Saturday 26 April 2008

კინტო აღდგომა დღეს


ქრისტე აღსდგა! იმისი მადლი შეგეწიო, ძმებოჯან! იცით ქრისტე რა, ან ვინ იყო? ვა, ვა, სული იყო რაღა თურმე, ბიჭო, სული! სხვებსავით-კი ნამარდი არ იყო. ისეთი სამოთხის ნუგბარი რამ იყო თურმე, რომ ძმაბიჭისთვის სიყმე რა არის, სიყმე, სიყმეს არ დაიშურებდა. ერთხელ თურმე ჩვენისთანა ბიჭს ქორწილი ჰქონდა. შუა ლხინში რომ არიან და ჯიხვები, ხელადები, ყანწები, კულები და აზარფეშები ართურმასა და მიჭკამალაყს გადადიან, ამ დროს, ბიჭებოჯან, თურმე ერთი "ნესჩასტია" არ მოუვიდათ... ღვინის კოლოტი დაცარიელდა. მაშინვე ყველანი თამადას მიეხვივნენ: ჰა, თამადავ, სუფრის მამა ხარ, შენ უნდა გვიშველო რამეო! მაგრამ თამადა რას უშველიდა. ყველანი აქეთ-იქით ეცნენ, არ იციან უღვინოდ რა ჰქნან. ამ დროს შებრძანდა თურმე იესო ქრისტე ლოცვითა და კურთხევით, გადასწერა პირჯვარი ყველას, შეიტყო იმათი დარდი. მერე, ძმებოჯან, მოატანინა ექვსი რუმბი და მტკვრის წყლით გაავსებინა; ჯერ ეშმაკი დასწყევლა და შეაჩვენა, მერე სამჯერ პირჯვარი გადასწერა თურმე რუმბებს, ვენაცვალე ქრისტეში, და მტკვრის წყალი წითელ კახურ ღვინოდ გარდააქცია... მაშა, კახურ ღვინოდ, იესო ქრისტეს გეფიცებით!
ყველას სიკეთეს უშვრებოდა თურმე ქრისტე, კაი კაცობის ჩახმახი იყო; იმის დროს ავი და ნამარდი კაცი სირცხვილით ქუჩაში თავს ვერა ჰყოფდა. ყველას უნდოდათ დაეჭირათ, მოეკლათ, ჯვარზე ეცვათ, რადგან ჩვენისთანა საწყალს ბიჭს ქომაგობას უწევდა. ისეთი მადლიანი იყო თურმე, რომ ბრმებს თვალებს უხელდა, კოჭლებს ფეხებს უმთელებდა, ქაჩლებს თმას ამოუყვანდა, კუტებს ფეხზედ წამოაყენებდა და ათას სხვა ამ გვარს სასწაულს და სიკეთეს სთესავდა. იმ ექიმებს-კი არა ჰგვანდა, ცხრა თთვე რომ წამლით გაგხეთქავენ და მერე უზიარებლად ამოგართმევენ სულსა; არა, იესო ქრისტე ერთს შეუბერავდა, ისეთი მადლიანი იყო, და მკვდარს კაცს ფეხზედ დააყენებდა! იუდა ისკარიოტელი ვიყო, თუ ვსტყუოდე... ახლა, ბიჭებო-და, იუდა-კი იცით რა ჯეელი და ვინ იყო. ერთი ჯოჯოხეთის მაშხალა, ერთი ქრისტეს ფეხის მომჭმელი, ვირის თავ-ფეხა, მოუკუპრავი ტიკი, სახრჩობელას ბოძი, ჯორცხენას ალიკაპი, ვირის აბანოს "სტაროსტა", ჯირგინის საწმენდელი ფეშტამალი, ქალამნის კალაპოტი, ყასაბხანის კუნძი, ერთი... ერთი... ისეთი ვირ-ეშმაკა, რომ მახათის გორაზე ჩამოსაკიდი რაღა, ვა! იესო ქრისტეს თორმეტი შეგირდი ჰყვანდა, რომელთაც ჭკუასა და მადლიანის საქმის გაკეთებას ასწავლიდა. იუდა ისკარიოტელიც, - უჰ, იმის ფათრეთი-კი დაიქცა, აჰაი, - იესო ქრისტეს შეგირდებში ერია. როცა ქრისტეს დაეძებდნენ და ვერ ეპოვნათ, მაშინ იუდას ფული აჩუქეს, "აჩიშჩენია" გადააკვრევინეს რაღა, და იმან უჩვენა თურმე: აი, იესო ქრისტე ესა-და-ეს კაცია და თუ "ტრიცეტკა" არაყს დამალევინებთ, რაც გინდა უყავით, მე რა მენაღვლებაო. იმათაც ჩაახეთქეს თურმე არაყი და იესო ქრისტე-კი დაიჭირეს და ბოძზე გააკრეს; ხელ-ფეხი დაულურსმეს თურმე და სულ წვალებით სული ამოართვეს. მაგრამ ქრისტეს რა მოჰკლავდა, ღმერთი იყო, ვენაცვალე ქრისტე-ღმერთში; მესამე დღეზედ, როცა დაჰმარხეს და დიდი ქვა დაადეს, ეშინოდათ არ ამოვიდესო, ზეციდგან ფრთიანი ანგელოზები გადმოფრინდნენ თურმე კელეპტარით ხელში, ლოდი გადააგორეს საფლავიდგან და ცოცხალი ქრისტე-კი გამობრძანდა, ფეხზედ წამოდგა რაღა. მაშინვე კვერცხები შეჰღებეს და მიულოცეს თურმე ერთმანეთს ქრისტეს აღდგომა. ურიები თურმე პირ-ქვე დაემხვნენ და სირცხვილით მზეს ვეღარ უყურებდნენ იესო ქრისტეს წვალებისა და ტანჯვისათვის. მეორმოცე დღეს იესო ქრისტემ, რაკი ასე აწყენინეს დედამიწაზე, ხელები გაჰშალა და მტრედსავით მაღლა-მაღლა წავიდა, პირდაპირ სამოთხეში. დღევანდელი დღე იესო ქრისტეს საფლავიდგან აღდგომისა და იმის მტანჯველების პირქვე დამხობის დღეა, ძმებოჯან! ამიტომ არის, რომ ყველა ქრისტიანი-ძე ფეხზე წამომდგარა, პირი ღვთისაკენ მოუბრუნებია და ტარტაროზის ლოცვა-კურთხევისათვის თავი დაუნებებია. ვა, ვა, ერთი ქვეყანას შეხედეთ, ლოთებო, და!..

ალუბლის ხე წითლად შეკოკრებულა,
ცოცავს, დადის ზედ ლოთი ჭიანჭველა;
ჭიაფერა ტურფად შეხამებულა,
ფეხზედა ჰსდგას, საპყარი, კუტი, - ყველა!

ცა ვარსკვლავით მოჭედილა, კაშკაშებს,
შემოუკრავს ჩიხტ-კოპად ცისარტყელა,
წყალი ჩუხჩუხა დამწვარს გულს ანუგეშებს, -
ფეხზედა ჰსდგას საპყარი, კუტი, - ყველა!

ორთაჭალის კარები გაღებულა,
იქ შეყრილან საქუა, არაქელა...
ჭია-ფერად კვერცხი აგორებულა, -
ფეხზედა ჰსდგას საპყარი, კუტი, - ყველა!

დამხობილა პირ-ქვე კაცი ნამარდი,
ვინც სხვას სტაცა, სხვის კერა დაანელა,
ტანჯულთ ტურფად გარდაშლიათ გულს ვარდი,
ფეხზედა ჰსდგას საპყარი, კუტი, - ყველა!

გასცვეთია ლილა ბოროტებასა,
ობოლთ ცრემლით ქვეყანა დაასველა,
ჰკმარა, აწ-კი გილოცავთ აღდგომასა!
ფეხზედა ჰსდგას საპყარი, კუტი, - ყველა!

გაიშალეთ წელში, დატანჯულებო,
კმარა, რაც რომ მტერმა გვცარცვა და გვწყევლა,
გაიხედეთ, ძმა-ბიჭებო, სულებო:
ფეხზედა ჰსდგას საპყარი, კუტი, - ყველა!

"ივერია" ¹87, 1888 წ.


© „მარანი“

2 comments:

Anonymous said...

დაილოცოს ამის მთქმელ-დამწერი!

კარგი რამ კი გამოსვლია აი.

ქრისტეს აღდგომას მოგილოცავთ - ყველას.

Anonymous said...

gavcvalot linkebi?

http://www.loesje.ge