Thursday 6 March 2008

"წითელში" - ფრანგული ფილმი ქართულ ღვინოზე


რეზო გეთიაშვილი

"თქვენს კულტურას საფრანგეთი დიდი ხნის წინ იცნობდა, მაგრამ რატომღაც დაივიწყა და ყველა სიახლე დღეს უკვე აღმოჩენაა. შესაბამისად, გამოჩნდნენ "ახალი კოლუმბები", რომლებმაც უკვე აღმოჩენილი ქვეყნების ხელახალი აღმოჩენა დაიწყეს. მეც ერთ-ერთი მათგანი ვარ", - ამბობს ფრანგი კინო-დოკუმენტალისტი პიერ გოჩელი, რომელიც თავის ახალ ფილმს ქართულ ღვინოზე აკეთებს.

ფილმის სამუშაო სახელია "წითელში". ეს ფრანგული გამოთქმაა და კრიტიკულ პერიოდს ნიშნავს. გადაღება პიერ გოჩელის პირადი ინიციატივაა და საპროდიუსერო ფირმასთან საბოლოო ბიუჯეტის დამტკიცებამდე მიმდინარეობს. საპროდუსერო სამუშაო, ფაქტობრივად, პარალელურად ხორციელდება.
სად გაყიდის და რომელი ტელევიზიები დაინტერესდებიან - ამ შეკითხვას ფრანგი ჟურნალისტი საკუთარ თავს თვითონვე უსვამს. პროექტი უკვე მიეწოდა ფრანგულ ნაციონალურ ტელევიზიებს. თუმცა, როგორც პიერ გოჩელი აცხადებს, ამ ფილმს მხოლოდ ფრანგებისთვის არ იღებს და სურს, მთელ ევროპას აჩვენოს. მისი პროექტით უკვე დაინტერესდნენ გერმანელები, აქვს ფინანსური მხარდაჭერაც გერმანული ორგანიზაცია GTZ-ის მხრიდან. ავტორის სურვილია, რომ ფილმი საქართველოშიც ჩამოვიდეს.
პიერ გოჩელი, კინო-დოკუმენტალისტი, საფრანგეთი: "ეს შემოქმედებითი ფილმია, სადაც რეჟისორი თავის პირად აზრებს, დამოკიდებულებებს და მსოფლმხედველობას გადმოგვცემს. ფრანგები ასეთ ფორმატს "პირდაპირ კინოს" ეძახიან, რაც პერსონაჟებთან დარჩენას და მათ ირგვლივ მოძრაობას ნიშნავს.
ქვეყნებს, რომლებიც საბჭოთა კავშირმა შთანთქა, საფრანგეთში ნაცრისფერ ქვეყნებს უწოდებენ. მინდა, რომ ჩემს ხალხს მათი არსებობის შესახებ კიდევ ერთხელ შევახსენო. საფრანგეთში ხშირად ვლაპარაკობთ კავკასიაზე, მაგრამ მხოლოდ ენერგეტიკულ, ან გეოპოლიტიკურ კონტექსტში და ეს ყველაფერი ძალიან აბსტრაქტულია. ჩემთვის გაცილებით საინტერესო ადამიანები, მათთან საუბარი და მათი მოსმენაა.
საქართველოში პირველად 10 წლის წინ ვიყავი. ეს იყო მოგზაურობა ქართული მრავალხმიანობის სამყაროში რადიოსთვის "ფრანს კულტური". ძალიან მოკლე მოგზაურობამ დაბრუნების სურვილი გამიჩინა, რამდენიმე წელიწადში კიდეც დავბრუნდი და პოსტრევოლუციური ქვეყნების შესახებ (საქართველო, უკრაინა, ყირგიზეთი) 6-საათიანი გადაცემა გავაკეთე.
ყველა ჩამოსვლაზე ვხედავდი, რომ ქვეყანა სწრაფად იცვლილებოდა. გადავწყვიტე, ათვლის ახალ წერტილად ღვინო ამეღო და ქვეყანაში მიმდინარე პროცესები ღვინოზე საუბრით წარმომეჩინა.
ქვეყანა რომ აღმოაჩინო, ამისთვის ორი "სეზამის გასაღები" არსებობს - მუსიკა და ღვინო. ამ ორმა ფენომენმა საქართველოსკენ ბევრი კარი გამიხსნა. ეს არ არის მარნის კარის გაღება, ეს ცნობიერების კარია.
ღვინის სპეციალისტი არ ვარ და არც ეს ფილმია პროფესიული რეპორტაჟი ღვინოზე. ეს არის დოკუმენტური ფილმი იმაზე, თუ როგორ შეიძლება დავინახოთ ქვეყანა, მისი სოციალური, ეკონომიკური და კულტურული სახე ღვინის გარშემო. ღვინით საქართველოს ისტორიაც ირკვევა და დღევანდელი სახეც. მინდოდა, ქართული მეღვინეობა განსხვავებული ტიპაჟებით წარმომედგინა - გლეხიდან დაწყებული მსხვილ მეწარმემდე".

"მეღვინეობის ასეთი კრიზისი საფრანგეთმა 50-იან წლებში გადაიტანა"

ფილმის პირველი ნაწილი წლევანდელ რთველს ეძღვნება. მისი გადაღებისთვის პირობების მოსამზადებლად რეჟისორი საქართველოს ჯერ კიდე მაისის თვეში ესტუმრა.
პიერ გოჩელი: "პირველი ფილმისთვის სამუშაოები კახეთში ჩატარდა და ფილმიც ძირითადად კახეთს მიეძღვნა. ერთ-ერთი პერსონაჟი ართანელი მოხუცი გლეხი ანდრო პაპაა - 83 წლის ძალიან საინტერესო მოხუცი, ისეთივე პატარა ფერმერი, როგორიც ყოველი მეორე კახელია, ტიპიური კახელი, ოჯახური მეურნეობით, მარნითა და ქვევრებით.
იმის გათვალისწინებით, რომ ჩემი მთავარი პერსონაჟი მოხუცი გლეხია, გვერდს ვერც იმ მტკივნეულ საკითხებს ავუვლი, რასაც თუნდაც მსხმოიარე ვენახის გაკაფვა მოჰყვა. მით უმეტეს, რომ ეს ფაქტი ჩემში უამრავ შეკითხვას ბადებს და ჯერ ვერანაირ დასკვნამდე ვერ მივედი. ეს ჩემი პირადი შეკითხვებია. მიმაჩნია, რომ ფილმი შეკითხვებს უფრო უნდა სვამდეს, ვიდრე პასუხებს იძლეოდეს. ზოგჯერ შეიძლება შეკითხვა მძაფრი და მტკივნეულიც აღმოჩნდეს. ჩემი აზრით, თვითონ გლეხებსაც აქვთ იმის პრობელმა, რომ თავის თავი თვითონ იპოვონ. ეს პერიოდი ფრანგულმა მეღვინეობამაც გადაიტანა და ძალიან მტკივნეულადაც. თუმცა, ეს ყველაფერი 50-იან წლებში ხდებოდა.
მე უფრო დამკვირვებელი ვარ, ვიდრე ექსპერტი. უბრალოდ, მინდა პარალელურად ვაჩვენო სამი რგოლი - გლეხი, კომპანია და წვრილი მეწარმე და მაყურებელმა დასკვნა თვითონ გამოიტანოს, როგორ ახლოს არიან, ან როგორ ეხებიან და უარყოფენ ერთმანეთს.
შესაბამისად, ჩემს ართანელ პერსონაჟთან "ქინძმარაულის ღვინის მარანი" და "ქართული ღვინის ოჯახი" აღმოჩნდა. ეს ორგანიზაცია კოოპერაციული მუშაობის ერთ-ერთი პირველი და ძალიან საინტერესო მცდელობაა. ხარჯების დაზოგვის გამო მცირე მეწარმეები ღვინოს ერთობლივად, ერთიანი ბრენდით ასხამენ. ვფიქრობ, რომ ქარული ღვინისა და მევენახეობის მომავალი სახეც ეს არის. ჩემთვის წარმოუდგენელია დიდი ქარხნებისა და სტრუქტურების არსებობა ისეთ პატარა ქვეყანაში, როგორიც საქართველოა. ის რაც აქამდე იყო, აბსურდია, საუკეთესო გამოსავალი სწორედ პატარა კომპანიებია. კოლექტივიზაციის ამ თანამედროვე მოდელით ყველა საკუთარი გამოცდილებას იყენებს და საქმეს ერთად აკეთებს. ეს ჩემი პერსონალური, მაგრამ ევროპული ხედვაა.
რაც შეეხება ქართული ღვინის კულტურასა და ტრადიციას, ეს მხარე განსაკუთრებით მაინტერესებს და ფილმშიც აისახება. ამას იმიტომაც ვერ ავცდები, რომ ქართული ღვინის სიძველესა და ისტორიას ხაზს თვითონ პერსონაჟები უსვამენ. მსგავსი ფორმატის დოკუმენტური ფილმის სტრუქტურა რამდენიმე ეტაპად გადაღებას იმიტომაც ითხოვს, რომ პერსონაჟებს რაღაც პერიოდის განმავლობაში მიჰყვე. ჩემთვის მთავარია, აღვწერო რეალური სიტუაცია, რაც ქართული ყურძნისა და ღვინის გარშემოა და არ წარმოვაჩინო საფოსტო მარკა იმ მითისა, რაც ქართული ღვინის შესახებ არსებობს".

ქართული სუფრის ტრადიცია საფრანგეთში

თამადის ტრადიცია პიერ გოჩელმა საფრანგეთში უკვე ჩაიტანა და დაკარგული სადღეგრძელოების ტრადიციაც აღადგინა. ექსპერიმენტმა გაამართლა. სუფრის "თეატრალიზირებურ-მისტიკური" ფორმა ფრანგი თანამესუფრეებისთვის მისაღები, საინტერესო და სასიამოვნო აღმოჩნდა.
პიერ გოჩელი: "ჩემი ოჯახი ნახევრად ბურგუნდიული წარმოშობისაა. პატარა რომ ვიყავი, ბებია ლიმონათს მიმალავდა და ცოტ-ცოტა ღვინოს მასმევდა. ოჯახური ღვინო დიდ ისტორიას მოიცავს და ამ ისტორიას თვითონვე გიყვებათ. ძალიან საინტერესოა ვაზის ქართული ჯიშებიც, რომელსაც ფრანგები ახლაღა ვსინჯავთ.
საინტერესოა ის დამოკიდებულება და ურთიერთობა, რაც ღვინის ჭიქაში ჩანს. ღვინისადმი ეს დამოკიდებულება საფრანგეთმა უკვე დაკარგა. ამას შეიძლება დამატებითი სული დავარქვათ, რაც რიტუალებში და მისტიკაში გადადის და რაღაც მომენტში თეატრალურობამდეც მიდის".
ფრანგი კონოდოკუმენტალისტი ფილმის მეორე ეტაპის გადაღებას რაჭაში გეგმავს. ამით შეეცდება ევროპას დაანახოს, რომ ქართული ვაზი და ღვინო მარტო კახეთით არ ამოიწურება. მომდევნო გადაღებები რთვლის სეზონს აღარ დაემთხვევა და ღვინის დაყენების პროცესს ასახავს. ფილმის სრული ვერსია სულ ცოტა 60-წუთიანი იქნება.
© „მარანი“

2 comments:

Khatia Caroline said...

მარანი ინტერნეტშიც ასეთი მიმზიდველი თუ იქნებოიდა, არ მეგონა :)

კარგი ჩანაწერები გაქვს, ზოგს ეხლა გადავხედე და საინტერესოა! :)

მალხაზ ხარბედია said...

დიდი მადლობა ხატია.