Wednesday 28 November 2007

ლეგენდარული სასმისები


ლევან სეფისკვერაძე

საქართველოში ჩამოსულ ბევრი უცხოელი გაკვირვებით იხსენებს იმას, რომ ქართველები ძალიან ბევრ ღვინოს სვამენ და ისეთ უზარმაზარ სასმისებს ეძალებიან, ერთი შეხედვით ვერა კაცი რომ ვერ გამოსცლის. ძნელია იპოვოთ ისეთი, თუნდაც ტრადიციული ღირებულებების დიდად არ დამფასებელი ქართული ოჯახი, სადაც გამოსაჩენ ადგილზე არ ინახება განსხვავებული სასმისები. ეს სასმისები, როგორც წესი, განკუთვნილია განსაკუთრებული დღეებისათვის და განსაკუთრებულ სტუმართათვის. ყანწი, ფიალა, ჯამი თუ ჭინჭილა, რაც უფრო ძველია, მით უფრო ფასობს და 21-ე საუკუნეში მისი დამლევისათვის მეტად საამაყოა, თუკი იმ სასმისს ცნობილი, უკვე ლეგენდად ქცეული ადამიანები შესჭიდებიან. ჩვენს ქვეყანაში არსებობს ლეგენდად ქცეული სასმისები. ასეთ სასმისებს უკვე საკუთარი, მეტად საინტერესო ისტორია აქვთ და თიხისაგან, რქისაგან თუ ხისაგან დამზადებული უძველესი სასმისები, საქართველოში გამართული ძველი ქეიფების მემატიანეებად გვევლინებიან.

ჩუქურთმიანი სასმისი და 15 ტონიანი ჭური

არქეოლოგიური გათხრების შედეგად დგინდება, რომ ჩვენი წინაპრები განსხვავებულ სასმისებს ჯერ კიდევ ლეგენდარული კოლხეთისა და იბერიის სამეფოების არსებობის პერიოდიდან იყენებდნენ. ვანის გათხრების დროს აღმოჩნდა მრავალი სხვადასხვა მოცულობისა და ფორმის სასმისი, რომელთა დანიშნულება რომ საღვინედ გამოყენება იყო, ეს ქართველ არქეოლოგებში და ისტორიკოსებში ეჭვს არ იწვევს.
მერაბ თურმენიძე, ისტორიკოსი: "საქართველოს თითქმის მთელს ტერიტორიაზე ჩატარებულმა არქეოლოგიურმა გათხრებმა დაადასტურა, რომ ჩვენი უძველესი წინაპრები ღვინოს ნამდვილად აყენებდნენ. ამ მხრივ განსაკუთრებით დასავლეთ საქართველო უნდა გამოვარჩიოთ. იმერეთში, სამეგრელოსა და აფხაზეთში, აღმოჩნდა ძირითადად თიხისაგან დამზადებული სხვადასხვა ზომის საღვინე სასმისი. ვანის ნოქალაქევში იპოვნეს ულამაზესი ჩუქურთმებით დამშვენებული ფიალა, რომელიც ჩვენს ერამდე დაახლოებით ათასი წლით თარიღდება. ეს მოწმობს არა მხოლოდ იმას, ქართველებს ღვინო მუდამ რომ გვიყვარდა, არამედ იმასაც, რომ ჩვენში ღვინოს ყოველთვის განსაკუთრებულად აფასებდნენ და საღვინე სასმისს სწორედ ამიტომაც ამკობდნენ ლამაზი ორნამენტებით. აღმოსავლეთ საქართველოში, კერძოდ კი კასპის რაიონში, მეოცე საუკუნის 60-იან წლებში აღმოჩენილია ალბათ ერთ-ერთი ყველაზე დიდი ჭური, რაც კი აქამდე ვინმეს უნახავს. გაირკვა რომ იმ ჭურში დაახლოებით 15 ტონა ღვინო ეტეოდა. აქედან გამომდინარე შეგვიძლია ვივარაუდოთ შემდეგი: 1. უზარმაზარი ჭურის დამზადება შესაბამისი საჭიროებით იყო ნაკარნახევი და მის პატრონს (სავარაუდოდ ერთ-ერთ რიგით გლეხს) იმდენი მოსავალი მოჰყავდა, რომ 15 ტონიანი ჭურის გავსება შეეძლო. 2. ჭურის პატრონს ჰქონდა ამ ღვინის გაყიდვის, ან სხვა პროდუქტებზე გადაცვლის პერსპექტივა და სწორედ ამ ღვინოზე ექნებოდა მთელი წლის საკმარი შემოსავლის შოვნის იმედი. 3. ჩემი ერთი ნათესავი, იმის გამო რომ ეშინია, არასწორად დაყენების გამო ღვინო მთლიანად არ გაუფუჭდეს, ღვინოს სხვადასხვა ჭერჭელში აყენებს, იმ იმედით, რომ ღვინის ნაწილი მაინც გადარჩება. ის კასპელი გლეხი კი თავის შესაძლებლობებში იმდენად იყო დარწმუნებული, რომ არ ეშინოდა 15 ტონის ერთად დაყენების. ეს ყველაფერი, საქართველოში ძველ დროში არსებული მეღვინეობის დიდ ტრადიციებზე მეტყველებს"

დაყანწული კაკულა

მე-19-ე საუკუნეში თბილისში ცხოვრობდა ცნობილი მეღვინე, თეიმურაზ ქევხიშვილი. თეიმურაზი ნამდვილად არ იყო კლასიკური ჩარჩ-მიკიტანი და კახეთიდან თბილისში გასაყიდად ჩამოტანილ ღვინოს, პირველ რიგში თავად აგემოვნებდა. მოიწვევდა ღვინის ყადრის მცოდნე რამდენიმე ნაცნობს, დასხდებოდნენ თეიმურაზის მარანში და თეიმურაზ ქევხიშვილის მიერ დამკვიდრებული სუფრის წესის თანახმად, სმას კამეჩის რქისაგან გაკეთებულ, სამ ლიტრიანი ყანწით იწყებდნენ. ესეთი წესი იყო: ვინც იმ ყანწს მოერეოდა, ის სუფრაზე ქეიფს აგრძელებდა, ვინც ვერა და სუფრიდან უნდა წასულიყო. მთელმა ქალაქმა იცოდა ქევხიშვილის ლეგენდარული ყანწის ამბავი და დღეს ღრმად მოხუცებული თბილისელი ბერიკაცებისაგან შესაძლებელია კიდეც მოისმინოთ ერთი, მეტად საინტერესო ისტორია, რომელიც ამ ყანწს უკავშირდება. კახეთიდან ახლადჩამოტანილი ღვინის დაგემოვნების მიზნით ქევხიშვილის მიერ გაშლილ ერთ-ერთ სუფრაზე, მიიწვიეს წარმოშობით ქართლელი სირაჯი, მეტსახელად კაკულა. ეს კაკულა ყოფილა ერთი გამხდარი და ჩია კაცი, რომელიც ღვინის დალევის მოყვარული კი იყო, მაგრამ კამეჩის რქის ყანწი მისთვის ნამეტანი დიდი აღმოჩნდა. შუა სმაში წაიბორძიკა, ფეხი გაუცურდა და დაბლა დაცემული, ყანწის ბოლოს მკერდით წამოეგო. კაკულა კი გადარჩა, მაგრამ იმის მერე თურმე მთელი ქალაქი დასცინოდა და "დაყანწულს" ეძახდა. საერთოდ უნდა ითქვას, რომ საქართველოში კამეჩის რქისაგან ყანწებს იშვიათად ამზადებდნენ. პოპულარული უფრო ხარისა და ჯიხვის ყანწები იყო, თუმცა იყო შემთხვევები, როდესაც სხვა ტიპის ყანწებიც გაუკეთებიათ.

ჭინჭილა თუ დიდი ყანწი?

როდესაც ღვინოზე და განსხვავებულ სასმისებზე ვსაუბრობთ, შეუძლებელია სამეგრელოს მთავრის, ლევან დადიანის ლეგენდარული ყანწი არ ვახსენოთ. ზუგდიდის მუზეუმში ბევრს უნახავს ეს უზარმაზარი სასმისი და ბევრს დღემდე არ სჯერა, რომ ამხელა ყანწს ადრე მართლა ვინმე სვამდა. დადიანის ყანწს აწერია: "ვინც დამლიოს, იმისი ვარ". როგორც ჩანს, ეს ყანწი თავად დადიანის გარდა, ან მართლა ვერავინ დალია, ანდა ნოდარ დუმბაძის ერთ-ერთი ნაკლებად ცნობილი მოთხრობისა არ იყოს, არავინ კადრულობდა ამ მართლაც ლეგენდარული სასმისის სახლში წაღებას.
ბევრისათვის ხშირად გაუგებარია, მაინცა და მაინც განსხვავებული სასმისით რატომ უნდა დაილიოს ესა თუ ის სადღეგრძელო და ამ ყველაფერში ერთგვარი "სუფრული კეკლუცობის" მომენტებსაც ხედავენ. ეთნოგრაფ ელგუჯა იოსელიანის აზრით, განსხვავებული სასმისით სადღეგრძელოს დალევა, ადრე მხოლოდ თანამესუფრეებისათვის თავის მოწონება და დასალოცი ობიექტისადმი "კოჭის გორება" არ იყო.
ელგუჯა იოსელიანი, ეთნოგრაფი: "ბოლო დროს ერთი ძალიან კარგი ძველი ადათი აღსდგა და ამას პირადად მე მივესალმები. თუკი დაახლოებით 10-20 წლის წინ სასმისის განსხვავებულობა მისი სიდიდით გაიზომებოდა, ახლა როგორც იქნა გავიგეთ, რომ სასმისის განსხვავებულობა პირველ რიგში მის ორიგინალურ ფორმებში უნდა წარმოვიდგინოთ. სწორედ ასე იყო ადრე, ძველ საქართველოში და მიხარია, რომ ამ ძველ ადათს ვუბრუნდებით. ჭინჭილა სხვა არაფერი იყო, თუ არა განსხვავებული სასმისი, რომლითაც ყველაზე ლამაზ და ყველაზე კარგ სადღეგრძელოებს ამბობდნენ. ლოცავდნენ ბავშვებს, მოხუცებს, მეუღლეებს, ნათესავებს და იმით არავინ რჩებოდა ნაწყენი, რომ ჭინჭილაში ცოტა ღვინო ჩადიოდა. გურიაში არსებობდა ჭინჭილას მსგავსი სასმისი, რომელსაც "საფეხეს" ეძახდნენ. სწორედ იმ სასმისით სვამდნენ ახლადშემოსწრებული არამსმელი სტუმირისადმი მიძღვნილ სადღეგრძელოებს: "ორი ფეხით ხარ შემოსული და ორი ჭიქა მაინც დალიე", ან "ღმერთი სამობითაა და სამება უნდა დალოცოო". დიდი, უზარმაზარი სასმისები, უფრო თავადებს უყვარდათ და ეს არცაა გასაკვირი. თავადების სუფრა ხომ სმაში შეჯიბრი იყო. გლეხები კი დროს სულ სხვაგვარად ატარებდნენ. გლეხებისათვის სუფრა მხოლოდ უზომოდ სმა არ იყო. გლეხები სუფრასთან მღეროდნენ, შაირობდნენ, კაფიაობდნენ, ცეკვავდნენ. ხალხური სიმღერების აბსოლუტური უმრავლესობა ხომ სწორედ გლეხების შექმნილია. აბა რომელი ჭკუათმყოფელი თავადი ან ბატონი იმღერებდა: "ჩავუხტეთ მუხრანბატონსა", "ცხრა მათრახი გადამარტყეს", ან "არ გეიშვას ჩვენი პრაპორშჩიკიო". საერთოდ, სუფრაზე ბევრი რამ თამადაზეა დამოკიდებული. თუკი თამადა დათრობის, და არა ქეიფის მოყვარული კაცია, მაშინ იგი თანამესუფრეებს განსხვავებულ სასმისებს ძალიან ხშირად ასმევს და ამ განსხვავებულებით ქეიფს თავისი ხიბლი ეკარგება. ადრე თამადა სუფრაზე ერთ, მაქსიმუმ ორ განსხვავებულ სასმისს სვამდა, რათა ხაზი გასმოდა ამ სადღეგრძელოების აუცილებლობასა და მნიშვნელობას"

სარაჯიშვილის ყანწით ლენინის დამლოცავნი

საქართველოს საბჭოთა კავშირში ყოფნის დროს, ქართული სუფრა ღრეობის, ჩხუბებისა და უაზრო ლაყბობის ასპარეზად იქცა. რესტორნებსა და ოჯახებში გაშლილ სუფრებზე, ხშირად პირველად პოლიტბიუროს, შემდეგ კომუნისტურ პარტიას და წითელ არმიას ლოცავდნენ. ეს სადღეგრძელოები ყანწით ისმებოდა და ასმაგად სამწუხაროა, რომ ხშირად კომუნისტური პარტიის დამლოცავის ხელში დაჭერილი უძველესი ყანწი, თავის დროზე იმ ადამიანებს ეკუთვნოდათ, რომლებმაც საკუთარი სიცოცხლე რუსული იმპერიალიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში გალიეს. თბილისელი დიმიტრი ჩაჩუა იხსენებს საინტერესო ისტორიას. იგი თავად შეესწრო ერთ მართლაც სამარცხვინო ფაქტს, როდესაც "ცეკას" ფუნქციონერები დავით სარაჯიშვილის ნაქონი ყანწით ლენინისა "დიადი საბჭოეთის" სადღეგრძელოს სვამდნენ.
დიმიტრი ჩაჩუა, 71 წლის: "1962 წელს, სრულიად შემთხვევით მოვხვდი სუფრაზე, სადაც სულ "ცეკას" და მაშინდელი მთავრობის წევრები ისხდნენ. სუფრა იმდროინდელ თბილისში ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ რესტორანში, რესტორან "ხევში" იყო გაშლილი. პირველად პოლიტბიურო დალოცეს. მე მეგონა ხუმრობდნენ, მაგრამ რომ გავიღიმე, ისეთი შემომიბღვირეს, სადღეგრძელოც კი არ მითქვამს, ისე დავლიე. მერე პარტია დალოცეს. მესამე სადღეგრძელოსათვის თამადა რომ ადგა, ყანწი მოითხოვა. ამ დროს ერთი მელოტი კაცი წამოდგა და თამადას ეუბნება: "ცოტა ხანს მოითმინე და ძალიან მაგარ ყანწს მოვიტანო. მართლაც, ის მელოტი კაცი გავიდა და დაახლოებით ნახევარ საათში, ერთი ძალიან ლამაზი, თეთრი ყანწით დაბრუნდა. გვითხრა: "ეს დავით სარაჯიშვილის ნაქონი ყანწია და ლენინის სადღეგრძელო ამით უნდა დავლიოთო". მამაჩემისაგან ვიცოდი ვინც იყო სარაჯიშვილი და ისიც ვიცოდი, რუსებზე მზე და მთვარე რომ არ ამოსდიოდა. ავდექი და თამადას სიცილით ვუთხარი: ამ ყანწით ლენინის სადღეგრძელოს რომ ვსვამთ, ვინ იცის სარაჯიშვილი საფლავში რამდენჯერ გადატრიალდა მეთქი... ერთი იმასაც ამბობდა: სწორედ სარაჯიშვილისთანა კაპიტალისტების ყანწით უნდა დავლიოთ ლენინის სადღეგრძელო, რადგან ლენინს ზუსტად ის გაუხარდებოდა, მათთვის წართმეულ ქონებას უბრალო ხალხი რომ ვიყენებთო. ისინი თუ უბრალო ხალხი იყვნენ, მე რაღა უნდა მეთქვა? იმათ სულ უცხოური კოსტუმები ეცვათ, მე კიდევ ბიძაშვილისაგან ნათხოვარი შარვალი"
ერთი უნგრელი მწერალი ამბობდა: "იმაზე კარგი არაფერია, როდესაც შენს ოთახში თბილად ზიხარ და ძველ გაზეთებს ათვალიერებო". ზოგისათვის გაზეთების თვალიერებაა სიძველეებით ტკბობა და ზოგისთვის ძველი სასმისების გროვება. ეს სასმისები მართლაც ჩვენი ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე სანდო მემატიანეები არიან და მათზე ტუჩის დამდები, აწ გარდაცვლილი ადამიანების ხსოვნა, ღვინის მოყვარულთა მეხსიერებაში იქამდე იქნება, სანამ ეს სასმისები იარსებებს.


© „მარანი“

4 comments:

Anonymous said...

zalian saintereso statia iyo :)
awyuris arqeologiuri gatxrebi gamaxsenda - sakatedro tazris ezoshi agmochenili qvevrebis fskerze sherchenili yurznis wipwebis analizs ro aketebdnen mteli seriozulobit,yurznis jishis da gvinis saxeobis dasadgenad :D

Anonymous said...

მართლაც საინტერესო სტატიაა, გაიხარეთ

მალხაზ ხარბედია said...

cipcebiT marTla bevri ramis gageba SeiZleba (ra Tqma unda gvinis teqnologiis garda :D)

Anonymous said...

hm kerzod? :)