Sunday 2 March 2008

ქართლური რთველი ქართული პრობლემებით


"წელსაც შარშანდელივით, მთელი ღვინო, ალბათ, ისევ ჩვენი დასალევი იქნება"

გიორგი მერაბიშვილი

შიდა ქართლი მოსავლიანობისა და ყურძნის ჯიშების მრავალფეროვნებით ნამდვილად გამოირჩევა. აქაური ვაზის ჯიშებიდან აღსანიშნავია: ჩინური, გორული მწვანე, ატენური, ბუდეშური, ანდრეული, ასურეთული, დირბულა, დაკიდულა, თავკვერი და სხვა...
ქართლში, უმეტესად ვაზის დაბლარი ჯიშები ხარობს და იქაური რთველი ძირითადად ოქტომბრის ბოლოსა და ნოემბრის დასაწყისისათვის იწყება. ქართლის ზედა მხარეში (მდინარეების, ფრონისა და ორივე ლიახვის ჩრდილოეთი ნაწილის სოფლები) ჯერ კიდევაა შემორჩენილი ვაზის ისეთი იშვიათი ჯიშები, როგორიცაა: ქართლური ჭროღა, ხარისთვალა, თავკვერი და სხვა. თუმცა, ისევე როგორც საქართველოს სხვა კუთხეებში, ე.წ. ჰიბრიდული ჯიშები აქაც დიდი რაოდენობითაა წარმოდგენილი და ამის გამო, მრავალი, მეტად საინტერესო ვაზის სახეობა დაიკარგა.

რთველი ტყვიების ზუზუნში

შიდა ქართლში წლევანდელი რთველი, თამამად შეიძლება ითქვას, კახეთზე მეტი პრობლემებით წარიმართა და ამის მიზეზად პირველ რიგში იმას ასახელებენ, რომ საზოგადოების ინტერესი ამ კუთხისადმი, რთველის დროს მეტად მცირე იყო. თუკი კახელი მევენახეების გასაჭირი სხვადასხვა მედია-საშუალებებით მთელი საქართველოსათვის ცნობილი გახდა, ქართლი ამ "ფუფუნების" გარეშე დარჩა და აღებული მოსავლის სათანადოდ გაყიდვა-დაბინავება არა მხოლოდ კონკრეტულმა ოჯახებმა, ხშირად მთელი ცალკეული სოფლების მოსახლეობამაც ვერ შესძლო.
კონფლიქტის ზონად წოდებულ დიდი და პატარა ლიახვის ხეობებში ადგილობრივი ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, დიმიტრი სანაკოევის ინიციატივით მოსახლეობამ რამდენიმე ტონა ყურძნის ჩაბარება მოახერხა. თუმცა, მათი რიცხვი ძალიან მცირეა.
ნუგზარ თარაშვილი, ფრონის ხეობის მკვიდრი გლეხი: "ჩვენთან, შიდა ქართლში, დირბულასგან ვწურავთ ღვინოს. ეს არის შავი ყურძნის ჯიში, უწამლი და ცივი კლიმატისადმი გამძლე ვაზი. თითქმის მთელს ხეობას ეს ვაზი გვაქვს. ჩვენს სოფლებში ღვინის გაყიდვა გამორიცხულია. ვინ იყიდის? ყველას ისედაც თავზესაყრელი ღვინო აქვს. თბილისში კი, დირბულა არავინ არ იცის და ყველას მაინც კახური ღვინის ყიდვა ურჩევნია. რუსული ბაზარი კარგა ხანია, დაკეტილია და ფაქტობრივად შანსი არა გვაქვს, რომ ჩვენი ღვინო იქ გავყიდოთ. წელს მართლაც კარგი მოსავალი მოგვივიდა, მაგრამ რა აზრი აქვს? წელსაც, შარშანდელივით, მთელი ღვინო, ალბათ, ისევ ჩვენი დასალევი იქნება".
ქართლში მოგზაურობისას ნახავთ, თუ რა სიყვარულით ეფერება მევენახე ვაზის თითოეულ ძირსა და ყურძნის თითოეულ მტევანს თავის ვენახში. ეს განსაკუთრებული ურთიერთობა მევენახესა და ვაზს შორის ხშირად გაუგებარი და საკვირველია უცხოსათვის! უხვი მოსავლის აღება ნამდვილი ზეიმია. ამ პროცესში ოჯახის ყველა წევრი მონაწილეობს, ბავშვების ჩათვლით. ქართლში დღესაც ლეგენდასავით დადის ერთი ამბავი: როდესაც ცხინვალის რეგიონში ომი იყო, ტყვიების ზუზუნში ქართველი და ოსი გლეხები, ერთმანეთთან ახლოსმდებარე ვენახებში მაინც მუშაობდნენ და ამან ყველაზე მეტად, თურმე რუსი "სამშვიდობოების" გაკვირვება გამოიწვია.
კახა ბარიაშვილი, პატარა ლიახვის ხეობის მკვიდრი: "რაც არ უნდა მოხდეს, ვენახს ვერასოდეს გავკაფავ. მე არ ვამტყუნებ იმ კახელ გლეხს, რომელმაც ვენახი გაკაფა. ეს მაგისი საქმე იყო, მაგრამ პირადად მე ამას თუნდაც იმიტომ არ ვიზამ, რომ ვიცი, ომის დროს მამაჩემი როგორ უვლიდა ვაზს. ვენახის ზემოდან ტყვიები დაზუზუნებდნენ, მაგრამ ქართველებიც და ოსებიც მაინც ვენახს მოუვლელს არ ტოვებდნენ. ახლა არც მთავრობას ვახსოვართ და არც არავის. თქვენი გაზეთი წელს, ალბათ, ერთადერთია, რომელიც აქაური რთველით დაინტერესდა. ქართლში სულ ორი ღვინის ქარხანაა და იმათაც თავიანთი ვენახები აქვთ. ყურძნის ჩაბარება თითქმის შეუძლებელია. საღვინე ჭურჭელი ძაან ძვირი ღირს, მაგრამ ამ სიძვირემ ერთი კარგი საქმეც გაგვიკეთა. ჩვენს მხარეში უკვე სისტემატიურად დაიწყეს ქვევრების გაკეთება და ჩაყრა. ქვევრში ღვინის გაკეთება ხალხს უკვე დავიწყებული ჰქონდა, მაგრამ გაჭირვება ისეთი რამეა, ყველაფერს გაგახსენებინებს. მე წელს მარტო თავკვერი მომივიდა 4 ტონა. გარდა ამისა, ატენურიც გამოვა ერთ ტონამდე. წლევანდელ მთელს მოსავალს ქვევრში ვინახავ. თუ კლიენტი გამოჩნდა და გაიყიდა ხომ კარგი, თუ არა და დღეობებზე მთელს სანათესაოს დავურიგებ და ეგ იქნება".

გზების ძიება

ქართლელი მევენახეები ფიქრობენ, რომ სახელმწიფოს მათთვის უფრო მეტის გაკეთება შეუძლია. მათ მხარს უბამს რეგიონში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციებიც. შიდა ქართლში არსებული პრობლემები რატომღაც მხოლოდ კონფლიქტის ზონაში არსებული სიტუაციით განისაზღვრება მაშინ, როდესაც მოსახლეობა პირველ რიგში ეკონომიკურ საკითხებზე დარდობს.
თორნიკე რეხვიაშვილი, არასამთავრობო ორგანიზაცია "სოკე"-ს წევრი: "ყურძნის ჩაბარებასთან დაკავშირებით სახელმწიფო არაფერს აკეთებს. რეგიონში არსებული თითო-ოროლა ღვინის ქარხანა საქმეს ვერ უშველის. უზარმაზარი სამუშაოა გასაწევი, კანონმდებლობიდან და საერთაშორისო ხელშეკრულებებიდან დაწყებული, სტანდარტების შესრულებით გაგრძელებული და ევროსტანდარტებით მიღებული შესაფუთი კომბინატით დამთავრებული. იგულისხმება, რომ ამ საქმეს მძლავრი და დიდი რაოდენობით ჭურჭელ-დანადგარებიც სჭირდება. საჭიროა სახელმწიფო ინვესტიცია მეხილეობის დარგში და შემდეგ ქართლის (კახეთისაც) ხილის 85% მშვენივრად იპოვის თავის ადგილს ევროპისა და დანარჩენი სამყაროს (რუსეთის გარდა) ბაზრებზე. ქართული ღვინო ფრანგულ და ზელანდიურ ღვინოზე ბევრად იაფიც იქნება და მიკროელემენტებითაც არანაკლებ მდიდარი. ეს კი კონკურენტუნარიანობას ნიშნავს. აქვე აღსანიშნავია, რომ საქართველოში არსებულ ყველა ჯიშს ვერ გავიტანთ. არსებობს საერთაშორისო სტანდარტებით მკაცრად განსაზღვრული პირობები და თამაშის წესები ამ ბაზარზე. ამასაც ცოდნა და გათვალისწინება სჭირდება".

"ნისია სხვისია!"

ბევრი ქართლელი გლეხი არ ეგუება არსებულ რეალობას და ქართლური სიჯიუტით მაინც ცდილობენ ყურძნის ქარხნებში ჩაბარებას. წლევანდელი კარგი მოსავლის გამო, ძალიან ბევრია ისეთი გლეხი, რომელსაც თავის ვენახში 10 ტონა და მეტი ყურძენი მოუვიდა, ამიტომ სანამ ყურძენი გაფუჭებიათ, ეს ადამიანები იძულებულნი არიან, მრავალი ქარხნის კარი "აატალახონ" და იაფად მაინც მოახერხონ მთელი წლის ნაწვალევი მოსავლის გაყიდვა.
ალეკო შიოშვილი, კასპელი გლეხი: "ვისაც არც "გაქაჩული" ნათესავი გვყვავს და არც ღვინის ქარხნებში ახლობლები, მოწეული ყურძენი ვენახებში გვილპება. ერთი კვირაა ქარხნიდან ქარხანაში დავდივარ, მაგრამ ყურძენი ვერ ჩამიბარებია. ზოგან მითხრეს, ჯერ ჩვენი ყურძენი არ დაგვიბინავებია და თქვენსას ვერ მივიღებთო. ერთ-ერთ ქარხანაში დამცინეს, ყურძენსა და ღვინოს თუ გინდა აქეთ მოგყიდითო. სხვაგან მითხრეს, ჩავიბარებთ, მაგრამ თანხის ნახევარს დეკემბერში მოგცემთ, ნაწილს კი აპრილსა და მაისშიო. გასული წლის თანხები ჯერაც არ აგვიღია. ნისია სხვისია! ვისაც პატრონი ჰყავს, თანხის მიღებას ახლავე ახერხებს, მაგრამ დანარჩენებმა რა ვქნათ?! ამბობენ, ღვინის ფალსიფიკაციის წინააღმდეგ ვიბრძვითო, მაგრამ ღვინის ქარხნებში წელსაც ტონობით შაქრის ფხვნილი შეიტანეს. არ ვიცით, რა ვქნათ. მთელი წლის ნაამაგარი წელსაც წყალში გვეყრება. გლეხს არაფერი ეშველება".
აუცილებლად უნდა ითქვას ისიც, რომ წლევანდელი ქართლური რთველისათვის მეტად პოზიტიური მოვლენა იყო რეგიონის მთავრობისა და დიმიტრი სანაკოევის ადმინისტრაციის კეთილი ნება ყურძნის ჩაბარებასთან დაკავშირებით - მიუხედავად იმისა, რომ ჩაუბარებელი ყურძნის რაოდენობა ჩაბარებულს ბევრად აჭარბებს. კარგია, რომ სანაკოევის ადმინისტრაციამ ყურძენი ძირითადად ოსური მოსახლეობისაგან ჩაიბარა, რაც ბოლო 15 წელიწადში პირველი პრეცენდენტი იყო. შიდა ქართლის კონფლიქტის გამო, ოსური მოსახლეობა წლების მანძილზე ვერ ახერხებდა ვერც თბილისში (ერთგვარი შიშის გამო) და ვერც რუსეთში (გზის დიდი ხარჯების გამო) ყურძნისა და ვაშლის გატანას და სწორედ ამიტომაც, რეგიონში მცხოვრები ოსები დღეს განსაკუთრებულ სიდუხჭირეში ცხოვრობენ. რთველი საოცარი სიტყვაა, ის არის ნაწარმოები ზმნისგან "რთვა". რაც იმავდროულად "მორთვა-ს" ნიშნავს და ამასთანავე - გვეუბნება, რომ რაღაცას ელის - ქართ-ველი... ქა-რთ-ველი, "ქა" მარცვალი კი ქარაგმით ქ'რისტესაც ნიშნავს... ანუ მის სახელში უკვე დევს ერთდროულად რამდენიმე სიბრძნე. რუსული ემბარგოს გამო, ბოლო წლებია, საქართველოში რთველის დროს არსებული სიხარული რამდენადმე განელდა, მაგრამ სიტუაციის გამოსწორების შანსი ყოველთვის არის.

© „მარანი“

No comments: