Saturday, 26 April 2008

აღდგომის დღესასწაული საინგილოში


მოსე ჯანაშვილი

მეჩვიდმეტე საუკუნის დასაწყისიდამ საინგილოში ლეკები გაძლიერდნენ. ლეკებს შემწეობას აძლევდნენ სპარსეთის ყეენები. ამავე ხელმწიფეებმა აღმოსავლეთ საინგილოში (ელისენში) ახლად დააწესეს ილისოს სასულთნო. დასავლეთ-ჩრდილოეთ მხარეს-კი დამოუკიდებელი, რესპუბლიკანური წეს წყობილება შემოიღეს ლეკების რამდენსამე ადგილას დასახლებულ საზოგადოებაში, ასე რომ მე-XVII საუკ. დასაწყისიდამ თან-და-თან მთელი საინგილო (ძველი ჰერეთი, წუქეთი და ელისენი) გამოვიდა კახეთის მეფეების გავლენიდამ, ინგილოები მაჰმადიანთა გაბატონების გამო დიდს განსაცდელში ჩაცვივდნენ. ლეკებმა გააუქმეს იმათი სამლოცველოები, საყდრები, მონასტრები, განდევნეს სამღვდელოება; ამასთან სცდილობდნენ ინგილოებს დაევიწყნათ ქრისტეს სარწმუნოებაც, ენაც, ეროვნული ჩვეულებანიც და სხვ. და სხვ. და ყველა ამის მაგიერ გაევრცელებინათ მაჰმადის რჯული, ადერბეჯანური ენა, თავიანთი ჩვეულებანი და სხვანი.
ინგილოები დაემორჩილნენ ძალას, გარეგნულად მიიღეს მაჰმადიანობა, საჯაროდ, სახალხოდ დაიწყეს ლაპარაკი ადერბეჯანურს ენაზე და სხვ. მაგრამ ყოველივე ესე გარეგნული იყო, და ინგილო არას დროს არა ყოფილა ჭეშმარიტი მაჰმადიანი და არც დაუვიწყნია თავისი ღვიძლი ენა. თუმცა ადერბეჯანურიც შეუსწავლიათ, მაგრამ ოჯახის საშინაო, სალაპარაკო ენა ყოველთვის ქართული იყო; გარეთ, მეჩეთში, თუმცა ლოცულობდა მაჰმადს, მაგრამ თავის სახლში ადიდებდა ჭეშმარიტს ღმერთსა. ძალა აღმართსა ჰხნავს და რას იზამდა 15-17 ათასი სული ინგილო, რომელიც სოფელ-სოფელ განბნეული იყო ასისა და ორასის ვერსტის მანძილზე და რომლის გარეშემო ურიცხვი მოსისხლე მტერი ხმალ-ამოღებული ესახლა და ჰლამოდა, პირველსავე წინააღმდეგობაზე, გაეწყვიტა ეს უნუგეშოდ დარჩენილი ხალხი.
ამისდა მიუხედავად, ასე თუ ისე, ინგილოებმა დაიცვეს ანდერძნი და გარდმოცემანი ეკკლესიისა. ზოგიერთ შემთხვევაში ამ გარდმოცემათ მიუღიათ სულ თავისებური, გარემოებისაგან გამოწვეული, ხასიათი. აი ამის საბუთად გიამბობთ, თუ როგორ დღესასწაულობენ ინგილოები აღდგომას.

* * *
ამ დღესასწაულისათვის ინგილოები ვნების პარასკევიდამვე ემზადებიან. ამ დღეს წითელ კვერცხებით და სამარხო საჭმელ-სასმელით (მხოლოდ მამაკაცები) გადიან სასაფლაოზე, ასწორებენ ახლად განსვენებულთა საფლავებს; ერთად, ძმურად იხსენიებენ მკვდრების სულს, მერე ბურთაობენ და საღამოს ჟამს შინა ჰბრუნდებიან. შეღებილ კვერცხებს ინახავენ აღდგომისათვის. აღდგომის დღეს, მამლის ყივილისას, მთელი სახლობა იღვიძებს და პირს იხსნილებს ღორის ხორცით. გაღეჭავენ ერთს ნამცეცს ღორის ხორცს, გამოაფურთხებენ და თანაც იტყვიან: "ლეკო, დაგკეჩე!" ამ სიტყვებს აღდგომის შემდეგ იმეორებენ მაშინაც, როდესაც პირველად დაინახავენ ლეკსა.
დილით ყველა სახლის წულნი იმოსებიან ახალ ტანისამოსით, თავს ერთად იყრიან და სახლის აღმოსავლეთ კუთხეში ანთებენ სანთლებს. იქვე დგას დიდი ხონჩა, რომელზედაც აწყვია სხვა-და-სხვა სახსნილო საჭმელები. იქ შეევედრებიან ღმერთსა და ქურმუხის საყდარს ამ სიტყვებით: "ღმერთო და ქურმუხის საყდარო, გახსნილებას (აღდგომას) მუდამ დაგვასწარიო".
შემდეგ პირის გახსნილებისა, ჰკლავენ სამღვთო ყოჩს, ბატკანს, ან ქათმებს (ვარიებს). მერე სხვა-და-სხვა საჭმელებს დაალაგებენ ხონჩაზე და მიდიან საგვარეულო საყდრებზე სალოცავად. ეს საყდრები მაღალ ხეების ჯგუფია. ხშირად აქ სრულიად აღარც-კი ეტყობა კვალი ძველის შენობისა. ხეების ქვეშ სადმე დევს ქვა (ფშავ-ხევსურების ნიშისმგზავსი); აქ დაანთებენ სანთლებს, აკმევენ საკმეველს და შეევედრებიან ღმერთსა მხურვალედ, შემდეგ ამ საყდრებს დაუკლავენ სამღვთოს, ერთად ისამხრებენ ნათესავები და თავიანთ სახლებში წავლენ. სადილობის შემდეგ ნათესავები და ნაცნობები ერთმანეთს ულოცავენ აღდგომას. ქრისტე აღსდგა! ჭეშმარიტად! – აქ არ იციან. ერთმანეთს აღდგომას ულოცავენ ამ სიტყვებით:
- მოგილოცავ გახსნილებას!
- მეც შენ მოგილოცავ. ღმერთმა მრავალ გახსნილებას დაგასწროს ყაუმ-ყარდაშით (ნათესავებით).
1850 წლიდგან ქრისტიანობა რომ მიიღეს ინგილოებმა, მაინც თავისი აღდგომის დღესასწაულობის წესები არ დაივიწყეს. ეხლაც მაჰმადიანად დაშთენილი ინგილოები შიგა-და-შიგ ასრულებენ ხსენებულ წესებს. ქრისტიანი ინგილოები, თუმცა ეკკლესიებში სალოცავად ბეჯითად დაიარებიან, მაგრამ ძველ წესებსაც წმინდად ასრულებენ.

© „მარანი“

No comments: