გაუბედეს – ჯერ ერთი მოფრინდა, მერე – მეორე. სხედან, განა სჭამენ ან რამე, არა, სცდიან, აბა ერთი, რას იზამსო. აიშალა ბოლოს მთელი დუნდგო და წამოვიდა თათრის ჯარივითა!ჯერ ცოცხი ესროლა და გააფრთხო, მაგრამ ისევ რო მოფრინდნენ, ატეხა ერთი ტაშისცემა და ყვირილი – აგინებს, აგინებს, რო მეტი არ იქნება, აღარ შეარჩინა მკვდარი და ცოცხალი, მაგრამ არ ეპუებიან, ქა?!ჩამოიარა ეფრემას ბიჭმა, გადმოეყუდა ღობეზე და უყურებს გაკვირვებული: რა იყო, გოგი, რა მოგივიდაო?!რაღა რა მომივიდა, კაცო, გამაგიჟეს ამ ჩიტებმა, ყურძენს მიჭამენო!მერე, არ იცი მაგათი წამალიო?რა წამალიო?რაიო და კონსერვის კარობკები უნდა დაუკიდოო!რა კარობკები, ბიჯო, რას ამბობო?!მე ვუთხარი – შენი ჭირიმე, კოლა, მოდი, თუ იცი რამე, გვასწავლე, თორე დაიტანჯა კაცი, აი, ქათმები, რომელსაც ხელს დაადებ, იმას დაგიკლამ-მეთქი!წავიდა, მოიტანა საიდანღაც ერთი დიდი კალათა თუნუქის კოლოფი, ჩამოამწკრივა მთელ ხეივანზე და ერთმანეთზე მავთულით გადააბა, მერე უცებ, ჩამოსწია ის მავთული და ისეთი ჟღარუნი აუყენა, რო ძაღლმა კუდი ამოიძუა და ეზოდან წკავწკავით გავარდა. ჩიტებს ხო თვალიც ვეღარსად მოვატანეთ!დავუკალი კარგი ჯაჭვედა დედალი, გავუშალე ლაზათიანი სუფრა, მაგრამ სულ ტყუილად...ჯერ კი ერიდებოდნენ, მაგრამ მერე და მერე ისე შეეჩვივნენ, ისე გაუთამამდნენ, რო აინუნშიც აღარ აგდებდნენ.მოკლედ, სულ გაგალეს მთელი ხეივანი, ერთი საღი მარცვალი აღარსად შეარჩინეს!..დარჩა ეს საწყალი ჩემი ქმარი იმ წელიწადს უღვინოდ და ჩამოყარა ყურები, მაგრამ ჩამოიარეს ერთ მშვენიერ დღესაც ვიღაც ჯეელმა ბიჭებმა ყვირილით – ყურძენი, დასაწური ყურძენიო!გავედით, გავხედეთ – კახელები არიან დიდი მანქანითა.რას აფასებთო?ორმოცდაათ თეთრს კაპიკი არ მოაკლდებაო.მუქთი, ქა?!გავუსინჯეთ გემო – შაქარი!განა შეევაჭრა, ან რამე, არა! ბიჭის ქორწილისთვის რის ვაინაჩრობით შეკოწიწებული ერთი ხუთასი ლარი მქონდა შენახული, მაიტა აქაო! და გამოვუტანე, რაღას ვიზამდი...ჩვენ ახლოს არ მიგვაკარეს – იმ კახელებმა სულ თავისი ზურგით შეზიდეს მარანში ერთი ტონა ყურძენი და გაამსეს საწნახელი. გოგიამ თვალი მიყო – აბაო, დატრიალდი ეხლა შენებურათაო და გავუშალე მეც კარგი სუფრა.დასხდნენ და დაიწყეს პატარა ჭიქებით სმა. ახლა სჭამენ, სჭამენ, საწყლები, რო სულ ერთმანეთსა სტაცებენ ხელიდანა. მშივრები, ქა?!მამიკვდა გული...ცოტა რო დანაყრდნენ, ერთი ეუბნება: გოგია ძიაო, ამ ყურძენს ძაან მაღალი შაქრიანობა აქვს და, იცოდე, წყალი უნდა დაასხაო, ას ლიტრაზე ათი ლიტრა მაინც უნდაო.ხოოვო, ეგრეაო, - უთხრა მეორემაც, შოფერმა, - არ დაასხამ და ცოფი გამოგივაო.დავასხამ, მა რას ვიზამ, კაცოო, მააო! – და ეცინება ულვაშებში თავისებურად.ის ბიჭები რო გააცილა, მობრუნდა და – აბა, დედაკაცო, წყალი გაათბე, ფეხები უნდა დამბანოო!მე ვუთხარი, კაცო, ნასვამი ხარ, დაწექი, დაისვენე, სად გაგექცევა ეგ ყურძენი-მეთქი.არა, თავისნათქვამაა ძალიან...რაღა უნდა მექნა, გავათბე წყალი, ჩავაყრევინე ტაშტში ფეხები და ვბან. რაღაცას ბურტყუნებს თავისთვის, მივუგდე ყური – წყალი არა, მაგათი ყველაყისამაო, გამომივიდნენ ეგენიც მასწავლებლებიო!..მე ვუთხარი, კაცო, გოგი, ადგილის კურდღლისა ადგილის მწევარმა უფრო არ იცის? რახან გითხრეს, კიდეც უნდა დაასხა-მეთქი.ნეტაი შენა, მოგცლიაო და ჩადგა საწნახელში...პირველი წვენი რო წამოვიდა, მომატანინა ჭიქა და დაილოცა – აბაო, მრავალ შემოდგომას დაგვასწროსო, ბარაქა და დოვლათი არ მოგვაკლოს ღმერთმაო! – მიიყუდა, დალია და გაუნათდა თვალები, - რა არი, რა არიო! გასინჯე შენცაო.დავლიე... ტკბილია, ტკბილი, რო ყელსა სწვამს!კაცო, ძაან ტკბილია-მეთქი...მა როგორ გინდაო, ესაო კახური რქაწითელია, განა ჩვენებური კრიკინააო!ხოო და, იმიტომაც უნდა წყლის დასხმა, კრიკინა რო არ არი-მეთქი.აბა, ყური მიგდე, დედაკაცოო, იმათი ანგარიშით, იცი ამას რამდენი წყალი უნდაო? ორმოცდაათი ლიტრაო!ცოტა არ იყოს, მეც შევფიქრიანდი, ქა – ამდენმა წყალმა ემანდ ღვინო არ წაახდინოს-მეთქი და გავჩუმდი, აღარაფერი მითქვამს.სამი კვირა ჭაჭაზე ადუღა და მერე ბალონებში გადაიღო. ნოემბერში კიდევ გადაიღო და დეკემბერში, მესამედაც რო გადაიღო, ძმისწულები ჩამოუვიდნენ ქალაქიდან. დალიეს, მოილხინეს. უფროსი ბიჭი იძახდა, კახურად დავასხათ, კახურად, თორე დაგვხოცამს ესაო, ძაან მაგარიაო! მაგრამ ვინ დაუჯერა, სუ პირთამდინ ავსებდნენ და ბოლომდინ სცლიდნენ.ჯერ ის საღვინეც არა ჰქონდათ ძირამდინ დაყვანილი, რო უმცროსი ბიჭი აუხირდა – შენაო, ბიძაჩემოო, ჩემი ძმა გიყვარს და მე არაო!აბა, რას ამბობ, კაცოო?!რასაც ვამბობო!არაო, შვილოო, შენც მიყვარხარო!არაო, არ გიყვარვარო!მიყვარხარო!არ გიყვარვარ, შენი ასე და ისეო! – და წამოავლო საღვინეს ხელი.ატყდა ერთი დავიდარაბა და წიოკი.ეს დიდი ბიჭი შუაში ჩავარდა, ეხვეწება, ემუდარება – კარგი, ბიჭო, რა მოგივიდა, ცოფი ხო არ დალიეო! მაგრამ აღარა ქნა, ქა, ისეთი პირით აგინა, ისეთები უთხრა, რო ყურში არ შეიშვებოდა. ბოლოს წამოხტა და გავარდა იმ უკუნეთში გარეთ.ავიღეთ ფარნები და წავედით სამივენი საძებნელად, მაგრამ რაღას ვიპოვნიდით, დაეკრა თურმე ფეხი და ქალაქში წასულიყო.მივბრუნდით შინა. ისეთები ვართ, დანა რო დაგვკრა წვეთი სისხლი არ გამოგვივა, არც მე და არც იმათ.არ უნდა მეთქვა, მაგრამ გაბრაზებული ვიყავი და ვეღარ მოვითმინე – კაცო, ხო გითხრეს და რატო არ დაასხი ის ოხერი წყალი-მეთქი!ჰე, გაგიჟდა, გასულელდა, სუ მილეწ-მოლეწა ყველაფერი. ძმისწული რო იქ არა ჰყოლოდა, უსათუოდ მომკლავდა!არაო, - იმანა თქვა, - ღვინო რა შუაშიაო, პირველად ხო არ აკეთებს, არ იცით, რანაირი ხასიათი აქვსო?ერთი კვირის მერე ჩვენი ბიჭი მოვიდა, ენაცვალოს იმას დედა!ბიჭო, გურამო, ეს ახალი ღვინო რო არ გაგისინჯია შენაო?დასხდნენ და დაიწყეს სმა.გოგია კახურად ასხამს, ლამის ნახევრად ავსებს ჭიქებსა, ის კიდევ: თითო პალტავა არ დავლიოთ, მამიო?ეს პალტავა უნდა ნახოთ, რა არი – ნახევარ ლიტრზე მეტი ჩადის შიგა!არაო, შვილო, ჭიქებითა ვსვათ, ესე აჯობებსო...ეე, გაშრა, კაცო, ყელიო!დამიჯერე, შვილო, სხვანაირი ღვინოა ესაო...რა სხვანაირი, მაგისთანები დამილევიაო?ცოფია, ბიჭოო!მაიტა, დედი, პალტავა მაიტაო!რა ვქნა, გოგი-მეთქი?მოუტანე და ჩაიხეთქოს მუცელიო!მივუტანე.დალია... შენაო, მამიო, რათა ხარ ეგეთი ჟმოტიო?რა ვარო?!რაც გაიგეო!არა, არა, რა არი ეგა, რა სიტყვააო.რაი და ძუნწი ხაარო.ბიჭო, უმაღლესი დაგამთავრებინე, ქალაქში ბინა გიყიდე, გაცმევ, გაჭმევ, გახურავ და კიდე მე ვარ ჟმოტიო?!ჟმოტი ხარ, მა რა ხარ, ერთი მანქანა გენანება რო მიყიდოო!კაცო, სადა მაქ მანქანის ფულიო?!ისე კარგა გააქო, რო!მაშ, მტყუნისაო?მტყუნის დედაო!რაიო?!წადი, შენიო, და წამოავლო იმანაც საღვინეს ხელი, უნდა დაარტყას, ქა?! ჩავვარდი შუაში. ატყდა ერთი გამიშვი და გამოუშვი. ვწივივარ და ვკივივარ, ვწივივარ და ვკივივარ. ესენი იგინებიან, იგინებიან, რო აღარაფერი შეარჩინეს ერთმანეთს. ახლა, ხან აქედან მომხვდება თავში, ხან – იქიდან, იმ გაწევ-გამოწევაში სუ შემომახიეს ხალათი.ძლივს დავაშოშმინე, ქა?!ბიჭს მაღლა გავუშალე ლოგინი, ამას დაბლა, ფეჩთანა.მე შუაღამემდე არ დამეძინა – ვიტირე, ვივაგლახე...დილით რაღაც ლაწა-ლუწის ხმამ გამაღვიძა. ვაიმე?! წამოვხტი და გავვარდი კარში.შესულა ჩემი ქმარი მარანში, შეუტანია დიდი კეტი და ამტვრევს ამ სავსე ბალონებსა!ვეცი ხელებში, რას აკეთებ, კაცო-მეთქი!გამეცა, უნდა დავლეწო სულა, ამისი მამტანის მკვდარი და ცოცხალი, ამისიო!შე კაი კაცო, მაგის მამტანმა არ დაგარიგა, წყალი დაასხიო, რატო არ დაასხი-მეთქი!ოხ, შენი დედა, შენიო და დამიშვა კეტი. აი, ეხლაცა მტკივა მხარი.შემოვარდა ბიჭი და გამოუწია ყელი: ბოდიში, მამი, მაპატიე რა, მე ვარ ყველაფერში დამნაშავეო...არაო, შენ არაო, კახელების ბრალია ყველაფერი, მაგათი ასე და ისეო!გამოვბრუნდი და გამოვედი კარში.აბა ის კახელები რა შუაში იყვნენ, საწყლები, კარდაკარ მოსიარულენი, მშივრები, ქა, მშივრები... ხო უთხრეს, წყალი დაასხი, თორე ცოფი გამოგივაო, რატო არ დაასხა.თავისნათქვამაა და იმიტომა.

© „მარანი“

ნოდარ ჩხარტიშვილი - სინდისი და პროფესიონალიზმი



ქართულ ღვინოს რუსეთის ბაზარზე დაბრუნების შემთხვევაში დასამკვიდრებლად დიდი ბრძოლა მაინც არ მოუწევს - ეს ჯერჯერობით ერთადერთი ოპტიმისტური ვარაუდია, რომელიც მეღვინეების წრეში კეთდება. მაგრამ ჯერჯერობით მხოლოდ ვარაუდი. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიისა და მევენახეობა-მეღვინეობის საერთაშორისო აკადემიის აკადემიკოსი ნოდარ ჩხარტიშვილი ქართული მევენახეობა-მეღვინეობის მთავარ პრობლემებსა და ტენდენციებზე საუბრობს.



ქართული ღვინო - რუსების სულიერი განწყობილება



`რუსეთი საქართველოსათვის ღვინის ექსპორტის თვალსაზრისით უმთავრესი ბაზარი იყო, ბევრი წლის განმავლობაში ასე დარჩებოდა და დარჩება კიდეც. ამ მთავარი როლს რუსეთის ხელისუფლება მშვენივრად გრძნობდა და საჭირო დროსაც გამოიყენა. დღეს ხომ ახალი ბაზრის მოძიება არც ისე ადვილია, რადგან მსოფლიოს ბაზარი ღვინითაა გაჯერებული.ჩემი პროგნოზით, როგორც კი ქვეყნის ხელმძღვანელებს შორის ურთიერთობა დათბება, ღვინო აუცილებლად დაუბრუნდება რუსეთის ბაზარს. მე მაინც დროებითი მგონია ეს პროცესი. დასაბრუნებლად დიდი და ხელახალი ბრძოლა კი, ჩემი აზრით, ქართულ ღვინოს არ დასჭირდება - რადგან აქ თავი და თავი რუსების სულიერი განწყობილებაა ქართული ღვინის მიმართ. ეს განწყობილება კი წლები ყალიბდებოდა.`ამ სიტყვების ავტორი ნოდარ ჩხარტიშვილი იმასაც ამბობს, რომ `ზოგი ჭირი მარგებელიას` პრინციპმა აქ მაინც იმუშავა და სანქციებმა ქართველი მეღვინეები გვარიანად შეაფუცხუნა და ღვინის ხარისხი შესამჩნევად გამოსწორდა. `მარკეტინგითაც უფრო დაინტერესდნენ, რაც უფრო გართულდა სიტუაცია, მით მეტი ფიქრი დასჭირდათ, მით მეტი კვლევა, სად, რომელ ბაზარზე შეიძლება შესვლა და დამკვიდრება. აი, მაგალითად, სკანდინავიის ქვეყნებზე ვართ ორიენტირებულები, თუმცა პესიმისტური არც ოკეანის გადაღმა ქვეყნებზე ფიქრია. მართალია, კალიფორნიასა და ჩილეშიც მევენახეობა ძალიან განვითარებულია და ჩილეს ღვინო ევროპულ ბაზარზეცაა შესული, ფრანგულ ღვინოზე რომ აღარაფერი ვთქვათ, მაგრამ ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ ევროპას მრავალფეროვნება სურს. მას მობეზრდა ერთი და იგივე ღვინო.ჩვენთვის ამ ბაზარზე შესვლა დიდი ფულის დახარჯვას და დროს მოითხოვს. მაგრამ ამბიცია, რომ ჩვენი საკმარისი ნიშა დავიკავოთ ევროპის ბაზარზე, არ არის უსაფუძვლო.ბოლო წლებში საგრძნობლად გაუმჯობედა ღვინის ბოთლის, ეტიკეტის დიზაინიც, მოხდა ტექნიკური გადაიარაღება, უახლესი ქარხნები აშენდა, პროფესიონალებიც არ გვაკლია...კიდევ ორი რამ წარმატებისათვის: პასუხისმგებლობა და რაც მთავარია, ამ საქმის პატივისცემა. სხვათა შორის, ჩვენ გვქონდა იდეა, რომ როგორც ექიმები დებენ ჰიპოკრატეს ფიცს, რაღაც მსგავსი ჩამოგვეყალიბებინა, თუნდაც წესები მეღვინეებისათვის... თან, ღვინო, სამკურნალო საშუალებაცაა და ის რომ კარგი გამოვიდეს და ადამიანი არ მოატყუო, ამისათვის პროფესიონალიზმს სინდისი უნდა მიუმატო - ესეც კარგი ღვინის რეცეპტი`.ნოდარ ჩხარტიშვილი ამბობს, რომ 1990-იან წლების პრივატიზაციამ მევენახეობის სფერო თავდაყირა დააყენა. ზვრების გაუაზრებელმა დაქუცმაცებამ და გლეხებისათვის ყოველგვარი გათვლების გარეშე გადაცემამ შედეგიც ასეთივე მოიტანა - უფულო გლეხმა ვაზს შესაბამისად ვერ მოუარა და ამ მიზეზით, არაერთი ვენახი განადგურდა. მას შემდეგ ვენახების აღწერა აღარ მომხდარა.



თურმე, ვენახსაც სჭირდება პასპორტიზაცია



`საქართველოში დიდი ხანია არ ჩატარებულა ვენახების პასპორტიზაცია. ვიცოდით, რომ ვენახს ადრე 144 000 ჰექტარი ეკავა, შემდეგ ეს ფართობი 117 000 ჰექტრამდე შემცირდა. 1990-იან წლებში მეღვინეობიდან შესული თანხა ქვეყნის ბიუჯეტის მეოთხედს შეადგენდა. დღეს ეს ციფრები შეიცვალა. ჩვენი ვარაუდით, დღეს საქართველოში 300-400 000 ტონა ყურძენი უნდა იწარმოებოდეს. ამას, უხეშად თუ გავთვლით, დაახლოებით 90 000 ჰექტარი სჭირდება.მე არც იმის მჯერა, რომ გაჭირვების და რუსეთთან გართულებული ურთიერთობების გამო გლეხი ვენახს აჩეხავს. ის მისი სულიერი არსებობის წყაროა. თან ეს ეკონომიკა გლეხმა ძალიან კარგად იცის. კახეთში ყურძენი ვერაფერმა შეცვალა, ვერც საზამთრომ, ვერც რომელიმე ხილმა. ვაზი კახეთისთვის სიმდიდრის წყაროა და მას ხელშეწყობა სჭირდება. მისი გადარჩენისთვისაა სწორედ ეს ინვენტარიზაცია საჭირო - ზუსტად ვიცოდეთ სად რა გვაქვს, რა რაოდენობის. საქართველოში 1985 წლიდან ვენახების აღწერა აღარ მომხდარა. ფრაგმენტული აღწერა კი რეალურ სურათს ვერ მოგვცემს. მომავალში, თუ ევროკავშირში შევალთ, ყველაფერი სხვაგვარად იქნება, მაშინ უკვე საერთაშორისო ორგანიზაციები მოგვცემენ ლიმიტს, რამდენი უნდა გავაშენოთ და ა.შ.დღეს კი დაახლობით 2 მილიონი ლარი მაინცაა საჭირო იმისათვის, რომ გაკეთდეს პროგრამა, მომზადდეს კადრები, რომ ეს პროცესი დაიწყოს. ამას 2-3 წელი მაინც დასჭირდება. დღეს არც სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამა არსებობს მევენახეობა-მეღვინეობასთან დაკავშირებით. ჩვენს ინსტიტუტში კი გვაქვს დაწერილი კონცეფცია, რომელიც შეიძლება ამ პროგრამას საფუძვლად დაედოს.ყველა დეტალი გასათვლელია. მაგალითად, დღეს მევენახეობა-მეღვინეობაში ერთ-ერთ ხელსშემშლელი ფაქტორი ისიცაა, რომ ფერმერები აშენებენ საკუთარ ვენახებს და პირველ რიგში მის `დაბინავებაზე` ფიქრობენ. ეს ფერმერი, ცხადია, აღარ იყიდის ნედლეულს გლეხისგან. ამიტომ მგონია, რომ უნდა მოხდეს გარკვეული კოოპერირება დიდ ქარხნებთან, გლეხს სახვეწარი არ უნდა გაუხდეს, რომ ვინმემ მისგან ყურძენი იყიდოს.



სკოლა



სად უნდა გაიგოს მომავალმა მეღვინემ კარგი ღვინის დამზადების ზემოთ ნახსენები რეცეპტი? ნოდარ ჩხარტიშვილი ამბობს, რომ რეფორმამ სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტშიც გამოიწვია გარკვეული ქაოსი. კათედრები გაერთიანდა. ცალკე კათედრა ამ დარგს აღარ ეკუთვნის. `ეს ინსტიტუტი საკმაოდ კარგი სკოლა იყო. ევროპაში განათლებამიღებული ადამიანების მიერ დაარსებული. აქ არის უნიკალური ბიბლიოთეკა, ლაბორატორია, სპეციალური საცდელი ვენახები... დღეს არსებობს კიდევ ერთი საფრთხეც - ინსტიტუტმა შესაძლოა დაკარგოს მისი ტერიტორიის 10 ჰექტარი. ამბობენ, რომ ამ ტერიტორიაზე მშენებლობის წამოწყებას აპირებენ.აქამდე ეს 22 ჰექტარი შევინარჩუნეთ და გვინოდოდა, რომ ვაზისა და ღვინის ქალაქი გაშენებულიყო. სანახაობითაც საინტერესო იქნებოდა ტურისტებისათვის, ეს ხომ ფაქტობრივად მუზეუმია ჩვენს ვენახში 400-მდე ჯიშის ყურძენია დაცული და თუ ტერიტორიას გამოგვაცვლევინებენ, მარტო მის გადატანას დასჭირდება 5-6 წელი, ეს პროცესი კი ზარალის გარეშე ვერ ჩაივლის, შესაძლოა ბევრმა ჯიშმა ვერ გაუძლოს და გახმეს. ინსტიტუტს დღემდე აქვს შემორჩენილი ღვინოების უნიკალური კოლექცია. 1900 წლიდან დაწყებული, 30 000 ბოთლია დაცული. თუმცა, დღეს სამაცივრო სისტემაც აღარ ფუნქციონირებს. ყველას აწერია თავისი ასაკი. ღვინო ადამიანივითაა, დაიბადება, დავაჟკაცდება, მოხუცდება და მოკვდება ბოლოს`. ნოდარ ჩხარტიშვილი იმასაც შენიშნავს, რომ თუ მეღვინეს საკუთარი პროფესია არ ეამაყება, ის კარგ ღვინოს ვერ დააყენებს და ამის მაგალითად ერთ ძველ ამბავს იხსენებს:`წლების წინ ქართველი მეღვინეების პატარა დელეგაცია საფრანგეთში ვიყავით, სადაც საკმაოდ ცნობილი ღვინის, `შაბლის` ქარხანას ვეწვიეთ. მისმა მფლობელმა იცოდა, რომ საქართველო ღვინის ქვეყანა იყო და უნდა გენახათ როგორ ნერვიულობდა, სანამ ჩვენს შეფასებას მოისმენდა, თვალებში გვიყურებდა რას ვეტყოდით - თავისი საქმის იმდენი სიყვარული და პასუხისმგებლობა ჰქონდა.გვიყვებოდა, რატომ იყო `შაბლი` განსაკუთრებული ღვინო. მოჰყავდა ყველა არგუმენტი, რომ ის ნაოკეანარ ადგილას გაზრდილი ვაზის ყურძნიდან მზადდებოდა, რომ ამ ნიადაგზე ოკეანის გაქრობის შემდეგ დიდი რაოდენობით კაჟის შემცველი ნიჟარები დარჩა, რაც ვაზს განსაკუთრებულ თვისებებს ანიჭებდა… მსგავსი უპირატესობები ჩვენს ყურძენსაც გააჩნია, მთავარია, ჩვენც ასევე ვამაყობდეთ მისით`.

© „მარანი“