Monday 5 May 2008

გიორგობა და "გეორგია"


რეზო გეთიაშვილი

გიორგობის დღესასწაული, როგორც წესი, წმინდა გიორგის სახელზე ცხვრის შეწირვასთან ასოცირდება.
თებერვალ-მარტში გაჩენილ ბატკანს, აგვისტოში გაპარსვის შემდეგ, მომდევნო წლის გაზაფხულამდე თოხლს ეძახიან და გიორგობისთვისაც მეტწილად ახალგაზრდა მამალი ცხვარი, თოხლი იკვლება. თუმცა, შეიძლება ერთ წელს გადაცილებული "რქებდაგრეხილი" ჭედილაც დაიკლას. ეს აღთქმაზეა დამოკიდებული.
თოხლის ხორცი, ისევე როგორც ბატკნისა, ახალი ხილივით გემრიელი, უწყინარი და მარგებელია. თუმცა, თუკი ბატკნისგან ჩაქაფულს, მწვადს, ყაურმას და ხინკალსაც ამზადებენ, გიორგობაზე მხოლოდ ხაშლამაა მიღებული - მშრალად მოხარშული ხორცი ყოველგვარი სიმწარეებისა და სანელებლების გარეშე.

ქრიტიანობა და მსხვერპლშეწირვა?

ცხვარს საქართველოში ოდითგანვე ოჯახის ბარაქასთან აიგივებდნენ. შემორჩენილია უძველესი წარმართული თქმულება, რომლის მიხედვითაც ცხვარი ყოველგვარ ამქვეყნიურ ბედნიერებასთანაა გაიგივებული. საქართველოში ცხრისა და მეცხვარეობისადმი განსაკუთრებულ დამოკიდებულების დასტურად, სხვაზეც რომ არაფერი ვთქვათ, ოქროს საწმისის მითიც საკმარისია. ჩვენი დაუდევრობა რომ არა, ქართული ტრადიციული მეცხვარეობის ღირსებაზე საუკეთესო წარმოდგენას დღეს უკვე გადაშენებული ქართული ცხვრის უნიკალური ჯიშები შეგვიქმნიდა.
ცხვარს, სხვა ცხოველებისგან განსხვავებით, ჩვენი წინაპრები ჩვეულებრივ საკლავად არ იყენებდნენ და მის დაკვლას რაიმე ღირსშესანიშნავ მოვლენას უკავშირებდნენ.
საკლავის შეწირვის რიტუალი წინაქრისტიანული პერიოდისაა. თუმცა, იგი ქრისტიანობასთან ძალიან მარტივად გაიგივდა. არსებობს თმულება იმის შესახებ, რომ როდესაც თამარ მეფემ მთის მოსახლეობას ქრისტიანობა მიაღებინა, მათ მეფისა და ღმერთის ერთგულების ნიშნად თამარის ფეხქვეშ დიდი ჭედილა დაკლეს. ეს ადათი შემდეგ პერიოდში უკვე ქრისტიანულ რიტუალად იქცა.
საკლავის რქაზე დანთებული სანთელი და ბოროტი ძალების განსადევნად ცხვრის შუბლზე აჭრილი მატყლის დაწვა სწორედ ქრისტიანული და წარმართული რიტუალების სინთეზია.
საბჭოთა პერიოდში, როდესაც ქრისტიანობა ოფიციალურად იდევნებოდა, ჩვენში რწმენის შენარჩუნებას სწორედ ძირძველი ტრადიციების ერთგულება დაეხმარა. წმინდანთა სადიდებლად საკლავის შეწირვის რიტუალმა შემოგვინახა ძირძველი ქართული ეკლესიები - წმინდა ლომისი, ილორი თუ მრავალი სხვა წმინდა ადგილი.
არქიმანდრიტი გაბრიელი, კუკიის წმინდა ნინოს სახელობის ეკლესიის წინამძღვარი: "როგორც იოანეს სახარება გვამცნობს, თავდაპირველად იყო სიტყვა და სიტყვა იყო ღმერთთან და სიტყვა იყო ღმერთი. ყოველგვარი შეწირულობა დაკავშირებულია სიტყვასთან. ოდითგანვე ქართველი კაცი ღმერთს დახმარებას სთხოვდა და შესაწირავის შესახებ აღთქმასაც აძლევდა. ზოგი გარკვეულ თანხას პირდებოდა, ზოგი - რაიმე ნივთს, უფრო ხშირად კი - ცოცხალ არსებას, საკლავს სწირავდნენ.
ეს ტრადიცია 20 საუკუნეს ითვლის. ვინაიდან დღემდე მოაღწია, მაშასადამე, მართალი ტრადიციაა და ამის მოშლა არ შეიძლება. ხალხს მიაჩნია, რომ ამ გზით უფალთან კონტაქტს ამყარებს და ამის აკრძალვა ხალხის მიერ აღთქმული და დამკვიდრებული აღთქმის ღალატიც იქნება და სარწმუნოებაზეც ცუდად იმოქმედებს.
ცოცხალი არსების შეწირვას თავისი წესი აქვს. ზოგი ცოცხლად სწირავს, ზოგიც დაკვლით. საკლავის ხორცს მშრალად, ყოველგვარი სანელებლის გარეშე ხარშავენ, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ ეს რიტუალი კუჭის სასარგებლოდ არ არის გამიზნული.
რაც მთავარია, შეწირულობას თან ახლავს მოწყალება. ამაოა სარწმუნოება გარეშე კეთილისა საქმისა. მოხარშულ ხორცს გაჭირვებულს ურიგებენ და ხორცის ნაჭერი შესაძლოა ვინმე ისეთსაც შეხვდეს, ვისაც დიდი ხანია, ენატრება".

მთისა და ბარის სალოცავები

აღმოსავლეთ საქართველოს მთიანი რეგიონებიდან უკვე დიდი ხნის წინ ჩამორეკილი ცხვარი ძირითადად ამ დღეს იყიდება. მწყემსები თავიანთ ფარებით დიღმის ხიდთან, სარაჯიშვილის მეტროსთან, ზაჰესთან, ვარკეთილის ხიდებთან და თბილისის სხვა ადგილებში დგანან და ცხვრებს წონისა და ასაკის შესაბამისად ყიდიან.
ამჯერად ავჭალაში, "სინათლის" სტადიონთან მდგომ მეცხვარეებს შევხვდით. ჩვენი რესპონდენტები გუდამაყრელები აღმოჩნდნენ და მთაში სუფთად შემორჩენილ გიორგობის რიტუალზე ისაუბრეს.
მთის სალოცავებში, გიორგობაზე საკმაოდ ბევრი მორწმუნე მიდის, მთავარ როლს ხევისბერი და დასტური ასრულებენ. დასტური გვარის თუ სოფლის მიერ ირჩევა და ამ ხნის განმავლობაში ხატს უნდა ემსახუროს. დღესასწაულებზე დასტურს საკმაოდ დიდი ჯაფა ადგება, იგი ხევისბერს გვერდით უდგას და ყოველგვარ საქმეში იღებს მონაწილეობას - საკლავის დაკვლიდან ხორცის მოხარშვამდე.
გიორგობაზე ამოსულ მლოცველებს სალოცავში რიტუალის შესასრულებლად საკლავთან ერთად "ორი ხელი სანთელი" და ერთი ბოთლი ღვინო ან არაყი მიაქვთ. ხალხში დამკვიდრებული ტრადიციის მიხედვით, უნდა დაინთოს 2 ან 4 სანთელი, ხოლო კენტი სანთელი მიცვალებული სული მოსახსენებლად ინთება.
ეკლესიების გარდა წმინდა ადგილად ის ნიშებიც ითვლება, სადაც "წმინდა გიორგის ანგელოზი ბრძანდება". თუკი ეკლესიაა, მაშინ საკლავს ეკლესიის ირგვლივ ერთხელ ან სამჯერ შემოატარებენ.
საკლავის დასაკლავად ყველა სალოცავთან ახლოს განსაკუთრებული ადგილი არსებობს, ოდნავ მოშორებით კი, საგანგებოდ მოწყობილი მაგიდებია, სადაც ლხინის სუფრა უნდა გაიშალოს.
მიმყვანმა ცხვარი არ უნდა დაკლას. ამას რიტუალის დასრულების შემდეგ დასტური აკეთებს. თუ ხარია დასაკლავი, მაშინ მას ხალხიც ეხმარება. როგორც სალოცავთან, ასევე იმ ადგილას, სადაც საკლავი იკვლება, ქალების მისვლა დაუშვებელია. კერძსაც მამაკაცი ამზადებს.
ხევისბერი, რომელიც პირით აღმოსავლეთისკენაა, სანთელს ანთებს, ცხვარს შუბლს ან მარჯვენა მხარს სამჯერ შეუტრუსავს, ღვინოს ან პურის არაყს საგანგებო ვერცხლის თასში ასხამს და ილოცება. პირველად ღმერთს ახსენებს, მერე ყველა სალოცავის სახელებს ჩამოთვლის და მათ სადიდებელ სიტყვებს წარმოთქვამს.
საკლავის სისხლისგან მონათლულ ბავშვებს ჯვარს უკეთებენ, რასაც "ხატში გარევა" (ან გაყვანა) ჰქვია.
ივანე ჩოხელი, გუდამაყარი: "შესაძლოა საკლავი ვინმეს სახელზეც დაიკლას, რომელიც, სასურველია, ამ რიტუალს თვითონვე დაესწროს. ტრადიციულად, ცხვრის მარჯვენა ბეჭი და ხშირად მთელი მარჯვენა ნახევარი სალოცავში რჩება. დასტური ამ ხორცს იმ ადამიანებს უნაწილებს, ვინც საკლავი ვერ შესწირა. მშიერის და მწყურვალის დაპურება ამ რიტუალის მთავარი ელემენტია".
წესისამებრ, ცხვრის თავი ხევისბერისაა. თუმცა, ხევისბერს თავი აღარ მიაქვს და ესეც გაჭირვებულების საკუთრება ხდება.
სალოცავზე გულიანი ქადები მოაქვთ და ლხინის სუფრა იშლება. ამ სუფრაზე ქათმის, ღორის ხორცის თუ კვერცხისაგან მომზადებული საჭმელები არ უნდა გაშალო. სუფრაზე ქალებიც არიან და ბავშვებიც. ირჩევა თამადა და იწყება სადღეგრძელოები.
ვასილ გვრიტიშვილი, გუდამაყარი: "არის საგანგებო სასტუმრო მაგიდები, სადაც დასტურები სტუმრებს უმასპინძლდებიან. სალოცავში საგანგებოდ ინახავენ თასებს, რომლის შესახებაც ხევისბერისა და დასტურის გარდა არავინ იცის. ამ თასით სტუმარმა ღმერთის სადიდებელი უნდა დალიოს.
სუფრასთან ხევისბერის მიპატიჟება აუცილებელია. უნდა აანთებინო სანთელი, დაალოცვინო სუფრა და ოჯახი".
პირველი სადღეგრძელო ღმერთის სადიდებელია, მეორე - სალოცავების, განსაკუთრებით კი იმ სალოცავის, რომლის კარზეც ხარ მისული და ლოცულობ.
აუცილებლად უნდა დაილიოს ყველა იმ მლოცავის სადღეგრძელო, ვინც წესს მისდევს და რიგს არ შლის. ისმება ხევისბერისა და დასტურის სადღგრძელო.
მთაში ცხვარი თითქმნის ყველას ჰყავს და წმინდა გიორგის სახელის სადიდებლად საკლავის შეწირვის რიტუალის ძირითადი გმირებიც სწორედ მეცხვარეები არიან. სალოცავისთვის შესაწირად აღთქმულ ბატკანს დაბადებიდან რამდენიმე დღეში მარჯვენა ყურს უხევენ და წინასწარ უთქვამენ, წმინდა გიორგის რომელ სალოცავს უნდა დაუკლან და რამდენი წლის შემდეგ. ხატს ძირითადად სამი წლის ჭედილას სწირავენ.
ვასილ ჩოხელი: "თუ შეუთქვი და არ განახორციელე, აუცილებლად მოგცემს მიზეზს. ესე იგი, რაღაც შეგემთხვევა. შესაძლოა, ეს ცოდვა შვილზეც გადავიდეს. ამიტომ წინაპრების გატეხილ აღთქმას ხშირად შვილები გამოისყიდიან. ესეც მამა-პაპითგან წამოსული ტრადიციაა. უწინ მთაში და ბარშიც ერთი და იგივე ტრადიციები იყო. ეს ტრადიციები დღეს, თავისი პირველადი სახით მთაშიღა შემორჩა. ქალაქში ცხვარი როგორ დაკლან, ისიც არ იციან".
ხევისბერებს შორის ზოგიერთი განსაკუთრებული ავტორიტეტით სარგებლობს, უფალთანაც უფრო ახლო კავშირი აქვს და ხალხისაც კარგად ესმის. ზოგიერთ ხევისბერს ნათელმხილველობის უნარსაც მიაწერენ. გუდამაყრელები გიორგი წიკლაურს იგონებენ, რომელმაც თანასოფლელებს რატომღაც ხევსურეთში წასვლა აუკრძალა. გუდამაყრელებმა არ დაიშალეს და გიორგობის დღესასწაულზე მაინც წავიდნენ წვერიახოსკენ, სადაც ფუძის ანგელოზი ბრძანდება. მომლოცველებს გზად ყაჩაღები დახვდნენ და კაცი მოუკლეს.

გიორგობა პატარძეულში და პარიზში

მთაში ყველა გვარს თავისი სალოცავი აქვს. ჩოხელებს - ჩოხის წმინდა გიორგი, წიკლაურებს და ბექაურებს - პირიმზის ფუძის ანგელოზი, გვრიტიშვილებს - წვერის ანგელოზი. ბარში სხვა ტრადიციაა.
იაგო უსტიაშვილი, სოფელი პატარძეული: "მარტო ჩემს სოფელში, პატარძეულში, წმინდა გიორგის სახელობის 23 ეკლესია და ეკლესიის ნაშთია. ამ ეკლესიებში ძირითადად, პატარძეულელები დადიან. ეკლესიებს გვარების და ადგილმდებარეობის მიხედვით არ ირჩევდნენ, ყველა ყველგან დადის.
ზოგჯერ შეწირულ ცხვარს ცოცხლადაც უშვებენ, თუმცა, ხშირად წინასწარ იციან, ამ ცხვარს ვინ წაიყვანს. ტრადიციის მიხედვით, მისი ხორცის ჭამა ოჯახის წევრებს არ შეუძლიათ. ყოფილა შემთხვევები, როცა ცხვარი ტყეშიც დაკარგულა".
წმინდა გიორგის სასწაულმოქმედებებზე სოფელში უამრავ ამბავს მოისმენ. სოფლელები თვითონვე არიან ასეთი "სასწაულის" შემსწრე და თავისი და თავისი ახლობლების კარგად ყოფნაში სწორედ წმინდა გიორგის ემადლიერებიან.
"ერთხელ 15-მდე კაცი ერთ მანქანაში ჩავსხედით, წმინდა გიორგის სახელზე ჭედილა დავკალით და მოვულხინეთ. უკან დაბრუნებისას მანქანა ციცაბო ფერდობზე გადაგვიბრუნდა და ისე დაიმტვრა, მის გაკეთებაზე პატრონს აღარც კი უფიქრია. არადა, 15 კაციდან, რომლებიც ამ ერთ მანქანაში ვისხედით, არავინ დაშავებულა".
წმინდა გიორგის სახელზე დადებული აღთქმა გონივრული უნდა იყოს და შეწირვის ადათიც შესაბამისად უნდა შესრულდეს. თბილისელმა გოგა ლალიაშვილმა თავისი უბნელების ისტორია გვიამბო, რომლებმაც საფრანგეთში წასვლისთვის დახმარება წმინდა გიორგის სთხოვეს და წასვლის შემთხვევაში საკლავსაც შეპირდნენ. საფრანგეთში ჩასულებმა თოხლი მართლა იყიდეს, პარიზის ერთ-ერთ ხალხმრავალ პარკში დაკლეს, ხეზე ჩამოკიდეს და გატყავებას შეუდგნენ. მოვიდა პოლიცია, დაიჭირა და ორ დღეში დეპორტაცია გაუკეთა.
არქიმანდრიტი გაბრიელი: "გილოცავთ წმინდა გიორგობას. ყოველი დღე ჩვენთვის წმინდა გიორგობაა, რადგან მის სახელზე საქართველოში იმდენი სალოცავია აშენებული, რამდენი დღეცაა წელიწადში. ქართველ ხალხს გიორგინებს სწორედ როგორც წმინდა გიორგის თაყვანისმცემლებს უწოდებდნენ და არა - როგორც მიწათმოქმედებს".
© „მარანი“

No comments: