Saturday 8 March 2008

ჰიუ ჯონსონი - ღვინის ისტორია


40 მილი ბორდოს გარშემო

ზოგიერთი დაბრკოლება


ძნელი დასაჯერებელია, მაგრამ XIX საუკუნის პირველ ნახევრამდე, ბორდოსა და გარონის მეორე ნაპირას მდებარე პროვინციის უმეტეს ნაწილს შორის კავშირი მხოლოდ და მხოლოდ ნავების, მომცრო გემებისა და ბორნების საშუალებით მყარდებოდა. ხიდის მშენებლობის პროექტი პირველად ჯერ კიდევ 1782 წელს წარმოადგინა დიუპრე დე სენმორმა (Dupré de St Maur), მაგრამ მის განხორციელებას ხელი შეუშალა საფრანგეთის დიადმა რევოლუციამ. 1810 წელს იმპერატორმა ნაპოლეონ I-მა გასცა ბრძანება ხიდის დაუყოვნებლივი მშენებლობის თაობაზე, რომელიც მას სასწრაფოდ სჭირდებოდა ესპანეთში ჯარების გადასაყვანად. მაგრამ საქმე ასე "სასწრაფოდ" ვერ მოგვარდა. მშენებლობა მხოლოდ 1815 წელს დაიწყო, წყალზედა მაგისტრალის გახსნა კი ბორდოელებმა 1822 წელს იდღესასწაულეს. იმ დროისთვის გრანდიოზული პროექტი განხორციელდა გემების მფლობელი მილიონერის, შტუტენბერგისა (Stuttenberg) და ღვინით მოვაჭრის, გესტიეს (Guestier) ფულით.
ორი მდინარე, დორდონი და გარონი, რომლებიც შეერთების შედეგად ჟირონდად გადაიქცეოდა, და "ორი მდინარის შუაში" მდებარე ანტრ-დე-მერის (Entre-Deux-Mers) უზარმაზარი ოლქი, დედაქალაქ ბორდოსგან გამოყოფდნენ მეორე საპორტო ქალაქ ლიბურნს, რომელსაც ჯერ კიდევ XVII საუკუნეში ჰოლანდიელმა ვაჭრებმა (და კერძოდ ღვინით მოვაჭრეებმა) ისევე დაადგეს თვალი, როგორც თავად ბორდოს. ლიბურნი, ჯერ ერთი, ამზადებდა პალიუსური ნიადაგების ღვინოს, რომელიც პოპულარობით სარგებლობდა ჰოლანდიელებში, და მეორეც, ის წარმოადგენდა უზარმაზარი რაოდენობის თეთრი ღვინოების გადასატან პუნქტს, რომელიც აქ დორდონის ზემოთ მდებარე ბერჟერაკიდან ჩამოჰქონდათ.
ლიბურნის გარშემო მდებარე სამ ოლქში კი - სენტ-ემილიონში, პომროლსა და ფრონსაკში, რომელთაც ხარისხიანი ღვინოების წარმოებისთვის შესანიშნავი პოტენციალი ჰქონდათ, XVIII საუკუნის მეორე ნახევრამდე თითქმის არაფერი ხდებოდა: როგორც უცხოელი ღვინით მოვაჭრეები, ისე ახალი ტალღის მეღვინეები მეტ-ნაკლებად ახდენდნენ მათ იგნორირებას. ეს ყველაფერი განპირობებულია მთელი რიგი მიზეზებით, რომელთაგან ყველაზე არსებითი ეკლესიის მეთაურობა და რელიგიური ინსტიტუტების ფართოდ გავრცელებაა. ისტორიულად, ამ რაიონის მთავარ მიწათმფლობელად რომის კათოლიკური ეკლესია მიიჩნეოდა. შეგახსენებთ, რომ მედოკში სულ სხვაგვარი ვითარება იყო. ბორდოს კათედრალური კრება მტკიცედ უჭერდა მხარს სენტ-ემილიონს, მაშინ როდესაც პომროლის მნიშვნელოვანი ნაწილი ჰოსპიტალიერების (ესე იგი ყოფილი ჯვაროსნების) ორდენს ეკუთვნოდა: აქ მიწათმფლობელობას თავდაპირველად ჰქონდა იჯარის, და არა მიკრომამულების ფორმა - სრულებითაც არ იყო ადვილი ამ კედლის გარღვევა საქმოსნებისთვის, რომელთაც ახალი მიწების შეძენა სურდათ. რაც შეეხება ფრონსაკს, იგი დიდწილად ჰერცოგ რიშელიების საკუთრება იყო, რომელთა ვასალები ვენახების გარეშეც მშვენივრად გრძნობდნენ თავს.
ტვირთების გადაზიდვის თვალსაზრისით ლიბურნს ერთი უზარმაზარი ნაკლი ჰქონდა: 1728 წლამდე არ ჰყავდა საპორტო რეგისტრატორი, რომელიც გასცემდა ტვირთების საზღვარგარეთ გატანის ნებართვას, ასე რომ, იქაურ პორტში ვიზის მისაღებად აქ დატვირთულ ნებისმიერ გემს უზარმაზარი წრე უნდა შემოევლო გარონის გავლით ბორდომდე. მაგრამ ომის განმავლობაში ესპანური მემკვიდრეობის ხელში ჩასაგდებად კომერსანტებმა ისწავლეს ყველა მკაცრი წესის იგნორირება: ლიბურნელმა ვაჭრებმა, გარდა მარილისა, რომელიც დეკლარირებას არ საჭიროებდა, ჰოლანდიელებისთვის ღვინის მიყიდვაც დაიწყეს. 1730-იან წლებში ლიბურნში ჩამოდიოდა 100-ტონიანი სატვირთო გემები ამსტერდამიდან და როტერდამიდან.

ცვლილებების ხანა

XVIII საუკუნის დასაწყისში ბორდოს რეგიონში მეღვინეობის ზრდას თავად ბუნებამ შეუწყო ხელი. 1709 წელს ცივმა ზამთარმა ვენახები გააჩანაგა მედოკში, ხოლო 1740 წელს მსგავსი უბედურება დატრიალდა ლიბურნის გარეუბნებში. ასეთი კატაკლიზმები მევენახეობისთვის განახლების დასაწყისს ნიშნავს. დაღუპულ ვაზებს ცვლიან ახლით, და ამასთან, ფიქრობენ დარგვის გეგმებსა და ასარჩევ ჯიშებზე. ეს უკანასკნელი, მედოკისგან განსხვავებით, სადაც ჯიშური ქაოსის დაძლევა XIX საუკუნემდე ვერაფრით მოახერხეს, ლიბურნის შემთხვევაში უფრო აქტუალური და პროგრესული აღმოჩნდა. შემობრუნების წერტილად იქცა 1740-იანი წლები, როდესაც ლიბურნელ მოვაჭრეებს გაუჩნდათ ღვინის მიმართ ინტერესი: მათ საკუთარ თავზე აიღეს ინიციატივა და დაიწყეს გასაღების ახალი ბაზრების ძებნა არა იმდენად ჰოლანდიაში, რამდენადაც ბრეტანში, საფრანგეთის ჩრდილოეთი სანაპიროს გასწვრივ, და ფლანდრიაში. საეჭვოა, რომ ინგლისურ არისტოკრატიას, რომელიც მტკიცე ერთგულებას იჩენდა მედოკური ნარევების მიმართ, გაეგო აღმოსავლეთ ბორდოს ღვინოების მშვენიერება. პირდაპირ გასაოცარია, იმდენად მტკიცე აღმოჩნდება ხოლმე ღვინოსთან დაკავშირებული ტრადიციები. დღემდე სენტ-ემილიონი და პომროლი უფრო იციან და უყვართ საფრანგეთის ჩრდილოეთსა და ბელგიაში, ვიდრე ინგლისსა და ჩრდილოეთ ევროპაში.
მარკიზ დე ტურნიმ, რომელიც XVIII საუკუნის შუა ხანებში რეგიონის დედაქალაქის ინტენდანტი იყო, და რომელმაც საგრძნობლად გარდაქმნა ქალაქი, სხვა ყველაფერთან ერთად განიზრახა გზის მშენებლობა ანტრ-დე-მერის გავლით. სწორედ მაშინ გახდა დე-ფაქტო ლიბურნი მეღვინეობის ბორდოს ნაწილი.

ლიბურნის მატიანეები

1760 წლიდან დაწყებული, ინტენდანტი ჩინოვნიკების დეტალური მოხსენებებისა და ზოგიერთი სხვა წერილობითი წყაროების მეშვეობით, ბორდოდან მდინარის გაღმა მიმდინარე მოვლენები სრულიად ნათელი ხდება. ჩვენს დროში პროფესორმა ანჟალბერმა (Enjalbert), რომელმაც 1985 წელს გამოსცა მონოგრაფია "ბორდოს დიდებული ღვინოები": სენტ-ემილიონი, პომეროლი და ფრონსაკი", გამოიკვლია მრავალი მოგონება, ოფიციალური ანგარიშები და სანოტარო დოკუმენტი, რომლებიც შეიცავს საუცხოო დაწვრილებით ინფორმაციას.
მაგალითად, ჩვენ ნამდვილად შეგვიძლია მსჯელობა იმის შესახებ, რომ ძველი ქალაქის გარშემო მდებარე სენტ-ემილიონის ბორცვის წვერმა, რომელსაც ახლაც თვალს ვადევნებთ, უკვე მაშინ დაიწყო უცნაური ფორმის მიღება: ღრმა ჰორიზონტალური კარიერები ზედაპირის სიახლოვეს იჭრება ბორცვის ქვიან ჩონჩხში და ტოვებს კირქვის სვეტებს. სწორედ ეს სვეტები აკავებს ვენახებს, რომლებიც ამის გამო ჰაერში დაკიდებულს ჰგავს. და უკვე იმ დროიდან ჩნდება დღესდღეობით ძალზე ცნობილი ზოგიერთი მამული - Belair-ი, Canon-ი, Berliquet-ი, Clos Fourtet-ი, Magdelaine და Ausone.
1750 წელს, პომროლში ამჟამად Château Tropchaud-ის სახელით (მაშინ - Trochau) ცნობილი ვენახი მემკვიდრეობით მიიღო (ვენახი უკვე საკმაოდ დაბერებული იყო) ცნობილმა მსიე ფონტემუანმა (Fontémoing). სამეურნეო წიგნში მან ჩაწერა, რომ პირველ რიგში ბრძანა წყალსარინების გათხრა, ძველი ვაზების ამოძირკვა და "ბუშე, ნუარ დე პრესაკის"(კაბერნე ფრანისა და მალბეკის) "და კაბერნეს" გაშენება. იგი ასევე უყოყმანოდ იშორებდა თეთრ ჯიშებს მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს პომროლი ცნობილი იყო სწორედ თიხიან ნიადაგზე მოსული თეთრი ღვინოებით (სხვათა შორის, იმავე ტრადიციის მიხედვით, ბურგუნდიაში თიხიან ნიადაგზე ყოველთვის მოჰყავდათ შარდონე).
სავარაუდოა, რომ ჯიშებთან მიმართებით იმავე გეგმით ხელმძღვანელობდნენ ვენახების მფლობელები პეტრიუსის რაიონში, რომლებმაც იჯარის საწინააღმდეგოდ მაინც დაიწყეს გამოჩენა ერთი მესაკუთრის ხელშეუხებელი სამფლობელოების სახით: Trotanoy, Nenin-ი, Gazin-ი, Beauregard-ი, Vieux Château Certan-ი, Arnaud-ი და La Conseillante (ასე უწოდა თავის ახალ სამფლობელოს ქარიზმატულმა მადამ კონსელანმა). ყველა ეს სამფლობელო ერთად არც ისე დიდი იყო. ოლქის ერთადერთი მოზრდილი ვენახი, რომელსაც ფხიანი ვიტალ დე კარლე (Carle) - Figeac-ი - მართავდა, გაშენებული იყო სენტ-ემილიონსა და პომროლს შორის მდებარე პლატოზე. ამ მამულის ისტორია ჯერ კიდევ ძველი რომის ეპოქაში დაიწყო. 1730 წლიდან საუკუნის დასასრულამდე პერიოდში, ვიტალმა, შემდეგ კი უკვე მისმა ვაჟმა ელიმ კონტროლქვეშ აიყვანეს მთელი მამული, გაჩეხეს ტყე და გააშენეს ვენახი, რომელიც მთლიანად 75 აკრს მიწას მოიცავდა. ხოლო Figeac-ში შთამბეჭდავი ზომების ციხე-დარბაზის მშენებლობას ხელი მოკიდა ელის ძმისწულმა - ჟაკმა. იგი მეთაურობდა დიუნკერკისა და ბულონის გარნიზონებს, რომლებიც, ისე დაემთხვა, რომ პირდაპირ სენტ-ემილიონის ღვინის ბაზრის შუაგულში იყვნენ დაბანაკებული. ფრონსაკის ღვინოები იმ ხანებში სენტ-ემილიონის დარად ფასობდა. მაგალითად, 1783 წლის შესანიშნავი ვინტაჟის ყველა ღვინო ფრონსაკული Château Canon-იდან, რომელიც ცნობილ მსიე ბუაიეს (Boyer) ეკუთვნოდა, ექსკლუზიურად იქნა გამოსყიდული ვერსალში ტახტის მემკვიდრის სასახლის საჭიროებისთვის. სხვათა შორის, სახელწოდება "კანონის" წარმოშობასთან დაკავშირებით, ბევრი ერთმანეთში გადახლართული ლეგენდა არსებობს. დავიწყოთ იქიდან, რომ ფრონსაკში არსებობდა ასეთივე სახელწოდების ორი შატო, და ერთიც - სენტ-ემილიონში. ფრონსაკი მდებარეობდა დორდონის ნაპირზე ლიბურნიდან ოდნავ ქვემოთ. მდინარის ჩრდილოეთი ნაპირი ამ ადგილას ქმნის ციცაბო ფერდობს. ლეგენდის თანახმად, გვერდით მიმავალი სამხედრო გემები ამ გიგანტურ სამიზნეს უშენდნენ თავიანთ ზარბაზნებს. აქედან მომდინარეობს სახელწოდება Canon-იც. იგი ითარგმნება როგორც "ზარბაზანი". აი სენტ-ემილიონურ Château Canon-ს კი თავდაპირველად St-Martin-ი ერქვა, სანამ 1670 წელს იგი იღბლიანმა ვაჭარმა ჟაკ კანონმა (Kanon) არ იყიდა - და იცით ის სადაური იყო? - სადაური და დიუნკერკელი. მსიე კანონმა აიშენა კეთილშობილური კაპერის რეზიდენცია, რომელიც დღესაც დგას, ხელახლა ჩაყარა ვენახი, ააშენა მარანი და სარდაფი, გაათავისუფლა ზანგი მონა, ხოლო ათი წლის შემდეგ ყველაფერი მიატოვა, მამული უმსხვილეს ლიბურნელ ვაჭარს, რაიმონ ფონტემუანს (Fontémoing) მიჰყიდა და ჰაიტიზე გაემგზავრა. აქ სურვილი გიჩნდება ერთმანეთს შეუდარო იმდროინდელი ლიბურნის საპატიო მოქალაქე, ლეგენდარული ფონტემუანი და ამ რეგიონის ამჟამინდელი "ნეგოცინატების იმპერატორი" ჟან-პიერ მუე (Moueix), რომელმაც აღადგინა რეგიონის რეპუტაცია.

სოტერნის დიდი საიდუმლო

XVIII საუკუნის სოტერნის ისტორია ყველაზე ცუდადაა შესწავლილი. სოტერნი მეზობელ კომუნებთან ერთად, - ეს არის მწვანე და ყვითელი ბორცვების ჯაჭვი, რომელიც 25 მილზეა გადაჭიმული გარონის დასავლეთ ნაპირის გასწვრივ, სანამ იმ ადგილამდე მივალთ, სადაც მდინარე ქალაქის ხმაურს და საპორტო ფაციფუცს წვდება. დიდი ხანი არ არის, რაც მთელ რეგიონს სოტერნს ეძახიან. სხვადასხვა დროს "საერთო" სახელწოდების სახით იყენებდნენ ოლქის ხან ერთი, ხან მეორე "დროებითი ცენტრის" სახელებს, როგორებიცაა: ლანგონი, ბარსაკი, პერნიაკი, ბომი და, ბოლოს, სოტერნი.
დღეისათვის თითქმის დამტკიცებულად ითვლება ის ფაქტი, რომ უკვე XVII საუკუნეში ჰოლანდიელები აქ რაღაც "ტკბილ ღვინოს" ყიდულობდნენ. თუმცა, თეორიულად ითვლება, რომ სოტერნში მხოლოდ XIX საუკუნის შუა ხანებში დაიწყეს ღვინის წარმოება ბოტრიტიზებული ყურძნის გამოყენებით - ტექნოლოგიით, რომლის წყალობითაც ისინი ასე ძვირად ფასობს. "თეორეტიკოსების" სიჯიუტის გაგება ძნელია, რადგან ისინი იმასაც უშვებენ, რომ იმავე ტექნოლოგიამ ასახელა ტოკაის ღვინოები ჯერ კიდევ XVII საუკუნის ბოლოს. გასაგებია, რომ ზოგიერთი მეცნიერი სიამოვნებით ემხრობა ერთ-ერთ ისტორიულ ვერსიას, რომელმაც მრავალი სპეკულაციური მსჯელობა გამოიწვია; სახელდობრ კი იმ ფაქტს, რომ 1830-იან წლებში Château Yquem-ის მეზობლად მდებარე Château La Tour Blanche-ს მფლობელი იყო მსიე ფოკე (Focke), რომელიც აქ რეინის ოლქიდან გადმოსახლდა. ბევრს სახალისოდ ეჩვენება ის, რომ სოტერნში სწორედ მან შემოიღო Botrytis cinerea-ს ზემოქმედებისგან დაჩამიჩებული ყურძნის გამოყენება, - და რომ საერთოდაც მან გამართა Bordeauх Auslese-ს წარმოება.
მაგრამ ზოგიერთი მკვლევარის ისტორიული ანეკდოტებით გატაცების მიუხედავად, ჩვენ გაგვაჩნია იმის უტყუარი მტკიცებულებები, რომ სოტერნში მსიე ფოკეს გამოჩენამდე ასი წლით ადრე, თეთრ ყურძენს (სხვათა შორის, იმ დროს აქ იზრდებოდა წითელი ჯიშებიც) ზოგიერთ წელიწადს ნოემბრის ბოლოს კრეფდნენ. აბატი ბელე (Bellet), რეგიონის ერთ-ერთი მუყაითი ჟამთააღმწერელი, სკრუპულოზურად აფიქსირებდა მოსავლების აღწერას (1717-დან 1736 წლის ჩათვლით) კადილაკში, რომელიც სოტერნის მოპირდაპირე მხარეს, ჰარონას მეორე ნაპირზე მდებარეობს. კერძოდ, ის წერდა იმის შესახებ, რომ კადილაკში, ისევე როგორც სოტერნში, ყურძნის ჯიშებს შორის ყველაზე მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა სემიიონს და, რომ უკვე ოქტომბრისთვის, მდინარის ორივე ნაპირზე იგი ამა თუ იმ ხარისხით იყო Botrytis-ით დაზიანებული. თუმცა, აბატის დღიურებიდან ძნელია იმის გაგება, ითვლებოდა თუ არა უკვე მაშინ ეს სოკო კეთილშობილად, თუ მას როგორც მავნებელს, ისე განიხილავდნენ. ბელე ყვებოდა იმის შესახებ, თუ როგორ იღებდნენ სოტერნში მოსავალს: "მთელი ოქტომბრის განმავლობაში რამდენჯერმე გარს შემოუვლიდნენ ვენახებს და არჩევდნენ საღ ყურძენს, რომელსაც სიდამპლე არ ჰქონდა შეპარული". აბატის ფორმულირებებიდან გაურკვეველია, რას უშვრებოდნენ დამპალ ყურძენს - უბრალოდ ყრიდნენ, თუ ვაზეებზე ტოვებდნენ, რომ ნოემბერში მოეკრიფათ. უფრო მეორე უნდა იყოს. ტყუილუბრალოდ ხომ არ ყვება ოდნავ მოგვიანებით იგივე ბელე ხატოვან ისტორიას იტალიასა და პროვანსში საუკეთესო ღვინოების დამზადებენ თაობაზე: "ტკბილი ღვინის დასაყენებლად ლერწებს გრეხენ და მტევნებს ვაზებზე მანამდე ტოვებენ, სანამ ყურძენი არ გადამწიფდება. ვაზზე გამომშრალი ყურძენი, როცა იგი თითქმის ქიშმიშად იქცევა, ყველაზე მეტად ფასობს".
მაგრამ უდავოა ის ფაქტი, რომ ღვინოები, რომლებიც სოტერნიდან მოდიოდა, ყოველთვის განსაკუთრებული სიტკბოთი იყო ცნობილი. შესაძლოა, გარდა (ან ნაცვლად) ბოტრიტიზებული ყურძნისა, აქ იყენებდნენ ჰოლანდიელებისგან ნასესხებ მუსტის დამატების ხერხს -. როგორც აბატი ბელე მოწმობს, მის მიერ აღწერილ ერთ-ერთ მოსავალში იმდენად ბევრი შაქარი იყო, რომ "საჭირო გახდა გოგირდის 12 ასანთის გამოყენება, მაგრამ დუღილი მაინც ვერ შეაჩერეს". თუმცა, ჩვეულებრივ, კასრზე ცხრა ასანთიც საკმარისი იყო.
ნიკოლა ბიდე (Bidet) თავის "ტრაქტატში მევენახეობის შესახებ" (წიგნი დაიწერა 1759 წელს) ადასტურებდა, რომ ბარსაკის, პრენიაკისა და ლანგონის ღვინოები უბრალოდ "ტკბილი" არ იყო: "იმ წლებში, როდესაც მოსავალს გვიან იღებენ, სიტკბო ერევა სიმაგრესა და სიძლიერეს, და მხოლოდ ამის შემდგომ აძველებენ ღვინოებს მრავალი წლის განმავლობაში, სანამ ისინი ჭეშმარიტ სრულყოფილებას არ მიაღწევს".
ერთ-ერთი "სოტერნული ჰიპოთეზის" თანახმად, რომელსაც თავგამოდებული მიმდევრები ჰყავს, XVII-XVIII საუკუნეებში სოტერნში, რა თქმა უნდა, იყენებდნენ ლპობაშეპარულ ყურძენს, მაგრამ... ამას გულმოდგინედ მალავდნენ. მეღვინეებს შორის ასეთი საიდუმლოება განსაკუთრებით სამღვდელოების წარმომადგენლებს უნდა შეხებოდა, ვინაიდან ტკბილი ღვინო არის ზიარების ღვინო. ესთეტიკურ პერიპეტიებზე, რომლებიც დაკავშირებულია Botrytis-ით გაფუჭებული ყურძნის გამოყენებასთან, ვხვდებით აშკარა მინიშნებას სოტერნის რეგიონის პირველ აღწერაში, რომელიც პოლიგრაფიული მეთოდით იყო დაბეჭდილი. მასში კიდევ ერთი აბატი, აბატი ბორენი (Baurein) ყვებოდა: "ამ ოლქს აქვს საიდუმლო. თუმცა მათი ჯიუტი დუმილი ვნებს ჩვენს რეგიონს, ამ საიდუმლოს ბევრი სიკეთე მოაქვს მისი შემნახველებისთვის". და თუ საიდუმლოებით მოცული ეს ფრაზა იმას არ ნიშნავს, რომ სოტერნს გარკვეული საიდუმლო ცოდნა ჰქონდა, მაშინ საეჭვოა მისგან კიდევ რაიმე სხვა აზრი გამოიტანო.
საიდუმლოსთვის ფარდის ახდა შესაძლებელი იყო ძველთაგან ცნობილი საუკეთესო მამულის, Château Yquem-ის არქივებისა და ბიბლიოთეკის გამოკვლევის გზით. სამწუხაროდ, ეს არქივი, რომელიც სოტერნში შესაძლოა ყველაზე სრული იყო, დღემდე არ არის გულმოდგინედ შესწავლილი. სიტყვამ მოიტანა და, ციხე-სიმაგრე Yquem-ი, რომელიც დღეს, სხვათა შორის, ძალიან სასიამოვნოდ გამოიყურება, ჯერ კიდევ XII საუკუნეში ააშენეს და იმ დროს სამხედრო მიზნებს ემსახურებოდა - იგი ასწლიან ომში ინგლისელების საყრდენ პუნქტს წარმოადგენდა. XVI საუკუნეში მისი მფლობელები გახდნენ სოვაჟ დ’იკემის (Sauvage d’Yquem) ოჯახის წარმომადგენლები, რომლის უკანასკნელი მემკვიდრეც, ფრანსუაზა-ჯოზეფინა 1785 წელს ცოლად გაჰყვა გრაფ ლუი-ამედე დე ლიურ-სალიუსას (Lur Saluces). სამწუხაროდ, პოლკოვნიკი ლუი-ამედე მანევრების დროს Château Yquem-ის მფლობელის ტიტულის მიღებიდან სულ რაღაც სამი წლის შემდეგ ცხენიდან გადმოვარდა და სასიკვდილოდ დაიმტვრა, მაგრამ იმ დროისთვის, ფრანსუაზა-ჟოზეფინას მისგან უკვე ჰყავდა შვილები. ასე რომ, ლიურ-სალიუსის საგრაფო სახელის მემკვიდრეები დღემდე ამ ციხე-სიმაგრის მფლობელები არიან. ალექსანდრე, ახლანდელი გრაფი ლიურ-სალიუსი, მიიჩნევს, რომ სოტერნში ყველა თეთრი ღვინო ყველა დროში - XVIII საუკუნეშიც, და გაცილებით ადრეც - იმდენად ტკბილი მზადდებოდა, რამდენადაც ამის საშუალებას ბუნება იძლეოდა: "თანამედროვე "ცინცხალ მშრალ" ღვინოს ჩვენი წინაპრები ძალზე შეზავებულად მიიჩნევდნენ". თუმცა, გრავშიც, ანტრ-დე-მერშიც და კადილაკშიც სიტკბოსა და კონცენტრირებულობისკენ მიისწრაფოდნენ, მაგრამ ამ თვალსაზრისით სოტერნი ყოველთვის უსწრებდა თავის მეზობლებს. ბორდოს მთელ სამხრეთში ყურძნის იმდენად გვიან და იმდენად მწიფედ დაკრეფის ტრადიცია არსებობდა, რამდენადაც ეს შესაძლებელი იყო. სხვადასხვა რაიონში მოსავლის აღების დროში განსხვავებას კლიმატური პირობები კარნახობდა. იქ, სადაც ჭარბი იყო შემოდგომის ღრუბლები, ყურძენს კეთილშობილი სიდამპლე აზიანებდა. არანაირ ეჭვს არ იწვევს ის, რომ დამპალი ყურძენი ტკბილია. ამაში ადვილად დავრწმუნდებით, თუ დაჩამიჩებულ და ობმოდებულ ყურძნის მარცვალს ხელში დავიჭერთ და შემდეგ თითებს გავილოკავთ.

ოქროზე ძვირი

და თუ ჩვენ მართლაც ვცდილობთ სოტერნსა და ტოკაის შორის პარალელების გავლებას იმის მტკიცებით, რომ ბოტრიტიზებული ყურძნის გამოყენების ტექნოლოგია ორივე რაიონში დაახლოებით ერთსა და იმავე დროს წარმოიშვა, მაშინ აქ უსათუოდ უნდა გავითვალისწინოთ ეკონომიკური ფაქტორი. როდის იგრძნეს მეღვინეებმა მოგება დამპალი მარცვლებიდან წარმოებული ღვინისგან? მოსავლის მრავალჯერადად აღება, გადარჩევა, ლოდინი და ისევ გადარჩევა, საკმაოდ უსიამოვნო და ხარჯიანი საქმიანობაა. მაგრამ იმ დროს, როცა ტოკაურის წარმოება მეფის სასახლის მფარველობის ქვეშ ვითარდებოდა და მას ყიდულობდნენ არა მხოლოდ თავად ავსტრია-უნგრეთის, არამედ სხვა ევროპული ქვეყნების საიმპერატორო სასახლეთა კარზე, ბორდოში (და, ალბათ, პარიზშიც) ეგზოტიკური და ძვირადღირებული სოტერნული ღვინის მყიდველები მხოლოდ საფრანგეთის დიადი რევოლუციის წინა წლებში გამოჩნდნენ. პირველი მყიდველებიდან ყველაზე ცნობილი აღმოჩნდა თომას ჯეფერსონი. 1784 წელს, 41 წლის ასაკში, ამერიკის შეერთებული შტატების ახლად შექმნილი მთავრობის დავალებით იგი ჩავიდა საფრანგეთში. საფრანგეთში გამგზავრების გამო ჯეფერსონი აღშფოთებული იყო და ფრანგულ რეალიებს აშკარა ზიზღით უმზერდა. იგი წერდა: "ჩემი ქვეყნისთვის ჯოჯოხეთში მივემგზავრები", და მისი ფრანგული დღიურებიც მოწმობს, რომ საფრანგეთის მთავრობა მიაჩნდა... ეშმაკისეულად. თავის დღიურებში ის ყოველთვის მოკლე ჩანაწერებს აკეთებდა. აქ იშვიათად გვხვდება შთაბეჭდილებები იქაურ ბუნებასა და ადამიანებზე - მხოლოდ სტატისტიკა, მონაცემები ქვეყნის ეკონომიკისა და მწარმოებლების შესახებ, გლეხების სიღარიბის პანორამა და რეჟიმის შეჩვენება, რომელიც ძალზე მალე უნდა დამხობილიყო. არცთუ ისე ბევრ, შედარებით სასიამოვნო შთაბეჭდილებებს შორის იყო ორი ექსკურსია საფრანგეთსა და იტალიაში 1787 და 1788 წლებში, როდესაც ჯეფერსონმა მეღვინეობის რეგიონები მოიარა. მიუხედავად სკეპტიკური განწყობისა, ის ხარბად ითვისებდა ღვინის მეცნიერებას ამერიკაში მეღვინეობის დანერგვისა და თავისი პირადი კოლექციისთვის საუკეთესო ღვინოების არჩევის იმედით.
ბორდოში ის სწრაფად ჩაწვდა წითელი Premier crus-ის გემოს. იმავე დღიურში მან ასევე დააფიქსირა "მეორე" და "მესამე" cru-ს სახელწოდებათა დუჟინი. "თეთრი ღვინოებიდან, - შენიშნავს ის, - ბორდოში ყველაზე მეტად ფასობს გრავის კანტონში წარმოებული ღვინოები". საუკეთესოდ მან მიიჩნია ღვინოები Pontac-ისა (რომელიც იმ დროისთვის უკვე აღარ ეკუთვნოდა მარკიზ დე პონტაკს (de Pontac)) და St-Brise-ს (რომელსაც სწორედ იმ დროს ფლობდა დე პონტაკი) მამულებიდან, და ბენედიქტიანელთა მონასტრის (ამჟამად - Château Carbonnieux-ი) მიერ წარმოებული "De Carbonius-ის" ღვინოები.
"გრავის ზემოთ მდებარე სამ ოლქში წარმოებული ღვინოებიდან, - აგრძელებდა ჯეფერსონი, - უნდა აღინიშნოს: 1) სოტერნი. (საუკეთესო მოსავლები ეკუთვნის მსიე იკემს და მის სიძეს, მსიე დე სალიუსს); 2) პრენიაკი; 3) ბარსაკი... ამასთან, სოტერნული ღვინოები მეტად სასიამოვნოა, და თითოეული მათგანი, გრავის ღვინოებზე გაცილებით მაგარია". თუმცა, მოგზაურობის დროს მან აშკარად ვერ მოახერხა კარგი ვინტაჟის ნამდვილი Sauternes-ის გასინჯვა. რამდენიმე წლის შემდეგ, ჯერ კიდევ პარიზში ცხოვრების დროს, როდესაც ჯეფერსონმა ბოლოს და ბოლოს გასინჯა სოტერნის ღვინოები, ასჯერ მეტად აღფრთოვანდა. ამერიკაში დაბრუნებისას მან იყიდა რამდენიმე ყუთი Sauternes-ი, რომ მეგობრებისა და კოლეგებისთვის გაესინჯვინებინა. და უკვე ფილადელფიიდან წერდა საფრანგეთში: "Yquem-ი სრულიად ჩინებული ღვინო აღმოჩნდა, და, როგორც ჩანს, ამერიკელთა გემოვნებას ის გაცილებით მეტად დააკმაყოფილებს, ვიდრე ჩემს მიერ საფრანგეთში გასინჯული რომელიმე სხვა ღვინო". მან ასევე მისწერა ლუი-ამედე დე ლიურ-სალიუსს (ისე, რომ არაფერი იცოდა, გრაფის დაღუპვის შესახებ): "იმ ამერიკელებმა, რომლებმაც თქვენი ვენახის თეთრი სოტერნული ღვინო გასინჯეს, ძალიან კმაყოფილი დარჩნენ; ეჭვი აღარ მეპარება იმაში, რომ ის ყველა ჩემს თანამემამულეს მოეწონება. როგორც კი ყველა სასწრაფო საქმე მოვაგვარე, დავარწმუნე ჩვენი პრეზიდენტი გენერალი ვაშინგტონი, გაესინჯა ეს ღვინო. იგი გიკვეთავთ ოცდაათ დუჟინ ბოთლს, მე კი გთხოვთ ჩემთვის კიდევ ათი დუჟინის დამატებას..."
ჯეფერსონი ბორდოს ეწვია მისი XVIII საუკუნის ექსპანსიის პიკზე და აყვავების წინა პერიოდში, რომელსაც რეგიონს XIX საუკუნე უქადდა. თუმცა, მთელი საფრანგეთისთვის ეს "რევოლუციის წინა პერიოდი" იყო. მაგრამ ბორდოს ოლქი თითქოს სხვა განზომილებაში არსებობდა. ღვინით ვაჭრობას უზარმაზარი დივიდენდები მოჰქონდა. ბორდოში არაფრის ცოდნა არ სურდათ მოშიმშილე გლეხების თაობაზე, აქ არც კი იგრძნობოდა პარიზის ქუჩებში კონცენტრირებული კლასობრივი დაძაბულობა. ცხოვრებით კმაყოფილი ხალხით სავსე ბორდოს მისადგომებთან არავის აზრადაც არ მოსდიოდა, რომ საფრანგეთში გილიოტინების დრო ახლოვდებოდა. დედაქალაქ ბორდოში დიდი თეატრის მშენებლობა დასრულდა, და ქალაქი დიადი მომავლის მოლოდინით ცხოვრობდა.

© „მარანი“

No comments: