Friday, 28 March 2008

პოლიტიკა ღვინის თანხლებით


ნათია მსხილაძე

ქართული ალკოჰოლური და მინერალური პროდუქციის დანაკლისს რუსული ბაზარი ნამდვილად რომ განიცდის, ეს უდავოა. რუსეთმა ქართული პროდუქციის დასაბრუნებლად პირველი ნაბიჯი თავად გადმოდგა. ყველასთვის მოულოდნელად, რუსეთის მთავარი სანიტარიული ექიმი გენადი ონიშჩენკო ქართული პროდუქციის დაბრუნებაზე ალაპარაკდა. რა თქმა უნდა, მის განცხადებას პოლიტიკური სარჩული ჰქონდა - საქართველოს პრეზიდენტად მეორე ვადით არჩეულ მიხეილ სააკაშვილის ინიციატივა, რომელიც მედიის საშუალებებით გაჟღერდა: "მე მზად ვარ, ხელახლა გავუწოდო მათ ხელი. ჩვენ ინაუგურაციაზე აუცილებლად მოვიწვევთ რუსეთის პრეზიდენტსაც და აუცილებლად შევეცდებით, რომ რუსეთთან ეს ურთიერთობები სუფთა ფურცლიდან დავიწყოთ."

ქართული მხარის სტრატეგია

საქართველოს ხელისუფლება ტაქტიკას ცვლის და რუსულ ბაზარზე დასაბრუნებლად ნიადაგს სიფრთხილით სინჯავს.
"საქართველო მზადაა, რუსეთთან ქართულ ალკოჰოლურ სასმელებსა და მინერალურ წყლებზე დაწესებული ემბარგოს მოსახსნელად დიალოგი განაახლოს," - ეს განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ლადო გურგენიძემ სახელმწიფო კანცელარიაში გააკეთა, რითაც ლადო გურგენიძემ რუსეთის მთავარი სანიტარული ექიმის, გენადი ონიშჩენკოს გზავნილს უპასუხა.
ონიშჩენკომ, რომლის უწყების ბრძანებითაც ქართული პროდუქციის რუსეთში იმპორტი 2006 წლის გაზაფხულზე "უხარისხობის" მოტივით აიკრძალა, 7 იანვარს ქართულ მხარესთან მოლაპარაკებების განახლების სურვილი გამოთქვა. "ჩვენ მზად ვართ, გამოვთქვათ ჩვენი წინადადებები იმავე რეჟიმში, როგორც ეს მოლდავეთის მხარის მიმართ მოხდა," - აღნიშნა ონიშჩენკომ.

ქართული და მოლდოვური ღვინის პარალელები

მოლდავურ ღვინოებზე ემბარგო, რომელიც ქართულ პროდუქციასთან ერთად დაწესდა, რუსეთმა, პრეზიდენტების დონეზე მიღწეული შეთანხმების შედეგად, 2006 წლის მიწურულს მოხსნა.

რა სახის პირობებს უყენებს რუსეთი საქართველოს

რუსეთის მთავარ სანიტარიულ ექიმ გენადი ონიშჩენკოს განცხადებით, თუკი მიღებული იქნება გადაწყვეტილება რუსულ ბაზარზე აკრძალული ქართული პროდუქციის დაბრუნებაზე, ამ პროცესს ქართული მინერალური წყალი "ბორჯომი" დაიწყებს. "ქართველმა მწარმოებლებმა მის უწყებას ალკოჰოლური პროდუქციის წარმოებაში წესრიგის დამყარების თაობაზე უნდა აცნობონ, მაგრამ საქართველოს ჯერ არაფერი შემოუთავაზებია, ყოველ შემთხვევაში, ჩემთვის. ქართულ პროდუქციაზე იგივე პრინციპები ვრცელდება, რაც მოლდოვურზე," - განაცხადა ონიშჩენკომ.
მოლდოვური ალკოჰოლური პროდუქციის რუსულ ბაზარზე დაბრუნება, 28 ნოემბერს დსთ-ს სამიტის ფარგლებში რუსეთისა და მოლდოვას პრეზიდენტების შეხვედრაზე გადაწყდა.
ქართული მხარისთვის რუსეთის მიერ წარმოყენებული წინადადებები მისაღებია და უფრო მეტიც, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები მზადყოფნას გამოთქვამენ, რომ მოლაპარაკებები რუსეთის ნებისმიერ წარმომადგენელთან აწარმოონ.
საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი პეტრე ცისკარიშვილი რუსეთის მთავარ სანიტარს საქართველოში ეპატიჟება.
როგორც ცისკარიშვილმა გენადი ონიშჩენკოს წინანდელი განცხადების კომენტირებისას აღნიშნა, ქართული მხარე მზად არის, რუსეთის მთავარი სანიტარი თბილისში მოიწვიოს, რათა მან საკუთარი თვალით ნახოს, რაოდენ მაღალი ტექნოლოგიებით მზადდება როგორც ღვინო, ისე მინერალური წყლები. "ქართული მხარე თანახმაა, როგორც ღვინის, ისე მინერალური წყლის რუსულ ბაზარზე დაბრუნებაზე მოსკოვთან მოლაპარაკებები დაიწყოს. მზად ვართ, ეს მოლაპარაკებები რუსეთის ნებისმიერ წარმომადგენელთან ვაწარმოოთ. ამისთვის თავად ღვინის და მინერალური წყლების სექტორიც მზად არის," - განაცხადა მინისტრმა.
სახელმწიფო მინისტრმა რეფორმების დარგში კახა ბენდუქიძემ მიხეილ სააკაშვილის ინიციატივა რუსეთთან ურთიერთობების აღდგენის თაობაზე დადებითად შეაფასა და მას "მართებული რეაქცია" უწოდა.
როგორც ბენდუქიძემ აღნიშნა, მართალია, საქართველომ რუსეთის ემბარგოსგან გამოწვეულ პრობლემები დაძლია, მაგრამ ამ ქვეყანასთან ურთიერთობის აღდგენა საქართველოსთვის ძალიან მომგებიანია. "ის პრობლემა, რომელიც რუსეთის ემბარგომ შეგვიქმნა, მნიშვნელოვანწილად გადალახულია, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ რუსეთთან ურთიერთობის აღდგენაზე არ უნდა ვიზრუნოთ. რუსეთის ბაზრის დაბრუნება საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარებას მნიშვნელოვან სტიმულს მისცემს," - განაცხადა ბენდუქიძემ.

ვინ გადაწყვეტს ქართველი მეღვინეების ბედს?

რუსეთის ბაზარზე ქართული პროდუქციის დაბრუნების მიზნით გამართულ შეხვედრაზე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში რუსეთის ფედერაციის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ვიაჩესლავ კოვალენკო მიიწვიეს.
საქართველოს საგარეო პოლიტიკური უწყების ცნობით, ელჩი მინისტრის მოადგილე გრიგოლ ქათამაძეს შეხვდა.
ქართული მხარე მზადყოფნას გამოთქვამს, მოიწვიოს კომპეტენტური კომისია, რომელიც ადგილზე შეისწავლის ქართული ღვინისა და მინერალური წყლების წარმოების პირობებს, განიხილავს ყველა მნიშვნელოვან საკითხს.
შესაბამისი წერილი რუსეთის მთავარ სახელმწიფო სანიტარ გენადი ონიშჩენკოს სახელზე მინისტრის მოადგილემ ვიაჩესლავ კოვალენკოს გადასცა.
ქართული მხარე, ასევე, გამოხატავს მზადყოფნას, ითანამშრომლოს რუსეთის ბაზარზე ქართული პროდუქციის, მათ შორის სოფლის მეურნეობისა და სხვა სახეობის პროდუქტის დაბრუნებისთვის.
ვიაჩესლავ კოვალენკომ თანამშრომლობისთვის მზადყოფნა გამოთქვა და აღნიშნა, რომ მაქსიმალურად შეუწყობს ხელს ამ პროცესის გააქტიურებას.
სპეციალურად ამ საკითხისთვის გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ბაკურ კვეზერელი, ღვინის მწარმოებელთა ასოციაციის პრეზიდენტი ლევან კობერიძე, კომპანია "თელიანი ველის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე არჩილ გეგენავა და სომელიეთა ასოციაციის პრეზიდენტი შალვა ხეცურიანი.
როგორც გაზეთ "24 საათთან" საუბრისას სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ბაკურ კვეზერელმა განაცხადა, რუსეთში ქართული ღვინის დაბრუნების შესახებ მოლაპარაკებების დაწყების პროცესი საქართველოში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის ვიზიტისას გადაწყდება.
მინისტრის მოადგილის განცხადებით, რუსეთის ბაზარზე ქართული ღვინის დაბრუნების საკითხზე აქტიური შეხვედრები და კონსულტაციები გაიმართება. ამის შემდეგ კი, დაგეგმილია საქართველოს დელეგაციის ვიზიტი რუსეთის ფედერაციაში.
"საქართველო მზად არის, ქართული პროდუქციის რუსეთის ბაზარზე დაბრუნების მიზნით რუსეთის ხელისუფლებასთან შედეგზე ორიენტირებული დიალოგი დაიწყოს," - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გელა ბეჟუაშვილმა განაცხადა.
მინისტრის თქმით, საუბარია არა მხოლოდ ქართული ღვინისა და მინერალური წყლის, არამედ სოფლის მეურნეობის პროდუქციის ექსპორტის განახლებაზე.
როგორც ბეჟუაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ქართული მხარე მზად არის, ყველა პრეტენზია ადგილზე განიხილოს და გადაწყვიტოს.
"ეს იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება და თუ ტექნიკური პრობლემები მოგვარდება, დანარჩენი პოლიტიკურ ნებაზე იქნება დამოკიდებული," - განაცხადა საქართველოს საგარეო პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელმა.
„ქართული ღვინის რუსულ ბაზარზე დაბრუნების პერსპექტივა მალე გამოჩნდება," - განაცხადა გაზეთ „24 საათთან" საუბარში ღვინის მწარმოებელთა ასოციაციის პრეზიდენტმა ლევან კობერიძემ.
მისი განცხადებით, მთავარია, რუსეთთან მოლაპარაკებების პროცესი დაიწყოს, შემდეგ კი, იქნება საუბარი იმ კონკრეტულ პირობებსა და მექანიზმებზე, თუ როგორ დაბრუნდება ქართული ღვინო რუსეთში.
კობერიძის აზრით, საქართველოსთვის მისაღები არ იქნება ის მოდელი, რომლითაც რუსულ ბაზარზე მოლდოვური ღვინო დაბრუნდა. მისივე თქმით, მოლაპარაკებები შეიძლება იანვრის ბოლოსთვის დაიწყოს.
ქართველი კომპანიების მიმართვაზე ონიშჩენკოს პასუხი მომავალი კვირის დასაწყისში გახდება ცნობილი. საქართველოში ჩამოსული რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი მხოლოდ ზოგადი კომენტარით შემოიფარგლა. სერგეი ლავროვის განცხადებით, საქართველოსა და რუსეთის მხრიდან ორმხრივი ურთიერთობების გაუმჯობესებისთვის კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადაიდგას.
როგორც ლავროვმა საქართველოს პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა, დროა, ორივე მხარე განცხადებებიდან კონკრეტულ ნაბიჯებზე გადავიდეს.
ლავროვმა შეხვედრის თემატიკა არ დააკონკრეტა. მისი განცხადებით, ქართველი ხალხი ყოველთვის იყო რუსეთისთვის მეგობრული. მისი თქმით, მან გადასცა მიხეილ სააკაშვილს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის მილოცვა მეორე ვადით არჩევასთან დაკავშირებით. "ჩვენ დავადასტურეთ გულწრფელი და ღრმა სურვილი, რომ გაუმჯობესდეს ჩვენი ქვეყნების ორმხრივი ურთიერთობები", - აღნიშნა ლავროვმა.

ყველაზე რთული წელი ქართველი მეღვინეებისთვის

რა გაახსენდება ქართველ მეღვინეს, როცა 2006 წელს გადაავლებს თვალს? რა თქმა უნდა, რუსული ბაზრის დაკარგვა (დროებით მაინც), ფინანსური ზარალი, შელახული იმიჯი, რთული გზა ახალ ბაზრებზე დასამკვიდრებლად და ბრძოლა ფალსიფიკაციის წინააღმდეგ. ერთი სიტყვით, ქართველმა მეღვინეებმა ყველაფერი ცუდი, რაც შეიძლება მომხდარიყო, 2006 წელს ერთბაშად იწვნიეს. თუმცა ზოგი ჭირი, როგორც თავად ქართველი მეწარმეები აღიარებენ, გრძელვადიან ჭრილში შეიძლება მართლაც მარგებელი აღმოჩნდეს. ნებსით თუ უნებლიეთ, წელს ქართველი მეღვინეების წინაშე არსებული ყველა პრობლემა რუსულ სანქციებს უკავშირდებოდა. თუმცა რუსული ემბარგო არა მარტო მეღვინეებისთვის, არამედ მთლიანად ქვეყნისთვის გახდა 2006 წლის ერთ-ერთი მთავარი მოვლენა. ხელისუფლება, ექსპერტები, ბიზნესმენები თუ უბრალოდ, რიგითი მოქალაქეები ამ მოვლენას, ეკონომიკურის გარდა, პოლიტიკურ ჭრილშიც განიხილავდნენ. ემბარგოდან ორი წლის თავზეც კი ამ თემას როგორც ქართულ, ისე უცხოურ მედიაში აქტუალობა არ დაუკარგავს. თუმცა მედია ერთადერთი არ იყო, რომელიც ამაზე მთელი წლის განმავლობაში საუბრობდა. პარლამენტის კედლებიდან დაწყებული, სოფლის ე.წ. "ბირჟებით" დამთავრებული, ყველგან ხდებოდა რუსეთის მთავარ სანიტარ გენადი ონიშჩენკოს გადაწყვეტილებისა და რუსული პოლიტიკის განხილვა.


© „მარანი“

No comments: