Friday, 2 November 2007

ცვლილებები მეღვინეობის რეფორმაში


ევროკავშირის კომისარმა სოფლის მეურნეობის საკითხებში - მარიან ფიშერ ბოელმა განაცხადა, რომ ევროპული კომისია აპირებს ცვლილებები შეიტანოს მეღვინეობის რეფორმაში, რომელიც განსახილველად არის წარმოდგენილი. თუმცა ევროკავშირის წევრი ქვეყნების ერთი ნაწილი ფიქრობს, რომ კავშირს გაუჭირდება მეღვინეობის ინდუსტრიაში სერიოზული ცვლილებების გატარება.
მარიან ფიშერ ბოელი ამბობს, რომ მზადაა კომპრომისზე წავიდეს რეფორმის გარკვეულ პუნქტებთან დაკავშირებით. მაგალითად, ის მზადაა, შეიტანოს ცვლილება იმ პუნქტში, რომელიც ეხება ღვინის წარმოებაში შაქრის გამოყენების აკრძალვას, განსაკუთრებით ჩრდილოეთის ქვეყნებში, ვინაიდან ეს აკრძალვა ვრცელდება იმ მცირე მეწარმეებზეც, რომლებიც შაქარს მხოლოდ საკუთარი პროდუქციისთვის იყენებენ და რომელთა ნაწარმსაც კოოპერატივები არ ყიდულობენ.
ჭარბწარმოებასთან ბრძოლის მიზნით კომისარი მიიჩნევს, რომ ვენახების გარკვეული ნაწილის ლიკვიდაცია უნდა მოხდეს. ევროკავშირი ყოველწლიურად დაახლოებით 500 მლნ ევროს გამოყოფს იმ ღვინის გადასამუშავებლად, რომლის გაყიდვაც ვერ მოხერხდა. მისი განცხადებით, ეს მხოლოდ ხელს უწყობს ჭარბწარმოების ზრდას.
ევროკომისიის რეკომენდაციები მეღვინეებს შაქრის გამოყენების აკრძალვასაც სთავაზობს ისეთი ცნობილი ბრენდების წარმოებისას, როგორიცაა შამპანური. არადა, ამ წარმოებაში შაქრის გამოყენებას ასწლოვანი ისტორია აქვს. ევროკომისიის სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ შაქრის მაგივრად მეღვინეებმა არაფერმენტირებული ყურძნის წვენი უნდა გამოიყენონ, თუმცა ეს სამჯერ უფრო ძვირი ჯდება.
მიუხედავად იმისა, რომ დღესდღეობით ღვინის მსოფლიო ბაზარზე ევროპის ქვეყნები ლიდერობენ, მათ სერიოზულ კონკურენციას უწევს ავსტრალია, ჩილე და სამხრეთი აფრიკა.

© „მარანი“

No comments: