Thursday 10 April 2008

სიამოვნება და თავის ტკივილი


გიორგი მერაბიშვილი

დილაა. ჯერაც ბოლომდე გამოუფხიზლებელს, თავის საშინელი ტკივილი გაღვიძებს. პირში საძაგელი გემო გაქვს და ხასიათიც ამ გემოს შესაბამისი. საშველი კი ჯერჯერობით არსაიდან ჩანს..
ეს მხოლოდ ნაწილია იმ ათასგვარი ვაიბედურების, რასაც ნაბახუსევს, იგივე "პახმელიას" ვეძახით. კაცი რაც არ უნდა კარგად ერკვეოდეს ღვინის თუ სხვა სპირტიანი სასმელის ავან-ჩავანში, დიდი ქეიფის შემდეგ, დილის ნაბახუსევს ალბათ იშვიათად თუ დაუძვრება. ვერ დაუძვრები და მერე მთელი დღე ჯარისკაცებშემოფანტული ოფიცერივით დაყიალობ ქალაქში და ტანჯული სახით დაეძებ "საპახმელიო" სასუსნავს..

"პახმელია" ძველად

ნაბახუსევიდან თავის მარტივად დაძვრენას ადამიანები უძველეს დროშიც კი ცდილობდნენ. მაგალითად, ცნობილი ამბავია, რომ რომის ერთ-ერთმა იმპერატორმა, უხვად დააჯილდოვა აფრიკელი ექიმ-შამანი, რომელმაც იმპერატორს ნადიმის შემდეგ მის მიერ მოგონილი წამალი დაალევინა და მეორე დილით იმპერატორი, ქართული გამოთქმა რომ ვიხმაროთ: "ჩიტივით იყო". ამ აღმოჩენით გახარებულმა იმპერატორმა წამლის შემქმნელს უფრო დიდი თანხა აღუთქვა, თუკი იგი ამ წამალის გაკეთებას იმპერატორის პირად ექიმსაც ასწავლიდა, მაგრამ გაირკვა, რომ ეს წამალი ერთ-ერთი იშვიათი აფრიკული ჯიშის გველისაგან მზადდებოდა, რომლის დაჭერაც ისეთი ძნელი იყო, რომ მონადირეს ხშირად უდაბნოში რამდენიმეთვიანი ხეტიალიც კი სჭირდებოდა ერთი გველის დასაჭერად.
რომის იმპერატორებზე ნაკლებად არც ქართველი მეფეები და თავადები ცდილობდნენ უნიკალური ანტინაბახუსევური საშუალების მოპოვებას, მაგრამ ყველას როდი უმართლებდა. მე-18-ე საუკუნეში მცხოვრები ქართლელი თავადი, ვინმე გიორგი ციციშვილი, თავის მოურავს დაურწმუნებია, რომ თუკი ნაბახუსევზე ერთ კასრ ცივ, ძმარნარევ ცივ წყალს ტანზე გადაისხამდა, თავის ტკივილი უმალ მოეხსნებოდა. თავადმაც დაიჯერა და სისტემატიურად დაიწყო ნაბახუსევზე ცივი წყალის გადავლება. ეფექტი მართლაც დიდი იყო. თავადი წყლის გადავლების შემდეგ, კარგ ხასიათზე დგებოდა და ასეთი "კარგი" მეთოდის სწავლების გამო, მოურავის მადლიერიც გახლდათ. ერთ დილას კი, წყალის გადასხმის შემდეგ, თავადი ცუდად გახდა და მკვდრის ფერი დაედო. რამდენიმე საათში კი, სულიც დალია. ვინ იცის, შეიძლება სწორედ ამ ამბის შემდეგ დამკვიდრდა დღესაც გავრცელებული ქართული გამოთქმა: "გულმა დაარტყა". არა, ასეთ "პახმელიაზე" გამოსვლას, ისევ თავის ტკივილი ჯობია.

რა ვქნათ?

მაშ რა ვქნათ? ცხელი კერძები: ხაში, ხარჩო, ჩიხითმა, ოსტრი და სხვა როგორც ექიმები ამბობენ, სისხლძარღვების გაფართოების ("პახმელიის" დროს თავის ტკივილის მიზეზი, სწორედ სისხლძარღვების შევიწროებაა) მხოლოდ მცირეხნიან იმიტაციას ახდენენ და მეტი არაფერი. აფთიაქში ნაყიდი სპეციალური მედიკამენტების ხშირად მიღება ძალიან მავნებელია და ამას არც ექიმები გვირჩევენ. ცივი ან ცხელი შხაპი თავად გიორგი ციციშვილის მაგალითითაც ჩანს, რომ გულისთვის ფრიად სახიფათოა. მაშ მართლაც რა ვქნათ?
მამუკა კაკაბაძე, ექიმი: "პირველ რიგში უნდა ვთქვათ, რომ "პახმელიას" მხოლოდ დაბალი ხარისხის ალკოჰოლური სასმელები არ იწვევს. მთავარი განმსაზღვრელი მაინც მიღებული სასმელის რაოდენობაა. თუკი ადამიანი 2 ლიტრ ღვინოზე მეტს დალევს, ასიდან ოთხმოცდაათ შემთხვევეში, დილით თავის ტკივილი ან გულძმარვა აუცილებლად ექნება. არსებობენ მცირე გამონაკლისებიც, მაგრამ მათზე საუბარი შორს წაგვიყვანს. საქართველოში "ახალი წლები" თითქმის ორი კვირა გრძელდება და მამაკაცების დიდ ნაწილს უწევს სხვადასხვა რაოდენობის, სხვადასხვა ხარისხის და სხვადასხვა დასახელები სასმელის დალევა. ასეთი აღრევა ორგანიზმისათვის თამამად შეიძლება ითქვას, რომ დამღუპველია! ალკოჰოლი ორგანიზმში 4-5 დღე რჩება და წარმოიდგინეთ, რა მოხდება, თუკი 10 დღე გადამბმულად დავლევთ. ეს იწვევს: მეხსიერების დაქვეითებას, ღვიძლის გადიდებას, სისხლძარღვების ფუნქციის დარღვევას და სხვა. რაც შეეხება საუკეთესო "საპახმელიო" საშულებას: საერთოდ, ნაბახუსევიდან ბოლომდე გამოსვლა შეუძლებელია. შესაძლებელია მხოლოდ თავის ტკივილის და გულძმარვის მოხსნა. ყველა ადამიანის ორგანიზმი ინდივიდუალურია. არსებობენ ადამიანები, რომლებსაც ხასიათის გასაუმჯობესებლად, მწარე წიწაკის დაყნოსვაც კი ჰყოფნით. საერთოდ, ცხელი, განსაკუთრებულად ცხიმიანი კერძები, ყველაზე კარგ შედეგს იძლევა, თუმცა ეს არ ეხება ყველა ადამიანს. ყველაფერს მაინც სჯობია, რომ ინდუვიდუალური "საპახმელიო" საშუალება ექიმთან შეათანხმოთ"

გამოსვლა ორიგინალურად

ადამიანების ორგანიზმის ინდივიდუალობაზე საუბრისას, მამუკა კაკაბაძე რომ არ ცდება, ამის ჩვენს მიერ მოგროვილი საინტერესო ამბებიც ადასტურებს. ჩვენ ვნახეთ ადამიანები, რომლებმაც "პახმელიაზე" გამოსვლის მეტად ორიგინალური პირადი მეთოდები მოიგონეს და ირწმუნებიან, რომ ყველაზე მართებული, სწორედ მათი მეთოდია.
ვის არ გაუკვირდება, თუკი შუა ზამთარში, სისხამ დილას შორტისამარა მორბენალ ადამიანს დაინახავს?! გლდანში მცხოვრებმა კოტე საიევმა ბევრი ფიქრისა და დაკვირვების შემდეგ, სწორედ ამ მეთოიდს მიაგნო და ყველას ურჩევს, რომ ისინიც მძლეოსნობით გამოვიდნენ ნაბახუსევი მდგომარეობიდან.
კოტე საიევი: "საერთოდ, ძალიან ცუდი "პახმელია" ვიცი. ღვინის დალევის მერე, დილით ადგომის სიკვდილივით მეშინია ხოლმე. ერთი წლის წინ აღმოვაჩინე, რომ როცა ფიზიკურად ვმუშაობ ან დავრბივარ, სწორედ მაშინ გამოვდივარ ყველაზე კარგად. ახლა ყოველი დათრობის მერე, დილაობით დავრბივარ და 1 საათში თავს შესამჩნევად კარგად ვგრძნობ. მეზობლები კი დამცინიან, მაგრამ ეს არაფერი.."
საბურთალოელი ტაქსისტი გივი ბერძენიშვილი, "პახმელიიდან" არც მეტი, არც ნაკლები, ბენზინის სუნით გამოდის. გივი ბერძენიშვილი არ უარყოფს, რომ მისი ეს თვისება პირდაპირი გაგებით ტოქსიკომანიაა, მაგრამ თავს იმით იმართლებს, რომ კლასიკური ტოქსიკომანისაგან განსხვავებით, მას ბენზინზე სულ სამჯერ დაყნოსვაც აკმაყოფილებს და ნაბახუსევობა მარცხდება!
სხვებზე არანაკლებ ორიგინალურია 22 წლის სტუდენტი ლაშა როგავა. ლაშა "პახმელიაზე" სოფლიდან წამოღებული თამბაქოს ფოთლებისაგან გაკეთებულ ნახარშს სვამს და როგორც თავად ამბობს, სწორედ ეს მეთოდია საუკეთესო.
ლაშა როგავა: "თამბაქოს ფოთლების ნახარშის გაკეთება ბაბუაჩემისაგან ვისწავლე. ბაბუაჩემიც ასე გამოდიოდა "პახმელიიდან", მამაჩემიც და მეც. შეიძლება ითქვას, რომ ეს ჩვენი ერთგვარი ოჯახური ტრადიციაა. თამბაქოს ფოთლების ნახარში დასალევად ძალიან ცუდია, მაგრამ საკმაოდ ეფექტურია და ხაშზე და ხარჩოზე ბევრად კარგ შედეგს იძლევა".
ალბათ ყველა მამაკაცის ოცნებაა, რომ დილით თავაუტკივებლებმა გაიღვიძონ და წინა საღამოს დალეული ღვინო "ხახვივით შერჩეთ", მაგრამ ცხოვრება ალბათ იმიტომაა საინტერესო და უცნაური, რომ ნებისმიერ, თუნდაც ძალიან სასიამოვნო და სასიხარულო მოვლენას, კარგთან ერთად ცუდი მხარეებიც აქვს. რომ არა "პახმელიის" შიში, ალბათ მთელი მსოფლიო გალოთდებოდა!

© „მარანი“

No comments: