Friday, 7 March 2008

Piedmont - მესამე ბურჯი


ჯონ დაუნზი

პიემონტი ერთ-ერთია იმ ორი რეგიონიდან, სადაც ათ წელზე მეტია დაიწყო იტალიური ღვინის რევოლუცია. ანჯელო გაიამ და მისმა თანამოაზრე რამდენიმე მეღვინემ პიემონტში იგივე გააკეთეს, რაც პიერო ანტინორის მეგობრებმა ტოსკანაში. და დღემდე, პიემონტი ერთ-ერთ ყველაზე ენერგიულად განვითარებადი რეგიონია იტალიაში.

საკითხის ისტორია

პიემონტი (Piemonte) მდებარეობს იტალიის ჩრდილო-აღმოსავლეთით და ალპებს უერთდება (საკუთრივ მისი სახელი ითარგმნება როგორც "მთისწინეთი"). XIX საუკუნეში სავოის სამეფოს გეოგრაფიულმა მდებარეობამ, რომლის შემადგენლობაშიც შედიოდა პიემონტი, იზოლაციაში მოაქცია და დაიცვა ის ჰაბსბურგების, ბურბონებისა და პაპების მმართველობის პერიოდში (XVI-XIX საუკუნეები). ამასთან, პიემონტის საფრანგეთთან სიახლოვემ, იქ განმანათლებლობის ახალი იდეების შესვლას შეუწყო ხელი. საბოლოოდ, მეღვინეობის თვალსაზრისით, უკანასკნელი ასი წლის განმავლობაში იტალიაში ეს თითქმის ყველაზე მოწინავე რეგიონი იყო. ამიტომაც, გასაკვირი არაფერია იმაში, რომ პიემონტელმა მევენახეებმა თავიანთი საკუთარი ჯიშის ყურძნის გასაშენებლად საუკეთესო ნაკვეთების შერჩევაში, ასევე ფერმენტაციისა და დავარგების სწორი ტექნოლოგიების ძიებაში დიდ წარმატებებს მიაღწიეს. მაგრამ, ამასთანავე, პიემონტის დიდება ორმაგ ხასიათს ატარებდა: უცნაური ადგილობრივი დიალექტი, სხვადასხვა სოფლის ვენახების ნაჭრისგან შეკერილ საბანი და სტილისტური ვარიაციებით წარმოდგენილი ლანგეს ბორცვების ღვინოთა სიმრავლე - თითქოს პიემონტიდან ამ ყველაფერს ღვინის მოყვარულთა დასაფრთხობად შეეკრა პირი. ერთი სიტყვით, ის იყო რეგიონი, რომლის ღვინოებიც თანაბრად გხიბლავდნენ და გაშინებდნენ.
1993 წელს რეგიონში ფუნქციონირებდა DOC-ის 42 სახელწოდება და ზონა - ქვეყანაში ყველაზე დიდი რიცხვი, - და ეს, მრავალრიცხოვანი "სუფრის" ღვინის ჩაუთვლელად, რომელსაც ოფიციალური კლასიფიკაცია არ ჰქონდა. ახლახან კი პიემონტში გამოჩნდა DOC-ის სამი ახალი ოლქი: Langhe, Monferrato და Piemonte. მათი მოწოდება სწორედ იმ ღვინოების უზარმაზარი რაოდენობით განაწილებაა, რომელიც DOC-ში არ შედის, მაგრამ მათი სტატუსი vino da tavola-მდე რომ არ დაცეს, შევა უკვე კლასიფიცირებული ღვინოებიც (მაგალითად, ბაროლოსა და ბარბერა დ`ასტი-ს ღვინოები).
ღვინის წარმოების საერთო მოცულობა წელიწადში შეადგენს 3,5 მლნ. ლიტრს, რომელთაგან 40% DOC-ის დონეზეა: თითქმის ყველა ეს ღვინო მზადდება ერთი ჯიშის ყურძნისგან (ნებიოლოსგან) და მისი მნიშვნელოვანი ნაწილი ჯიშური ღვინის სახელით გამოდის.
ნებიოლო პიემონტის ყველაზე კეთილშობილი ჯიშია. მას აქ XIII საუკუნიდან ზრდიან. ტოსკანურ სანჯოვეზესთან ერთად, იტალიაში სწორედ მისგან იწურება წამყვანი ღვინოების უმეტესობა. თუმცა, არსებობს ნებიოლოზე დაფუძნებული 12 DOC-ი, ან DOCG-ი, მაგრამ მხოლოდ ცნობილი Barolo და Barbaresco აწარმოებენ არსებითი რაოდენობის ღვინოს. მაგალითად, გატინარუში ლანგეს ბორცვების საზღვრებს გარეთ აწარმოებენ ნებიოლოზე დაფუძნებულ ყველაზე მსხვილ DOC-ს, რომელშიც სულ 102 ჰა შედის.
კირქვიანი ნიადაგი ნებიოლოსთვის, ამ არისტოკრატი ჯიშისთვის, რომელსაც მუდმივი პატივისცემა ესაჭიროება, ზრდის ტერუარის ღირებულებას. პინო ნუარმა პრეტენზიული ჯიშის საერთაშორისო რეპუტაცია გამოიმუშავა, მაგრამ ნებიოლოს ადვილად არ შეუძლია შეცდომების პატიება. "ოდნავი უყურადღებობა ან შეუფერებელი ტერუარი და, ღვინო უკვე უხეში ტანინებითა და სუსტი ბუკეტით ხასიათდება" - ამბობს მაურიციო როსო (Rosso) ბაროლოს Cantitina Gigi Rosso-დან.
მაგრამ მეღვინეების მრავალი თაობა შეეგუა მომთხოვნ ნებიოლოს და ჩაატარა საუკეთესო ძირებისა და ნაკვეთების შერჩევის პროცედურა, რომელიც კრიუს გამოკვეთილ სისტემად იქცა. ამ სისტემის წყალობით წარმოდგენა გვექმნება, თუ სად ამზადებენ საუკეთესო ღვინოს.
უწინ, მიუხედავად იმისა, რომ ბაროლოსაც და ბარბარესკოსაც დიდი ხანია კარგად იცნობდნენ როგორც იტალიაში, ისე მის საზღვრებს გარეთ, მიიჩნეოდა, რომ მისი შეფასება მხოლოდ მათ შეუძლიათ, ვინც ადგილობრივ ტრადიციებსაც კარგად იცნობს და ხახა მოკალული აქვს.
თუმცა, ბოლო დროს, ამ რეგიონის მოხაზულობამ და სტილმა არსებითი ცვლილებები განიცადა. ყოველწლიურ იტალიურ შეჯიბრზე Tre Bicchieri ("სამი კათხა"), რომლის მიზანიც მაღალხარისხოვანი ღვინის წამოწევა და რეგიონული განსხვავებების დამტკიცება იყო, პიემონტი ზედიზედ მეორედ დასახელდა ქვეყნის საუკეთსო მეღვინეობის რეგიონად.
სკეპტიკოსები იმაზე შეიძლება მოგვედავონ, რომ კონკურსის შტაბ-ბინა სწორედ პიემონტშია განთავსებული, მაგრამ გარეშე დამკვირვებლებიც აღნიშნავენ ხარისხისა და სტილის მკვეთრ გაუმჯობესებას და რეგიონში მრავალფეროვნების ამაღლებას.
გარდა ამისა, წლის საუკეთესო ღვინის ქარხნის ასე სასურველი ჯილდო Cantina dell’Anno წილად ხვდა გრიგორიო რივეტის (Rivetti) La Spinetta-ს, უნიკალური ღვინოების მწარმოებელს, რომელმაც Barolo-ს მოუპოვა საკულტო ღვინის საერთაშორისო რეპუტაცია და ბარბერის (რომლის შესახებაც ვრცლად ცოტა ქვემოთ მოგითხრობთ) სტატუსი დამატებითი ჯიშის დონიდან პირველი კლასის ღვინის დონემდე აწია.

გაიას სინდრომი

უდავოა, რომ რევოლუცია ათ წელზე მეტია, რაც დაიწყო მრისხანე ანჯელო გაიამ (Gaja), ადამიანმა, რომელმაც საყოველთაო უკმაყოფილება გამოიწვია იმით, რომ გაჩეხა თავისი ერთ-ერთი საუკეთესო ნებიოლოს ვენახი, რათა მის ადგილას კაბერნე გაეშენებინა. მევენახეობის უძველესი ტრადიციებით განთქმულ პიემონტში, ამან ისეთივე ეფექტი მოახდინა, "ლა სკალაში" რომ გამოეცხადებინათ, ვერდის ოპერების ნაცვლად ახლა ბროდვეის მიუზიკლებს შემოგთავაზებენო. მაგრამ გაიას მოსაზრებები ემყარებოდა სარწმუნო კომერციული საფუძველს და ბაზრის შესაძლებლობების ჯანსაღ შეფასებას: კაბერნე კარგად იყიდება.
"არსებობს ღვინის ორი საყოველთაოდ ცნობილი გემო: შარდონე და კაბერნე, - ამბობს ის. - ხალხი გრძნობს ამ ჯიშებს, და აინტერესებს, რა გამოხატულებას პოულობენ ისინი მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში. ყველაფერი, რისი დამტკიცებაც გვინდოდა, არის ის, რომ პიემონტში კაბერნეს ბრწყინვალე შედეგების მოცემა შეუძლია".
სხვა მხრივ, თუ ღვინის მოყვარულებს უნდოდათ გაიას საუკეთესო ღვინოების გასინჯვა, მათი შეხედულებები გარდუვალად იხრებოდა ბარბარესკოს მხარეს, სადაც განუყოფლად მეფობდა ნებიოლო.
ამ წამოწყებაში თავად გაიას უდავო წარმატება სულაც არ ნიშნავდა იმას, რომ მთელ პიემონტს უცებ უნდა შეყვარებოდა საერთაშორისო ჯიშები, ახალი ფრანგული მუხა, აბრეშუმისებრი ტანინები და კოსმოპოლიტური თავაზიანი მანერები. სინამდვილეში, რეგიონი ძველებურად ემხრობოდა ადგილობრივი ჯიშის ტრადიციულ ღვინოებს, რომელთა ხასიათს ცალკეული მეღვინეები თავიანთი ტალანტისა და წარმოდგენების შესაბამისად ავითარებდნენ.
მაგრამ გაიამ, უდავოა, მეღვინეობაზე მოახდინა ახალი შეხედულების გაჩენის პროვოცირება, რომელიც მოდაზე ტრადიციის შეცვლით არ შემოიფარგლებოდა. მწარმოებელები ყურადღებით დააკვირდნენ რეგიონის ღვინოებს და მიხვდნენ, რომ საერთაშორისო ბაზარზე წარმატებისთვის საჭიროა მომხმარებლის პირის გემოს გათვალისწინება, რომელიც დაუყოვნებლივ დაკმაყოფილებას არის მიჩვეული, და ისეთ ღვინოებს, როგორიცაა Barbaresco და Barolo, მეტად ხისტად, ტანინებიანად და უკომპრომისოდ მიიჩნევს.
თუმცა ბევრმა მეღვინე-ტრადიციონალისტმა ვერც შეამჩნია მომხდარი ცვლილებები, რადგან წარმოების მოცულობა მცირე იყო, პროდუქციაზე მოთხოვნილება - მაღალი, და მათმა საკუთარმა, ერთი ვენახის ღვინოების მარკებმა უკვე მოიპოვა რეპუტაცია და ისინი ადვილად პოულობდა მყიდველს. მიხედავად ამისა, მოდერნისტულმა ზრახვებმა ისინი იძულებული გახადა განეხილათ ისეთი ფუნდამენტური საკითხები, როგორიცაა ჯიშური სელექცია და კუპაჟირება, ფერმენტაცია და ბარიკებში დაძველება; ეფიქრათ ფერმენტაციულ ტექნოლოგიებსა და ტანინების მართვაზე.
შედეგად შეიქმნა იმ ღვინოების ახალი თაობა, რომლებიც რჩებოდა რა DOC-ისა და DOCG-ის ჩარჩოებში, გაცილებით მეტად ხელმისაწვდომი და მიმზიდველი გახდა, ვიდრე მათი საუკუნეობრივი ტრადიციებით ნაკურთხი წინამორბედები.
გზადაგზა, ცალკეული სოფლები სწავლობდნენ თავიანთი ინდივიდუალობის გამოხატვას ჯიშების შერჩევის გზით, და გაჩნდა სუპერპიემონტური Indicazione Geografica Tipica-ს (IGT) მთელი ახალი კლასი - ჩვეულებრივ ეს ნებიოლოსა და ბარბერას კუპაჟებია, რომლებიც მსუბუქადაა შეკაზმული კაბერნე სოვინიონის თამბაქოს არომატითა და ახალი მუხის გაწონასწორებული სიტკბოთი.
ცოტა ვენახი თუ ასახავს ისე ნათლად პიემონტში მიმდინარე ცვლილებებს, როგორც Fontanafredda-ს სახელგანთქმული სახლი. ოდესღაც ის მთელ რეგიონზე მეფობდა და გამოჩენის დღიდან (XIX საუკუნის ბოლოდან) ტკბებოდა წარმატებით, მაგრამ შემდეგ დადგა თანდათანობითი დაცემის ხანგრძლივი პერიოდი, იმდენად, რამდენადაც საერთაშორისო ბაზრისთვის უფრო ხელმისაწვდომი ღვინოები ჩნდებოდა.
დღეს ახალ მფლობელს, პერსონალის მნიშვნელოვანი ნაწილის შეცვლასა და კომპანიის დინამიკურ ახალ სტრატეგიას კვლავ გამოჰყავს იგი მოწინავე პოზიციებზე. დანილო დროკო (Drocco), Fontanafredda-ს ახალი ტექნიკური დირექტორი და მეღვინოებაში თანდათანობითი გადატრიალების მიმდევარი, გვიხსნის: "ჩვენ ვატარებთ ექსპერიმენტებს ღვინის ახალ-ახალ სტილზე, რომლებსაც აღვწერდი როგორც უფრო ხელმისაწვდომს და აშკარა მომხიბვლელობის მქონეს. ჩვენ არ ვცდილობთ ჩავანაცვლოთ ისინი ჩვეულებრივ Barolo-ს, რომელსაც არასოდეს მოაკლდება ჩვენი ყურადღება, - ეს ალბათ უფრო სასინჯი ქვები ან წარმატებული მიგნებაა. ისინი ავსებენ, მაგრამ არ ცვლიან ჩვენს კლასიკურ ღვინოებს".
თუ საბოლოოდ დროკოს პროგრესული მიდგომა მეტ მომხმარებელს დაინტერესებს ამ რეგიონის ღვინოებით, ამას არაფერი ჯობია. იმიტომ, რომ თუმცა განვლილის გადახედვა და მოდერნიზმი ნებისმიერი რეგიონის ევოლუციის მნიშვნელოვანი შემადგენელია ნაწილია, საეჭვოა, პიემონტმა ზურგი აქციოს თავის ყველაზე ცნობილ შვილებს - ბაროლოსა და ბარბარესკოს.

ვინ, თუ არა ნებიოლო?

პიემონტის "მუშა" ყურძენი, რომლისგანაც აკეთებენ ყოველდღიურ წითელ ღვინოებს, არის ბარბერა. მას ზრდიან ყველგან, სადაც კი გაშენებულია ვენახები, ალბას, ასტისა და ალესანდრიას პროვინციებში. ამ ჯიშის ღვინო მაგარი და მათრობელაა, მაგრამ ზოგჯერ საკმაოდ უხეში და ძალიან მჟავე (თუმცა ბოლო დროს სიტუაცია საგრძნობლად იცვლება).
ხილის გემოს მქონე პიემონტური წითელი ღვინო Dolcetto, რომელსაც ახალგაზრდას სვამენ, ასევე მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა 1980 წელს, როდესაც უფრო გააზრებულმა მეღვინეობამ შეარბილა მისთვის დამახასიათებელი სიმწარე, ხოლო დაძველების ტექნოლოგიების გაუმჯობესებამ შეამცირა ან მთლიანად მოსპო არასასიამოვნო სუნების პრობლემა.
პიემონტში ყურძნის თეთრი ჯიშები, მოსკატოს გარდა, რომელიც ფართოდ გამოიყენება სხვადასხვა Spumante-სა და Frizzante-ში, ადრე აბუჩად იყო აგდებული, მაგრამ თანდათანობით, 1980-იანების განმავლობაში რეგიონის წარმოებაში თეთრი ღვინის წილი 10-დან 25%-მდე გაიზარდა. ნაწილობრივ ეს განაპირობა Asti Spumante-ს ზრდადმა პოპულარობამ და კომერციულმა წარმატებამ, აგრეთვე დამოუკიდებელი სერიოზული ღვინის სახით Moscato d’Asti-ს გამოჩენამ. ამავე დროს უფრო და უფრო პოპულარული ხდებოდა კორტეზეზე დაფუძნებული ისეთი ღვინოებიც, როგორიცაა Gavi და ღვინოები კოლი ტორტონეზიდან და ალტო მონფერატოდან. ძველისძველმა პიემონტურმა ჯიშებმა არნეისმა და ფავორიტამ, რომლებიც 1980-იან წლების პირველ ნახევარში იშვიათიობას წარმოადგენდა, 1990-იანი წლების დასაწყისისთვის დაიკავა შესაბამისად 400 და 100 ჰა. მაგრამ 1980-იანების ყველაზე გასაოცარ სიახლედ იქცა პიემონტში შარდონეს გამოჩენა და სწრაფი გავრცელება. 1993 წელს გაშენებული იყო უკვე 500 ჰა-ზე (1200 აკრი) მეტი, და ექსპანსია, ალბათ გაგრძელდება. საუკეთესო შარდონეებმა ლანგედან, რომლებიც კასრებშია ფერმენტირებული და მომწიფებული, თავიანთი მაღალი ხარისხით მიიპყრეს ყურადღება. ახალგაზრდა მეღვინეები ასევე დიდ ინტერესს იჩენენ კაბერნე სოვინიონის, პინო ნუარისა და თეთრი სოვინიონის მიმართ, მაგრამ ამ საერთაშორისო ჯიშებმა ჯერჯერობით სათანადოდ "ვერ მოიკიდეს" ფეხი პიემონტში.
ვაზს აშენებენ ზღვის დონიდან 150-დან 350 მეტრზე მეტ სიმაღლეზე. საუკეთესო, სამხრეთული ფერდობები ჩვეულებრივ ნებიოლოსთვისაა განკუთვნილი, ხოლო ყველაზე ცივ ნაკვეთებზე იზრდება დოლჩეტო (ან მოსკატო). მათ შორის არსებულ ზონაში რგავენ ბარბერას. ზაფხულის საშუალო ტემპერატურა და ნალექების დონე ძალზე მიახლოებულია ბორდოს შესაბამის პარამეტრებთან.

ბრძოლის პეიზაჟი

Barolo-სა და Barbaresco-ს შორის მეტოქეობა ერთ-ერთი ყველაზე დაძაბულია ღვინის სამყაროში. მაგრამ დღეს ორივე რეგიონში მიმდინარე სტილისტურმა ცვლილებებმა დებატები სულ სხვა, ტიპურობისა და ტრადიციის თემაზე წარმოშვა. პიემონტში დრო იცვლება. ბაროლოში ივარაუდება გემოს რევოლუცია.
პიემონტში ახლახან გამართულ დეგუსტაციაზე, რომელიც მიეძღვნა ეს-ესაა გაყიდვაში გამოსულ, 1998 წლის მოსავლის ღვინოებს, გაკვირვებით აღმოვაჩინე, რომ ჩემს ჩანაწერებში გაიპარა ისეთი ტერმინები, როგორიცაა "ღრმა ფერი", "რბილი ტანინები", "ფრანგული მუხა", "შებრაწული პური, შავი მოცხარის იერი" და "ბორდოსთან მსგავსებაც" კი. ლონდონში მცხოვრები იტალიური ღვინოების სპეციალისტმა დევიდ გლივიმ (Gleave MW), Liberty Wines-ს მთავარმა მენეჯერმა, რომელიც უკვე მრავალი წელია აკვირდება ბაროლოს, ასევე შენიშნა ცვლილებებისკენ ეს მასობრივი სწრაფვა: "როგორც ჩანს, მწარმოებლებს განუვითარდათ ჯოგური ინსტინქტი. მაგრამ რისკენ მიისწრაფვიან ისინი?" "უფრო ჯილდოებისკენ, ვიდრე ხარისხისკენ" - ასკვნის გლივი.
ამასთან, ჭეშმარიტი Barolo-ს მოყვარულებმა რაღაც მშობლიური აღმოაჩინეს მომდევნო დეგუსტაციაზე წარმოდგენილ ღვინოებში, მაგრამ ეს იყო 1999 წლის Barbaresco! ბევრი მათგანი წააგავდა ბაროლოს ღვინოებს, და, მიუხედავად იმისა, რომ იქაც და აქაც ვხვდებოდით "ღრმა ფერისა" და "ახალი მუხის" კონცეფციის გავლენის კვალს, მათში გაცილებით მეტი "ჰმ!" იყო, ვიდრე Barbaresco-გან მოველოდით. კუპრისა და ხილის ძლიერმა არომატმა, ტანინების სიუხვემ, ცოცხალმა მჟავიანობამ და მდიდარმა ხილის ბუკეტმა საერთაშორისო კომისიის საერთო მოწონება დაიმსახურა.
ამგვარად, ნათელი ხდება, როგორია საქმის ვითარება პიემონტში. სხვაობა ტრადიციულ Barolo-სა და ახალ Barbaresco-ს შორის მცირდება. "და თქვენ რა გაკვირვებთ? - სვამს კითხვას ბარბარესკოელი მეღვინე ანდრეა სოტიმანო (Sottimano) Azienda Agricola Sottimano-დან. - წინა კვირას, ბაროლოსა და ბარბარესკოს ღვინოების დეგუსტაციებზე, მამაჩემმაც კი, რომელიც ამ საქმის ნამდვილი სპეციალისტია, ვერ შეძლო მათი ერთმანეთისგან გარჩევა". და, რამდენადაც ამ ღვინოების ფასი უფრო დაბალია, შესაძლოა Barolo-თვის დრო დადგა, როცა მან ღარიბ ნათესავს პიემონტის საზეიმო მანტია ან თუნდაც საკუთარი გვირგვინი უნდა გაუყოს? ამაზე სოტიმანო იძლევა არაორაზროვან პასუხს: "ნამდვილად ასეა, - ამბობს ის. - ჩვენ საკმაოდ დიდხანს ვთამაშობდით დაწევობანას. ახლა იმის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, როგორ უმჯობესდება Barbaresco-ს ხარისხი, ხოლო ჩვენი მარკეტინგი თანდათან როგორ აღწევს წარმატებებს, Barolo უნდა შევიწროვდეს".
არავინ იცის, რატომ რჩება დღემდე Barbaresco "ღარიბ ნათესავად". ალბის გარშემო მიმოფანტული პატარა სოფლები ახლოს არიან ერთმანეთთან, მოჰყავთ ნებიოლოს ერთი და იგივე ჯიში, ამზადებენ მსგავსი სტილის ღვინოებს და მათი ვენახებიც ერთნაირადაა განლაგებული როგორც რელიეფის, ისე ნიადაგის ხასიათის თვალსაზრისით. მაშინ, შესაძლოა Barolo-ს დიდი პოპულარობის მიზეზი უბრალოდ საუკეთესო მარკეტინგი და კლასიკური რეპუტაცია იყოს?
"ჯერ კიდევ 20 წლის წინ ბარბარესკოში ძალიან ცოტა კარგი მეღვინე იყო, მაგრამ მოვიდა ახალი თაობა: ეს ხალხი პირველი ადგილის დაკავებისა და შენარჩუნებისკენ მიისწრაფვის " - ამბობს სოტიმანო.
მაგრამ თუ ყველაფერი კარგადაა, მაშინ რატომაა ასე ცუდად ცნობილი ბაროლოს და ბარბარესკოს კრიუები? ბორდოსა და ბურგუნდიის საუკეთესო ვენახების სახელები ერთთავად პირზე აკერიათ ღვინის ენთუზიასტებს, მაგრამ სთხოვეთ იტალიის თავგამოდებულ მიმდევრებს დაგისახელონ თუნდაც თითო კრიუ ბაროლოდან და ბარბარესკოდან, და მათი სავარაუდო პასუხი მხოლოდ დუმილი იქნება.
ბაროლო ისე დიდხანს ტკბებოდა ფართო საზოგადოების ყურადღებით, რომ მსგავსი უმეცრება ძალზე უცნაურია. ძირითადი კლასიფიცირებული ვენახების შესახებ, რომლებიც ბუსიიდან კოლონელომდე და სანჯიოვანიდან ვინია დეი პოლომდე დებარეობს - წარმოდგენა უნდა ჰქონდეთ იმ ადამიანებს, რომლებიც მათ სახელწოდებებს ეტიკეტებზე ეძებენ. მაგრამ ბარბარესკოს ახალგაზრდა მეღვინეებიც სიამოვნებით გამოიყენებდნენ ცნობილი კონკურენტების უკან მოტოვებისა და თავიანთი კრიუებისკენ ფართო ყურადღების მიპყრობის შესაძლებლობას.
"კრიუებს შორის განსხვავება რომ გაიგო, - ამბობენ ისინი, - უნდა ჩაწვდე ტანინების უნიკალურ ხასიათს, რომელიც ყოველი ვენახის ღვინოებისთვისაა დამახასიათებელი". "Barbaresco-ს ბუკეტი მჟღავნდება ტანინებში, და რაც უფრო წინ მიიწევ სამხრეთ-დასავლეთისკენ, ნიადაგი სულ უფრო მეტად იძლევა ბალახის გემოს მქონე, აგრესიულ ტანინურ შემცველობას. მაგალითად, Cotta-ს რაიონის კლასიფიცირებული ვენახები გვაძლევს გაცილებით დახვეწილ ტანინებს, ვიდრე Pajore-ს ვენახები", - გვიხსნის ანდრეა სოტიმანო.
Barbaresco-ს ტანინების გაგების მნიშვნელობა ბრწყინვალედ გამოხატა რენატო ჩილიუტიმ (Cigliuti): "სიმწკლარტის შესანიშნავ შეგრძნებასა და იმ გრძნობას შორის, თითქოს ენა გიბუჟდებაო, საკმაო განსხვავებაა", - ამბობს ის.
ბარბარესკოელი კონკურენტებისგან შეფუცხუნებულმა ახალი სტილის ბაროლოელმა მეღვინეებმა ორი შეკითხვა უნდა დასვან. საფრთხის ქვეშ ხომ არ აყენებენ ისინი მძიმე შრომის შედეგად მოპოვებულ რეპუტაციას, რომელიც კლასიკურ სტატუსსა და ადვილად საცნობ სტრუქტურაზეა დაფუძნებული? და, შესძლებს თუ არა მათი დამსახურებული პორტფოლიო ორივე, ტრადიციული და თანამედროვე სტილის ღვინოების დატევას?
დანიელა ველიო (Veglio) ბაროლოს Mauro Veglio-დან ამაში პრობლემას ვერ ხედავს: "ჩვენ არც ერთ შემთხვევაში არ წავალთ ყველაფრის რისკზე, და როდესაც საუბარი ტრადიციულისა და თანამედროვეს დაპირისპირებას შეეხება, სულაც არა ვართ ვალდებული რომელიმე მათგანი ავირჩიოთ. მეღვინეები ამ ორივე მიდგომისგან იღებენ საუკეთესო თვისებებს საუკეთესო ღვინის შესაქმნელად, რომელიც ზედმიწევნით ასახავს ჩვენს ტერუარს და წარმოდგენას გვიქმნის რეგიონის შესახებ".
დღეს, Barolo-სა და Barbaresco-ს დასამზადებლად, უზარმაზარი ტრადიციული, ძველი მუხის როფების ნაცვლად, თითქმის ყველა იყენებს უჟანგავი ფოლადის საფერმენტაციო როფებს ტემპერატურის კონტროლით. ვენახის მოვლის ტექნოლოგიამაც სწრაფი პროგრესი განიცადა. 1960-იანებში პოპულარული გახდა ნებიოლოს გაუმჯობესებული კლონები, რომლის გამოჩენამაც ვენახების საუკეთესო სელექციამდე მიგვიყვანა. კონტროლს დაქვემდებარებულმა დამატებითი საკვების დანერგვამ კი, პრაქტიკულად გააორმაგა მოსავლიანობა (რომელიც მიუახლოვდა 45 ჰლ/ჰა-ს, რაც იმის მაჩვენებელია, თუ რამდენად დაბალი იყო იგი ადრე). 1960-იანებში მოსავლის მოცულობის დარეგულირებისა და ღვინის კონცენტრაციის მომატების მიზნით, გაჩნდა მტევნების გამეჩხერების პრაქტიკაც. "მთლიანობაში, დღეს Barolo და Barbaresco უფრო ბუნებრივი გზით იწარმოება", გვიხსნის დანიელა ველო.
რენატო ჩილიუტი კარგი მაგალითის დემონსტრირებას ახდენს ახალი და ძველი სტილების ერთმანეთთან შერევით თავისი ღვინის ახალ და ძველ ფრანგული მუხის ბარიკებში, ხოლო დანარჩენი ღვინის სლოვენიური მუხის botte-ბში დაძველებით. შესაძლოა, რეგიონს რაც შეიძლება მეტი ასეთი მეღვინე სჭირდება, რომლებიც ორივე მიმდინარეობიდან საუკეთესოს მისაღებად არიან მზად, და არა იმისთვის, რომ კარდინალურად შეცვალონ თავისი სტილი.

ახალი დროის ვინტაჟები

ასე რომ, რა ამოვირჩიოთ და როგორი ვინტაჟი უკეთესია? სტატისტიკის მიუხედავად, ასევე ჩინებული გამოდგა 1997 წელს ვარსკვლავური "ასწლეულის ვინტაჟის" შემდეგ გამოჩენილი 1998 წლის მოსავალი. "ღვინის დამზადება ჩვენ დავიწყეთ 1992 წელს, და 1992 წლიდან 1995 წლამდე წარუმატებელი მოსავლების მთელი სერია გადავიტანეთ. ზედიზედ მეორე კარგი წელიწადი, ჩვენ უბრალოდ დავიმსახურეთ", - ღიმილით ამბობს პაოლო ველიო.
1999 წელს ბარბარესკოს მოსავალს ოფიციალურად ეწოდა "კარგი", მაგრამ "1999 წლის ღვინოები, თავიანთი ცინცხალი სიმჟავით, ხანგრძლივი დაძველებისთვის იყო განკუთვნილი", - ამბობს ანდრეა სოტიმანო.
აი როგორია საქმის ვითარება პიემონტში. Barbaresco ემზადება შეუერთდეს Barolo-ს სტილების უფრო და უფრო გაფართოებულ ზღვას. თვით ყველაზე გამოცდილ დეგუსტატორებს აერევათ Barbaresco Barolo-ში, და ეს უკანასკნელი, რაც კიდევ უფრო გასაოცარია, შეუძლიათ საერთოდ იტალიურადაც კი არ მიიჩნიონ.

მესამე ზედმეტი არ არის

მეორე, ნებიოლოს შემდეგ, პიემონტის წითელი ჯიშია (ამასთან, იტალიაში ყველაზე გავრცელებული) ბარბერა, რომელიც უკანასკნელი 20 წლის მანძილზე ვითარდებოდა Barolo-სა და Barbaresco-ს დიდი შეხლა-შემოხლის ჩრდილში. 1990-იანების ბოლოს აღმოჩნდა, რომ სანამ პიემონტის ორი დიდებული ღვინო ურთიერთობას გაარკვევდა, ბარბერამ თანდათანობით თითქმის მათ სიდიადეს მიაღწია.
წარსულში ჯიში ზარალდებოდა ძალიან დიდი მოსავლებისა და მევენახეების გულგრილობისგან, მაგრამ 1980-იანებში ამ ოლქებში მოხდა მნიშვნელოვანი გაუმჯობესება, რამაც იგი საშუალო ხარისხის ღვინის არსებით გაუმჯობესებამდე მიიყვანა. ახალ მუხაში დაძველებული ბარბერას ჩინებული კიუვეები, ამჟამად საუკეთესო Barolo-სა და Barbaresco-ს ფასებს აღწევს.
"ბარბერა, ამბობს დანილო დროკო (Drocco), ჩვენი ახალი ფავორიტია და დარწმუნებული ვარ, რომ ეს ჯიში განვითარების მორიგი საფეხური არ არის: მისგან სერიოზული პირველი ხარისხის ღვინო დადგება".
ბარბერას დღეს მხარს უჭერენ ყველაზე ცნობილი მეღვინეები დიადი და საშინელი ანჯელო გაიას ჩათვლით, რომელმაც დაახლოებით 10 წლის წინ თქვა: "მე მომწონს ბარბერას ყურძენი, მაგრამ მას თითქმის არავინ იცნობს". თუმცა, გარკვეული დროის შემდეგ, მას აღარა აქვს საბაბი, ჯიშის უცნობელობაზე დაიჩივლოს. ამას ამტკიცებს მისი ასპროცენტიანი Vignarey Barbera - რომელიც ბაზარზე ერთ-ერთი საუკეთესოა. იტალიური ღვინის სპეციალისტები ხუმრობენ, რომ " ა" ნიშნავს "ასტის" და "ალბეს" და "ბ" "ბარბარესკოს" და "ბაროლოს". მაგრამ ახლა, "ბ" თანაბარი წარმატებით შეიძლება ნიშნავდეს "ბარბერას". ყურძნის მრავალფეროვანი ჯიშები, რომელიც ქალაქებს, ასტისა და ალბეს აერთიანებს, იქცა სიურპრიზად, სიურპრიზი კი - Barbera d’Asti-სა და Barbera d’Alba-ს აყვავების ხანაში მყოფ ღვინოებად. პიემონტი ამის შემდეგ აღარასოდეს იქნება ის რაც იყო.
თუმცა ასტისა და ალბეში ერთნაირი ჯიშის ყურძენი მოჰყავთ, მათი მეტოქეობის ამბავი დიდი ხანია ლეგენდად იქცა. მიუხედავად ამ მოჩვენებითი მეტოქეობისა - თუმცა შესაძლოა მისი წყალობითაც, - ბარბერას გასაოცრად წვნიანი და შესანიშნავად დაბალანსებული ღვინოები მოდის ასტიდან, და, Barolo-ს და Barbaresco-ს მრავალი მწარმოებელი ქმნის მდიდარი ბუკეტის Barbera d’Alba-ს. ჯანსაღმა კონკურენციამ ორივე ოლქში განსაცვიფრებელი ღვინოების გამოჩენა გამოიწვია, აგრეთვე მსოფლიო ასპარეზზე გამოსვლაში დაეხმარა ადრე დაუფასებელ ჯიშებს. ფერდინანდო გრინჩიპიანო (Grincipiano) Cantine Sant’Agata-ს ღვინის ქარხნიდან იხსენებს: "როგორც წესი, ჩემს ბარბერას ყიდულობდა კომპანია Prunotto, სანამ არ მივხვდი, როგორი კარგი ღვინო შეიძლება გამოსულიყო ამ ტიპური პიემონტური ყურძნიდან".
ბარბერა მოდის პიემონტში, განსაკუთრებით კირქვიან და ტუფიან ფერდობებზე, და მისი ვარსკვლავი ზენიტისკენ მიემართება. კანონი მაქსიმალური მოსავლის რაოდენობას 63 ჰლ/ჰა-თი განსაზღვრავს, მიუხედავად ნიადაგის ტიპისა, თუმცა არსებობს აშკარა კავშირი მოსავლის მოცულობასა და პროდუქციის ხარისხს შორის, ვინაიდან საუკეთესო ღვინოები მუდმივად მიიღება 45 ჰლ/ჰა-ზე ნაკლები მოსავლისგან. "ჩვენი "Pomorosso" მზადდება ასპროცენტიანი ბარბერასგან, რომელიც მოსავლიანობის დონით შეადგენს 35 ჰლ/ჰა-ს, - ამბობს სინიორ ჩოპპო (Coppo). - მოსავლის ეს დონე გვიჩვენებს წვნიანი, ცინცხალი და ტანინის დაბალი შემცველობის ყურძნის პოტენციალს".
ბარბერასადმი გაღვიძებულმა ინტერესმა ბევრ მეღვინეს უბიძგა ამ ჯიშის კლასიკურ დონემდე ამაღლების მიზნით, ინვესტიციები ახალ ვენახებში განეხორციელებინათ. კომპანია Bava Azienda Vitivinicola-მ ახლახან იყიდა მაღლა კრენის ქედზე მდებარე Cascina Piano Alto-ს ვენახი. "წარმატებული მდებარეობის ღვინის ხარისხთან და ასაკთან შეხამებით, ჩვენ ვცდილობთ მივაღწიოთ ბარბერას ნამდვილ გემოს და შევქმნათ ნამდვილი კრიუ", - აღტაცებით ამბობს რობერტო ბავა. მისი საშინაო ფილოსოფია შეიცავს ამ ნაირსახეობის წარმატების თითქმის მათემატიკურ ფორმულას: "წამყვანი რეგიონები ასეთები მხოლოდ მაშინ ხდებიან, როცა იქ გამოჩენილი ღვინოების შემქმნელი ათეული მწარმოებელია; მხოლოდ მაშინ მოიპოვებს რეგიონი აღიარებას. პიემონტმა და ბარბერამ ამას უკვე მიაღწიეს. აქ ჩვენ არ გვჭირდება კაბერნე სოვინიონი და შირაზი", - ამბობს ის ეშმაკური ღიმილით.
ბარბერას ვრცელი დეგუსტაცია გამოყოფს ამ ღვინის სამ ძირითად ტიპს. პირველი, ეს არის მხნე, უბრალო და წვნიანი ყოველდღიური სუფრის ღვინო; მეორე - გარკვეული დროის განმავლობაში მუხის კასრებში დაძველებული კარგი ხარისხის, ზომიერად რბილი ღვინო; ხოლო სიას სათავეში უდგას დაბალმოსავლიან ვენახებში მოწეული მაღალხარისხიანი ყურძენი, რომლის ინტენსიურ და რთულ ნიმუშებს სულ მცირე ერთი წლის მანძილზე აძველებენ ახალ ფრანგულ მუხის კასრებში. თუმცა, რობერტო ბავა სტილში განსხვავებებს ძირითადად გამოყენებული ჭურჭლით ხსნის. ბარბერას აძველებენ 225 ლიტრიან ბარიკებშიც, და ფრანგული მუხის დიდ 1500 ლიტრიან, და სლოვენიური მუხის დიდ 60 და 100 ჰექტოლიტრიან კასრებშიც. სიამაყე და თავდაჯერება, რომლითაც მეღვინეები ამჟამად ეპყრობიან ბარბერას, ბაზრისკენ მიმართულ ჩინებული წითელი ღვინოების ნაკადში გამოიხატება. შესაძლოა, ტოსკანურ ღვინოებს გამოუჩნდეს კონკურენტები, რომ აღარაფერი ვთქვათ კაბერნეზე. სინიორ ბავას სარდაფებში Arbest Barbera d’Asti შეუერთდა Stradivario-ს. Berta-ს, Braida-ს, Chiarlo-ს, Prunotto-ს, Vietti-სა და Coppo-ს საოჯახო ღვინის ქარხნებმა შექმნა ასოციაცია Hastae (სახელწოდება Asti-ს რომაული ვარიანტი). იგი აწარმოებს ღვინო Quorum-ს, რომლისთვისაც ასოციაციის ყოველი მონაწილე თავისი პირველი კლასის ვენახებიდან იძლევა საუკეთესო ნაყოფს, დაჟინებით აკვირდება რა მოსავლიანობას, სელექციას, ახალი ბარიკების გამოყენებასა და ხანგრძლივ დაძველებას. მაღალი კლასის ტრიო - Arbest-ი, Quorum-ი და Stradivario - შავი ყურძნის პოპულარული ღვინოებია, ცინცხალი, დაბალანსებული, რბილი, მაგრამ პოზიტიური ტანინებითა და ხანგრძლივი, სანელებლიანი, შავი მოცხარის გემოთი გაჯერებული ფინალით. მათი დევიზი ასეთია: "რაც ტოსკანელებს შეუძლიათ, შეგვიძლია ჩვენც".
ასტისა და ალბეში მწარმოებლებმა, იმისათვის რომ დაეცვათ თავიანთი საპრიზო ღვინოები, დაიწყეს საცობებისთვის დიდი ყურადღების დათმობა: "ჩვენ დაჟინებით მოვითხოვთ, რომ მწარმოებელმა საცობზე დაბეჭდოს თავისი სახელი", - ამტკიცებს ბავა.
ვინაიდან Barbera d’Аsti და Alba ვერ აღწევენ ღრმა სიბერემდე, მათგან საუკეთესოებს შესწევთ საშუალო სწრაფი ზრდის უნარი. "ამჟამად ჩვენ ვყიდით 2000 წლის მოსავლის ღვინოს და ყველას ვურჩევდით 2000 წლის ბოლოს მათით დამტკბარიყვნენ", - შენიშნავს ბავა. დაწყებული 1995 წლიდან, ყველა მოსავალი ოფიციალურად აღიარეს "კარგ" მოსავლად, მაგრამ დაჟინებული გამოკითხვის შემდეგ ჩოპო ამბობს: "საუკეთესო იყო 1998 წლის, შემდეგ - 1997, 1999, 1996 და, ბოლოს, 1995 წლის მოსავლები".
ასეა თუ ისე, მძიმეწონოსანი Barolo-სა და Barbaresco-ს გაჭიანურებულმა შეხლა-შემოხლამ, რომელიც მობეზრდა მაყურებელს, მოწინავედან გადაინაცვლა რუბრიკა "მიმდინარეში", და ბევრი დაკარგა მწვავე ტენდენციების რეიტინგში. ზოგიერთი გამბედავი თავს უფლებას აძლევს ამტკიცოს, რომ "ბ" დღეს ნიშნავს "ბრავოს" და "ბარბერას". თუმცა, "პ" კვლავინდებურად "პროგრესი" და პიემონტია".


პიემონტი
"Piedmont" - "მთისწინეთი". პიემონტის რეგიონი თითქმის მთლიანად მდებარეობს ერთი მხრიდან ალპების და მეორე მხრიდან აპენინების მთების ძირში.

წარმოების დასაწყისი
ძვ. წ. I ათასწლეული - რეგიონში ვაზების კულტივაციისა და ღვინის წარმოების დასაწყისი.
XX საუკუნის დასაწყისი - ფილოქსერას ეპიდემიით გამოწვეული მეღვინეობის უდიდესი კრიზისი.
XX საუკუნის მეორე ნახევარი - ღვინის ხარისხის საკანონმდებლო რეგლამენტირება: 1964 წ. - შემოიღეს კატეგორია DOC; 1984 - DOCG;
1992 წ. - კატეგორია IGT.

გაყოფა
პიემონტში გამოყოფილია 42 DOC ზონა და 7 DOCG ზონა.

ნიადაგი
დიდი მრავალფეროვნება ნიადაგის შემადგენლობაში ქვიშასა და თიხასთან შერეული კირქვის მერგელის სიჭარბით გამოხატული.

ყურძნის ჯიშები
ძირითადი: წითელი - ნებიოლო, ბარბერა, დოლჩეტო; თეთრი - მოსკატო.
დამატებითი:
თეთრი: არნეიზი, რისლინგი იტალიკო, შარდონე, ტრებიანო, კორტეზე, მალვაზია და სხვ.
წითელი: კაბერნე სოვინიონი, ბონარდა პიემონტეზე, გრენაში, ლამბრუსკო, მერლო და სხვ.

წესები
DOC (Denominazione d’Origine Controllata) - ხარისხიანი იტალიური ღვინოები. რეგლამენტირებულია ყურძნის შემადგენლობა და ჯიშების თანაფარდობა, რომელიც მოყვანილია გეოგრაფიულად განსაზღვრულ მეღვინეობის რეგიონებში მდებარე ვენახებზე, კულტივაციის ტექნოლოგია, მაქსიმალურად დაშვებული მოსავლიანობა. 1990 წლიდან პიემონტში დადგენილია ღვინის ძირითადი მახასიათებლების: ფერის, სუნისა და გემოს სტანდარტები.
DOCG-ის ღვინოები (Denominazione d’Origine Controllata e Garantita) - ღვინოები საკუთარი სახელწოდებებით, რომლებიც, როგორც წესი, წარმოშობის მხარესთანაა დაკავშირებული. DOCG-ის დამოწმება ბოთლზე - წითელი "მარკა" ღვინის სახელწოდებითა და ნომრით. მოთხოვნები ამ კატეგორიის ღვინოებისადმი ყველაზე მკაცრია. პირველ რიგში, ეს ეხება წარმოშობას, მოსავლიანობას, ნიადაგის დამუშავებას. DOCG-ის ღვინოები გადის დეგუსტაციურ ტესტებს, ორგანოლეპტიკურ კონტროლს.

მეღვინეობა
წითელი: უჟანგავი ფოლადის კონტეინერებში დუღილი ტემპერატურის კონტროლით, მაცერაცია, რძემჟავური ფერმენტაცია. კასრებში დაძველება. ზოგიერთი ღვინისთვის DOC-ის წესებით გათვალისწინებულია დაძველების სავალდებულო ვადები, მათ შორის მუხის ან თხილის კასრებში დაძველების ვადები.
თეთრი: უჟანგავი ფოლადის როფებში დუღილი ტემპერატურის კონტროლით, გამოიყენება აგრეთვე ნალექზე დუღილი, ცივი ფერმენტაცია ან ნაწილობრივი კრიომაცერაცია ტემპერატურის კონტროლით, სტაბილიზაცია, ბოთლებში დაძველება.

ვაჭრობა
წარმოება: 44 მლნ. ყუთი ღვინო წელიწადში, მათ შორის DOC-ისა და DOCG-ის კატეგორიის ღვინის 11 მლნ. ყუთი. 1024 მეღვინეობის მეურნეობა ყოველწლიურად აწარმოებს 5-6 მლნ. ბოთლ ბაროლოს.
© „მარანი“

No comments: