Wednesday 12 March 2008

თბილისური ვაზის უსამართლოდ მივიწყებული ჯიშები


ლევან სეფისკვერაძე

საქართველოში ვენახებს მხოლოდ რეგიონებში არ აშენებდნენ. არსებობდა (და დღესაც არსებობს) ვაზის ისეთი ჯიშები, რომლებიც სწორედ თბილისის მიკროზონაში ხარობდა. თბილისური ვაზის ჯიშები, არაფრით ჩამოუვარდებოდა არც ერთი კუთხის ჯიშებს.
დიღომში, გლდანში, ვერაზე, სან-ზონაში, ვარკეთილში და სხვაგან დღესაც არიან ადამიანები, რომლებიც კვლავ აგრძელებენ მევენახეობის ტრადიციას. ბევრმა მათგანმა არც კი იცის, რომ მათ პატარა ვენახებში დარგული ვაზი თბილისური ჯიშია. მათგან დღეს ყველაზე მეტად გვხვდება: წითელი დიღმურა, სიონის თეთრი, განახული, მუხამწვანე და ე.წ. წითელი ვაზი.

გლდანულა თუ დაკიდულა?

საბჭოური პერიოდის თბილისის არასწორმა ურბანულმა დაგეგმარებამ გამოიწვია ის, რომ ვენახების დიდი ნაწილის ადგილზე თემქის მსგავსი უსახური დასახლებები აშენდა. კომუნისტები ხალხს აიძულებდნენ, პაპის დარგული ვაზი საკუთარი ხელით გაეკაფათ. იმის გამო, რომ საბჭოეთში ყველაფერი (მათ შორის მიწაც) სახელმწიფოს საკუთრებად ითვლებოდა, საკუთარი ვენახის ამოძირკვაში საკონპენსაციო თანხასაც კი არავის უხდიდნენ.
მერაბ ზარიძე, ავჭალის მკვიდრი: "სადაც დღეს გლდანულაა, იქ ავჭალელებს ადრე ვენახები ჰქონდათ გაშენებული. მათ შორის ჩვენს ოჯახსაც კარგა მოზრდილი ვენახი ჰქონდა და ყოველწლიურად იმდენ ღვინოს ვწურავდით, რომ ჩვენც გვყოფნიდა და ჩვენს ნათესავებსაც. მამაჩემი დღე და ღამე ვენახში იყო და ისე უვლიდა, ზედმეტ ბალახის ღერსაც კი ვერსად ნახავდით. კარგად მახსოვს, მამაჩემი ამბობდა: მე რომ ვენახში დაკიდულას ჯიშის ყურძენი მაქვს, მაგნაირი ვაზი ამ მხარეში არავის აქვსო. დაკიდულა იყო მოწითალო, დიდმარცვალა ყურძენი, როგორიც მერე მართლა არსად მინახავს. კიდევ გვქონდა თეთრი ფერის ძალიან ტკბილი ყურძენიც, რომელსაც არ ვწურავდით და ძირითადად სუფრაზე მისატანად ვიყენებდით. როდესაც გლდანულის მასივის აშენება დაიწყო, მოსახლეობას არც კი ჰკითხეს, ისე დაიწყეს ვაზების ამოთხრა და გზის დაგება. ზოგიერთს, მათ შორის მამაჩემსაც, საკუთარი ხელით ამოათხრევინეს ვაზები. საკონპენსაციოდ ფულის გადახდაზე ლაპარაკი არც ყოფილა. მამაჩემი უთქმელი კაცი იყო და იმ ვენახზე დარდი სიცოცხლის ბოლომდე გაჰყვა. ერთმა ჩემმა მეზობელმა წინააღმდეგობის გაწევა სცადა. მივიდა რაიკომში, პირდაპირ რაიკომის მდივანთან შევიდა და უთხრა: "ჩემი ვენახი ასი წლის მაინც იქნება, და მთელს თქვენს წყობას იმ ვენახის ერთი მტევანი მირჩევნიაო". დიდი გაწევ-გამოწევა ამტყდარა, მაგრამ ერთი უბრალო კაცი მთელს ქვეყანასთან რას გახდებოდა?"

დიღმურა და ჯიბღუ ხაკანი

დიღმის ტერიტორიაზე ვაზის გაშენების ტრადიცია უძველეს დროშიც არსებობდა. ცნობილი ისტორიული ფაქტია, რომ ჯიბღუ ხაკანის ლაშქრის მიერ ალყაში მოქცეულ თბილისის დამცველებს დიღმელებმა ღვინო მიუტანეს. ამ ღვინოს თბილისელი მეციხოვნეები მუსლიმი (და შესაბამისად არამსმელი) მტრის გასახელებლად ზედ ციხის გალავანზე სვამდნენ და ცარიელ ნაღვინევ ფიალებს მტრისაკენ ისროდნენ. ეს ისტორიული ფაქტიც რომ არ ყოფილიყო, მევენახეობის დიღმურ ტრადიციებს დღემდე არსებული ღვინის ჯიში, დიღმურაც ადასტურებს, რომელიც სოფელ დიღომის (ახლა უკვე თბილისის ნაწილის) მაცხოვრებლებს დღემდე მოჰყავთ და უნდა ითქვას, ძალიან კარგ ღვინოსაც აყენებენ.
ზაზა წიკლაური, დიღმის მოსახლე: "დიღმურა თეთრი ყურძენია, რომელსაც ძალიან ბევრი მოვლა უნდა, თუმცა ისეთი კარგი ღვინო გამოდის, ნამდვილად არ ჩამოუვარდება არც ერთ კახურ ან იმერულ ღვინოს. ახლა დიღმურა ბევრი აღარაა, მაგრამ რამდენიმე ოჯახს მაინც გვაქვს. უმეტესობას ურჩევნია, ზედმეტი შრომა თავიდან აიცილოს და დიღმურას ადგილზე ე. წ. უწამლი ვაზები ჩაყარონ. დიღმურა მარტო დიღომში არაა. ჩემს ნათესავს საკუთარი ეზო და ბაღი აქვს ე.წ. ვარკეთილის მეურნეობაში. როცა დიღმურას ღვინო გასინჯა, ძალიან მოეწონა და თავის ბაღშიც გააშენა. ახლა უკვე საკმაოდ დიდი ვენახი აქვს და დიღმურასაგან მგონი დიღმელებზე კარგ ღვინოსაც აყენებს"
ღვინისა და მევენახეობის სპეციალისტები, სამწუხაროდ, მწირ ინფორმაციას ფლობენ თბილისურ ვაზის ჯიშებზე. ყველა აღიარებს, რომ თბილისი, როგორც მევენახეობის მიკროზონა, ძალიან საინტერესოა და არსებობს ადგილობრივი ჯიშებიც, მაგრამ მათ შესახებ ცოდნა ძირითადად მხოლოდ ჯიშების დასახელებით შემოიფარგლება. ამ საკითხზე უფრო მეტის გაგება მოსახლეობისგან შეიძლება, რადგან მათ უშუალოდ აქვთ (ან ჰქონიათ) შეხება ვაზის თბილისურ ჯიშებთან.

თბილური თეთრი

სანზონის ჩრდილო-აღმოსავლეთით არსებულ კერძო დასახლებაში მივაგენით ერთ, მეტად საინტერესო ვაზის ჯიშს, რომელსაც ადგილობრივები თბილურ თეთრს ეძახიან. როდესაც სპეციალურ ლიტერატურას გავეცანით, აღმოჩნდა, რომ ასეთი დასახელების ვაზის ჯიში მართლაც არსებობს. თბილური თეთრი არის მაღლარი ვაზი (უწამლი არ არის), რომელიც განსაკუთრებული უხვი მოსავლიანობით გამოირჩევა და ვისაც კი ამ ყურძნით დაყენებული ღვინო გაუსინჯავს, ყველა უმაღლეს შეფასებას აძლევს. თუმცა ჯერ ვაზის პატრონს მოვუსმინოთ.
კობა ქავთარაძე, ეკონომისტი: "ამ სახლში დავიბადე და გავიზარდე. რაც თავი მახსოვს, ეს ვაზი სულ იდგა. მამაჩემისგან ვიცი, რომ თბილური თეთრი ჰქვია და ამის ყურძნისგან მართლაც ძალიან კარგი ღვინო გამოდის. მე არ მახსოვს, მამაჩემი ადრე დაიღუპა, მაგრამ როგორც დედაჩემი ამბობს, ეს ვაზი მამაჩემს თავისმა ნახალოვკელმა ძმაკაცმა მისცა. ღვინის ტექნოლოგიებისა და ხარისხის დიდი არაფერი გამეგება, მაგრამ ვისაც კი ჩემი ღვინო გაუსინჯავს, ყველას ძალიან მოსწონს. ძალიან კარგი გემო აქვს და მაღალგრადუსიანი ღვინო გამოდის. ჩურჩხელები ხომ საუკეთესოზე საუკეთესოა".
კობა ქავთარაძის ასაკოვანი მეზობლები იხსენებენ, რომ დაახლოებით გასული საუკუნის 60-70-იან წლებში თბილური თეთრი სანზონაშიც და თბილისის სხვა უბნებშიც საკმაოდ ბევრ ადამიანს ჰქონდა ხეივანზე გაშვებული. 74 წლის ვალერი ფედოევმა გვითხრა, რომ ადრე ვაზების შესაწამლად ქიმიურ ხსნარებზე მეტად ბიოლოგიურ და მცენარეულ საწამლ სითხეებს იყენებდნენ, რომლებიც საქართველოშივე მზადდებოდა.
ვალერი ფედოევი: "ადრე ვინ იცოდა ქიმიური საწამლი სითხეები და ასეთი მამაძაღლობები. სოფლებში იყიდებოდა მომწვანო ფერის წამალი, რომელსაც გლეხები სხვადასხვა ბალახებისგან და რამდენედაც ვიცი, თამბაქოს ფოთლისგან ამზადებდნენ. ქიმიური ხსნარი ერთ საქმეს აკეთებს და ათს აფუჭებს. თუკი მავნებელ მწერებს სპობს, სამაგიეროდ, ვაზის ქერქს აზიანებს და ვენახს ნაადრევად აბერებს. ადრე ვენახები ას და ორას წელს ძლებდა, ახლა კი 50 წელიც ძლივს ხარობს. არ დაფიქრებულხართ, ეს ყველაფერი რისი ბრალია? თბილისში ადრე ვისაც კი საკუთარი სახლი ჰქონდა, ვაზი თითქმის ყველას ედგა. თან რაღაც პაჭა-პუჭა ჯიშები კი არა, სულ კარგი ჯიშები. მერე ვიღაც უტვინომ შემოიტანა ზარმაცი ხალხის ვაზი - ადესა, რომელსაც არც მოწამვლა უნდა და არც ბევრი მოვლა. ამ ხალხსაც მეტი რა უნდოდა, გაიგეს ბევრი შრომის გარეშეც შეგვიძლია ღვინის დალევაო. კარგი ვაზები გაკაფეს, მათ ადგილზე ეს ადესა ჩაყარეს და ჭკუაშიც წააგეს. ადრე ღვინის მოყვარული კაცი ხარივით ჯანმრთელი იყო. რა ღვიძლის გადიდება, ან თირკმელების ტკივილი? ყველაფერი ასეთი უბედურება ხალხს სწორედ ადესისა და ასეთი მაიმუნური ვაზების გაშენების შემდეგ დაეწყოთ, თორემ კარგი ღვინო კაცს კი არ ვნებს, პირიქით - სასარგებლოა".

"შენსავე დაწურულ ღვინოს რომელი ბორდო სჯობია?!"

თბილისის ცენტრალური უბნების ქუჩებში, ეზოებში, ბაღებში, სკვერებში და ა. შ. დღეს ნორმალური ვაზის ჯიშები თითქმის აღარ არის. მე-19-ე საუკუნეში და მე-20-ე საუკუნის დასაწყისში კი დედაქალაქის ცენტრალურ უბნებში ხეივნების გაკეთების ერთგვარი ტრადიცია არსებობდა. ამ ყველაფერს შესანიშნავად აღწერს ირანელი მოგზაური მაჯდ-ოს-სალტანე, რომელიც ხაზგასმით საუბრობს თბილისელების ვაზისადმი განსაკუთრებულ სიყვარულზე და ამბობს: "საქართველოში ვაზს ძალიან დიდ პატივს სცემენ. ეკლესიებზე და შენობის კედლებზეც კი ვაზებს ხატავენ. თბილისში სახლიდან სახლზე ვაზის ხეივნებია გადებული. ეს ვაზი არავის ეკუთვნის და ყველა გამვლელს შეუძლია ყურძნის დაკრეფა". სამწუხაროდ, ეს ტრადიცია მივიწყებულია. თუმცა, ყველა თბილისელს ხელი არ ჩაუქნევია ძველი ტრადიციის აღდგენაზე.
გურამ ჭეიშვილი, ბარნოვის ქუჩის მცხოვრები: "არ ვიცი, გაგიგიათ თუ არა, არსებობს ვაზი, რომელსაც წითელ ვაზს ეძახიან. ძალიან კარგი ჯიშია და ღვინოც კარგი გამოდის. ადრე ჩემი სახლის წინ, მთელს გაყოლებაზე ეს ვაზი იდგა. შემოდგომაზე მთელი უბნის ბავშვები იმ ხეივანზე ისხდნენ. მერე ვიღაც ბობოლებმა მეზობლად დიდი მშენებლობა წამოიწყეს და ჩემი წინააღმდეგობის მიუხედავად, ხეივანი დაანგრიეს და ვაზიც, ბუნებრივია, გახმა. მე მაინც შევძელი ვაზის გადარჩენა. რამდენიმე ლერწი ეზოში გადავრგე და ისე გაიხარა, მომავალ წელს, ალბათ, მოსავალსაც მომცემს. ახლა ვაპირებ, მეზობლები შევკრიბო და მერიისაგან მოვითხოვო ძველი ხეივნის აღდგენა. მით უმეტეს, რომ გავიგე, ეს წითელი ვაზი ადგილობრივი, თბილისური ჯიში ყოფილა და თბილისში თუ არ გავახარეთ, აბა, სვანეთში ისედაც ვერ გაიხარებს. უბრალოდ, მიკვირს, საქართველოს ვაზის ქვეყანა ჰქვია და ქართველების დიდი ნაწილი საერთოდ ვერ ერკვევა ღვინისა და ვაზის ამბავში. დალევა ყველას უყვარს, მაგრამ ღვინოს შრომა რომ სჭირდება, რატომღაც ავიწყდებათ. არადა, შენსავე დაწურულ ღვინოს რომელი "ბორდო" სჯობია?!"
ძალიან ცდება ის, ვინც ფიქრობს, რომ ქალაქებში და მეტადრე - დედაქალაქში ვენახის გაშენება "გასოფლებას" და "ქალაქის იერ სახის შერყვნას" მოიტანს. ვაზი, გარდა იმისა, რომ ქართული ისტორიისა და თანამედროვეობის განუყოფელი ნაწილია, ვიზუალურადაც ლამაზი მცენარეა და დედაქალაქის იერ-სახესაც დაამშვენებს.
© „მარანი“

3 comments:

Unknown said...

babuaCemi erterTi pirveli mosaxle iyo isnis teritoriaze, axlandeli metromSheni, mamachems axsovs rogor gvqonia ezoSi venaxi, me rom davibade, mxolod talaveri SemorCa, rqawiTeliao, magram arasdros SewioTlebula rqawiTeliviT raRacnairi Tetr-yviTeli mtevnebi qonda. aravin wamlida, Tumca babua ambobda Wirdebao. uzarmazari Reroebi iyo 10-15 santimetri iqneboda diametrze..
sabolood ki esenic gaCezes da adesiTa da aladasturiT Caanacvles.

Anonymous said...

fiqro, Zaan sainteresoa neta ra jiSi iyo... Rvino rogori dgeboda gaxsovs?

Dv0rsky said...

ძალიან გამიხარდა, რომ მალხაზ ხარბედიას ბლოგს მივაგენი.

თუმცა მხოლოდ ღვინოზეა, მაგრამ მაინც კარგია :)

ჩაგამატებ ლინკების სიაში.