Showing posts with label არაყი. Show all posts
Showing posts with label არაყი. Show all posts

Friday, 25 April 2008

Imperia ინდოეთში

ინდოეთში დიდი ხანია წარმატებით სარგებლობს კომპანია "რუსკი სტანდარტ ვოდკას" პრემიალური ბრენდი "რუსკი სტანდარტ პლატინუმ". მალე ინდოეთის ბაზარზე გამოჩნდება ამ კომპანიის სხვა ბრენდიც - Imperia.
სასმელის დისტრიბუცია დაევალა კომპანიას Narang Group - ინდოეთში საკვები და ალკოჰოლური პროდუქტების უმსხვილეს დისტრიბუტორს. იმპერია გაიყიდება ისეთ დიდ ქალაქებში, როგორიცაა მუმბაი და დელი.

© „მარანი“

Sunday, 30 March 2008

სამი ბოთლი 329 ათასად

ლეგენდარული ჩინური არყის, "მაოტაის" სამი ბოთლი ჩინეთის სამხრეთ-დასავლეთში მდებარე ქალაქის, გუიანის აუქციონზე რეკორდულ თანხად - 2,34 მილიონ იუანად (329 ათასი დოლარი) გაიყიდა.
აუქციონში გაიმარჯვა ბიზნესმენმა გუანდუნის პროვინციიდან. მან შეიძინა 1957 წლის სასმელი 1,38 მილიონ იუანად. მეორე ბოთლის მფლობელი გახდა უცნობი კომპანია შანხაიდან. მან 1966 წლის სასმელში 800 ათასი იუანი გადაიხადა. მესამე, 1997 წლის სასმელი, იყიდა ადგილობრივმა კომპანიამ 250 ათას იუანად.
გაყიდვიდან შემოსული თანხა საქველმოქმედო მიზნებს მოხმარდება.
ჩინური მაგარი სასმელი მზადდება ერთწლიანი მარცვლოვანი მცენარისგან, გაოლიანისგან და მდინარე ჩიშუის წყლისგან. ეს მდინარე მოედინება განსაკუთრებული ეკოსისტემის მქონე პროვინცია გუიჩჟოუში. სასმელი დაყენებულია ათობით სხვადასხვა სამკურნალო ბალახზე.
ჩინეთის შიდა ბაზარზე ამ მარკის არაყი უფრო ძვირია, ვიდრე ცნობილი ფრანგული კონიაკები ან შოტლანდიური ვისკი.

© „მარანი“

Wednesday, 27 February 2008

ქართული არაყის გემო

"ღვინის ძმა არის, მაგრამ სხვა არის"

ლევან სეფისკვერაძე

ბევრს ჰგონია, რომ ღვინის ქვეყნად სახელდებულ საქართველოში, არაყის დამზადების კულტურა და ტრადიცია ჩვენი ქვეყნის მხოლოდ იმ კუთხეებში არსებობდა, რომლებიც გეოგრაფიული კლიმატის გამო ვაზის ჯიშების რაოდენობრივ სიმცირეს განიცდიდნენ. ასეთ კუთხეებად ასახელებენ: სამეგრელოს, სვანეთს, ქართლისა და კახეთის მთიანეთს. თუმცა, ამ მოსაზრების სიმცდარეში მალევე დარწმუნდებით, თუკი მე-17 საუკუნეში ღვინის ჯიშების სიმრავლით ცნობილ იმერეთში ჩასული რუსი ელჩების - იევლევის და ტოლოჩანოვის ჩანაწერებს წაიკითხავთ. ალკოჰოლთან ოდიდგანვე "დამეგობრებული" რუსები ამბობენ, რომ იმერეთში განსაკუთრებულად კარგ არაყს ამზადებენ, თუმცა აქვე იმასაც აღნიშნავენ, რომ "იმერლებს არაყს მაინც ღვინო ურჩევნიათო".

ანწლი, პანტა, ასკილი

არაყი საქართველოში ყოველთვის ითვლებოდა სასმელად, რომელიც, როგორც ერთ ხალხურ ლექსში ვკითხულობთ: "ღვინის ძმა არის მაგრამ სხვა არის". ხოლო თუ რას ნიშნავს ეს "მაგრამ სხვა არის", ამასთან დაკავშირებით ეთნოგრაფი ალექსანდრე ჯელაძე მეტად საინტერესო ვერსიას გვთავაზობს.
ალექსანდრე ჯელაძე, ეთნოგრაფი: "საქართველოში არყით დათრობა ძველ დროში მაინცა და მაინც მიღებული არ იყო. არაყს უფრო მეტად სამკურნალო დანიშნულებით იყენებდნენ. არაყის გამოხდის დიდი ტრადიციებით ცნობილ ფშავშიც კი, მე-19 საუკუნემდე ასეთი ტიპის სასმელს (ლუდისაგან განსხვავებით) ძირითადად დილით, სამწყემსურში წასვლის წინ სვამდნენ, ან რაიმე დაავადების მკურნალობისათვის. ძალიან ცდება ის, ვინც ამბობს, რომ საქართველოში ჭაჭის არაყი, ვთქვათ, ანწლის არაყზე უფრო პოპულარული იყო. საქართველოს თითქმის ყველა კუთხეში არსებობდა არყების განსაკუთრებულად დაყენების ტექნოლოგიები და გამოსახდელად ყველაზე ხშირად იყენებდნენ ანწლს, პანტასა და თქვენ წარმოიდგინეთ, ასკილს. არყის გამოხდის ძველქართული ტექნოლოგიების დიდი ნაწილი დღეს ან დაკარგულია, ანდა თითო-ოროლა ადამიანმა თუ იცის. გურიაში დღეს თითქმის ყველა ოჯახი ტყემლის არაყს აკეთებს, რომელიც როგორც ექიმები ამბობენ, ჯანმრთელობისათვის საზიანოა, მაშინ როდესაც იგივე გურიაში არსებობდა სხვადასხვა ხილისაგან არაყის დამზადების რამდენიმე ტექნოლოგია. ლეგენდარული გურული არაყი სწორედ იმ ძველი ტექნოლოგიებით გამოხდილი არაყია და არა ის, რასაც ახლა ამზადებენ. მე დაახლოებით ათი წლის წინ მქონდა ბედნიერება ჩოხატაურში გამესინჯა ალუმინის მოკალულ ქვაბში გამოხდილი ნამდვილი გურული კარალიოკის არაყი, რომელიც გემოთიც და არომატით ნამდვილად სჯობს თუნდაც იმ უცხოურ ცნობილ არყებს, რომლებიც მაღაზიებში რამდენიმე ათეული ლარი ღირს".

უქვაბობა მექვაბეების ქვეყანაში

არყის გამოხდაში გარკვეული ნებისმიერი ადამიანი გეტყვით, რომ ჭურჭელს, რომელშიც არაყი იხდება, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ამის მიუხედავად, ძალიან იშვიათად ნახავთ ადამიანს, რომელიც საარაყე ქვაბად კომუნისტურ ეპოქაში ქუთაისის ქარხანაში დამზადებულ ნახევრად თითბერის ქვაბებს არ იყენებდეს. არადა, ცნობილია, რომ თითბერი თავისი დანამატი შენარევებით გახურების დროს განსაკუთრებულად მავნე ნივთიერებებს გამოყოფს და ასეთ ქვაბში გამოხდილი არაყის დამლევი ადამიანი ალკოჰოლურ ზემოქმედებას განსაკუთრებილად აღგზნებულად განიცდის. ვინ იცის, შესაძლებელია, სწორედ ასეთი საარაყე ქვებების "დამსახურებაა" ის რომ, ზოგიერთ კაცს ქალების საყვარელი წყევლისა არ იყოს: "არაყი კი არა, მხოლოდ ნავთი, ცეცხლი და კუპრი დაელევინება".
ირკვევა, რომ საქართველოში საარაყე ქვებების დამზადების ოსტატები ახლო წარსულშიც კი გვყოლია. თურმე საქართველოში ერთ-ერთი გვარის მამაკაცები, რომლებიც ცნობილი მექვაბეები იყვნენ, სწორედაც რომ საარაყე ქვებების დიდ ოსტატებად ითვლებოდნენ.
მინდია ნანუაშვილი, ახალგორელი გლეხი: "საარაყე ქვებებს დღეს რომ ყველა ერთმანეთისაგან ვთხოულობთ და წესიერად გაკეთება არც კი ვიცით, ადრე განა ასე იყო. მარტო ჩვენს ხეობაში რამდენიმე მართლაც მაგარი მექვაბე იყო. განსაკუთრებით კარგი მექვაბეები იყვნენ გათენაშვილები. აკეთებდნენ არყის სხვადასხვა ზომის ქვაბებს, პატარა, სპილენძის მოსახარშ ქვაბებს, ტაფებს. საუკეთესო ხელოსანი იყო სეროჟა გათენაშვილი, მეტსახელად "ჭუკულა", მისი გაკეთებული არყის ქვაბები დღესაც აქვთ მთელ ხეობაში. ახალგაზრდებს ეს საქმე უკვე აღარ აინტერესებთ. ყველას ქალაქში გაქცევაზე უჭირავთ თვალი. არადა არყის ყლაპვა კი ძალიან უყვართ".

ლიპარიტ ბაღვაში და არყის ციხე

ქართველი ეთნოგრაფები და ზოგადად ალკოჰოლური სასმელების შექმნის ისტორიით დაინტერესებული ადამიანების დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ არაყის გამოხდა საქართველოში ძირითადად მე-17, მე-18 საუკუნიდან დაიწყეს. მათ ამის მტკიცების საფუძველს აძლევს ის ფაქტი, რომ სულხან-საბას "სიტყვის კონამდე" ძველ საისტორიო წყაროებში და დოკუმენტებში ღვინისაგან განსხვავებით არაყი ფაქტობრივად არსად არაა ნახსნები. სულხან-საბა არაყთან დაკავშირებით ასეთ განმარტებას იძლევა: "რახი ბერძნულია, არაყი არაბულია და იყი ქართულად ქვიან... რახი ერთჯერ გამოხდილსა ეწოდების, ხოლო ორჯელ და სამჯერ გამოხდილსა - აბეკამქი".
თუმცა, ამ სტატიაზე მუშაობისას, გადავაწყდით ერთ მეტად საინტერესო ისტორიულ ფაქტს, რომელიც სიზუსტის მხრივ ისტორიკოსებში ეჭვს არ იწვევს. ამბავი ეხება ლიპარიტ ბაღვაშისა და საქართველოს მეფის, ბაგრატ მეოთხის მუდმივ დაპირისპირებებსა და ბრძოლებს მე-11-ე საუკუნეში. 1047 წელს, სასირეთის ჭალაზე (შიდა ქართლი, კასპის რაიონი) გამართულ ბრძოლაში ლიპარიტ ბაღვაშმა დაამარცხა ბაგრატ მეოთხე. იმავე წელს ისევ გაიმარჯვა ლიპარიტმა არყის ციხესთან მომხდარ შეტაკებაში. 1054 წელს ბაგრატი კონსტანტინოპოლს ჩავიდა და კეისარ კონსტანტინე მონომახოსს ლიპარიტთან შერიგების შუამდგომლობა სთხოვა. კეისარმა ისინი დააზავა. ლიპარიტმა ბაგრატის მეფობა აღიარა, თავისთვის მესხეთისა და ქართლის ერისთავთერისთავობა დაიმტკიცა, თუმცა არყის ციხის ბრძოლა და მარცხი, ბაგრატმა სიცოცხლის ბოლომდე ვერ მოინელა.
ისტორიკოსებთან კონსულტაციის შედეგად გავარკვიეთ, რომ არყის ციხე, ისევე როგორც წყაროში ნახსენები სასირეთის ჭალა, შიდა ქართლში მდებარეობდა. ამის შემდეგ, ბოტანიკოსებსა და ლანდშაფტმცოდნეებს მივაკითხეთ, რომლებმაც შიდა ქართლის იმ ტერიტორაზე, სადაც აღნიშნული ციხესიმაგრე მდებარეობდა, ადგილობრივი კლიმატიდან და გარემოდან გამომდინარე, არყის ხის ხეების თუნდაც მე-11-ე საუკუნეში არსებობა გამორიცხეს. ეს ისტორიული ფაქტი იძლევა ვარაუდის საფუძველს, რომ ციხის სახელწოდება სწორედ სასმელ არაყს უკავშირდება და საფიქრებელია, რომ არყის გემო თავად ბაგრატ მეფესაც კი ჰქონდა გასინჯული.

არაყი გამომხდელს ჰგავს

ეთნოგრაფი ვალერი ზაზაშვილი მიიჩნევს, რომ საქართველოს ეთნოკულტურული მრავალფეროვნება ყველაზე კარგად, ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა კუთხეებში დამზადებული ქართული არაყის განსაკუთრებულ თვისებებში აისახება და თვითოეულ კუთხეში გამოხდილი არაყი თვისებებით სწორედ იმ კუთხის მცხოვრებლებს ჰგავს.
ვალერი ზაზაშვილი, ეთნოგრაფი: "როგორც ცნობილია, დასავლეთ საქართველოში უფრო მეტად მაღალგრადუსიან, მალეთრობად არაყს ამზადებენ. ამის მიზეზი სხვა ფაქტორებთან ერთად, ადგილობრივი ქართველების მიკროეთნიკური ბუნებაცაა. დიდი ემოციური მუხტით აღსავსე მეგრელი, გურული ან იმერელი, უბრალოდ არ დაელოდება იმას, სანამ ერთნახადი "რახი", ანდა მთიულური "ჟიპიტაური" შეათრობს. სწორედ ამიტომაცაა, რომ იგივე კახური სუფრისაგან განსხვავებით, დასავლეთ საქართველოში, საზეიმო ან თუნდაც სამგლოვიარო სუფრები უფრო ნაკლებ ხანს გრძელდება. მიკროეთნიკური ხასიათების მრავალფეროვნება ნებისმიერ ქვეყანას ალამაზებს და გამონაკლისის არც საქართველოა. კახური ჭაჭა ზუსტად ისეთივე სასმელია, როგორიცაა ბუნებით კახელი გლეხი. ჭაჭა ნელა, თანდათანობით ათრობს ადამიანს და ისეთივე "დინჯია", როგორც მისი გამომხდელი. მეგრული არაყი უცებ გათრობს და ნაბახუსევიდანაც მალევე გამოდიხარ. სვანური არაყი პირს წვავს და თუ გემო "თავიდანვე არ დაუჭირე" ბოლოს შეიძლება თავბედი გაწყევლინოს. მთიულურმა არაყმა კი შეყოლა იცის და ბოლოს აღტკინებულ, პოეტურ ხასიათზე გაყენებს. ეს ყველაფერი ჩვენი ქვეყნის კულტურულ მრავალფეროვნებაზე და განსაკუთრებულობაზე მეტყველებს"

ძნელია 21-ე საუკუნის თბილისური სასაუზმე-სამიკიტნოებგამოვლილ და იქ რატომღაც არყად მიჩნეული, დასპირტული წყლის დამლევ ადამიანს დააჯერო, რომ სულ რამდენიმე ათეული წლის წინ, საქართველოში უმაღლესი ხარისხის არაყის დამზადება იცოდნენ. თუმცა, სანამ თბილისი და მთლიანად საქართველო ერთ დიდ სამიკიტნოდ გადაქცეულა, ჯერ კიდევ არსებობს შანსი, რომ აღვადგინოთ საუკეთესო ტრადიციები და ჩვენც გვეღირსოს ნამდვილი, მაღალხარისხიანი ქართული არაყის დალევა.

© „მარანი“

Monday, 25 February 2008

არაყი - ფრანგების საყვარელი სასმელი

ფრანგების უსაყვარლეს სასმელად ღვინისა და ლუდის შემდეგ ვისკი ითვლებოდა. სტატისტიკის თანახმად, საფრანგეთში ვისკის რეალიზაცია ერთი თვის განმავლობაში კონიაკის წლიურ რეალიზაციასაც კი აჭარბებდა. თუმცა, ბოლო წლებში სიტუაცია მკვეთრად შეიცვალა: ფრანგები უპირატესობას არაყს ანიჭებენ. საფრანგეთში ამ სასმელზე მოთხოვნილება მეტად სწრაფი ტემპით იზრდება. არაყს განსაკუთრებით ახალგაზრდა ქალები ეტანებიან.
ეს საკითხი შოტლანდიური ვისკის მწარმოებელთა ასოციაციას ჯერჯერობით არ აღელვებს. ასოციაციის წარმომადგენელი დევიდ უილიამსონი აღნიშნავს, რომ ვისკის ფრანგული ბაზარი მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესია და 2006 წლისათვის თითქმის 10%-ითაც გაიზარდა (დაახლოებით 170 მლნ. ბოთლით). ვისკის უმსხვილესი მწარმოებლები, მათ შორის ფრანგული Pernod Ricard (Chivas Regal-ისა და Ballantines-ს მწარმოებელი), კვლავ აგრძელებენ შოტლანდიური ქარხნების ინვესტირებას. თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ მათ არყის წარმოების დანერგვაც დაიწყეს.
LVMH Moet Hennessy Louis Vuitton-მა (Glenmorangie-ს მწარმოებელი) უკვე მოიპოვა სრული კონტროლი Belvedere-ს მარკაზე, ხოლო Pernod Ricard-ი არ მალავს, რომ შვედური სავაჭრო ნიშნის, Absolut-ის (არაყი, რომელიც საფრანგეთში ყველაზე გაყიდვადი სასმელის ხუთეულში შედის), ყიდვას აპირებს.
ასოციაცია Belvedere-ს დირექტორი ოლივერ ბალვა თვლის, რომ არაყი გახდება ყველაზე პოპულარული სპირტიანი სასმელი არა მარტო საფრანგეთში, არამედ მთელ მსოფლიოში: "აშკარად შეიმჩნევა მუქი ალკოჰოლური სასმელებიდან უფერო სასმელებზე გადასვლის ტენდენცია".

© „მარანი“

Monday, 28 January 2008

ახალი არაყი ამერიკაში

ამერიკული კომპანია Anheuser-Busch ახალი მარკის არაყის - Purus გაყიდვას იწყებს.
პროდუქტი იტალიაში მზადდება, ხორბლისგან, ჩამოსხმულია წვიმის წვეთის ფორმის ბოთლებში და ღირს 35 ევრო. სასმელი თავდაპირველად გაიყიდება ნიუ-იორკში, ბოსტონში, ვაშინგტონსა და ანაპოლისში.
ბოლო წლებში ამერიკაში არაყზე მოთხოვნილება გაიზარდა - 2006 წელს, წინა წლებთან შედარებით, 11%-ით მეტი არაყი გაიყიდა და აქედან შემოსულმა თანხამ 4 მილიარდ დოლარს მიაღწია.

© „მარანი“

რუსული არაყი ძალიან პოპულარულია

არაყი თავისი სპეციფიკურობით სხვა ალკოჰოლური სასმელებისგან საკმაოდ გამორჩეულია. რამდენიმე წლის წინ ის ძირითადად გამოიყენებოდა, როგორც კოქტეილის შემადგენელი ნაწილი, ამჟამად კი ერთ-ერთ ყველაზე მოდურ სასმელად ითვლება.
ამ ბოლო დროს მომხმარებელთა დიდ ნაწილს ზოგჯერ ძვირფას სასმელს - კონიაკს ან შამპანურს - ჩვეულებრივ, ტრადიციული რუსული არაყი ურჩევნია. ამიტომ ბაზარზე უკვე გამოჩნდა უფრო ძვირადღირებული, მაღალი ხარისხის არაყი. თანამედროვე მომხმარებელს არა მარტო ხარისხიანი და სუფთა პროდუქტი იზიდავს, არამედ ამ პროდუქტის წარმომავლობა და იმიჯი.
რომელი არაყია დღევანდელ მომხმარებლის გემოვნებაზე გათვლილი? დღეს ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს პოლონური ფირმის Polmos Siedlce-ს ჭვავის არაყი Diaka, ალმასის ფილტრაციის ტექნოლოგიებით დაპატენტებული. ექსკლუზიური არაყი ჩამოსხმულია Swarovski-ს შუშით მორთულ ბოთლებში, თითოეული ბოთლის ფასი 100 დოლარამდე აღწევს.
დაახლოებით ასე ღირს ცნობილი დიზაინერის რობერტო კავალის (Roberto Cavalli) არაყი. ის დამზადებულია იტალიური მარცვლეულისა და ალპური წყაროებიდან, გაფილტრული Carrara-ს მარმარილოს ნატეხებით.
მომხმარებელთა შორის ძალიან პოპულარულია ე.წ. "ოქროს არაყი" - Gold Flakes Supreme - 0,75 ლიტრი არაყი და 24-კარატიანი ოქროს მარცვლებით. "ოქრო ნამდვილად შეუცვლელია" - განაცხადა ფირმის ერთ-ერთმა მწარმოებელმა და მართალიც აღმოჩნდა: ამ არაჩვეულებრივმა სასმელმა ძალიან მალე შეიძინა თაყვანისმცემლები, რომლებიც აფასებენ არა მარტო გემოს, არამედ იმ საზეიმო განწყობილებასაც, რასაც ეს სასმელი ქმნის.
ნამდვილად ყურადღების ღირსია დონალდ ტრამპის ცნობილი არაყი, რომელიც გამოშვებულია ოთხკუთხა ბოთლებში და ბოთლის ოთხივე მხარეს 24-კარატიანი ოქროთი ჩამოსხმულია ასო T. არყის გაყიდვა თავდაპირველად 1000 ბოთლიდან დაიწყო და სულ მალე მუდმივი მომხმარებლებიც გამოუჩნდნენ.

© „მარანი“

Saturday, 26 January 2008

არაყი Blagoff პირველია

სასმელების ტესტირების ცენტრმა The Beverage Testing Institute (ჩიკაგო, ილინოისის შტატი) გამოაქვეყნა საერთაშორისო დეგუსტაციის შედეგები. არაყმა Blagoff აჯობა მსოფლიო ბრენდებს და ოქროს მედალი მიიღო.
The Beverage Testing Institute ავტორიტეტული ამერიკული ორგანიზაციაა, რომელიც 1981 წლიდან არსებობს და გვევლინება სპირტიანი სასმელების დამოუკიდებელ მიმომხილველად. ლაბორატორიული კვლევების და რეგულარული დახურული დეგუსტაციების სისტემა, რომელიც ინსტიტუტის მიერაა დანერგილი, გამორიცხავს ყოველგვარ სუბიექტურობას შეფასებაში. ყოველწლიურად ტესტირებაში მონაწილეობს 1300-მდე სპირტიანი სასმელი და ტესტირების შედეგებს აქვეყნებენ ცნობილი გამოცემები: The New Yorker Magazine", "Wine & Spirits" და "International Wine Review”. წელს კონკურსში მონაწილეობა მიიღო არყის სამასმა სახეობამ. თითოეული სასმელის შესახებ სპეციალისტებმა შეადგინეს ანოტაცია, სადაც დაწვრილებით აღწერეს სასმელის თავისებურებანი.
ექსპერტებმა Blagoff -ს მიანიჭეს წოდება Blagoff Classic, Blagoff Premium და Blagoff Original, 94, 92 და 90 ქულების შესაბამისად (100 ბალიანი სისტემით). Blagoff -მა ასევე მიიღო ოქროს მედალი და წოდება "Exceptional" - ანუ გამონაკლისი.
Blagoff -მა საგრძნობლად გაუსწრო სხვა ბრენდებს. ლეგენდარულმა Smirnoff-მა 88 ქულა მიიღო, Stolichnaya Stoli-მ - 87 ქულა, შვედურმა Absolut-მა-82.

© „მარანი“

Tuesday, 22 January 2008

არაყი მობილურ ტელეფონში

ცნობილი ბრენდების (Guinness, Dom Perignon, Johnnie Walker, Tanqueray, Baileys და Jose Cuervo) მფლობელმა კომპანია Diageo-მ შექმნა მობილური ტელეფონის სერვისი არაყი Smirnoff-ის პოპულარიზაციისათვის.
მობილური პროგრამა Smirnoff, რომელიც შეიმუშავა ციფრულმა სააგენტო AKQA-მ, წარმოადგენს "ჯიბის ცნობარს" არყის მოყვარულთათვის. საიტი Smirnoff.mobi გთავაზობთ ინფორმაციას, თუ სად შეიძლება გაატაროთ სასიამოვნო საღამო, აგრეთვე, ბევრ საინტერესო ისტორიას არყისა და მისი მოხმარების შესახებ.
ისიც უნდა აღინიშნოს, რომ საიტზე წარმოდგენილია გაფრთხილება ზედმეტი ალკოჰოლის მიღებისაგან თავის დასაცავად, სპეციალური "სასარგებლო რჩევების" გვერდი კი გთავაზობთ, თუ როგორ შეიძლება იმხიარულოთ "გართულებების" გარეშე.

© „მარანი“

Tuesday, 15 January 2008

შვედები Absolut-ს ყიდიან

ლიკა ჯობაძე

შვედეთის ხელისუფლებამ აუქციონზე გასაყიდად ალკოჰოლის მწარმოებელი კომპანია Vin & Sprit-ი გაიტანა. ის ისეთი ცნობილი ბრენდის მწარმოებელია, როგორიც გახლავთ Absolut-ი. გაყიდვების მაჩვენებლით შვედური ბრენდი მსოფლიოში მეოთხე ადგილზეა. ანალიტიკოსებმა კორპორაციის აქტივები 5,7 მილიარდ დოლარად შეაფასეს. ახლა კი, აუქციონის წყალობით, ეს ფასი შესაძლოა 6-7 მილიარდ დოლარამდე გაიზარდოს. კომპანია Vin&Sprit-ის მყიდველთა პრეტენდენტებს შორის მსოფლიოში ალკოჰოლის ინდუსტრიის გრანდები - Pernod Ricard-ი და Bacardi International-ია.
ამჟამად ბრენდი Absolut-ი, კონკურენტ Smirnoff -ის შემდეგ, პოპულარულობით მეორე ადგილზეა, გაყიდვების მაჩვენებლით კი მეოთხეზე. მისი კაპიტალიზაცია 5,7 მილიარდი დოლარია. მიუხედავად ამისა, შვედეთის ხელისუფლებას აუქციონის მეშვეობით მისი ფასის 6-7 მილიარდამდე გაზრდა სურს. თუ ეს ჩანაფიქრი ასრულდება, მაშინ Vin & Sprit-ის გაყიდვა შვედეთში ყველაზე დიდი პრივატიზაცია იქნება.
ალკოჰოლური კომპანიის გაყიდვა "სახელმწიფო აქტივების გაყიდვის” სტრატეგიის ნაწილია, რომელიც შვედეთის ხელისუფლებამ გასულ წელს შეიმუშავა. აღნიშნული სტრატეგიით, ხელისუფლება 200 მილიარდ შვედურ კრონს მოიზიდავს. ქვეყნის ფინანსური ბაზრების მინისტრ მატსა ოდელლიას განმარტებით, ეს პროცესი 2008 წლის ბოლომდე გასტანს.
კომპანია Vin & Sprit-ის გარდა, შვედეთის ხელისუფლება აუქციონზე ხუთ სახელმწიფო და ნახევრადსახელმწიფო კომპანიის აქციების 100%-იან პაკეტს გაიტანს. მათ შორის არის იპოთეკური კომპანია SBAB-ი, ბირჟის ოპერატორი OMX-ი და უძრავი ქონების სააგენტო Vasakronan-ი.
მინისტრის თქმით, ობიექტების გაყიდვის პროცესში მხოლოდ მყიდველთა მიერ შეთავაზებული წინადადებები არ იქნება საკმარისი. "ჩვენ მონაწილეთა საერთო შეფასებას ვაკეთებთ, სადაც ფასი ერთ-ერთი განმსაზღვრელი ფაქტორი იქნება,” - აღნიშნა მატს ოდელიამ. მისივე თქმით, Absolut-ის გაყიდვის შემდეგ, წარმოება შვედეთში დარჩება.
კომპანია Vin & Sprit-ი სამი ნაწილისგან შედგება, აქედან ერთ-ერთი V&S Absolut-ია, რომელიც ბრენდის წარმოებითა და მარკეტინგით არის დაკავებული. ამ განყოფილებაზე Vin & Sprit-ის შემოსავლების დაახლოებით 85% მოდის. 2006 წელს კომპანია Vin & Sprit-მა მსოფლიოში 5,88 მილიარდი კრონის (640 მლნ ევრო) ღირებულების Absolut-ის პროდუქცია გაყიდა.
მატს ოდელია ირწმუნება, რომ კომპანია გაყიდვის შემთხვევაში არ დანაწევრდება. "ჩვენმა ანალიზმა ცხადყო, რომ კომპანიის ერთიანად გაყიდვა ბევრად უფრო საზრიანი და მომგებიანი ნაბიჯია”. გარიგების საკონსულტაციო საქმეს Morgan Stanley-ი წარმართავს.
დაარსების დღიდან - 1917 წლიდან Vin & Sprit-ი შვედეთის სახელმწიფო პოლიტიკასთან იყო კავშირში, რაც იმაში გამოიხატებოდა, რომ ისინი ალკოჰოლის ბაზარზე მონოპოლიას აკონტროლებდნენ.
ამჟამად Absolut-ი Smirnoff-ის შემდეგ მსოფლიოში ყველაზე პოპულარული ალკოჰოლური პროდუქციაა. მისი შესყიდვის სურვილი ალკოჰოლის წამყვანმა მწარმოებლებმა Pernod Ricard-მა, Diageo-მ და Fortune Brands-მა გამოთქვა.
წლის დასაწყისში, რომის უმსხვილესმა მწარმოებელმა კომპანია Bacardi-მ Vin & Sprit-ის ყიდვის შესახებ განაცხადა. კომპანია Bacardi-ის გენერალურმა დირექტორმა ანდრეას ჰემბლერმა შვედეთის ხელისუფლებას შესაბამისი მიმართვა გაუგზავნა. ჰემბლერი ერთ-ერთ ინტერვიუში აცხადებს, რომ Vin & Sprit - Absolut-ი და Bacardi-ი ერთმანეთს ძალიან უხდება. "ასეთი ხარისხიანი ბრენდები მსოფლიოში ძალიან ცოტა დარჩა. ასე რომ, გაერთიანება, ვფიქრობ, კარგი ნაბიჯია ორივე მხრისთვის. Vin & Sprit Absolut-ი ჩვენთვის ძვირფასი შენაძენი იქნება,” - აღნიშნა გენერალურმა დირექტორმა.
ანალიტიკოსები კი ფიქრობენ, რომ Absolut-ის გაყიდვა ალკოჰოლის მსოფლიო ბაზრისთვის მნიშვნელოვანი სიახლეა.

© „მარანი“

Friday, 11 January 2008

"ბრინჯაოს ჯარისკაცის" არაყი

ესტონელებს სურთ, ფაშისტებისაგან ტალინის გამათავისუფლებელი ძეგლის დასახელება "ბრინჯაოს ჯარისკაცი", სავაჭრო მარკად აქციონ.
კონცერნ "კალევის" მარკეტინგის დირექტორი ალარ პინკი აპირებს ღვინისა და მაგარი სპირტიანი სასმელების გამოშვებას სახელწოდებით Pronkssodur (ბრინჯაოს ჯარისკაცი). შუამდგომლობა მოცემული სავაჭრო მარკის გაცემაზე უკვე დაკმაყოფილდა.
თუმცა ბატონ პინკს ჯერ ბოლომდე არ გადაუწყვეტია, როგორ გამოიყენოს ეს საჭირბოროტო დასახელება. "თხოვნა ერთი წლის წინ შევიტანე, უკვე აღარც კი მახსოვს. ვცდილობ, გავარკვიო, ახლა რა დასახელებებია პოპულარული."

© „მარანი“

Monday, 7 January 2008

ძვირფასი არაყი ფუფუნების მოყვარულთათვის

ბიზნესი ზოგჯერ მეტად ძვირადღირებულ ალკოჰოლურ სასმელსაც სთავაზობს მომხმარებელს.
შოტლანდიურ Diva Vodka-ს მწარმოებლები სასმელს ჯერ ჩრდილოური არყის ხის ნახშირით ფილტრავენ, შემდეგ ქვიშაში და ბრილიანტის ქვიშაში ატარებენ. ხოლო სტანდარტულ ბოთლებს მოსართავად კუბის ფორმის ცირკონებით ან სხვა ძვირფასი თვლებით რთავენ. მომხმარებელს თავისი სურვილითაც კი შეუძლია შეუკვეთოს ბოთლის მოსართავად ქვები. რა თქმა უნდა, შესაბამისად Diva Vodka-ს ფასიც - იმის მიხედვით, თუ რომელი თვლებით არის მოჭედილი ბოთლები - მერყეობს 4000 დოლარიდან 1 064 600 დოლარამდე.

© „მარანი“

Monday, 10 December 2007