Friday, 16 November 2007

სამმაგი ტრიუმფალური თაღი


XX საუკუნის დასაწყისიდან კონიაკის ნამდვილ დამფასებელთათვის კარგად იყო ცნობილი Martell Extra. კონიაკს ეს სახელი ეწოდა ჟანა მარტელის პატივსაცემად, რომელმაც 1715 წელს დააფუძნა განთქმული კონიაკის სახლი. დღეს კი ამ სასმელმა მეორედ დაბადება იზეიმა Martel Creation-ის სახელწოდებით.
კონიაკი ჩამოსხმულია არაჩვეულებრივ გრაფინში, რომელიც თაღს წააგავს. თაღი - გამარჯვებისა და ტრიუმფის სიმბოლო - მიანიშნებს, რომ მარტელის მწარმოებლები თაობიდან თაობამდე არ ღალატობენ ძველ ტრადიციებს და ამასთანავე სრულიად შეესაბამებიან თანამედროვე მომხმარებლის სტილსა და გემოვნებას. ვერცხლისფერ თავსახურზე ამოტვიფრულია მოოქროვილი სიმბოლო M, რომელსაც შემოვლებული აქვს ვაზი, ხოლო ზედა მხარეს წარმოდგენილი მრგვალი ბეჭედი სასმელის უმაღლეს კატეგორიაზე მიანიშნებს.
იმისათვის, რომ სასმელი მოხვდეს Extra luxury-ს კატეგორიაში, აუცილებელია 3 ნიშანი: პირველი - წარმომავლობა, რომელიც მარტელს თავისთავად მოსდევს, მეორე - ნოუ-ჰაუ და მესამე - მომხმარებლის სიმპათია. კონიაკი, რა თქმა უნდა, სამივე ნიშანს აკმაყოფილებს: ლამაზი ბოთლი, ხარისხი და კარგი ისტორია.
რაც შეეხება კუპაჟს, ესეც განახლებულია. ახალმა Martell Creation Grand Extra-მ მარტელის სტილს ხორცი შეასხა და კუპაჟების დიდოსტატ ბრუნო ლემუანის ქმნილებამ კიდევ ერთხელ დაასტურა თავისი პროფესიული ვირტუოზულობა.
სასმელი ტოპაზისფერია, ხასხასა. აქვს რბილი, ხავერდოვანი გემო. გასინჯვისას პირველად შეიმჩნევა ხმელი ხილისა და ჯანჯაფილის, შემდეგ ფორთოხლისა და ლიმონის, სულ ბოლოს კი კაკლისა და კედრის ხის არომატი.


© „მარანი“

ხოსე პენინის ახალი ცნობარი


ცნობილმა ღვინის კრიტიკოსმა ხოსე პენინმა ღვინის ცნობარის ახალი ვერსია Guia Penin 2008 წარმოადგინა, სადაც საუკეთესოდ ესპანური ღვინოები დასახელდა.
ცნობარის შესადგენად დეგუსტაციაზე წარდგენილი იყო 8 ათასი ღვინო, რომელთა შორის 38-ს მინიჭებული ჰქონდა 100-დან 95 და უფრო მეტი ქულა. საუკეთესო ღვინოთა სიაში მოხვდა შემდეგი ღვინოები:

Alvear PX 1830 Reserva, Montilla-Moriles 98 ქულა
Dominio de Atauta, Llanos del Almendro 2005 Ribera del Duero 98 ქულაValdespino (José Estévez), La Bota de Fino, Macharnudo Alto, Bota nº 7, Jerez 98 ქულაValdespino (José Estévez) Bota Punta Palo Cortado, Jerez 98 ქულაAlvaro Palacios L’Ermita 2005 Priorat 97 ქულაVega Sicilia, Reserva Especial Añadas 89-90-94 Ribera del Duero 97 ქულაFinca Allende, Avrvs 2004 Rioja 97 ქულაEnate (Viñedos y Crianzas del Alto Aragón), Uno barrel-fermented Chardonnay 2003 Somontano 97 ქულა
Valdespino (José Estévez) La Bota de Manzanilla, Las Cañas, Bota no 4, Jerez 97 ქულაDomecq, Sibarita VORS 30 años Oloroso, Jerez 96 ქულაDomecq, Venerable 30 años VORS PX, Jerez 96 ქულაPintia 2005 Toro 96 ქულაArtadi, Viña El Pisón 2005 Rioja 96 ქულაPingus 2005 Ribera del Duero 96 ქულაBodegas Alto Moncayo Aquilón 2005 Campo de Borja 96 ქულაJorge Ordóñez, Viñas Viejas 2005 Blanco dulce 96 ქულაBenjamín Romeo, Contador Barrica 2005 Rioja 96 ქულაOssian 2006 barrel-fermented Rueda 96 ქულაChivite Colección 125 Vendimia Tardía 2005 Navarra 95 ქულაDomecq, La Ina Fino, Jerez 95 ქულაEmilio Moro Malleolus de Valderramiro 2004 Ribera del Duero 95 ქულაClos Mogador 2004 Priorat 95 ქულაBarbadillo, Reliquia Amontillado, Jerez 95 ქულაVega Sicilia ყnico 1998 Ribera del Duero 95 ქულაFinca Allende Calvario 2004 Rioja 95 ქულაMuga, Aro 2004 Rioja 95 ქულაViña Nora, Nora da Neve 2005 Rias Baixas 95 ქულაPérez Barquero, La Cañada PX Montilla-Moriles 95 ქულაAlonso del Yerro, María 2005 Ribera del Duero 95 ქულაEl Nido 2004 Jumilla 95 ქულაOsborne Rare Sherry Solera BC 200 Oloroso, Jerez 95 ქულაDominio de Atauta, Valdegatiles 2005 Ribera del Duero 95 ქულაOsborne Rare Sherry PX, Jerez 95 ქულაBodegas Campante Alma de Reboreda, Vino naturalmente dulce 2004 Ribeiro 95 ქულაDominio de Atauta, Llanos del Almendro 2004 Ribera del Duero 95 ქულაVenus La Universal, Dido 2006 Montsant 95 ქულაCuevas Jiménez, Ferratus Sensaciones 2003 Ribera del Duero 95 ქულაAlemany I Corrio, Sot Lefriec 2004 Penedès 95 ქულა.


© „მარანი“

Thursday, 15 November 2007

ჰიუ ჯონსონი - ღვინის ისტორია (5)



მონასტრის ვაზი

ისტორია ორი მაგიური ძალის - ღვინისა და რელიგიის მხარდამხარ სიარულის არაერთ შემთხვევას იცნობს. პირველ რიგში, ეს აიხსნებოდა ძველი ღვთაებების კულტებთან დაკავშირებული რიტუალების აღსრულების აუცილებლობით. მოგვიანებით ღვინის როლი კარგად იყო შერწყმული იუდეველთა და ქრისტიანთა რიტუალებთან, შუასაუკუნეებში კი მეღვინეობის მიმართ დაჟინებულ ყურადღებას მონასტრებისა და ეპისკოპოსების ინიციატივა წარმოშობდა. მსგავსი ინციდენტები იმდენად ხშირად ხდებოდა ქრისტიანულ ისტორიაში, რომ მთხრობელი იძულებულია დასვას შეკითხვა: მხოლოდ რელიგიაში იყო საქმე?

სიტოს თეთრი ბერების შემთხვევაში ორი აზრი არ არსებობს. მათ გამოჩენამდე ხუთი ასწლეულის მანძილზე სამონასტრო სისტემის მთავარი წარმომადგენელი ბენედიქტიანელი შავი ბერების ორდენი იყო, და უცებ აღმოჩნდა, რომ ერთ ადგილას თბილად და უქმად ჯდომით ორდენი ისე ჩათქვირდა, რომ ქოშინისგან სულს ძლივსღა ითქვამდა.
ამ დროს ბენედიქტიანელთა უმსხვილეს სააბატოს კლიუნის მონასტერი წარმოადგენდა, რომელიც ბურგუნდიის შუაგულში, მაკონის მახლობელ ბორცვებზე მდებარეობდა, თანაც, მონტე-კასინოში მათ "საგვარეულო ბუდესთან" შედარებით ეს სავანე უფრო პომპეზურიც კი იყო.
და აი, 1112 წლის აპრილში, იქვე - მდინარე საონის ხეობაში - გამოჩნდება ახალგაზრდა ენთუზიასტი, სახელად ბერნარ დე ფონტენი, რომელიც მაშინვე არსებული წეს-წყობილების აშკარა კონკურენტი ხდება. 21 წლის ასაკში იგი სათავეში ჩაუდგა ახალგაზრდა ბერების მტკიცედ შეკრულ "არტელს" და ის ქალაქ ბონის ჩრდილოეთით მდებარე პატარა მონასტერ სიტოში მიიყვანა, რომელიც სულ რაღაც 14 წლით ადრე ასკეტმა შავმა ბერმა რობერ დე მოლესმმა დააარსა.
სიტოში გამეფებული ატმოსფერო დიამეტრულად განსხვავდებოდა გადაპრანჭული კლიუნისგან. მონასტერი სიტო წარმოადგენდა ერთ პატარა მეურნეობას ტყის შუაგულში მოთავსებული ციცქნა სამლოცველოთი, მაგრამ შექმნილი ძმობისთვის მთავარი სათნოება სწორედაც რომ ასკეტიზმი იყო. სააბატოს ბერებმა თავიანთი ახალი ორდენისთვის მონასტრის სახელწოდება გადმოიღეს, საკუთარ თავს ცისტერციანელები უწოდეს და შავის ნაცვლად, თეთრად შეიმოსნენ.
ნეოფიტმა ბერნარმა ძმობა მორჩილების მწვერვალამდე მიიყვანა. მისი მიმდევრები წმინდა ბენედიქტეს მკაცრი აღთქმებით ცხოვრობდნენ, ხოლო გულმოდგინების თვალსაზრისით, მხოლოდ ფანატიკოს-რევოლუციონერებს თუ გაუტოლდებოდნენ. თეთრი ბერების მიმზიდველობა იმდენად დიდი იყო, რომ 1124 წელს მომაკვდავმა პაპმა კალიქსტუს II-მ მოისურვა, რომ მისი გული სიტოში დაეკრძალათ.
სანამ წმინდა ბერნარის გავლენა დამაჯერებელი იყო, თეთრი ბერები მრისხანე ძალას წარმოადგენდნენ. ორდენს საკმაოდ განათლებული რეკრუტები ჰყავდა, ხოლო შემოკრებილ ბერებს წელში გაწყდომამდე შეეძლოთ მუშაობა. მათ ძირითად საქმიანობას სააბატოს ვენახებში მუშაობა წარმოადგენდა. მევენახეობაში მათ შემოიტანეს გულმოდგინება და ის პერფექციონიზმი, რომლისკენაც წმინდა ბერნარი მიილტვოდა ყველაფერში, რასაც თავად აკეთებდა და რასაც ქვეშევრდომებისგან მოითხოვდა.
ორდენის დაარსების წელს, შობაზე, ცისტერციანელებმა ბურგუნდიის ჰერცოგისგან საჩუქრად მიიღეს თავიანთი პირველი ვენახი მერსოში. პირველი ცისტერციანელები, რომლებმაც ვაზი იყიდეს, იყვნენ პონტინიელი ბერები, რომლებმაც შაბლიში ბენედიქტელებისგან შეიძინეს მიწა. მეფემ ეს მიწა ძმობას ჯერ კიდევ 867 წელს აჩუქა. ერთ-ერთი გადმოცემის თანახმად, პირველებმა სწორედ ბენედიქტელებმა გადმორგეს ვაზი შარდონედან შაბლში (სადაც შარდონეს ჯიში დღემდე "ბონიდან" მომდინარე ბონუას სახელწოდებითაა ცნობილი).
1110 წელს კოტ დ’ორში, ვუჟოს მხარეში (მომდინარეობს ნაკადულ Vouge-ს სახელიდან, რომელიც სააბატოს წყლით უზრუნველყოფდა), სიტომ გარკვეული ოდენობის მიწა მიიღო და კიდევ უფრო მეტის შესაძენად მოემზადა. მონასტრის წინამძღვარი ჰარდინგი დიდი ქედმაღლობით არ გამოირჩეოდა და მან მოკრძალებით ითხოვა მიწების ჩუქება. სააბატო სენ-ჟერმენ-დე-პრე პარიზში რელიგიის იმ ფორპოსტებს მიეკუთვნებოდა, რომლებიც სარგებლობაში გასცემდა თუნდაც რომელიმე თავის "ფრიშს" (უხეშ, დაუმუშავებელ მიწის ნაკვეთებს პერიფერიაში). საჩუქარი გარიგებად გადაიქცა: სააბატო სენ-ჟერმენმა მიწის სანაცვლოდ დაიწყო წელიწადში ერთი კასრი (228 ლიტრი) ღვინის მიღება. მალე სიტოს ისევ აჩუქეს მიწა, ზოგიერთ ნაკვეთს კი ყიდულობდნენ, იჯარით იღებდნენ ან კორტონში, ბონში, შამბოლში, ვოლნეში, ფიქსენში, პომარში, ვონსა და ნიუიში ცვლიდნენ... ერთი სიტყვით, მერსოდან სამხრეთით კოტ დ’ორის თითქმის ყოველ კომუნაში.

პირველი კანონები

1100 წლისთვის ბურგუნდიის ვენახები გავერანებული იყო. ისინი ჩრდილოეთ საფრანგეთის ფეშენებელური მიდამოების გარეთ მდებარეობდა და პროდუქცია მხოლოდ ადგილობრივ ბაზარზე გადიოდა.
მაშინ მათი პოტენციალის შესახებ არაფერი იყო ცნობილი. მაგრამ ცისტერნციანელები კოტ დ’ორის ვენახების დამუშავებას ღვთითბოძებულ მისიად განიხილავდნენ. ამბობდნენ, რომ საქმისადმი ერთგულებით სასოფლო-სამეურნეო შრომა მათ უმაღლესი ხელოვნების დონემდე აიყვანეს. ღვთისმოშიში, მაგრამ შეზღუდული სამუშაო ძალის მხარდაჭერის მიზნით ცისტერციანელებმა დაიქირავეს ბერმონაზონთა წოდების არმქონე და ყავისფერ ანაფორებში შემოსილი ასობით ერისკაცი და ძმა და მათ მევენახეობა შეასწავლეს. ამ ძმებმა განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს ბურგუნდიული ღვინის ხარისხში - მოგვიანებით სწორედ მათ მიერ რუდუნებით შემუშავებული მეთოდები გავრცელდა მთელ რაიონში.
საუკეთესო ვაზების ყურადღებით შესწავლით, დამყნობითა და მათზე ექსპერიმენტების ჩატარებით, ცისტერციანელები შეუდგნენ მიტოვებული ვენახების აღორძინებასა და ახლის გაშენებას. ისინი მაქსიმალური გულმოდგინებით ეკიდებოდნენ მეღვინეობას, რაც პირველ რიგში ღვინის დაკვირვებულ დეგუსტირებაში გამოიხატებოდა.
მეღვინეობის უდიდეს შენაძენად იქცა მათ მიერ შემუშავებული "კრიუს" კონცეფცია. ვენახის ერთგვაროვან ნაკვეთზე იზრდებოდა წლების განმავლობაში ხარისხითა და არომატით იდენტური მოსავლის მომცემი ვაზები. ცისტერციანელებმა ისიც გამოარკვიეს, რომ მიღებული ღვინის ფერში, სხეულიანობაში, "დრეკადობასა" და სხვა თვისებებში განსხვავება მუდმივ სიდიდეებს წარმოადგენდა და ნაკვეთზე არ იყო დამოკიდებული.
ისინი სხვადასხვა ნაკვეთებში მოგროვილი ყურძნისგან მცირე რაოდენობის ღვინოს ამზადებდნენ და მათთვის ხელმისაწვდომი დესეტინიდან მიღებული ნიმუშების შედეგებს უდარებდნენ ერთმანეთს. ასე რომ, სწორედ ბერებმა დაიწყეს მიწის რესურსების სურათის ფორმირება, ანუ იმაზე დაკვირვება, თუ რომელ ნაკვეთებზე მოდიოდა უფრო არომატული ღვინოები, რომელზე უფრო ხამი და მაგარი, რომელი მეტად ზარალდებოდა ყინვებისგან და რომლიდან უნდა დაეკრიფათ უფრო ადრე მოსავალი. ერთი სიტყვით, ეს იყო მთელი ბანკი, რომელშიც თავმოყრილი იყო ინფორმაცია მევენახეობის შესახებ. შემდეგ ცისტერციანელებმა დაიწყეს რუკაზე ხაზების გავლება და გალავნებიც კი შემოავლეს იმ მინდვრებს, რომლებშიც რეგულარულად კრეფდნენ ნაცნობი არომატების მომცემ ყურძენს.
ადგილის არჩევანში მათ უდავოდ გაუმართლათ. საფრანგეთში ყველგან როდი იპოვით ისეთი თავისებურებების მქონე რაიონს, როგორიც კოტ დ’ორია. მისი აღმოსავლეთისკენ მიმართული და მდინარე საონის ხეობაში გადაჭიმული დამრეცი გორაკების გრძელი მწკრივი რთულ გეოლოგიურ ნარღვევს წარმოადგენს, რომლის გაყოლებაზე 100-200 მეტრის მანძილზე ვერტიკალურად "მოცოცავს" მიწის ზედაპირის უზარმაზარი მონაკვეთი. ამის შედეგი იყო სწორედ სხვადასხვა პერიოდის შიშველი კლდოვანი ქანებისგან შემდგარი ეროზიისადმი მიდრეკილების მქონე და ერთმანეთში ისე შერეული შრეების "ღვეზელის" წარმოქმნა, რომ ნიადაგის მონაკვეთის მდებარეობის მიხედვით იგი მიწისა და ქვენიადაგის ცვალებად კოქტეილს წარმოადგენდა. ერთმა თანამედროვე ბურგუნდიელმა მეღვინე ქალბატონმა თქვა, რომ მას გულწრფელად სჯერა, თითქოს ცისტერციანელები ნამდვილად უსინჯავდნენ ნიადაგს გემოს. ისინი უკიდურესად გამჭრიახი იყვნენ მიწის თვისებებისა და მათი ცვლილებების შეცნობაში. დიჟონის უნივერსიტეტის გეოლოგიის პროფესორი კი მეღვინე ბერებს ისე აღგვიწერს, როგორც გეოლოგებს, რომლებიც თავიანთ ცხვირსა და სასას იმისათვის იყენებდნენ, რათა შეეგრძნოთ ამ რაიონის ნიადაგი და ქვენიადაგის სტრუქტურა.
ცისტერციანელების ოსტატობის ხარისხი მათივე წარმატებით იზომება. ბერებმა ბიძგი მისცეს პროცესს, რომლის შესაბამისად ცნება "კლიმა" (ვენახისთვის განსაკუთრებული წესით შერქმეული სახელი) აღნიშნავდა ღვინის განსაზღვრულ ჯიშსა და ღირებულებას. სხვა ეკლესია-მონასტრები დაყოვნებლივ შეუდგნენ ამ აღმოჩენით სარგებლობას. სიტყვა "კლო" აღნიშნავს ვაზის კუთვნილებას კონკრეტული პატრონისთვის. სახნავი მიწისთვის ანალოგიურ განსაზღვრებას წარმოადგენს "კუტიური".
მაგრამ არა მხოლოდ ბერების ძმობას შეეძლო დაეკვეხნა წარმატებებითა და ახალი მიწების შეძენით. ცისტერციანელმა მონაზონმა ქალებმა ნოტრ-დამ დე ტარიდან, ჟენლიში, დაარსეს კლო დე ტარის მონასტერი, რომელიც წარმოადგენდა უკეთესი ხვედრის ან, პირდაპირ რომ ვთქვათ, უკეთესი ღვინის ძიებაში დიჟონში გადასული ეპისკოსის მიერ მიტოვებული ლანგრეს ეკლესიის ფილიალს. დები ასევე ფლობდნენ კლო დიუ შაპიტრს და თავიანთ მონასტერს მშობლიური სააბატო ბეზის პატივისაცემად, რომელიც ქვემოთ, მდინარე საონის დინების მიმართულებით მდებარეობდა, კლო დე ბეზი დაარქვეს.
ეკლესიამ ოტიუნიდან შექმნა "კლო" კორტონეში. სენ-დენის სამლოცველო ვერჟიში ფლობდა კლო სენ-დენის. სამრევლო ეკლესია სანტენეში კლო სენ-ჟანს, ხოლო კლიუნში ჟევრე-შამბერტენის უმეტესი ნაწილის მფლობელმა სააბატომ იქ პრაქტიკულად მთელი ციხე-სიმაგრე ააშენა, რათა ხაზი გაესვა ნაკვეთზე თავისი მფლობელობისთვის. კლო პრიორი და კომბ-ო-მუანი წორედ ამის დადასტურებაა.
აღნიშნულმა პროცესმა განაპირობა კოტ დ’ორის რაიონის ასობით ცალკეულ კლიმატურ მონაკვეთებად დაყოფა. მაგრამ ამაზე განმარტებას მხოლოდ რამდენიმე სახელწოდება თუ იძლევა. მაშ საიდანღა წამოვიდა ისეთი სახელები, როგორიცაა მონრაშე, ლა პერიერი ან ლა რომანე? უმრავლეს შემთხვევაში ეს დასახელებები აღნიშნავს იმას, რასაც ფრანგული ტერმინი "ლიო-დი" (lieux-dits), რომელიც არ ითარგმნება, ანუ "ადგილი სახელწოდებებით", რომლებსაც შეუძლია მათ თავისებურებებზე მითითება - ქვიანობაზე (ლა პერიერი), შიშველ გორაკზე (მონრაშე), ან ლა რომანეზე - გადმოცემის თანახმად ამ ნაკვეთზე ადრე თითქოს რომაელების ვენახი ყოფილა გაშენებული. ცისტერციანელების მოსვლით მსგავსმა მეტყველმა სახელწოდებებმა მევენახეებს გარკვეული იდეა მიაწოდა და სათავე დაუდო მეღვინეობის ტერმინების ლექსიკონს.
კოტ დ’ორის მიწების კულტივაციაში ეკლესიის უზარმაზარმა წარმატებამ მოახდინა სხვადასხვა საპასუხო ემოციების პროვოცირება. პირველი რეაქცია, ბუნებრივია, ეჭვიანობა იყო. ბურგუნდიის ჰერცოგი ჰიუგო IV განსაკუთრებით იყო გაღიზიანებული ბენედიქტიანელთა აუტანელი თვითკმაყოფილებით (უფრო ადრე, წმ. ბერნარი მათ ისეთ ადამიანებად აღწერდა, რომლებიც მაგიდიდან ღვინისგან დაბერილი ძარღვებითა და გაბრუებული თავებით დგებოდნენ"). "ეს დასი, - თქვა ჰერცოგმა, - მდიდრდება თავად-აზნაურთა ხარჯზე. დროა უკვე ვიხილოთ მათ მიერ ჩადენილი რომელიმე სასწაული, რომლითაც უკანასკნელ ხანებში, როგორც ჩანს, გაღატაკდა დედამიწა".
ეკლესია მრავალი მიზეზით მდიდრდებოდა, შრომისმოყვარეობა და საქმის გონივრულად წარმოება ერთადერთი არ იყო. ძირითადი შევსება ჯვაროსნულმა ლაშქრობებმა მოიტანა. 1096 და 1290 წლებს შორის ერთმანეთის მიყოლებით ჯვაროსანთა რვა თაობა გაემგზავრა წმინდა მიწაზე. ამ გზაზე მიმავალ ყველა რაინდს ერთი და იგივე საზრუნავი ჰქონდა: შეჩვენებისგან სულის დაზღვევა იმ შემთხვევისთვის, თუ იგი სახლიდან მოშორებით დაიღუპებოდა. პოტენციური ცოდვილები ინდულგენციებს ყიდულობდნენ, მსხვილ დაბანდებებს აკეთებდნენ და მონასტრებს თვალუწვდენელ მიწის ნაკვეთებს ჩუქნიდნენ. არავინ იცის, სინამდვილეში მიწის რა რაოდენობას ფლობდა სიტო თავისი აყვავების ხანაში. მისმა სიმდიდრემ კლება იწყო XV საუკუნეში. ხოლო საფრანგეთის რევოლუციის დროს სააბატოს მიწები 25 000 აკრამდე (10 125 ჰა) შემცირდა.
შესაძლოა, ბურგუნდიისა და ცისტერციანელების ბედზე გავლენის მომხდენი უმთავრესი ფაქტორი იყო 1308 წელს რომთან წაკიდება, როდესაც პაპმა კლიმენტი V-მ (ბორდოს ყოფილმა არქიეპისკოპოსმა, ბერტრან დე გომ) დაამყარა კონკურირებადი პაპის ხელისუფლება ავინიონში. ავინიონის პაპობა 70 წელი გრძელდებოდა და, როგორც ზოგიერთები ამბობენ, იგი ბურგუნდიული ღვინის სიმტკიცეზე იდგა. ავინიონიელი პაპები იმდენად დიდ სიამოვნებას პოულობდნენ ღვინოში, რომელიც ბონის სახელითაა ცნობილი, რომ 1364 წელს ურბან V-მ გამოსცა პაპის ბულა, რომელიც სიტოს მონასტრის წინამძღოლს უკრძალავდა რომში ნებისმიერი რაოდენობის ღვინის გაგზავნას ეკლესიიდან განკვეთის მუქარით. მათი უწმინდესობა ასევე პოულობდა ნუგეშს ვენახებში, რომლებიც გადაჭიმული იყო ქვიან ნიადაგზე ავინიონის ჩრდილოეთით.
ეს იყო ბურგუნდიის დიდების საუკუნე, და გარკვეული დროის განმავლობაში "ბონის" ღვინო მსოფლიოში ყველაზე ცნობილი გახდა.
ფილიპ შეუპოვარმა დაჟინებული ყურადღება მიაპყრო ამ მთავარ ქონებრივ ფაქტორს. პაპობის წყალობით, ბონის რეპუტაცია უკვე იმდენად მაღალი იყო, რომ 1321 წელს ის გამოიყენეს კარლ IV-ის მეფედ კურთხევისას რეიმსის ტაძარში. ჰერცოგმა ბრწყინვალე სარეკლამო აქცია ჩაატარა. მან ინგლისსა და პაპს შორის ქალაქ ბრიუგეში ჩატარებულ კონფერენციაზე პროპაგანდა გაუწია წითელი ღვინის თვისებებს - თავის სტუმრებს განუსაზღვრელი რაოდენობის საფრანგეთის ნატიფი თეთრი ღვინო შესთავაზა, და შიგადაშიგ თუ მიართმევდა წითელ ბონს.
საქმე გაკეთებული იყო: თუ ასწლეულების განმავლობაში უპირატესობა თეთრ ღვინოებს ენიჭებოდა, ახლა მოდაში წითელი შემოვიდა.

ჰერცოგის წყევლა

ისეთი განსხვავებული წყაროების მიხედვით, როგორებიც ბურგუნდია და პარიზია, საფრანგეთის ჩრდილო-აღმოსავლეთში საუკეთესო ჯიშად მიიჩნეოდა ფრომენტო, ან ბორო, რომელიც დღეს პინო გრის სახელითაა ცნობილი, და რომელსაც ელზასში ელზასური ტოკაი ჰქვია. ეს მცენარე მკრთალ-წითელ მარცვლებს ისხამს. მისგან გამოდის თეთრი ან მონაცრისფრო წვენი, რომელიც გადამუშავდება ბრწინვალე სხეულიან და მკვრივ, მაგრამ არომატულ და დელიკატურ ღვინოდ. ბურგუნდიაში ზოგჯერ საუბრობდნენ ნუარენზეც, რომელმაც სახელწოდება ღვინის შავი ფერის წყალობით მიიღო.
ფილიპ შეუპოვარი სავსებით იყო დარწმუნებული იმაში, რომ ნუარენი აუცილებელი იყო მისი წითელი ბონის დასამზადებლად. 1375 წელს პირველად ჩნდება სახელწოდება პინო. მიჩნეულია, რომ ჰერცოგმა პირადად შეარჩია ნუარენის საუკეთესო ფორმა და მას ფიჭვის გირჩისგან (pomme de pin) მომდინარე სახელწოდება მისცა, რადგან პატარა მკვრივი მტევნები გირჩას ახსენებდა. უფრო სარწმუნოა, რომ თუკი ვინმე შეძლებდა ახალი ვაზებიდან საუკეთესოს შერჩევას, ეს მხოლოდ ცისტერციანელები იქნებოდნენ. ნებისმიერ შემთხვევაში, პინოს გამოყოფითა და მისი გამოჩენილი მუდმივი მეტოქის - გამეს ჯიშის კანონგარეშედ გამოცხადებით, ჰერცოგმა გადადგა პირველი და უმნიშვნელოვანესი ნაბიჯები აპელასიონების შექმნისკენ.
გამეს მოვლენა იდუმალებით მოცული და დიდებული იყო. იგი არსაიდან გამოჩნდა ან, რაც უფრო სარწმუნოა, დაახლოებით 1360 წელს, სოფელ გამეში (მდებარეობს ბონის სამხრეთით) ნუარენის მუტაციის წყალობით გამოიყვანეს. მევენახეებისთვის ეს სასწაულის ტოლფასი იყო. მათ იგი უფლის კომპენსაციად მიიღეს იმ დროს გამძვინვარებული შავი ჭირის სანაცვლოდ. გამე პინოსთან შედარებით ორი კვირით ადრე მწიფდებოდა, უფრო ყინვაგამძლე და საიმედო იყო, ხოლო იმდენად უხვ ნაყოფს ისხამდა, რომ მტევნებს ვაზზე შესამაგრებლად ცხაური სჭირდებოდა. ერთი ძირი გამეს ჯიშის ვაზი პინოს ერთ ძირთან შედარებით ოთხჯერ მეტ ღვინოს იძლეოდა. თანაც, მისგან მიღებული ღვინო უფრო მუქი და მაგარი იყო.
არისტოკრატიული ელეგანტურობა კი ამ ღვინოს ნამდვილად აკლდა, მსუბუქი ტექსტურა და მომხიბლავი არომატი, რომელიც მთელ მსოფლიოს აიძულებდა ბონის პროდუქტებს გამოკიდებოდა. თუმცა, ახალი ჯიშის პოპულარობამ ისე სწრაფად იწყო ზრდა, რომ ჰერცოგი განრისხდა. 1395 წლის ივლისში გამე კანონგარეშედ გამოცხადდა, ჰერცოგმა მას "ძალიან ცუდი და უკიდურესად ვერაგი მცენარე" უწოდა, რომლისგან მიღებული ღვინო არც სუფთა იყო და "ადამიანებისთვისაც ზიანი" მოჰქონდა. ყველა მცენარე უნდა განადგურდეს მომავალ აღდგომამდე, ამბობდა ის. იმავე ბრძანებაში მან დაგმო ნიადაგის ნეხვით განოყიერება და განაცხადა, რომ ეს მეთოდი ღვინოს ცუდ გემოსა და სუნს აძლევს. ამ ბრძანებას ქვეშევრდომები აღტაცებაში არ მოუყვანია. მისმა გამოყენებამ დაუყოვნებლივ გამოიწვია ღვინის უკმარისობა, ვაჭრობის მკვეთრი დაცემა და მოქალაქეთა გაკოტრება, რომლებმაც ფული ამ საოცარ მცენარეში ჩადეს. ისე არ უნდა ვიფიქროთ, თითქოს ამის შემდეგ მევენახეებმა მთელი გამე გაანადგურეს.
ფილიპ შეუპოვრის შვილიშვილი - ფილიპ ლამაზი 60 წლის შემდეგ კვლავაც აგრძელებდა გამეს წინააღმდეგ ბრძანებების გამოცემას. აკრძალული იყო ამ ღვინოების ბონში ჩატანა. "ახალგაზრდული ასაკიდან გამომდინარე, ისინი გამოუცდელ ადამიანებს თავიანთი სიტკბოთი აცდუნებენ", - იგულისხმებოდა, რომ მოგვიანებით ისინი იმედს გაუცრუებდნენ მათ. "ბურგუნდიის ჰერცოგები ცნობილი არიან ქრისტიანულ სამყაროში საუკეთესო ღვინოების პატრონებად. ჩვენ დავიცავთ ჩვენს რეპუტაციას" - ნათქვამი იყო ბრძანებაში.

შამპანის წინაპრები

ფრანგული ღვინოების წარმომავლობაზე საუბრისას შეუძლებელია ყურადღების გარეშე დავტოვოთ თანამედროვე მეღვინეობის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული რეგიონი - შამპანი. თუმცა, მთელი შუასაუკუნეების განმავლობაში ამ სახელს არაფერი ჰქონდა საერთო ღვინოსთან. რაიონი ცნობილი იყო ქსოვილების საერთაშორისო ბაზრობით, რომელიც თავს უყრიდა ვაჭრებს მთელი ევროპიდან. სენ-ბერნარის დიდ უღელტეხილზე ბაზრობაზე მიმავალი იმდენად ბევრი იტალიელი გადადიოდა, რომ მათ მოსათავსებლად დამატებითი მოსასვენებლების აშენება უწევდათ.
რეიმსისა და ეპერნეს რაიონის ღვინოები პირველად IX საუკუნეში მოიხსენიება, როდესაც მოხდა "მთის ღვინოებსა" ("მთაში" იგულისხმებოდა რეიმსი) და "მდინარის ღვინოებს" (მარნის სანაპიროებიდან) შორის განსხვავება. მარნის სანაპიროს თავზე იდგა ცნობილი ბენედიქტიანური სააბატო ოტვილე, რომლის მახლობლად მდებარე სოფელ ანის მცხოვრებნი საუკეთესო ვარდისფერი ღვინოების მწარმოებლებად ითვლებოდნენ; მოგვიანებით იმ მხარის ვენახებს საფრანგეთის მეფეებიც ფლობდნენ და ტიუდორთა ინგლისური სახლიც. საფრანგეთის მეფეების კურთხევისას (ხლოდვიგიდან დაწყებული) რეიმსის ღვინოების გამოყენებამ მათ განსაკუთრებული ნიშანი დაასვა, მაგრამ ბედმა ისე ინება, რომ ამ ღვინოებს ძირითადად სვამდნენ ვაჭრები, მოგზაურები და ძალიან ხშირად, რეიმსის გავლით მიმავალი ჯარისკაცები. XIV საუკუნის ბოლოს მოხდა ვენახების დიდი გაფართოება და დაიწყო საექსპორტო ვაჭრობა ფლანდრიასთან, ინგლისთან და, როგორც ჩანს, ბოჰემიასთან. ისტორიამ შემოინახა ფაქტი, თუ როგორ დათვრა ადგილობრივი ღვინით ამ უკანასკნელის მეფე ვენცესლავი 1397 წელს, როცა იგი რეიმსში ორი საპაპოს არსებობასთან დაკავშირებულ საბჭოს სტუმრობდა. ბურგუნდიის ორ საჰერცოგოს შორის მოქცეული შამპანის ადგილმდებარეობა XV საუკუნეში ხელს არ უწყობდა მის პროგრესს. კარგ დღეს არც შემდგომი რელიგიური ომები აყრიდა. შამპანი დიდების მწვერვალზე ასასვლელად XVII საუკუნის დადგომასა და ლუდოვიკო XIV მმართველობას უნდა დალოდებოდა.

რისლინგის სათავეები

ცისტერციანელთა იმ ათასობით მონასტრიდან, რომელთაც საკუთარი ვენახები ჰქონდათ, მხოლოდ ერთი შემორჩა ისტორიას ისეთივე ბრწყინვალებით, როგორც სიტო. ებერბახის სააბატო დაარსდა ექსპანსიის პირველ დიდ ერაში ცისტერციანელებისთვის მკაცრად ტიპურ ადგილას: ტყიან ველში რეინჰაუს გორაკებზე, მაინცის არქიეპისკოპოსის მიერ ორდენისთვის ნაჩუქარ მიწაზე. იგი დააარსა 1136 წელს წმინდა ბერნარის მიერ კლერვოდან გაგზავნილმა თორმეტმა ბერმა. საქმისადმი მათმა თავდადებამ და მეურნეობის ეფექტურად გაძღოლამ მოსალოდნელი შედეგი გამოიღო: დაარსების დღიდან 30 წლის შემდეგ იქ უკვე იყო სატელიტების მთელი დუჟინი, და ბოლოს და ბოლოს, ებერბახი გადაიქცა მონასტრების ქსელის ცენტრად, რომელიც რეიმსის გასწვრივ ვორმსსა და კიოლნს შორის მდებარე 200 პუნქტისგან შედგებოდა. XII-XIII საუკუნეების განმავლობაში ებერბახი მსოფლიოში უმსხვილესი მეღვინეობის საწარმო იყო.
ებერბახი ის ადგილია, სადაც ღირს ცისტერციანელთა სიდიადისა და, ამასთან ერთად, ასკეტიზმის ზეგავლენის შესაგრძნობად ჩასვლა. უზარმაზარი სააბატო ერთიანადაა შეყუჟული გორაკების ნაოჭებში და მონასტრების, ეკლესიების, საწნეხი პრესების სათავსების, დორტუარებისა და სარდაფების კომპლექსს წარმოადგენს. ნამდვილი შუასაუკუნეობრივი ატმოსფერო ისეთ შთაბეჭდილებას ქმნის, თითქოს ნებისმიერ მომენტში ჰიმნების სიმღერით შემოვა თეთრ ანაფორაში შემოსილი ფიგურების კოლონა და ყველაფერი კვლავ ამოძრავდებაო.
რა თქმა უნდა, არ შეიძლება კატეგორიულად განვაცხადოთ, რომ ყველაფერი ასეთი ჩამკვდარი იყო. დღეს სააბატო რეინჰაუს სახელმწიფოებრივი დომენის ცერემონიალურ შტაბ-ბინას წარმოადგენს, და თუმცა თავიანთ უზარმაზარ ყბებს უკვე აღარ აღებენ გიგანტური ხის პრესების რიგები, ირეალურ საბეჭდ დანადგარებს რომ გვახსენებენ, მაგრამ ვრცელი გოთიკური სარდაფები კვლავ ღვინითაა სავსე. ხოლო მონასტრის ზემოთ, გორაკზე, პირით რეინისკენ მდებარეობს კედლებით გარშემორტყმული კლო დე ვუჟო, სადაც ძველებურად ხარობს ბერების მიერ გამოყვანილი რისლინგის ჯიშის ყურძენი.
რეინჰაუ ის-ის იყო იწყებდა მეღვინეობის რაიონად ჩამოყალიბებას. თავდაპირველად, ბერები ალბათ ბურგუნდიულ ფრომენტოსა და ნუარენის ჯიშის ვაზს რგავდნენ.
ცისტერციანელები, როგორც ჩანს, გაოცებული იყვნენ ახალი ადგილიდან მიღებული ღვინის ხარისხით. თითქოს თვალწინ წარმოგვიდგება, თუ რა შინაარსის წერილებს წერდნენ ბურგუნდიელ ძმებს და სულ მალე როგორ მივიდნენ იმ სამწუხარო დასკვნამდე, რომ რაც არ უნდა გაეკეთებინათ რეინჰაუში, მათ ვერაფერი დაეხმარებოდათ ჩინებული წითელი ღვინის დამზადებაში. საუბარი მესისა და ჭამის დროს მისაღებ ღვინოზე რომ ყოფილიყო, ისინი იმის გაცნობიერებითაც კმაყოფილი იქნებოდნენ, რომ აკეთებენ "საუკეთესოდან მეორეს". მაგრამ ცისტერციანელები თხემით ტერფამდე მეწარმეები იყვნენ. არაფერს შეეძლო მათ სკივრში ფულის უფრო სწრაფად მოდენა, ვიდრე მაღალხარისხოვან ღვინოს. ისინი ყველაზე დამრეცი ფერდობების გამოყენებით შეეცადნენ თეთრ ყურძენთან მუშაობას და აღმოაჩინეს, რომ რეინჰაუ პირდაპირ თეთრი ღვინის დასამზადებლად იყო შექმნილი.
დღეს ამ რაიონის სახელწოდება რისლინგის სინონიმია. ზუსტად არავინ იცის, საიდან მოვიდა ეს ყურძენი და მართლა ცისტერციანელებმა აღმოაჩინეს თუ არა იგი. პირველი დოკუმენტური მტკიცებულება 1435 წელს განეკუთვნება და მასში მოხსენიებულია რეინჰაუს აღმოსავლეთით მდებარე მაინის რიუსელჰაიმის ოლქი. თუმცა, იქ ებერბახთან ირიბი კავშირიც არსებობს - რიუსელჰაიმის ციხე-სიმაგრე კატცნელენბოჰენელ გრაფებს ეკუთვნოდა, ხოლო მათი საოჯახო სარდაფი, რომელიც რაინდული ფუქსავატობის ტიპური გამოხატულება იყო, ებერბახის სააბატოს მთავარი ეკლესიის პირდაპირ მდებარეობდა.
რისლინგი იყო თუ არ იყო რისლინგი, ებერბახულმა ღვინომ მთელი რაიონისთვის დაადგინა სტანდარტები. სააბატომ ბევრი რამ გადაიტანა, მაგრამ მეღვინეობის ისტორიისთვის ყველაზე მნიშვნელოვნად მუდამ რჩებოდა ცისტერციანელთა მზადყოფნა ექსპერიმენტირებისთვის - მიწაში მუდმივი დაბანდებებით, ხანგრძლივ პერსპექტივაში საგნების დანახვის უნარით, ისინი ნელა, მაგრამ ერთგულად, ნაბიჯ-ნაბიჯ სწევდნენ წინ ისარს ღვინის ხარისხის შკალაზე.



© „მარანი“

Wednesday, 14 November 2007

საუკეთესო რისლინგი - ავსტრალიური?


ბრიტანეთის კონკურსზე International Wine & Spirits Competition (IWSC) სრულიად მოულოდნელად "საუკეთესო რისლინგის" კატეგორია მოიპოვა სამხრეთ ავსტრალიის ღვინომ - Mort’s Block Riesling 2006 (მწარმოებელი Kilikanoon-ი, Clare Valley-დან).
კომპანიის დამფუძნებელი კევინ მიტჩელი ამბობს, რომ, 2006 წელი ავსტრალიური რისლინგისთვის საუკეთესო გამოდგა და იმედს გამოთქვამს, რომ ეს კიდევ დიდხანს გაგრძელდება.
როგორც ცნობილია, რისლინგისთვის ჩრდილოეთის ზონა უფრო მისაღებია, რადგან თბილი კლიმატი ღვინოს სინაზესა და სინატიფეს უკარგავს. თუმცა ბოლო დროს წარმოდგენილმა ავსტრალიურმა ღვინოებმა გვიჩვენა, რომ მწვანე კონტინენტის გრილი რეგიონებიდან შესაძლებელია მეტად დამახასიათებელი, საუკეთესო ხარისხის რისლინგის მიღება.


© „მარანი“

ავსტრალიურ ღვინოებზე ფასები მატულობს


ავსტრალიის ღვინისა და ბრენდის კორპორაციის მიერ გამოქვეყნებული შარშანდელი მონაცემების თანახმად, ექსპორტირებული ღვინის ფასი წინა წლებთან შედარებით 9%-ით გაიზარდა. ასოციაციის თანამშრომლის ლაური სტენფორდის აზრით, ღვინის ფასმა ახლო მომავალში, შესაძლოა, კიდევ მოიმატოს: "ყველაფერი დამოკიდებულია 2008 წლის მოსავალზე. როგორი იქნება მოსავალი იანვარ-თებერვალ-მარტში, ჯერ ვერ ვიტყვით. მხოლოდ ის შემიძლია გითხრათ, რომ წლევანდელმა გვალვამ ძალიან იმოქმედა ყურძენზე, მაგრამ იმედი მაქვს, რომ ის აღარ გაგრძელდება".


© „მარანი“

Tuesday, 13 November 2007

გასაკაფი უნდა გაიკაფოს (?!)


რეზო გეთიაშვილი

კახეთში რთველი დამთავრდა. ბოლოს ჩალაუბნის, მანავისა და საგარეჯოს ზონებში დაკრიფეს ყურძენი. გარკვეულია ყოველწლიური კრიზისის დაძლევის საშუალებებიც - ფალსიფიკაციასთან ბრძოლა და ვენახის ფართობების შემცირება.

როგორც მოსალოდნელი იყო, ფასების გაზრდის იმედად გლეხებმა რთველი მეტისმეტად დააგვიანეს. თუმცა, ხელეფის დაკრეფით ყურძნის დაკრეფის პრობლემა ვერ მოგვარდა და გარკვეული რაოდენობა ვაზზე ჩამოლპა.
წლევანდელი ფასები ჯიშების მიხედვით ასეთი იყო: საფერავი - 50 თეთრი, მწვანე - 40 თეთრი, რქაწითელი - 28-35 თეთრი, ჰიბრიდები - 15-20 თეთრი. ეს მაჩვენებლები 2006 წლამდე არსებულ საბაზრო ფასებზე 50-400 %-ით ნაკლებია. ფასების ასეთი დინამიკის მიზეზები ძნელი დასადგენი არ არის - რუსული ემბარგო და ფალსიფიკაცია, რომელთან ბრძოლასაც დღემდე მხოლოდ კამპანიური ხასიათი აქვს. რაც შეეხება პროდუქციის სიჭარბეს, დაკარგული ბაზარი აღარ დაბრუნდება, ამიტომ პროდუქცია არსებულ ბაზარს უნდა მოერგოს. ამისთვის კი ერთად-ერთი გამოსავალი ვენახების გაკაფვაა.
ვაზის მიმართ ქართველი საზოგადოების საკრალური დამოკიდებულება კახელი მაღალჩინოსნებისთვის გაუგებარია. იმაში, რომ ყურძენიც შეიძლება გაიკაფოს, ლიბერალური ხელისუფლება განსაკუთრებულს ვერაფერს ხედავს. პირიქით, მათ საუბრებში გარკვეული წახალისებაც იგრძნობა.
"პრობლემებს სახელმწიფო ვერ გადაგიწყვეტს. თუ ყურძენი წამგებიანია, მაშინ ის აწარმოე, რაც მომგებიანი იქნება. რატომ ატმისა და საზამთროს ბაზარში არ ვერევით"? - კითხულობს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს შიდა კახეთის სოფლის მეურნეობის სამმართველოს უფროსი, ვასილ გერმანიშვილი. იგივე განწყობაა კახეთის სამხარეო ადმინისტრაციაშიც.
თემურ ლამაზოშვილი, პრეზიდენტის რწმუნებული მოადგილე: "სახელწიფომ ჯანსაღი კონკურენციის გარემო უნდა შექმნას. ამისთვის კი ორი მეთოდი არსებობს - რაც შეიძლება ნაკლებად ჩაერიოს ბაზარში და ებრძოლოს ფალსიფიკაციას. ვინც კონკურენციას ვერ გაუძლებს, კარგიც იქნება, თუ ისეთ დარგზე გადავა, რაც მეტ მოგებას და ოჯახის უკეთესად შენახვის საშუალებას მისცემს. ჩვენ ისეთი მიწა გვაქვს, რომ ვენახის სხვა კულტურებით შეცვლა შესაძლებელია. ვხედავთ, რომ იგივე მარწყვი, ატამი და საზამთრო დიდ შემოსავალს იძლევა. ამიტომ, გლეხმა თვითონ უნდა იფიქროს, რა კულტურას გააშენებს და სად გაყიდის. იმაში, რომ ვიღაცა კონკურენციას ვერ გაუძლებს, განსაკუთრებულ პრობლემას ვერ ვხედავ. გარანტიას გაძლევთ, რომ მამაჩემისნაირი გლეხი ვენახს არ გაკაფავს".
ხელისუფლების ეს დამოკიდებულება ლოგიკურიცაა და ველური კაპიტალიზმის თეორიასაც ზუსტად ერგება. ფასი მწარმოებელსა და კლიენტს შორის მოლაპარაკების საფუძველზე დგინდება და ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, მეურნეობას როგორ უძღვები. გლეხს თუ გაყიდვა არ უნდა, შესაბამისი ზომები უნდა მიიღოს და ღვინო თვითონვე დააყენოს. თუ ხარჯი შემოსავალზე მეტია, თვითონვე უნდა იფიქროს იმაზე, თუ როგორ შეიძლება თვითღირებულების შემცირება. დიდ მეურნეობებთან შედარებით გლეხს ის უპირატესობა აქვს, რომ საკუთარ სამუშაო ძალას იყენებს და მატერიალური დახარჯი ნაკლები აქვს. ასეა თუ ისე, მევენახეობა ნებაყოფლობითია და სახელმწიფოსგან უსასყიდლოდ გადაცემული ვენახების შენარჩუნებას არავის აიძულებენ. ვენახს თუნდაც საზამთროსთან შედარებით პრიორიტეტი არ გააჩნია.
თავისი ლოგიკა აქვთ მევენახეებსაც.
გოგია დარისპანაშვილი, კაჭრეთელი მევენახე, ისტორიკოსი: "დაუშვებელია, მევენახეობა-მეღვინეობა ქვეყნისთვის არაპერსპექტიულ დარგად განიხილებოდეს. ტრადიციებსა და კულტურას თავი რომ დავანებოთ, საქართველოს რეალურად ეს გააჩნია და მასზე მოსახლეობის დიდი ნაწილის კეთილდღეობაა დამყარებული. ამ დარგის პრიორიტეტულობაზე უარი არა მარტო ქართულ კულტურაზე მიყენებული დარტყმაა, ამით, უბრალოდ, აუთვისებელს ვხდით ჩვენი ტერიტორიის სოლიდურ ნაწილს. სოფლის მეურნეობაში ოდნავ მაინც ჩახედულებსაც ეცოდინებათ, რომ საზამთრო და ატამი ყველგან არ მოდის და იმ ადგილების დიდი ნაწილი, სადაც ვენახებია გაშენებული, მათი გაკაფვის შემდეგ გლეხისთვისაც და ქართული ეკონომიკისთვისაც მთლიანად გამოუყენებელი გახდება. ამდენად, თუ ვინმე საკუთარი ვენახის გაჩეხვით სხვას ემუქრება, ეს ლოგიკურიცაა. კახელ კაცს ვენახი თუ აღარ ექნება მოსავლელი, აღარც მისი ადგილი იქნება კახეთში".

ფალსიფიკაციასთან ბრძოლის დინამიკა

ქართული ღვინის ისტორია უკვე ქართული ფალსიფიკაციის ისტორიასაც მოიცავს. უკვე დიდი ხანია, რაც "ამ ღვთაებრივი სასმელის" დამზადება აღარანაირ ყურძენს აღარ საჭიროებს. ისეთი კომპონენტებისგან, როგორიცაა ჩვეულებრივი წყალი, საფუარი, საღებავი, ფხვნილები, ჟელატინები, ღვინის მჟავები და სხვა მისთანანი, "გურჯაანიც" მზადდება, "ქინძმარაულიც", "ხვანჭკარაც" და "ოჯალეშიც". შესაბამისად, ნამდვილი "გურჯაანი" და "ხვანჭკარაც" მუდმივ კრიზისშია და იმ ჯიშის ყურძნის წარმოებაც, რითიც ეს ღვინოები უნდა დამზადდეს. ხელისუფლება კი ფალსიფიკაციასთან ბრძოლას, როგორც წესი, რთვლის პერიოდში იწყებს.
ვასილ გერმანიშვილი, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო, შიდა კახეთის სოფლის მეურნეობის სამმართველოს უფროსი: "სამინისტრომ დაიწყო ბრძოლა ფალსიფიცირებული პროდუქციის წინააღმდეგ როგორც რესტორნებში, ასევე ბაზრებზე. ამისთვის უკვე არსებობს რეალური მექანიზმი - სამტრესტი ღვინოებს ყიდულობს და აკრედიტირებულ ლაბორატორიებში 15 მახასიათებლის მიხედვით ამოწმებს. ბოლოს და ბოლოს, შეიქმნა ფალსიფიკაციის გამოვლენის რეალური პრეცენდენტები. ჯარიმები საკმაოდ დიდია. გამოვლენის პირველ შემთხვევაში ფალსიფიკატორი 5 000 ლარით ჯარიმდება. კაცს რომ 1000 ლარის ბრუნვაც არა აქვს და ამხელა თანხას ახდევინებ, ფალსიფიკაციაზე აღარ იფიქრებს. ამას კამპანიური კი არა, მუდმივი ხასიათი ექნება და გლეხის ღვინოს რეალიზებადს გახდის".
ფსიქოლოგების აზრით, ადამიანი ყველაზე ადვილად იმას იჯერებს, რისი დაჯერებაც ძალიან უნდა. ფალსიფიკაციის აღკვეთის სურვილი მართალაც დიდია. სოფლის მეურნეობის სამინისტროს დღეგვანდელ შემადგენლობას ამ საქმეში წარმატება ვუსურვოთ, ჩვენ კი ყოფილი მინისტრებთან საუბრის ფრაგმენტებს გთავაზობთ, რაც გასულ წლებში ჩავწერეთ.
მიხეილ სვიმონიშვილი (2005 წელი): "საქართველოში ყოველწლიურად 100 მილიონი ლიტრი ღვინო ისმება. აქამდე შეიძლება ამ რაოდენობის წყალი და სპირტი ისმებოდა, მაგრამ მოცულობაში ეს ციფრი რეალურია. ბოლოს და ბოლოს, თუ საქართველოში ღვინოს ყურძნისგან დავამზადებთ და ასეთ ღვინოს დავლევთ, შეიძლება ყურძნის დეფიტიც კი გაჩნდეს. ჩვენი ყველა ქმედება, რაც ბოლო პერიოდში ფალსიფიკაციასთან ბრძოლის წინააღმდეგ განხორციელდა, რთვლისწინა პერიოდის ფრაგმენტული ღონისძიებები ნამდვილად არ იყო და მთელი წლის განმავლობაში გაგრძელდება. მომავალი წელს სამტრესტის გაზრდილი ბიუჯეტიდან გამოყოფილი სოლიდური თანხით სავაჭრო ქსელიდან თუ ქარხნებიდან ყოველთვიურად 2-3 ათას ნიმუშს შევამოწმებთ. ეს იქნება პერმანენტული პროცესი, რაც სიკეთეს მოუტანს როგორც გლეხს, ასევე კეთილსინდისიერ მეწარმეს".
დავით შერვაშიძე (2004 წელი): "ეს უკანასკნელი წელი იქნება, როცა ხალხს ყურძნის გაყიდვაზე პრობლემები გაუჩნდა. ჩვენს მიერ განხორციელებული რეფორმები არა მარტო ყურძნის რეალიზაციას, არამედ ყურძენზე ფასების ზრდასაც უზრუნველყოფს. ერთ-ერთი მთავარი მიმართულება ფალსიფიკაციასთან ბრძოლაა, რაც ყურძნის რეალიზაციის პრობლემას მთლიანად მოხსნის. ჩვენ ვცდილობთ, მეწარმეებს გავუადვილოთ პროცედურები, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ კონტროლის მექანიზმები შესუსტდება. ამ რეფორმას წესიერი მეღვინე ორივე ხელით უნდა მიესალმოს. ხოლო ვინც აქამდე ასხამდა რაღაცა სითხეს და არქმევდა "ხვანჭკარას", ეს იყო კრიმინალი და ამას მეღარავინ გაიმეორებს. სერიოზული პრობლემები შეექმნება არა მარტო კუსტარულ მწარმოებლებს, არამედ ბევრ დიდ ქარხანასაც. ყველაფერთან ერთად, დღის წესრიგში დადგება მათი გადაიარაღება".
სამწუხარო ფაქტია, რომ ჯერ-ჯერობით არც ტექსტები იცვლება და არც ქართული ღვინის შემადგენლობა. ამას კი ასი ათასობით ოჯახის მატერიალური მდგომარეობა ეწირება, რომელიც სახლ-კარის მიტოვებაზე თავს სწორედ ვენახის გამო იკავებს. დიდი შანსია, წლევანდელი რთვლის შემდეგ ბევრმა გეზი "ღვინის სამშობლოს დედაქალაქისკენ" აიღოს, სადაც ნორმალური ღვინის შოვნა სერიოზული პრობლემაა.

რატომ ცარიელდება სოფლები

ქართული საზოგადოება სულ რამდენიმე წელიწადში დარწმუნდა დამოუკიდებლობის "გარიჟრაჟზე" გაკეთებული განცხადებების სიყალბეში, თითქოს ქვეყანას, სხვა რომ არაფერი, მხოლოდ ღვინო და ჩაი შეინახავდა. კოლმეურნისგან გლეხის, გლეხისგან კი ფერმერის მიღება საკმაოდ ძნელი აღმოჩნდა. ქართული სოფლის კრიზისი წლიდან წლამდე ღრმავდება და რეგიონების დაცარიელება შეუქცევად ხასიათს იღებს.
რუსეთისთვის გათვლილ მასშტაბებს (სულ რამდენიმე წელიწადში სამჯერ-ოთხჯერ შემცირების მიუხედავად) ადგილობრივი ბაზარი აღარ ყოფნის. თვალსაჩინოებისთვის მევენახეობის სტატისტიკაც საკმარისია.
1990-იანი წლების ბოლოს საქართველოში ვენახების საერთო ფართობი 110-115 ათას ჰექტარს შეადგენდა. საბჭოთა მეურნეობების დაშლიდან რამდენიმე წლის შემდეგ ეს ციფრი 25 ათას ჰექტრამდე დავიდა. თუმცა, ბაზარი ვერც ამ რაოდენობისთვის მოიძებნა. წვრილ-წვრილი მეურნეობებიდან ყურძნის შესყიდვის სურვილი რუსული ემბარგოს შემდეგ მსხვილ კომპანიებსაც გაუქრათ. გლეხებს შემოსავლის ნაცვლად სოფლის მეურნეობის ჭარბი პროდუქტი შერჩათ, რომლის გადამუშავებისთვის აღარც ტრადიცია აქვთ და აღარც კომპეტენცია.
სოფლის კრიზისის მასშტაბების დადგენა მარტივი ვიზუალური დაკვირვებითაც შეიძლება. სასოფლო-სამეურნეო მიწების მოსავლიანობა კატასტროფულად ეცემა და მისი დამუშავებაც აზრს კარგავს. ხალხიც თანდათან ეგუება იმ აზრს, რომ "მიწას ხეირი არ მოაქვს" და დროა, სოფლიდან "გუდა-ნაბადი აიკრას". მიტოვებული და დაუმუშაველელი მიწების ფართობი 2007 წელს განსაკუთრებით გაიზარდა.
სოფლისთვის ჯერ-ჯერობით არც ხელისუფლებას სცალია. არაპრიორიტეტულია ინფრასტრუქტურისა თუ საწარმოო დაწესებულებების განვითარება, რაც მატერიალურ-ტექნიკური ბაზის სრულყოფას და თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვას გულისხმობს. ნაკლები ყურადღება ექცევა სოფლის მეურნეობის იმ სფეროებს, რომლებიც იმპორტის შემცვლელსა და საექსპორტო საქონელს აწარმოებენ. რეგიონების თავისებურებების გათვალისწინებით არ შემუშავებულა მიკრო-ფინანსური სქემები. საგარანტიო ფონდების შექმნისა და კომერციულ ბანკებში ჩამოყალიბებული წამახალისებელი სქემების მეშვეობით სახელმწიფო ვერ უზრუნველყოფს მოკლე და გრძელვადიანი სეზონური სესხების ხელმისაწვდომობას სასოფლო-სამეურნეო პროექტებისთვის.
სერიოზულ კრიზისშია საკვები პროდუქტების გადამამუშავებელი მრეწველობა. ხელი არ ეწყობა ფერმერებისა და ბიზნეს-ფირმების გასაღებისკენ მიმართულ თანამშრომლობას, პროდუქტების ადგილზე გადამუშავების შესაძლებლობების ამაღლებას, სოფლად დასაქმების ბაზრის გამრავალფეროვნებას. ყურადღება არ ექცევა მცირე და საშუალო მასშტაბის სასოფლო-სამეურნეო წარმოებების აღდგენას, რაც ადგილობრივ მოსახლეობას რეალური შემოსავლით უზრუნველყოფდა.
სოფლის მეურნეობის სექტორის განვითარების თვალსაზრისით მნიშნელოვანია მიწის რეფორმის დასრულებაც, რაც პრივატიზაციას და მიწის ბაზრის შექმნას გულისმობს.
თუკი აქამდე ვენახს სტიქიურად, უცოდინრობისა და უსახსრობის გამო კაფავდნენ, თანდათან ამ ტენდენციამ გამიზნული და გონივრული ხასიათი მიიღო. უბრალო სტატისტიკას თუ მოვიშველიებთ, ბოლო 20 წელიწადში ყოველი 5-დან 4 ვენახი უკვე გაიკაფა. წვრილ-წვრილი მეურნეობები არც მსხვილი კომპანიების ინტერესებში შედის და კონტროლის თვალსაზრისითაც ნაკლებად მიმზიდველია. თუკი ყველაფერს "ბაზარი დაარეგულირებს", თავის დროზე სახელმწიფოს მიერ სოფლის მოსახლეობისთვის უსასყიდლოდ გადაცემული საკოლმეურნეო ვენახები და შესაბამისად, კახეთის სოფლების გარკვეული ნაწილი უდავოდ განწირულია.


© „მარანი“

რუსულ ბაზარზე აფხაზურ ღვინოს მწვანე შუქი აუნთეს


ნათია მსხილაძე

აფხაზური ღვინო რუსულ ბაზარზე ოფიციალურად დაუშვეს. რუსეთის მთავარი სანიტარული ექიმის, გენადი ონიშჩენკოს განცხადებით, აფხაზური ღვინისა და კონიაკის თერთმეტივე ნიმუშს ექსპერტიზა ჩაუტარდა და დადებითი დასკვნა დაიწერა. აქედან გამომდინარე, რუსეთში აფხაზური ღვინის შეტანას დღეს არაფერი უშლის ხელს.
რამდენად უცნაურადაც არ უნდა ჟღერდეს, აფხაზეთში წარმოებული ღვინის ეტიკეტებზე რუსეთის სახელმწიფო სტანდარტის ნიშანი და შრტიხკოდია დატანილი. შესაბამისად, აფხაზური ღვინო რუსულ ბაზარზე თავისუფლად გაიყიდება. ღვინო "ფსოუს" ეტიკეტზე მითითებულია, რომ ის კომპანია "აფხაზეთის ღვინოები და წყლები" აფხაზეთში დაამზადა, ხოლო რუსეთში ღია ტიპის სააქციო საზოგადოებამ შეიტანა. იქვეა მითითებული ამ საზოგადოების მოსკოვის მისამართიც.
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განმარტებით, აფხაზური ღვინის რუსული შტრიხკოდით გაყიდა დარღვევაა, როგორც საქართველოს კოდექსისა, ისე საერთაშორისო ნორმატიული აქტების. "საბაჟო კოდექსის 5-ე მუხლით დადგენილია, რომ საბაჟო საზღვრები ემთხვევა სახელმწიფო საზღვარს. თუ აღიარებულია, რომ სახელმწიფო საზღვარი მოიცავს აფხაზეთსაც, შესაბამისად, აფხაზეთის პროდუქციასაც უნდა ჰქონდეს საქართველოს შტრიხკოდი. რა თქმა უნდა, თუკი აფხაზური ღვინო გაიყიდება რუსული შტრიხკოდით, ეს იქნება დარღვევა როგორც საქართველოს კოდექსისა და ისე საერთაშორიოს ნორმატიული აქტებისა," - აღნიშნა იურისტმა კახა კოჟორიძემ.
როგორც გავარკვიეთ, აფხაზური ღვინო რუსულ ბაზარზე უკვე რამოდენიმე თვეა შესულია. უფრო მეტიც, აფხაზური ღვინო აგვისტოს დასაწყისში გაძვირდა კიდეც. ღვინოები, ხარისხის მიხედვით, 27-დან 70 რუბლამდე ღირდა, პირველი აგვისტოდან კი მისი ფასი 300-დან 500 რუბლამდე მერყეობს. ღვინის გაძვირება აქციზური მარკების ღირებულების 10-ჯერ ზრდას და სოჭის ოლიმპიადისთვის მზადებას უკავშირდება. არადა აფხაზური ღვინოების გაყიდვა რუსულ ბაზარზე ქართულ ღვინოებთან ერთად, 2006 წლის ნოემბერში აიკრძალა.
"როსპოტრებნადზორის" ხელმძღვანელის, გენადი ონიშენკოს განცხადებით, რუსული მხარე მზადაა ქართული ღვინოების რუსეთის ბაზარზე დაბრუნების ქართული მხარის მიერ წამოყენებული წინადადებების განხილვა დაიწყოს, თუმცა ქართული ღვინოების ნიშა რუსეთის ბაზარზე უკვე დაკავებულია და ქართული ალკოჰოლური ნაწარმის უახლოეს მომავალში რუსეთის ბაზარზე დაბრუნების საკითხი ამ ეტაპზე არ განიხილება. ცოტა უცნაურად ჟღერს, როდესაც თვით ონიშენკო რუსულ ბაზარზე ქართული ღვინის ნიშის დაკარგვაზე საუბრობს, რადგან ქართული ღვინის აფხაზური ღვინით ჩანაცვლება არაადექვატურია. "აფხაზური მხარის მიერ წარმოდგენილმა 11 სახეობის ღვინომ წარმატებით გაიარა შემოწმება რუსეთის ლაბორატორიებში და დადებითი შედეგები აჩვენეს. ამიერიდან აფხაზეთისათვის რუსეთში ღვინის შემოტანის საკითხში შეზღუდვა არ არსებობს," - აცხადებს რუსეთის მთავარი სანიტარი.
მიუხედავად რუსეთის მიერ აფხაზური ღვინოებისათვის მიცემული დადებითი შედეგებისა, ოფიციალურად, აფხაზური ღვინო რუსეთის ბაზარზე 2008 წლამდე არ დაბრუნდება.
კომპანიის, "აფხაზეთის ღვინოები და წყლები" გენერალურმა დირექტორმა, კონსტანტინე აჩბამ რუსულ ბაზარზე აფხაზური ღვინის დაბრუნების თაობაზე მოსკოვთან მოლაპარაკებები, დაახლოებით, ერთი თვის წინ დაიწყო. ამავე კომპანიის გენერალური დირექტორის მოადგილე, ვალერი ავიძბა დარწმუნებულია, რომ აფხაზური ღვინოების ექსპორტი რუსეთის ბაზარზე 2008 წლის დასაწყისიდან წარმატებულად აღდგება. რა თქმა უნდა "აფხაზ მეღვინეებს" ამ პროცესის დაწყებამდე სერიოზული მოსამზადებელი სამუშაოები სჭირდებათ. "ამჯამად ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს დისტრიბუტორებთან, რომლებიც ჩვენს ბაზარს სწავლობენ. მათთვის აუცილებელია საერთო კონიუნქტურის ცოდნა, ვინაიდან სიტუაცია ბაზარზე მნიშვნელოვნადაა შეცვლილი," - აცხადებს ვალერი ავიძბა.
"აფხაზი მეღვინეების" მტკიცებით, აუცილებელია, რომ აქედანვე განისაზღვროს პროდუქციის ის მოცულობა, რასაც კომპანია საექსპორტოდ გაგზავნის. "დღეს არ გვაქვს პასუხი კითხვაზე, თუ რა რაოდენობით გავა აფხაზური ღვინო რუსეთის ბაზარზე,"- ანიღნიშნა "აფხაზმა მეღვინემ".
რუსი ექსპერტების მოსაზრებებით, აფხაზური ღვინის შემოსვლა რუსულ ბაზარზე სერიოზულ ცვლილებებს არ გამოიწვევს. "რუსულ ბაზარზე აფხაზური ღვინის წილი 2005 წლის აკრძალვამდე, 1% შეადგენდა. აფხაზური ღვინის ხარისხის მისამართით არანაირი პრეტენზია არ იყო, უბრალოდ მისი შემოტანა რუსულ ბაზარზე ქართულ ღვინოსთან ერთად აიკრძალა" - აღნიშნა ნაციონალური ალკოჰოლური ასოციაციის პრეზიდენტმა პაველ შაპკინმა.
რუსულ ბაზარზე, სანამ ღვინის იმპორტის აკრძალვა მოხდებოდა, ქართული და აფხაზური ღვინის არსებული სტატისტიკა ასე გამოიყურებოდა: ქართული ღვინო მინიმუმ 50 მილიონი ბოთლი შედიოდა, ხოლო აფხაზური ერთი მილიონი ბოთლი. აქედან გამომდინარე, რუს ექსპერტებს დიდი მოლოდინი არ აქვთ, რომ აფხაზური ღვინო დიდი რაოდენობით გამოჩნდება რუსულ ბაზარზე. "აფხაზებისთვის რუსულ ბაზარზე დაბრუნება, ერთ-ერთი სერიოზული ეკონომიკური წინსვლა იქნება. თუმცა სათანადო ადგილის დაკავებას ისინი ნამდვილად ვერ შეძლებენ" - აცხადებენ რუსი ექსპერტები.
"ვინც დალევს ღვინოს, რომელსაც აწერია, რომ აფხაზურია, თუმცა არ აწერია, რომ დამზადებულია საქართველოში, ის დანაშაულს ჩაიდენს" - ასე აფასებს ქართველი ღვინის ექსპერტი, შალვა ხეცურიანი აფხაზური ღვინის რუსულ ბაზარზე დაბრუნებას.
რაც შეეხება იურიდიულ მხარეს, შალვა ხეცურიანის თქმით, საბაჟოზე კომპიუტერულ პროგრამაში არ ფიგურირებს აფხაზეთი, როგორც ცალკე ქვეყანა. ამიტომ, მათ ორი ვარიანტი აქვთ: ღვინო უნდა გაატარონ ისე, როგორც საქართველოში ან რუსეთში წარმოებული. ფაქტია, რომ როგორც საქართველოში წარმოებულს, ვერ გაატარებენ, რადგან განბაჟებისას წითელი სტრიქონი ამოუვარდებათ. "არ არის გამორიცხული, რომ რუსული შტრიხ კოდის გამოჩენა აფხაზურ ღვინოზე პირდაპირ კავშირში იყოს. სხვა შემთხვევაში რუსეთი ვერ შეძლებდა აფხაზური ღვინის განბაჟებას"-აღნიშნა შალვა ხეცურიანმა.
ზოგადად, ქართველ ექსპერტს აფხაზურ ღვინოზე საუბარი არასერიოზულად მიაჩნია. "აფხაზეთში არის სოფელი ლიხნი, რომელიც ყურადღებას იმსახურებს და მასზე შეიძლება ითქვას, რომ საშუალო დონის აპელასიონია. დანარჩენი დასახელებები საშუალო დონემდეც ვერ აღწევენ. ძირითადად იქ მოდის იზაბელა (ადესა), რომელიც კანონმდებლობით აკრძალულია. ასევე, გავრცელებული ყურძნის ჯიშია "ცისქა", რომელიც ქართული დასავლური ჯიშია. აფხაზეთში წითელი ყურძენი პრაქტიკულად არ მოდის" - აცხადებს ქართველი ექსპერტი.
შალვა ხეცურიანის ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ რუსეთიდან, კერძოდ კი, ნოვოროსიისკიდან შემოტანილი ღვინის მასალა (სადაც ღვინის ძალიან დიდი ტერმინალია) აფხაზეთში შედის და ხდება ღვინის გაზავება. რეალურად კი, სოხუმში ერთი ქარხანაა, სადაც ღვინოს ასხამენ. “მინდა ხაზგასმით ავღნიშნო, რომ ასეთი ცნება, აფხაზი მეღვინეები, არ არსებობს. რუსული ღვინის ბაზარი აფხაზურმა ღვინომ, შეიძლება 0,000%-ით აითვისოს. აფხაზურ ღვინოზე ინტერესი დიდი პიარიდან გამომდინარე გაჩნდება. მისი ფასი, დაახლოებით 100-120 მანეთი იქნება, ანუ სადღაც 5 დოლარი, რაც ძალიან მაღალი ფასია აფხაზური ღვინისთვის. რა თქმა უნდა, დაბალფასიანიც იქნება, რომლის ღირებულება 60-70 მანეთი იქნება და გარანტიას გაძლევთ, რომ ნამდვილი ღვინის მსმელი აფხაზური ღვინის გასინჯვის შემდეგ ცხოვრებაში აღარ მიეკარება მას. ეს ყველაფერი, უბრალოდ პოლიტიკური სვლაა რუსეთის მხრიდან"- აცხადებს შალვა ხეცურიანი.
საქართველოს მეღვინეთა ასოციაციის პრეზიდენტი, ლევან კობერიძე მიიჩნევს, რომ აფხაზურ ღვინოს რუსულ ბაზარზე შესვლა ნამდვილად არ გაუჭირდება, თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ ცნება, აფხაზური ღვინო, არ არსებობს. "აფხაზური ღვინო - ეს სახელწოდება შესაძლოა პირობითად მივანიჭოთ. საქართველოში სულ ხუთი მევენახეობის რეგიონია, აქედან ერთ-ერთი შავი ზღვისპირეთია. აფხაზეთში იმთავითვე იწარმოებოდა ქართული ნახევრადტკბილი ღვინოები. იქიდან გამომდინარე, რომ მომხმარებლისთვის ეს ღვინოები ნაცნობია, ბაზარზე შესვლა არ გაუჭირდებათ" - აცხადებს საქართველოს მეღვინეთა ასოციაციის პრეზიდენტი.
ისევე, როგორც სხვა ქართველი ექსპერტები, ლევან კობერიძეც ეთანხმება იმ მოსაზრებას, რომ აფხაზური ღვინო, რომელიც ნაწარმოებია საქართველოში, უნდა გაიყიდოს ქართული შტრიხკოდით. "თუ რუსეთის მხარე თანახმაა, რომ აფხაზური ღვინო ბაზარზე რუსული შტრიხკოდით გაიყიდოს და რუსეთში ნაწარმოებ პროდუქტად ჩაითვალოს, მაშინ საქმე გვექნება პოლიტიზირებასთან. რუს კოლეგებს ამ საქციელს ნამდვილად ვერ მოვუწონებ. იმედს ვიტოვებ, რომ თუ საქართველოს ერთი რეგიონიდან დაუშვეს ღვინის ექსპორტი, ეს სხვა რეგიონებსაც შეეხება. წინაარმდეგ შემთხვევაში ამ ნაბიჯს განვიხილავ, როგორც პოლიტიკურ ნაბიჯს" - აღნიშნა ლევან კობერიძემ.
საქართველოს მეღვინეთა ასოციაციის პრეზიდენტი დარწმუნებულია,რომ აფხაზური ღვინო რუსული ბაზრის დიდ პროცენტს ვერ აითვისებს, თუ ხელოვნურ მანიპულაციებს არ ექნება ადგილი.
ზემოაღნიშნული ფაქტებიდან გამომდინარე, მართლაც ძნელი დასაჯერებელია, რომ ქართულმა ღვინომ რუსულ ბაზარზე თავისი ნიშა დაკარგა და რომ მის ადგილს აფხაზური ღვინო ჩაანაცვლებს.

© „მარანი“

Sunday, 11 November 2007

აპელასიონების აპელაცია




თანამედროვე მეღვინეობის ერთ-ერთ ყველაზე მწვავე საკითხად აპელასიონების ფრანგული სისტემა რჩება. ბოლო ათწლეულში მას ყველა მხრიდან უტევენ - ჟურნალისტები და ღვინის მწარმოებლები, ავსტრალიელები და თავად ფრანგებიც კი. და მაინც, ხომ არ იმსახურებს AOC მეტ პატივისცემას? ამ წერილში საკითხის სხვადასხვა ასპექტს წარმოგიდგენთ. ჟურნალ Wine-ს მიმომხილველები, ენდრიუ ჯეფფორდი და ჯონ რედფორდი საკუთარ მოსაზრებებს შემოგთავაზებენ. მაშ ასე, იარსებოს თუ არა აპელასიონებმა?
აპელასიონი - მკვეთრად განსაზღვრული ტერიტორია, რომლის შიგნით უნიკალური ეკოსისტემაა ჩამოყალიბებული (კლიმატი, ნიადაგი, ქარი, სინოტივე) და მხოლოდ ვაზის მკაცრად განსაზღვრული ჯიშები კულტივირდება. ყურძენიც მკაცრად განსაზღვრული ოდენობით იკრიფება (მოსავლის რაოდენობის მიუხედავად) და ღვინის წარმოებისას მკაცრ ტექნოლოგიურ პროცესს გადის. ღვინოს, რომელიც ყველა ამ მოთხოვნას პასუხობს, ანიჭებენ Appellation d`origine Controlee-ს, ანუ AOC-ს კლასიფიკაციას. ამ კატეგორიის ღვინოები საკმაოდ ძვირფასია. მათ წარმოებასა და გაყიდვას საფრანგეთის სახელმწიფო აკონტროლებს.

PRO

შეკითხვაზე, რა არის ყველაზე დიდი სასჯელი ადამიანისთვის, ნებისმიერი სფეროს წარმომადგენელი - მღვდელი იქნება, სოციალური მუშაკი თუ ძიძა, გიპასუხებთ: - სულიერი მარტოობა. პიროვნებას, რომელსაც არც მეგობარი ჰყავს და არც გულშემატკივარი, უკეთეს შემთხვევაში დეპრესია ელის, უარესში - შესაძლოა, თვითმკვლელობამდეც მივიდეს. ვითარება კიდევ უფრო მძაფრდება, თუ ჩვენი გმირი ოდესღაც ცნობილი და პოპულარული პერსონა იყო. სწორედ ასეთ მდგომარეობაშია დღეს კეთილი ბებერი AOC.
ავადმყოფის სრული სახელია Appellation d`origine Controlee. ათ წელიწადზე მეტია მას გამუდმებით დასცინიან ბრიტანელები, რომელთაც გასინჯეს სუპერმარკეტში ნაყიდი უგემური ბორდო AOC, აშმორებული Bourgogne, Vouvray, რომელსაც გოგირდის გემო დაჰკრავდა და დაასკვნეს, რომ აპელასიონების სისტემამ თავისი დრო მოჭამა.
სხვადასხვა დროს ბევრი კრიტიკოსი მოითხოვდა ღვინის იმ კანონების გადახედვას, რომლებიც ვაზის ჯიშებს ეხება. შარდონე ან რუსანი ბორდოში? - რატომაც არა? ამასობაში კი ახალი სამყაროს ღვინის მწარმოებლები საფრანგეთის დამარცხებას ზეიმობდნენ და საკუთარი მოქნილი ტექნოლოგიებით ამაყობდნენ.
გრეჰემ კრენსვიკ-სმიტი კრენსვიკის მამულიდან ახალს არაფერს ამბობს, როცა ამტკიცებს, რომ საფრანგეთს, ისევე, როგორც ევროპის სხვა სახელმწიფოებს, თავისი არქაული სისტემით, შუასაუკუნეობრივი რეგულაციებით, უფხო წვრილი მეწარმეებითა და ბრენდების უქონლობით ხელ-ფეხი აქვს შეკრული. მისი თქმით, ავსტრალიას საფრანგეთზე გაცილებით უკეთესი ღვინის წარმოება შეუძლია. "ჩვენ გვაქვს უმკაცრესი საექსპორტო კანონები, ჭკვიანური რეგიონული კლასიფიკაცია და "ლეიბლის" დაცვის პროგრამა. ეს ნიშნავს, რომ საუკეთესო პროდუქტის შესაქმნელად მეღვინეებს შეუძლიათ, სურვილის მიხედვით შეურიონ ყურძნის ჯიშები და რეგიონები. პირადად მე ეჭვი მეპარება, მაგრამ, შესაძლოა, ფრანგებმა ოდესმე მადლობა გადაგვიხადონ იმისათვის, რომ XXI საუკუნეში ჩვენ ღვინის გაყიდვების ამოქაჩვა შევძელით," - ამბობს იგი.
ეს განცხადება, შესაძლოა, ავსტრალიური აგრესიულობის ყველაზე უტაქტო და უხეშ გამოვლინებად მიგვეჩნია, რომ არა ის ფაქტი, რომ AOC –ს ბევრი ცნობილი ფრანგი მეღვინეც აკრიტიკებს. თუმცა, არაერთი ნაკლის მიუხედავად, აპელასიონებს ბევრი მომხრე ჰყავს.

ძირითადი პრინციპები

მთავარი, რის გამოც ამ სისტემას კბილებით იცავენ - იგი მაქსიმალურად უფრთხილდება ყველაფერ საუკეთესოსა და ღირებულს ღვინის სფეროში. თუმცა აპელასიონებს, ისევე როგორც ბევრ სხვა იურიდიულ სისტემას, მუდმივად სჭირდება განახლება. სამწუხაროდ, ეს პროცესი ხანგრძლივად და მძიმედ მიმდინარეობს, აპელასიონების ძირითადი პრინციპები ბრდღვნად ნამდვილად ღირს.
მათგან ყველაზე მთავარი კონკრეტული სახელწოდების საერთო საკუთრებაში ფლობის პრინციპია. იშვიათი გამონაკლისის გარდა, ერთ პიროვნებას უფლება არა აქვს, ფლობდეს და მხოლოდ პირადი მიზნებისთვის გამოიყენოს ცნობილი სახელი. იგი მშვენივრად თანაარსებობს სხვა დასახელებებთან, უსვამს რა ხაზს მათ შორის არსებულ განსხვავებას.
ამ თვალსაზრისით AOC ბრენდის, როგორც წარმონაქმნის, სრულიად საპირისპირო მოვლენაა. ეს უკანასკნელი აუცილებლად კერძო მფლობელობაში მოიაზრება და გათვლილია ფინანსურ მოგებასა და კონკურენტების დამარცხებაზე.
ის, რომ AOC რამდენიმე მწარმოებლის საერთო საკუთრების უფლებაა, ამ ორგანიზაციას მშვენიერ ანტიმონოპოლიურ იარაღად აქცევს, რომელიც მის წევრებს თავისუფალი ბაზრის სასტიკი და დამანგრეველი გამოვლინებისგან იცავს. როგორ? -AOC წვრილ მეწარმეებს ერთი დროშის ქვეშ გაერთიანებას სთავაზობს. სხვანაირად ისინი ვერ შეძლებენ, ფეხი მოიკიდონ საშინაო და, მით უმეტეს, საგარეო ბაზარზე.
საფრანგეთში არ არის არც Gallo და არც Southcorp-Rosemount და ამისათვის მადლობა სწორედ აპელასიონების სისტემას ეკუთვნის. უნდა აღინიშნოს, რომ AOC მხოლოდ მცირე მეწარმეებს კი არ იცავს, არამედ ვაზის ნაკლებად ცნობილ ჯიშებსა და წარმოების მეთოდებსაც. იარსებებდა vin jaune ან vin de paille AOC-ის გარეშე? მოიპოვებდა დღევანდელ პოპულარობას ბანდოლაში - მურვედრი, მადირანში - ტანა, Vic-Bilh-ში კი პტი მანსენი? გასინჯეთ დიდებული Bandol - Domains Bunan-ისგან, Madiran - Chateu d`Aydie-ის ან Brumont- ის, ან Jurancon - Domain Ramontue-სგან და AOC -ის მიმართ უფრო თბილად განეწყობით.
სისტემის საფუძველი, როგორც ცნობილია, ტერუარის შესახებ წარმოდგენას ეფუძნება. AOC-ის თანახმად, ღვინის გემო არც ყურძნის ჯიშზე უნდა მიანიშნებდეს და არც მისი დაყენების ტექნოლოგიაზე; ღვინის არომატიც და გემოც, პირველ რიგში, იმ ნიადაგის ტერუარის თავისებურებას უნდა ასახავდეს, სადაც იგი გაჩნდა. ეს კი საკმაოდ რთული პროცესია და ბევრი მნიშვნელოვანი ფაქტორის ერთიანობას ეფუძნება, მათ შორისაა, გეოგრაფია, ტოპოგრაფია, ადგილობრივი ამინდის თავისებურებანი, ვაზის ტრადიციული ჯიშები და ყველაზე ნაკლებად - ღვინის წარმოების ადგილობრივი პრაქტიკა.
ღვინოს ერთი უცნური თვისება აქვს. იგი ნებისმიერ სასოფლო-სამეურნეო პროდუქტზე მეტად "ისრუტავს" იმ ნიადაგის თვისებებს, რომელზეც შეიქმნა, ამიტომ ნიადაგს "ღვინის სიმართლესაც" უწოდებენ. სამწუხაროდ, AOC-ის ღვინოების უმეტესობა არც ისე მაღალი ხარისხისაა, რომ გამოკვეთილად ასახონ მშობელი მიწის თავისებურებანი. ამის მიუხედავად, AOC-ის გარეშე ტერუარის შესახებ ჩვენი წარმოდგენა გაცილებით მწირი იქნებოდა.

კეთილშობილური მისია

AOC-ის კრიტიკას უმეტესწილად მისი მისიის გაურკვევლობა განაპირობებს. კონკრეტულად, რას აკონტროლებს იგი? პასუხი ასეთია: Appelation d`origine. ეს არ არის Appellation de qualite garantie. AOC -ის ღვინოების ხარისხის კრიტიკა ნიშნავს საბაზო ფრანგულ ღვინოთა სტანდარტების კრიტიკას, თუმცა, ეს ღვინოები არ მიეკუთვნება იმ სისტემას, რომელიც ორიგინალობას აკონტროლებს.
AOC -ის კრიტიკა ნიშნავს იმასაც, რომ არ გვესმის მეღვინეობის სტრუქტურული მნიშვნელობა და როლი ფრანგულ ეკონომიკაში. ციფრები გვიჩვენებს, რომ ამ სფეროში მოღვაწე ადამიანთა უმეტესობა უკვე შემდგარი პროფესიონალები ან გამდიდრების მსურველი საქმოსნები კი არა, ჩვეულებრივი გლეხები არიან. ისინი მცირე რაოდენობით მიწებს ფლობენ, საწყის ეტაპზე არც ამ საქმიანობისათვის აუცილებელი უნარები გააჩნიათ, არც განსაკუთრებული შემოსავალი და, მით უმეტეს, არც მეღვინეობით გამდიდრების იმედი. მაგალითად, ლანგედოკის მსგავს ოლქებში მეღვინეობა იმ პიროვნებათა ხვედრი იყო, რომლებიც სხვა სფეროებში ვერაფერს აღწევდნენ. ძალიან ხშირად ღვინო და ვენახი სუსტების უკანასკნელი ნავსაყუდელია. AOC-ის სისტემა იმისთვის არსებობს, რომ დაეხმაროს ადამიანებს სტაბილური მეღვინეობის საწარმოებლად, რაც ღვინის ხარისხის გაუმჯობესებასაც შეუწყობს ხელს.

Contra

ალბათ, გსმენიათ, რომ ბრიტანეთისთვის ღვინის ძირითადი მიმწოდებლის რანგში ავსტრალია საცაა გაუსწრებს საფრანგეთს. ბოლო დროს ევროპაში (განსაკუთრებით, საფრანგეთში) ხშირად გამოთქვამენ უკმაყოფილებას იმის გამო, რომ მეღვინეობის ცნობილ რეგიონებში ხარისხიან ღვინოებზე Quality Wine (QW) კონტროლი განვითარების საშუალებას ზღუდავს და სხვა ქვეყნების ნოვატორულ ღვინოებს მათი ნაწარმის განდევნაში უწყობს ხელს. მსოფლიოში უმსხვილესი ღვინის გამოფენის Vinexpo-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, რობერტ რეინმა განაცხადა, რომ საფრანგეთმა უნდა შეასუსტოს თავისი წარმოების სისტემა, თუ უნდა, რომ ავსტრალიურ ან ჩინურ ანალოგებს შეებრძოლოს.
ეს პარადოქსული იდეა საფრანგეთის ღვინისა და სპირტიანი სასმელების ექსპორტიორთა ფედერაციის თავმჯდომარემ, ბერტრან დევიიარმაც აიტაცა. საქმე ისაა, რომ 2001 წელს ფრანგული ღვინის ექსპორტი 5%-ით შემცირდა, რის გამოც დევიიარმა კოლეგებს ღვინის კონტროლის, გაყიდვისა და მართვის სისტემის საფუძვლიანი გადახედვისკენ მოუწოდა. "თუ შეჯიბრი გინდათ, ბაზარზე ცხრაპირ ტყავში გაძრომაც უნდა შეძლოთ. ნუ დაუშვებთ, რომ ბიუროკრატიამ სუნთქვის საშუალება მოგისპოთ," - მიიჩნევს იგი.

AOC, DOC თუ QW?

არ ღირს იმის დავიწყება, რომ თანამედროვე სისტემაში ყველაზე კარგად თავს საერთაშორისო რეპუტაციის მქონე მსხვილი მამულები გრძნობს. ვერავინ შეგეკამათებათ, თუ იტყვით, რომ Chateau Lafite-Rothschild, Domaine de la Romanee-Conti და მსგავსნი მათნი წინათ გაყიდვებისთვის ნამდვილად არ იბრძოდნენ. მაგრამ არსებობს მეორე მხარეც - "კლუბი QW", რომელიც ამბიციური, "მიმწოლი" ღვინის მწარმოებლების საყრდენს წარმოადგენს. უბედურება ისაა, რომ ამ უკანასკნელთ ხშირად სწორედ მაშინ აკვეცენ ფრთებს, როდესაც წარმატება ძალიან ახლოსაა. "ახალი იდეები? ექსპერიმენტული მეთოდები? გვაპატიეთ, მუსიე, მაგრამ ეს არღვევს წესებს..." - პასუხობენ მათ ბიუროკრატები.
რასაკვირველია, არსებობენ ინდივიდუალისტები - მეღვინეები, რომლებიც ყურადღებას არ აქცევენ ბიუროკრატთა მოსაზრებებს, ღვინოს საკუთარი გემოვნებით აყენებენ და თავიანთი სამარკო ნიშნით ყიდიან. მაგალითად, კატალონიელი მიგელ ტორესი მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ და სახელგანთქმულ საწარმოს ფლობდა და ათეულობით ქვეყანაში გაჰქონდა თავისი ღვინო, სანამ არ აიძულეს, ეტიკეტზე მიეთითებინა DOC ოლქი - Penedes. კიდევ ერთი მაგალითია კაბერნეს საფუძველზე შექმნილი იტალიური სუპერტოსკანური ღვინოები, რომელთაც ნება არ დართეს ეტიკეტზე DOC სახელწოდება მიეთითებინათ. მიზეზი - ეს ჯიში ამ რეგიონისთვის ტიპური არ არის. მათი შესანიშნავი ღვინოები, მართალია, ძალიან მაღალ ფასად იყიდება, მაგრამ "სუფრის ღვინოების" კლასიფიკაციაში გადის.
სხვაგვარად რომ ვთქვათ, ბიუროკრატია ყოველთვის არ არის მართალი. ის ფაქტი, რომ ღვინოს აქვს Apellation, Denominacion ან Denominazione, ყოველთვის არ ნიშნავს, რომ იგი უფრო მეტად ხარისხიანი ან ძვირფასია, ვიდრე ინდივიდუალისტის მიერ იმავე ოლქში წარმოებული ღვინო.
1987 წელს საფრანგეთი გარკვეულწილად შეეხო ამ საკითხს, როდესაც შექმნა Vin de Pays d`Oc ქვეყნის სამხრეთ ნაწილში. მეთოდმა გაამართლა - ამ კატეგორიამ ნოვატორებს თვითგამოხატვის საკმაოდ დიდი შესაძლებლობა მისცა. დღესდღეობით, 15 წლის შემდეგ, Vin de Pays d`Oc სამხრეთულ ღვინოებს შორის ერთ-ერთ საუკეთესოდ და, ამასთან, კომერციულად მომგებიანადაც ითვლება. ამაში იოლად დარწმუნდებით, თუ ნებისმიერ ბარს ან სუპერმარკეტს ეწვევით. ასეთი წარმატება შეუმჩნეველი არ დარჩენილა. ესპანელები, მაგალითად, ინტერესით აკვირდებოდნენ თავიანთი ფრანგი კოლეგების საქმიანობას.

ესპანური DOCუმენტაცია

1978 წელს ესპანეთის კონსტიტუციამ ქვეყანა 17 ავტონომიურ ოლქად დაყო. თითოეულს თავისი დამოუკიდებელი მმართველობა ჰყავდა, რომელიც სრულად აკონტროლებდა ოლქის ტერიტორიაზე მიმდინარე ყველა პროცესს. სოფლის მეურნეობა, მაგალითად, მთლიანად ექვემდებარებოდა რაიონულ მმართველობას, რომელსაც, თავის მხრივ, შეეძლო ფერმერთა ინტერესების გათვალისწინებით შეექმნა ან შეეცვალა კანონები. ამ პროცესების დამკვიდრებას გარკვეული პერიოდი დასჭირდა, თუმცა, ამჟამად რაიონულ ადმინისტრაციას უკვე შეუძლია ახალი კანონების შექმნა და მადრიდი მათ წინააღმდეგ უძლურია.
პირველად ამ უფლებით კატალონიამ ისარგებლა. 1998 წელს მან 4000 ჰექტარი მანამდე არაკლასიფიცირებული ვენახი მიიერთა და, რაც მთავარია, ნება დართო მეწარმეებს, შეერიათ ღვინოები ზოგიერთი კატალონური DOC-ებიდან და ადგილობრივი სახელწოდებებით გაეყიდათ, რისი უფლებაც ყოველთვის ჰქონდათ ბორდოს და ბურგუნდიას. ეს კანონი ძალაში 1999 წელს შევიდა.
ამავე პერიოდში ევროკავშირის სოფლის მეურნეობის თავკაცები აქტიურად მუშაობდნენ ღვინის რეჟიმის თანამედროვე ვერსიაზე, ანუ იმ საკითხზე, თუ რისი უფლება ჰქონდათ ღვინის დამზადებისას ევროკავშირში შემავალ ქვეყნებს.
ამ დოკუმენტის თანახმად, ევროკავშირის კანონმდებლობა გაცილებით "ლიბერალურია" და მის წევრებს უტოვებს უფლებას, თავიანთი შეხედულებისამებრ გაამკაცრონ ან შეარბილონ ძირითადი დებულებები. კანონის მთავარი ღირსება ისაა, რომ უფლებების დიდი ნაწილი ცენტრალური ხელისუფლებიდან უშუალოდ მეღვინეებს გადაეცათ.
ამ ეპოქალური დოკუმენტის გამოქვეყნებიდან ცხრა დღის შემდეგ კასტილია-ლა-მანჩას მმართველობამ ტოლედოში შექმნა Vino de la Tierra Castilla. ეს კლასიფიკაცია მთელს რეგიონს უნდა შეხებოდა და მანამდე არაკვალიფიცირებული მწარმოებლებისთვის საშუალება მიეცა ეტიკეტზე ვაზის ჯიში და ვინტაჟის თარიღი მიეთითებინათ, რაც მანამდე ჩვეულებრივ სუფრის ღვინოებს ეკრძალებოდათ. მწარმოებლებს ასევე უფლება ეძლეოდათ, არსებული DOC-ის ფარგლებში არასტანდარტული ღვინოები ეწარმოებინათ. ცვლილებების ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მომხრე იყო კარლოს ფალკო - მარკიზ დე გრინიონი, რომლის ღვინოებსაც Dominio de Valdepusa არასოდეს ჰქონდა რაიმე სახის ფორმალური კლასიფიკაციის უფლება.
ევროკავშირის ახალ დოკუმენტაციაში მითითებული იყო ისიც, რომ უნდა გაიზარდოს ღვინის მწარმოებელთა ორგანიზაციების როლი ღვინის რეგულირებისა და ზედამხედველობის საქმეში. ეს ფაქტი ევროპაში ღვინის რეგულირებისა და ზედამხედველობის პერტურბაციის ძირითადი ამოსავალი შეიძლება გახდეს. ამჟამად ამ პროცესს თითოეულ QW ზონაში ერთობლივად ახორციელებენ მმართველობის ცენტრალური ორგანო და რეგიონალური კომიტეტები. მაგალითად, საფრანგეთში თითოეულ AOC-ს ჰყავს Comite Interprofessionel, ესპანეთში კი თითოეულ DOC ზონას თავისი Consejo Regulador. რა როლს ითამაშებს "მწაროებელთა ორგანიზაცია" დადგენილ რეგულატორებსა და ინდივიდუალურ მწარმოებლებს შორის, ჯერჯერობით უცნობია, თუმცა ეს საკითხი უახლოეს მომავალში გაირკვევა.

XX საუკუნის ღვინის კანონმდებლობის ისტორია

1957 წელი - სუფრის ღვინოზე მხოლოდ ქვეყნის ან წარმოშობის მითითება შეიძლება, ყურძნის ჯიში, რაიონი, ვინტაჟი - აკრძალულია.
1973 წელი - იქმნება Country Wines - ზოგადრეგიონალური კატეგორიების გარდა, მითითებულია ვინტაჟი და ყურძნის ჯიში.
1980-იანი წლები - ასპარეზზე გამოდის ინდივიდუალისტთა ღვინოები არაკლასიფიცირებული ტერიტორიებიდან. ხდება 1957 წლის წესების განახლება.
1987 - საფრანგეთს შემოაქვს Vin de Pays d`OC - კანონი გაცილებით მოქნილი ხდება.
1990-იანი წლები - ესპანეთი ნებას რთავს "ინდივიდუალისტების" რეგიონალურ კატეგორიას, ვინტაჟს და ყურძენს.
1999 - იტალია და პორტუგალია არეგულირებენ Country Wines წესებს. კატალონია აარსებს region-wide Quality Wine.
2000 წელი - კასტილია-ლა-მანჩა აყალიბებს "ინდივიდუალისტების ღვინის" დამცავ მექანიზმებს QW სტატუსით.
2002 წელი - ევროპა ელოდება პირველ "კერძო" QW-ს ყოფილი "სუფრის" ღვინოებისგან.

სისტემის მიღმა

2000 წლის 1 აგვისტოს ტოლედოს პარლამენტმა კიდევ ერთი კანონი მიიღო, რომელიც "კერძო" DOC -ების ფორმირების უფლებას იძლეოდა. კლასიფიკაცია "ერთი მამულის" (pago) ღვინოებს ეხება. კანდიდატებმა უნდა უჩვენონ, რომ მათი მევენახეობისა და მეღვინეობის მეთოდები საერთაშორისო სტანდარტებს შეეესაბამება, ღვინოში კი მაქსიმალურად არის გამოხატული თავად ამ pago-ს თვისებები. გარდა ამისა, ღვინომ პრესტიჟული რეპუტაცია და ავტორიტეტიც უნდა მოიპოვოს.
2000 წლის ნოემბერში ესპანეთში შეიქმნა ორგანიზაცია, სახელწოდებით - Grandes Pagos de Castilla, რომლის პრეზიდენტიც კარლოს ფალკო გახდა. ამ რადიკალურ ორგანიზაციაში საერთაშორისო დონის ყველა ესპანელი ღვინის მწარმოებელი გაერთიანდა: ოთხი - კასტილია-ლა-მანჩადან (თავიანთ ღვინოებს ისინი ახლა ასე აღნიშნავენ - Vino de la Tierra de Castilia), სამი კი - კასტილია-ლეონადან (ერთი მათგანი განსაზღვრულია, როგორც DOC Ribera del Duero, დანარჩენი ორი კი თავიანთ ღვინოებს Vino de Mesa de Castilla-Leon-ს აწერს).
ამათგან პირველი კარლოს ფალკოს მამულში, Malpico de Tajo-ში DOC -ის ახალ "კერძო" სტატუსზე აპელირებს, თუმცა სავსებით შესაძლებელია, რომ ეს სტატუსი კასტილია-ლა-მანჩას დანარჩენმა წევრებმაც მიიღონ.
კასტილია-ლეონში ასეთი კანონები არა აქვთ, თუმცა, შესაძლოა, კავშირის აქაური წევრები უკმაყოფილო დარჩნენ და მსგავსი პრივილეგიების სურვილი თავადაც გამოთქვან. და თუ ეს მოხდება, წარმოგიდგენიათ, ნავარის, რიოხის, კატალონიისა და სხვა ოლქების კიდევ რამდენი "სახელგანთქმული მამული" მოითხოვს ადმინისტრაციისგან იმავეს?!
მიხვდება კი საფრანგეთი, რომ სწორედ ესაა საუკეთესო გამოსავალი - ინდივიდუალებსაც შეუწყოს ხელი და, ამასთანავე, არ გაანადგუროს არსებული AOC სისტემა? ისეთმა მამულებმა, როგორიცაა, Mas de Daumas Cassae (ამჟამად - მოკრძალებული Vin de Pays de`Herault), აღიარებასა და პრესტიჟს თავიანთი წესების შემოღებით მიაღწია. იქნებ, ბორდოს, ტოსკანისა და მოზელის "სახელგანთქმულმა მამულებმაც" მოითხოვონ იგივე საკუთარი თავისთვის?
მაგრამ როგორ აისახება ეს ყველაფერი მომავალზე? წარმოიდგინეთ, დადგა 2051 წელი და 2048 წლის ვინტაჟის ხარისხს განვიხილავთ. როგორ შევადაროთ ერთმანეთს Chardonnay d`Haut Brion (AOC Chateaou Haut-Brion) და Riesling de la Romanee-Conti? ან Tempranillo Classico de Antinori (DOGG Antinori) როგორ გაეჯიბრება JP Sangiovese Garrafiera (DOC Joao Pires)-ს?
ბიუროკრატიისთვის მართვის სადავეების ჩამორთმევა და მისი მეღვინეებისთვის გადაცემა სახიფათო, მაგრამ მიმზიდველი პროექტია. თუმცა, თუ გავითვალისწინებთ ახალი სამყაროს ღვინოების მზარდ წარმატებას, ცხადი გახდება, რომ ბებერი ევროპა უნდა შეიცვალოს. უნდა შეიცვალოს, თუ სურს, რომ ამ სამყაროს პირისპირ ისე წარდგეს, როგორც ტოლი - ტოლთან.

© „მარანი“

Thursday, 8 November 2007

ღვინის გზამკვლევი - შაბლი


შაბლის უდავოდ შეიძლება ვუწოდოთ საფრანგეთის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი თეთრი ღვინო. განსაკუთრებით კი ქვეყნის ფარგლებს გარეთაა იგი პოპულარული. თავის სამშობლოში ამ ღვინოს სწორედაც რომ ღირსეული ადგილი უჭირავს, მაგრამ მისი პოპულარობა მთელ დანარჩენ მსოფლიოში, როგორც იტყვიან, "კონკურენციის გარეშეა".

ამის თვალსაჩინო მტკიცებულებას წარმოადგენს "შაბლის ანალოგების", ანუ იმ ღვინოების არსებობა, რომლებიც იმავე სახელს ატარებს და სადღაც ახალ სამყაროშია დამზადებული შარდონეს ჯიშისგან, რაც, ბუნებრივია, ოდითგანვე ფრანგების უკმაყოფილებას იწვევდა. შაბლის წარმატების მიზეზები ნათელია: ამ ღვინოს არა მარტო მშვენიერი ხარისხი და ყველასათვის ნაცნობი სტილი, არამედ სახელიც ადვილად დასამახსოვრებელი აქვს. მაშინ, როცა არანაკლებ ღირსეული ბევრი სხვა თეთრი ფრანგული ღვინის სახელის გახსენებას კარგი მეხსიერება და, გარკვეულწილად, ენის გავარჯიშება სჭირდება. ამასთან, ბევრი იმპორტიორი აღნიშნავს არა მხოლოდ რიგითი, "ჩვეულებრივი" შაბლის, არამედ გრან კრიუს ხარისხის ღვინოების გაყიდვის საკმაოდ მაღალ დონესაც.
რობერტ პარკერის აზრით, უკანასკნელი 15 წლის განმავლობაში ბურგუნდიის თეთრი ღვინოებისთვის (მათ შორის შაბლისთვისაც) ყველაზე შემოსავლიანი იყო 1989, 1992, 1995, 1996 და 2002 წლები და ექსპერტმა ყველა მათგანს 90 ქულაზე მეტი მიანიჭა. ბატონმა პარკერმა 89 ქულით შეაფასა 1997 და 1999 წლები; 2000-მა წელმა 88 ქულა დაიმსახურა, 1990-მა - 87, 2001-მა - 86, 1998-მა კი - 84. შეგახსენებთ, რომ ექსპერტის განმარტებით, თუ ქულების რაოდენობამ 90-ს გადააჭარბა, წელიწადს შეიძლება ვუწოდოთ შესანიშნავი, 80-ზე მეტის შემთხვევაში კი - ჩინებული. 1991, 1993 და 1994 წლების მოსავალი შეფასდა 70-დან 77-მდე ქულით, ბატონი პარკერის სისტემის მიხედვით ეს "ჩვეულებრივ" წელიწადს ნიშნავს. რაც შეეხება ჩავარდნებს, ექსპერტის აზრით, ამ პერიოდში მათ ადგილი არ ჰქონია.

გავიხსენოთ ისტორია

დაუჯერებელია, მაგრამ საუკუნეზე მეტი ხნით ადრე ამ ტერიტორიაზე მეტწილად წითელი ჯიშის ყურძენი მოჰყავდათ. მაშინ ვენახების ფართობს დღევანდელთან შედარებით უბრალოდ დიდი კი არა, შეუდარებლად დიდი ადგილი ეკავა; იმავეს თქმა შეიძლება ღვინის წარმოების მოცულობაზეც. თუმცა, შაბლის ისტორია ყოველთვის იმდენად უღრუბლო როდი იყო, როგორც ერთი შეხედვით ჩანდა - ამ რეგიონმა არა მარტო აღზევება, არამედ დაცემაც იცოდა, თანაც საკმაოდ დიდი სიმაღლიდან. დასახლებულ პუნქტად შაბლი პირველად VI საუკუნეში მოიხსენიება; მაშინ აქ დაარსდა მონასტერი, რომელსაც შემდგომი დროისთვის მთავარი დამსახურება ექნება შაბლის მეღვინეობის აქტივიზაციის საქმეში. ადგილობრივმა ბერებმა შეძლეს მნიშვნელოვანი კომერციული წარმატებების მიღწევა, რისთვისაც არა მარტო საკუთარ ცოდნასა და გამოცდილებას, არამედ რეგიონის ხელსაყრელ მდებარეობასაც იყენებდნენ. იგი ხომ ოსერის სამდინარო პორტთან ახლოს და, საერთოდაც, პარიზიდან არც ისე შორს - დაახლოებით 100 კილომეტრში მდებარეობდა. დროთა განმავლობაში შაბლის ღვინოები უფრო და უფრო პოპულარული ხდებოდა და თავის ძირითად კონკურენტებს - ოსერუას ღვინოებს ჩრდილავდა; XV საუკუნეში ისინი ერთობ წარმატებით გაჰქონდათ ინგლისში. 1568 წელს კი ცუდი პერიოდი დადგა. რელიგიური ომების დროს ქალაქი შაბლი პრაქტიკულად მთლიანად გაანადგურეს ჰუგენოტებმა. მისი ადრინდელი ძლევამოსილების, და რა თქმა უნდა, ადგილობრივი ღვინოების დიდების აღდგენას თითქმის ორასი წელი დასჭირდა. შაბლის ღვინოებს, რომლებითაც, სხვათა შორის, სამეფო კარის მომარაგებაც დაიწყეს, ოქროს ხანა დაუდგათ. ასე გრძელდებოდა ფილოქსერას შემოსევამდე. ამ თავდასხმასთან გამკლავება შაბლიმ საკმაოდ ხანგრძლივი დროის შემდეგ შეძლო, ბევრად გვიან, ვიდრე ამ უბედურებისგან დაზარალებულმა საფრანგეთის სხვა რაიონებმა. შაბლის აღორძინება მხოლოდ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დაიწყო.

დღევანდელი დღე

დღევანდელი შაბლი - ეს დაახლოებით 4000 ჰექტარი ვენახებია, 10-ჯერ ნაკლები, ვიდრე ფილოქსერამდე იყო. ისინი გადაჭიმულია მდინარე სერენის გასწვრივ, ბურგუნდიის ჩრდილოეთით, იონის დეპარტამენტის ტერიტორიაზე, და მოიცავს 19 სოფელს. მეღვინეობის ზონის ცენტრი წყნარი, მყუდრო და მთვლემარე პატარა ქალაქი შაბლია. შაბლის ერთ-ერთი თავისებურება ის გახლავთ, რომ ვენახების ფართობი აქ ზრდას აგრძელებს: ასე მაგალითად, ჯერ კიდევ 20 წლის წინ ისინი ორჯერ ნაკლები იყო; ოღონდ ეს არ ეხება გრან კრიუს ვენახებს. თუმცა, ზოგიერთმა ვენახმა, რომელიც კლასიფიცირებულია როგორც "უბრალოდ" შაბლი, უფლება მოიპოვა პრემიერ კრიუს სტატუსზე. მსგავსი პროგრესულობა კიდევ უფრო დასაფასებელია, თუ გავიხსენებთ იმავე მედოკთან დაკავშირებულ სიტუაციას. შაბლიში მხოლოდ თეთრ ღვინოებს ამზადებენ შარდონეს ყურძნის ერთადერთი ჯიშიდან. ამასთან, ისინი იმდენად მრავალფეროვანია, რომ მათი ზოგადი დახასიათება შეუძლებელია. ელეგანტური, მდიდარი, ძალიან მშრალი, მკვეთრი გემოს მქონე ასე ცნობილ "მინერალურ" ელფერთან ერთად... აი, ეს არის ალბათ ყველა ამ ღვინის გამაერთიანებელი ეპითეტი. ყოველი კონკრეტული შაბლის აღწერა დეგუსტატორისთვის ერთ სიამოვნებად ღირს. შაბლი გრან კრიუს საუკეთესო ღვინოები შეიძლება ინახებოდეს დიდხანს - ზოგჯერ ათეული წლებიც; მათი გემო და არომატი დროთა განმავლობაში აღწევს განსაკუთრებულ დახვეწილობას და უფრო სრულყოფილი ხდება. მათ სამართლიანად უჭირავს თავიანთი ადგილი მსოფლიოს პრესტიჟულ თეთრ ღვინოებს შორის; ბევრი ნიმუში კი უკიდურესად ძვირადაა შეფასებული როგორც მოკირკიტე ექსპერტების მიერ, ისე მკაცრი რეიტინგების მიხედვით.
ტრადიციულად, შაბლისთვის საუკეთესო მისაყოლებლად მიჩნეულია ზღვის პროდუქტები: მიდიები, ასთაკვები და ა.შ.. ასევე, ამ რეგიონის ბევრ ღვინოსთან რეკომენდებულია თევზის, მაგალითად, ორაგულისგან დამზადებული კერძები. მაგრამ, შაბლისთვის კლასიკურ "აკომპანიმენტად" მაინც ხამანწკები ითვლება. ამგვარი შეხამების ჰარმონია მიეკუთვნება "უდავო ჭეშმარიტებათა" რიცხვს, რომელსაც პრაქტიკულად ოპონენტები არა ჰყავს.

ბუნების საჩუქრები და ახირებანი

მიუხედავად იმისა, რომ შაბლი ბურგუნდიას მიეკუთვნება, გეოგრაფიულად ეს რაიონი შამპანთან უფრო ახლოს, ანუ გაცილებით ჩრდილოეთით მდებარეობს. კლიმატს აქ მეღვინეობისთვის იდეალურს ვერ უწოდებ: მას აშკარად გამოხატული კონტინენტური ხასიათი აქვს ცხელი ზაფხულითა და ყინვიანი ზამთრით. უფრო მეტიც, შაბლის კლიმატის წინასწარ განჭვრეტა ძნელია: ყურძნის დასამწიფებლად ასე საჭირო მზიანი საათების რაოდენობა შეიძლება საკმარისი არ აღმოჩნდეს, ხოლო ნალექების მოცულობა გადაჭარბებულიც იყოს (ამიტომაც, შაბლის მოსავლის ხარისხი ერთობ მერყეობს წლიდან წლამდე). ყველაზე დიდ უსიამოვნებებს მევენახეებს უქმნის სუსხი, რომელიც აპრილ-მაისის თვეებში აქ არცთუ იშვიათია. მას შეუძლია ვაზს გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოს. იმისათვის, რომ ვენახები როგორმე გადაერჩინათ, ჯერ კიდევ XX საუკუნის 50-იან წლებში აქ დაიწყეს სხვადასხვა სპეციალური ხერხის გამოყენება. მაგალითად, ღამის საათებში ვაზებს ნავთის "ჩირაღდნებით" "ათბობდნენ", ხოლო ზოგან ამისთვის ჩვეულებრივ სანთლებსაც კი იყენებდნენ. დღეს ეს მეთოდი მოდერნიზებული და ავტომატიზებულია, მაგრამ ის საკმაოდ ძვირი ჯდება. კიდევ ერთი საშუალება სპეციალური დანადგარების მეშვეობით ვაზისთვის წყლის შესხურებაში მდგომარეობს. გაყინვისას წყალი იცავს სათუთ მცენარეებს: ყინულის საფარქვეშ ნარჩუნდება მუდმივი ტემპერტურა, რომელიც ვენახისთვის იმდენად საშიში არ არის. რასაკვირველია, ამ მეთოდთაგან არც ერთს არ შეუძლია დაცვის 100% გარანტიის მოცემა, თუმცა ისინი გარკვეულ შედეგებს მაინც იძლევა. აი, რაც შეეხება ნიადაგს, აქ შაბლის გაცილებით გაუმართლა. ვაზებს მზისგან გამთბარი კირქვის შრეები იცავს; შარდონეს ჯიში მშვენივრად "გრძნობს" თავს მსგავს პირობებში. მაგრამ მთავარი მაინც შაბლის ზოგიერთი ზონის კიმერიული ქვენიადაგებია. ისინი, შედგება კირქვისგან, რომლებიც დიდწილად ნიჟარქვას შეიცავს და მიუხედავად მათში თიხის არსებობისა, მშვენივრად იწრიტება. კიმერიული ფენა ამ რეგიონში განსაკუთრებულად სქელია. სპეციალისტთა აზრით, სწორედ ეს ფაქტორი ეხმარება შაბლის განუმეორებელი სტილის ფორმირებაში. სხვათა შორის, კიმერიულ "პლატფორმებზე" მდებარეობს გრან კრიუს ვენახები. შაბლის რელიეფი ბორცვიანია; საუკეთესო ვენახები გორაკების სამხრეთ და სამხრეთ-დასავლეთ ფერდობებზეა გაშენებული, რაც მათ ჩრდილოეთის ცივი ქარებისგან იცავს და ხელს უწყობს მზის სხივებით უკეთესად გათბობაში.
მიჩნეულია, რომ შაბლიში არსებობს ღვინის ორი "სტილი". ტრადიციულად ეს ღვინო განიცდიდა ფერმენტაციას და მუხის პატარა კასრებში ინახებოდა, თუმცა, ბოლო დროს ამ მიზნისთვის აქტიურად დაიწყეს ფოლადის ან ბეტონის (შიგნიდან ემალით ან რაიმე სხვა მსგავსი ნივთიერებით დაფარული) ჭურჭლის გამოყენება. დღემდე არ წყდება კამათი ორივე მიმართულების მომხრეებს შორის. ასე მაგალითად, "ტრადიციონალისტები" თავიანთ არჩევანს ასაბუთებენ შაბლის ღვინოების ინდივიდუალობისა და თვითმყოფადობის შენარჩუნებისკენ სწრაფვით, აგრეთვე იმით, რომ მუხა ღვინოს განსაკუთრებულ ჰარმონიულობასა და დასრულებულ სახეს ანიჭებს. "მუხის მოწინააღმდეგენი" ამტკიცებენ, რომ მის გარეშე უკეთ ხერხდება ღვინის ხილის არომატისა და მისი ბუნებრივი თვისებების გამოვლენა. მართლაც, რამდენი კაციცაა, იმდენი აზრი არსებობს. შაბლის დიდებული მრავალფეროვნება ორივე მიმართულების ღვინოს შორის მშვენიერი ნიმუშების აღმოჩენის საშუალებას იძლევა, და იმაზე მსჯელობა, თუ რომელი უკეთესია, მეტად უმადური საქმეა.

ტერიტორიული რეგლამენტი

იმისათვის, რომ საბოლოოდ შევიტანოთ სიცხადე და უფრო სრულად დავახასიათოთ შაბლი, დავაზუსტოთ შემდეგი. აქ არის 4 AOC-ი - სახელწოდება, რომლებიც წარმომავლობის მიხედვით კონტროლირდება. ჩამოვთვალოთ ისინი ღვინოების ხარისხის გაუმჯობესების თანამიმდევრობით, უბრალოდან ექსტრაორდინარულამდე - პტი შაბლი (Petit Chablis), შაბლი (Chablis), შაბლი პრემიერ კრიუ (Chablis Premier Cru), შაბლი გრან კრიუ (Chablis Grand Cru). შაბლი გრან კრიუს ვენახებს, რომლებიც მდებარეობენ გორაკიან სამხრეთ ფერდობებზე, საუკეთესო ნიადაგით, თანაც მხოლოდ მდინარე სერენის მარჯვენა სანაპიროზე, მეღვინეობის "ისტორიულ" ზონაში, 100 ჰექტარზე მეტი ფართობი უჭირავს. აპელასიონში შედის შვიდი ნაკვეთი - ბლანშო (Blanchot), ლე კლო (Le Clos), ვალმური (Valmur), გრენუი (Grenouille), პრეზი (Preuse), ვოდეზირი (Vaudesir) და ბუგრო (Bougros). მათ შორის ყველაზე მსხვილია ლე კლო (26 ჰექტარი), ამასთან, ალბათ ყველაზე ცნობილიც. ლე კლო იძლევა განსაკუთრებით მაგარ, მდიდრულ და არომატულ ღვინოებს, რომელთა დაღვინებას ხანგრძლივი დრო სჭირდება და საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში ინახება. კრიუ ვალმურის ღვინოები, რომლებიც ასეთი დღეგრძელობით ვერ დაიკვეხნის, გამოირჩევა საოცარი ჰარმონიულობითა და დაბალანსების მშვენიერი უნარით. კრიუ ბლანშოს სახელი ამ ნაკვეთს განსაკუთრებით თეთრი ნიადაგის გამო დაერქვა; აქაური ღვინო უფრო მსუბუქია, მაგრამ ასევე საკმაოდ არომატული. იმავეს თქმა შეიძლება კრიუ გრენუის ღვინოებზეც, რომლებიც "ახალგაზრდობაში" რბილი და ნაზია და ასაკთან ერთად უფრო მაგარი, მაგრამ დელიკატური ხდება. კრიუ ვოდეზირის ღვინოები კი სხეულიანებიც არიან და ამასთან ერთად, ნატიფი და დახვეწილიც. ოდნავ ნაკლები წარმატებით სარგებლობს სოლიდური და რთული, მაგრამ ოდნავ მძიმე კრიუ ბურგოს ღვინოები. მიუხედავად ამისა, არასწორი იქნებოდა მათი დადანაშაულება ხარისხის ნაკლებობაში: ეს ნამდვილად კარგი ღვინოებია, ცალკეული ნიმუში კი - შესანიშნავი. კრიუ პრეზის ღვინოები ასევე საკმაოდ მდიდარია, და, როგორც ბუგროს, მასაც ოდნავ "სიმძიმეში" სდებენ ბრალს. განსაკუთრებული შემთხვევაა ლა მუტონის ვენახი, რომელიც შაბლი გრან კრიუს ზონებს შორის მდებარეობს და ასევე იძლევა ღვინოებს, რომლებსაც მსგავსი სტატუსის ტარების სრული უფლება აქვთ. და თუმცა ოფიციალური კლასიფიკაციის მიხედვით ასეთი სტატუსი მისთვის ჯერ არ მიუნიჭებიათ, ლა მუტონის მწარმოებლები ეტიკეტზე უთითებენ როგორც მის სახელს, ასევე ნიშანს «Chablis Grand Cru». საფრანგეთისთვის უჩვეულო ეს პარადოქსი კიდევ ერთხელ ადასტურებს ლა მუტონის ღვინოების მაღალ ხარისხს. შაბლი პრემიერ კრიუს ვენახებს ასევე შედარებით მცირე ფართობი - 700 ჰექტარზე ოდნავ მეტი უჭირავს. აქ გამოყოფენ მეტ-ნაკლებად პრესტიჟული "კრიუს" 17 ნაკვეთს. საუკეთესოდ, როგორც წესი, მიიჩნევა ფურშომი (Fourchaume), ვეიონი (Vaillons), მონტე დე ტონერი (Montee de Tonnerre), მონმენი (Montmains), მონ დე მილე (Mont de Milieu), კოტ დე ლეშე (Cote de Lechet). ბევრი კრიუ, თავის მხრივ, დაყოფილია სუბზონებად, ხოლო ისინი - ლიე-დის პატარ-პატარა ვენახებად... სულ კი ამ ღვინოების ეტიკეტებზე შეიძლება შევხვდეთ ვენახების 40 სახელწოდებას, მაგრამ AOC-ი ყველა შემთხვევაში ერთია - Chablis Premier Cru. დარჩენილი ვენახების დიდი წილი შაბლის სახელწოდებაზე მოდის; პტი შაბლის წილად წარმოების შედარებით მცირე მოცულობა რჩება. "ჩვეულებრივი" შაბლი სავსებით იმსახურებს ყურადღებას; ეს ღვინო არ არის ისეთი სიცოცხლისუნარიანი, როგორც შაბლი გრან ან პრემიერ კრიუ, იგი ინახება ორიდან ხუთ წლამდე (გამონაკლის შემთხვევებში - ათ წლამდე). როგორც წესი, ეს ღვინოები ხილის რბილ გემოს ფლობს და მისთვის დამახასიათებელი არომატით შეიცნობა. მათ შორის ასევე გვხვდება დიდებული ნიმუშები, რაც იმ მეღვინეების დამსახურებაა, რომლებიც თავიანთი პროდუქციის სრულყოფას ცდილობენ.
© „მარანი“

Tuesday, 6 November 2007

წამო, წამო, კანიაკები დავლიოთ...


ანა კორძაია-სამადაშვილი

იმის გარდა, რომ კარგი მწერალი იყო, კამიუ სასმელშიც ჩინებულად ერკვეოდა. ის ამბობდა, რომ "დიდებული კონიაკის დაყენება ძალიან იოლია. ამისთვის მხოლოდ ერთი რამაა საჭირო: წინაპარი, რომელმაც ამ საქმეს თავისი ცხოვრება მიუძღვნა". თუ რამ გამახსენა ეს ამბავი - ამას ქვემოთ მოგიყვებით.

თუ ისტორიკოსებს ვენდობით

კონიაკის ამბავი ჩვენი წელთაღრიცხვის პირველ საუკუნეში იწყება, როცა რომაელებმა თანამედროვე საფრანგეთის ტერიტორიაზე ყურძენი შეიტანეს. თავდაპირველად ის მდინარე რონის ველზე მოჰყავდათ, მეოთხე საუკუნის ბოლოსთვის კი ვენახები საფრანგეთის მთელს ტერიტორიაზე გაშენდა.
მეთორმეტე საუკუნეში ღვინოს უზარმაზარ ტერიტორიაზე აწარმოებდნენ, რომელიც ვინობლ დე პუატუდ (Vignoble de Poitou) იყო ცნობილი. იქაური ღვინო საუკეთესოდ ითვლებოდა და ის სხვა ქვეყნებში ჰოლანდიური გემებით გადაჰქონდათ - ეს გემები პუატუს სანაპიროს მარილის შესასყიდად მოადგებოდნენ ხოლმე.
საფრანგეთი ევროპაში ღვინის მთავარ მწარმოებლად და ექსპორტიორად იქცა. ჰოლანდიელები კონიაკის ოლქს შამპანისა და ბორდოს საუკეთესო ღვინოების შესაძენად აკითხავდნენ - დიდი ვაჭრობა იყო გაჩაღებული.
ერთი ისაა, რომ ფრანგული ვენახები კი ძალიან ბევრ ღვინოს იძლეოდა, მაგრამ ღვინოს ალკოჰოლის დაბალი შემცველობა ჰქონდა. ის შორეულ თბილ ქვეყნებში ხანგრძლივი საზღვაო მოგზაურობის დროს სულმთლად კარგავდა ყველანაირ კარგ თვისებას. როცა ამას მიხვდნენ, ფრანგმა მეღვინეებმა გადაწყვიტეს, გამოხდის ხერხისთვის მიემართათ, რომელსაც იმხანად თითქმის არავინ იყენებდა და არც არავის სჭირდებოდა. მეღვინეებმა ასე გათვალეს: მომხმარებელი ამ სპირტს - ახლა მას კონიაკის სპირტს უწოდებენ - წყლით გააზავებდა და კვლავ ღვინოს მიიღებდა. მაგრამ სანამ საქმე აქამდე მივიდოდა, ფრანგმა მეღვინეებმა სპირტი თავად გასინჯეს და აღმოაჩინეს, რომ არც ეს სასმელი იყო ურიგო; გააზავეს სპირტი და გამოვიდა ახალი სასმელი, ბრენდი.

ჯარისკაცი, ეშმაკი, ბერები

ჰყვებიან, რომ ამქვეყნად ცხოვრობდა ვინმე შევალიე დე ლა კრუა, რომელმაც სამხედროს სამსახურის დასრულების შემდეგ მეღვინეობას მიჰყო ხელი.
ერთ ღამეს შევალიეს ცუდი რამ ესიზმრა: ეშმაკს მისი სულის ხელში ჩაგდება უნდოდა და ამიტომ მდუღარეში ჩააგდო. ჩანს, არც შევალიე იყო ჯაბანი - პირველ ჯერზე ეშმაკს არაფერი გამოუვიდა და ამიტომ ურჩ ჯარისკაცს მეორედაც უკრა თავი მდუღარეში.
არავინ იცის, დაითრია ეშმაკმა მამაცი მეღვინის სული, თუ - ვერა. ერთი რამ კი ცნობილია: დე ლა კრუამ სიზმარი თავისებურად ახსნა და გადაწყვიტა, რომ კონიაკის წარმოების ტექნოლოგიაში ორჯერადი გამოხდისთვის უნდა მიემართა. შემდეგ მან თავისი გამოხდილი სასმელი ორ კასრში ჩაასხა და რენორვილის ბერებთან გაეშურა - მაინც არ ეამა, რომ ეშმაკთან ჰქონდა საქმე.
ბერებმა პირველ კასრს უცებ გამოუყვანეს წირვა, მეორე კასრი კი სარდაფში ჩაიტანეს, ბრძანეს, განსაკუთრებით კარგი ამბავი როცა მოხდება, მაშინ გავხსნითო. ეს კარგი ამბავი თხუთმეტი წლის შემდეგ მოხდა, როცა ბერები შევალიეს კვლავ შეხვდნენ. მათ, პირობისამებრ, მეორე კასრიც გახსნეს და - ჰოი, საოცრებავ! კასრი სავსე აღარ იყო, ანგელოზებს თავიანთი წილი დაელიათ, სასმელი კი მთლად სხვანაირი დახვდათ, სხვა ფერისა, თან უგემრიელესი - კონიაკი.

კარგი ამბავი

კახეთში, სახლში, რომელიც 1886 წელს ენისელსა და საბუეს შორის ევროპელ არქიტექტორს აუშენებია და დღესაც კი წარუშლელ შთაბეჭდილებას ახდენს, ცხოვრობდნენ ზაქარია ჯორჯაძე, მისი მეუღლე თამარ ბაგრატიონი, ორი ვაჟი - გიორგი და ალექსანდრე, და ქალიშვილი ნინა.
სახლთან პატარა ზარბაზანი იდგა, არა მტრის მოსაგერიებლად და თავის დასაცავად, არამედ ღრუბლების გასაფანტად განკუთვნილი. მართალია, ჯორჯაძეები მას სულ სხვა საქმისთვის იყენებდნენ: როცა ზარბაზანი დაიქუხებდა ხოლმე, ყველამ იცოდა: ჯორჯაძეებთან დიდი ქეიფია! და დაიძრებოდნენ თავ-თავიანთი მამულებიდან ჭავჭავაძეები, ქობულაშვილები, ბაგრატიონები... ერთი ისაა, რომ ზარბაზნის ამბავი ყაჩაღებსაც შეუტყვიათ და გზაზე დახვედრიან სტუმრად მიმავალ, საზეიმოდ გამოწყობილ თავადის ქალებს...
ზაქარია ჯორჯაძის ამბავი ყველამ იცის, ვისაც ქართული კონიაკისა რამე გაეგება: ის იყო დავით სარაჯიშვილის მეგობარი, თანამოაზრე, შეიძლება ითქვას - თანამებრძოლი. თავადი ჯორჯაძე წარმატებული მეწარმე გახლდათ და - ცხადია, აბა, ენისელის ბატონს სხვა რა უნდა ექნა?! - დიდებული მეღვინეც იყო.
ზაქარია ჯორჯაძემ განათლება ევროპაში მიიღო. მან საფრანგეთში, მონპელიეში, მეღვინეობა-მევენახეობა შეისწავლა, და შემდეგ, როცა შინ დაბრუნდა, თავის მამულში ღვინის ქარხანა ააშენა - იმდროინდელი ქვევრები, უზარმაზარები, გაუთვითცნობიერებელ კაცს დილეგები რომ ეგონება, დღესაც არსებობს.
სწორედ აქ დამზადდა საქართველოში პირველი ეგრეთ წოდებული ევროპული ღვინო და კონიაკი "ენისელი". სწორედ ზაქარია ჯორჯაძემ შემოიღო ყურძნის გლეხებისგან ჩაბარების პრაქტიკა - როგორც მოგახსენეთ, ის ძალიან პროგრესული მოღვაწე გახლდათ.
დიდებული ღვინო ჰქონია ენისელის ბატონს. თავად განსაჯეთ: 1888 წელს მან ბრიუსელში, საერთაშორისო გამოფენაზე, ოქროს მედალი მიიღო, და ეს არც პოლიტიკური ამბავი ყოფილა და არც ბატონ ზაქარიას მფარველთა დამსახურება - სასმელი იყო ძალიან კარგი.
დღეს შეიძლება ითქვას, რომ ზაქარია ჯორჯაძე ბედნიერი კაცი იყო: მრავალი კეთილი საქმე გააკეთა, დიდი სახლი, დიდებული საწარმო და კარგი ოჯახი დატოვა, და 1915 წელს გარდაიცვალა. ის თავის მამულში, წმინდა ნიკოლოზის საყდართან მიაბარეს მიწას და მის საფლავის ქვაზე ამოტვიფრული წარწერა ისეთია, ყველას რომ შეშურდება: აქ განისვენებს ზაქარია ჯორჯაძე, მუშა თავადი.

ცუდი ამბავი

ჯორჯაძეების თავს უბედურება მერე დატრიალდა. ჯერ იყო და უფროსი ვაჟი გიორგი წავიდა ომში და დაიკარგა. შემდეგ, 1924 წელს - ეპოქის მიმოხილვისგან თავს შევიკავებ - გადაწყდა, რომ ღვინის ქარხანა, სადაც "ენისელს" აწარმოებდნენ, სახელმწიფო საკუთრება უნდა გამხდარიყო, და ამას, ცხადია, მოჰყვა სახლის გარშემო გაშენებული პარკის გავერანება და ჯორჯაძეების გასახლების მცდელობები. მართალია, ზაქარიას ვაჟს, ალექსანდრეს, მაინცდამაინც ბევრს ვერ უბედავდნენ: ის პატივსაცემი კაცი იყო, გზებისა და გვირაბების მშენებელი, განათლება შეერთებულ შტატებში ჰქონდა მიღებული და ტრანსციმბირის მაგისტრალისა და საქართველოს სამხედრო მაგისტრალის მშენებლობაში მონაწილეობდა, ხიდებს აგებდა. მაგრამ საბოლოოდ ის მაინც ციმბირში გადაასახლეს, სადაც რამდენიმე წელიწადში გარდაიცვალა.
დარჩა მხოლოდ ნინა, ქალი, რომელიც შვეიცარიაში სწავლისა და სორბონის უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, პირველი მსოფლიო ომის დროს, მოხალისე მოწყალების და იყო და ოთხი წმინდა გიორგის ჯვარი ჰქონდა მიღებული. ნინამ გადაწყვიტა, რომ მასთან უნდა ეცხოვრათ მის ბიძაშვილებს, ბაგრატიონებს - კვლავ თავს შევიკავებ იმ ცუდი წლების შესახებ მოყოლისგან, ვფიქრობ, მკითხველს თავადაც წარმოუდგენია, რა ყოფაში იქნებოდნენ იმხანად მიხეილ ბაგრატიონი და მისი ოჯახის წევრები.

ძალიან კარგი ამბავი

სწორედ ამით დავიწყე - კამიუთი. სანდრო ბაგრატიონს თამამად შეუძლია თქვას, რომ მისი კონიაკი, "ენისელი ბაგრატიონი" ძალიან კარგია და მთავარ მოთხოვნას აკმაყოფილებს: მას ჰყავდა წინაპარი, რომელმაც ამ საქმეს მთელი ცხოვრება მიუძღვნა.
სანდრო თავად ჰყვება, რომ მამაც და ბაბუაც ცდილობდნენ, საერთოდ არ გაეხსენებინათ, რომ ის ქარხანა, რომელიც ზედ სახლის წინ დგას, ოდესღაც მათ ოჯახს ეკუთვნოდა. მაგრამ საკმაოდ ძნელია, ზაქარია ჯორჯაძის აჩრდილს თავი დააღწიო მის სახლში, სადაც წინაპრები ყოველი კედლიდან დაგცქერიან, ეზოში, რომლის თავზეც, ტალავერთან, გამჭვირვალე მინის მილებში ღვინო მიედინება და ძველისძველი ქვევრებია ჩაყრილი. და ამიტომ, როგორც კი შესაძლებლობა მიეცა, სანდრო ბაგრატიონმა კონიაკის წარმოებას მიჰყო ხელი. ამ კონიაკს, ნიშნად იმისა, რომ მთავარ მოთხოვნილებას აკმაყოფილებს, სწორედ ასე ჰქვია: "ენისელი ბაგრატიონი".
მართალია, ჯერჯერობით პატარა საწარმოა, მაგრამ, მერე რა?! მთავარი ხომ ხარისხია და არა რაოდენობა.


© „მარანი“

Sunday, 4 November 2007

ცქრიალა ღვინო ალუმინის ქილებში


Cool Cache არის პირველი ავსტრიული მშრალი ცქრიალა ღვინო დიდ ბრიტანეთში, რომელიც 200 მილილიტრიან ალუმინის ქილებში კომპანია Rexam-მა ჩამოასხა.
ავსტრიულ ღვინო Cool Cache-ს აწარმოებს კომპანია კატუსი (Kattus). როგორც ჩანს, მსუბუქი და კომპაქტური ალუმინის ქილები უფრო ადვილია გასაცივებლად, კარგად ინარჩუნებს ცქრიალა ღვინის თვისებებს და, განსაკუთრებით მოსახერხებელია ღია ცის ქვეშ ჩასატარებელ ღონისძიებებზე - პიკნიკებზე, სპორტულ შეჯიბრებებსა თუ ფესტივალებზე. მომხმარებლისთვის სავსებით მისაღებია მოცულობაც - 200 მლ. კომპანიის მიერ ჩატარებულმა გამოკვლევებმა გვიჩვენა, რომ ამგვარი შეფუთვა მოსახლეობაში უკვე დიდი პოპულარობით სარგებლობს.


© „მარანი“

ღვინის წარმოება და მოხმარება ამერიკის შეერთებულ შტატებში


რა შანსები აქვთ ქართველ მეღვინეებს აშშ-ში?

მარიამ ჯაჭვაძე


ფრანგებსა და იტალიელებს თუ არ ჩავთვლით, მსოფლიოში თურმე ყველაზე ბევრ ღვინოს ამერიკელები სვამენ. მათი მოთხოვნილების დაკმაყოფილება ძირითადად ადგილობრივი პროდუქტით ხდება, თუმცა არცთუ ცოტაა იმ ამერიკელების რაოდენობა, რომლებიც უპირატესობას იმპორტირებულ ღვინოს ანიჭებენ. ღვინის არჩევანი ამერიკელებს ძალიან დიდი, შეიძლება ითქვას, რომ გადამეტებულიც კი აქვთ. წარმოიდგინეთ, ამერიკულ ბაზარზე წელიწადში დაახლოებით 1500 ახალი ღვინის სახეობა ჩნდება, რასაც ემატება მინიმუმ 5000 ღვინის ის ბრენდი, რომლებმაც კარგა ხნის წინ აქ მყარად მოიკიდა ფეხი.

ღვინის მოხმარება ზესახელმწიფოში

უკანასკნელი ხუთი წლის განმავლობაში ამერიკის შეერთებულ შტატებში ღვინის მოხმარება სტაბილურად იზრდება. ასე, მაგალითად, თუკი 2000 წელს ქვეყანაში 580 მილიონი გალონი (1 გალ – 3,79 ლიტრი) ღვინის მოხმარება დაფიქსირდა, 2003 წელს ამ მაჩვენებელმა 650-ს მიაღწია, ხოლო 2005 წელს კი 700 მილიონს ოდნავ გადააჭარბა.
ამერიკელების უმრავლესობა განსაკუთრებით სუფრის ღვინოებს ეტანება და, შესაბამისად, ამ სახეობის ღვინოების მოხმარებამ, ბოლო მონაცემებით, 23,4 მილიონი ჰექტალიტრი (1 ჰლ - 100 ლიტრი) შედგინა, რაც საერთო მოხმარების 88 პროცენტს უდრის. საქართველოში სუფრის ღვინოების მოხმარება წელიწადში დაახლოებით 1 ჰლ-ს შეადგენს, ეს დაახლოებით ბაზრის 80 პროცენტია.
აშშ-ში სუფრის ღვინოების შემდეგ ყველაზე კარგად სადესერტო ღვინოები იყიდება, წელიწადში 2,0 მილიონი ჰლ - მოხმარებული ღვინის 8 პროცენტი. ამერიკაში ყველაზე ცოტას შუშხუნა ღვინოებს სვამენ, წელიწადში 1,1 ჰლ-ს, რაც საერთო მოხმარების მხოლოდ 4 პროცენტს უდრის.
ღვინის მოხმარების მიხედვით, აშშ მსოფლიოში მესამე ადგილზე იმყოფება. აქ წელიწადში დაახლოებით 25 მილიონ ჰლ ღვინოს სვამენ. ამ ნუსხაში პირველ და მეორე ადგილს (34 და 31 მილიონი ჰლ) საფრანგეთი და იტალია ინაწილებენ.
მიუხედავად ამისა, ერთ სულ მოსახლეზე მოხმარებული ღვინის მოცულობით აშშ მე-6 ადგილზე იმყოფება - წელიწადში 2,5 გალონი. ამ მაჩვენებლების მიხედვითაც, საფრანგეთი და იტალია პირველ-მეორე ადგილზე იმყოფებიან. საქართველო, ღვინის მოხმარების თვალსაზრისით, მხოლოდ მე-14 ადგილზეა - წელიწადში 2 მილიონი ჰლ. რაც შეეხება ღვინის წარმოების მიხედვით, აშშ-ს მსოფლიოში, საფრანგეთის, იტალიისა და ესპანეთის შემდეგ მე-4 ადგილი უკავია. შტატებში წელიწადში საშულოდ 22 მილიონ ჰლ ღვინოს აწარმოებენ. აღსანიშნავია, რომ ამ შკალაში საქართველო ერთ-ერთ ბოლო, 22-ე ადგილზე იმყოფება.
ამერიკელების აბსოლუტური უმრავლესობა, ისევე როგორც მსოფლიო მოსახლეობის დიდი ნაწილი, უპირატესობას ნატურალურ პროდუქტს ანიჭებს. შტატების მოსახლეობის 46 პროცენტი ნატურალურ პროდუქციას არჩევს. მომხმარებელთა 70 პროცენტი აღნიშნავს, რომ კომპანიის შესახებ ინფორმაციის გავრცელება ნიშნავს იმის ცოდნას, თუ რა ზემოქმედებას ახდენს ესა თუ ის კომპანია გარემოზე. შესაბამისად, საზოგადოება უფრო თამამად შეიძენს მის პროდუქციას ან ისარგებლებს მისი მომსახურებით.
რამდენიმე საინტერესო ფაქტი ღვინის ბაზარზე არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით: აშშ-ში 100 საუკეთესო ბრენდიდან 77-ს და ადგილობრივი გაყიდვების 86 პროცენტს 15 კომპანია აკონტროლებს. ამერიკულ ღვინის ბაზარზე მონოპოლიური მდგომარეობა უკავია კომპანიას - Constellation and E&J Gallo.
გასულ წელს, შტატებში ღვინის რეალიზაციის დროს, რამდენიმე საინტერესო ტენდენცია გამოიკვეთა, კერძოდ: ღვინის გაყიდვები რესტორნებში გაიზარდა დაახლოებით 58-59 მილიონ ყუთამდე. რესტორნებში გაყიდული 100 საუკეთესო ღვინის ბრენდიდან 67 აშშ-შია დამზადებული. ამასთან, აშშ ფლობს ღვინის ბაზარზე საუკეთესო 100-დან 67 ბრენდს.
2005 წელს ღვინის ძირითადი მომხმარებლები - 54 პროცენტი, ქალები იყვნენ. ღვინის ყველაზე აქტიურ მომხმარებელთა ასაკი (27 პროცენტი) 50-დან 59 წლამდე მერყეობდა, ყველაზე პასიური ასაკი კი - 21-დან 29 წლამდე.

კალიფორნიის მეღვინეობა

ყველაზე მეტ ღვინოს კალიფორნიაში აწარმოებენ. ბოლო წლების განმავლობაში შტატებში წარმოებული ღვინის 90 პროცენტი სწორედ კალიფორნიაშია ჩამოსხმული, შესაბამისად, სახელმწიფოში გაყიდული ღვინოების ყველაზე დიდი წილი კალიფორნიულზე მოდის. 2005 წლის მონაცემებით, აშშ-ში სამი გაყიდული ბოთლიდან ორი კალიფორნიაში იყო წარმოებული.
ამავე წელს შტატებში სულ 600 მილიონი გალონი ღვინო აწარმოეს, აქედან 550 მილიონი გალონი - კალიფორნიაში. 2005 წელს კალიფორნიული ღვინის რეალიზაციამ შტატებში რეკორდულ მაჩვენებელს - 441 მილიონ გალონს მიაღწია, რომლის ღირებულებამ მთლიანობაში 16 მილიარდ 500 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. ექსპერტების თქმით, კალიფორნია დამოუკიდებელი ქვეყანა რომ ყოფილიყო, მსოფლიოში იგი ღვინის მწარმოებელი მეოთხე სახელმწიფო იქნებოდა.
დღეისათვის კალიფორნიაში 2000-ზე მეტი ღვინის ქარხანაა რეგისტრირებული, რომელთა უმრავლესობა ოჯახური ბიზნესის ნაყოფია. ბოლო მონაცემებით, კალიფორნიის ქარხნების მიერ ბაზრებისთვის მიწოდებული ღვინის ოდენობამ 532 მილიონი გალონი შეადგინა.
კალიფორნიის მეღვინეობა 60 ათასზე მეტ ეტიკეტს ფლობს, რომელიც რეგისტრირებულია აშშ-ში გასაყიდად.
კალიფორნიული ღვინოები, ფასისა და ხარისხის მიხედვით, ძირითადად 4 სახეობად იყოფა: პირველი - ორდინარული ღვინოებია, რომელთა ფასი 7 აშშ დოლარზე ნაკლებია და რომელთაც, გაყიდვების მიხედვით, ბაზარზე ყველაზე დიდი წილი (73 პროცენტი) უკავია. შემდეგ მოდის სუპერ მაღალი ხარისხის ღვინოები, რომელთა ღირებულება 7-14 აშშ დოლარამდე მერყეობს და ბაზრის 17 პროცენტი უკავია. 7 პროცენტი ბაზრის ულტრა მაღალი ხარისხის ღვინოებზე მოდის, მათი ფასი 14-25 დოლარის ფარგლებშია. ყველაზე ძვირი, ე.წ "ფუფუნების" ღვინოებია - 25 დოლარი და მეტი, რაც საერთო გაყიდვების მხოლოდ 3 პროცენტს შეადგენს.
ღვინის ქარხნები და ვენახები, დისნეილენდის შემდეგ, მეორე ყველაზე პოპულარულ ტურისტულ ადგილს წარმოადგენს კალიფორნიაში. შტატში დღესდღეობით არსებული ღვინის რეგიონების სანახავად ყოველწლიურად 14 მილიონ 800 ათასი ტურისტი ჩადის.
აშშ-ს ღვინის მომხმარებელთა სამი მეოთხედი კალიფორნიის შტატის ღვინოს შემდეგნაირად ახასიათებს: "ადვილია მისი გემოთი დატკბობა, მრავალფეროვანია, უნივერსალურია ნებისმიერი შემთხვევისათვის, აქვს კარგი ფასი და სტაბილური ხარისხი. ვერც ერთი სხვა რეგიონი ვერ უტოლდება კალიფორნიის მოცემულ მსყიდველობით კრიტერიუმებს".
ამასთან, გამოკვლევამ აჩვენა, რომ ვინაიდან კალიფორნიული ღვინო აშშ-ს ღვინის მომხმარებლებს შორის ესოდენ პოპულარულია, შტატის მეღვინეობას შეუძლია, ისარგებლოს თავისი განსხვავებული იმიჯით და ღვინის მხარის პეიზაჟი, ტურიზმი და რეგიონების მრვალფეროვნება საკუთარი მოგებისთვისაც გამოიყენოს.

როგორია ღვინის იმპორტი აშშ-ში?

მიუხედავად იმისა, რომ ღვინის წარმოების მიხედვით, აშშ მსოფლიოს პირველ ათეულში მუდმივად იმყოფება, ამ სახელმწიფოში იმპორტირებულ ღვინოზე მოთხოვნა წლიდან წლამდე იზრდება.
უცხოური ღვინის სახეობათა რაოდენობა აშშ-ში სწრაფი ტემპით მატულობს. ღვინის ამერიკულ ბაზარზე წელიწადში დაახლოებით 1500 ახალი ბრენდი ჩნდება.
ერთი შეხედვით უცნაურია, მაგრამ ღვინის ყველაზე დიდი იმპორტიორები შეერთებულ შტატებში ავსტრალიელები არიან. ბოლო მონაცემებით, ამერიკულ ბაზარზე იმპორტირებული ღვინის 45 პროცენტი ავსტრალიურ ღვინოებზე მოდის. მას მოჰყვება იტალიური ღვინო, რომელსაც ბაზრის 29 პროცენტი უკავია. ყველაზე ნაკლები წილი იმპორტის სეგმენტში, დაახლოებით 1 პროცენტი, სამხრეთ აფრიკულ და პორტუგალიურ ღვნოებს აქვს.
აშშ-ში ოფიციალურად 1500-ზე მეტი ღვინის იმპორტიორია რეგისტრირებული, აქედან 5 ყველაზე წარმატებული კომპანია ახორციელებს 50 პროცენტზე მეტი ღვინის იმპორტს. 350-მდე აღწევს შტატებში ბითუმად მოვაჭრეების რაოდენობა, საიდანაც 6 მათგანი ბაზრის ნახევარს - 50 პროცენტს აკონტროლებს.
იმპორტირებული ღვინის ფასები ისეთივე მრავალფეროვანია, როგორც თავად ამ ღვინის ადგილწარმოშობა. ერთი ბოთლი (750 მლ) იმპორტირებული ღვინის საშუალო საცალო ფასი ამჟამად 6,73 აშშ დოლარია. დღეს ბაზარზე მონოპოლიური მდგომარეობა უკავია იმ ღვინოებს, რომელთა ფასი 6 დოლარზე ნაკლებია.
ბოლო 15 წლის მანძილზე დადგინდა, რომ ამერიკელ მომხმარებლებს თეთრიც და წითელი ღვინოებიც ერთნაირად მოსწონთ. 2005 წელს ამერიკელთა 42 პროცენტი წითელ ღვინოებს ანიჭებდა უპირატესობას, 41 კი - თეთრს. ვარდისფერ ღვინოს მოსახლეობის მხოლოდ 17 პროცენტი ყიდულობს.
გაყიდვების მიხედვით, შარშან ამერიკულ ბაზარზე ღვინის ხუთი სახეობა - შარდონე, მერლო, თეთრი ზინფანდელი, კაბერნე და პინო გრიჯიო ლიდერობდა. განხორციელებული გაყიდვების დაახლოებით 60 პროცენტი სწორედ ღვინის ხსენებულ სახეობებზე მოდიოდა.

ქართველი მეღვინეების შანსები

ქართული ღვინო შტატებში დღესაც იყიდება, თუმცა - ძალიან მცირე რაოდენობით; თანაც აშშ-ში ქართული ღვინის ექსპორტის შემცირების ტენდენცია გასულ წელს აშკარად თვალშისაცემი გახდა. 2005 წელს სხვადასხვა შტატში 2 მილიონ 437 ათასი აშშ დოლარის ღირებულების ქართული ღვინო გაიყიდა, მომდევნო ერთ წელიწადში კი ეს მაჩვენებელი თითქმის განახევრდა. სტატისტიკის დეპარტამენტის მონაცემებით, გასულ წელს აშშ-ში მხოლოდ 1 მილიონ 587 ათასი დოლარის ღირებულების ღვინის ექსპორტი დაფიქსირდა და როგორც ექსპერტები ვარაუდობენ, კლების ტენდენცია წელსაც გაგრძელდება. ამის მიზეზები ძალიან ბევრია, მათ შორის ორი ყველაზე მნიშვნელოვანი - ქართული ღვინის მაღალი ფასი და ცნობადობის დეფიციტი.
დღეს აშშ-ში ქართულ ღვინოს ყველაზე დიდი რაოდენობით ქართველი და ზოგჯერ რუსი ემიგრანტები ყიდულობენ, ანუ ის ადამიანები, ვისთვისაც ქართული ღვინო და, მით უმეტეს, საქართველო უცნობი ნამდვილად არ არის. რამდენიმე იშვიათ გამონაკლისს თუ არ ჩავთვლით, თამამად შეიძლება იმის თქმა, რომ ამერიკელების აბსოლუტურ უმრავლესობას ქართული ღვინო არც კი გაუსინჯავს.
თბილისის ბიზნეს სერვის ცენტრის პრეზიდენტი პაულ კლარკი "მარანთან" საუბრის დროს ერთ ასეთ შემთხვევას იხსენებს: "ამერიკაში ერთ-ერთი ღვინის მაღაზიის მეპატრონეს, რომელიც მინიმუმ 4000 დასახელების ღვინოს ყიდის, 18-დოლარიანი ქართული ღვინო თვეების განმავლობაში ედო თაროზე. არ იყიდებოდა. მაღაზიის მეპატრონე ბოლოს იმ გადაწყვეტილებამდე მივიდა, რომ ღვინო 2 დოლარამდე ჩამოაფასა. ბუნებრივია, მან იზარალა, მაგრამ იმ წუთს ნამდვილად ერჩივნა თარო გაეთავისუფლებინა და ეს ადგილი სხვა ღვინისთვის დაეთმო, რომელიც ყველაზე კარგად ეყიდება. ამ მაღაზიის მეპატრონე გამონაკლისი ნამდვილად არ არის, თითქმის ასე იქცევა ყველა, ვისაც ქართული ღვინის რეალიზაციის დროს პრობლემები ექმნება. ბუნებრივია, რომ ისინი მომავალში დისტრიბუტორისგან ქართულ ღვინოს აღარ იყიდიან".
ამ მონათხრობს და კიდევ ზემოთ ნათქვამს თუ გავითვალისწინებთ, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ქართველ მეღვინეებს აშშ-ს ბაზარზე არათუ ფეხის მყარად მოკიდების, არამედ მომდევნო რამდენიმე წელიწადში იქიდან სრულად გამოდევნის პერსპექტივა ემუქრებათ. ეს ნამდვილად ასე მოხდება, თუკი, პაულ კლარკის თქმით, ქართველი ღვინის მწარმოებელები ამერიკულ ბაზარზე ინდივიდუალურად მოქმედებას გააგრძელებენ: "ვფიქრობ, რომ თუკი ქართველ მეღვინეებს ნამდვილად სურთ ამერიკულ ბაზარზე ადგილის დამკვიდრება, ისინი უნდა გაერთიანდნენ და ერთობლივი ძალებით შეეცადონ ამერიკული ბაზრის გაჭრას", - განუმარტა "მარანს" პაულ კლარკმა.
რა იგულისხმება ძალების გაერთიანებაში? თბილისის ბიზნეს სერვის ცენტრის წარმომადგენელის - მაგდა ქაჯაიას თქმით, მისმა კომპანიამ ცოტა ხნის წინათ შეისწავლა ამერიკის, უფრო ზუსტად კი, ჩიკაგოს ბაზარი და იქ ქართული ღვინის რეალიზაციის პერსპექტივები. ამის პარალელურად, თბილისის ბიზნეს სერვის ცენტრის დაფინანსებით, შტატებში გაიგზავნა 35 დასახელების სხვადასხვა კომპანიის მიერ წარმოებული ქართული ღვინო ამერიკული რესტორნების, მაღაზიების, დისტრიბუტორების, იმპორტიორებისა და ექსპერტებისათვის. დეგუსტაციის შემდეგ მომზადდა სპეციალური მოხსენება, რომელიც ქართველი მეღვინეებისთვის, როგორც მაგდა ქაჯაია ამბობს, ძალიან მნიშვნელოვან ინფორმაციას შეიცავს. ის აღნიშნავს, რომ შტატებში გაგზავნილი და გასინჯული ღვინოების 35 პროცენტი აბსოლუტურად ყველანაირი კრიტერიუმით შეესატყვისება ამერიკელი მოსახლეობის გემოვნებასა და მოთხოვნილებას.
"ამის შემდეგ ჩვენ შევიმუშავეთ სპეციალური გეგმა და სტრატეგია. ვგეგმავთ, რომ შევქმნათ ქართული ღვინის პორტფელი, სადაც შევა სხვადასხვა ფერის, ფასისა და გემოს, მინიმუმ 12 დასახელების ღვინო, რაც იძლევა იმის საშუალებას, რომ ამერიკულ რესტორნებში, ღვინის მაღაზიებსა და სუპერმარკეტებში შეიქმნას სპეციალური კუთხე ქართული ღვინისთვის. ეს კი, მერწმუნეთ, ამერიკელი მომხმარებლისთვის შეუმჩნეველი ნამდვილად არ დარჩება", - გვითხრა მაგდა ქაჯაიამ.
ზემოთ ხსენებული სტრატეგიის შემდეგი ეტაპი ჩიკაგოში სპეციალური ქართული ღვინის მარკეტინგული სამსახურის შექმნას გულისხმობს, რომლის ძირითადი საქმიანობა ადგილობრივ ბაზარზე გასაღების ქსელებთან მჭიდრო ურთიერთობის დამყარება იქნება. "აუცილებელია, რომ ღვინის მაღაზიის მეპატრონეებს, გამყიდველებს, და ყველას, ვისაც მომხმარებელთან აქვს კავშირი, ამომწურავი ინფორმაცია მიეწოდოს ქართული ღვინოების შესახებ. ვგულისხმობ დამზადების ტექნოლოგიას, გემოს, წარმოშობას... იგივე უნდა მოხდეს რესტორნების მეპატრონეებთან ურთიერთობის დროს. კლიენტი რომ რესტორანში შევა, იქ უნდა დახვდეს ისეთი პირი, რომელსაც შეეძლება, თამამად ისაუბროს ქართული ღვინის თავისებურებებზე. დღეს ამ ადამიანებს ფაქტობრივად ასეთი ინფორმაცია არა აქვთ," – ამბობს თბილისის ბიზნეს სერვის ცენტრის პრეზიდენტი.
ამ სამუშაოების განხორციელების შემდეგაც კი ძალიან რთული, თითქმის შეუძლებელი იქნება საქართველოსთვის აშშ-ს ღვინის იმპორტიორთა ათეულში მოხვედრა, თუმცა როგორც მაგდა ქაჯაია ამბობს, "გვაქვს სერიოზული შანსი, რომ ამერიკის ერთ რომელიმე კონკრეტულ ბაზარზე ქართული ღვინო დომინანტი გახდეს. თუმცა ეს ერთ და ორ კვირაში ნამდვილად ვერ მოხდება. უნდა ვივარაუდოთ, რომ ამას 6-9-თვიანი სერიოზული მუშაობა დასჭირდება".


© „მარანი“