Tuesday 6 May 2008

ჰიუ ჯონსონი - ღვინის ისტორია - რისორჯიმენტოს ღვინო


მაინც რომელი ღვინით უნდა აღენიშნათ იტალიელებს 1860-იან წლებში თავიანთი მრავალტანჯული დაქუცმაცებული ქვეყნის დიდი ხნის ნანატრი გაერთიანების სიხარული? თქვენ ფიქრობთ, რომ ფლორენციის გადაჭედილ კაფეებში ლიბერალები Chianti-თ სავსე ბოკალებით სვამდნენ ერთიანი იტალიის სადიდებელს? სამწუხაროდ, ისინი ბორდოსა და ბურგუნდიულს მიირთმევდნენ! მაგრამ სწორედ მათ შორის გამოჩნდნენ ისეთნიც, ვინც საფუძველი ჩაუყარა ახალი იტალიური მეღვინეობის ისტორიას. XIX საუკუნის იტალიაში მეღვინეობის რისორჯიმენტოს - აღორძინების - შესახებ მოგვითხრობს ჰიუ ჯონსონი "ღვინის ისტორიის" მორიგ თავში.

ენოტრია - ღვინის მიწა

აპენინის ნახევარკუნძულს "ღვინის მიწა" ძველმა ბერძნებმა შეარქვეს, და მრავალი საუკუნის განმავლობაში იტალიაში ღვინო ეკონომიკის ბევრად უფრო მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენდა, ვიდრე საფრანგეთში. იტალიაში ყურძენი ყველგან, თითოეულ პროვინციაში ხარობს. თუმცა, ყოველ შემთხვევაში XVIII-XIX საუკუნეებში, აქ შეინიშნებოდა განუწყვეტელი შინაომებით დანაწევრებულ ქვეყანაში მცხოვრები ტიპური იტალიელი გლეხისთვის დამახასიათებელი ნიუანსი, - პასიურობა და სიზარმაცე. "ავსტრალიური მეღვინეობის მამამ", ჯეიმს ბესბიმ, იტალიაში მოგზაურობისას ბედნიერების საკუთარი ფორმულა გამოიყვანა: "ვენახის ჩეროში ცოლთან-შვილთან ერთად ჯდომა და აუდგომლად მწიფე მტევნების მოწყვეტა". იტალიის ნაყოფიერი მიწა მთელი ევროპისთვის სამოთხისეული კუთხის სიმბოლო იყო, მაგრამ აღთქმულ მიწაზე უქნარები სახლობდნენ.
XIX საუკუნის დასაწყისში, მიმომხილველი ანდრე ჟიულიენი (Jullien) იტალიურ ღვინოებზე უფრო იმედგაცრუებული წერდა, ვიდრე მოწონებით: "შეიძლება ვიფიქროთ, რომ ეს ქვეყანა ევროპაში საუკეთესო ღვინოებს უნდა იძლეოდეს; მაგრამ იმ დროს, როცა მეღვინეობისთვის ნაკლებად შესაფერისი მხარეების მცხოვრებნი ძალ-ღონეს არ იშურებენ ვაზის ისეთი ჯიშების შესარჩევად, რომლებიც არახელსაყრელ კლიმატში კარგ ნაყოფს გამოიღებდა, ვაზის თავისით გაზრდას მიჩვეული იტალიელები არაფერს აკეთებენ თავიანთი მიღწევების განსამტკიცებლად. ისინი თავიანთ ვაზზე იქაც კი არ ზრუნავენ, სადაც მათი პროდუქტის ხარისხი გაუმჯობესებას მოითხოვს..."
"ნაყოფთა თავისუფლება, თანასწორობა და ძმობა" - ასე უწოდებდა იტალიური მეღვინეობის პრაქტიკას ფრანგული მეღვინეობის ფილოსოფოსი ჟიულ გიუიო (Guyot). თითქმის მთელ იტალიაში ყურძენი უკონტროლოდ ეხვეოდა ხილის ხეებს; ზემოთ წასული ვაზები ერთმანეთში იგრიხებოდა, ხოლო "მზრუნველი პატრონები" ძირში მათ პომიდვრის, ბადრიჯნის ან წიწიბურას ჩითილებს ურგავდნენ, რის გამოც, გიუიოს თქმით, ყურძენი თავისი ძალისა და პოტენციური ხარისხის სამ მეოთხედს კარგავდა. იტალიური ვენახების ასეთ "სტილს" ჯერ კიდევ პლინიუსი აღწერდა და ეს სტილი - "ნაყოფთა და მარცვალთა ძმობა" - ნაპოლეონის ომების დროსაც პატივში რჩებოდა. XIX საუკუნეში იტალიური ღვინოები ორ კატეგორიად იყოფოდა. უმრავლესობას შეადგენდა ალუბალზე შემოხვეული ვაზის - ."ხილთა ძმობის" - ნაყოფისგან დამზადებული ღვინო, ხოლო უმცირესობას - ღვინო, რომელიც იწარმოებოდა ჩვეულებრივ ვენახებში, სადაც ვაზები აკურატულ ბუჩქნარებად რჩებოდა. ამ უკანასკნელთა ადგილმდებარეობის მიხედვით, ისევე როგორც ორი ათასი წლის წინ, უშეცდომოდ შეიძლებოდა იმ რაიონების გამოცნობა, რომლებიც ძველი საბერძნეთის, ბერძნული მეღვინეობის კულტურის შესამჩნევი გავლენის ქვეშ მოექცა. და მთელი დანარჩენი სამყარო თანხმდებოდა მცირე ყურადღება მაინც დაეთმო სწორედ იქ დამზადებული მაგარი და ტკბილი, ან თუნდაც ბერძნული ტრადიციის მიხედვით უბრალოდ ტკბილი ღვინოებისთვის.

ნაყოფიერი ბეღლის საცოდავი ნარჩენები

ისტორიულად სავაჭრო გზები იტალიას საფრანგეთთან და ავსტრიასთან აკავშირებდა. ეს ქვეყნები თავად გაცილებით მეტ ღვინოს აწარმოებდნენ, ვიდრე ერთად აღებული ყველა იტალიური სამთავრო, და იტალიურ იმპორტს არ საჭიროებდნენ. ასე რომ, იტალიას არანაირად არ შეეძლო გადაეღო პორტუგალიის ან ესპანეთის მაგალითი, სადაც მეღვინეობა ხარისხიანად ვითარდებოდა მათი მუდმივი სავაჭრო პარტნიორების - ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნების მოთხოვნილებათა შესაბამისად. არსებითად, ჰოლანდიელები და ინგლისელები კადისისა და ლისაბონის ხშირ სტუმრებად იმიტომ ვერ იქცნენ, რომ მათი სამრეწველო საქონლისთვის ისინი გასაღების კარგ ბაზრებს წარმოადგენდა, უკანა გზაზე კი, ადგილობრივი მეღვინეობის ზრდის სტიმულირებისთვის, მათ გემებს თან მოჰქონდა პორტვეინისა და Vinho Verde-ს კასრები.
თუმცა, რომის ისტორიით გატაცებული ბრიტანელი ეპიკურელები, რომლებსაც ახსოვდათ XIV საუკუნეში ღვინით ვაჭრობის ერთ-ერთი მსოფლიო ცენტრის, ვენეციის ძველი დიდება, და გაგონილი ჰქონდათ რენესანსის ფლორენციული ღვინოების შესახებ, იშვიათი ღვინოების ძებნაში სავაჭრო გზების გვერდის ავლით თავად მიემართებოდნენ იტალიაში, სადაც ისეთი ეგზოტიკური, ტკბილი და არომატული ღვინოების ნარჩენებს პოულობდნენ, როგორიცაა Lachryma Christi ვეზუვის ძირიდან. უდავოა, რომ მაგარი Vernaccia-თი და ტკბილი Aleatico-თი და Vinsanto-თი განთქმულ აღორძინების ეპოქის ფლორენციაში კარგ ღვინოსაც სვამდნენ, რომელიც ასე თუ ისე ჩამოჰგავდა Chianti-ს. ძნელი წარმოსადგენია, რომ მედიჩები, მით უმეტეს კი ბორჯიები, ძვირფასი ქვებით შემკული თასებით სვამდნენ სუსტ და მჟავე ღვინოს (მიუხედავად იმისა, მოწამლული იყო ის თუ არა), რომელსაც მათი ვენახები იძლეოდა...
იტალიის ღვინის ტიტულიანი ერთჯერადი მწარმოებლები უხსოვარი დროიდან ცდილობდნენ დასავლეთში გაეყიდათ თავიანთი ღვინოები. ანტინორის (Antinori) ოჯახი XIV საუკუნიდან ვაჭრობდა ღვინით; ბანკირ ფრესკობალდების (Frescobaldi) დინასტია ევროპაში თავის პოპულარობას ღვინითა და ქსოვილებით ვაჭრობაშიც იყენებდა. მაგრამ უკვე XVIII საუკუნის დამკვირვებლების ჩანაწერებში, იტალიური ღვინოების მიმართ ოდნავ აგდებულ დამოკიდებულებას ვხვდებით. სერ ედუარდ ბარის (Edward Barry) თანახმად, "გასულ საუკუნეებში Chianti ინგლისში გაცილებით ძვირად ფასობდა, მაგრამ მან სავსებით დაკარგა თავისი რეპუტაცია; აქ დაწნული ბოთლებით ფლორენციიდან კვლავინდებურად შემოაქვთ განუსაზღვრელი რაოდენობის წითელი ღვინო, მაგრამ უსიამოვნო უხეში გემოსა და სხვა ნაკლოვანებების გამო, ცოტა ისმება. ის ცინცხალია, ლამაზი ღრმა ფერის მქონე და, როგორც ჩანს, ძირითადად ყალბი კლერეტის ან ბურგუნდიულის საწარმოებლად, აგრეთვე მძიმე სუსტი პორტვეინისთვის სიმსუბუქისა და ალკოჰოლური სიმაგრის მისაცემად გამოიყენება".
და მაინც, ვინ იყო დამნაშავე იმაში, რომ იტალიურ ღვინოებს "უხეში გემო და სხვა ნაკლოვანებები" ჰქონდა? ვინმე საირეს რედინგი (Redding) ძალიან უთანაგრძნობდა უბედურ იტალიას, სადაც მეამბოხე კარბონარიელთა რაზმები ნელ-ნელა იწყებდნენ თავისუფლებისთვის ბრძოლას: "რისთვის უნდა იშრომონ იტალიელებმა, იმისთვის, რომ უკეთესობისკენ შეცვალონ ის, რასაც გაუმჯობესების შემდეგ არ შეუძლია მოგების მოტანა? მათ თრგუნავენ ავსტრიული მხედრიონი და საკუთარი ტირანები, მათ არ გააჩნიათ სახსრები, რათა უკეთესობისკენ შეცვალონ რამე, იხრჩობიან გადასახადებით, მაშ რიღასთვის უნდა ეცადონ?" ამიტომ არც ცდილობდნენ და თავიანთი არნახულად ნაყოფიერი მიწის მიუხედავად, ვალებში ცხოვრებას ამჯობინებდნენ. გოეთე, რომელიც XIX საუკუნის დასაწყისში იტალიაში მოგზაურობდა, ამას ასე ხსნიდა: "ისინი მთლიანად ვაჭრების მოწყალების იმედზე არიან, რომლებიც ცუდ წლებში მათ ფულს ასესხებენ შიმშილით რომ არ დაიხოცონ, მომდევნო წელს კი იაფად ყიდულობენ ღვინოს".

გამობრწყინება ტოსკანაში

მაგრამ გარკვეული წინსვლა მეღვინეობაში მაინც დაიწყო. მკვლევართა ყურადღებას იპყრობს იმ დროს ჯერ კიდევ დამოუკიდებელი ორი სახელმწიფო - ტოსკანა და სარდინიის სამეფო (ამ უკანასკნელის სახელწოდებამ შეიძლება შეცდომაში შეგვიყვანოს, - სინამდვილეში, მისი დედაქალაქი ტურინში მდებარეობდა, ხოლო მისი კულტურული ცხოვრება თავმოყრილი იყო პიემონტში.).
ტოსკანაში რეფორმები დაიწყო საფრანგეთის დიადი რევოლუციის პერიოდში, დიდი ჰერცოგ მედიჩების ღირსეული მემკვიდრის, დიდი ჰერცოგის, პეტრე ლეოპოლდის მმართველობის წლებში, სანკიულოტების შემოჭრამდე მეოთხედი საუკუნით ადრე. მან სახელი ძირითადად ვაჭრობისა და მიწათმფლობელთა კლასის მიმართ ლიბერალური პოლიტიკით გაითქვა. მაშინ როცა არტურ იანგი მარტო იკვლევდა მიწათმოქმედებას საფრანგეთში, პეტრე ლეოპოლდის ქვეშევრდომი აზნაური მიწათმოქმედები ჯორგოფილის (Georgofili) აკადემიაში თავიანთი მიწის ნაყოფს და მისი გადამუშავების მეთოდებს, მათ შორის მეღვინეობის ტექნიკასაც სწავლობდნენ.
კაპონების (Capponi), რიდოლფებისა (Ridolfi) და ფირიდოლფ-რიკასოლების (Firidolfi-Ricasoli) ოჯახები, თეორიულად მაინც იყვნენ ტაუნსენდებისა (Townsends) და კოუკების (Cokes) ფლორენციული ეკვივალენტები, რომლებიც განუწყვეტლივ ახდენდნენ ინგლისში ნორფოლკთან მდებარე თავიანთი ვრცელი მამულების მოდერნიზებას. ოღონდ მათი გლეხები ჯერ კიდევ ფეოდალურ იტალიაში მიწასთან იყვნენ მიჯაჭვული. Mezzadria-ს (იჯარის) მკაცრი სისტემა საუკუნეების განმავლობაში ადგენდა, თუ რას აწარმოებდა კონკრეტული გლეხი თავის ნაკვეთზე, და თუ პროგრესული ცოდნით აღჭურვილი მიწათმფლობელები რამის შეცვლას შეეცდებოდნენ, ამაში გლეხები მათი ძირძველი ნადელების წასართმევად გამიზნულ შეთქმულებას დაინახავდნენ.
სწორედ იმ დროს, როდესაც ნაპოლეონის ომები დასრულდა, ხოლო ტოსკანა კვლავ ავსტრიელების ძალაუფლების ქვეშ აღმოჩნდა, ბარონმა ბეტინო რიკასოლიმ (Ricasoli) მემკვიდრეობით მიიღო ბროლიო - თავისი წინაპრების დაგირავებული და გადმოგირავებული მამული. რიკასოლების უძველეს საგვარეულოსთან შედარებით მედიჩებიც კი წინამასწარებად მოჩანდნენ; რიკასოლები ნამდვილი "დაშნის აზნაურები" იყვნენ (და ასეთებადვე რჩებიან): მათი გენეალოგია ჯერ კიდევ XI საუკუნეში ლანგობარდიის ბარონების დროიდან მოდის. ბოროტი ენების მტკიცებით, ბარონი განმარტოებულ მამულში გადავიდა, რათა ახალგაზრდა ლამაზი ცოლი ამქვეყნიური ცდუნებებისთვის განერიდებინა...
ბროლიოს ციხე-დარბაზი მუხისა და ზეთისხილის ხეივნებითა და ვენახებით გაშენებული ბორცვების რეგიონის - კიანტი კლასიკოს შუაგულში მდებარეობს. ბროლიოს მკაცრი სიდიადე ახალი მფლობელის ხასიათს შეესაბამებოდა. ჩაცვენილლოყებიანი ახლომხედველი არისტოკრატის პორტრეტებმა დაასრულეს გოთური ციხე-დარბაზის ატმოსფეროს სიმკაცრე, რომლის მონაპოვრადაც მის დროს იქცა ისეთივე წითელი აგურის მინაშენი, როგორიც პიაცა დელ კამპოა სიენაში. ციხე-დარბაზის ზედა სართულზე ახლაც აჩვენებენ სტუმრებს მის კაბინეტსა და საძინებელს, რომლებიც ისეთივე დარჩა, როგორიც პატრონის სიცოცხლეში იყო; ეს განდეგილის სავანე უფროა, ვიდრე არისტოკრატის საცხოვრებელი. ქედმაღალმა და ასკეტურმა ბარონმა თავისი, აგრეთვე ცოლის, შვილების, მოიჯარე გლეხებისა და მოჯამაგირეების სიცოცხლე განათლებასა და რეფორმებს შესწირა.
მისი ექსპერიმენტებიდან დაიბადა Chianti Classico, როგორც დე პონტაკის (de Pontac) "ახალი ფრანგული კლერეტის" იტალიური ეკვივალენტი - თუმცა, მის შემთხვევაში საიდუმლო მდგომარეობდა ყურძნის არა ახალი ჯიშების განვითარებაში, არამედ ძველის გაუმჯობესებაში. რიკასოლიმ თავისი ინტერესების სპექტრი იმ სამ ტოსკანურ ჯიშამდე დაიყვანა, რომლებიც მისი აზრით ერთმანეთს კარგად ეთავსებოდა. რიკასოლი წერს, რომ "Chianti-ს ღვინო თავისი ბუკეტის ძირითად ნაწილს სანჯოვეტოდან იღებს; კანაიოლო მას სძენს სიტკბოს და ამცირებს სიმძაფრეს; მალვაზია (რომლის წილის შემცირება შესაძლებელია ხანგრძლივი დაძველებისთვის განკუთვნილ ღვინოებში) ხაზს უსვამს გემოს და ამავდროულად ღვინოს უფრო ხალასს და მსუბუქს ხდის; ასეთი ღვინო შესაფერისია ყოველდღიური მოხმარებისთვის". სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თუკი ბორდოულ ტერმინოლოგიას გამოვიყენებთ, კანაიოლო სანჯოვეტოსთვის იმავეს აკეთებს, რასაც მერლო კაბერნესთვის, ღვინის კიდევ უფრო მეტი სიმსუბუქისთვის მას თეთრი მალვაზიაც ემატება. რიკასოლიმ უარი თქვა ოდნავ მძაფრ, მაგრამ სხვა მხრივ ნეიტრალური, საკმაოდ პროდუქტიული ჯიშის, ტრებიანოს გამოყენებაზე, რომლის ღვინოში ჩამატებაც გლეხებს უყვარდათ (და რაც ნებადართულია თანამედროვე კანონმდებლობით), რადგან... საკმაოდ მარტივი მოსაყვანია. ბარონს არ სწამდა უბრალოს გენიალურობა.
სამწუხაროდ, რიკასოლი ვერ მოესწრო მსოფლიოს მიერ დახვეწილი ღვინის მისეული ფორმულის მიღებას. 1848 წელს (რევოლუციის წელს, როგორც იტალიაში, ისე მთელ დანარჩენ ევროპაში) გარდაიცვალა მისი მეუღლე და მწუხარებამ მას მამულის საქმეები გადაავიწყა. 1850-იან წლებში ტოსკანაში ნაცარმა დააზიანა ვენახები. სასოწარკვეთილი მოიჯარე გლეხები ტოვებდნენ თავიანთ ნადელებს და ქალაქში გარბოდნენ, ზოგიერთები კი უფრო შორსაც - ამერიკაში. ბროლიოს მამული გლეხების მიერ მიტოვებული სამასი პატარა ნაკვეთით გაიზარდა, სადაც ვენახები თანდათანობით გაუდაბურდა.

სარების რევოლუცია

პიემონტი იტალიის მეორე რეგიონი იყო, სადაც მიწათმფლობელები სერიოზულად უდგებოდნენ ღვინის წარმოებას. ლიგურიის ალპები ქარისგან იცავს პიემონტის აუზს, რომელიც მეორე მხრიდან დასავლეთ ალპებითაა გამოყოფილი. საკუთრივ ამ რეგიონს "აუზი" მხოლოდ პირობითად შეიძლება ეწოდოს: ქალაქ ალბასა და ასტის ახლომდებარე მონფერატოს ბორცვები უფრო მაღალი და ციცაბოა, ვიდრე ტოსკანას ბორცვები.
XIV საუკუნეში, როდესაც ბერძნული სტილის ღვინოები ფასობდა, Liber Ruralium Commodorum-ის ავტორი, პიეტრო დე კრესჩენტიუსი (de Crescentius) მოსამართლედ მუშაობდა ასტიში. იგი წერდა იმის თაობაზე, რომ ეს ღვინოები მზადდებოდა გვიან მოკრეფილი ყურძნისგან: კალმებს გრეხდნენ და ყურძენს გადასამწიფებლად ლერწებზე ტოვებდნენ.
ვინაიდან ზემოაღნიშნული ხერხი არ ეთავსებოდა ხეზე ვაზის გაზრდის ტრადიციულ მეთოდს, მოსკატოსა და მალვაზიის ჯიშების გაზრდა ბუჩქებად, სარებზე ლერწების აკვრით დაიწყეს. მაგრამ "წესიერი" ვენახების ქონის უფლებას თავს მხოლოდ ის მიწათმფლობელები აძლევდნენ, რომლებიც ყურძნით მონოპოლიზებული მიწით არ ირჩენდნენ თავს. ვაზების ასაკრავი სარები - spanna - მდიდარი მეღვინეების კასტისადმი კუთვნილების ნიშნად იქცა. მიჩნეულია, რომ სახელწოდება "ნებიოლოს", რომელიც იმ დროს საუკეთესო ადგილობრივ ჯიშს ეწოდა, ეტიომოლოგიური კავშირი გააჩნია spanna-სთან.
მონფერატოს ბორცვები ტურინისთვის იმავეს წარმოადგენდა, რასაც ფლორენციისა და სიენასთვის - კიანტი: ეს გახლდათ ნადირითა და ღვინით მდიდარი სააგარაკო ადგილი. მიწა მოიჯარეებს გადაეცემოდა, რადგან ეს იყო მამულების მართვის ყველაზე მარტივი საშუალება. არისტოკრატები ბოლომდე როდი უგულებელყოფდნენ თავიანთი მიწის სამფლობელოებს - ზოგჯერ ისინი ექსპერიმენტებსაც კი ატარებდნენ ღვინის ახალ სახეობებზე. XVII საუკუნეში მეფე კარლ ემანუელ ჯოვან-ბატისტა კროჩეს (Croce) სასახლის კარის იუველირმა მოდაში შემოიღო ახალი სტილის Chiaretto: ნებიოლოს ღია წითელი ღვინო, რომლის დამზადების ტექნოლოგიაც, როგორც ჩანს, ისეთივეა, როგორც დომ პერინიონის პინო ნუარის დამუშავების ტექნოლოგიები.
ჯერ კიდევ XIII საუკუნეში ნებიოლო პიემონტის საუკეთესო ჯიშად ითვლებოდა. მოგვიანებით საუკეთესოს წოდებისთვის ბრძოლაში ჩაერთვნენ წითელი დოლჩეტო (XVI საუკუნეში), თეთრი კორტეზე და წითელი ბარბერა (XVII საუკუნეში), მაგრამ ამ უკანასკნელებმა XIX საუკუნისთვის ქება მხოლოდ ტკბილი ღვინოების გამო დაიმსახურეს. სარდინიის მეფემ და მისმა სასახლემ სუფრის ღვინოები საფრანგეთიდან ჩამოიტანეს, მაშინ როდესაც ხეებზე ასული ვაზისგან მიღებული არცთუ ისე დახვეწილი პროდუქტი მეზობლად, ავსტრიელების მიერ კონტროლირებული ლომბარდიის დედაქალაქ მილანში მიემართებოდა.

ღვინო, ომი და საბაჟო

რამდენად ხშირად ახერხებდნენ მებაჟეები ღვინის ისტორიაში სცენაზე ასვლას? აი სამი ყველაზე გახმაურებული "ამბავი": "მეტიუენის ხელშეკრულება" (და პორტვეინის ისტორია), "ცოლვერეინი" (და მეღვინეობის ელზასის ისტორია), ასევე "გლადსტონის" ბიუჯეტი" (და ბორდო). იტალიაშიც სწორედ მებაჟეებმა ამცნეს რისორჯიმენტოს დასაწყისის შესახებ. 1846 წელს ავსტრიის მთავრობამ ლომბარდიაში, ვენეტოსა და ემილიაში, რომლებიც მაშინ ჰაბსბურგების იმპერიის შემადგენელ ნაწილს წარმოადგენდნენ, პიემონტის ღვინოების შემოტანისთვის ბაჟი გააორმაგა. ამ ფაქტზე დიდი გავლენა იქონიეს ავსტრიელმა და, განსაკუთრებით, უნგრელმა მეღვინეებმა. ამ გზით ტოკაიმ მიიღო თავისი ბონუსი, პიემონტმა დაკარგა მთავარი საექსპორტო ბაზარი, ხოლო ჩრდილოეთ იტალიის სამი სახელმწიფო ხელმისაწვდომი ღვინის გარეშე დარჩა. მომდევნო წელს მონფერატოს ბორცვებზე რიკასოლის მამულის შემცირებული ასლის მფლობელმა, გრაფ კამილო კავურმა (Cavour) დააარსა გაზეთი Risorgimento. აჯანყებისკენ მისი მოწოდებები, რა თქმა უნდა, არ ეფუძნებოდა მხოლოდ პიემონტის ღვინოსთან დაკავშირებულ პერიპეტიებს, მაგრამ ისინიც იხსენიებოდა. დაბოლოს, იმავე წელს სარდინიის სამეფოს მეფე კარლოს-ალბერტის მიერ ავსტრიელების მიერ იტალიის ღვინის ბაზარზე უფლების შესახებ გამოთქმულ აზრს ომის სუნი ასდიოდა. პიემონტი ომში 1848 წელს მოკავშირეების გარეშე ჩაერთო. ლომბარდიაში კუსტოცსა და ნოვარასთან იგი ორ ბრძოლაში ცნობილ ფელდმარშალ რადეცკის წინააღმდეგ ჩაება და წააგო. კარლ-ალბერტი ტახტიდან თავისი შვილის, ვიქტორ ემანუილ II-ის სასარგებლოდ გადადგა.
ამ დროს გარიბალდი რომში რესპუბლიკის დამყარებას შეეცადა, რაც მხოლოდ მცირე დროით მოახერხა, მაგრამ ამან იგი ეროვნულ გმირად აქცია. მდგომარეობის უფრო და უფრო გაუარესების გამო, კავური, რომელიც იმ დროისთვის ტურინში პრემიერ-მინისტრი გახდა, იძულებული იყო დახმარება საფრანგეთისთვის ეთხოვა. ნაპოლეონ III მისი მოკავშირე უნდა გამხდარიყო ავსტრიის წინააღმდეგ ომში, ხოლო მეღვინეობის შესახებ ფრანგულ მეცნიერებას დახმარება უნდა გაეწია ნაცართან ბრძოლაში, რომელიც პიემონტის ვენახებს ანადგურებდა.
ბორდოელებმა გამოარკვიეს, რომ ნაცართან ბრძოლა შესაძლებელი იყო შაბიამანის დახმარებით, მაგრამ ვინ დაარწმუნებდა გლეხებს, რომ შეეწამლათ მაღლა, ხეების კენწეროებისკენ მიმავალი ვაზი? ამის უნარი მხოლოდ... ჯუზეპე გარიბალდის აღმოაჩნდა, ნიცის (მაშინ იგი სარდინიის სამეფოში შედიოდა) მკვიდრს, არა მარტო ეროვნულ გმირს, არამედ თავის სამშობლოში პატივსაცემ კაცს. როდესაც 1856 წელს მისი დაჟინებული მოთხოვნით შეწამლულმა ვაზმა, და მხოლოდ მან, ნაყოფი გამოიღო, გარიბალდიმ სახელი გაითქვა როგორც სასწაულმოქმედმაც.

გასტროლიორები

ძნელად თუ იპოვით იტალიაში მხარეს, სადაც "ტრადიციას" ისეთ პატივს სცემდნენ, როგორც პიემონტში. ყველაფერს, რასაც არ უნდა აკეთებდნენ მეღვინეები, "ტრადიციით" ხსნიან და ამართლებენ. მაგრამ ალბათ ვერ იპოვით ისეთ ადგილს, სადაც ყბადაღებული "ტრადიცია" ასეთი ნორჩი იყოს. რისორჯიმენტოს წლებში პიემონტის ღვინოები ხელახლა გამოიგონეს არა საუკუნეებით ნაკურთხი ფორმულის ხანგრძლივი ძიების შედეგად, არამედ გავლით ჩამოსული ფრანგების - მაშინდელი მეღვინეობის დიდი პროფესიონალების კონსულტაციების წყალობით. პირველი ფრანგი მრჩეველი ბაროლოელმა მარკიზ ფალეტიმ (Falletti) მოძებნა. მან კონსულტაციისთვის ვინმე ლუი უდარი (Oudart) მიიწვია. ამ უკანასკნელის მეორე კლიენტი გახდა კავური, რომელსაც თავადაც ჰქონდა ვენახი ბაროლოში.
ფრანგმა ნებიოლოს ყურძენი ჩინებულად მიიჩნია, თუმცა, ვერაფრით ახსნა ის ფაქტი, რომ მისგან მშრალ ღვინოს არ აკეთებდნენ. მაგრამ ამის მიზეზი სწორედ რომ არსებული ტექნოლოგიური ხარვეზები იყო, რომლებზეც უდარს უნდა მიეთითებინა. იმის გამო, რომ ფერმენტაცია ბოლომდე კი არ მიმდინარეობდა, არამედ, მხოლოდ ქრებოდა, რისი მიზეზიც, უდარის დასკვნით, მოუმწიფებელი ნაყოფი და საკმაოდ ბინძური სარდაფები იყო, ღვინო ტკბილი და ძალზე არასტაბილური გამოდიოდა. სარდაფების დასუფთავება სრულიად საკმარისი აღმოჩნდა გარდატეხისთვის. ხოლო უკვე 1850-იან წლებში დღის სინათლეზე სწორედ ის ღვინო გამოჩნდა, რომელიც ჩვენთვის Barolo-ს სახელითაა ცნობილი. ეს გახლავთ მუქი, მაგარი, მშრალი და სტაბილური, დაძველების თითქმის განუსაზღვრელი პოტენციალის მქონე ღვინო.
ახალმა მეფემ, კავურის რეფორმების თავგამოდებულმა მომხრემ, თავისი საუცხოო სანადირო ადგილ-მამული და სერალუნგა დ’ალბას ბორცვებზე, შუაგულ ბაროლოში აღმართული ფონტანაფრედის რომანტიკული ციხე-დარბაზი, რომელიც ქალაქგარეთ მდებარეობდა, ვენახებისთვის და ღვინის ქარხნის ასაშენებლად გასცა. უდარმა დამსახურებული რევერანსები მიიღო და იქვე გადაწყვიტა სხვა მელოდიით გამოსულიყო "ბისზე". ამჯერად მას ყურადღება გადატანილი ჰქონდა სახელობითი ღვინის შექმნის სხვა პრეტენდენტზე - ბარბარესკოზე. უდარმა იქ, უფრო ზუსტად კი ნეივში, საკუთარი ღვინის ქარხანაც კი მოაწყო.

თავში ღვინის გარეშე

რისორჯიმენტომ მწვერვალს 1860 წელს მიაღწია. მაისში გარიბალდიმ, იმისათვის რომ ბოლო მოეღო ორივე სიცილიის სამეფოსთვის., ათასი წითელპერანგიანი გადმოსხა მარსალში, რომელიც ფაქტობრივად ბრიტანეთს ეკუთვნოდა. ივნისში მას დაპყრობილი ჰქონდა სიცილია, ხოლო სექტემბრისთვის უკვე ნეაპოლში იყო. იტალიის სამხრეთი ნაწილი სარდინიის სამეფოს შეუერთდა. რიკასოლის ბრძანებით, რომელიც იმ დროს ფაქტობრივად დიქტატორი იყო, ტოსკანამ მხარი დაუჭირა გაერთიანებას. სრულიად იტალიის დედაქალაქი გახდა ფლორენცია. იმ დროისთვის კავურმა სიკვდილი მოასწრო, და განახლებული იტალიის პრემიერ-მინისტრი გახდა რიკასოლი, რომელიც მეღვინისა და Chianti-ს შემქმნელის სახელით იყო ცნობილი.
კიანტი დიდებით უნდა დამტკბარიყო. მთელი მსოფლიოს არისტოკრატები და ელჩები ფლორენციის კაფეებსა და გარეუბნებში ირეოდნენ. სამწუხაროდ, ისინი ძლივს ამჩნევდნენ ადგილობრივ ღვინოს: ისე დაემთხვა, რომ ბურგუნდიისა და ბორდოსთვის სწორედ ეს პერიოდი აღმოჩნდა ოქროს ხანა.
რა თქმა უნდა, იტალიის გაერთიანება საერთოდ არ გულისხმობდა იმას, რომ მის ღვინოზე შეხედულებები ახლა საერთო მნიშვნელამდე დავიდოდა. მაგრამ ნაცრის პრობლემითა და ფილოქსერის ეპიდემიის აფეთქებით შეწუხებულმა მთავრობამ მალე დააარსა ინსტიტუტები, რომლებსაც მასებში პასტერისა და პლანშონის მცნებები უნდა გაევრცელებინა. ტურინში გაჩნდა ორი ინსტიტუტი, ორივე დოქტორ ჩერლეტის (Cerletti) ხელმძღვანელობით, ხოლო პიემონტი გახდა პირველი პროვინცია, რომელმაც შემოქმედებითად დანერგა ცხოვრებაში ახალი მეცნიერება ღვინის შესახებ.

პიემონტელი მოწინავეები

ბაროლოს მიერ გაკვალულ გზაზე ბარბარესკოსა და გატინარას რაიონებმა ნებიოლოსგან შექმნეს თავიანთი მუქი და სქელი, ტანინიანი და მაგარი ღვინოები. მეორეხარისხოვანი ჯიშები - ბარბერა, დოლჩეტო და გრინოლინო გამორჩეულ თუ არა, ღირსეულ მშრალ წითელ ღვინოებს მაინც იძლეოდნენ. ფრეიზა და ბრაკეტო ავითარებდნენ ტკბილი და ცქრიალა წითელი ღვინოების ძველ ჰედონისტურ იდეას, რომლებიც სუფრაზე მწებვარე ლაქებს ტოვებენ, ხოლო კანელში კარლო განჩამ (Gancia) მოსკატოს ახალი გამოყენება მოუძებნა: მისგან აკეთებდა არა "ბერძნული" სტილის ღვინოს, არამედ უკიდურესად მსუბუქ და ტკბილ, "საბავშვო" შამპანურს.
რისორჯიმენტოდან 30 წელიწადში გავერანდა ტენიან ველებზე გაშენებული, ობისგან ყველაზე მეტად დაზარალებული ვენახები, სამაგიეროდ, ვაზები გაჩნდა გაკაფული ტყის ბორცვის წვერებზე. ნოვარას ჩრდილოეთ პროვინციაში, პირდაპირ ალპების ძირში, მდინარედ მოედინებოდა ნებიოლოს ისეთი ადგილობრივი ვარიაციები, როგორიცაა Gattinara და Ghemme. იქვე აკეთებდნენ Lessona-ს ერთ-ერთ ყველაზე იშვიათ და ნატიფ პიემონტურ კუპაჟსაც. ტკბილ Moscato Spumante-ს უკვე სამრეწველო მასშტაბებში უშვებდნენ, ხოლო ვერმუტი, რომლის გამოგონების თარიღად ჩერლეტი 1835 წელს მიიჩნევს, ხდებოდა მთელ მსოფლიოში გადიოდა.
მიუხედავად იმისა, რომ პიემონტის ვენახებში არანაკლები ქაოსი იყო გამეფებული, ვიდრე იტალიის დანარჩენ ნაწილებში, პიემონტმა თავისი ყველა მრავალრიცხოვანი ჯიშის ყურძნისთვის საკუთარი სტილი შეიმუშავა. როგორც ჩანს, აქ არავინ არ ატარებდა კუპაჟირებასთან დაკავშირებულ ექსპერიმენტებს (რაც გასაკვირია, თუ გავითვალისწინებთ ვერმუტის დედაქალაქ ტურინთან სიახლოვეს), რომლებიც მიგვიყვანდა კლარეტის ან ისეთი ცნობილი კუპაჟის ეკვივალენტის შექმნამდე, როგორიცაა Chianti. სწორედ პიემონტი გახდა პირველი იტალიური რეგიონი, სადაც ღვინისთვის სახელწოდების მინიჭება ყურძნის ჯიშის მიხედვით დაიწყო. თუმცა, შესაძლოა, პიემონტელებმა აქაც მხოლოდ და მხოლოდ "ტრადიცია" გაიხსენეს - შუასაუკუნეების პრაქტიკა, რომლის მიხედვითაც, სადაურიც არ უნდა ყოფილიყო მალვაზია, მალვაზიადვე რჩებოდა.
პიემონტის მთავარი უპირატესობა კი ღვინის ცივი სარდაფების სიმრავლე იყო, სადაც ღვინო სტაბილურიც ხდებოდა, ბოთლებშიც ისხმებოდა, ან თუნდაც 15 წელი კასრებში ძველდებოდა.

ვერმუტი

ტურინი, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში სარდინიის (უფრო ადრე კი - სავოის) სამეფოს დედაქალაქი იყო, ყოველთვის სარგებლობდა კარგად განვითარებული ვაჭრობის უპირატესობით, და მისი მოსახლეობის არცთუ ისე მცირე წილი საშუალო კლასზე, მათ შორის კაფეების ხშირ სტუმრებსა და წვეულებაზე ან პიკნიკზე დალევის მოყვარულებზე მოდიოდა. XVIII საუკუნეში სანელებლებიანი ბალახის, სიროფისა და აკვავიტას ერთმანეთში არევის ძველი ალქიმია კომერციულ რელსებზე შედგა. პირველი წარმატება წილად ხვდა სენიორ კარპანოს (Carpano) (რომლის სასმელმა Punte e Mes - "ერთნახევარი პუნქტი" - თავისი სახელწოდება მილანის საფონდო ბირჟისგან ისესხა). მას ფეხდაფეხ მიჰყვნენ სხვებიც, მათ შორის ცნობილი ბატონები მარტინი და როსი, რომლებმაც 1864 წელს თავიანთი ძალისხმევა მესამე პარტნიორთან - სენიორ სოლასთან (Martini, Rossi, Sola) გააერთიანეს. სასმელის სახელწოდება მომდინარეობს ძირითადი კომპონენტის, აბზინდის, ფრანგული სახელწოდებიდან (Artemisia absinthium), რომელიც მსგავს ნარევებში სიმწარისთვისაა პასუხისმგებელი. სარდინიის ყოფილი სამეფოს ნაწილმა, სავოიამ (რომელიც დღესდღეობით საფრანგეთს ეკუთვნის) აგრეთვე მემკვიდრეობით მიიღო ვერმუტების შექმნის ტრადიცია (ყველაზე ცნობილი მარკაა Noil ly Prat), მაგრამ იქ ისინი უფრო მშრალი გამოდის და ბალახების უფრო მკაფიო გემოთი გამოირჩევა.

ზოგი ჭირი მარგებელია

იტალიაში ფილოქსერა ეპიდემიაში არ გადაზრდილა. იგი სპორადულად იფეთქებდა ხოლმე ხან სად და ხან სად. მავნებლის გამოჩენის მომენტისთვის იტალიაში უკვე გამოძებნილი იყო მასთან ბრძოლის ნაცადი საშუალებები. ასე რომ, რაოდენ უცნაურიც არ უნდა იყოს, ფილოქსერის გამოჩენა ხშირად პროგრესის სტიმული ხდებოდა - ვაზების გადარგვასთან ერთად მევენახეებმა დაიწყეს ნარგავების სელექცია და მოწესრიგება. დოქტორი ჩერლეტი იტალიის ღვინის ინდუსტრიის შესახებ თავის მოხსენებაში აღწერს, თუ როგორ ჩამოინაცვლეს ხეებიდან ვაზებმა ქვემოთ, როგორ ჩნდებოდა ჰექტრობით ახალი "სწორად" მოვლილი, აკურატული ვენახები.
ყველაზე მეტი ახალი ვაზი გაჩნდა იტალიის სამხრეთში და სიცილიაზე. იქ ყურძენი სიახლეს წარმოადგენდა და ახალი მამულები უცხოური, ფრანგული და ავსტრიული კაპიტალის ხარჯზე ჩნდებოდა. 1870-დან 1890 წლამდე (ეს ოცი წელი კრიტიკული იყო ფილოქსერითა და ბუმბულის ობით გატანჯული საფრანგეთისთვის) იტალიაში ღვინის წარმოება გაორმაგდა.

ჩამორჩენილი მდევრები

XIX საუკუნის მეორე ნახევრის ლომბარდიას ყურადღების მიქცევა მხოლოდ თავისი ორი მცირე რაიონით შეეძლო: პავიასთან მდებარე ოლტრეპო-პავეზეთი, რომელიც მილანის რესტორნებს იაფფასიანი ღვინით უზრუნველყოფდა (და რომელიც საკუთარი ღვინისთვის სიმაგრის მოსამატებლად უყოყმანოდ იყენებდა სამხრეთულ ღვინოებს), და ალპების სამხრეთ ფერდობზე მოშორებით მდებარე, იზოლირებული ვალტელინოთი, სადაც უკვე დიდი ხანი იყო, რაც არსებობდა "ბერძნული" ღვინოების წარმოების ყველაზე ჩრდილოური კერა. დაჩამიჩებული ყურძნისგან დამზადებული მთავარი ადგილობრივი ღვინის - Sforsato-ს, ანუ Sfursat-ის ექსპორტირება, ჩვეულებრივ, მეზობელ შვეიცარიაში ხდებოდა.
ვენეტოში ერთადერთი აყვავებული რეგიონი ვერონა იყო. ნაცარმა და ბუმბულის ობმა სძლიეს ვენეციიდან ჩრდილოეთით მდებარე ტენიან რაიონებს, მაგრამ ვალპოლიჩელას, ვალპანტენას და სოავეს საქმე არც ისე ცუდად იყო. ვენეტოს ყველა საუკეთესო ღვინო ბერძნულ სტილში, დაჩამიჩემული ყურძნისგან კეთდებოდა; ისინი ან Recioto-სავით მაგარი და ტკბილი იყო, ან როგორც Amarone, ერთიანად ფერმენტირებული და სახასიათო მწარე უნარის მქონე, რომელიც სიმაგრეს უსვამს ხაზს. როგორც ჩანს, ძველი ბერძნები სწორედ ასეთ ღვინოებს აზავებდნენ წყლით, და ვენეციელებს სწორედ ასეთი ღვინოები ჩამოჰქონდათ ზღვით ქიოსიდან მანამ, სანამ იქ თურქები მივიდოდნენ.
ვიჩენცის შემოგარენის ღვინო თავისი სახელწოდებით - Torcolato - მარცვლებში შაქრის უფრო მაღალი კონცენტრაციის მიზნით ყურძნის კალმის გადაგრეხაზე მიანიშნებს. მსგავსი ღვინო თითოეულ პროვინციაში არსებობდა. ტრევიზოში, რომელიც ვენეციის ჩრდილოეთით მდებარეობდა, მას Picolit-ი ეწოდებოდა; ასეთი ტრადიციული კონცენტრირებული ღვინოების უმრავლესობისთვის იყენებდნენ ტერმინს "ვინსანტო"; მათ ჩვეულებრივ ინახავდნენ ჯერ კიდევ პლინიუსის მიერ დაწესებულ პირობებში: საკმაოდ მაღალ ან საკმაოდ დაბალ ტემპერატურას შეეძლო მჟავიანობის დაჩქარება, ასე რომ, იდეალური ადგილი მათთვის იყო და არის სხვენი.

რას ნიშნავს "გოვერნო"?

თითქმის ყველა იტალიელი მევენახის თავის ტკივილი იყო ფერმენტაცია. მათ პირობებში, ფერმენტაციის დროს, საფუარს წვენში შაქარზე სრული "გამარჯვების" არანაირი შანსი არ ჰქონდა. თუმცა, ჩემი აზრით, ამაში პირველ ყოვლისა ბრალი მიუძღოდა არა წვენის წარმოუდგენელ შაქრიანობას, არამედ ბინძურ კასრებსა და ღვინის ქარხნებში გამეფებულ სრულ ანტისანიტარიას. ამ ცვალებად ატმოსფეროში სხვადასხვა სახის მიკროორგანიზმები, როგორც საფუარზე, თავისით იზრდებოდნენ. გადააქცევდნენ რა ღვინოს დე ფაქტო არასტაბილურად, რომელიც ტკბილი, მაგრამ ამავე დროს სანახევროდ ძმარი იყო, ამით საკუთრივ ბუნებრივი საფუარის კულტურებს აზიანებდნენ. ჩვენს დროშიც კი, იტალიაში ყველაზე პოპულარულ ღვინოდ რჩება გამოკვეთილად ტკბილი და ამავე დროს წინასწარ ამოუცნობი მძაფრი ღვინო. ამ მოვლენასთან საბრძოლველად ჯერ კიდევ XIV საუკუნეში ტოსკანაში Governo-ს სწორედ ის სისტემა მოიგონეს. სავარაუდოდ, მისი მიზანი მდგომარეობდა ღვინის სტაბილიზაციის შენარჩუნებაში, თუმცა, ამასთან დაკავშირებით სხვადასხვაგვარი შეხედულება არსებობს. როდესაც ფერმენტაცია დასასრულს უახლოვდებოდა, ღვინოში ამატებდნენ დაჩამიჩებული ყურძნის ახალ პორციას, რომელსაც უნდა "გამოეცოცხლებინა" საფუარი და იძულებული გაეხადა ის დარჩენილი შაქარი გადაემუშავებინა; ზოგჯერ აღნიშნული ოპერაცია წარმატებით სრულდებოდა და შედეგად მშრალი და სტაბილური ღვინო გამოდიოდა, ზოგჯერ კი დაუსრულებელ ფერმენტაციას ეს მხოლოდ ზედმეტ ეტაპს მატებდა. ამ უკანასკნელ შემთხვევაში ღვინო სწრაფად ფუჭდებოდა, მაგრამ სანამ ახალგაზრდა იყო, მას ხოტბას ასხამდნენ მიმზიდველი სიმკვირცხლისთვის.

Deja vin

ჩერლეტის მოხსენების კითხვისას საკუთარ თავს ვუტყდები, რომ იტალიური "ტრადიციების" შესახებ თხრობისას, მისი მონაყოლი ერთობ თანამედროვე კორესპონდენციას წააგავს: 100 წლის განმავლობაში იტალია რა უმნიშვნელოდ შეიცვალა! იგი წერს იმის შესახებ, თუ მდინარე პოს გასწვრივ მიმავალი, როგორ ხედავს ხეებზე ასულ იმავე ვაზებს, რომელთა ნაყოფიდან დღესაც ამზადებენ მსოფლიოში ყველაზე გაყიდვად იტალიურ ღვინოს Lambrusco. ასე რომ, ვინ იცინის ბოლოს? ეს პლინიუსის აჩრდილი ხომ არ დასტრიალებს თავს Riunite-ს უზარმაზარ საჩამომსხმელო ქარხანას?
აპენინების მეორე მხარეს, ტოსკანაში ყოფნისას, ჩერლეტი გვიყვება "რკინის ბარონის (ბეტინო რიკასოლი) დროიდან მომხდარი უზარმაზარი პროგრესის შესახებ". Chianti-ში დაიწყეს 10-15% კაბერნეს ან მალბეკის დამატება, და მაშინ მისი დაძველება რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში შეიძლებოდა. "ასეთი ღვინოები, - წერს ჩერლეტი, - ისეთ გემოსა და არომატს, ფლობენ რომელიც ბორდოს გაგახსენებთ". ასე რომ, ვინ უპასუხებს, ზუსტად როდის გამოჩნდა ტოსკანაში კაბერნე სოვინიონი? ტოსკანას ერთადერთი ღვინოები, რომლებიც კეთილი ინება და ანდრე ჟიულენმა ჩერლეტიმდე ნახევარი საუკუნით ადრე რიგიან ღვინოებად დაასახელა, სწორედ ხომ Carmignano და Artimino იყო, რომლებიც "ტრადიციის მიხედვით" ცოტაოდენ კაბერნეს შეიცავს.

ბრუნელოს დასაბამი

ჩერლეტის მოხსენება დაიწერა სულ რაღაც რამდენიმე წლით ადრე მანამ, სანამ გავრცელდებოდა ხმები გარიბალდის არმიის ახალგაზრდა ვეტერანის, ფერუჩო ბიონდი-სანტის (Biondi-Santi) ღვინის ქარხნის შესახებ, რომელმაც ტოსკანას თბილ სამხრეთში მდებარე მონტალჩინოში ფილოქსერით დაზიანებული თავისი ვენახები აღადგინა. მოსკადელოს ტრადიციული ყურძენი სერიოზულად დაზიანდა ნაცრისა და ბუმბულის ობისგან. მაგრამ მონტალჩინოში (ისევე როგორც მეზობელ მონტეპულჩანოში) არსებობდა სანჯოვეტოს ადგილობრივი ნაირსახეობა, რომელიც ბრუნელოს (თავისი ფერის გამო) ან Sangioveto Grosso-ს (მარცვლების დიდი ზომის გამო) სახელითაა ცნობილი. ახალგაზრდა ფერუჩო ვენახებს მხოლოდ ბრუნელოთი აშენებდა (თუმცა, ტოსკანური ტრადიციის მიხედვით, ძველებურად ბოსტნეულთან მონაცვლეობით). მან ნიმუშად აიღო Barolo და სტაბილურობის მიღწევას კასრებში ათწლიანი დაძველებით ცდილობდა. 1888 წელი ისტორიაში Brunello di Montalcino-ს ვინტაჟის სახელითაა ცნობილი. იგი სწრაფად შემოვიდა მოდაში და დღემდე ტოსკანურ ჰიტად რჩება.

რა გამორჩათ მხედველობიდან რომში?

ყველაზე მეტ ღვინოს მაშინაც რომში სვამდნენ, მაგრამ ისევე, როგორც დღეს, რომაელები არც მაშინ გამოირჩეოდნენ დახვეწილი გემოვნებით. მაგალითად, იქ დიდი გასავალი ჰქონდა ფრასკატისა და მრავალი მეზობელი სოფლის ღვინოებს. ფრასკატის ღვინო საოცრად არასტაბილური იყო და მისი წარმოებისთვის გლეხები წარმოუდგენლად ღრმა სარდაფებს თხრიდნენ. ადგილზე დალევისას ის შეიძლებოდა სასიამოვნოდ მოგჩვენებოდათ, მაგრამ რომამდე მოგზაურობა - მგზავრობა სიცხესა და ღრანტეებში, რომელსაც თან ახლდა რომაელი მიკიტნის საეჭვო "მზრუნველობა" - მას საშინლად ამღვრევდა.
რომში იმ ღვინოებზეც კი იყო მოთხოვნილება, რომლებიც "ფალსიფიცირებული ფრანგული Grand cru-თვის" წარმოებისთვის ამოსავალ ნედლეულს წარმოადგენდა, და რომლებიც დალევის თვალსაზრისით თავისთავად დიდ ეჭვს იწვევდა. ვაზის გამალებული დარგვა აპულიასა და სიცილიაზე, სადაც ფრანგული, გერმანული, ავსტრიული და შვეიცარიული კაპიტალი ვენახებად აქცევდა ზეთისხილის ხეივნებს, გათვალისწინებული იყო ფრანგული დეფიციტის აღმოსაფხვრელად. ზაფხულის სიცხე შეუძლებელს ხდიდა ფერმენტაციის დასრულებას. ღვინოები ისეთი მუქი და მაგარი გამოდიოდა, რომ ეს ფაქტი, როგორც საფრანგეთში, ისე თავად იტალიაში, კუპაჟის გაქნილი ჩრდილოეთელი ოსტატებისთვის ნამდვილი აღმოჩენა იყო.
თითქოს მთელი ეს აურზაური იმ მომენტისთვის უნდა დასრულებულიყო, როდესაც საფრანგეთმა ყველა უბედურებას თავი დააღწია და, გარდა ამისა, ალჟირის ახალი ყურძნის პლანტაციებისგან დივიდენდების მიღება დაიწყო. მაგრამ საქმე არც ასე მარტივად იყო. სამხრეთის ღვინოები შავ ჭირად იქცა, რაც რისორჯიმენტოს ერთგვარი თანამდევი ეფექტი იყო. რამეთუ ვერც რიკასოლიმ, ვერც კავურმა ვერ შეძლეს იმის განჭვრეტა, რომ იტალიური სამხრეთიდან უბაჟო, ძალზე იაფი და წარმოუდგენლად მაგარი "ღვინის მასალის" თავდასხმას, ქვეყნის ჩრდილოეთით მდებარე ელიტარული ვენახების პოზიციების შერყევა შეეძლო. მაგრამ ამ დროისთვის მეღვინეობის ჩრდილოეთსა და სამხრეთს შორის ბრძოლა მხოლოდ იწყებოდა.

© „მარანი“

No comments: