Saturday, 20 October 2007

ჰიუ ჯონსონი - ღვინის ისტორია (4)


ლეგიონები ითხოვენ ღვინოს

საიდუმლოებით მოცული ალობროგიკა

გალიაში, რონის ხეობის გაყოლებაზე, მეორე სავაჭრო გზაც გადიოდა, რომელსაც ცალკე ისტორია აქვს. პირველ გიგანტურ "ემპორიუმად" (საწყობად), საიდანაც ღვინო ჩრდილოეთში გაჰქონდათ, ძლიერი და რომთან დამეგობრებული ალობროგების ტომის ქალაქი იქცა. ალობროგები გაბატონებული იყვნენ რონის აღმოსავლეთ სანაპიროდან აღმოსავლეთით ალპებამდე და ჟენევის ტბამდე გადაჭიმულ ტერიტორიაზე. მათ ტერიტორიაზე მდებარეობდა ერმიტაჟად წოდებული გრანიტული წარმოშობის მაღალი და მოზრდილი მიწის ნაკვეთი. რონა, რომელიც ამ ადგილას ფართოვდებოდა, გარს უვლიდა ნაკვეთის ძირს და მარცხნივ იმგვარად უხვევდა, რომ წარმონაქმს მდინარის წყლისაგან არეკლილი მზის სხივები ეცემოდა. ყურძნის დარგვა აქ ისეთი სარისკო არ იყო, როგორც ბორდოში - ერმიტაჟი ხმელეთზე ხმელთაშუა ზღვისპირეთის პატარა ნაგლეჯივით მოჩანდა (მარადმწვანე მუხებითა და მისი ყველა დანარჩენი ატრიბუტით). მიწის ასეთივე ნაკვეთი იყო მდინარის დასავლეთ სანაპიროზეც, ვიენთან - ახლანდელი ამპიუისა და კონდრიოს თავზე. ალობროგები საკმაოდ ჭკვიანები აღმოჩნდნენ: მათ თავიანთი ტერიტორიული საზღვრები რონის გაღმა გადაიტანეს და ეს ნაკვეთიც შიგ მოაქციეს. ამჟამად მას კოტ-როტი ეწოდება.
აქ ხმელთაშუა ზღვისპირეთიდან ვაზის ჩამოტანის საჭიროება არ იყო. არსებობს ცნობები იმის შესახებ, რომ ადგილობრივ ტყეებში შესაფერისი ყურძენი უკვე არსებობდა. ვაზი მშვენივრად ეგუება იმ პირობებს, რომელშიც იზრდება. შესაძლოა, გასაოცარი ღვინის გამოჩენა, რომელმაც ალობროგიკას სახელი მიიღო, ჩვეულებრივ მუტაციას უკავშირდება, არც ის არის გამორიცხული, რომ ეს ღვინო მზადდებოდა ვერგილიუსის მიერ ხოტბაშესხმული ვაზისგან, რომელიც იტალიურ ალპებში იზრდებოდა.
ნებისმიერ შემთხვევაში ღვინო ალობროგიკა, რომელიც ვიენში ვერგილიუსის სიკვდილიდან არა უგვიანეს 90 წლისა იყიდებოდა (პლინიუსის მონაცემებით), იქცა რომის საუკეთესო ღვინოების ძირითად კონკურენტად. მას განსაკუთრებით კუპრის (დამწვარი ფისის) მძაფრი არომატის გამო აფასებდნენ, რომელიც ძალზე იშვიათია კარგი ღვინისთვის. ზოგიერთი სპეციალისტი მიიჩნევს, რომ ალობროგიკა თანამედროვე რონის პტი სირად გარდაიქმნა. არსებობს სხვა ვერსიაც: მონდიოზე - სავოის ალპებიდან (ძალზე არომატული წითელი ყურძენი, რომელსაც სათანადოდ ვერ აფასებენ). მონდიოზეს ერთ-ერთ სინონიმს გროს სირა წარმოადგენს; მეორეს - რეფოსკო, ყურძენი ჩრდილო-აღმოსავლეთ იტალიიდან (ეს ძაფი ალობროგიკას აგრეთვე აკავშირებს რეტის ღვინოსთან). მესამე ვერსიის თანახმად, ალობროგიკა ყურძენ პინოს ოჯახის, ესე იგი, ბურგუნდიისა და შამპანის ყველა წითელი ღვინის წინაპარია.
რომის გალიის მნიშვნელოვანი ცენტრი ლიონი იყო, რომელიც ვიენიდან 30 მილის დაშორებით (კარჭაპის გამწევი მონებისთვის სამი დღის სავალზე) მდებარეობდა. ლიონში ნაწილდებოდა ჩრდილოეთ რაიონებში გასაგზავნი ღვინოც. იგი ასევე წარმოადგენდა გალიის ყველაზე მსხვილ "საწყობს". გერმანიის საზღვართან განლაგებულ რომაელთა ჯარებს ტკბილი სამხრეთული ღვინო უყვარდათ და მშრალ ალპურს არ აღიარებდნენ. ჩრდილოეთში ჩაჰქონდათ ანდალუზიის მზით გაჯერებული ასობით ათასი ამფორა ფორტებზე მოთვალთვალე იმ მზვერავების განწყობის ასამაღლებლად, ყოველ წუთს ტევტონთა თავდასხმა რომ ემუქრებოდათ.

ედუელთა ჩივილები

გალებიდან რომის პირველი მოკავშირეები ედუელები გახდნენ, რომელთა ციხე-სიმაგრე კოტ დ’ორიდან ოდნავ დასავლეთით მდებარეობდა. იმპერატორ ავგუსტუსის დროს ედუელებმა დატოვეს თავიანთი ციხე-სიმაგრე და რომაელების დახმარებით დააარსეს ახალი ქალაქი ავგუსტოდუნუმი. მოგვიანებით ეს სახელი შეამოკლეს და დარჩა ავტუნუმი. რომაელების ხელში იგი გალიის ერთ-ერთ უმსხვილესად ქალაქად იქცა, მაგრამ ყურძნის მოსაყვანად იქ მეტისმეტად ციოდა. სამაგიეროდ, ქალაქის კუთვნილი მიწები საკმაოდ შორს იყო გადაჭიმული და კოტ დ’ორსაც მოიცავდა, რაც ყურძნის გაზრდისა და ქვეყნის ჩრდილოეთისა და სამხრეთის შემაერთებელი მთავარი სახმელეთო არტერიასთან ღვინის დამზადების მშვენიერ შესაძლებლობას იძლეოდა. მდინარის სიახლოვეს ვაზის ჩაყრა უკეთესი რომ იქნებოდა, ედუელებმა ეს მშვენივრად უწყოდნენ, მაგრამ კომერციულმა მოსაზრებებმა აქაც იმძლავრა. ისე გამოვიდა, რომ კოტ დ’ორი მდინარის მოშორებით გაშენებული ერთადერთი უძველესი დიდი ვენახია.
პირველი ზუსტი ცნობები პაგუს არებრიგნუსის შესახებ (მაშინ ასე უწოდებდნენ კოტის მეღვინეობის რეგიონს) გვხვდება 312 წელს ავგუსტოდუნუმში ჩასულ იმპერატორ კონსტანტინეს მისამართით გამოთქმულ საჩივართა სიტყვაში. იმპერიის აყვავების დღეები უკვე ჩავლილი იყო. გერმანელებისა და ალემანების მიერ ქალაქი ორჯერ გაიძარცვა - 269 და 276 წლებში. მხოლოდ სხვა, ბალტიიდან ბურგუნდიელთა უფრო კეთილშობილი ტომის გამოჩენის შედეგად გახდა შესაძლებელი ედუელთა დედაქალაქის სრულად აღდგენა და იმპერატორის დასახვედრად მისი მომზადება. ასე გაჩნდა ბურგუნდია.
კოტის ვენახები, როგორც ორატორმა მოახსენა კონსტანტინეს, მართალია, საყოველთაო შურის საგანს წარმოადგენს, მაგრამ სავალალო მდგომარეობაში იმყოფება. ნარგავების გასაფართოებლად აქ არ არის ისეთი ვრცელი ტერიტორიები, როგორც ბორდოში. ვენახი მოქცეულია ქვიან ბორცვებსა და ჭაობიან ვაკეს შორის, სადაც მოსავალი სიცივისგან ფუჭდება. მიწის ამ ვიწრო ზოლზე (რომელსაც მაშინვე იცნობს ნებისმიერი, ვისაც კოტთან შეხება ჰქონია) ვაზი სიბერისგან დაკნინებულია და ნიადაგის დამუშავება შეუძლებელია, რადგან ყოველ ფეხის ნაბიჯზე გვხვდება ერთმანეთში გადახლართული ფესვები. გარდა ამისა, როგორც ორატორმა თქვა, ყველა, მათ შორის მთავარი სამხედრო გზაც, ისეთი ოღროჩოღროა, რომ ნახევრად დატვირთული საზიდავიც კი გატყდება; და, რა თქმა უნდა, ერთგული ქვეშევრდომებისთვის ადვილი არ არის გადასახადების გადახდა.
რამდენად გადაბერებული იყო ვაზი ჯერ კიდევ მაშინ? რა ხნის განმავლობაში იქცა ვენახი ისეთად, როგორც მას აღწერდა (თუნდაც გადაჭარბებულად) პატივსაცემი ორატორი? გამოდის, რომ ვაზი დარგული იყო პროვინიაჟის სისტემის, და არა რომის სახელმძღვანელოების, მიხედვით. მისი არსი შემდეგში მდგომარეობს: ლერწს მიწაზე გადააწვენენ, რის შემდეგაც მას დამატებითი ფესვები გამოაქვს. ყოველ წელს ახალი რქა-ფესურა ჩნდება, ხოლო კუფხალს დროებითი მსუბუქი საყრდენით აკავებენ მიწის ზემოთ. ვენახის აღწერა, როგორც ფესვების აბლაბუდა, სავსებით მიესადაგება პროვინიაჟის სისტემას - მაგრამ მაინც რამდენად ასაკოვანი იყო ვაზი?
უდავოა, რომ ყურძენი ჯერ კიდევ ბარბაროსთა შემოსევებამდე დარგეს, ესე იგი, როგორც მინიმუმ, ჩვ. წ. III საუკუნის პირველ ნახევარში. ძლევამოსილი ქალაქი ლიონი სწორედ მაშინ იწყებდა დაცემას. იყო თუ არა ამის მიზეზი კოტის ვენახები, თუ ეს უბრალო დამთხვევაა და ჩვენ არ ვიცით?! ზოგიერთი უფრო ადრინდელ თარიღზე საუბრობს, და იმ ფაქტს იშველიებს, რომ ქალაქმა ბონმა თავის აყვავებას საუკუნით ადრე მიაღწია; ის კი არა, ძველებურ გასასხლავ დანებს და ბახუსის პორტრეტებსაც კი პოულობენ. ავგუსტოდუნუმში ამფორების ჩამოტანა II საუკუნეში შეწყვიტეს, რაც კასრების გამოყენებაზე მიუთითებს. სავსებით შესაძლებელია, რომ მათში უკვე ადგილობრივ ღვინოს ასხამდნენ.


იქ, სადაც ახლა შამპანურს აკეთებენ…


ჩვენი მცდელობები, დაგვედგინა საფრანგეთის სხვა ვენახების წარმოშობის თარიღი, ასევე ამაო გამოდგა. ყოველი მათგანი მარტივი ლოგიკის მიხედვითაა განლაგებული: მსხვილი ქალაქის სიახლოვეს, თითქმის ყოველთვის მდინარის გვერდით და ყოველთვის (განსაკუთრებით ჩრდილოეთში) გორაკის ციცაბო ფერდობზე. რომაელებმა იცოდნენ, რომ ფერდობზე ცივი ჰაერი ეშვებოდა და წყლის მსგავსად მოსავლისათვის დამღუპველ აუზებს ქმნიდა.
გალიაში, სადაც უპირატესად ვაკე ადგილები იყო, რამდენიმე განსაკუთრებით მაღალი ქვიანი ბორცვი გალ-რომაელთა ერთ-ერთ პირველ ვენახებად იქცა. ამის კარგი მაგალითია სანსერის ცარცოვანი ბორცვი ლუარაზე, რომელიც თვალში ისევე გვხვდება, როგორც ერმიტაჟი რონაზე. აპოსტატად ცნობილმა იმპერატორმა იულიუსმა, რომელმაც უარყო თავისი წინამორბედის - კონსტანტინეს მიერ მიღებული ქრისტიანობა და იმპერიაში ადრინდელი ღმერთების დაბრუნება სცადა, ორი წელი დაჰყო პარიზის წინაპარ პატარა ქალაქ ლუტეციაში, სადაც იმ ყურძნისგან დაწურულ ღვინოს სვამდა, რომელიც, სავარაუდოდ, მონმარტრის ბორცვზე იზრდებოდა.
რეიმსის მთამ, როგორც ჩანს, ასევე ერთ-ერთმა პირველმა გაიჩინა საკუთარი ვენახები. ხოლო შამპანის დედაქალაქი რეიმსი გარშემორტყმულია რომაელების მიერ გათხრილი ცარცის მაღაროებით, სადაც ისინი მშენებლობისთვის ქვებს მოიპოვებდნენ. მთის სამხრეთი ფერდობი, რომელიც მდინარე მარნას გადაჰყურებს, იდეალურია ყურძნისთვის. მართალია, არ არსებობს არანაირი მტკიცებულება იმის შესახებ, რომ გალ-რომაელებს თავიანთი ყურძენი იმ ადგილებში მოჰყავდათ, სადაც ახლა შამპანურს აკეთებენ, მაგრამ საეჭვოა, რომ ასეთი შესაძლებლობა მათ ხელიდან გაეშვათ.
ამ გალური ვენახების დიდი ნაწილი, ალბათ ბორდოსა და რონის გარდა, გაშენდა იმ დროს, როდესაც თეორიულად ჯერ კიდევ ძალაში რჩებოდა დომიციანეს ბრძანება პროვინციაში ყურძნის დარგვის აკრძალვის შესახებ. უცნობია, მათ რომის საგანგებო ნებართვა მიიღეს, თუ (რაც უფრო სარწმუნოა) ადგილობრივმა ხელმოკლეობამ და სურვილებმა სძლია ადამიანურ კანონმორჩილებასა და შიშს სასჯელის წინაშე. ყოველ შემთხვევაში, კანონში მოხერხებული თავის დასაძვრენი იყო: რომის მოქალაქის მფლობელობაში არსებული ნებისმიერი მიწა რომის კუთვნილებად ითვლებოდა, მაშასადამე, ამ მიწაზე ნებადართული იყო ვენახის გაშენება. თუმცა, 280 წელს იმპერატორ პრობუსის მიერ დომიციანეს ბრძანების გაუქმებამ ("მოქალაქენო, - თქვა მან, - გააშენეთ ვენახი და გამდიდრდით"), მევენახეობას ახალი მძლავრი იმპულსი მისცა. როგორც ჩანს, ლუარის ბევრი ვენახი VI საუკუნეში გაშენდა. ლუარაში ბოლომდე მიიყვანეს ბორდოში ბიტურიკისა და რონის ხეობაში ალობროგიკას დაწყებული საქმე - ყურძნის დასავლური და აღმოსავლური ჯიშები რეგიონში ორი მხრიდან შეიჭრა. ჩვენს დროში ლუარაში კაბერნე პინოსთან მეზობლობს, ხოლო ბურგუნდიული გამე - სოვინიონ ბლანთან ბორდოდან.

ლეგიონები ითხოვენ ღვინოს

აღმოსავლეთიდან რომაელებზე სპარსელების თავდასხმის შემდეგ ბარბაროსებმა გადაწყვიტეს, რომ მათი დრო დადგა. 260 წელს გერმანელები და ფრანკები რომაული ქალაქების გასაძარცვად გაემართნენ. მაგრამ ეს ჯერ კიდევ არ იყო იმპერიის მარცხი: ჩრდილოეთში ბარბაროსებმა რომაელები უბრალოდ აიძულეს გადაჯგუფებულიყვნენ. იმპერიის დედაქალაქი ჯერ კიოლნი გახდა, შემდეგ კი - ტრიერი.
შორეულ საზღვრებზე მყოფი რომაელი მხედართმთავრები არანაკლებ იყვნენ ღვინოს მოწყურებული, ვიდრე სამშობლოში დარჩენილი მათი კოლეგები. მაგრამ ხანგრძლივი მგზავრობის დასასრულს ღვინის ფასი უსაშველოდ იწევდა ზემოთ, ხოლო ხარისხი, პირიქით, ეცემოდა. ისტორიკოსი ტაციტუსი წერდა, რომ ჩრდილოეთში ხალხი რაღაც ლუდისმაგვარ უხეშ სასმელს სვამდა. როგორც ჩანს, იმპერიის ღვინო მათ თითქმის მიუწვდომლად ეჩვენებოდათ, თუ რა თქმა უნდა (რაც სავსებით შესაძლებელია), იქ არ იზრდებოდა ველური ყურძენი. მაგალითად, ზოგიერთი თანამედროვე სპეციალისტი მიიჩნევს, რომ რისლინგი უსურვაზისგან წარმოიშვა.
სავსებით შესაძლებელია, გერმანიის პირველი ვენახები იმავე პრინციპით ყოფილიყო გაშენებული, როგორც ბორდოსი. რა იქნებოდა, თუკი ვენახს ტრიერის შემოგარენში, ტყიან ციცაბო ფერდობზე გააშენებდნენ, სადაც ამისათვის საჭირო სამივე აუცილებელი ელემენტი - ქალაქი, მდინარე და ბორცვები არსებობდა? - რჩებოდა მხოლოდ ბორცვების სწორად შერჩევა. ციცაბო, სამხრეთისკენ მიმართული ფერდობი არა მარტო იკრებდა ამ მხარეებში ასე იშვიათ სითბოს (ძლიერი დაქანების გამო მზის სხივები ბორცვებზე ეცემოდა მართი, და არა მახვილი, კუთხით და სუსტად იშლებოდა), არამედ ვენახს ჩრდილოეთის ქარებისგანაც იფარავდა და ძლიერი წვიმებისგანაც იცავდა.

მეღვინე წმინდანები

გიბონმა რომის დაკნინება და დაცემა აღწერა, როგორც "ბარბაროსობისა და რელიგიის ტრიუმფი". იმპერატორების ხანას წმინდანთა ხანა მოჰყვა. კონსტანტინემ იმპერიაში შემოიტანა ქრისტიანობა და დედაქალაქი კონსტანტინოპოლში გადაიტანა. რომს თითქმის აღარ დარჩა ძალაუფლება. ფრანკები, ვანდალები და გოთები დაუცველი ევროპისაკენ დაიძრნენ. რომის უკანასკნელი ლეგიონები გაერთიანდნენ ფრანკებთან და ვანდალებთან, მრისხანე ატილასა და მისი ნახევარმილიონიანი (როგორც ვარაუდობდნენ) ჰუნების არმიის წინააღმდეგ, შეამოწმეს რა მისი ძალები 451 წელს შალონთან (შამპანში) მომხდარი ხოცვა-ჟლეტის დროს. ჩრდილოეთ საფრანგეთი ახლა ფრანკების ხელში იყო, სწორედ მათ მისცეს სახელი ამ ქვეყანას. იმპერიისგან აქ მხოლოდ ეკლესია დარჩა.
ეკლესია იმპერიულ ტრადიციებში შექმნილი ძველი რომის ნამდვილი პირმშო იყო და, მიუხედავად ამისა, მას მაინც არ ჰყავდა საკუთარი არმია. პირველი ეპისკოპოსები პროვინციებიდან გამოსული უმაღლესი რომაული წოდების განათლებული წარმომადგენლები იყვნენ. როდესაც რომმა ძალაუფლება დაკარგა, გადარჩენილები გამოეწყვნენ ეპისკოპოსებისა და მღვდლების შესამოსელში და არსებობა, რამდენადაც ეს შესაძლებელი იყო, რომაული წესით გააგრძელეს.
ბერებთან კი საქმე სხვაგვარად იყო. ეკლესიის ამქვეყნიურ სიბრძნეს ისინი თავგანწირულ სულიერებას უპირისპირებდნენ. მიჩნეულია, რომ ბერობის იდეა განდეგილ წმინდა ანტონს დაებადა სინას უდაბნოში, ეგვიპტეში, ჩვ.წ. 300 წელს. მისმა მოძღვარმა, მოძღვრის ნიჭით დაჯილდოებულმა წმინდა ათანასემ კი სწორედ იმ დროს ჩამოიტანა ბერობა ტრიერში. ტრიერში სავარაუდოდ ევროპაში პირველი მონასტერი გაჩნდა, რომელიც თითქმის მაშინვე შეიქმნა მას შემდეგ, რაც იმპერიაში ქრისტიანობა მიიღეს და ევროპის ფარგლებს გარეთ მონასტრები დაარსდა. მაგრამ მღვდელმსახურთა მდგრადი იერარქიული სისტემა ეპარქიებში უფრო ძლიერი იყო, ვიდრე კონტინენტზე მიმობნეული ბერების დაჯგუფებები. წმინდან ეპისკოპოსებს მრავალი სასწაული მიეწერება, რომელთა შორის უდიდესი მაინც სამი საუკუნის განმავლობაში სოფლის მეურნეობის (რომელშიც საკმაოდ დიდ როლს თამაშობდა მეღვინეობა) ბრწყინვალე ფორმის შენარჩუნება იყო. ეს ის პერიოდია, როდესაც დასავლური ქვეყნებისთვის მუსრის გასავლებად, აღმოსავლეთში გროვდებოდა და ძალას იკრებდა ჯოჯოხეთური ლეგიონები.
ბევრი ეპისკოპოსი მეღვინეობით იყო დაკავებული; მაგალითად, წმინდა მარტინი, გულჩვილი ლეგიონერი უნგრეთიდან (ლეგენდის მიხედვით, მან თავისი ფორმის მოსასხამის ქვეშ შეიფარა სიცივისგან აკანკალებული ღატაკი), რომელიც 371 წელს ტურის ეპისკოპოსი გახდა. ტურინში მეღვინეობის შემოტანას და გასხვლის ტექნოლოგიის გამოგონებას სწორედ მას მიაწერენ (ამ უკანასკნელის აღმოჩენამდე იგი მას შემდეგ მივიდა, რაც ვირის მიერ ტოტების ჭამას დააკვირდა). ღვინო ტურის მომდევნო ეპისკოპოსს, წმინდა გრიგორსაც უყვარდა. წმინდა ჟერმენი პარიზის სააბატოდან, რომლის მიწები მდინარე სენის მარცხენა სანაპიროზე იყო განლაგებული, მემატიანეს ცნობით, ბურგუნდიაში მდებარე მეღვინეობის დიდ მამულში დაიბადა. აღმოსავლეთ საფრანგეთში მოღვაწე კიდევ ერთ წმინდანს, ლანგრეს ეპისკოპოს გრიგორს კი არ აკმაყოფილებდა მისი საეპისკოპოსო მიწების ღვინო, და მან თავისი მეურნეობა დიჟონში გადაიტანა. წმინდა ერმელუნდუსმა ჩინებული ვენახი გააშენა ლუარის შესართავთან, ხოლო წმინდა დიდიემ მას კიდევ ერთი ზვარი მიამატა კაორში. ეპისკოპოსი ნიცეტიუსი ტრიერიდან, მოზელის მევენახეებთან თანამშრომლობდა, წმინდა გოარი კი - რეინელ ოსტატებთან.
საეპისკოპოსოების წინაშე მალე დადგა მონასტრების მზარდ გავლენასთან დაკავშირებული კონკურენციის პრობლემა. სწორედ ისინი ბატონობდნენ შუასაუკუნეების მეღვინეობაშიც. მაგრამ ძველი ფრანკების ყველა ქმედება უფერულდება მათი დიადი მემკვიდრის, წმინდა რომის იმპერიის პირველი მმართველის, იმპერატორ კარლოს დიდის საქმეების გვერდით. მისი სახელი (ფრანგულად Charlemagne - შარლემანი) დღემდე ამშვენებს მრავალი კეთილშობილი ღვინის ეტიკეტს.


© „მარანი“

Friday, 19 October 2007

ილიას პურადობა

იაკობ მანსვეტაშვილი

ფრაგმენტი წიგნიდან "მოგონებანი"

ილია თუმცა ძლიერ ხელმოჭერილი იყო, მაგრამ პურადობით, მასპინძლობით არც ერთს ქართველს არ ჩამოუვარდებოდა. თითონაც უყვარდა სმა და ჭამა "ფრიად მარგი", იცოდა ჭამა ხარბად, საფუძვლიანად და სტუმრებსაც გულუხვად, ხელგაშლილად დაუხვდებოდა ხოლმე. მეტსაც ვიტყვი, - ილიას პურადობა, მასპინძლობა, მართალია, ნამდვილი "ქართველური" იყო, "ჩვენებური, ძველებური", მაგრამ ხშირად ქართველურ ბედოვლათობასაც მოგაგონებდათ. აიღეთ თუ გინდა იმის დღეობა, ილიაობა, ოცს ივლისს. როგორ გადაიხდიდა ხოლმე ილია ამ დღეობას?
ვინ ასწერს ამ დღისათვის სამზადისს, სიუხვეს სასმელ-საჭმელისას, სანოვაგისას? ასეთი ლხინი, შექცევა, ნადიმი, შეჰშვენით მხოლოდ ტროადის გმირებს, როგორც თვალწარმტაცის ფერადებით აგვიწერს ჰომიროსი თავის "ილიადაში". მეც უნდა ჰომიროსის კალამი მქონდეს, რომ ღირსეულად აღვწერო ილიაობა. მაინც შევეცდები, რამდენადაც უნარი შესწევს ჩემ სუსტს, მკრთალ კალამს, აგიწეროთ ეს დღეობა.
დღეობის მზადებას შეუდგებოდნენ ხოლმე რამდენიმე დღის წინად. მერე რა მზადებას! იკვლებოდა რამდენიმე ძროხა, ცხვარი, ბატი, ინდაური, აუარებელი ქათმები. იჟლიტებოდა უთვალავად ვარია, წიწილა, იდგა მთელი ხროვა სხვადასხვა მწვანილეულობისა, გატენილი ტომრები ბოსტნეულობისა, სავსე გოდრები ხილეულობისა. ცხვებოდა აუარებელი პური, შოთი, ნაზუქი, იხდებოდა ქვევრები, საგურამოსი და ყვარული ღვინოებით სავსენი. მახსოვს, ერთ დღეობას, სამი საპალნე ღვინო დაიხარჯა, ე.ი. 2250 ბოთლი, თითო საპალნეში რომ 750 ბოთლი ვიანგარიშოთ. ცოცხალი ზუთხი მოდიოდა ძღვნათ ფოთიდამ, ეპისკოპოზ გრიგოლ დადიანისაგან. არაგვიდგან ცოცხალი ორაგული მოჰქონდათ საგურამოელ გლეხებს, აქა-იქ ელაგა ქალაქური ტკბილეულობით და ტკბილი ნამცხვრებით სავსე სინები; სამოცი ხელი ლოგინი იყო დამზადებული იმ სტუმრებისათვის, რომელნიც რამდენიმე დღით დარჩებოდნენ ხოლმე საგურამოში.
სტუმრები წინა დღითვე დაიწყებდნენ მოსვლას. აქ იყვნენ ილიასი და მისი მეუღლის შორეული და მახლობელი ნათესავები, ნაცნობნი, რედაქციის თანამშრომელნი, ბანკის მსახურნი, მწერალნი, საზოგადო მოღვაწენი. იყვნენ ჩამოსულები იმერეთიდგან, კახეთიდგან. რა დაიჭერს ქართველ კაცს, თუ კი კაი სადილი, ლხინი მოელის? ხომ გაგიგონიათ: თაფლი იყოს, თორემ ბუზი თეირანიდგან მოფრინდებაო.
წინადღითვე გაიგზავნებოდა ხოლმე ავჭალას და მცხეთას ეტლები, "ლინეიკები", შეკაზმული ცხენები სტუმრებისათვის და ურმები ბარგისათვის. ამ რიგითვე თვით დღეობას, დილით.
მახსოვს ერთი ამისთანა დღეობა, მგონი 1886 წ. თუ 1887 წელს. თითქმის ასამდე იყვნენ ქალაქებიდგან ჩამოსული ინტელიგენტი სტუმრები, მათ შორის მახსოვან: ნიკო ღოღობერიძე და პეტრე ნაკაშიძე იმერეთიდგან, ანდრონიკაშვილი და შალიკაშვილი კახეთიდგან, ჩვენი ისტორიკოსი დ. ბაქრაძე, მოხუცი რ. ერისთავი, ილია ოქრომჭედლიშვილი, ლ. მაღალაშვილი, გ. ქართველიშვილი, ძვირფასიან "ვეფხის-ტყაოსანის" გამომცემელი და ბევრნი სხვანი. ესენი სულ ზოგი ეტლებით, ზოგიც ცხენებით მოვიდნენ. აგერ მოისმა შორიდგან ზურნის ხმა, ერთი ყიჟინა და ჟივილ-ხივილი, მივხვდით: მოდის ჩვენი ასიკო ცაგარელი, ცნობილი დრამატურგი, თავის დამქაშებით, უკვე კარგად შეზარხოშებული და ამიტომ კაი გუნებაზე მყოფი.
აგერ მოისმა მშვენიერი მწყობრი ქართული სიმღერა, ახალგაზრდა ხმები, მოდიან და მოიმღერიან წინამძღვარიანთ კარის სამეურნეო სკოლის მოწაფენი თავიანთ მასწავლებლებით, წინ მოუძღვით თვით ილია წინამძღვარიშვილი, ამ სკოლის დამფუძნებელი და მისი მუდმივი, დაუღალავი მზრუნველი და გულშემატკივარი.
აგერ კიდევ გაისმა მრავალხმიანი გუგუნით სიმღერა: მოდიან საგურამოს და წიწამურის გლეხები, სამასამდე კაცი, ილიასთან დღეობის მოსალოცავად.
გაიშალა ოთხი-ხუთი სუფრა, კაკლის ქვეშ – ქალაქის სტუმრებისათვის, კაკლის გაყოლებაზე, ხეებ ქვეშ, - წინამძღვარიანთ სკოლის მოწაფეთათვის და იქვე გაყოლებით – გლეხებისთვის.
დაიწყო საჭმლის მიღება. საჭმელი საჭმელს მოსდევს, ერთი თავი მეორესა სცვლის. ერთ კერძს ზედ მოჰყვება მეორე და ესე დაუსრულებლად. ტოლუმბაშად ჩვენი შეუდარებელი თამადა რაფ. ერისთავი აირჩიეს. საჭმლის მიღების დროს სვამდნენ ღვინოს ჭიქებით. მალე ჭიქები გვერდზე გადაიდგა და მოაყოლეს თასები, ჯამები, ჯამებს მოჰყვა ყანწები. პირველი ყანწი დალია ილიამ, როგორც მასპინძელმა. ბევრი არაფერი შეეტყო, მხოლოდ კუნძივით იჯდა ერთ ალაგას. გადავიდა დ. ბაქრაძესთან, ისტორიკოსთან. ეს იყო სუსტი, ნაზი აგებულობის კაცი, ხეხელა. ამას ყანწისთვის სუკი არ მოსდევდა, მაგრამ მაინც უარი არა სთქვა, გამოცალა ყანწი. გამოცალა, მაგრამ იქვე კი კინწი წააწყდა და მუხლები ჩაეკეცა. მოქეიფეთა რაზმს გამოაკლდა. წაიყვანეს ოთახში დასასვენებლად და გამოსაფხიზლებლად...
ყანწმა თავისი ქნა: აირია მონასტერი, დაიწყო ბაბილონის გოდოლის შენება, ენათა აღრევა ანუ, უკეთ რომ ვსთქვათ, ენათა დაბმა, ერთი მეორისა აღარავის ესმოდა. თამადას ვინღა უგდებდა ყურს, ცალ-ცალკე ჯგუფებათ დაიყვნენ, ყველა თავისებურად ლხინობდა, თავის გუნებაზე სვამდა.
აგერ ასიკო ცაგარელი თავის დამქაშებით, უკვე ღვინით გალეშილებით, შესძახის თავის მეზურნეს: ჩაჰბერე დუდუკს, გამაგონე მისი ტკბილი ხმა. დუდუკის ხმა კი, მართალია, ტკბილია, მაგრამ ასიკო რომ ზედ დაჰკივის თავის ჩახლეჩილი უხამსური ხმით რაღაც შიქასტას, ეს კი, უნდა მოგახსენოთ, სიტკბოებას სრულებით არა ჰგავს, ეს უფრო ტურების ყმუილს მოგაგონებს, თუმცა მის დამქაშებს, ეტყობა, ძლიერ მოსწონთ, რადგან სულ "ჰაჯან-ჰაჯან"-ს მისძახიან.
ამათვე ჯგუფშია ყველასაგან კარგად ცნობილი გიგო ყარანგოზიშვილი, განთქმული მოქეიფე, დარდიმანდი, ლოთი-ფოთი. სმაში ჭკუას არ ჰკარგავდა, მხოლოდ სმა თავისებური ფოკუსებით იცოდა. მაგალითად, ღვინით სავსე ჭიქას დაიდგამდა ხელის გულზე, მერე ხელს ისე მოიღრეცდა, გადმოატრიალებდა, რომ ხელის გული ზემოთ მოექცეოდა, ჭიქაც ზედვე იდგა და არც ღვინო დაიღვრებოდა. ახლა ეს ღვინო უნდა დაელია. ეს არც ისე ადვილი იყო: გადმობრუნებულ ხელს და მკლავს ისე ადვილად ვერ მიიტანდი პირთან. გიგო ამასაც ახერხებდა: მოიხრიდა კისერს რაც ძალი და ღონე ჰქონდა, - ვშიშობდით, კისრის ძარღვები არ დაუწყდესო, - იმდენად გადმოიხრიდა წინ, რომ ნიკაპი თითქმის გულის ფიცარს მიებჯინებოდა. ამ გვარად, ხელის გულზე მდგარ ჭიქას ტუჩებს მიუახლოვებდა და დაიწყებდა ნელ-ნელა ღვინის წრუპვას. ჭიქას რომ ნახევრამდე მიიყვანდა, კბილებით სწვდებოდა თვით ჭიქას, ღვინოს გამოაცარიელებდა და დაიწყებდა ჭიქის კვნეტას. აქაც დიდ ხელოვნებას იჩენდა: ისე ჰკვნეტდა და ჰყრიდა პირიდგან შუშის ნამტვრევებს, რომ ოდნავაც არ გაიკაწრავდა არც ღრძილებს, არც ტუჩებს. ბევრისთვის ეს საზარელი, არა ესთეტიური სანახავი იყო, უნდოდათ ეთქვათ: გიგო, კმარა, შედექი! მაგრამ გიგო არტისტი იყო, ხელოვნურად ასრულებდა თავის როლს, თავი მოსწონდა, და აბა ვინ ეტყვის არტისტს: მორჩი, არ მოგვწონს შენი თამაშიო!
ხომ მოგეხსენებათ, ჩვენში საცა სმაა, იქ სიმღერაც არის, და აი კაკლის ქვეშ გაისმის განუწყვეტელი "მრავალჟამიერ", "ყანწით ვსვამ ღვინოს", "გულში ჭირიმე, სულში ჭირიმე" და სხვა ამისთანები. ასიკოს შიქასტები წარსული დროის, სპარსული სახის, ნარჩენი ხორცმეტია.
იქიდგან, სადაც სკოლის მოწაფეები სადილობენ, მოისმის მწყობრი სიმღერა, სმენის დამატკბობი, გულის გამამხიარულებელი. ეს არ ჰგავს უხამსს შიქასტას, უგემურ "გულში ჭირიმე, შენ გენაცვალეს". აქ ისმის ნამდვილი ქართული სიმღერა, აღნიაშვილის ხოროს რეპერტუარიდგან, ევროპულ მუსიკის კვალობაზე ტკბილ ხმად შეწყობილი, შემკობილი.
აგერ ცოტა მოშორებით გუგუნებს მძლავრი, ღონიერი, შეწყობილი სიმღერა გლეხებისა. ამათაც კარგად გადაუკრავთ, ყანწები თუმცა არა აქვთ, მაგრამ ჯამებს კი მადიანად აცარიელებენ. მიყვარს ამათი შვება-ლხენა. პატარაობიდგანვე ვარ ამას შეჩვეული, სოფელში ბევრჯერ ვყოფილვარ ამის მნახველი. გლეხი თუ ლხინობს, ლხინობს სრულის გულითა და სულითა, თუ მხიარულობს – მთელი მისი არსება ხარობს, თუ თამაშობს, მღერის, - ჰგრძნობ, რომ ყველა ძარღვი, ყველა ასო სხეულისა უმღერის, უთამაშებს. ამ დროს ის ყველაფერს ივიწყებს, მხოლოდ თავის გრძნობას ემორჩილება, სხვა ფიქრს თავიდგან იცილებს, ღვინოსაც ადვილად იტანს. იქნება ეს ჯანის სიღონეს, სიმრთელეს უნდა მიეწეროს? შესაძლებელია, მაგრამ ისიც კი უნდა ითქვას, რომ გლეხს ლხინში, ქეიფში მოძრაობა უყვარს: მღერის, თამაშობს, ხანგალას ჩამოუვლის, ფერხულს გააბამს, ჭიდაობას გაჰმართავს, და ამასობაში ყველას ადვილად იტანს, საჭმელსაც კარგად ირგებს და სასმელსაც.
საღამო მოახლოვდა. ყველაზე ადრე წამოიშალნენ სკოლის მოწაფენი. ესენი უნდა აჩქარებულიყვნენ, რომ დღიურად მიესწროთ შინ, სკოლამდე შვიდი ვერსტი მანძილი ჰქონდათ გასავლელი.
ბინდისას გლეხებიც დაიშალნენ. ხომ მოგეხსენებათ, ქათამი რომ ქანდარაზე შეჯდება, გლეხმა უნდა ლოგინი მოამზადოს: დილით ადრე, განთიადისას საქმეს უნდა შეუდგეს, ჩვენსავით დილის ტკბილ ძილს არ არის ჩვეული.
კაკლის ქვეშ რაღა ამბავია. რას აპირებენ? აქ ძაღლი პატრონს ვეღარ იცნობს: ზოგს თავი ჩაუქინდრია და რაღაცას ლუღლუღებს, ზოგს იქვე სუფრაზე თავი მიუდვია და მისძინებია. ზოგი იქვე კაკლის ქვეშ მიწოლილა და უძრავად ძევს, ზოგი კიდევ კაკლის იქით გასულა და იტანჯება, პირიდამ აზიდებს. განაგრძობენ სმას და ღრიანცელს მხოლოდ ისინი, ვინც ისე არიან ღვინით ზედშეზელილები, როგორც კაი მოთელილი ნაბადი, ისე არიან გამოწრთობილი, როგორც მაგარი ფოლადი.
დაღამდა. დრო კარგად გადასულია. ყველას ძილი სძლევს. მოსვენებას ეძებს. გაეშურნენ სახლში. ორი დიდი მოზრდილი ოთახი მზად არის. სამოცამდე ლოგინი გაშლილია მწკრივად, პირდაპირ იატაკზე. ბევრი ტანთგაუხდელი მიწვა და იქვე მიეძინა. ზოგნი კი იქაც არ ისვენებენ. საინტერესო და თან სასაცილო სანახავი იყო, რომ ეს ხანში შესული, ჭაღარა მორეული ვაჟკაცნი ცელქობდნენ, ეშმაკობდნენ, როგორც პატარა ბავშვები. კორწიალობდნენ, მალაყებს გადადიოდნენ, ბალიშებს ესროდნენ ერთმანეთს. დაწოლილებს საბნებსა ჰხდიდნენ, ფეხით ათრევდნენ, ერთი სიტყვით, მოგაგონდებოდათ ყველა ის, რაც ბევრს თქვენგანსა, უეჭველია, ყმაწვილობაში გამოუვლია. ასეა: დალეული, ნასვამი კაცი და ბავშვი ერთბარაში გამოვლენ. მხოლოდ ძილში გაისმოდა მძიმე ოხვრა, ხვნეშა, ხმამაღლა ხვრინვა და რაღაც ბოდვის მაგვარი ბუტბუტი.
ჯერ კიდევ ადრიანი დილა იყო, რომ ნამძინარევი ხალხი გარეთ გამოიშალა, დაღვრემილი, დათენთილი, ტანში მოშლილი. ილია უკვე ფეხზე იყო. არ ეტყობოდა გუშინდელი ნასვამობა. სწორედ რომ ჯორის ჯიშისაა: რაც უნდა დაღლილი იყოს, ერთი კი გაგორდება, მერე მხრებს შეიბერტყავს და რაც ილია ყოფილა, ისევ ის ილიაა.
წყაროსთან, კაკლის ქვეშ, უკვე მზად არის ყველაფერი, რაც პირის საბანად არის საჭირო. ნამძინარევებმა პირი დაიბანეს, შუბლი გაიგრილეს და ცოტა გონს მოვიდნენ. შეუდგნენ დილის საუზმეს, ზოგი ჩაის თხოულობს, ზოგი ღვინოს და ზოგიც ჭრიანტელას, ე.ი. ტყემლის წვენს, რომ უფრო ადვილად შეუდგნენ ახალ სუფრას, სმას და ჭამას.
ილია უკვე გაშლილ სუფრას უჯდა და ყველას ურჩევდა, ხელი არაფრისათვის ეხლოთ: ეხლავ მსუქანი ხაში იქნებაო. მართლაც, ჩქარა მოიტანეს საუცხოვო ხაში, რომელსაც სიმსუქნე ქარვასავით მოჰკიდებოდა ზედაპირზე. ილიამ მოიდგა დიდი ორჯამიანი, ჩაყარა შიგ ფაშარი პური და პირთამდე ხაშით შეავსო, მიუჯდა და ძველებურად, ჩვენებურად დაუწყო ჭამა და ისე გემრიელად, მადიანად შეექცეოდა, რომ სხვებსაც საღერღელი აეშალათ.
ამ მცირე საუზმის შემდეგ, ბევრი გამოემშვიდობა ილიას და შინისაკენ გაეშურა. ეტლები და ცხენები მზად იყო. დარჩა ოცდაათამდე კაცი. სადილი ნაადრევად იყო მომზადებული, რადგან ზედაძენში ვაპირებდით წასვლას, სადაც ღამე უნდა გაგვეტარებინა. ზედაძნამდე კაი შორი გზა იყო, შვიდ-რვა ვერსტამდე იქნებოდა, ამასთან გზა მეტად მძიმე, უვალი, დაბურულ ტყეებში, ურმისა და ცხენოსანი კაცის მეტი ამ გზას ვერ დასძლევს, ეტლი აქ ვერ გაივლის.
სადილი სუბუქი იყო. ან კი ვის ჰქონდა მადა დილანდელ ხაშის შემდეგ. სმასაც არავინ ეტანებოდა. გუშინდელი სმის ნალი დღესაც ბევრს მოსდევდა. დატვირთეს ურმები ღვინით და სანოვაგით. საგზალი ისე უხვად იყო, იტყოდით, ერთი ღამით კი არა, მთელი კვირით მივდიოდით სადმე.
თითქმის შებინდებული იყო, რომ ზედაძენს მივედით. ზედაძენი მონასტერია. შენობა კარგად შენახულა. ეკლესიის გარდა პატარა სახლიც არის მიშენებული ბერების საცხოვრებლად. პირველად აქ, ამ მიუვალ მაღალ ადგილას, უღრან ტყეში, ფეხი მოუკიდნია იოანეს, ერთ იმ ცამეტ სირიელ მამათაგანს, რომელნიც მეექვსე საუკუნეში მოვიდნენ საქართველოში ქრისტეს მოძღვრების განსამტკიცებლად. საცხოვრებლად ირჩევდნენ ეს მამანი ან მაღალ მთიან და ტყიან ადგილებს, ან კლდიან უდაბნოებს. მათ შორის იყვნეან: შიო მღვიმელი, ანტონი მარტოდმყოფელი, დავით გარეჯელი. ამ უკანასკნელმა დაარსა ის მონასტერი, რომელიც დღესაც იმყოფება, რასაკვირველია, შეკეთებული, შელამაზებული ტფილისში, მთაწმინდის ფერდობზე.
ზედაძნიდამ შეუდარებელი, თვალწარმტაცი გადასახედია. ტფილისი, ყარაიას უდაბნო და ზედ გაკლაკნილი მტკვარი, თითქოს შემდგარი ერთ ალაგასაო, მცხეთა, არაგვის ხეობა, ისე მოსჩანს, თითქო ხელის გულზე გიწყვიაო. მეტადრე მომხიბლავ სანახაობას წარმოადგენს აქედან ტფილისი ღამეობით: შენობები არა სჩანს და ეს უშველებელი ქალაქი ისე გეჩვენებათ, თითქო დიდ, შორს მანძილზე უთვალავი ჩირაღდნებით გაუნათებიათო.
გაიშალა სუფრა სავახშმოდ. მაგრამ ჭამის მადა ვიღას ჰქონდა. გუშინდელი ნაქეიფარნი, შორი და ძნელი გზით დაღლილნი იმას ვფიქრობდით მხოლოდ, რომ როგორმე დაგვესვენა. შევნაყრდით ცოტათი და საძილოთ მოვემზადეთ. ლოგინი, რომელიც საკმარისად იყო წამოღებული, გაშალეს მიწაზე, პირდაპირ ცის ქვეშ. ბევრმა უკვე დაიძინა, მაგრამ აღმოჩნდნენ ისეთებიც, რომელთაც ძილს ღვინო არჩიეს. შექეიფდნენ და ისეთი ყიჟინა ასტეხეს, მრავალჟამიერს ისე გაჰკიოდნენ, რომ არამც თუ აქ, ტყეში ნადირი და ფრინველი დამფრთხალიყო, მგონი, ტფილისშიაც კი უნდა ჩასულიყო ამათი ხმა. მთელი ღამე ამათ გამო ჩვენს თვალს ძილი არ მიჰკარებია. პეტრე უმიკაშვილიც კი, ეს პაწაწინა, უჩინარი, სუსტი კაცი, ესეც კი აიყოლია ღვინომ და მთელ ღამეს დაფროტიალებდა და მძინარეებს თავს დასტრიალებდა. პეტრეს ცოტა ქალაჩუნა ხასიათი ჰქონდა. კარგი ლალასავით სურდა ყველასათვის მოევლო: ვის საბანს გადახურავდა, თუ გადახდილს ნახავდა. ვის ბალიშს გაუსწორებდა. მეტადრე თავს ევლებოდა დ. ბაქრაძეს და ილია ოქრომჭედლიშვილს.
- აბა, ილიაჯან, კარგად დაიხურე, არ შეგცივდეს, და თან საბანს უსწორებდა. ერთი ხელით საბანს უსწორებდა და მეორე ხელში კი ღვინით სავსე აზარფეშა ეჭირა. და რადგან ღვინოს კარგად დაეძალა და ხელში სიმაგრე აღარა ჰქონდა, ამიტომ აზარფეშიდგან ღვინო ეღვრებოდა და ოქრომჭედლიშვილს, რომლისთვისაც პეტრე ასე ზრუნავდა, თავზე და პირზე დასდიოდა. კაცს ეგონებოდა, ოქრომჭედლიშვილი მძიმედ ავადმყოფია და პეტრე მის საზიარებლად მოსულაო. ოქრომჭედლიშვილი ერიდებოდა პეტრეს წყენას და ვერა ეთქვა რა, მხოლოდ ამას კი ეუბნებოდა:
- გმადლობთ, პეტრეჯან, გმადლობთ! მაკმარე, ჯერ საქმე იქამდე არ გამჭირვებია, რომ საზიარებელი ვიყო.
დილით, ღამით უძილონი, ნამცივნნი, დავადექით გზას. თუ ამოსვლა ძნელი იყო, ჩასვლა უფრო მეტად ძნელი გამოდგა. ურემში ჯდომა არ შეიძლებოდა: ახლდა-დახლაში გულ-მუცელს გინგრევდა. ცხენზე შეჯდებოდით – ისე გარყევდა, რომ წელი და მუხლი გემტვრეოდა. ფეხით მოსდიოდი და მუხლები გეკეცებოდა. შუადღე გადასული იყო, რომ საგურამოში ჩავედით. სუფრა გაშლილი დაგვხვდა, მაგრამ ჭამას ვიღა ფიქრობდა, ისე ვიყავით ღამის თევით, უძილობით და მერე გზით დამტვრეულები, დაღლილები, რომ ჭამა კი არა, ლაპარაკიც კი გვეზარებოდა. სადილს უკან, დღეობის მესამე დღეს, გამოვემშვიდობეთ ჩვენს გულუხვ, პურად მასპინძელს და დავადექით თავთავიანთ გზას.

© „მარანი“

Thursday, 18 October 2007

ღვინის დეგუსტაციის შესავალი (2)


ჯენსის რობინსონის წიგნის, „როგორ დავაგემოვნოთ ღვინო“ მიხედვით

თვალი

ეს განყოფილება განკუთვნილია შერლოკ ჰოლმსებისთვის, რომლებსაც სურთ, რომ ბრმა დეგუსტაციის საკითხში ნამდვილი პროფესიონალები გახდნენ. გარეგნული იერის მიხედვით ღვინოზე დასკვნების გაკეთების უნარი ერთობ სასარგებლოა დეგუსტატორისათვის.
იმისათვის, რომ კარგად შეხედოთ ღვინის ფერს, უმჯობესია ბოკალი დახაროთ თქვენგან 45º კუთხით, ამასთან, უზრუნველყოფილ უნდა იქნეს ფონი სწორი და ნათელი ზედაპირით.

ერთი შეხედვით

თუ ღვინოს საკმაოდ მკრთალი და ერთგვაროვანი ფერი აქვს, ანუ სითხე ბოკალის ცენტრში და კიდეებზე დაახლოებით ერთი და იმავე ფერისაა, თქვენს წინაშე ერთი ჩვეულებრივი პროდუქტია. კარგი ღვინოების უმრავლესობა სინამდვილეში ძალზე საინტერესოდ გამოიყურება, მათ ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული შეფერილობა აქვთ, - ცენტრში უფრო მუქი, ნაპირთან კი შედარებით ნათელი. ამის თქმა განსაკუთრებით მართებული დავარგებულ წითელ ღვინოზე იქნებოდა. რაც უფრო ძველია ღვინო, მით მეტად საგრძნობია განსხვავება ცენტრში გაჯერებულ ფერსა და კიდეებთან თავმოყრილი სითხის თითქმის სრულიად გამჭვირვალე ფერს შორის.

მეორე შეხედვით

წითელი ღვინოები, როგორც წესი, ასაკთან ერთად იცვლიან ფერს და იისფერიდან ან ჟოლოსფერიდან გადაიქცევა ნარინჯისფერ-წითელ-აგურისფრად. თეთრი ღვინოები კი თავდაპირველად უფერულები არიან და ასაკის მატებასთან ერთად ჯერ ყვითლდებიან, ხოლო შემდეგ ყავისფრდებიან. ღვინის ნამდვილი (ასაკის შესაბამისი) ფერის ნახვა შეიძლება ბოკალის კიდეებიდან ოდნავ ცენტრისკენ. ეს განსაკუთრებით მუქ წითელ ღვინოებზე ითქმის - ისინი თითქმის შავია, რომ არა კიდეებთან ახლომდებარე "ნამდვილი" ფერის თხელი რკალი.
წითელი ღვინოებისთვის ფერი სიმწიფის უპირველესი ინდიკატორია. მუქი ცისფრის მსუბუქი ელფერი მის ახალგაზრდობაზე მიუთითებს, ხოლო სულ ოდნავი მიდრეკილება ყვითლისკენ/ნარინჯისფერისკენ უკვე მეტ-ნაკლებად ხანდაზმულ ასაკზე მეტყველებს. რაც უფრო მეტად შეიმჩნევა ბოკალის კიდეებთან ფაქიზი განსხვავება ფერში, მით უფრო ძველია ღვინო. თეთრი ღვინის სიმწიფე ნაკლებად მჟღავნდება ფერში და ფერის მიხედვით მისი გარჩევა წითელივით იოლი არ არის. თეთრი ღვინოების უმრავლესობა ექცევა ვიწრო დიაპაზონში ღია ჩალისფერსა და ღია მოოქროსფროს შორის, და მიუხედავად იმისა, რომ მათ ასაკთან ერთად გამუქებისკენ აქვთ მიდრეკილება, ისე თვალშისაცემად მაინც არ ეცვლებათ ფერი, როგორც წითელ ღვინოებს.


წითელი ღვინოები

იისფერი: ახალი ღვინოების უმეტესობა, რომლებიც განკუთვნილია ხანგრძლივი დაძველებისთვის.
ალუბლისფერი: ბევრი მსუბუქი წითელი ღვინო, დამზადებული ყურძნის ისეთი ჯიშებისგან, როგორებიცაა პინო ნუარი, გამე, გრენაში, მერლო, აგრეთვე AOC და DOC ბოჟოლე, შინონი, ბურგეი, ვალპოლიჩელა და ზოგიერთი ახალზელანდიური წითელი ღვინო.
ჟოლოსფერი: წითელი ღვინის ჩვეულებრივი ფერი, მისი მეშვეობით ვერ განსაზღვრავ, რომელ ღვინოსთან გაქვს საქმე.
მუქი წითელი: თუ ფერი ძალზე მუქია, შესაძლოა ღვინო დაწურული იყოს ნებიოლოს ან სირას ჯიშის ყურძნისგან, ანდა კაბერნე სავინიონი ცხელი ჰავის მხარიდან.
მოწითალო-მოყავისფრო: ასეთი ღვინო, სავარაუდოდ, ხანდაზმული ასაკისაა.
ნარინჯისფერი ტონი დამახასიათებელია ნებიოლოდან დაწურული ღვინოებისთვის, როგორებიცაა ბაროლო, ბარბარესკო და ბრუნელო დი მონტალჩინო. შავი შეფერილობა იმაზე მიუთითებს, რომ ეს ღვინო სამხრეთ აფრიკიდან ან ავსტრალიიდან არის, და მიუხედავად მოწიფულობისა, არც ისე ძველია.

თეთრი ღვინოები

თითქმის უფეროები: კოლომბარის (Colombard), შენენ ბლანის ჯიშის ღვინოები; აგრეთვე ღვინოები სოავე, მიუსკადე, ძალიან ახალგაზრდა შაბლი; იაფფასიანი ღვინოები განსხვავებული ჯიშებიდან.
მომწვანო შეფერილობა: თუ ამასთან ერთად ღვინო უფერულიცაა, მაშინ საქმე გვაქვს გერმანულ ღვინოებთან; მომწვანო-მოოქროსფრო კი ყველაზე მეტად ავსტრალიურებია.
მკრთალი ყვითელი: ახალგაზრდა მშრალი ღვინოების უმრავლესობის სტანდარტული ფერია.
მოოქროსფრო-მოყვითალო: ევროპაში გაჯერებული ფერი მიუთითებს მზის სიჭარბეზე, ასაკზე ან შაქრიანობაზე. შარდონედან დაწურული ძალიან ახალგაზრდა ღვინოებიც კი, რომლებიც კალიფორნიაში ან ავსტრალიაშია დამზადებული, ამ ფერისკენ იხრება; გევიურცტრამინერის, პინო გრის, სემიიონისა და ვიონიეს ჯიშები კი პირიქით, სადაც არ უნდა იზრდებოდეს, როგორც წესი, მუქი შეფერილობის თეთრ ღვინოებს გვაძლევს.
გაჯერებული ოქროსფერი: დიდებულ ტკბილ ღვინოებს ასაკთან ერთად შეუძლიათ ყავისფერი შეფერილობაც შეიძინონ, თანაც ისე, რომ ხარისხი არ გაიუარესონ.

ვარდისფერი ღვინოები

შეიძლება ძალიან განსხვავდებოდნენ ფერისა და შეფერილობის მიხედვით. იისფერი შეფერილობა დამახასიათებელია ულტრათანამედროვე მეღვინეობისთვის, ნარინჯისფერი მიუთითებს მჟავიანობაზე. თუმცა, ვარდისფერი ღვინის ბრმა დეგუსტაცია სრულიად უაზრო საქმიანობა იქნებოდა, რომ არა ერთი ოქსიუმორონი: თუკი ქვეყანაზე არსებობს ღვინო, რომელიც სპეციალურად იმისთვისაა დამზადებულია, რომ სერიოზულად არავინ მიიჩნევდეს, ეს ვარდისფერი ღვინოა.


მესამე შეხედვით

მნიშვნელოვანია არა მხოლოდ თავად ფერი, არამედ მისი ინტენსიურობაც. წითელი ღვინოები ასაკთან ერთად უფერულდება (გარდა გასაოცარი ბურგუნდიული მეურნეობის - დომენ დე ლა რომანე-კონტეს ზოგიერთი ღვინისა (Domaine de la Romanée Conti), რომლებსაც 10-დან 20 წლამდე ასაკში აშკარად ეტყობა რაღაც იდუმალი სიწითლე). წითელი ღვინის ძალიან მუქი ფერი სავარაუდოდ მიგვანიშნებს, რომ ის ან ძალიან ახალგაზრდაა, ან სქელკანიანი ყურძნისგან არის დაწურული, წარმოებულია ეკვატორთან ახლომდებარე მხარეში ან განსაკუთრებულ მზიან სეზონში, დაყენებულია ნებიოლოდან, სირადან ან ძალიან მწიფე კაბერნე სოვინიონიდან. ხანდაზმული ასაკის, ეკვატორიდან ზვრების სიშორის, ან იმის გამო, რომ მოსავლის აღებას ცოტა ხნით ადრე წინ უსწრებდა ძლიერი წვიმები, წითელი ღვინოები შეიძლება ფერმკრთალიც იყოს.
თეთრ ღვინოებში პირიქით - ფერის გაჯერებულობა ასაკზე მიუთითებს. ასევე შეიძლება ვივარაუდოთ, რომ შედარებით ტკბილი ღვინო გამუქდა მუხასთან ან მუხის ბურბუშელასთან კონტაქტის გამო.

მეოთხე შეხედვით, ანუ ვაბრუნებთ ბოკალს

უკანასკნელი ტრიუკი, რომელიც ყოველთვის წარუშლელ შთაბეჭდილებას ახდენს არც თუ ისე კარგად გათვითცნობიერებულ თანამოტრაპეზეებზე, ძალიან მარტივია. დაატრიალეთ ბოკალი ღერძის გარშემო (შეიძლება ოდნავ დახაროთ), შემდგომ ისევ დააბრუნეთ ვერტიკალურ მდგომარეობაში და ბოკალის კედლები გეტყვიან, თუ რამდენად მრავალფეროვანია ღვინოები სისქისა და სიბლანტის მიხედვით (ეს ხერხი გარკვეული დროით აძლიერებს ღვინის არომატს). ძალიან ბლანტი ღვინოები ტოვებს "ნაფეხურებს" ან "ცრემლებს" - ვერტიკალურ კვალს, თითქოსდა ბოკალის კედლებზე გამჭვირვალე ლაქს უდენია. სიბლანტე ღვინის სხეულიანობისა და წონის, და შესაბამისად, ალკოჰოლის მაღალი შემცველობის და/ან მაღალი სიმკვრივის კარგი ინდიკატორია. ჩვეულებრივ, მსუბუქი ღვინოები ბოკალის კედლებზე არ ტოვებს შესამჩნევ კვალს, მაშინ როდესაც სქელ ღვინოებს აშკარად გამოხატული ჩამონაჟონი აქვთ. ამასთან, აუცილებელია იმის ცოდნა, რომ მეღვინეს დაბალტემპერატურიანი ფერმენტაციის გამოყენებით შეუძლია გარკვეულწილად გაზარდოს სიბლანტე.
ღვინის დატრიალება ყველაზე ადვილი ფეხიან ბოკალშია. ბოკალის ფეხი დაიჭირეთ ერთი მხრიდან ცერა და მეორე მხრიდან ორი-სამი თითით. შემდეგ ფრთხილად დაიწყეთ ბოკალის დატრიალება ვერტიკალური ღერძის გარშემო, ისე რომ ღვინო მთლიანად შემოევლოს ბოკალის კედლებს. შემდეგ ბოკალი დადგით მაგიდაზე და კედლებს შეხედეთ: იქ დიდ წებოვან ნაღვენთებს ამჩნევთ თუ მხოლოდ სინოტივის მსუბუქ კვალს? თუ პირველია, ესე იგი, ამ ღვინოში სპირტის მაღალი შემცველობაა.


დეგუსტაციის ტექნიკა - შედეგები

ვიზუალური შეფასება

პირველ რიგში, შეხედეთ ბოკალში ჩასხმულ ღვინოს. თუ თქვენ სიამოვნებისთვის სვამთ, საკმარისი იქნება უბრალოდ დარწმუნდეთ, რომ ღვინო სუფთაა და არ შეიცავს ბუშტულებს (თუ ისინი არ უნდა იყოს). თქვენ ასევე შეგიძლიათ ყურადღებით დააკვირდეთ მის ფერსა და შეფერილობას, დახრით რა მას 45º კუთხით თეთრი ზედაპირის ფონზე, და გამოიკვლიოთ შეფერილობის ინტენსიურობა ბოკალში ზემოდან ჩახედვისას, როგორც ეს უკვე აღვწერეთ. თუ თქვენ ღვინის იდენტიფიცირება ან მისი ხარისხის შესახებ გარკვეული წარმოდგენის შექმნა გსურთ, ამაში ძალიან დაგეხმარებათ უკანასკნელი ორი სავარჯიშო. ამ საქმის მცოდნეებს საათობით შეუძლიათ ისაუბრონ ღვინის სხვადასხვა შეფერილობასა და ნახევარტონებზე, მაგრამ პრაქტიკაში ვიზუალური შეფასების სტადია სულ რამდენიმე წამს იკავებს.

სუნით

ახლა რაც შეეხება სუნის გამოკვლევის უმნიშვნელოვანეს სტადიას. თქვენ შეგიძლიათ უბრალოდ მიიტანოთ ბოკალი ნესტოებთან და ჩაისუნთქოთ, მაგრამ აორთქლება უფრო ძლიერი იქნება, თუ დაყნოსვამდე ოდნავ შეანჯღრევთ ღვინოს, - ამისათვის საჭიროა ბოკალის დატრიალება დაახლოებით ისე, როგორც ეს ზემოთაა აღწერილი. აქროლადი ელემენტები ღვინის ზედაპირზე ქმნის ორთქლის პატარა ღრუბელს; ღვინის შენჯღრევით თქვენ ზრდით ჰაერთან კონტაქტს და აიძულებთ აქროლად კომპონენტებს მაღალი სისწრაფით დატოვონ ღვინო და ზედაპირზე მოგროვდნენ. თქვენ შეგიძლიათ უბრალოდ გადახაროთ ჭიქა იქით-აქეთ, მაგრამ ამ დროს ძვირფასი სითხის დაღვრის საშიშროება მეტია, ვიდრე რიტმული დატრიალებისას. ბოკალის დატრიალება შეიძლება როგორც ხელში აღების დროს, ისე მაგიდისგან მოუწყვეტლად. პირველ შემთხვევაში თქვენ უბრალოდ, უფრო სწრაფად შეძლებთ ბოკალის ცხვირთან მიტანას. ტრადიციის მოყვარული ზოგიერთი დეგუსტატორი ბოკალს ფეხის ძირით იჭერს და არა თავად ფეხით, რისი ლოგიკური ახსნაც მე მიჭირს.

პირველ რიგში - ვყნოსავთ

ახლა ბოკალი რაც შეიძლება ახლოს მიიტანეთ ნესტოებთან. კარგი იქნება, თუ ბოკალს გადმოხრით თქვენკენ 45º კუთხით, რათა მაქსიმალურად გაზარდოთ ჰაერთან სითხის კონტაქტის წერტილი, და, შესაბამისად, მაქსიმალურად გააძლიეროთ მისი სუნი. კარგი იქნება, ბოკალი ცხვირთან ისე მიიტანოთ, რომ ნესტოები შიგ ჭიქის ცენტრში აღმოჩნდეს. ასე თქვენ შეძლებთ ღვინის ანაორთქლის მთლიანი მასის შესუნთქვას. პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ წამიერად მხოლოდ ღვინოზე კონცენტრირება და შემდეგ ერთი პატარა ჩასუნთქვა სუნის შეგრძნების საუკეთესო საშუალებაა. მიზნის მიღწევაში ძალიან დაგეხმარებათ თვალების დახუჭვა, მაგრამ ამ დროს, ალბათ, ცოტა სასაცილო შესახედი იქნებით.
შესუნთქვისას პირველ რიგში უნდა შეამოწმოთ, თქვენს წინაშე სუფთა ღვინოა თუ არა. ეს შემოწმება გამოცდილების შეძენასთან ერთად თითქმის ქვეცნობიერად ხდება. თუ ღვინო უვარგისია, ამას მაინც მალევე გაიგებთ, ასე რომ, ამაზე წინასწარ ფიქრი არ ღირს. ერთადერთი, რისი გაკეთებაც საჭიროა, ესაა კონცენტრირება მთელი არომატის შესუნთქვაზე. როგორც ვნახეთ, ყნოსვის ცენტრი, სუნების ჩვენი პერსონალური დეტექტორი, ცხვირ-ხახის სიღრმეში მდებარეობს. საბედნიეროდ, ბრმა დეგუსტაციის მიმდევრებისთვის და მათთვის, ვისაც სხვადასხვა ღვინოების შედარება უყვარს, მისი სიგნალი გადაეცემა ტვინის იმ არეს, რომელიც თავის მხრივ მდებარეობს მეხსიერებისთვის პასუხისმგებელი არეს გვერდით, - სწორედ ამიტომ, როდესაც ნაცნობ სუნს ვხვდებით, ისე ძლიერად გვიპყრობს მოგონებები, რომ სწორედ ეს ხდის დეგუსტაციის პროცესს ასე მომხიბლავს.
შეეცადეთ თქვენი შესაძლებლობები განავითაროთ სუნებისა და არომატების იდენტიფიკაციის კუთხით - ეს დაგეხმარებათ მათ კარგად დამახსოვრებასა და მოგვიანებით სხვა სუნებთან შედარებაში. ნუ შეშფოთდებით, თუ ჯერჯერობით იბნევით არომატების იდენტიფიკაციისას და არ შეგიძლიათ თქვენ მიერ შეცნობილი სუნებისთვის სიტყვების შერჩევა.

პირველი ყლუპი

ახლა კი, ბოლოს და ბოლოს, ღვინის გასინჯვაც შეიძლება. თავდაპირველად ღვინო ენასა და პირის ღრუზე მძიმე შთაბეჭდილებას მოახდენს: თქვენ იგრძნობთ სიტკბოს, სიმჟავეს, ტანინების რაოდენობას და ტევადობას, გარდა ამისა, ანაორთქლს, რომელიც ცხვირ-ხახის გავლით ცხვირში ბრუნდება და დაადასტურებს ან შეცვლის სუნზე ადრე შექმნილ შთაბეჭდილებას. თქვენ მოზრდილი ყლუპი უნდა გააკეთოთ, რათა ღვინო კარგად შეეხოს ოთხივე ძირითადი ტიპის გემოს მიმართ მგრძნობიარე ენისა და სასის მიდამოებს. ამავე მიზეზით საჭიროა ცოტა ხნით ღვინის პირში გაჩერება, მანამ, სანამ არ ჩაყლაპავთ ან უკან არ გადმოღვრით.
თუ პირში ღვინოს ჩაიგუბებთ და ოდნავ გახსნილი ბაგით ცოტაოდენ ჰაერს შეისუნთქავთ, ეს აიძულებს ღვინის აქროლად კომპონენეტებს აორთქლდეს და ცხვირ-ხახის გავლით მიაღწიოს ყნოსვის ცენტრს - ასეთი გზით მაქსიმუმამდე გაზრდით იმ ზემოქმედებას, რომელიც შეიძლება ღვინომ მოახდინოს თქვენზე. აი, სწორედ ამიტომ გამოსცემს სადეგუსტაციო დარბაზების ზოგიერთი ხშირი სტუმარი ასეთ უჩვეულო ბუყბუყა ხმებს. სადეგუსტაციოში ეს დასაშვებია, მაგრამ მაგიდასთან, ასეთ რამეს, რასაკვირველია, უნდა მოვერიდოთ.

დასკვნითი შეფასება

სანამ ღვინო პირში გაქვთ ჩაგუბებული, თქვენ ცალ-ცალკე უნდა აწონ-დაწონოთ გემოს თითოეული კომპონენტი და ასე შეაფასოთ ბალანსი; ღვინის ჩაყლაპვისა თუ გადმოღვრის შემთხვევაში კი თქვენ უნდა დააფიქსიროთ გემოს შემდგომი შეგრძნების ხანგრძლივობა.
მაშ ასე, ახსნა-განმარტებებს დიდი დრო დავუთმეთ, თუმცა თავად დეგუსტაციის პროცესს სულ რამდენიმე წამი სჭირდება. თუ თქვენ შეასრულებთ ჩემ მიერ აღწერილ წესებს, აღქმის ყველა მნიშვნელოვანი ცენტრი საბოლოო ჯამში აეწყობა სუნის ყველა იმ სიგნალზე, რომელიც ღვინისგან შეიძლება მივიღოთ. ღვინის სუნის შესუნთქვით თქვენ განიცდით მისი არომატისგან მიღებულ სიამოვნებას, რომელიც არ არის დამძიმებული პირში არსებული შეგრძნებებით. ხოლო იმ დროისთვის, როდესაც ღვინო თქვენს პირში აღმოჩნდება, მზად ხართ აღიქვათ შედარებით უბრალო, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანი გემოს სიგნალები. მაგრამ უნდა გახსოვდეთ, რომ დეგუსტაცია არა მხოლოდ ფსიქოლოგიურად (ჩვენ გვიყვარს სხვადასხვანაირი ღვინო და სხვადასხვა სიტყვას ვირჩევთ მათი გემოს გადმოსაცემად), არამედ ფიზიოლოგიურადაც (ჩვენი შესაძლებლობები სხვადასხვა გემოსა და სუნის აღსაქმელად ერთნაირი არ არის) უაღრესად სუბიექტური რამაა.

დეგუსტაციის პირობები

დეგუსტაციის პირობები შეიძლება იყოს სხვადასხვაგვარი - დაწყებული წმინდა ლაბორატორიულით (სტერილური ატმოსფერო, რომელშიც მუშაობენ ხარისხის პროფესიონალი კონტროლიორები) და დამთავრებული ყველაზე ჩვეულებრივით, როგორიც თქვენს საკუთარ სახლში ან პიკნიკზეა. რა თქმა უნდა, ყოველგვარი დეგუსტაცია არ უნდა მიმდინარეობდეს იდეალურ პირობებში - მართლაცდა, თქვენ შეიძლება გამოიწვიოთ თქვენი მეგობრებისა და ოჯახის აშკარა უკმაყოფილება, თუ, მაგალითად, ვახშმის დროს დაჟინებით მოითხოვთ მაგიდასთან სრული სიჩუმის დაცვას. მთავარია, იპოვოთ სასურველი კომპრომისი.

მაშ ასე, დეგუსტაციის რამდენიმე ძირითადი წესი

* იმისათვის, რომ შევაფასოთ ფერი, საჭიროა თეთრი ზედაპირი.
* ოფიციალურ დეგუსტაციაზე თქვენ ვერ გაგიგებენ, თუ სიგარეტს მოწევთ ან სუნამოთი გაჟღენთილი მიხვალთ.
* როგორიც არ უნდა იყოს გარემოებები, იცოდეთ, დეგუსტირება გაცილებით იოლია სხვა სუნის არსებობის გარეშე, თუმცა, ბუნებრივ გარემოში, თქვენ შესაძლოა პინო გრიჯოს წუთიერი არომატი თქვენი სუნამოს ეგზოტიკურ მშვენიერებას ან თქვენი საყვარელი თამბაქოს კვამლში გახვევას შესწიროთ.

სანამ მაგიდაზე დადგამდეთ პატარა დაფას წარწერით "ნუ მოსწევთ", დარწმუნდით, რომ ყველაფერს სწორად აკეთებთ. ის, რაც თქვენს პირში ხდება, ოთახის მეორე ბოლოში მომხდარზე გაცილებით მნიშვნელოვანია. სანამ დაიწყებდეთ, გაიხსენეთ, თუ რა ჭამეთ და რა დალიეთ ბოლოს. ზოგიერთი კბილის პასტა მაღალი სიმჟავის მქონე პროდუქტების გემოს მართლაც რაღაც საშინელებად აქცევს. დანაშაული იქნებოდა კარგი ღვინის დეგუსტირება პიტნის პასტით კბილების გაწმენდიდან ერთი საათის გასვლამდე. ხველებისა და ყელის ტკივილის საწინააღმდეგო ძლიერმა პრეპარატებმა შეიძლება პირში იმდენად ძლიერი კვალი დატოვოს, რომ დეგუსტაცია უბრალოდ ჩაიშალოს, იმავეს თქმა შეიძლება პიტნასა და საღეჭ რეზინაზეც. თუ სულ ცოტა ხნის წინ მიღებული საკვები ან სასმელი გამოირჩეოდა ღვინის ერთ-ერთი საბაზო გემოს კომპონენტების მაღალი შემცველობით - და ესენი, შეგახსენებთ, არის სიტკბო, მჟავიანობა და ტანინები, - მაშინ ღვინის ადეკვატური შეფასება უშუალოდ ამის შემდეგაც გაძნელდება. შოკოლადი, მწარედ შეკმაზული სალათები და ერთი შეხედვით ისეთი უვნებელი სასმელი, როგორიც ფინჯანი ჩაია, გარკვეულწილად განაწყობს პირს თავისი ინტენსიურობის შესაბამისად.
თქვენს პირზე ყოველივე ზემოჩამოთვლილის გავლენის ნეიტრალიზების უმარტივესი საშუალებაა რაიმე მააბსორბირებელის, მაგრამ რბილის, მაგალითად, პურის დაღეჭვა, ან პირში წყლის გამოვლება.
რაც უფრო თბილია ღვინო, მით მეტ აქროლად კომპონენტს უშვებს და მით უფრო ინტენსიური არომატი აქვს (ეს ეხება ნებისმიერ სხვა პროდუქტსა და ნივთიერებასაც). თუმცა, არსებობს ტემპერატურის ზედა ზღვარი, როგორც ამის სანიმუშო დემონსტრირებას ახდენენ სხვა რესტორატორები, რომლებიც ფიქრობენ, რომ რაც უფრო მეტადაა შემთბარი ღვინო, მით უკეთესია. საკმაოდ თბილი წითელი ღვინო, ვთქვათ, 24°C-მდე შემთბარი, შეუქცევადად იწყებს ძმრად გადაქცევას და დაშლას. თუ თქვენ გინდათ, რომ წითელი, თეთრი ან ვარდისფერი ღვინისგან არომატის მაქსიმუმი მიიღოთ, ის 15-დან 18°-მდე შემთბარი უნდა დალიოთ.

© „მარანი“

Wednesday, 17 October 2007

რეტროსპექტივა - 2006 წელი - "გაღვიძების" დროა


რთველი დასასრულს მიუახლოვდა და შეჯამების დროც დადგა, უახლოეს მომავალში ჩვენს ბლოგზე ანალიტიკური წერილებიც გამოჩნდება ამის შესახებ და რაც მთავარია, კიდევ დიდხანს გაგრძელდება რთველი 2007-ის შეფასება. მანამდე კი მცირე რეტროსპექტვივას გთავაზობთ. დიანა ჩაჩუასა და ეთერ მამულაშვილის ერთიწლისწინანდელი სტატიები ვფიქრობთ გაგახსენებთ თუ რა ხდებოდა შარშან ამ დროს.

დიანა ჩაჩუა

რა გაახსენდება ქართველ მეღვინეს, როცა 2006 წელს გადაავლებს თვალს? სავარაუდოდ: რუსული ბაზრის დაკარგვა (დროებით მაინც), ფინანსური ზარალი, რთული გზა ახალ ბაზრებზე დასამკვიდრებლად და ბრძოლა ფალსიფიკაციის წინააღმდეგ. ერთი სიტყვით, ზოგი ჭირი, როგორც თავად ქართველი ბიზნესმენები აღიარებენ, გრძელვადიან ჭრილში მარგებელი უნდა აღმოჩნდეს.

ექპერტები, მთავრობა და, რაც მთავარია, ბიზნესმენები თავიდანვე შეთანხმდნენ, რომ რუსული ბაზრის დაკარგვა ტრაგედია არ არის. ქართულმა ღვინის კომპანიებმა ალტერნატიული ბაზრების ძიება დაიწყეს, მთავრობამ კი მათ საყოველთაო დახმარება აღუთქვა. ბუნებრივია, ყველაფერი არც ისე იოლია, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. თუმცა ქართველ მეღვინეებს თუ ვენდობით, მთავარია, რომ დარგმა "გამოიღვიძა". ფინანსური ზარალის ანაზრაურება შესაძლებელია, გაცილებით მნიშვნელოვანია ქართული ღვინის რეპუტაციისა და ცნობადობის აღდგენა. ნებით თუ უნებლიედ, წელს ქართველი მეღვინეების წინაშე არსებული ყველა პრობლემა რუსეთის სანქციებს უკავშირდებოდა. რას ფიქრობენ ამასთან დაკავშირებით თავად ბიზნესმენები? "მარანის" კითხვებს ქართული მეღვინეობის დარგის წამყვანი კომპანიების წარმომადგენლები პასუხობენ:
ზურაბ რამაზაშვილი (თელავის ღვინის მარანი): რა იყო უმთავრესი პრობლემა რუსეთის ემბარგოს გარდა? რა თქმა უნდა, ქართული ღვინის ფალსიფიკაცია ქვეყნის შიგნით და მის გარეთ. თუმცა ფალსიფიკაცია შედეგია, რომელსაც ზედაპირზე ვხედავთ, საფუძველი უფრო ღრმაა...
ლევან კობერიძე (GWS): რუსეთის სანქციების გარდა, უმთავრესი პრობლემა ახალ ბაზრებზე გასვლასთან დაკავშირებული საკითხებია. ამასთან, წელს - კრიზისული სიტუაციის პირობებში, ქართული ყურძნის ფასი არაკონკურენტუნარიანი გამოდგა. იმას ვგულისხმობ, რომ ისეთ პირობებში, როცა ქართველ მეღვინეებს სერიოზულ ფინანსურ ზარალთან გამკლავება მოუწიათ, ქართული ყურძნის ფასი, მსოფლიო ფასებთან მიმართებით, არაადეკვატურად მაღალი იყო.
პრობლემატური იყო ახალ ბაზრებზე შესვლაც, ვინაიდან ქართული ღვინოები ცნობადი არ არის. ამ პრობლემის მოგვარებას დრო სჭირდება.
წელს ძალიან აქტუალური საკითხი აღმოჩნდა ქვეყნის გარეთ ფალსიფიკაციის პრობლემა; კერძოდ, იმ ბაზრებზე, სადაც უკვე იყიდება ქართული ღვინოები, მაგალითად ბალტიისპირეთში და უკრაინაში. მართალია, ფალსიფიკაციის შემცირების დინამიკა შეინიშნება, მაგრამ არსებული მდგომარეობა სასურველისგან მაინც ძალიან შორსაა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ პრობლემის გადასაჭრელად შიდა კონტროლი გამკაცრდა.
ზურაბ მარგველაშვილი ("თბილღვინო"): მიმდინარე წლის უდიდესი პრობლემა იყო ღვინის ფალსიფიკაცია, რომელიც გარკვეულწილად ისევ რუსეთის ემბარგოსთან არის დაკავშირებული.
შარშან და წელს ფალსიფიკაციასთან ბრძოლის კუთხით გარკვეული ნაბიჯები გადაიდგა. მაგალითად, ჩატარდა საწარმოების ინვენტარიზაცია, მოხდა პასპორტიზაცია. თუმცა ეს მუდმივად საკეთებელი, და არა კამპანიური ხასიათის, პროცესია. რუსეთის ემბარგოს შემდეგ დაბალხარისხიანი ღვინო სხვა ქვეყნებისკენ, მათ შორის, უკრაინისკენ და ყაზახეთისკენ დაიძრა. ბრძოლა დაიწყო, თუმცა შედეგი ჯერ არ არის.
ერთმნიშვნელოვნად რომ ვთქვათ, ის, რაც შარშან და წელს გაკეთდა, მეღვინეობის სფეროში არასოდეს გაკეთებულა. ეს მისასალმებელია, უბრალოდ არსებობს მექანიზმები, რომელთა მეშვეობითაც ფალსიფიკაციის კონტროლი უფრო უნდა გააქტიურდეს.
არჩილ გეგენავა ("თელიანი ველი"): რუსეთის ემბარგოს შემდეგ წლის ყველაზე დიდი პრობლემა ფალსიფიკაცია იყო. ამ მიმართულებით მუშაობა კონკრეტული სამოქმედო გეგმის შესაბამისად მიმდინარეობს და იმედია, რომ ამ საქმეს ბოლომდე მიიყვანენ. ცოტა ხნის წინ ისრაელში, ერთ-ერთ მაღაზიაში ჩვენ თვითონ ვიყიდეთ "თელიანი ველის" ეტიკეტიანი ღვინო, რომელიც ჩვენი ჩამოსხმული არ არის. ეს ნიმუშები წამოვიღეთ და ახლა სარჩელს ვამზადებთ.

საყოველთაო რთველი

წელს საქართველო რთველის გარშემო ატეხილმა აჟიოტაჟმა მოიცვა. 2006 წლის რთველი გასული წლებისგან რადიკალურად განსხვავებული და ცოტა უცნაურიც იყო. განსხვავებული იმიტომ, რომ "რთველი 2006"-სთვის, სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარდა, მობილიზებულები იყვნენ ძალოვანი სტრუქტურები. ყურძენს ყიდულობდა ყველა - ღვინის მწარმოებელი და კავშირგაბმულობის კომპანია, ფარმაცევტული საწარმო და მეზღვაური, ოქროს გადამამუშავებელი ქარხანა და ენერგეტიკოსი. ერთი სიტყვით, დამდეგ ახალ წელს ღვინო არავის მოაკლდება. პარადოქსია, მაგრამ ფაქტია - რუსული ემბარგოს მიუხედავად, წელს გლეხებმა ყურძნის რეალიზაცია სერიოზული პრობლემებისა და ექსცესების გარეშე მოახერხეს, თუმცა კახელები საბაზრო ფასით მაინც უკმაყოფილოები იყვნენ. როგორი მოსავალი მივიღეთ წელს? "მარანს" კვლავ მეღვინეები პასუხობენ:
ზურაბ რამაზაშვილი (თელავის ღვინის მარანი): საქართველოში ყოველ რთველს წინ დიდი აჟიოტაჟი უძღვის, რადგან ყურძენი და ღვინო საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილის შემოსავლის მნიშვნელოვან წყაროს წარმოადგენს.
2006 წლის ყურძნის მოსავალზე დიდი გავლენა იქონია გაზაფხულის გვიანმა ყინვამ. 29 აპრილს დილის 5.00-ზე კახეთში -10C დაფიქსირდა, რამაც ნაყოფიერი კვირტების მოყინვა გამოიწვია. შედეგად, უკვე გაზაფხულზე პერსპექტიული მოსავლის 1/3 დაიკარგა. ამას თან დაერთო უჩვეულოდ გვალვიანი და უნალექო ივლის-აგვისტოს თვეები. ჩემი ვარაუდით, ამ ორმა ფაქტორმა ჯამში ყურძნის მოსავლის ნახევარი შეიწირა.
"თელავის ღვინის მარანს" საკუთარი ვენახები კახეთის სხვადასხვა ადგილწარმოშობის ზონებში აქვს, სულ 250 ჰა. 2006 წელს ჩვენ ყურძენი მხოლოდ ჩვენი ზვრებიდან მივიღეთ. რაც შეეხება ხარისხს, ჩვენმა მევენახეებმა რიგი ღონისძიებები ჩაატარეს, რითაც თავიდან ავიცილეთ გვალვის უარყოფითი გავლენა. შედეგად მცირე, მაგრამ საოცრად არომატული და ხარისხიანი მოსავალი მივიღეთ.
ლევან კობერიძე (GWS): წელს ქვეყანაში მოწეული ყურძნის მოსავლის მოცულობა დაახლოებით იმდენივე იყო, რამდენიც შარშან. ყურძნის ხარისხიც, შარშანდელის მსგავსად, საკმაოდ კარგია.
ჩვენი კომპანია ნაწილობრივ საკუთარი ვენახებით იკმაყოფილებს თავს, ნაწილობრივ კი გლეხებისგან ყიდულობს ყურძენს. თუმცა, წელს მოსავლის ძირითადი ნაწილი ჩვენი ვენახებიდან მივიღეთ. ეს კი ისევ და ისევ რუსეთის პრობლემების გამო მოხდა.
ზურაბ მარგველაშვილი ("თბილღვინო"): ყურძნის წლევანდელი მოსავალი საკმაოდ მაღალხარისხიანი იყო. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის გამო საკმაოდ დიდი მარაგი დაგვიგროვდა, წელს მაინც მივიღეთ რთველში მონაწილეობა, კერძოდ - რაჭა-ლეჩხუმში. ბოლო ათი წლის განმავლობაში (2002 წელს თუ არ ჩავთვლით) პრაქტიკულად ყოველ წელს მაღალი ხარისხის მოსავალი გვაქვს. 2002 წელს კი საკმაოდ წვიმიანი ამინდები იყო, რის გამოც შედარებით უხარისხო მოსავალი მივიღეთ.
არჩილ გეგენავა ("თელიანი ველი"): წელს მოსალოდნელთან შედარებით მცირე მოსავალი მივიღეთ. რაც შეეხება ხარისხს, საუკეთესო წელი არ ყოფილა, თუმცა არც ცუდი ხარისხის ყურძნის მოსავალი გვქონდა. მთლიანობაში რთველმა ნორმალურად ჩაიარა. ყოველ შემთხვევაში მიტინგები და გამოსვლები არ ყოფილა. გამოდის, რომ გლეხებმა ყურძენი ჩააბარეს. ჩვენ საკუთარი ვენახები გვაქვს, თუმცა ყურძენს ძირითადად გლეხებისგან ვყიდულობთ.

პირველი წელი რუსეთის გარეშე

ჩინეთი, იაპონია, ევროპის ქვეყნები, კანადა - რამდენადაც ხმამაღლა არ უნდა ჟღერდეს, რუსული ბაზრები სწორედ ამ ქვეყნებმა უნდა ჩაანაცვლონ. შევთანხმდეთ იმაზე, რომ ამას ერთი წელი არ ეყოფა, თუმცა ამ მცირე ხანში ქართული კომპანიების მიერ ბაზრების დივერსიფიკაციისკენ გადადგმული ნაბიჯები მაინც საინტერესოა. მეღვინეობის დარგის წამყვანმა კომპანიებმა დივერსიფიკაციაზე ფიქრი გაცილებით ადრე დაიწყეს, რუსეთის ემბარგომდე; და ამისკენ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგეს კიდეც. ამიტომაცაა, რომ ბაზრების გაფართოების საკითხზე საუბრისას კომპანიების წარმომადგენლები ცდილობენ, სწორედ ამ ფაქტს გაუსვან ხაზი. თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ასეთი კომპანიებისთვისაც კი რუსეთის ბაზრის სხვა ბაზრებით ჩანაცვლება არცთუ ისე იოლი აღმოჩნდა. ნებისმიერ შემთხვევაში ყინული დაიძრა... მაინც რა ტემპით?
ზურაბ რამაზაშვილი (თელავის ღვინის მარანი): ქართული ღვინო თავისი სტილით მშვენივრადაა მორგებული პოსტსაბჭოთა სივრცეს. აქ კარგად იყიდება ნახევრად ტკბილი და ნახევრად მშრალი ღვინოები, რაც მიუღებელია ევროპული და ამერიკული გემოვნებისათვის. შესაბამისად, თუ ქართველი მეღვინეები შეძლებენ ისეთი ღვინოების დამზადებას, რომლებიც გემოვნების საერთაშორისო სტანდარტებს დააკმაყოფილებს და, ამავე დროს, არ დაკარგავს თავისთავადობასა და განუმეორებლობას, რაც მათ სხვადასხვა ქვეყნების ღვინოებისაგან განასხვავებს, მაშინ უცხო ბაზრებზე ქართული ღვინის მასობრივი გასვლაც გახდება შესაძლებელი. ერთი სიტყვით, ქართულმა მეღვინეობამ საერთაშორისო მოდას უნდა აუწყოს ფეხი.
თელავის ღვინის მარანი უკვე დიდი ხანია წარმოდგენილია ევროპასა და ამერიკის კონტინენტზე, ასევე ახალ ზელანდიაშიც. 2006 წელს გაყიდვები დავიწყეთ ჩინეთში. შემდეგი ნაბიჯია ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნები.
ლევან კობერიძე (GWS): თავიდანვე უნდა აღვნიშნო, რომ ბაზრების დივერსიფიკაცია ყოველთვის იყო ჩვენი კომპანიის სტრატეგიის კომპონენტი. ჩვენ ჯერ კიდევ მაშინ ვყიდდით ღვინოს ინგლისის ბაზარზე, როცა ამ ბაზარზე არავინ ფიქრობდა. ხუთი წლის წინ დავიწყეთ ღვინოების გაყიდვა იაპონიაში, ასევე აშშ-შიც. ერთი სიტყვით, დივერსიფიკაციის პოლიტიკა ჩვენს კომპანიაში ყოველთვის არსებობდა. ამაზე მეტყველებს ის ფაქტიც, რომ რუსეთის ბაზრის წილი ჩვენს გაყიდვებში მხოლოდ 55 პროცენტს შეადგენდა. მაშინ, როცა სხვა კომპანიების შემთხვევაში ეს მაჩვენებელი გაცილებით მაღალი იყო. მაგალითად, ჩვენ პირველები შევედით თურქეთის ბაზარზე და ჯერჯერობით ერთადერთი ქართული კომპანია ვართ ამ ქვეყანაში. თურქეთის ბაზარი საკმაოდ საინტერესოა, მაგრამ არც ისე მაღალი მოხმარებისა და პოტენციალის მქონე. არსებობს გარკვეული სამთავრობათაშორისო შეთანხმება, რომლის თანახმადაც, ქართველი იმპორტიორებისთვის გარკვეული შეღავათები უნდა დაწესდეს. კერძოდ, 500 ათას ლიტრ ქართულ ღვინოზე საგადასახადო შეღავათები იქნება დაშვებული. თუმცა ეს საკითხი ორი ქვეყნის პარლამენტების მიერ ჯერ არ არის რატიფიცირებული.
სხვა კომპანიებს ეტყობა ნაკლებად ჰქონდათ დივერსიფიკაციის პოლიტიკა. ზოგიერთ ბაზარზე შესასვლელად ჩვენ დიდ დანახარჯებზე, ზარალზეც კი მივდიოდით. თუმცა ის ფაქტი, რომ სხვა კომპანიებმა დივესრიფიკაციის პოლიტიკა არ აირჩიეს, ნაკლი არ არის.
წელს პირველად გავედით თურქეთის ბაზარზე, სადაც სამი გადატვირთვა განვახორციელეთ. მოლაპარაკებები პრაქტიკულად დასრულებულია და შესაძლოა, წლის ბოლომდე კანადის ბაზარზე შესვლაც მოვასწროთ. გაყიდვები გავაფართოვეთ ინგლისის ბაზარზე; იაპონიასა და ბალტიისპირეთში გავზარდეთ მიწოდება; უკრაინაში ჩვენს საქმიანობას გეგმაზომიერად ვახორციელებთ.
ქართულ მეღვინეობაში ბაზრების დივერსიფიკაციის მაქსიმალური მცდელობაა, მაგრამ პროცესი მაინც ძალიან რთულად მიდის. ეს ბუნებრივია. პირველ რიგში, ქართული ღვინისადმი ინტერესი და მასზე მოთხოვნილება უნდა გაიზარდოს. ამ პირველადი მოთხოვნილების სტიმულირებას კი ძალიან დიდი დრო სჭირდება. მყიდველი გადაწყვეტილებას მყისიერად არასოდეს იღებს.
წელს ჩვენმა კომპანიამ რუსული ბაზრის წილის დაახლოებით 20 პროცენტის ჩანაცვლება მოახერხა. პრინციპში, ასეთი კრიზისული სიტუაციისთვის ეს ნორმალური მაჩვენებელია. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს მოცულობა მთლიანად არ დავკარგეთ.
ზურაბ მარგველაშვილი ("თბილღვინო"): ჩვენ დივერსიფიკაციაზე ფიქრი რუსეთის ემბარგოს შემოღების შემდეგ არ დაგვიწყია. 2000 წლიდან ღვინოს, რუსეთის გარდა, მთელ რიგ ქვეყნებში ვყიდით. რუსეთს ჩვენს გაყიდვებში 50 პროცენტი ეჭირა, დანარჩენი 14 ქვეყანაზე მოდიოდა. დღეს ჩვენი ღვინოები 18 ქვეყნის ბაზარზე იყიდება, საქართველოს ჩათვლით, ამიტომ საკმაოდ დივერსიფიცირებული ბაზრები გვაქვს. უნდა აღინიშნოს, რომ ვინც ხარისხიან ქართულ ღვინოს აწარმოებს, ის ემბარგომდეც და მას შემდეგაც ბოლომდე რუსულ ბაზარზე დამოკიდებული არასოდეს ყოფილა.
ჩვენი ღვინოები შემდეგ ბაზრებზე გაგვაქვს: უკრაინა, ბელორუსი, ყაზახეთი, საქართველო, ლიტვა, ლატვია, საფრანგეთი, გერმანია, ჰოლანდია, პოლონეთი, შვეიცარია, აშშ, კანადა, ტაივანი. წელს პირველად გადავტვირთეთ პატარა პარტია ბრიტანეთში, ღვინის პარტია ასევე გადავტვირთეთ არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში და პოლონეთში. ამ უკანასკნელ ბაზარზე უკვე მეორედ ვტვირთავთ პროდუქციას, არაბეთში სექტემბერში გაგზავნილი პროდუქცია მხოლოდ ახლა ჩავიდა, ასე რომ, პირველ შედეგებს ველით. კიდევ რამდენიმე ბაზარზე ვფიქრობთ შესვლას. თუმცა ჩვენი მიზანი ერთჯერადი გადატვირთვები არ არის. ჩვენი საქმიანობა სისტემატურ გადატვირთვებზე უნდა იყოს დაყრდნობილი.
წელს რუსეთის ბაზრის წილი 50 პროცენტიდან მხოლოდ 10-15 პროცენტის ჩანაცვლება მოვახერხეთ, რაც ასევე კარგი მაჩვენებელია.
მსოფლიოში ქართული ღვინის ცნობადობა ძალიან დაბალია. ამავე დროს საქართველო მაღალხარისხიანი ღვინის ჭარბწარმოებით გამოირჩევა.
აქტიურად ვმუშაობთ თურქეთის ბაზარზე გასასვლელად. ჯერჯერობით კონკრეტული შედეგი არ გვაქვს. თურქეთში ქართველი იმპორტიორებისთვის გარკვეული შეღავათები უნდა დაწესდეს, მაგრამ ამ ეტაპზე, ჩემი ინფორმაციით, არაფერი შეცვლილა. ერთ-ერთი ქართული კომპანია თურქეთის "დუტი-ფრის" ქსელში შევიდა, თუმცა ეს თურქეთის ბაზარზე შესვლას არ ნიშნავს.
ადგილობრივი ბაზარი ჩვენთვის ყოველთვის პრიორიტეტული იყო. თუ კომპანია ხარისხიან ქართულ ღვინოს აწარმოებს, წესით ის თვით საქართველოში უნდა იყოს ლიდერი. მიმაჩნია, რომ კომპანიები, რომლებიც საქართველოში ყიდიან ღვინოს, ცალსახად შეიძლება მივაკუთვნოთ მაღალი დონის ღვინის მწარმოებელ კომპანიებს. თუ ქართველ მომხმარებელს არ მოსწონს შენი ღვინო, გამოდის, რომ ამ ღვინის ხარისხი დამაკმაყოფილებელი არ არის.
არჩილ გეგენავა ("თელიანი ველი"): ჩვენი რუსეთის ბაზარზე დამოკიდებულების ხარისხი თავიდანვე დაბალი იყო, დაახლოებით - 33-35 პროცენტი. წელს ჩეხეთსა და ფინეთში შევედით წარმატებით. იანვარში ექსპორტს ნორვეგიაში შევიტანთ. გავედით დიდი ბრიტანეთის ბაზარზე. აზიის მიმართულებით ვერ წავედით. თვენახევრის წინ თურქეთის "დუტი-ფრის" ქსელებში გამოჩნდა ჩვენი ღვინოები.

"გამოცოცხლების" წელი

ადრე თუ გვიან ეს უნდა მომხდარიყო. კარგი იქნებოდა, გარდატეხა გაცილებით უმტკივნეულო ყოფილიყო, თუმცა ქართველი ბიზნესმენები არც ამისგან ქმნიან ტრაგედიას. ბანალურად ჟღერს, თუმცა ფაქტია: ზოგი ჭირი მარგებელია.
ზურაბ რამაზაშვილი (თელავის ღვინის მარანი): ჩემი აზრით, 2006 წელს შეინიშნებოდა როგორც უარყოფითი, ასევე დადებითი მხარეები:
1. ქართული ღვინის იმიჯის შელახვა. რუსეთის მასობრივი ინფორმაციის საშუალებების მიერ წარმოებულმა ცილისმწამებუბლურმა პროპაგანდამ ძალიან უარყოფითად იმოქმედა ქართული ღვინის არსებულ და პოტენციურ მომხმარებელზე როგორც რუსეთში, ასევე სხვა ქვეყნებში. თუ ქართული ღვინო რუსეთში დაბრუნდება, გაყიდვების ადრინდელი დონის მიღწევა ძალიან გაჭირდება.
2. ღვინის ინდუსტრიის და მევენახეობის განვითარების ტემპის შენელება. შემოსავლების კლების გამო ღვინის კომპანიებს და მევენახეებს ნაკლები თანხები რჩებათ რეინვესტიციისათვის.
3. მეღვინეობის გამოცოცხლების წელი. ღვინის კომპანიები ფაქტის წინაშე დადგნენ: საჭიროა გაათმაგებული შრომა, როგორც ღვინის ხარისხის, ასევე მარკეტინგის კუთხით, რათა ქართული ღვინის ცნობადობის გაზრდა მოხდეს. სხვა გზა არ არის. ეს წლის ყველაზე დადებითი მომენტია.
ლევან კობერიძე (GWS): 2006 წელი ქართველი მეღვინისთვის ფინანსურად ძალიან რთული გამოდგა. თუმცა ამ მოვლენებს დადებითი მხარეც ჰქონდა. რუსულმა ემბარგომ დარგის გამოცოცხლება გამოიწვია. გარკვეული შეხედულებების რევიტალიზაცია მოხდა. გრძელვადიან ჭრილში ეს აუცილებლად მოგვცემს დადებით შედეგს. ეს პრობლემა რომ არა, შესაძლოა, გაცილებით რთული პრობლემების წინაშე დავმდგარიყავით - ვიქნებოდით რუსეთის თაროებზე და არავინ აღარ გვიყიდდა. ჩვენ სწორედ ამისკენ მივექანებოდით. ამბობენ, ზოგი ჭირი მარგებელიაო. მედალს ორი მხარე აქვს, ხანდახან სამიც. ჩვენს შემთხვევაში დადებითი მხარეც უნდა დავინახოთ.
ზურაბ მარგველაშვილი ("თბილღვინო"): 2006 წელი ბოლო ათი წლის მანძილზე ქართული მეღვინეობისთვის ყველაზე რთული წელიწადი იყო. რუსეთის ბაზრის ჩაკეტვამ მაინც მოგვცა საშუალება, რომ მაღალი დონის ღვინის მწარმოებლები გადარჩენილიყვნენ. როგორც ამბობენ, ზოგი ჭირი მარგებელიაო...
არჩილ გეგენავა ("თელიანი ველი"): წელს ძალიან დიდ პრობლემებს შევეჯახეთ. მთავარია, რომ ბევრმა გაიღვიძა. გრძელვადიან ჭრილში 2006 წლის შედეგები მაინც პოზიტიური იქნება. თუმცა მოკლევადიან პერიოდში, სამწუხაროდ, ძალიან ბევრს შეექმნა ფინანსური პრობლემები. ეს ქართული მეღვინეობისთვის გარდამტეხი წელი იყო. როგორც იტყვიან, ზოგი ჭირი მარგებელია...

© „მარანი“

რეტროსპექტივა - “რთველი 2006” - წარმატებული თუ წარუმატებელი


ეთერ მამულაშვილი

კახეთში რთველი ორი კვირის წინ დასრულდა. პარადოქსია, მაგრამ ფაქტია - რუსული ემბარგოს მიუხედავად, წელს გლეხებმა ყურძნის რეალიზაცია სერიოზული პრობლემებისა და ექსცესების გარეშე მოახერხეს, თუმცა კახელები საბაზრო ფასით მაინც უკმაყოფილოები იყვნენ.

წლევანდელი რთველი გასული წლებისგან რადიკალურად განსხვავებული და ცოტა უცნაურიც იყო. განსხვავებული იმიტომ, რომ “რთველი 2006”-თვის სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარდა, მობილიზებულები იყვნენ ძალოვანი სტრუქტურები. კახეთში შინაგან საქმეთა და თავდაცვის მინისტრები მორიგეობით ენაცვლებოდნენ ერთმანეთს. მოგვიანებით მათ გენერალური პროკურატორიც შეუერთდა. აღარაფერს ვამბობთ სოფლის მეურნეობის მინისტრზე, რომელსაც თვენახევრის განმავლობაში ლამის ვენახის პლანებში ეძინა. “ბრიგადირი” მიხეილ სააკაშვილი თითოეული “კოლმეურნის” მუშაობას თვალყურს ადევნებდა და ზოგს “ნაკრეფს” უქებდა, ზოგსაც საჯარო შენიშვნებით იკლებდა.
კახეთში შექმნილი იყო სპეციალური შტაბი, სადაც თავს იყრიდა რთველის მიმდინარეობის შესახებ დეტალური ინფორმაცია. 24 საათის განმავლობაში ჩართული იყო ცხელი ხაზი, სადაც ნებისმიერ დაინტერესებულ პირს თავაზიანად პასუხობდნენ.


ზოგადი მიმოხილვა

რთველის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე სოფლის მეურნეობის სამინისტრო ამბობდა, რომ წელს კახეთში დაახლოებით 170 ათასი ტონა ყურძენი დაიკრიფებოდა, თუმცა ზაფხულის გვალვებისა და შემდეგ რამდენიმედღიანი გადაუღებელი წვიმების გამო, უკანასკნელი ინფორმაციით, ამ რეგიონში 150 ათას ტონამდე მოსავალი დაფიქსირდა. ეს კი გასული წლის შესაბამის მაჩვენებელზე 20% ნაკლებია. თუმცა სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაცით, ყურძნის წლევანდელი მოსავალი გაცილებით ხარისხიანია.
დაახლოებით 50 ათასი ტონა ყურძენი ჩაიბარეს წელს ღვინის მწარმოებელმა კომპანიებმა, დანარჩენი 100 ათასიდან დიდი ნაწილი ოჯახებში დაიწურა. დაახლოებით 5 ათასი ტონა ყურძენი იმ ბიზნესკომპანიებმა შეიძინეს, რომლებსაც ყურძენი ერთი შეხედვით არაფერში არ სჭირდებოდათ. მათ შორის იყვნენ მინერალური წყლების, ფარმაცევტული, ენერგეტიკული, საკვები პროდუქტების მწარმოებელი კომპანიები და ბანკები. ამ შემთხვევაში მათი უმრავლესობა პრეზიდენტის დავალებას ასრულებდა, ზოგი დიდი მონდომებით, ზოგიც უხალისოდ. საბოლოო ჯამში 400-მდე კომპანია გამოეხმაურა ქვეყნის პირველი პირის ინიციატივას.
შტაბის ინფორმაციით, კახელი გლეხებისგან ყურძენი სულ 57 ღვინის მწარმოებელმა კომპანიამ შეიძინა, მათ შორის: სს ალავერდმა, შპს კოტეხმა, შპს ხარებამ, შპს ველისციხემ, შპს მუკუზანმა, სს ზეგაანმა, სს ბადიაურმა, ქართულმა პროდუქტმა, კარდენახის ღვინის მარანმა, ტიბაანმა, თელავის ღვინის მარანმა, ჯივიესმა, ქართული ღვინისა და ბრენდის სახლმა, შპს კახურმა, თელიანი ველმა, წინანდლის მარანმა და სხვ.
გასულ წელს ქართველმა მეღვინეებმა გაცილებით მეტი ყურძენი ჩაიბარეს კახელი გლეხებისგან და შესაბამისად ბევრად მეტი ღვინო აწარმოეს, ვიდრე წელს. არადა, იმის ალბათობა, რომ ღვინის ქარხნები წელს კახელი გლეხებისგან ყურძენს საერთოდ არ შეისყიდდნენ, საფუძველს მოკლებული არ იყო, იმ ფაქტორის გათვალისწინებით, რომ წელს, და სავარაუდოდ, მომავალ წელსაც, ქართული ღვინისთვის რუსული ბაზარი დახურული იქნება.
სტატისტიკის დეპარტამენტის ინფორმაციით გასულ წელს მთლიანად საქართველოში თითქმის 4 მილიონი ლიტრი ღვინო ჩამოისხა. შესაძლოა წელს ეს ციფრი უმნიშვნელოდ გაიზარდოს, თუმცა იმ განსხვავებით, რომ წელს ყურძნის დიდი ნაწილი თავად გლეხებმა და არა ღვინის მწარმოებელმა კომპანიებმა გადაამუშავეს.
წელს 1 კილო “რქაწითელის” მინიმალური ფასი 28 თეთრი დაფიქსირდა, მაქსიმალური - 60 თეთრი, ხოლო “საფერავის” ღირებულება 80 - 1.20 თეთრამდე მერყეობდა. “რქაწითელის” ფასი წელს ბაზარზე უმნიშვნელოდ იყო გაზრდილი, რასაც ვერ ვიტყვით “საფერავზე”, რომლის მინიმალური ფასი გასულ რთველზე 1.50 თეთრი იყო.

როგორ ჩაატარეს რთველი მეღვინეებმა?

გლეხებისგან ყურძნის შესყიდვის საკითხი მეღვინეთა ნაწილს, ჯერ კიდევ რთველის დასაწყისში არ ჰქონდა გადაწყვეტილი. ისინი ყოყმანობდნენ. ერთის მხრივ, მათ რუსეთის ბაზრის დახურვა და ახალი ბაზრების აუთვისებლობა ადარდებდათ, მეორეს მხრივ, მეზობელი სახელმწიფოს კეთილი ნების იმედი ჯერ კიდევ აქვთ შემორჩენილი.
კომპანია "ბაგრატიონში" რთველის დასაწყისში აცხადებდნენ, რომ წელს კახელი გლეხებისგან არც ერთ კილოგრამ ყურძენს არ შეისყიდიდნენ, რადგან "ბაგრატიონს" რუსული ბაზრიდან "გამოძევების" შემდეგ შარშან გადამუშავებული ღვინის დიდი ნაწილი გაუყიდავი დარჩა. ცნობისათვის, ამ კომპანიამ შარშან კახელი გლეხებისგან 3 ათას ტონაზე მეტი ყურძენი შეისყიდა.
თუმცა "ბაგრატიონმა" რთველის დროს თავდაპირველი გადაწყვეტილება შეცვალა და კახელებისგან ძალიან ცოტა, 20 ტონა საფერავი შეისყიდა. კომპანიის განცხადებით, “წარმოებისას ვარდისფერ შამპანიურს 20 პროცენტი საფერავი სჭირდება.”
"ბაგრატიონის" მსგავსად, წელს კომპანია "თელავის ღვინის მარანმაც" მცირე რაოდენობის ყურძენი, მხოლოდ 100 ტონა შეისყიდა. კომპანია ძირითადად საკუთარ მოსავალს, დაახლოებით 1500 ტონა ყურძენს დასჯერდა. არადა, გასულ წელს "თელავის ღვინის მარანმა” 5000 ტონაზე მეტი ყურძენი გადაამუშავა. “ბუნებრივია, ამის უმთავრესი მიზეზი რუსეთის ბაზრის დაკარგვა გახდა. თუმცა ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ ისეთ ალტერნატიულ ბაზრებზე დასამკვიდრებლად, როგორიც ჩინეთი და აშშ-ა. ჩინეთში უკვე სამი კონტეინერი გავგზავნეთ.” - განაცხადა "თელავის ღვინის მარანის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, ზურა რამაზაშვილმა.
ქართული ღვინის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილმა ექსპორტიორმა, კომპანია “თბილღვინომ” წელს კახეთში ყურძნის შესყიდვაზე უარი განაცხადა, რადგან როგორც კომპანიაში განაცხადეს, შარშან მათ დიდი რაოდენობის ყურძენი გადაამუშავეს, რომელიც რუსული ემბარგოს გამო უკან დაუბრუნდათ. არადა შარშან “თბილღვინომ” მხოლოდ ამ რეგიონში გლეხებისგან ნაყიდი 2200 ტონა ყურძენი გადაამუშავა. “თბილღვინო” საექსპორტო ღვინის საწარმოებლად ყურძენს უმნიშვნელო რაოდენობით წელს დასავლეთ საქართველოში შეიძენს. “გადაწყვეტილი გვაქვს, რომ ყურძენს დასავლეთ საქართველოში შევიძენთ, დაახლოებით, 80 ტონას. შარშან რაჭაში ყურძენი არ გვიყიდია, თუმცა 35 ათასი ლიტრი ღვინო შევისყიდეთ,” - აცხადებენ "თბილღვინოში".
ყველაზე ბევრი, დაახლოებით 400 ტონამდე ყურძენი კახეთში წელს GWS-მა შეისყიდა, მიუხედავად იმისა, რომ კომპანიამ საკუთარ ვენახებში წელსვე 1000 ტონაზე მეტი ყურძენი დაკრიფა. ყურძენს ისინი რაჭაშიც გადაამუშავებენ, დაახლოებით იმავე მოცულობით, როგორც შარშან.

დაეხმარნენ თუ არა ქართველი ბანკირები მეღვინეებს?

მიუხედავად იმისა, რომ ქართველ მეღვინეთა უმრავლესობას კომერციული ბანკებიდან გასულ წელს აღებული კრედიტის მნიშვნელოვანი ნაწილი დღემდე არ დაუბრუნებია და მათ ამ ვალის რესტრუქტურიზაცია ითხოვეს, ქართული საბანკო სექტორი თავიდანვე მზად იყო, წელსაც გამოეყო სესხები რთველის დასაფინანსებლად.
მაგალითად, "საქართველოს ბანკმა", ამ მიმართულებით წელს 12 მილიონზე მეტი სესხი გასცა და მხოლოდ უკანასკნელი ერთი თვის განმავლობაში ბანკმა მეღვინეები 700 ათასი დოლარის მოცულობის კრედიტით დააფინანსა. “დაფინანსდა ყველა ის პროექტი, რომელმაც დააკმაყოფილა ბანკის მოთხოვნები სესხის გაცემაზე,” - გვითხრეს "საქართველოს ბანკში".
"თიბისი ბანკის" საკრედიტო პორტფელი შარშანდელთან შედარებით თითქმის არ შეცვლილა. წელსაც, ისევე, როგორც გასულ წლებში, ბანკი დაახლოებით 9 მილიონ ლარს გამოყოფს ღვინის წარმოება-რეალიზაციისთვის. ბანკის პრეზიდენტის, ვახტანგ ბუცხრიკიძის განცხადებით, “თიბისი ბანკი” მზად არის, ხელი შეუწყოს ქართულ ღვინის კომპანიებს და ფინანსური მხარდაჭერა გაუწიოს მათ მიერ ალტერნატიული ბაზრების ათვისებას.”
წელს "გაერთიანებულმა ქართულმა ბანკმა" მეღვინეთა დაფინანსებისგან თავი შეიკავა. “ჩვენი ბანკისთვის ეს სფერო პრიორიტეტული არ არის. ის რომ, ამ პერიოდში მეღვინეებზე სესხები არ გაგვიცია, ქართული კომპანიების მიერ რუსული ბაზრის დახურვით არ არის გამოწვეული, უბრალოდ ეს ჩვენი პრიორიტეტული სფერო არ არის,” - განაცხადეს "გაერთიანებულ ქართულ ბანკში".

რას ამბობს გლეხი?

ყურძნის რეალიზაციაზე მეტად წელს კახელებს ამ პროდუქტის ფასი აღელვებდათ. გლეხები ამტკიცებდნენ, რომ წელს ქარხნები ყურძენს ყველაზე დაბალ ფასებში ყიდულობენ. ფასით უკმაყოფილო ზოგიერთი გლეხი ვენახების გაჩეხვითაც იმუქრებოდა.
თამაზ ხიმშიაშვილი (გურჯაანის რაიონი, სოფელი კარდენახი): “კმაყოფილი როგორ უნდა ვიყო, როცა რაც დავხარჯე იმის საფასურიც ვერ ამოვიღე. მე ერთი ჰექტარი ვენახი მაქვს, სადაც საფერავის ჯიშის ყურძენია გაშენებული. იმის გამო, რომ მოსავალს თავიდან არავინ იბარებდა, მარცვალმა ჭკნობა დაიწყო და წონა დაეკარგა. შემდეგ იძულებული გავხდი 65 თეთრად ჩამებარებინა, რადგან ზამთარში ოჯახს ყოველთვის ყურძნის რეალიზაციიდან მიღებული თანხით ვარჩენ. თქვენ რომ ჩემს ადგილზე იყოთ, კმაყოფილი იქნებოდით?”
გოჩა რუაძე (გურჯაანის რაიონი, სოფელი ჩუმლაყი): “წელს მოწეული მოსავალის დიდი ნაწილი გამიფუჭდა, რადგან ქარხნები ყურძენს დროულად არ იბარებდნენ. ბოლოს კი ისეთ ფასი შემოგვაძლიეს, რომელიც ჩემთვის მიუღებელი იყო. მართალია მთავრობა იკვეხნის წარმატებული რთველიაო, მაგრამ მე ამას ასე არ შევაფასებდი. ჩემთვის ყოველ წელს ასეთი პრობლემები დგას.”
თუმცა იყვნენ კმაყოფილებიც.
გივი მათეშვილი (გურჯაანის რაიონი, სოფელი გურჯაანი): “მთავრობასთან დასამდური არაფერი მაქვს. ბიზნესმენები მოვიდნენ და რქაწითელში ისეთი თანხა (50 თეთრი) გადამიხადეს, რომ მოსავალი ამ ფასად არასოდეს გამიყიდია. თუმცა, მთავრობა გლეხების პრობლემების გამოსწორებას მარტო არჩევნების წინ არ უნდა ცდილობდეს...
ვახტანგ ნანობაშვილი (სიღნაღის რაიონი, სოფელი ვაქირი): “მეტნაკლებად კმაყოფილი ვარ, რადგან მოსავალი დროულად არ ჩაიბარეს. ჩვენს სოფელში ვაქირულას ჯიშის ყურძენია გაშენებული. როგორც მინისტრი სვიმონიშვილი ამბობდა, ყურძნის ეს სახეობა ჰიბრიდი და ღვინოში უვარგისიაო. მაგრამ მას შემდეგ რაც აქცია მოვაწყვეთ, ვაქირულა კარგი ყურძენი გახდა და ქარხნებმაც დაიწყეს მისი ჩაბარება. ყურძენს ქარხნებში უკვე თავიანთი მანქანებით ეზიდებოდნენ. ახლა უკვე კმაყოფილი ვარ.”

ვინ როგორ შეასრულა პრეზიდენტის დავალება?

ალბათ გახსოვთ 31 სექტემბრის საღამოს, საგარეჯოში მიხეილ სააკაშვილმა ბიზნესმენების ერთი ჯგუფი სიმბოლურად ვენახში შეკრიბა და საქართველოში ეკონომიკის სფეროში გატარებულ ლიბერალურ რეფორმებსა და ბიზნესგარემოს გაუმჯობესებაზე “გულწრფელად” ესაუბრა. ბოლოს კი ასევე “გულწრფელად” გულზე ხელი დაიდო და ბიზნესმენებს ერთი უბოროტო განზრახვის შესახებ უამბო: “კიდევ ერთი რამ მინდა გითხრათ, გთხოვოთ - უბრალოდ, წელს ყველანი უნდა დავეხმაროთ კახეთს, გთხოვთ... დღეს მე მინდა თქვენზე განვახორციელო მსუბუქი რეკეტი, პირველად და უკანასკნელად. მოგიწოდებთ, კომპანიებმა 10-10 ტონა ყურძენი შეისყიდოთ კახეთის რეგიონიდან. თუ გინდათ, თანამშრომლებს აჭამეთ, თუ გინდათ, დაწურეთ და თქვენი სახელობის ღვინოები ჩამოასხით...”.
ქართველ ბიზნესმენთა ნაწილი ამ ინიციატივას დიდი სიამოვნებით გამოეხმაურა და კახეთში ყურძნის შესყიდვის პროცესი, საკუთარი კომპანიის დიდ პიარ ღონისძიებად აქცია.
“ჯეოსელი”, “ენერჯი ინვესტი”, “სურსათის უვნებლობის სამსახური”, მერია, “მადნეული”, “ჟინვალჰესი”, “ბლექ-სი-გრუპი”, “ფოთის საზღვაო ნავსადგური”, “მაგთი”, “პსპ”, “საქცემენტი”, “თბილავიამშენი”, “კვარციტი”, “მეტეხი”, “ავერსი”, “თიბისი ბანკი”, “არსი”, “კოკა-კოლა”, “აზოტი”, “გუდვილი”, “ნიკორა”, - ეს იმ კომპანიათა მცირე ჩამონათვალია, რომლებიც პრეზდენტის დავალებით წელს ქართველ გლეხს მშველელად მოევლინნენ.
ერთ-ერთი გამონაკლისი კომპანია "ყაზბეგი" იყო, რომელსაც პრეზიდენტის ინიციატივამდეც ჰქონდა განზრახული კახეთში ყურძნის შეძენა. საქმე ის არის, რომ “ყაზბეგის” ბიზნესჯგუფის ერთ-ერთი წევრი კომპანია თელავის რაიონის სოფელ ფშაველში 30 ჰექტარ ვენახს ისედაც პატრონობს, საიდანაც წელს 100 ტონამდე ყურძენს ელოდებოდა. “ამ ვენახის ნაწილი კომპანიის საკუთრებაა, ნაწილი - სოფლის მოსახლეობის. ამ ყურძნის მოვლა-პატრონობა-გადამუშავებას ჩვენი კომპანია უზრუნველყოფს. ყურძნის იმდენად სოლიდურ რაოდენობაზეა საუბარი, რომ პრეზიდენტის მოწოდებას დამატებით აღარ ვეხმაურებით. ჩვენს ეს ისედაც გვქონდა დაგეგმილი,” - აცხადებენ კომპანიაში.

დააზღვევენ თუ არა მეღვინეთა ბიზნესს სადაზღვევო კომპანიები?

ეხლა ის დროა, როცა ქართველმა მეღვინეებმა საკუთარი მომავალი საქმიანობის, ანუ ღვინის წარმოება-რეალიზაციის დაზღვევაზე უნდა დაიწყონ ფიქრი.
გასულ წელს სადაზღვევო კომპანიებმა საკმაოდ სოლიდური თანხები გასცეს იმ კომპანიებზე, რომლებმაც რუსული ემბარგოს გამო სერიოზული ზარალი იწვნიეს. შარშან მათ მიერ ანაზღაურებული ზარალი გასულ წლებს მნიშვნელოვნად აღემატებოდა. მიუხედავად ამისა, სადაზღვევო კომპანიები წელს უარს არ ამბობენ მეღვინეთა ბიზნესის დაზღვევაზე.
როგორც სადაზღვევო კომპანია "ბი-სი-აის" ინტეგრაციული პროექტების დირექტორმა ივა დავითაიამ აღნიშნა, “ჩვენ ამ დარგის ძალიან ბევრ წამყვან კომპანიას ვემსახურებით. ზოგადად, რუსეთთან შექმნილი საექსპორტო პრობლემების შედეგად სადაზღვევო ბაზარზე მნიშვნელოვანი ცვლილებები არ მომხდარა. ბუნებრივია, შემცირდა საექსპორტო ნაკადები, შესაბამისად შემცირდა ტვირთების დაზღვევა. ამ თვალსაზრისით ამ მოვლენას ირიბი ეფექტი, რა თქმა უნდა, აქვს. მთლიანობაში კი, მეღვინეობასთან დაკავშირებულ რისკებს სადაზღვევო კომპანიები წლების განმავლობაში აზღვევდნენ და მომავალშიც დააზღვევენ.”
მეღვინეებისთვის მომსახურების გაწევაზე უარს არც სადაზღვევო კომპანია "ირაოში" ამბობენ. თუმცა დაზღვევის ობიექტის და ბოლო დროს დარგში შექმნილი ცნობილი მოვლენების გამო, ყოველივემ შესაძლოა ტარიფზე იქონიოს გავლენა. “მთლიანობაში კი ჩვენ დიდი სიამოვნებით მოვემსახურებით მეღვინეობის დარგის წარმომადგენლებს,” - განაცხადა კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, არმაზ თავაძემ.
საბოლოო ჯამში სოფლის მეურნებობის მინისტრი მიხეილ სვიმონიშვილი კახეთში “რთველ 2006” კმაყოფილია და მას დადებითად აფასებს, რამდენიმე მიზეზის გამო. “წელს პირველად აღმოიფხვრა ის მანკიერი ტენდენცია, რომ ყურძნის ფასებს სახელმწიფო ამტკიცებდა. ფასი წელს ბაზარმა თავად დაარეგულირა. წელს სახელმწიფო მხოლოდ რთველის ორგანიზაციით შემოიფარგლა. რუსეთის ფაქტორს რთველის მიმდინარეობაზე სერიოზულად არ უმოქმედია. ღვინის მწარმოებელმა კომპანიებმა ალტერნატიულ ბაზრებზე გასვლა დაიწყეს. აღსანიშნავია, რომ რუსეთის გარდა, სხვა ბაზრებზე ქართული ღვინის ექსპორტი 300 პროცენტით გაიზარდა. დღეისათვის ეს ძალიან სერიოზული შედეგია,” - განაცხადა მინისტრმა რთველის დასრულების შემდეგ, მთავრობის ერთ-ერთ სხდომაზე.

რაჭველებს ყურძენი კახელებზე უკეთ გაეყიდათ

კახეთის შემდეგ სოფლის მეურნეობის სამინისტროს “რთველი 2006”-ის სპეციალურმა შტაბმა რაჭა-ლეჩხუმში გადაინაცვლა. ამბროლაურისა და საჩხერის რაიონებში რთველი ოქტომბრის მეორე კვირაში დაიწყო და ნოემბრის პირველ რიცხვებში დასრულდა.
წელს რაჭაში დაახლოებით 550 ტონა ყურძენი მოიკრიფა, რაც შარშანდელ მოსავალს თითქმის ხუთჯერ ჩამორჩება. წელსაც, ისევე, როგორც გასულ წლებში, რაჭველების ყურძნის დიდი ნაწილი ღვინის მწარმოებელმა კომპანიებმა შეისყიდეს.
კახელებთან შედარებით, რაჭველმა გლეხებმა მოსავლის რეალიზაცია წელს უპრობლემოდ და, თანაც, ძალიან კარგ ფასში მოახერხეს. მიუხედავად იმისა, რომ წელს და, სავარაუდოდ, გაისადაც ქართული ღვინის გასაღების მთავარი, რუსული ბაზარი დახურულია, წელს მეღვინეები რაჭველებისგან ყურძენს მაინც 3 ლარად ყიდულობდნენ. ეს კი ორჯერ, რიგ შემთხვევაში კი თითქმის სამჯერ მეტია კახური ყურძნის ფასთან შედარებით.
როგორც ჩანს, რუსულ ემბარგოს რაჭული ყურძნის ფასზე არანაირი გავლენა არ მოუხდენია, რადგან ყურძენი შარშანაც აქ 3 ლარად იყიდებოდა.
ღვინის მწარმოებელი და ექსპორტიორი კომპანიები აცხადებენ, რომ რაჭული ჯიშის ყურძნისგან დამზადებულ ღვინოზე დასავლეთის ბაზრებზე მოთხოვნა ბოლო წლებში საგრძნობლად გაიზარდა და რომ ისინი ამ შემთხვევაში რუსეთზე არ არიან დამოკიდებულნი.
ლეჩხუმში რთველი ოქტომბრის ბოლო კვირაში დაიწყო და ის მალევე დასრულდა. დაახლოებით 100 ტონა “ცოლიკაურისა” და “ოჯალეშის” ჯიშის ყურძენი დაიკრიფა აქ, რომლის დიდი ნაწილი, ღვინის მწარმოებელმა კომპანიებმა შეისყიდეს.
ცნობისათვის, რაჭა-ლეჩხუმში ყურძენს შემდეგი 7 კომპანია ამუშავებდა: GWS, შპს “სენაკური”, “თელიანი ველი”, “თბილღვინო”, “ჩუმლაყის ღვინის ქარხანა”, “ქართული ღვინის სახლი რაჭაში” და “ბუგეული”.
რთველის დაწყებამდე რამდენიმე თვით ადრე, სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროგნოზით, რაჭა-ლეჩხუმში 3-3,5 ათასი ტონა ყურძენი უნდა დაკრეფილიყო, თუმცა, რამდენიმე დღის წინ სამინისტროს სპეციალური შტაბის ხელმძღვანელი გრიგოლ ტუღუში ჩვენთან საუბრის დროს აცხადებდა, რომ რეგიონში 700 ტონაზე მეტი მოსავალი არ არის მოსალოდნელი. მიზეზი გაზაფხულის ყინვები, მოგვიანებით კი, გადაუღებელი წვიმები გახდა. იყო კიდევ ერთი მიზეზი: “ყინვების შემდეგ ბევრმა თავი მიანება ვენახის მოვლას, რამაც თავისთავად გავლენა მოახდინა მოსავლის საერთო რაოდენობაზე,” - გვითხრა საუბრისას გრიგოლ ტუღუშმა.
უნდა ითქვას, გასულ რთველზე ამ რეგიონში 4 ათას ტონამდე ყურძენი დაიკრიფა, რომლის დიდი ნაწილი ღვინის მწარმოებელმა კომპანიებმა შეისყიდეს.

© „მარანი“

Tuesday, 16 October 2007

ვარდისფერი ღვინოები


საფრანგეთი კინაღამ ისევ "თამაშგარე" მდგომარეობაში აღმოჩნდა, მაგრამ, როგორც ჩანს, ლუარისა და პროვანსის მწარმოებლებმა მაინც მოასწრეს ვარდისფერი ღვინოებით დატვირთული, სამომხმარებლო ინტერესების პიკისკენ მიმავალი ლოკომოტივის საფეხურზე შეხტომა. პროცესიას წინ მიუძღვის კალიფორნია თეთრი ზინფანდელის, სირასა და გრენაშისგან დამზადებული "როზეს" გაცილებით უფრო სერიოზული ვარიანტებით. აქვეა ავსტრალიური ვიქტორია ვარდისფერი კუპაჟების ფართო სპექტრით, ესპანეთი განახლებული "როსადოთი" და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა მაჯენტური პინოტაჟით.
Wine-ის რედაქტორი ჯონ დაუნსი დარწმუნებულია, რომ მიუხედავად უმრავლესობის აზრისა, რომელიც ვარდისფერ ღვინოებს ნაკლებ მოდურად მიიჩნევს, ისინი მრავალფეროვანი და რთულია, ზოგჯერ კი, წლიდან წლამდე, გაკეთილშობილების უნარსაც ამჟღავნებს; თან იმასაც გვიხსნის, თუ რატომ უნდა ვისწავლოთ აზროვნება ვარდისფერ ფერებში.


ინტიმური დღიური

ერთია, როდესაც გულახდილად აღიარებ, რომ ვარდისფერი ღვინოების მოყვარული ხარ. ამას არცთუ ისე ბევრი სერიოზული connoisseurs-ი უშვებს. მაგრამ არიან ისეთებიც, რომლებიც მას ჩუმ-ჩუმად სვამს (ამისთვის საკმარისია დავითვალოთ ლუარიდან და პროვანსიდან გატანილი კალათების რაოდენობა); კიდევ სხვა საქმეა მაღაზიაში ერთი ბოთლი ღვინის ყიდვა საკუჭნაოში შესანახად: წარმოსახვაში იხატება სურათი, სადაც "როზეს" საიდუმლო თაყვანისმცემლები ბნელ კუნჭულებში იმალებიან, რათა მშვიდად მინებდნენ თავიანთ ვარდისფერ აღტაცებას. საწყალ მოხუც "როზეს" ძალზე დიდხანს მოიხსენიებდნენ აუგად, მაგრამ მესამე ათასწლეულის დასაწყისში "ღვინის მსოფლიო მარკეტინგმა" ვარდისფერი ღვინოებისთვისაც მოიცალა, და ისინი მტკიცედ შემოვიდა მოდაში.
ავსტრალიაში საპროგრამო განცხადებით გამოვიდნენ "ვარდისფერი ღვინოების განმათავისუფლებელი ალიანსის" (Rose Liberation Alliance) წევრები. ეს ალიანსი ვიქტორიის მწარმოებლებისა (როგორებიცაა De Bortoli,Yering Station, Portree Vineyards და სხვ.) და რეგიონის ფეშენებელური რესტორნების შეფ-მზარეულების მიერ შეიქმნა 2001 წელს. ისინი ყოველ ორ თვეში ერთხელ მართავენ სხდომებს და იმდენად არიან შეპყრობილი ვარდისფერი სტილის პროპაგანდის იდეით, რომ უნიფორმაც კი შექმნეს: წითელი სამკლავური და ვარდისფერმინებიანი სათვალე. ალიანსი მიზნად ისახავს მომხმარებლის გათვითცნობიერებას ვარდისფერი ღვინოების არჩევაში და რესტორატორების დარწმუნებას, გააფართოოს ღვინის ბარათებში "როზეს" ასორტიმენტი.
გასულ წელს პორტუგალიაში ჩატარდა ვარდისფერი ღვინოების, კერძოდ, Fonseca-სა და Sogrape-ს მწარმოებლების მიერ ინიციირებული კორპორაციული სარეკლამო კამპანია. სამარკო ვარდისფერ Lancers-სა და Mateus-ს ისინი ტრადიციულად პორტუგალიის 4-5 რეგიონის ადგილობრივი ჯიშების შერევის გზით ამზადებენ; ამგვარი ხერხით ვინტაჟისგან დამოუკიდებლად მიიღწევა ცნობადი მსუბუქი "შაქრის" გემო და შარბათის, კარამელისა და დიუშესის დამახასიათებელი ნოტების მქონე ბუკეტი. 2002 წლის პლაჟის სეზონის განმავლობაში მთელ ლისაბონში ნახავდით დაფებს ერთადერთი წარწერით - "Drink Pink" მადის აღმძვრელი ვარდისფერი ბოთლის გამოსახულებით.
ღვინის ცნობილი პოპულარიზატორი მწერალი ქალი, "ღვინის ბიბლიის" ავტორი კარენ მაქნილი (MacNeil) ყოველწლიურად გამოსცემს დაიჯესტს, რომელშიც ოსკარის მფლობელ მსახიობებს სხვადასხვა ღვინოებს ადარებს. ასე მაგალითად, 2002 წელს მან ვარდისფერ ღვინოს შეადარა თვით ქეით უინსლეტი (Winslet), რომელიც დიდ ბრიტანეთში იმდენად პოპულარულია, რომ გასული წლის სოციოლოგიური გამოკვლევის თანახმად, კითხვაზე, "ვისთან ერთად ისურვებდით ერთი ბოთლი კარგი ღვინის დალევას?", ინგლისელთა 35%-მა "პატარა ქეითი" დაასახელა.
აშშ-ში მსხვილმა ღვინით მოვაჭრე კომპანია Rosenthal Wine Merchant Ltd-მა, საკუთარი კლუბ The Mad Rose Group-ის ფარგლებში პრესაში წამოიწყო ვარდისფერი ღვინოების მხარდასაჭერი პროგრამა. კომპანიამ დაიწყო პროვანსის, ლანგედოკისა და ლუარის "როზეს" ფრანგული ვარიანტების წამოწევა, რომლის დროსაც ძირითადი აქცენტი ხარისხსა და მრავალფეროვნებაზე კეთდებოდა.
უკანასკნელი წვეთი International Wine Challenge - 2002-ზე ვარდისფერი ღვინოების ტრიუმფი იყო. რა თქმა უნდა, "ტრიუმფი" გადაჭარბებული ნათქვამია, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ მსოფლიოში ღვინის ერთ-ერთი უმსხვილესი კონკურსის მთელი 18 წლიანი ისტორიის მანძილზე ვარდისფერ ღვინოებს ჯერ არასოდეს რგებია ოქროს მედალი. ამ კატეგორიისთვის გასული წლის ასე უჩვეულო შედეგი - 1 "ოქრო", 2 ვერცხლის და 6 ბრინჯაოს მედალი - მიუთითებს არა მარტო ვარდისფერი ღვინოების მიმართ მომხმარებელთა გაზრდილ ინტერესზე, არამედ მათი ხარისხის არსებით გაუმჯობესებაზე.

ლაჟვარდოვანი სანაპიროს როლი

რატომ არ იყო ამდენ ხანს ვარდისფერი ღვინოები მოდაში? ჯერ ერთი, როგორც ჩანს, "როზეს" მწარმოებლებმა ყველაზე გვიან გააცნობიერეს, რომ ბოთლზე 20 გრამი შაქარი კომილფო არ არის; მეორე მიზეზად შეიძლება დასახელდეს მათ მიმართ არსებული დამოკიდებულება. ეს დამოკიდებულება მთელ მსოფლიოს გადაედო ფრანგებისგან, რომლებიც სიცხეში ცისტერნებით სვამდნენ ვარდისფერ ღვინოებს და მათ "ზაფხულის გამაგრილებელ სასმელად" მიიჩნევდნენ. არაფერია გასაკვირი იმაში, რომ ბოლო დრომდე ვარდისფერი ღვინოების მოხმარების ეპიცენტრად რჩებოდა ნიცა და სენ-ტროპე, რომლებიც შთანთქავდა ახლომდებარე პროვანსის პროდუქციას. სამართლიანობა მოითხოვს იმის თქმას, რომ მრავალ ევროპელს შეეყარა ლაჟვარდოვანი სანაპიროს ბექობზე მზით გაჯერებული ვარდისფერის ნაზი სიყვარული, როდესაც პლაჟის ბისტროებში მას ბუიაბესს აყოლებდნენ: შემდგომში კი, როდესაც თავიანთ ჩრდილოურ სახლებში შეუძლებლად მიიჩნიეს "გამაგრილებელი" პროვანსული ღვინოების დალევა, გაცილებით სერიოზული ვარიანტების ძიების სტადიაზე გადავიდნენ. მაგრამ საკუთრივ პროვანსს რაც შეეხება, შეუძლებელია არ გაგვახსენდეს ღვინის პრესაში გავრცელებული ერთი ანეკდოტი, რომელშიც 1880-იან წლებში "პროვანსის ვარდისფერი სოფლებით" შექმნილი ნახატების სერიის ავტორის, ვან გოგის დეპრესია აიხსნებოდა ადგილობრივი ვარდისფერი ღვინოების სევდიანობით, რომლებითაც იგი ნაღველს იქარვებდა.
მრავალი წლის განმავლობაში ვარდისფერი ღვინოების ერთადერთ ღირსებად ფერი ითვლებოდა: მშვენიერი შესახედავია იასამნისფერი შეფერილობის გროლოზე დაყენებული ლუარის კუპაჟები, ორაგულის ან ხახვის ფურცლის თვალწარმტაცი შეფერილობის ღვინოები კაბერნე სოვინიონთან ერთად, მაგრამ ისინი სწორედაც რომ გვაიძულებს დაველოდოთ მარწყვისა და ჟოლოს გემოს აფეთქებას მხოლოდ იმისთვის, რომ პირზე ნერწყვად მომდგარი წინასწარი ტკბობა სატანჯველად გადავუგდოთ სუსტი სუნისა და სწორხაზოვანი უმარილო დასასრულისგან შემდგარ რეალობას. როგორც წესი, სწორედ ეს იმედგაცრუება, თვალსა და ენას შორის არსებული დისონანსი ედება საფუძვლად ვარდისფერი ღვინოების დაბალ შეფასებას.

No Sugar

ლუარის ხეობის ვარდისფერი პორტფოლიო მოიცავს "როზეს" ოთხ განსხვავებულ ტიპს: კანონი მკაცრად აკონტროლებს ნარჩენი შაქრის დონეს და თითოეული მათგანის ჯიშურ შემადგენლობას. სწორედ ის ვარდისფრები, რომლებსაც ზემოდასახელებული ინგლისელები სვამენ ბნელ საკუჭნაოებში, შაქრის უდიდესი შემცველობით ხასიათდება: Rosé d’Anjou-ში იგი დაახლოებით 17 გ/ლ-ია, ხოლო Cabernet d’Anjou-ში - უკვე მთელი 25 გ/ლ, რაც მას Liebfraumilch-ის სიტკბოსთან მიაახლოებს. ლუარის ამ ნიმუშების შესახებ სამყარომ დიდი ხანია ბევრი რამ იცის, მაგრამ უკანასკნელ წლებში, როგორც ამას ანჟუსა და სომიურის ღვინოების პროფესიონალთაშორისი კომიტეტიდან (Commité Interprofessionel des Vines d’Anjou et Saumur) კრისტიან ვიტალი ამტკიცებს, "მაღალი კლასის მქონე ვარდისფერ ღვინოებში წარმოიშვა შაქრის შემცველობის შემცირებისკენ მიმართული მყარი ტენდენცია". ამგვარად, მწარმოებლებმა მიმართეს AOC-ის წესებით დადგენილ ორ სხვა ნაირსახეობას: Cabernet de Saumur-ს ლიტრზე 10 გრამიანი შეზღუდვით და ყველაზე მშრალ Rosé de Loire-ს, რომელიც მაქსიმუმ 3 გ/ლ-ს შეიცავს; იგი შეიძლება დამზადებული იყოს სომიურსა და ტურენში, მაგრამ წარმოშობით ძირითადად ანჯუს ფიქლის ფერდობებიდანაა. ამასთანავე, სტრუქტურის შესანარჩუნებლად, ამ ღვინის მინიმუმ 30%-ს კაბერნე სოვინიონი ან კაბერნე ფრანი უნდა შეადგენდეს, მაშინ როცა გროლოსა და გამეს როლი მდგომარეობს ხილის გემოს დამატებითი აფეთქებით უზრუნველყოფაში. "ლუარის სერიოზული მშრალი "როზე" ანგარიშის გაწევას იმსახურებს, - ამბობს კრისტოფ დავიო (Daviau) Domaine Balbut-იდან, რომელიც ანჟუში მდებარეობს. - ის არა მარტო შესახედავადაა ლამაზი, არამედ ნამდვილ ბუკეტსაც ფლობს".
სამხრეთ რონის Tavel Rosé, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში "როზესა" და სერიოზული ღვინოების ერთადერთი მაკავშირებელი იყო, საკმაოდ ტკბილი ღვინოა, მაგრამ მისი სიტკბო, როგორც წესი, კარგადაა გაწონასწორებული სიმჟავით. ეს ყურძენი (Tavel-ი მზადდება 60% გრენაშისგან, 10% სენსოსგან და 5% სირასგან, კლერეტის, პიკპულისა და მურვედრის მცირე დანამატთან ერთად) რონის ხეობის მცხუნვარე მზის ქვეშ, მთის ქანების, ქვიშისა და კირქვის კომბინაციისგან შემდგარ ნიადაგზე იზრდება. "Tavel-ი გამოირჩევა სხვა ვარდისფერი ღვინოებისგან, - ამბობს პასკალ ლაფონი (Lafond) Domaine Lafond Roc Epine-დან. იგი ხასიათდება მჟავური სტრუქტურითა და წვნიანობით. მისი შენახვა შესაძლებელია ოთხ წლამდე, რომლის შემდეგაც იძენს სურნელებას, სანელებლის არომატს, სისრულესა და სახასიათო ნარინჯისფერ იერს. იმისათვის, რომ შევინარჩუნოთ არომატი, ჩვენ არ ვავარგებთ ჩვენს ვარდისფერ ღვინოებს კასრებში, მაგრამ ბოთლებში ისინი უბრალოდ შესანიშნავად ძველდება". ისევე როგორც ლუარის ხეობაში, ვარდისფერი მეღვინეების მხედველობის არეში არც აქ ექცევა კასრი, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც იგი ახალია.
ხარისხიან ვარდისფერ პროვანსშიც შეიძლება საკუთარი ლიდერის დასახელება. თუმცა, Château Sainte-Roselin-ს, რომელიც სენ-ტროპედან 40 კილომეტრის სავალზე გორაკებშია ჩამალული, დღეს გაცილებით ხშირად მოიხსენიებენ წითელ ღვინოებთან კავშირში: საქმე ისაა, რომ პროვანსელები სწორედ თავიანთი ხელის შემშლელი "ვარდისფერი იმიჯის" მოშორებით არიან დაკავებული და ამიტომ გადავიდნენ წითელ ღვინოებზე. აქედან გამომდინარე, Sainte-Roselin-ს ყოველთვის ასახელებენ ერთ-ერთ ყველაზე იმედისმომცემ მეურნეობად. მაგრამ ამავე დროს ეს შატო ერთადერთი "ვარდისფერი" cru classé-ა, და რეგიონში არსებული საერთო განწყობის მიუხედავად, აქ არც "როზეს" შესახებ დავიწყებიათ. "ჩვენ ხელით ვკრეფთ ყურძენს, გასანოყიერებლად არც ჰერბიციდებს ვიყენებთ და არც ქიმიკატებს, შემდეგ მტევნებს ვმარცვლავთ და ცალკე ვახდენთ ჩვენი ვარდისფერი ღვინოების ვინიფიცირებას. ჩვენ მათ ძალიან სერიოზულად აღვიქვამთ..." - ეშმაკურად იღიმება შატოს მფლობელი ბერნარ ტეიო (Teillaud).
ტრადიციულად ევროპული ვარდისფერი ღვინოებიდან ყველაზე მშრალი იყო გარნაჩაზე დაფუძნებული "როსადო", რომელსაც ჭენჭოსთან წვენის ხანმოკლე კონტაქტის შემდეგ როფიდან თავისუფლად მომდინარე წვენის გაწურვის გზით ამზადებენ. ისინი ფრანგულ ვარდისფრებთან შედარებით საკმაოდ მაგარია და შეიცავს არანაკლებ 12% ალკოჰოლს, რაც წარმატებით ჯდება ხილისა და სანელებლების ღრმა გემოს სურათში. მაგრამ თუ თქვენ ეძებთ რაიმე ნაკლებად ტკბილს, მაგრამ გაცილებით რთულს, გირჩევთ Castillo de Monjardin-ში ნავარის ჩრდილოეთით მდებარე ფერდობზე ასვლას, სადაც სახასიათო "როსადოს" ამზადებენ. "ვფიქრობთ, ჩვენი "როსადო" იმიტომაა ასეთი არაჩვეულებრივი, რომ მის ფერმენტაციას კასრებში ვახდენთ. იგი ერთადერთი უნდა იყოს მსოფლიოში", - ამბობს ვაჭრობის დირექტორი სონია ოლანო (Olano).
საკუთარ გზაზე მიმავალი კეპა კორტესი (Cortes) Bodegas Orvalaiz-იდან ეწინააღმდეგება გარნაჩას ზემოქმედებას და ღვინის დამზადებას რიოხული ტემპრანიიოს დომინანტით ამჯობინებს. თუმცა, თავად რიოხაშიც მოიხიბლნენ ვარდისფერი ღვინოებით, რომლებიც აქ მინერალური ელფერითა და ხენდროს ტონებით ივსება. Bodegas Muga-ში ხაზს უსვამენ იმას, რომ რობერტ პარკერმა 2001 წელს Muga Rioja Rosé-ს (გარნაჩას, ვიურისა და ტემპრანიიოს კუპაჟი) 88 ქულა მიანიჭა, რაც 10 დოლარიანი ვარდისფერი ღვინისთვის ურიგო არ უნდა იყოს!
აშშ-ში ვარდისფერი სპექტრი ორადაა გაყოფილი. ერთი მხრივ, ეგრეთ წოდებული თეთრი ზინფანდელი კალიფორნიელთა შედარებით ახალი გამოგონებაა. ამ ღვინოებს ამერიკელები Blush-ს, ე.ი. "მოვარდისფროს" უწოდებენ; ისინი იმისთვის შეიმუშავეს, რათა რაციონალურად გადაემუშავებინათ ზედმეტი ზინფანდელი: ყურძენი იწურება, კანი მომენტალურად შორდება წვენს, ეს უკანასკნელი განიცდის ფერმენტაციას და იძლევა თითქმის თეთრ ღვინოს, რომელიც ბოლომდე მაინც არ არის თეთრი და ჩვეულებრივ საკმაოდ ტკბილია. 1980-იანი წლების ბოლოს თეთრი ზინფანდელის ვარიანტები ბესტსელერებად - სუპერმარკეტებში გაყიდვათა უპირობო ლიდერებად იქცა. ეს "მოვარდისფრო" სიგიჟე იქამდე გრძელდებოდა, სანამ 1994 წელს აშშ-ში შარდონე არ შემოგრიალდა მოდაში. მიუხედავად ამისა, აშში-ში გასაყიდი ღვინოების საერთო მოცულობის 2%-ს დღესაც თეთრი ცინფანდელი შეადგენს. სხვათაშორის, მართალია მის აღწერაში ყოველთვის შეხვდებით სიტყვებს "უბრალოა და ნებისმიერ ყოველდღიურ საჭმელთან კარგად მიდის", მაგრამ სხვა ვარდისფერ ღვინოებთან შედარებით, დეგუსტაციებზე იგი ზოგჯერ მაინც ახერხებს საკმაოდ კარგი შეფასებების მიღებას. მაგალითად, Blossom Hill Winery White Zinfandel 2000 და Ernest&Julio Gallo White Zinfandel 2001 International Wine Challenge 2002-ზე "მოწონების ბეჭდით" აღინიშნა. კალიფორნიული vin gris-ები ასევე ძალიან ნათელი და მსუბუქია. მათ შორის ლამის ყველაზე ცნობილი 7 დოლარიანი Bonny Doon Vin Gris de Cigare გრენაშის, სირას, მურვედრისა და სენსოს კუპაჟს წარმოადგენს, და შეუძლებელია არ აღინიშნოს მარსანი - უკანასკნელი წლების ინოვაცია, რომელიც კუპაჟს ნაღების ტონს ანიჭებს.
მაგრამ კალიფორნიული სპექტრის მეორე მხარეს, როგორც წესი, არსებობს "როზეს" საკმაოდ მუქი ვარიანტები "რონის სტილში" დამზადებულ სირას ან გრენაშის საფუძველზე. "ოქროს" მფლობელი Wine Challenge Valley Oaks Syrah Rose 2001 Fetzer Vineyards-იდან ერთი შეხედვით წითელ ღვინოს ჰგავს, მაგრამ მისი გასინჯვისას მიხვდებით, რომ ამდენი ხენდრო მხოლოდ ვარდისფერ ღვინოში შეიძლება იყოს, ამასთან, ნარჩენი შაქრის დონე სულ რაღაც 6 გ/ლ-ია. გაცილებით ძვირი Josepf Phelps Grenache Rose ფერით მაჯენტით შეზავებულ ნარინჯისფერ ნესვს მოგაგონებთ, ხოლო ხენდროს გემოს ემატება ჟოლო, მინერალური ტონები და გამხმარი ბალახების ელფერი. დაბოლოს, კიდევ უფრო მეტ მინერალურ და მიწისფერ შეფერილობას შეიცავს სირისა და გრენაშის კუპაჟები პინო ნუართან ერთად, ისეთები, როგორიცაა Beringer Rose de Saignee 1988.
ავსტრალიელები და სამხრეთ აფრიკელები დღეს მნიშვნელოვნად უგულებელყოფენ ვარდისფერი ღვინოების შექმნის ტრადიციულ ტექნოლოგიებს. პაარლის ღვინის ქარხანა Fairview ახალ მუხის კასრებში ავარგებს პინოს, გრენაშის, გამესა და შირაზის კუპაჟის ნაწილს, რომლიდან მიღებული ღვინოც ალკოჰოლის მაღალი - 13,5%-იანი შემცველობით გამოირჩევა. Casella Wines-ი ახალ სამხრეთ უელსში აკეთებს ორიგინალურ ნარევს მერლოსა და შარდონესგან, რომელიც ფერმენტირებულია ამერიკულ მუხაში, სამი თვის განმავლობაში დავარგებულია კასრებში და ექვემდებარება ვაშლისა და რძის ფერმენტაციას. "თუ შამპანში უბრალოდ ურევენ თეთრ და წითელ ღვინოებს, რატომ არ უნდა გვესინჯა ჩვენც", - ამბობს ნადიჯ სიუნი იარას ხეობის ღვინის ქარხნიდან Yering Station-ი (Sune), სადაც ასევე ურევენ უკვე ფერმენტირებულ შარდონესა და პინო ნუარს, და უფრო და უფრო ამცირებენ ნარჩენი შაქრის დონეს. მეორე მხრივ, ვარდისფერი ღვინოებისთვის კაბერნე სოვინიონიდან, ნარჩენი შაქარი აუცილებელია: "მცირეოდენი შაქარი უნდა დარჩეს, ვინაიდან მის გარეშე მიიღება "არავარდისფრულად" მაგარი, მაგრამ ამავე დროს ცარიელი კაბერნე, - ამბობს სტეფან უებერი (Webber) De Bortoli-დან. - ვფიქრობ, დღეს ვარდისფერ ღვინოებში ნარჩენი შაქრის ირგვლივ ატეხილი ხმაური ოდნავ გადაჭარბებულია. ყოველ შემთხვევაში - შაქართან ერთად თუ მის გარეშე - ის ღვინოები, რომლებთანაც დღეს საქმე გვაქვს, საერთოდ არ ჰგავს იმ "ტკბილ ვარდისფრებს", რომლებმაც შელახეს "როზეს", როგორც ასეთის, რეპუტაცია.

მომავალი ვარდისფერში

ვარდისფერი ღვინოების ხანმოკლე სიცოცხლე ერთ-ერთი იმ პუნქტთაგანია, რომლის უარყოფაც მოუწევთ იმათ, ვინც საკუთარ თავზე იღებს მათი სერიოზულობის მტკიცებას. რა თქმა უნდა, "როზეს" უმრავლესობა უნდა დაილიოს ახალგაზრდობისა და სინორჩის ასაკში, მაგრამ ეს იმას როდი ნიშნავს, რომ თქვენ არ შეგიძლიათ მათი დავარგება. ახალ სამყაროში ჯერ კიდევ ვერ მოასწრეს "ახალი" ვარდისფერი ღვინოების დავარგების პოტენციალში გარკვევა, მაგრამ მახსენდება, თუ როგორ ვიჯექი დაახლოებით სამი წლის წინ კრისტოფ დავიოს მყუდრო სასტუმრო ოთახში, როცა მან 1961 წლის მოსავლის Cabernet d’Anjou შემოიტანა. მას მოოქროსფრო ბრენდის შესახედაობა ჰქონდა, და შეეძლო ეამაყა ლიმონის კანის მარმელადის არომატით და ძირტკბილასა და ფორთოხლის საოცარი გემოთი. საკუჭნაოში კი მას ჯერ კიდევ რჩებოდა 1927 წლის მოსავლის ნიმუშები!
ფართოდ განსახილველი მეორე ასპექტია ვარდისფერი ღვინოების შეთავსება საჭმელთან. "მოძველებული" ტკბილი ვარდისფერი ღვინოები, მიუხედავად თავიანთი ჩვეული პრიმიტიულობისა, შეთავსების თვალსაზრისით მაინცდამაინც კარგად არ იქცეოდა: 100%-იანი ჰარმონიულობის მიღწევა მათგან მხოლოდ ცხარე და ცხიმიანი ხორაგის კომპანიაში შეიძლებოდა, როგორიცაა ტაილანდური სამზარეულოს კერძები, მაგრამ ეს უკანასკნელნი არანაიარად არ მოიაზრება მზის მცხუნვარებასთან ერთად. ამიტომ, რეკომენდაციებში ანჟუსა და პროვანსის ვარდისფრებთან დაკავშირებით, როგორც წესი, მითითებული იყო: "დაილიოს აპერიტივის სახით". რასაც ვერ ვიტყვით მართლაცდა მშრალი "როზეს" შესახებ: ის უპრეტენზიოა და უხდება უბრალო სამზარეულოს, გრილზე შემწვარ ხორცს, ბარბექიუს, თინუსის მსგავს მჭლე თევზს და სატაცურსაც კი.
საინტერესო, მაგრამ იაფი ღვინით ყოველდღიური სუფრის უზრუნველყოფის ტენდენციის გათვალისწინებით შეიძლება დავეთანხმოთ ავსტრალიური Rose Liberation Alliance-ს წარმომადგენლებს, რომლებიც უკვე შესცქერიან “როზეს" ვარდისფერი სათვალით, და მას მომავლის ღვინოს ეძახიან: "იგი გასაშტერებლად ლამაზია, კარგად ეთავსება საჭმელს და გამოირჩევა სიმსუბუქით. მისი საუკეთესო ვარიანტები 15-20 დოლარზე მეტი არ ღირს. ამასთან, თანამედროვე ტექნოლოგიების ეპოქაში მისგან განსაცვიფრებელი ხილიანობის მიღწევაა შესაძლებელი, რომელიც შეიძლება უსასრულოდ გავართულოთ მინერალების, სანელებლების, ბალახების, წიწაკისა და ნუშის ნოტებით". ერთი სიტყვით, შეუერთდით უმცირესობას.






© „მარანი“

Sunday, 14 October 2007

ღვინის დეგუსტაციის შესავალი (1)


ჯენსის რობინსონის წიგნის - „როგორ დავაგემოვნოთ ღვინო“ - მიხედვით

გემო

მიჩნეულია, რომ საჭმლისა და სასმლის გარეგნული სახე თვალით აღიქმება, სუნი - ცხვირით, გემო კი პირით შეიგრძნობა. თუმცა, სინამდვილეში, ამ უკანასკნელი ორის ერთმანეთისგან გამიჯვნა არც ისე იოლი საქმეა.
ის, რასაც ჩვენ რაიმეს "გემოს" ვეძახით, არსებითად ყნოსვისა და გემოს ორგანოების მეშვეობით მიღებულ შეგრძნებათა კომბინაციას წარმოადგენს. მაგრამ, როგორც ამ განყოფილების სათაურიდან ჩანს, ჩვენი ცხვირი გაცილებით მგრძნობიარეა პირთან შედარებით. ყნოსვის გარეშე ჩვენ უბრალოდ არ შეგვიძლია შევაფასოთ და განვსაზღვროთ, თუ რას ვჭამთ. ამიტომ, როდესაც მოცემულ წიგნში მე ვიყენებ ტერმინებს "გემო" და "სუნი", ორივე სწორედ ამ ერთიან შეგრძნებას აღნიშნავს, შესაბამისად, ხან ერთი ჭარბობს, ხან მეორე.
ჩვენი ტვინი ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რა მოხვდა პირში, იღებს ორი გზით: თხევადი და მყარი შემადგენლის, რომელიც ეხება პირის ღრუს და ენას და, აგრეთვე, აქროლადი შემადგენლის, უხილავი აირის საშუალებით. როდესაც რაიმეს ვყნოსავთ - ღვინოს, საკვებს, შამპუნს, - სწორედ ეს აქროლადი შემადგენელი ხვდება ცხვირიდან ყნოსვის რეცეპტორებამდე, მაგრამ როდესაც ვღეჭავთ, იმავე ორგანოებში იგი ცხვირ-ხახიდან ხვდება. ამგვარად, ის, რასაც ჩვენ გემოს აღქმას ვეძახით, მნიშვნელოვანი დოზით გაუცნობიერებლად მოიცავს ყნოსვასაც. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ყოველგვარ "გემოში" "სუნის" არსებობაც იგულისხმება.
სიტკბოს აღმქმელი თითქმის ყველა რეცეპტორი განლაგებულია ენის წვერზე. სწორედ ამიტომ, თუ ენის წვერით ოდნავ შევეხებით ნაყინს, იმწამსვე ვიგრძნობთ მის სიტკბოს, ხოლო შოკოლადის და შემდეგ ყველის ნაჭრის ერთხელ ალოკვისას, პირველის გემოს უფრო ძლიერად შევიგრძნობთ, ვიდრე მეორისას.
როდესაც საფუარის ზემოქმედებით ყურძნის მარცვალში შაქარი ნაწილობრივ ან მთლიანად სპირტად გარდაიქმნება, ყურძნის წვენი ღვინოდ იქცევა. მიღებული სითხე ყურძნის წვენზე მშრალი და მაგარია, თუმცა, სხვადასხვა ღვინო ერთმანეთისგან ძალიან განსხვავდება სიტკბოთი ანუ, ეგრეთ წოდებული, ნარჩენი შაქრის რაოდენობით. ღვინო შეიძლება იყოს ექსტრამშრალი, მშრალი, ნახევრადმშრალი, ნახევრადტკბილი, ტკბილი და ძალიან ტკბილი; მაგრამ ექსტრამშრალი ღვინოებიც კი, რომლებსაც საერთოდ არ აქვს სიტკბო, მაინც შეიცავს გარკვეული, თუმცა ძალიან მცირე რაოდენობის შაქარს.


სიტკბოს დონე თეთრ ღვინოში
ექსტრამშრალები


მიუსკადე; ლუარის ღვინოები, სოვინიონიდან დაწურული, როგორებიცაა AOC სანსერი, AOC პუიი ფიუმე და AOC სოვინიონ დე ტურენი; ბევრი შამპანური და შუშხუნა ღვინო "ბრუტის" ეტიკეტით; კარგი ტრადიციული ღვინო AOC შაბლი, ჩრდილოეთ საფრანგეთიდან, გერმანული მშრალი ღვინოები (ეტიკეტზე სიტყვით trocken).


მშრალები


ეს ყველაზე დიდი კატეგორიაა; სასარგებლოა იმის ცოდნა, რომ მშრალი ღვინოების იაფფასიანი ვერსიები ნახევრადმშრალებისკენ იხრება. ამ ჯგუფში შედის: შარდონედან დაწურული ღვინოების უმრავლესობა, სოვინიონ ბლანი, სემიიონი, ბერდელიო, კოლომბარა, ბურგუნდიული თეთრი, ლუარის მშრალი ღვინოები (ეტიკეტზე სიტყვით "sec"), ფრანგული რეგიონული თეთრი ღვინოების უმეტესობა (ეტიკეტზე სიტყვით "vin de pays"); იტალიური ღვინოები ვერდიკიოდან, პინო გრიჯო (ფრ. პინო გრი) და პინო ბიანკო (ფრ. პინო ბლან), იტალიური სუფრის თეთრი ღვინოების უმეტესობა (ეტიკეტზე სიტყვით "vino da tavola", აგრეთვე ღვინო DOC სოავე; თეთრი რიოხები; ცნობილი გერმანული ნახევრადმშრალი ღვინოები (ეტიკეტზე სიტყვით "halbtrocken-ით" და "Kabinett" კლასის ყველაზე მსუბუქი ღვინოებიდან რამდენიმე; ხერესები "ფინო" და "მანზანილა".


ნახევრადმშრალები

რისლინგიდან (Riesling), ვიონიედან (Viognier), გევიურცტრამინერიდან (GewЯrztraminer), შენენ ბლანიდან (Chenin Blanc) და პინო გრი-დან (Pinot Gris) დაწურული ღვინოები; ფრანგული ნახევრადმშრალი ღვინოების უმეტესობა (ეტიკეტზე სიტყვით "demi sec"), განსაკუთრებით ღვინოები AOC ვუვრესი (Vouvrays) და AOC კოტო დიუ ლაიონი (Coteaux du Layon); ელზასური ღვინოების უმეტესობა; იტალიური ღვინოები DOC ფრასკატი (Frascati); გერმანული საექსპორტო ღვინოების დიდი უმრავლესობა და, რა თქმა უნდა, საკუთრივ ნახევრადმშრალი ღვინოები (ეტიკეტზე სიტყვით "Halbtrocken"), აგრეთვე "Kabinett" კლასის ღვინოები და შპეტლეზე (SpКtlese); ხერესები "დრაი ამონტილიადო" და "დრაი ოლოროზო"; თეთრი პორტვეინები.

ნახევრადტკბილები

ეგრეთწოდებული გვიანი მოსავლის ღვინოების უმრავლესობა (ეტიკეტზე სიტყვებით "Late Harvest"); ფრანგული ტკბილი ღვინოების უმრავლესობა (ეტიკეტზე სიტყვით "moelleux"), გვიანი მოსავლის ელზასური ღვინოები (ეტიკეტზე წარწერით "vendange tardive"); იტალიური ასტი და ღვინო მოსკატოს დიდი ნაწილი; მოსკატელ დე სეტუბალის ჯიშიდან დაყენებული ღვინოები (Moscatel de SetЬbal); უნგრული ტოკაი (Tokay), გერმანული აუსლეზე (Auslese) და ცალკე მოზელის ბეერნაუსლეზე (Beerenauslese); ბევრი თეთრი ღვინო ზინფანდელიდან (Zinfandel) და ვარდისფერი ღვინოები; კომერციული ხერესები "ამონტილიადო"; ბევრი მადერა.


ტკბილები

იმ ყურძნისაგან დაყენებულ ღვინოთა უმეტესობა, რომელმაც კეთილშობილი ობის ზემოქმედება განიცადა, (ეტიკეტზე "botrytized" ან "Selected Late Harvest"); ფრანგული ღვინოები АОС სოტერნი, ბარსაკი, მონბაზიაკი, სოსსინიაკი, სენ-კრუა-დიუ-მონი, აგრეთვე ფრანგული მუსკატი; გერმანული ღვინოები ეტიკეტით "Trockenbeerenauslese"; იტალიური რეჩიოტო და პასიტო, აგრეთვე ვინსანტო (Vin Santo); კალიფორნიული მუსკატები, ხერესი "ოლოროზო"; მადერა "Malmsey".


ძალიან ტკბილები

ესპანური მოსკატელი (Moscatel), ავსტრალიური ტოკაი და ღვინოები "Liqueur Muscat"; ხერესი Cream და PX; თითქმის ყველა დასპირტული ღვინო.


სიტკბოს დონე წითელ ღვინოში

ექსტრამშრალები (Bone dry)


ლუარის წითელი ღვინოები, როგორებიცაა АОС ბურგიოი (Bourgueil), შინონი (Chinon) და სომიური (Saumur); ტიპური АОС მედოკი (MОdoc) და პესაკ-ლეონიანი (Pessac-LОognan), აგრეთვე АОС ერმიტაჟი (Hermitage); დიდებული იტალიური წითელი ღვინოები, როგორიცაა DOC ბაროლო (Barolo), ბარბარესკო (Barbaresco), ბრუნელო დი მონტალჩინო (Brunello di Montalcino) და კიანტი კლასიკო (Chianti Classico).


მშრალები

ასეთია ყველანაირი წითელი ღვინის დაახლოებით 85%.


ნახევრადმშრალები

ჯიშური ღვინოების უმეტესობა მერლოსა და პინო-ნუარიდან დაყენებული, ზოგიერთი კალიფორნიული ღვინო კაბერნე სოვინიონიდან, ღვინოების უმრავლესობა ზინფანდელიდან, აგრეთვე ფრანგული АОС შატონეფ-დიუ-პაპი; იტალიური ლამბრუსკო (Lambrusco) და ფრეიზას სორტის ღვინოები (Freisa); წითელი ღვინოების უმრავლესობა გერმანიიდან; ავსტრალიური შირაზი (Shiraz); სამხრეთაფრიკული წითელი ღვინოები; იაფი სამარკო წითელი ღვინოების უმრავლესობა.


ნახევრადტკბილები

ესპანური სანგრია (Sangria), შუშხუნა ღვინოები შირაზიდან; იტალიური რეჩოტო დელა ვალპოლიჩელა (Recioto della Valpolicella) და ბრაკეტოს უმრავლესობა (Brachetto); გვიანი მოსავლის კალიფორნიული ღვინოები ზინფანდელიდან.

სიტკბო (ან მისი არარსებობა, ე.ი. სიმშრალე) - ყველაზე მარტივი აღსაქმელია ოთხი ძირითადი გემოდან, თუმცა, ის, რასაც ფიზიოლოგები სიმჟავეს ეძახიან, წარმოადგენს ღვინის ყველაზე მთავარ ნაწილს, მის არსს, მის გულს. სიმჟავის გარეშე არ არსებობს ღვინო.



სიმჟავე გემოში - მჟავიანობის საზომია. მისი დონე მაღალია ლიმონის წვენსა და ძმარში, და დაბალია ან საერთოდ არ არის ფქვილსა და წყალში. სიმჟავის მიმართ ყველაზე უფრო მგრძნობიარეა ენის ზედა კიდეები (რომლებიც ახლოსაა საყლაპავ მილთან). მეღვინეობაში გადამწყვეტი როლი ენიჭება სიტკბოსა და სიმჟავის ბალანსის შენარჩუნებას უშუალოდ ყურძნის მარცვალში.


სუფთა სიმჟავე

შეისუნთქეთ რაიმე მჟავე, მაგალითად, ღვინის ძმარი (ლიმონის წვენი ძლიერ აქროლადი არ არის) და შეამჩნევთ, როგორ იწევს ზემოთ თქვენი ენის ზედა კიდეები სიმჟავესთან შეხების სასიამოვნო მოლოდინში. მჟავიანობა იმდენად ძლიერ ეფექტს ქმნის, რომ ოთხივე საბაზო გემოდან, ის ყველაზე კარგად შეიგრძნობა ისე, რაიმეს ჩაუყლაპავად. მაგრამ, იმისათვის, რომ საბოლოოდ დარწმუნდეთ, ენის რომელი ადგილია პასუხისმგებელი მჟავიანობის აღქმაზე, მოსვით ერთი ყლუპი ლიმონის წვენი. ნებისმიერ შემთხვევაში, მიაქციეთ ყურადღება, ენის რომელი ნაწილი რეაგირებს ყველაზე მეტად სიმჟავეზე.

მჟავიანობა და სიტკბო

ახლა გულმოდგინედ დაყნოსეთ ყველა ის ალკოჰოლური თუ უალკოჰოლო სასმელი, რომელსაც მიირთმევთ. თქვენ ნახავთ, რომ თითქმის ყველა სასმელი შეიცავს მაცოცხლებელი მჟავიანობის გარკვეულ ოდენობას. უბრალო, არაგაზირებული სასმელი ვერ შეძლებს თქვენი ენის აკეცვას - სწორედ ის არის ზღვარი მჟავასა და ტუტეს შორის - მაგრამ ყველა წვენი, გაზიანი სასმელი, რძე, თვით ჩაი და ყავაც კი ამა თუ იმ დოზით იწვევს ენის დაშუშხვას.
უნდა შენიშნოთ, რა მნიშვნელოვან როლს ასრულებს მჟავიანობა ხილში: ლიმონიც, აგრეთვე გრეიპფრუტი და ხურტკმელიც მაღალი ბუნებრივი მჟავიანობით გამოირჩევა და ამიტომ ჭამამდე მათ ვშაქრავთ. დააკვირდით, როგორ იცვლება მსხლისა და პომიდვრის გემო, - ორივე ძალზე სწრაფად კარგავს მჟავიანობას და მტკნარდება. ამ ყველაფრის გათავისების შემდეგ, შეეცადეთ განსაზღვროთ ღვინის მჟავიანობის დონე.


როგორი მჟავები არსებობს

იმისათვის რომ, დაახლოებითი წარმოდგენა შეიქმნათ ღვინოში არსებული სხვადასხვა მჟავას გემოზე, უნდა შეისწავლოთ შემდეგი მჟავები:
ღვინო-ქვის მჟავა - ღვინოს ქვის ესენციის ხსნარი;
ვაშლის მჟავა - ვაშლის წვენი:
ლიმონის მჟავა - ლიმონის, გრეიფრუტის ან ფორთოხლის წვენი;
რძის მჟავა - რძე ან იოგურტი;
ძმრის მჟავა - ღვინის ძმარი;
ნახშირმჟავა - გაზიანი სასმელები.

სიმჟავისა და სიტკბოს თანაფარდობა

სიმჟავესა და შაქარს შორის სწორი ბალანსის მიღწევა მეღვინის მთავარი ამოცანაა. ღვინოები, რომლებსაც იმთავითვე მეტისმეტად მაღალი მჟავიანობა აქვთ, მწვანე ღვინოები ჰქვია. "მწვანე" არ არის ტექნიკური ტერმინი, მასში არანაირი ფარული აზრი არ დევს. ის უბრალოდ საყოველთაოდ მიღებული ეპითეტია, რომლებსაც მწვანე ღვინოების დასახასიათებლად იყენებენ. "მწკლარტე" იმავე გემოს აღმნიშვნელი მეორე სიტყვაა, რომელსაც ჩვეულებრივ, თეთრ ღვინოებთან დაკავშირებით იყენებენ.
შესამჩნევი, მაგრამ არა გადაჭარბებული, მჟავიანობა თეთრი ღვინოების ფრიად სასურველი თვისებაა, რადგანაც მათგან მაცოცხლებელ ეფექტს ველოდებით, მაშინ როდესაც წითელი ღვინოებისგან "სიმსუყეს" და გარკვეულ იდუმალებას მოელიან. თეთრ ღვინოებს საგრძნობი, მაგრამ არა უსიამოვნო მჟავიანობით, ხშირად "მხნე" ღვინოებს უწოდებენ. როგორც წითელ, ისე თეთრ ღვინოებს, რომლებიც საკმაოდ დაბალი მჟავიანობით გამოირჩევა, ხშირად "დუნე" ან "უსიცოცხლო" ღვინოებს ეძახიან. თუ თქვენ ეს სიტყვა არ მოგწონთ, მის ნაცვლად შეგიძლიათ გამოიყენოთ ტერმინი "უკბილო". დუნე ან უკბილო ღვინოების გემო მართლაც დაჩლუნგებულია მაცოცხლებელი მჟავების უკმარისობის გამო. რაც შეეხება მსუყე ღვინოს, იგი ძალიან ტკბილი ღვინოა, რომელიც არ შეიცავს საკმარისი რაოდენობის სიმჟავეს ბალანსისათვის.
მჟავიანობა და სიმშრალე ძალიან ადვილად შეიძლება აგვერიოს ერთმანეთში. ბევრი ფიქრობს, რომ თუ ღვინო ძნელად ისმება, ესე იგი მშრალია, თუმცა, სინამდვილეში მას შეიძლება უბრალოდ მაღალი მჟავიანობა ჰქონდეს. ნახევრადმშრალ ღვინოში მჟავის ბლომად ჩამატება და მოყვარულების იაფფასიანი "მშრალი" ღვინით გაბედნიერება არაკეთილსინდისიერი მეღვინეების საყვარელი ფანდია. და პირიქით, იმ რაიონებში, სადაც ღვინოს ბუნებრივად მაღალი მჟავიანობა აქვს, დადუღებულ ბადაგს ბალანსისათვის ზოგჯერ ცოტაოდენ არაფერმენტირებულ ყურძნის წვენს უმატებენ.


სხვა ძირითადი გემოები

მარილი


მარილის გემოს არსებობა საჭმელში სასიცოცხლოდ აუცილებელია, მაგრამ მისი ღვინოში აღმოჩენა იშვიათადაა შესაძლებელი. როგორც თეთრი, ისე წითელი მშრალი ხერესი შეიძლება ოდნავ მარილიანი მოგვეჩვენოს, ზოგჯერ მარილის კვალი შემიმჩნევია ჩილიურ წითელ, ახალზელანდიურ თეთრ და ბევრ ღვინოში ჩრდილოეთ რონიდან, რომელიც სირადანაა დაწურული, როგორებიცაა AOC ერმიტაჟი და კროზ-ერმიტაჟი (Crozes-Hermitage), მაგრამ ღვინის სამყაროში მარილის ასეთი შემოჭრა გამონაკლისია. მარილიანი ღვინის დეგუსტაციის აღწერა აქ უფრო სურათის სისრულისათვისაა მოცემული.

სიმწარე

ეს არის მეოთხე და ბოლო ძირითადი გემო, რომლის დაფიქსირებაც ენას შეუძლია. ამისათვის პასუხისმგებელია ენის ბრტყელი უკანა ნაწილი. ისევე როგორც მარილი, სიმწარე გაცილებით ნაკლებმნიშვნელოვანია დეგუსტატორებისთვის, ვიდრე სიტკბო და მჟავიანობა, მაგრამ არაერთი იტალიური წითელი ღვინო ტოვებს ენის უკანა ნაწილზე მომწარო გემოს. სიმწარე ხშირად ერევათ ტანინებში (ე.ი. სიძელგეში), თუმცა, დაინახავთ, რომ ამ ნივთიერებებზე პირის ღრუს სულ სხვა ნაწილები რეაგირებს.

ტანინი

ტანინი ერთ-ერთი ყველაზე შესამჩნევი და ზოგჯერ მტკივნეული შეგრძნების გამომწვევი ინგრედიენტია და იგი ბევრ წითელ ღვინოშია. ეს გახლავთ პირობითი ტერმინი ყველა სახის სათრიმლავი ნივთიერებისთვის ან პოლიფენოლისთვის, რომლებიც ღვინოში წიპწის, ყურძნის კანისა და ღეროსაგან, ასევე იმ ხის ჭურჭლისაგან ხვდება, რომელშიც ღვინო დუღს და დგება.
ტანინები განსაკუთრებით შესამჩნევია როგორც კარგად დაყენებულ ჩაიში, როდესაც სათრიმლავ ნივთიერებათა დიდი ოდენობა, რომლებსაც ფოთლები შეიცავს, გამოიყოფა წყალში, ისე კაკლის უღელში. შეგრძნება, რომელსაც ტანინი ტოვებს პირში, ჩვენ მიერ შესწავლილ ყველა შეგრძნებაზე ბევრად უხეშია. დიდი ოდენობით ტანინთან შეხებისას პირის ღრუ და ღრძილები თითქოს ნაოჭდება (ზუსტად ისე ითრიმლება, როგორც კანი); ეს არის ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რის გამოც ხანგრძლივი შენახვისათვის განსაზღვრულ ახლადდაყენებულ წითელ ღვინოებს შეიძლება საკმაოდ უსიამოვნო გემო ჰქონდეს. ღვინოები ტანინებს შეიცავს არა იმიტომ, რომ მათ თავიდანვე ჰქონდეთ კარგი გემო, არამედ იმისათვის, რომ, შესაძლოა, მომავალში შეიძინოს ასეთი გემო. ისეთი ღვინის მაგალითად, რომელიც კარგად ვითარდება და ხანგრძლივად ინახება, შეიძლება გამოდგეს ბორდოს წითელი ღვინოები და კაბერნე სოვინიონის ხარისხის სხვა დიდებული ღვინოები (ან კუპაჟი მისი დომინირებით). ამ ღვინოებს შესწევთ ხანდაზმულ ასაკამდე მიღწევის და ჭეშმარიტად საოცარი გემოსა და სუნის შეძენის უნარი - და ეს ყველაფერი იმიტომ, რომ ახალგაზრდობაში ისინი ბევრ ტანინს შეიცავდნენ.


მაღალი ხარისხის სამი ნიშანი

სიტკბო, მჟავიანობა, ტანინების შემცველობა და სიმაგრე იძლევა ღვინის პარამეტრების შეფასების საშუალებას. არომატი კი მისი ხასიათის შეცნობის გასაღებია. მაგრამ თუ თქვენ გინდათ თავიდან აიცილოთ მდარე ღვინო და ისწავლოთ იმ ღვინოებში გარკვევა, რომლებიც განსაკუთრებით მოგწონთ, უნდა იცოდეთ ღვინის სამი მახასიათებელი, რომლებიც ადვილად შეიცნობა გემოსა და სუნის მიხედვით და რომლებიც მაშინვე გეტყვიან, ცუდ ღვინოსთან გაქვთ საქმე თუ კარგთან.

1. სისუფთავე

პირველი მახასიათებელი უარყოფითია და არა დადებითი. ღვინო სწორედ რომ მაშინ მიიჩნევა სუფთად, როდესაც მას აშკარა დეფექტები არა აქვს. ამ საქმეში საუკეთესო მსაჯული თქვენი საკუთარი ცხვირია. თუკი არომატის ერთხელ ჩასუნთქვის შემდეგ კვლავ მოგინდებათ მისი ჩასუნთქვა, ესე იგი ღვინო სუფთაა. 1975 წელს, როდესაც ღვინის შესახებ დავიწყე წერა, ღვინოების დაახლოებით ნახევარი სუფთა არ იყო სუნის მიხედვით და ჰქონდა ესა თუ ის ტექნოლოგიური დეფექტი. ამჟამად ტექნიკურმა რევოლუციამ თითქმის ყველა ღვინის სარდაფამდე ჩააღწია და საერთაშორისო ბაზარზე ღვინის საერთო მოცულობის 1%-ზე ნაკლებს აქვს დეფექტი. ყველაზე მეტად გავრცელებულია საცობის სუნი, მაგრამ ის არ არის დაკავშირებული ღვინის დამზადების დროს დაშვებულ ტექნოლოგიურ დარღვევებთან; ეს უბრალოდ შემთხვევითობაა - გაფუჭებული საცობის შედეგი. არსებობს აგრეთვე სხვა დეფექტები, რომლებსაც უკავშირდება სპეციფიკური უსიამოვნო სუნები.


2. ბალანსი

ღვინო კარგადაა დაბალანსებული, თუ მისი ყველა კომპონენტი ქმნის ერთ მთლიანობას. ბალანსს არღვევს მომატებული მჟავიანობა, სიტკბო, ტანინების საკმაო რაოდენობით არსებობა და ბუკეტში სპირტის სიჭარბე. ერთი რომელიმე შეგრძნება ვერ დაგეხმარებოდათ იმის გაგებაში, დაბალანსებულია თუ არა ღვინო, - ამისათვის უბრალოდ საჭიროა ყველა კომპონენტის ერთად აწონ-დაწონა. ყველა კარგი ღვინო დაბალანსებული უნდა იყოს იმ დროისათვის, როდესაც უკვე მზადაა დასალევად, თუმცა, დიდი მომავლის მქონე ღვინო შეიძლება ახალგაზრდობაში არ იყოს დაბალანსებული იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ის ჯერ კიდევ ბევრ ტანინს შეიცავს.

3. ხანგრძლივობა

ღვინის ხარისხის კიდევ ერთი მკაფიო ნიშანი არის ის, რასაც დეგუსტატორები გემოს ხანგრძლივობას ანუ გემოს შემდგომ შეგრძნებას უწოდებენ. თუ პირში ჩაგუბებული ღვინის გადაყლაპვის (ან გადმოფურთხების) შემდეგ თქვენ კიდევ დიდხანს გრძნობთ მის სუნსა და გემოს, ბუნებრივია, სასიამოვნო გემოსა და სუნს, - ესე იგი თქვენ კარგ ღვინოსთან გაქვთ საქმე. დიდებული ღვინის ხსოვნა პირში საათობით თუ არა, მრავალი წუთით მაინც შეიძლება დარჩეს. ამიტომ, თუ მხედველობაში მივიღებთ შესაძლო სიამოვნების მთელ სპექტრს, მაშინ ძვირფას ღვინოებს ყოველთვის არა აქვთ ცუდი თანაფარდობა ფასი/ხარისხი - რადგან უფრო იაფფასიანი ღვინოების გემო დალევისთანავე იკარგება, მაშინ როდესაც დიდებული ღვინის თითოეული ყლუპის გემო ჭეშმარიტად დიდხანს მიგყვება.

© „მარანი“

დასასრული იქნება