Friday, 30 November 2007

საქართველო - რუსეთის ალკოჰოლური ფანტაზიების მსხვერპლი


დიანა ჩაჩუა

უდავოა, რომ დღეს ღვინო ყველაზე პოლიტიზირებული ალკოჰოლური სასმელია. ამის დასტურად მინსკში გამართული დსთ-ს სამიტიც გამოდგება, სადაც რუსეთის და მოლდოვას პრეზიდენტების "გადალაპარაკება" საკმარისი აღმოჩნდა, რათა ვლადიმირ პუტინს მოლდოვური ღვინოებისთვის მწვანე შუქი აენთო. როგორ მოახერხა ეს მოლდოვამ? ამის გადაჭრით თქმა რთულია. თუმცა ემბარგოს მოხსნის მიუხედავადაც, რუსეთის მთავარი სანიტარი გენადი ონიშენკო და მისი "კანტორა" ბაზარზე მოლდოვური ღვინის (თუნდაც ხარისხიანის) დაბრუნებას დიდი სიხარულით არ ხვდება. მიზეზი ძალიან რუსულია: ონიშენკოს ღრმა რწმენით, მომავალ წელს რუსეთში ალკოჰოლიკები თითქმის აღარ უნდა დარჩნენ. როგორც ამბობენ, რუსებს თავის შეკავება ძალიან გაუჭირდებათ, თუკი ბაზარზე ქართული ღვინოც დაბრუნდა. როგორც იტყვიან: "Умом Россию не понять"...

საქართველოში დაბრუნებულმა რუსეთის ელჩმა თან ჩამოიტანა მოლოდინი იმისა, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა, როგორც იქნა, კალაპოტში ჩადგება. ყველაზე დიდი იმედი კი ქართველ მეღვინეებს გაუჩნდათ. როგორც ქართველმა მეღვინეებმა გაგვიმხილეს, ღვინის მწარმოებელთა ასოციაციის ინიციატივით, უახლოეს მომავალში რუსეთის ელჩთან მეღვინეების შეხვედრა იგეგმება. სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია. ამ ეტაპზე სულ ესაა, რაც ქართულ-რუსულ ალკოჰოლურ ურთიერთობებში გამოიკვეთა.
წელს პირველად რუსეთიდან ხმა ელჩის დაბუნების შემდეგ გაისმა. მაშინ გენადი ონიშნეკომ საქართველოდან ღვინის იმპორტის აღდგენასთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ "ამ მიმართულებას ის გზას მალე გაუხსნის." თუმცა ქართველ მეღვინეებს ზეიმი ნაადრევად რომ არ დაეწყოთ, ონიშენკომ ისიც დასძინა, რომ ეს პროცესი აფხაზური ღვინოების დაბრუნებით დაიწყება.
ქართული მხარის შეფასებით ეს პოლიტიკური განცხადება იყო და რუსეთი აფხაზეთის თვითაღიარებული რესპუბლიკის მიმართ ორმაგ თამაშს თამაშობს. სოფლის მეურნეობის მინისტრის პეტრე ცისკარიშვილის თქმით, აფხაზეთიდან შეტანილი ღვინის ხარისხზე ქართული მხარე პასუხისმგებლობას ვერ აიღებს და ეს ნაბიჯი არც რუსეთისთვის უნდა იყოს მომგებიანი. ქართული მხარის განცხადებით, საუბარი "ქართული წარმოშობის აფხაზეთის რეგიონის ღვინოებს" უნდა ეხებოდეს და არა "აფხაზურ ღვინოებს", თუმცა ოპტიმისტი ქართველი მეღვინეები ამ მესიჯს მაინც პოზიტიურად აფასებენ.
პეტრე ცისკარიშვილი მიიჩნევს, რომ ეკონომიკური სანქციების მოხსნისკენ პირველი ნაბიჯი რუსეთმა ცალმხრივად უნდა გადადგას, რადგან შეზღუდვები სწორედ რუსეთმა დააწესა. "სანქციების გაუქმების შემდეგ კი ქართული მხარე საპასუხო ნაბიჯებს გადადგამს," - განაცხადა ცისკარიშვილმა.
მოსკოვიდან ხმა რამდენიმე დღის წინ კიდევ ერთხელ გაისმა, როცა ჩვენში დიდად პატივსაცემმა ონიშენკომ მოქალაქეებს სმის მიტოვებისკენ მოუწოდა. ისე, როგორ იქნებოდა, იქვე კბილი ქართული ღვინოებისთვის რომ არ გაეკრა. წინასწარ გეტყვით, რომ სანუგეშო არაფერი უთქვამს, თუმცა ონიშენკოს "ბორჯომის" მიმართ (ქართულ ღვინოებთან შედარებით) ბევრად "თბილი დამოკიდებულება" მაინც შესამჩნევი იყო.
"საქართველოს მხრიდან სრული უძრაობაა. ქართულ მხარეს რაიმე თხოვნით არ მოუმართავს, მათ შორის - მინერალური წყლების იმპორტის აღდგენასთან დაკავშირებით. თუ დაგვიკავშირდებიან, ჩვენ მათ წინადადებებს განვიხილავთ. თუმცა ეს, პირველ რიგში, "ბორჯომის" წყლებს ეხება..." - დასძინა რუსეთის მთავარმა სანიტარმა.
შეგახსენებთ, რომ მოლდოვასა და საქართველოში ღვინის ემბარგოს შემოღების პირველივე დღიდან ოფიციალურმა რუსეთმა მოლდოვას ამ პრობლემის მოგვარებისკენ გადადგმული ნაბიჯები არაერთხელ მოუწონა, საქართველოს კი პერმანენტულად უმოქმედობაში ადანაშაულებდა. თუმცა საეჭვოა ქართული მხარის აქტიურობას შექმნილ ვითარებაზე გადამწყვეტი გავლენა ჰქონოდა, როგორც ეს მოლდოვას შემთხვევაში მოხდა. საქართველოს შემთხვევაში სიტუაცია თავიდანვე ცოტა განსხვავებული იყო და დღემდე ასეთი სცენარით ვითარდება.
ქართულ-რუსულ ურთიერთობებში იყო კიდევ ერთი ჟესტი, როცა რუსეთის მთავარმა სანიტარმა საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს წერილით მიმართა. "რამდენიმეთვიანი დუმილის შემდეგ, ონიშჩენკოს წერილობითი მომართვა, რომ მზად არის თანამშრომლობისთვის, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების დათბობისკენ წინგადადგმული ნაბიჯია," - აცხადებდა გასული წლის ბოლოს სოფლის მეურნეობის ყოფილი მინისტრი მიხო სვიმონიშვილი. მაშინ მინისტრი იმედს გამოთქვამდა, რომ რუსეთის მთავარი სანიტარული ექიმის ინიციატივას გარკვეული შეთანხმება მოყვებოდა და აკრძალული ქართული ღვინო და მინერალური წყალი რესეთის ბაზარზე დაბრუნდებოდა. სვიმონიშვილმა ისე დატოვა მინისტრის პოსტი, რომ იმედი არ გაუმართლდა.
დაბრუნდებიან თუ არა ქართველები რუსეთი ბაზარზე, ნებისმიერ შემთხვევაში, მათ ერთ ცვლილებასთან მოუწევთ შეჯახება: რუსეთში იმპორტირებული ღვინის გაძვირებას ელიან. მიზეზი "ნატურალური ღვინის" ახალი განსაზღვრებაა, რომელიც რუსეთის ფედერალურმა საბაჟო სამსახურმა წამოაყენა. მისი "წყალობით" იმპორტირებული ყველა ღვინო, რომელიც ადრე ნატურალურად ითვლებოდა, ამ ინიციატივის მიღების შემთხვევაში, არანატურალური ღვინოების კატეგორიაში გადავა. როგორც რუსი მებაჟეები განმარტავენ, ნატურალურად ითვლება ღვინო, რომელიც არ შეიცავს მინარევებს, კერძოდ კონცენტრირებულ ჭაჭას, თუნდაც ის სასმელში დუღილის პროცესში იქნას დამატებული. უწინ, "რუსული გაგებით", სასმელში ჭაჭის არსებობა მის არანატურალურობას არ ნიშნავდა. აქამდე იმპორტისას ღვინის ერთ ბოთლზე აქციზის გადასახადი ორი რუბლი იყო. თუმცა მებაჟეების ახალი ინიციატივის დამტკიცების შემთხვევაში, იგივე ერთი ბოთლი იმპორტიორს 16 რუბლი დაუჯდება. რთული მისახვედრი არ უნდა იყოს, ვის ჯიბეზე აისახება იმპორტიორთა გაზრდილი ხარჯები.
სანამ რუსეთი თამაშის ახალ წესებს იგონებს, ონიშენკო და კამპანია კი აგრძელებს სპეცოპერაციას სახელწოდებით "რუსეთი ალკოჰოლის გარეშე", დროს უქმად არც ქართველი მეღვინეები კარგავენ. ამ თვეების მანძილზე მათ "ანგარიშზე" მსოფლიოს სხვადასხვა ბაზრები და საერთაშორისო ტიტულებია. მაგალითად, კომპანია "თბილღვინო" კანადის ბაზარზე პოზიციებს იმაგრებს. კომპანიის პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის ინფორმაციით, თებერვლის ბოლომდე 12 000 ბოთლი "თბილღვინოს" სამარკო ღვინოები კანადაში კვებეკის პროვინციაში შევა. კომპანიისთვის მნიშვნელოვანი იყო პოლონეთის ბაზარზე დამკვიდრებაც. თუ აქამდე "თბილღვინოს" სასმელი ბაზრობებსა და სხვადასხვა მაღაზიებში ქაოსურად იყიდებოდა, ამიერიდან მათი პროდუქცია ალკოჰოლური სასმელების სპეციალიზებულ მაღაზიებში გაიყიდება.
კომპანია "ქინძმარაულის მარნის" სამარკო ღვინო "ქინძმარაული" კი "2007 წლის ალკოჰოლური სასმელების საერთაშორისო გამოფენაზე" საუკეთესოდ აღიარეს. იმავე "თბილღვინოს" "ხვანჭკარა" გასულ თვეს საუკეთესო ბრენდად დასახელდა, 2006 წლის ბოლოს კი მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟული კონკურსის - IWSC (International Wines and Spirits Competition) დაჯილდოების ცერემონიაზე ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლით დაჯილდოვდა. კონკურსზე ვერცხლის მედალი 2002 წლის მოსავლის "განსაკუთრებული მარაგის საფერავმა" დაიმსახურა.


© „მარანი“

No comments: