Tuesday 18 September 2007

მსოფლიოს ყველაზე ძვირფასი ღვინოები (3) 1945 Château Mouton-Rothschild


ეს წითელი ღვინო ნამდვილი განძია, პირველი კლასის გრან კრიუ. მას კაბერნე სოვინიონის, მერლოსა და კაბერნე ფრანისგან წურავენ. 1924 წელს ფილიპ როტშილდმა პირველად ჩამოასხა `შატო-მუტონი", 1962 წელს კი მან და მისმა ცოლმა პაულინამ უკვე ღვინის მუზეუმიც გახსნეს თავიანთ ციხესიმაგრეში. დღეს ეს ღვინო ლამის გლობალიზაციის სიმბოლოდ იქცეს, თუმცა შორეულ 1945 წელს ყველაფერი ჯერ კიდევ იწყებოდა. ომის დამთავრების აღსანიშნავად, როტშილდმა სპეციალური ჩამოსხმის გამოშვება გადაწყვიტა და ბოთლის გასაფორმებლად ახალგაზრდა მხატვარი ფილიპ ჟულიანი მოიწვია, რომელსაც გამარჯვების აღსანიშნავად ეტიკეტზე “V” უნდა გამოეყვანა და მიეწერა “ Année de la Victoire ”, “გამარჯვების წელი~. ეს პირველი შემთხვევა იყო, როცა Château Mouton-Rothschild -ზე პროფესიონალმა მხატვარმა იმუშავა, შემდეგ წლებში კი შატოსთვის მირო, პიკასო, კანდინსკი, შაგალი, ბალთუსი, ბრაკი, ბეკონი, უორჰოლი და მრავალი სხვა გენიალური ფერმწერი ხატავდა და დღეს განსაკუთრებული ღვინის გარდა იგი ეტიკეტითაცაა განთქმული. კრისტის ღვინის აუქციონის დირექტორი მაიკლ ბროდბენტი 1945 წლის Château Mouton-Rothschild-ს 20-ე საუკუნის საუკეთესო ღვინოს უწოდებს და მისი ფასები დღეს 5000-დან 30000 ათასამდე ევროს შეიძლება აღწევდეს (არადა 1945 წელს იგი სულ 1 ფუნტად დაიტაცეს). 1973 წელს Château Mouton-Rothschild-ს პირველი გრან კრიუ კლასის წოდება მიანიჭეს.აღწერა: ღვინოს გააჩნია დავარგების (დაძველების) წარმოუდგენელი, 100 წლიანი პოტენციალი. მუქი-ლალისფერია, გამოირჩევა შავი მოცხარის, მუხისა და ყავის სურნელებით. კარგია ნანადირევთან, ხორციან კერძებთან და ყველთან.

No comments: