საკუთრების უპირატესობები
საკუთარი ვენახის ღვინო მრავალი საოცნებო საუბრის თემაა, მაგრამ რამდენად რეალურია იგი? სწორედ ამის გარკვევა გადაწყვიტა რობერტ ჯოზეფმა (Joseph), როდესაც თავი ბანკის მოსამსახურედ გაასაღა და მიწის ფასის გამოსაკითხად და სხვა მყიდველების გასაცნობად საფრანგეთში გაემგზავრა.
მევენახედ გახდომის აზრი ხშირად სადილობის დროს იბადება, ნოსტალგიური საუბრისას იმის თაობაზე, თუ რა ცივილიზებული და ლამაზი ცხოვრებაა "იქ, სადაც ჩვენ არა ვართ". და შესაძლოა, ერთ რომელიმე ნაცრისფერ, მოსაწყენ დღეს, სამსახურში ბუტერბროდის ღეჭვისას უცებ მიიღოთ გადაწყვეტილება გასაყიდად გამოტანილი ვენახის ძებნის შესახებ. თქვენ გვერდზე გადადებთ სენდვიჩს და გაემართებით ძველ კეთილ google.com-ში, სწრაფად აკრეფთ საძიებო ფანჯარაში ფრაზას "vineyards for sale", და თქვენდა გასახარად მონიტორის ეკრანზე ზუსტად ერთ წამში გამოჩნდება ორ მილიონზე მეტი მითითება საიტებზე გაყიდვის წინადადებებით. და მაშინ მსოფლიოში ვერც ერთი ძალა ვერ შეგიშლით ხელს ვირტუალურად იმოგზაუროთ ვენახებში, რომლებიც შეიძლება თქვენი გახდეს.
აი სამხრეთ ბურგუნდიაში ციხე-დარბაზის, ასი ჰექტარი ტყის სავარგულისა და ვენახების სურათი, მაგრამ ჯობს ფასს არ შევხედოთ - ითხოვენ ფანტასტიკურ 3.4 მილიონ დოლარს. შემდეგი წინადადებაა კოტ-დიუ-რონის მამული და 15 ჰექტარი ვენახი 1.1 მილიონ დოლარად, რომელიც უფრო რეალურია, მაგრამ წარმოუდგენლად ძვირი. ეს კი ბორდოა, ერთსართულიანი ქვის სახლი სტე-ფოი ლა გრანდეში და 14 ჰა ვენახი შენიშვნით: "ნაკვეთი შეიძლება იქცეს მომხიბვლელ ადგილად, თუკი ცოტაოდენ ძალისხმევას გამოიჩენთ". და ეს ყველაფერი თქვენი გახდება სულ რაღაც 892 000 დოლარის სანაცვლოდ. შედიხართ შემდეგ საიტზე და უცებ ხედავთ: "მამულს ბეზიეს მახლობლად, 8,6 ჰა ვენახითა და სახლით. შარდონეს, ვიონიესა და პინო ნუარის ვაზით გაშენებული ვენახი გარს აკრავს შენობებსა და საწყობს". და სულ რაღაც 504 000 დოლარი ღირს! ცნობისათვის, დაახლოებით ამდენივე ღირს რიგიანი (მაგრამ არა ყველაზე ძვირი) სახლი მოსკოვის მახლობლად. თურმე, ყველაფერი რეალურია! ფოტოებიდან სამხრეთ საფრანგეთის ცისფერი ცა და მწვანე ვაზი შემოგყურებთ, თქვენი ფანჯრის მიღმა კი ამ დროს წვრილად ცრის ან თოვს, და გამვლელები ქოლგით ხელში თავიანთ საქმეებზე მიიჩქარიან. უცებ თქვენ ჩაფიქრდებით, ხომ არ შეცვალო ეს სევდიანი პეიზაჟი? საერთოდ, ცუდი იდეა არ უნდა იყოს. და თუ ფული გაქვს, მისი განხორციელება სავსებით შესაძლებელია.
ბორდო მარგოს წინააღმდეგ
რაც შეეხება კონკრეტული რეგიონის არჩევას, ჩვენ შემოვიფარგლებით საფრანგეთით. პირველი კითხვა ასეთია: საფრანგეთში სახელდობრ სად მოახდენთ თქვენი ოცნებების რეალიზაციას? ძალიან მნიშვნელოვანია რეგიონის არჩევა. თქვენ უთუოდ გექნებათ სიმპათიები, მაგრამ, არსებული წინადადებების გადახედვის შემდეგ, შესაძლოა ისინი შეცვალოთ. ასე მაგალითად, 2003 წელს ლიზი და რობინ უილიამსონებისთვის (Willamson) ვინმეს რომ ეთხოვა დაესახელებინათ საფრანგეთში მათი საყვარელი მეღვინეობის რეგიონი, ისინი ერთმნიშვნელოვნად უპასუხებდნენ, რომ ესაა ლუარა. თუმცა, ვენახი, რომელიც მათ ერთი წლის შემდეგ საკუთარი ფულისა და ძალების დასაბანდებლად აირჩიეს, მდებარეობს ლანგედოკ-რუსიიონში. ბაზრის შესწავლის შემდეგ, უილიამსონები მიხვდნენ, რომ ლუარის სამხრეთის მიწები შედარებით იაფი ღირს, ნიადაგის ხარისხი კი სრულებითაც არ არის უარესი. მათივე შეფასებით, ლანგედოკ-რუსიიონში უფრო მეტი შანსია ძვირფასი წითელი ღვინის წარმოებისთვის, რომელიც კარგად იყიდება.
აი, ლონდონური ოტელის "Capital Hotel" და რესტორნის "People’s Palace Restaurant" მფლობელმა, დევიდ ლევინმა (Levin) კი მიწა მაინც ტიურენში, ლუარაში იყიდა. იგი მიიჩნევს, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუ მისი წამოწყება მეღვინეობაში წარუმატებელი იქნება, ყოველთვის შეძლებს ღვინის უმეტესი წილის გაყიდვას თავისი რესტორნების მეშვეობით. მეორე მხრივ, მართალია, უილიამსონების წითელი ღვინო ნამდვილად უფრო ძვირად გაიყიდება, ვიდრე ლევინის დაუვარგებელი სოვინიონი და გამე, მაგრამ სამაგიეროდ, მისი წარმოების დანახარჯიც უფრო დიდი იქნება. ამასთანავე, წითელი ღვინო გაცილებით გვიან აანაზღაურებს ამ დანახარჯებს: ლევინი რთვლის შემდეგ უკვე ექვს თვეში გახსნის ბოთლს, ხოლო უილიამსონებს კიდევ წელიწადნახევარი მოუწევთ ლოდინი, სანამ კასრში დაძველებული წითელი ღვინო გასაყიდად იქნება მზად.
როგორც მოსალოდნელი იყო, არსებობს ვენახების ფასთა განსაზღვრული იერარქია, რომელიც მომავალი ღვინის პრესტიჟულობას ასახავს. ბორდოში ერთი ჰექტარი მიწა შეიძლება დაახლოებით 32 000 დოლარი დაგიჯდეთ. მედოკის აპელასიონში მიწა ორჯერ უფრო ძვირი ღირს, ხოლო ჰექტარი ვენახი მარგოში თითქმის 2 მილიონადაა შეფასებული. თუმცა, სცენაზე უცხოური ღვინის კრიტიკოსების გამოსვლის დღიდან, რომლებიც ბრმად ახდენენ ღვინის დეგუსტირებას და მაღალ ქულებს უწერენ მოკრძალებული წარმომავლობის კარგ ღვინოებს, არც ისე ლოგიკურად იქცა უზარმაზარი ფულის გადახდა მხოლოდ პრესტიჟის გამო. ახლა სავსებით შესაძლებელია, რომ შედარებით იაფი ვენახის ყიდვისას თქვენ ბრწყინვალე ღვინოც დაამზადოთ და მასში კარგი ფულიც აიღოთ.
რენტაბელურობის კანონები
ნაკვეთის ზომა არა მხოლოდ პირველადი ღირებულების თვალსაზრისითაა მნიშვნელოვანი. მიჩნეულია, რომ 20 ჰექტარზე ნაკლები ფართობის ვენახი არც ისე რენტაბელურია. გამონაკლისს წარმოადგენს ორი შემთხვევა: თქვენ აირჩიეთ რეგიონი, რომლის ღვინოებიც ნამდვილად მაღალ ფასად იყიდება, ან იყიდეთ მხოლოდ რამდენიმე ჰექტარი მიწა, რომელთა დამუშავებას თავად შეძლებთ და არ დაიხარჯებით მუშახელზე. თუ ეს თქვენ არ გეხებათ, მაშინ 20 ჰექტარი ოპტიმალური ფართობია, საიდანაც შედარებით მშვიდადაა შესაძლებელი წელიწადში 130 ათასი ბოთლის მიღება.
შემდეგი მნიშვნელოვანი გაფრთხილება: ერიდეთ ნაკვეთებს, რომლებიც მშვენიერი ნაგებობებით გაცდუნებენ, მაგრამ არც ისე მიმზიდველი ვაზებითაა გარშემორტყმული. შატოსა და ათი ჰექტარი უღიმღამო ვენახის ყიდვა ძალიან ჰგავს ვითარებას, როდესაც პატარძალს უკან მოჰყვებიან ღორმუცელა უსაქმური ნათესავები. რა თქმა უნდა, არსებობს შესანიშნავი შატოები, რომლებსაც საოცარი ღვინოების წარმოების მდიდარი ისტორია გააჩნიათ. მაგალითისთვის შეიძლება დავასახელოთ Château Margaux-ი და Palmer-ი ბორდოში, მაგრამ ისინი საერთო წესიდან გამონაკლისი უფროა. თქვენ შეგიძლიათ გადაიღოთ ჯონათან მალტუსის (Malthus) მაგალითი, რომელიც Château Teyssier-იდანაა. მან ჯერ შეიძინა მომხიბლავი სახლი სენტ-ემილიონში 5,5 ჰექტარი არც ისე პრესტიჟული ვენახებით, ხოლო შემდეგ თანდათანობით იყიდა 35 ჰა უფრო კარგი მიწა. შედეგად, ვენახი, რომლიდანაც ის თავის Le Dôme-ს აწარმოებს, მდებარეობს სახლიდან და სარდაფებიდან ავტომობილით მხოლოდ ხუთი წუთის სავალზე.
ჩვენ ნელ-ნელა მივადექით შესასყიდი პლანტაციების მდგომარეობის საკითხს. სასურველია წინასწარ მივიღოთ პროფესიული რჩევა ვაზების თაობაზე. მაგალითად, ასეთ მომსახურებას გაყიდვის ფასის 5%-ად გვთავაზობს ადამ დეიკინი (Dakin) Vinea Transaction-დან. ის იხსენებს, თუ როგორ ეწვია ერთხელ ლანგედოკის ვენახებს, რომელიც, როგორც ამტკიცებდნენ, მთლიანად გრენაშის ჯიშის ვაზით იყო გაშენებული. ადგილზე რომ მივიდა, აღმოჩნდა, რომ იქ ძირითადად მერლო იზრდება. კიდევ კარგი, რომ ეს ნაკვეთი არ მდებარეობდა კორბიერის აპელასიონში, სადაც საერთოდ არ არის ნებადართული მერლოს გამოყენება.
ნიადაგის ხარისხისა და პოტენციალის, ნარგავების სიმჭიდროვისა და დაკარგული ვაზების პროცენტის შემოწმება წელიწადის ნებისმიერ დროს შეიძლება. მაგრამ ზამთარში, როდესაც ვაზებს ფოთოლი დასცვივდება, მათი მდგომარეობის შეფასება საკმაოდ რთულია, ამიტომ, თუ ვენახის ყიდვაა, ალბათ მაინც ზაფხულში უნდა იყიდო. გარდა ამისა, მამულის შეძენისას, რომლის ღვინოებიც არც ისე კარგი რეპუტაციით სარგებლობს, მზად უნდა იყოთ დამატებითი ხარჯებისთვის. კერძოდ, ვაზების გადარგვის ან საწრეტი არხების გათხრისთვის.
არსებობს ერთი პოტენციური დაბრკოლება, რომელთან დაკავშირებული ვითარებაც მანამდე უნდა გაარკვიო, სანამ ყიდვას გადაწყვეტ. მაშინაც კი, თუ ფასი თქვენთვის მისაღებია და გარიგებაც უკვე დადეთ, თქვენი ოცნების ვენახი შეიძლება "აგიჩეხოთ" ორგანიზაციამ, რომლის სახელია SAFER-ი - société d'aménagement foncier et d'établissement -ი, ანუ სასოფლო დაგეგმარებისა და მიწის საკითხების სააგენტო. ამ ორგანიზაციის მოვალეობა მცირე ფერმერების ინტერესების დაცვა და სოფლის მოსახლეობის რიცხოვნობის შემცირების თავიდან აცილებაა. ეს სახელმწიფო ორგანო და მისი ფილიალები საფრანგეთში ვენახების ყველაზე მსხვილ მყიდველებს წარმოადგენენ. მისი ერთ-ერთი საზრუნავი ის გახლავთ, რომ ადგილობრივი ახალგაზრდა მევენახეები და მეღვინეები არ გამოდევნონ ბაზრიდან. ამიტომ, თუ ვინმეს 35 წლის ასაკში მოუნდება ვენახში, ვთქვათ, 325 000 დოლარის გადახდა, SAFER-ს 450 000 დოლარამდე ფასის აწევით, შეუძლია ამ გარიგების ჩაშლა. ასეთი ვითარების თავიდან აცილების საუკეთესო საშუალება ისეთი მამულის ყიდვაა, რომელსაც უკვე მყარი რეპუტაცია და/ან ჩინებული სახელი აქვს. ისინი სამართლიანად ასწევენ საკუთრების ღირებულებას. მაშინ SAFER-ის წარმომადგენლები უკვე ვეღარ მოითხოვენ უფრო მაღალ ფასს.
წყალქვეშა ქვები
ახლა კი ყველაზე საინტერესოს შესახებ: რა თანხის დახარჯვა მოგვიწევს? პასუხი ასეთია: თქვენი ბიუჯეტი არ უნდა შეადგენდეს 800 000 დოლარზე ნაკლებს. ამაში შედის მიწის, ღვინის ძირითადი ქარხნისა და მოწყობილობის შესყიდვა. გარდა ამისა, გადასახადების დასაფარად, სააგენტოს გასამრჯელოსა და იურიდიული მომსახურების ხარჯებისთვის თადარიგში უნდა გქონდეთ გარიგების მთლიანი თანხის 12%. თავდაპირველად, ნამდვილად ღირს წარმოებისას ეკონომიის გაწევა: მოკრეფილი ყურძენი შეიძლება მიაწოდო ადგილობრივ კომერსანტს ან კოოპერატივს. საბედნიეროდ, ყოველთვის არსებობს იმის გარანტია, რომ კოოპერატივი თქვენს ყურძენს ყოველწლიურად შეისყიდის. თუმცა, თქვენს მიერ ამოგებული ფულით შეიძლება მოსავლის მოყვანისა და რთვლის ხარჯებიც კი ვერ დაფაროთ.
დოკუმენტების აუჩქარებლად გაფორმებისას არ უნდა დაგვავიწყდეთ, რომ ვაზები ვერ მოიცდიან და ისინი მოვლას საჭიროებს. არის მომენტები, როდესაც მათ აუცილებლად სჭირდებათ ადამიანის ყურადღება. უილიამსონებს თებერვალში გაახსენდათ, რომ მათ, ფაქტობრივად, გამოეპარათ ვენახის გასხვლის დრო, რომელსაც ჯერ კიდევ SAFER-ი აკონტროლებდა. წინა მფლობელი უკვე შორს იყო, და ამიტომ უილიამსონებს მოუწიათ სასწრაფოდ მოემარჯვებინათ სეკატორები.
წინასწარ ზედმიწევნით შეამოწმეთ შესასყიდი მიწის მთელი იურიდიული ისტორია. წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიძლება ისე მოხდეს, რომ ყიდვის შემდეგაც კი, თქვენ ჯერ კიდევ გმართებდეთ ვიღაცის რაღაც და ვიღაცის წინაშე იყოთ დავალებული. უილიამსონებს ეგონათ, რომ მათ მიერ შეძენილი საკუთრება, 16 ჰა მიწას მოიცავდა. მაგრამ როგორც შემდეგ გაირკა, 2 ჰა ფაქტობრივად ეკუთვნოდა ან იჯარით ჰქონდა გადაცემული სხვა ადამიანებს.
ახლა ყველაფერი ზემოთქმული დავატკბოთ ერთი კოვზი თაფლით: ვენახები, როგორც წესი, არ იაფდება და ეს ნაკლებ წარმატებული ღვინის წარმოების შემთხვევასაც კი ეხება. თუ მთლიანად არ მივაგდებთ მეურნეობას, მეღვინეობის მზარდი პოპულარობა მიწისა და საკუთრების ღირებულების თანდათანობით ზრდას წელიწადში 20-25 პროცენტით უზრუნველყოფს.
თუ მამა მეღვინე არ იყო
ევროპაში მეღვინეობა ტრადიციულად საკმაოდ მარტივ პროცესადაა მიჩნეული. ყველას შეუძლია მარტივად დაეუფლოს საჭირო ჩვევებს, მამისგან მიღებული გაკვეთილებისა და საბაზისო მოწყობილობის გამოყენებით. მაგრამ გუნება ნუ წაგიხდებათ, თუ მამათქვენმა არაფერი არ იცის ფერმენტაციისა და მადერიზაციის შესახებ: თქვენ მაინც შეძლებთ ღვინის დამზადების სწავლას. მაგალითად, პლამტონის კოლეჯში (Plumton College) ორწლიანი სასწავლო კურსის გავლით. ან ჯონათან მალტუსისა (Jonathan Malthus) და დევიდ ო’ბრაიენის (David O’Brien) მსგავსად, საკუთარი საქმის დაწყებამდე სხვა ღვინის ქარხნებში მუშაობით. ასევე შეიძლება "დამხმარედ" გამოცდილი მეღვინის აყვანა, რაც წელიწადში დაახლოებით 45 000 დოლარი დაგიჯდებათ. ამ შემთხვევაში, თქვენ ნამდვილად ბრძნულად მოიქცევით, რადგან გვერდიდან მიიღებთ რჩევებს. მაგრამ საქმე იმაში გახლავთ, რომ თავიანთი ღვინოების ღირსებათა გადაჭარბებული ცოდნა და საკუთარი შეცდომების დაუნახაობა, პრაქტიკულად, ყველა მეღვინის საერთო სენია. ავსტრალიელები ამას "სარდაფის გემოს" ეძახიან.
უკან გამოდევნებული ახალი სამყაროს შემხედვარე ევროპელი მეღვინეები სულ უფრო და უფრო ხშირად იყენებენ ტექნიკის უკანასკნელ მიღწევებს და შესანიშნავად მომზადებულ ახალგაზრდა პროფესიონალებს. არჩევანი თქვენზეა: ან მხოლოდ ყველაზე აუცილებელის ყიდვით (ახალი ტრაქტორები, წნეხი და უჟანგავი ფოლადის საწყაო) უნდა შემოიფარგლოთ, ან, თუკი მაქსიმალურად სწრაფ შედეგებს ელით, დაიქირაოთ კონსულტანტი, გამოიყენოთ პროგესული ორგანული მასალები, დამატებით დაიხარჯოთ მინი-საწყაოებზე, ყურძნის დასახარისხებელ მაგიდებსა და სხვა მრავალ მოწყობილობაზე.
ღვინის რაოდენობა, რომელიც თქვენ შეგიძლიათ აწარმოოთ, საგრძნობლად ვარირებს და, ბუნებრივია, დამოკიდებულია თქვენს ვაზებზე, მათ ასაკსა და მდგომარეობაზე. სადღაც სამხრეთში 1 ჰა ახალგაზრდა ვენახისგან შეიძლება მივიღოთ 750 ყუთი კარგი შარდონე, მაშინ როდესაც ბურგუნდიაში, ალბათ, მხოლოდ 300 ყუთი. ოპტიმალური ვარიანტია 500 ყუთი ან 45 ჰექტოლიტრი/ჰა; ეს კარგი მაჩვენებელია და უნდა მივბაძოთ.
ღვინის მარკეტინგი
ბევრ ადამიანს ჰგონია, რომ საკმარისია მეგობრული ვიზიტით ესტუმრო განსაზღვრული რაოდენობის კომერსანტებს და, საკითხი რამდენიმე ათასი ყუთი ღვინის გაყიდვის შესახებ გადაწყდება. რა თქმა უნდა, ასეთი მოსაზრება მცდარია. სინამდვილეში, მეღვინეებისთვის გასაღების ბაზარი კიდევ ცალკე თავის ტკივილია. უილიამსონები ჭკვიანურად მოიქცნენ: შვეიცარიასა და აშშ-ში მათ ჯერ კიდევ მანამდე დაიწყეს საბითუმო მყიდველების ძებნა, სანამ თავიანთ პირველ ღვინოს დაამზადებდნენ. მალტუსმა კი თავის საგარაჟო ღვინოზე Le Dôme ექსკლუზიური უფლება მიჰყიდა კომპანია Justerini&Brooks-ს, რომელიც მისი ღვინის უმეტესი ნაწილის ექსპორტირებას აშშ-სა და აზიაში ახდენს. ძალზე მნიშვნელოვანია, ერკვეოდე სხვადასხვა ეროვნულ ბაზარს შორის სხვაობის თავისებურებებში. მაგალითად, ბრიტანელები და ამერიკელები ერთნაირ ფასს გადაიხდიან როგორც vin de pays-ის ღვინოში ("ადგილობრივი ღვინო"), ისე აპელასიონების ღვინოში. აი ფრანგები, იაპონელები და გერმანელები კი, როგორც წესი, "საქმის ყურში არიან" და მხედველობაში იღებენ სხვაობას ფრანგულ რეგიონებს შორის.
გაყიდვების დაგეგმვისას სავალდებულოა ამინდის შესაძლო ჭირვეულობის გათვალისწინება, რასაც ახალბედა მევენახეები გასაოცრად მცირე დროს უთმობენ. სეტყვას, სუსხს ან გვალვას ზოგიერთ წელიწადს შეუძლია ორჯერ შეამციროს მოსავალი. მაგალითად, 2003 წელი მოუსავლიანი იყო ფრანგი მწარმოებლების უმრავლესობისთვის, რაც კრიტიკულად აისახა ფინანსურ მხარზეც. და არ დაგავიწყდეთ, რომ თუ ბორდოში არ ფლობთ მაღალი კლასის შატოს, თქვენი ღვინის ფასი მუდმივად იმერყევებს ვინტაჟიდან ვინტაჟამდე.
დასასრულ: სანამ სახელს გაუთქვამთ ღვინოს, ჯერ დარწმუნდით, რომ მისი სახელწოდება მხოლოდ და მხოლოდ თქვენ გეკუთვნით. დაელაპარაკეთ პროფესიონალებს, დაათვალიერეთ ჟურნალები და ცნობარები, რათა დარწმუნდეთ თქვენს განსაკუთრებულობაში. ვინ იცის, შეიძლება გარკვეული ხნის შემდეგ საქვეყნოდ ცნობილი გახდეს თქვენი ღვინის სახელი, და მაშინ, ცოტა უცნაური იქნება დიდების სხვასთან ერთად გაყოფა.
ვენახების დაახლოებითი ფასი საფრანგეთში
სამხრეთი
$ 1 ჰექტარში
ლანგედოკი: საბაზისო vin de pays
13 000
საუკეთესო სოფლები, მაგალითად, პიკ-სენტ ლუპი
52 000
ბორდო
ბორდო/მედოკი
32 000/58 000
ლისტრაკი/სენტ-ემილიონი
260 000/325 000
მარგო და პომეროლი
1 950 000
ბურგუნდია
ბოჟოლე/ბოჟოლე კრიუ
29 000/150 000
ბურგუნდია/premier და grand cru
39 000/5 850 000
რონა
კოტ-დიუ-რონი
58 000
სენტ-ჯოზეფი
195 000
შატონიოფ-ერმიტაჟი
390 000
ლუარა
მიუსკადე
13 000
სენტ-ნიკოლას დე ბურჟე
78 000
სანსერი
195 000
ვის მივმართოთ დახმარებისთვის ვენახის/ღვინის ქარხნის ყიდვისას
Vinea Transaction. შენაძენის ღირებულების 5-6%-თვის საქმის ყურში ჩაგაყენებენ გარიგების ყველა სტადიაში. ასევე ჩაგიტარებენ ვენახების ექსპერტიზას და კონსულტაციას გაგიწევენ მეღვინეობაში. სამხრეთში ვენახების ძებნისას მათი მომსახურებით ისარგებლა Mouton Rothschild-მა. www.vineatransaction.com
Mistral Estate Services. ფრანგული ფირმა, რომლის წარმომადგენლობა იმყოფება პარიზსა და ფლორიდაში. დიდი პოპულარობით სარგებლობს მყიდველებს შორის დიდი ბრიტანეთიდან. მშვენიერი Web-საიტი საოცარი ფოტოებით. გთავაზობთ ვენახების აქციებს (ან წილობრივ მონაწილეობას) $18258. real-estate-in-France.com
Leisure & Land. სააგენტო იმათთვის, ვისაც ბევრი ფული აქვს. საფრანგეთის სამხრეთში გთავაზობენ მიწას/უძრავ ქონებას. ფასი იწყება საბაზისო მიმზიდველი ნაკვეთებისთვის $590700-დან და იწევს 13,8 მილიონამდე სენ-ტროპეში. www.leisureandland.co.uk
AVA International. ფრანგული ფირმა, გთავაზობთ საკუთრების ფართო არჩევანს, მათ შორის ვენახებს სახლების გარეშე, აგრეთვე გაგიწევთ საკონსულტაციო მომსახურებებს. ava-international.fr
გარესახრახნი
საფრანგეთში ვენახის შეძენის სამი ვარიანტი არსებობს. შეიძლება მიმართო ისეთ ფირმებს, როგორიც არის AVA, Mistral Estates-ი ან Vinea Transaction-ი, რომლებიც ვენახების გაყიდვაზე სპეციალიზდებიან; უძრავი ქონების ჩვეულებრივ სააგენტოს, ან დამოუკიდებლად ეძებო. პირველი მეთოდი ყველაზე ძვირადღირებული და უსაფრთხოა. უკანასკნელი ყველაზე იაფფასიანი და ყველაზე სარისკო. დევიდ ლევინმა მესამე ვარიანტი აირჩია, მაგრამ ყოველი შემთხვევისთვის გამოცდილი ფრანგი "მზვერავი" დაიქირავა, რომელიც სასურველი ვარიანტის ძებნისას მისი ინტერესების შესაბამისად მოქმედებდა. დამხმარემ, რომელმაც ქვეყნისა და ხალხის თავისებურებები იცოდა, ძალიან გაამართლა.
ფოტოს ქვეშ მინაწერი
მიწისა და ვენახების გაყიდვის სააგენტო Mistral-ის სპეციალისტი, ჟან ლუკ ორლანი (Orlant): "ბევრი ადამიანისთვის იმდენად ძლიერია საკუთარი ვენახიდან ღვინის დაყენებისა და დალევის რომანტიკული სურვილი, რომ ჩრდილავს პრაქტიკულ შედეგზე ფოკუსირების აუცილებლობას".
გარესახრახნი: ვაზი იჯარით
თუ შოკში გაგდებთ ვენახის ყიდვის ფინანსური მხარე, მაგრამ მაინც ძალიან გინდათ ეზიაროთ მეღვინეობას, მაშინ პირველ ხანებში იჯარით უნდა შემოიფარგლოთ. თუმცა, იჯარით არა მხოლოდ მთელი ვენახის, არამედ მხოლოდ რამდენიმე მწკრივი ვაზის აღებაც შეიძლება. წელიწადში "სასაცილო" რამდენიმე ასეულ ევროს ფასად თქვენ მიიღებთ რეგულარულ ანგარიშს ვენახის მდგომარეობის შესახებ, შეძლებთ ესტუმროთ თქვენს ვაზებს, მონაწილოება მიიღოთ მოსავლის აღებაში, და სპეციალურ ფასად იყიდოთ სახელობითი ბოთლები. ფხიანი ინგლისელები, როგორც ჩანს, უკვე მრავალი წელია იჯარით იღებენ ვაზებს თავიანთთვის ან მეგობრებისთვის საჩუქრის გასაკეთებლად. მსგავსი სიხარული სავსებით ხელმისაწვდომია რუსეთის მცხოვრებთათვისაც. საიჯარო მომსახურებას სთავაზობენ როგორც თავად მამულები (მაგალითად, http://www.latuc.com/), ისე სპეციალური კომპანიები (http://www.wineshare.co.uk/, http://www.3dwines.com/).
ბლოკი: რა საჩქაროა
ოფიციალური მონაცემების მიხედვით, რუსებმა მხოლოდ ორჯერ იყიდეს ფრანგული ვენახები. პირველი მერცხალი იყო კომპანია "სიბნეფტის" პრეზიდენტი ევგენი შვიდლერი, რომელმაც 2002 წელს იყიდა მამული Chateau Thenac-ი ბერჟერაკში. მამულის საერთო ფართობი 133 ჰა-ზე მეტია, ვენახებისთვის გამოყოფილია დაახლოებით 33 ჰა. ძირითადი ჯიშებია მერლო და სემილიონი. ღვინოების წარმოებას უკვე სამი წელია კონსულტაციას უწევს საყოველთაოდ ცნობილი მიშელ როლანი. რუსეთში Chateau Thenac-ის ღვინოებს კომპანია "ვინიკომი" ყიდის.
მეორე იყო მოსკოვის ღვინისა და კონიაკის ქარხანა კინი, რომელმაც წელს ფრანგულ პროვინცია კონიაკში მდებარე ლე ბრუას მიწებზე გაშენებული დაახლოებით 20 ჰექტარი ვენახი შეიძინა. კომპანია გეგმავს კონიაკის ახალი ბრენდის გამოშვებას, რომლის წარმოებაში საკუთარ ფრანგულ ნედლეულს გამოიყენებენ.
© „მარანი“
3 comments:
მალხაზ, საქართველოში როგორ ვიყიდოთ, მაგაზეც თუ დაწერ? :)
მე ვაპირებ, შევათვალიერე კონდოლში პატარა ნაკვეთი.
ჰოდა, კონდოლი წითელიც მომწონს და თეთრიც, მაგრამ ორივეს ხმა ვერ მივეცი :(
P.S. გამატებ ჩემს ბლოგროლში (მეზობელი ბლოგების სიაში).
P.P.S. ”ლიტერატურის” რედაქტორის წერილები მომწონს.
Hello. This post is likeable, and your blog is very interesting, congratulations :-). I will add in my blogroll =). If possible gives a last there on my blog, it is about the Computador, I hope you enjoy. The address is http://computador-brasil.blogspot.com. A hug.
dvorsky, მაგაზეც დავწერთ, აუცილებლად, უბრალოდ ცოტა ხანჯებთანაა და ამიტომ გვიანდება. ისე, კონდოლი ძალიან კარგი ზონაა, თეთრებისთვისაც კარგი და წითლებისთვისაც, საფერავიც კარგია და კაბერნე სოვინიონიც კი. მე წითელზე შევაჩერებდი არჩევანს, საფერავზე.
პ.ს. დიდი მადლობა კომპლიმენტისთვის. ძალიან მიხარია რო ჩემს ნაფხაჭნებს მკითხველი ჰყავს :)
Post a Comment