Friday 28 September 2007

ღვინის გზამკვლევი - Rhône - ღვინის ხეობა


მალხაზ ხარბედია

რუბრიკა “ღვინის გზამკვლევი” მსოფლიო მეღვინეობის ლეგენდარულ რეგიონებს ეძღვნება. მასში მკითხველი სხვადასხვა კონტინენტის სახელოვან მიწებს გაეცნობა და გაიგებს, თუ რის გამო გაითქვა სახელი ბორდოს ღვინოებმა და ესპანურმა რიოხამ, ბურგუნდიამ თუ კალიფორნიულმა ნაპას ველმა, ლუარამ და ტოსკანამ, ვენეტომ, ფრანკონიამ, პრიორატმა და მრავალმა სხვამ. ჩვენ შევეცდებით ამომწურავი ინფორმაცია მოგაწოდოთ ამ მხარეების შესახებ და შეძლებისდაგვარად ადგილზე გავეცნოთ იქაური ღვინოების თავისებურებებს.

Rhône
ღვინის ხეობა

ალალი ღვინოები


ჩემი დღევანდელი არჩევანი ბევრმა რამემ განაპირობა, მაგრამ მთავარი მაინც ის გახლდათ, რომ ორი თვის წინ, როცა უკვე დაწყებული გვქონდა ჩვენი გაზეთის პირველი ნომრის მზადება, ძალიან გამიმართლა და საფრანგეთში, რონის მხარეში აღმოვჩნდი ფესტივალ est-ouest-ზე. ამ ფესტივალზე ახლა დიდხანს არ შევჩერდები (მითუმეტეს, რომ მის შესახებ კარგა მოზრდილი წერილი დავბეჭდე “24 საათის” საკვირაო დამატებაში), უბრალოდ აღვნიშნავ, რომ იქ გატარებული 11 დაუვიწყარი დღის მანძილზე, სხვადასხვა კულტურულ ღონისძიებაში მონაწილეობის გარდა, სამხრეთ რონის ღვინის სარდაფების, ვენახების, ქარხნების მოხილვა და ტექნოლოგებთან შეხვედრაც მოვახერხე. თანაც ამ უძველესი ოცნების ასასრულებლად გაპარვაც კი არ მჭირდებოდა ხოლმე, რადგან კონცერტსა და სპექტაკლს, მრგვალ მაგიდასა თუ ლიტერატურულ საღამოებს შორის ყოველთვის გამონახავდა კაცი რამდენიმე საათს, იქაურ კეთილ მეღვინეებთან ჩასაჯდომად და უსასრულო ცივ სარდაფებში სასეირნოდ (ამაზე მოგვიანებით).
კიდევ ერთი მიზეზი ისაა, რომ ბოლო წლებში ძალიან პოპულარული ხდება ღვინო რონის ნაპირებიდან და უფრო მეტიც, ბევრმა იქაური დასახელების ღვინომ მყარად მოიკიდა ფეხი ელიტური, კუდაბზიკა ღვინოების საზოგადოებაში (მიუხედავად რონული ღვინის ალალმართალი ხასიათისა). გარდა ამისა, ბოლო წლებში Wine Spectator-ის წლის საუკეთესო ასეულებში საგრძნობლად იმატა Rhône-ს წილმა, 2005-ში კი საერთოდ სასწაული მოხდა, პირველად ამ ავტორიტეტული რეიტინგის ისტორიაში, ყველა სხვა ჯიშს სირამ (Syrah) აჯობა, რონის ნაპირების შავმა მარგალიტმა (საქმე ისაა, რომ ასეულის ყოველ მეოთხე ღვინოში სირა ერია, ანდა მთლიანად ამ ყურძნისგან იყო დაწურული), თავად ღვინოებში კი მეორე ადგილზე ბრწყინვალე Châteauneuf-du-Pape გავიდა, სამხრეთ რონის მშვენება და სიამაყე.

ციფრები

დღეს რონაში, შეიძლება ითქვას, მეღვინეობის აღმავლობის ხანაა. ბოლო 50 წლის მანძილზე ღვინის წარმოება 10-ჯერ გაიზარდა, რაც მთავარია გაუმჯობესდა ხარისხი და რეიტინგიც ამაღლდა. 2005 წლის მონაცემებით, მხარეში 5716 მეურნეობა ფუნქციონირებს, ასევე 1200-მდე კერძო ღვინის სარდაფი, 110 კოოპერატიული მარანი, 48 ნეგოციანტური სახლი და მეწარმეთა 6 კავშირი.
საფრანგეთში რონა AOC კატეგორიის (Appellation d'Origine Controlee, ანუ ე.წ. აპელასიონები, წარმოშობის მიხედვით კონტროლირებადი დასახელება. AOC კატეგორიას საფრანგეთის სოფლის მეურნეობის სამინისტრო ანიჭებს სპეციალური დეკრეტის საფუძველზე) ღვინის წარმოების მიხედვით მეორე ადგილზეა. გასულ წელს იქ 3,1 მილიონი ჰექტოლიტრი დაიწურა (წითელი, თეთრი და ვარდისფერი ღვინოები), და 412 მილიონი ბოთლი გავიდა ბაზარზე. რონის მხარეში მეღვინეობაში დაახლ 60 000 კაცია დასაქმებული, სეზონური სამუშაოების გათვალისწინებით კი 200 000-მდე. 2005 წლისთვის რეგიონი უკვე 145 ქვეყანას ამარაგებს თავისი ღვინოებით და AOC კატეგორიის ღვინოების ექსპორტში რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია, შარშანდელმა შემოსავალმა 350 მილიონ ევროს გადაამეტა.
რონის ხეობის ვენახების საერთო ფართობი 1294 ჰექტარია, რაც უფრო მეტია, ვიდრე პროვანსის, ბოჟოლესა და ბურგუნდიის ერთად აღებული. წითელი ღვინოები AOC კატეგორიის საერთო რაოდენობის 87% შეადგენს, ვარდისფერი - 9%-ს, თეთრი – 4%-ს. მაგალითისთვის, წითელი ღვინოების წილი AOC კატეგორიის Côtes du Rhône-ში 95%-ია, ხოლო Côtes du Rhône Villages–ში 99%. არის აპელასიონები, სადაც მხოლოდ წითელ, ვარდისფერ ან თეთრ ღვინოებს აწარმოებენ.
აპელასიონებს რაც შეეხება, მისი, ანუ AOC ტიპის კატეგორიების შემოღება ჯერ კიდევ 18-ე საუკუნეში უცდიათ რონაში, როცა 1737 წელს საფრანგეთის მეფემ Côtes du Rhône-ს ყველა კასრზე C.D.R. მიაწერინა. ხოლო წარმოშობის მიხედვით კონტროლირებადი ის რეგლამენტაცია, რომელიც ახლა მოქმედებს მხარეში, 1937 წლის 19 ნოემბერს მიიღეს.

ფინიკიელები, პაპები და ტამპლიერები

ზოგი მეცნიერი მეღვინეობის ისტორიას ამ მხარეში ძვ. წ. VII-VI საუკუნიდან იწყებს. როგორც ვარაუდობენ, სწორედ ამ პერიოდში დაუარსებიათ ფინიკიელებს მასილია (მარსელი), რომელიც სულ მალე სავაჭრო და სანავსადგურო ცენტრად იქცა და მაშინვე უნდა შესულიყო მხარეში ვაზის პირველი ნერგებიც. შემდეგ ბერძენი კოლონიზატორების, კერძოდ კი ფოკეელების ჯერი დადგა, რომლებიც ძვ. წ. 5-4 საუკუნეებში შემოვიდნენ და მალე მათ რომაელებიც მოყვნენ. უკვე ძვ. წ. I საუკუნისთვის მთელი სანაპირო ვაზით ყოფილა გაშენებული. მაშინ განსაკუთრებით გაითქვა სახელი ხეობის ჩრდილოეთი ნაწილის ღვინოებმა (დღევანდელი Hermitage და Côte Rôtie-ს ტერიტორიები), აქვე იყო პროვინციის დედაქალაქი ვიენიც, ამიტომ არისტოკრატებს ახლოს ჰქონდათ ვენახები და მრავლად მეღვინეც ჰყავდათ, რომლებიც თურმე იმდროისთვის მეტად საინტერესო ღვინოს აყენებდნენ.
ბარბაროსების შემოსევის შემდეგ მევენახეობა ჩამკვდარა და IX-XIII საუკუნეებამდე აქ არც ღვინო იწურებოდა. მხოლოდ ქრისტიანმა ბერებმა და ადგილობრივმა მოსახლეობამ მოახერხა ტრადიციის აღდგენა. მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ტამპლიერთა ორდენმაც.
საინტერესოა, რომ თავიდან მხოლოდ ჩრდილოეთ ნაწილში აწარმოებდნენ ღვინოებს, სამხრეთ ოლქები კი ვიენში ყიდულობდნენ ამ სასმელს. XIII-XIV საუკუნიდან ჩნდება პირველი სამხრეთ რონული ღვინოები, რომელსაც რომის პაპს უგზავნიდნენ, 1309 წლიდან კი, უკვე თავად პაპები გადმოსახლდნენ სამხრეთ რონაში, როცა მეფე ფილიპე IV ლამაზის ბრძანებით, პაპი კლიმენტი V იძულებული შეიქნა ავინიონში დაედო ბინა, ხოლო მეორე ავინიონელმა პაპმა, იოანე XXII-მ, თავისი საზაფხულო რეზიდენციის გარშემო ვენახის გაშენება გადაწყვიტა, რომელსაც დღეს ჩვენ შესანიშნავი Châteauneuf-du-Pape-ის (შატონეფ დიუ პაპ) სახელით ვიცნობთ.
აპ პერიოდში ახალი ჩამოყალიბებული იყო ბურგუნდიის საჰერცოგო და მთელი საფრანგეთის დიდგვაროვნები სწორედ ბურგუნდიულს სვამდნენ, რონისას კი თურმე მხოლოდ გლეხები ეტანებოდნენ. თუმცა გავიდა დრო და აქაურ ღვინოს შორს გაუვარდა სახელი, პარიზი კი სამხრეთულმა ღვინოებმა XVII საუკუნეში დაიპყრეს.
რონის ნაპირების ღვინოებისთვის ოქროს ხანა XIX საუკუნეში დადგა. ამ დროს ელიტურ ღვინოებსაც აწარმოებდნენ რონის ნაპირებზე, თუმცა მეოცე საუკუნის დასაწყისში მომხდარმა ორმა მოვლენამ უკან დაწია ეს პროცესები და რონის ნაპირებზე ნამდვილი კრიზისი დაიწყო. ჯერ ერთი, ბორდოში ალჟირული ღვინის შეტანა გაჭირდა, რომელსაც იქ კუპაჟში იყენებდნენ და ლეგენდარული შატოების მწარმოებლები რონის იაფ ღვინოებს მიაწყდნენ ბითუმად შესაძენად. ამის გამო, აქაოდა ავშენდებითო, ყველამ დღევანდელი კვერცხი არჩია და რამდენიმე ათწლეული ძალიან ცოტა ვინმე თუ დარდობდა ხარისხზე. მეორე პრობლემა კი ის იყო, რომ 30-იან წლებში გლეხების მასიური მიგრაცია დაიწყო ქალაქებში და სოფლები და საღვინე მეურნეობები თითქმის დაიცალა. კრიზისი კარგა ხანს გაგრძელდა, აღორძინების ხანა 80-იან წლებში დაიწყო, 90-იანების ბოლოსა და ახალი საუკუნის დასაწყისში კი ისეთი წლები მიება ერთმანეთს, ისეთი გამორჩეული მოსავლები აიღეს რონის მხარეში, რომ “ახალ სამყაროს” გადაყოლილი გემოვნებიანი მომხმარებელი მალე ისევ ბებერი ევროპისკენ მოაბრუნეს, სადაც გლობალიზებული შატოს ნაცვლად რონული შედევრები დახვდათ.

ჩრდილოეთ რონის ციცაბო ნაპირებზე

რონის მხარეში მოსახვედრად რამდენიმე გზა არსებობს, თუმცა ჩვენ ყველაზე ტრადიციულით მოგვიხდა მგზავრობა და ლიონიდან შევუყევით ხეობას. რონა ბურგუნდიასა და პროვანსს შორისაა მოქცეული და ვიენს გაცდები თუ არა, პირველი ვენახებიც იწყება, სახელოვანი Côte-Rôtie -სა და Condrieu-ს აპელასიონები. მართალია მხარეს სექტემბერში ვეწვიეთ, გაგანია რთველში, მაგრამ ჩრდილოეთში მაინც იშვიათად ნახავდით ყურძნით დატვირთულ მანქანებსა და გზისპირებზე შეფენილ, დასაკრეფად გამზადებულ ვენახებს (როგორც სამხრეთში), მიზეზი კი მარტივია, უბრალოდ აქ ძალზე მცირე ტერიტორიებზეა ვენახი გაშენებული, მეღვინეობის რუკასაც რომ დახედოთ, მხოლოდ ერთი ვიწრო ზოლია ვიენიდან – ვალანსამდე.
ჩრდილოეთის ღვინოები მთელი რონის მხოლოდ ერთ მეათედს შეადგენს, სამაგიეროდ მათ განსაკუთრებული ხარისხი გამოარჩევთ. აქ ძირითადად ტერასული ვენახებია, ჰავა ზომიერია, კონტინენტალური, ნიადაგი - გრანიტისა და თიხოვანი ფიქალის. წითელ ჯიშებში სირა (Syrah) ბატონობს, თეთრებში კი ვიონიე (Viognier), მარსანი (Marsanne) და რუსანი (Rousanne).
Côte-Rôtie – როგორც ამბობენ, ეს ღვინო ჯერ კიდევ 10 საუკუნის წინ ითვლებოდა პრესტიჟულად, დღეს კი ამ აპელასიონში მხოლოდ 100 ჰექტარი ვენახია გაშენებული. კოტ-როტის ვენახები ორი მთის ფერდობებზეა გაფენილი, ერთს Côte-Brune ჰქვია, მეორეს - Côte Blonde. ლეგენდის მიხედვით, ერთ-ერთ აქაურ სენიორს ორი ქალიშვილი ჰყოლია, ქერა და წაბლისფერთმიანი და სახელიც თითქოს ამის გამო შეურქმევიათ. თავად Côte-Rôtie კი დამწვარ ფერდობს ნიშნავს და იგი მართლაც ცხელ კლდოვან ფერდობზეა გაშენებული. უაღრესაც არომატული წითელი ღვინოა, რომელშიც სირას სიმწვავეს, თეთრი ვიონიეს ღვთაებრივი არომატითა და სიტკბოთი ათვინიერებენ. ცნობილი ენოლოგი რობერტ პარკერი ამ ღვინოს გამაოგნებელს, ეტალონს უწოდებს (განსაკუთრებით მარსელ გიგალის მიერ დაყენებულ ღვინოს აქებს). ინტენსიური მუქი ლალისფერია, გამოირჩევა ურთულესი ბუკეტით, შავი კენკრის, შოკოლადის, ყავის, კვამლის, თამბაქოსა და ქლიავის ჯემის ტონებით. სხეულიანია, ტკბილი ხავერდოვანი ტანინებით. კარგია შეკმაზულ ხორციან კერძებთან, შემწვარ იხვთან და მაყალზე მომზადებულ სხვა ხორცეულთან. საუკეთესო მწარმოებლები: Guigal, Jasmin, Clusel-roch, Jamet, Gilles Barge, Champet.
Condrieu – ძალიან პატარა აპელასიონია, სულ რაღაც 50 ჰექტარი, თუმცა, როგორც ოზ კლარკი წერს, არსებობს საშიშროება, რომ კონდრიეს AOC უფლება მიანიჭონ ამ ღვინისთვის შეუფერებელ ადგილზე გაშენებულ ვენახებსაც, რაც მკვეთრად დააგდებს მის რეპუტაციას. ღვინოს 100% ვიონიეს ჯიშის ყურძნისგან წურავენ. ოქროსფერია, აქვს ძალზე ჰარმონიული ბუკეტი მსხლის, გარგრის, ფორთოხლის ჯემის, თაფლისა და ჩირის ტონებით. შედარებით მსუბუქი სხეულით, გემოში მინერალებითა და ზომიერი სიძელგით. კარგია თევზეულთან და ჩინურ კერძებთან. საუკეთესო მწარმოებლები: Jean Pinchon, Guigal, Cuilleron, Perret, dumazet.
Château Grillet - ყველაზე პატარა აპელასიონია, სულ 4 ჰექტარი. ღვინოც შესაბამისად იშვიათად იშოვება და ძალზე ძვირია. მთლიანად ვიონიესგან წურავენ, საუკეთესო ჩამოსხმას აყვავებული ხილის ბაღის სურნელი აქვს.
Saint Joseph – ადრე ეს აპელასიონი 6 კომუნას აერთიანებდა, 1969 წელს ნება დართეს კომუნების რაოდენობა 45-მდე გაზრდილიყო, ფართობი კი 850 ჰექტარამდე. ბევრის აზრით ეს გადაწყვეტილება დამღუპველი აღმოჩნდა, რადგან შეუფერებელ ადგილებში მოწეული ყურძნისგან ხშირად ღვინოც უხარისხო დგება. წითელი სენ ჟოზეფი მუქი ლალისფერია, კენკრის, სუნელებისა და გაფიცხებული პურის სურნელით, სხეულიანი, ხანგრძლივი გემოთი. თეთრი კი ოქროსფერია, აკაციის, გარგრის, ატმისა და თაფლის ტონებით. კარგად სტრუქტურირებული გემოთი და სასიამოვნო ფინალით. საუკეთესო მწარმოებლები: Chapoutier, Florentin, Chave, Coursodon, Gaillard.
Cornas – საკმაოდ მძიმე ღვინოა, ძალზე ავტორიტეტული და ძლიერი, მაგრამ ნაკლებად დახვეწილი. სირადან წურავენ. თითქოს Hermitage-საც ჰგავს, თუმცა საამისოდ ხილის არომატი აკლია. საუკეთესო მწარმოებლები: Colombo, Clape, Balthazar, Juge.
Hermitage – ძალზე ციცაბო ბორცვებზეა გაშენებული, ოღონდ განსხვავებით ზემოთჩამოთვლილი დასახელებებისგან, რონის მარცხენა სანაპიროზე მოდის. მას ყველაზე ვაჟკაცურ ღვინოსაც უწოდებდნენ, ამასთანავე ერთ-ერთი ყველაზე მაღალგრადუსიანი ღვინოა საფრანგეთში. წითელ ერმიტაჟს კვამლის სურნელი აქვს, სირა კი მალინისა და შავი მოცხარის ღრმა ტონებს ანიჭებს მას. თეთრი ერმიტაჟი თავიდან მძიმეა, წლების მანძილზე კი მსუბუქ და სასიამოვნო გემოს იძენს, მას სამართლიანად უწოდებენ საუკეთესო ფრანგულ თეთრ ღვინოს. მწარმოებლები: Fayolle, Belle, Delas, Grippat.
Crozes Hermitage - ერთად-ერთი აპელასიონია ჩრდილოეთში, რომლის ვენახების დიდი ნაწილი დაბლობზეა განლაგებული და არა ფერდობებზე და ტერასებზე. ხარისხით ერმიტაჟს არ ჩამოუვარდება. მუქი ბროწეულისფერია, მრავალფეროვანი ბუკეტით, სადაც ხილის არომატები ჰარმონიულად ერწყმის ტრიუფელების, ნეშომპალის, თამბაქოსა და წითელი წიწაკის ნიუანსებს. გამოირჩევა კარგი სტრუქტურით, მდიდარი გემოთი და ხავერდოვანი ტანინებით. საუკეთესო მწარმოებლები: Belle, Chapoutier, Fayolle, Delas.


სამხრეთელი პაპისტები

ძირითადი განმასხვავებელი ჩრდილოეთსა და სამხრეთს შორის ისაა, რომ სამხრეთში ძალზე მრავალფეროვანი ნიადაგია (თიხნარი, კირქვა, ქვიშნარი და ა.შ.) და იგი ასევე მდიდარია ჯიშებითაც - გრენაში, მურვედრი, კლერეტი, სირა, ბურბულენი, სენსო, პიკპული და მრავალი სხვა. კლიმატი, ხმელთაშუაზღვის გავლენით, ცხელი და მშრალია, წვიმა არც ისე ხშირია, ვენახები ბორცვებსა და დაბლობებზეა გაშენებული. ვენახებში ძალიან ხშირად ნახავთ ქვებს, რომელიც დღე ხურდება და ღამით სითბოს უნარჩუნებს ვაზს. ჩრდილოეთის ძლიერი ქარები, მისტრალები თურმე ბუნებრივად იცავენ ვაზს დაავადებებისგან, მაგალითად სოკოსგან, თუმცა იმასაც ამბობენ, მისტრალები დამღუპველიც შეიძლება იყოსო (1956 წელს მისტრალების პერიოდი სამ კვირას გაგრძელებულა, ქარის სიჩქარე 100 კმ. საათს უტოლდებოდა და ამის გამო ბევრი დაზარალებულა, განსაკუთრებით პროვანსული ზეთისხილი), ამიტომ მისტრალების გამო ამ მხარეში ვენახებს სამხრეთისკენ მიმართულ ფერდობებზე აშენებენ, რაც ვაზს ჩრდილოეთის ქარების განსაკუთრებული შემოტევებისგან დაიცავს. სამხრეთში ყურძენი წვიმების სეზონამდე მწიფდება და შესაბამისად ლპობა-დაობების ნაკლები პრობლემები იქმნება.
აქ ძირითადად წითელ ღვინოს აყენებენ და ვინიფიკაციის პროცესის დასრულების შემდეგ ღვინოს ბეტონის კუბებში ან მუხის ახალ კასრებში აძველებენ. არსებობს ბევრი სხვადასხვა ტექნოლოგია, მაგალითად ზოგი ბოთლში ჩამოსხმამდე ფილტრავს, ზოგი კი არა და რაც მთავარია, თითქმის ყველა ასამბლაჟით აკეთებს ღვინოს.
კუპაჟირებისას მეღვინემ ზუსტად უნდა იცოდეს თითოეული ჯიშის თავისებურება: თუკი გრენაში დამყოლია კუპაჟისას, სირას განსაკუთრებული ურთიერთობა უნდა, იგი ძალზე თავისებური, მკვეთრად გამორჩეული ჯიშია, თუმცა ხშირია შემთხვევები, როცა მეღვინეები განსაკუთრებით არც იტკიებენ თავს.
მაგალითისთვის, ცნობილი აპელასიონის, Châteauneuf-du-Pape-ს წარმოებაში 13 ჯიშია ნებადართული, მათ შორის 8 წითელია, სინამდვილეში კი წითელი Châteauneuf-ების ასამბლაჟში ძირითადად გრენაში, სირა და მურვედრი მონაწილეობენ (სულ რამდენიმე მეურნეობა იყენებს ცამეტივეს - Domaine de Mont Redon, Chateau Beaucastel და Domaine du Pegau). ყველაზე ხშირია შემდეგი თანაფარდობა - გრენაში 65%, სირა 15%, და მურვედრი 15%. დარჩენილი 5% გემოვნების მიხედვით, ვთქვათ სენსო ან კარინიანი.
როგორც ამბობენ, ადრე სამხრეთული ღვინოები ძალიან აგრესიულები იყვნენ, ბოლო წლებში კი ისინი დაიხვეწნენ, რის საუკეთესო ნიმუშსაც, რა თქმა უნდა, სახელოვანი Châteauneuf-du-Pape წარმოადგენს.

Châteauneuf-du-Pape - ეს ღვინო მსოფლიომ სულ რაღაც 20-25 წლის წინ აღმოაჩინა (ხანგრძლივი ისტორიის მიუხედავად), როცა რობერტ პარკერმა თავის ჟურნალში The Wine Advocate გამოაქვეყნა სტატია სახელწოდებით “რონის ბორდო: შატონეფ-დიუ-პაპს უზარმაზარი პოტენციალი გააჩნია მსოფლიოს საუკეთესო და კარგად შესანახი ღვინოების შესაქმნელად” და იქვე “პაპისტების” სამ მიმდინარეობას გაუსვა ხაზი: ტრადიციულს, მოდერნისტულსა და რადიკალურს.
ტრადიციონალისტები უძველეს ტექნოლოგიას მისდევენ, უმრავლესობა ჭაჭიანად წურავს ყურძენს და ძველ მუხის კასრებში აძველებს (2-დან 6 წლამდე), ბოთლებში კი თითქმის გაფილტვრის გარეშე ასხამენ. ეს ღვინო ძალზე სხეულიანი გამოდის, ხოლო კონცენტრაცია, არომატი და გემო ასაკსა და მეღვინის ოსტატობაზეა დამოკიდებული.
მოდერნისტებს მიაჩნიათ, რომ შატონეფ-დუ-პაპში ძირითადად ხილის არომატები უნდა იყოს, გამოირჩეოდეს ელეგანტურობით, სიმსუბუქითა და შესაბამისად მძიმე ღვინოებზე უფრო ადრე უნდა მომწიფდეს დასალევად. ყურძენს აუცილებლად კუმპლავენ, ბოთლებში კი ერთი წლის, ან წელიწადნახევრის შემდეგ ასხამენ (მოდერნისტებში პარკერი უპირატესობას ანიჭებს მეურნეობებს: Domaine Font de Michelle, Domaine de Beaurenard და Domaine La Roquette, რომლებიც თანამედროვე ტექნოლოგიების დახმარებით ტრადიციულ სტრუქტურასაც აღწევენ და ღვინო კარგადაც ინახება, თუმცა მათი ინოვაციები არაიმდენად ტექნოლოგიებს უკავშირდება, რამდენადაც იმას, რომ რეგიონისთვის არატრადიციულ ყურძნის ჯიშებს იყენებენ).
რადიკალები კი, პარკერის სიტყვით, მაგარი თავქეიფა ხალხია, მაგალითად ზოგიერთი (M.Chapoutier, Domaine de la Janasse, Les Cailloux და Chateau Rayas-ს მეურნეობები), თავის ღვინოში მხოლოდ 100% გრენაშს იყენებს. სხვები (Chateau Beaucastel, Chateau de la Nerthe და Chateau Fortia), 50%-ს. რადიკალებად მიიჩნევიან ისეთებიც, რომლებიც მუხის ახალ კასრებში აძველებენ ღვინოს. ლეგენდარული მეღვინე ჟაკ რეინო სიცოცხლის ბოლომდე (გარდაიცვალა 1997 წელს) მხოლოდ გრენაშს წურავდა და ხის რეზერვუარებში აძველებდა. ანრი ბონო, 80% გრენაშით აყენებს ღვინოს და არაფრისდიდებით არ იყენებს ახალ კასრებს…
რონელი მეღვინეების უმრავლესობა ახალი ღვინის მომხრეა, ანუ ღვინისა, რომელსაც დაძველების ხანგრძლივი პროცესი არ უნდა. იშვიათად, რომ ვინმემ გაიმეტოს ღვინო მრავალწლიანი დაძველებისთვის, რათა სხეულიანი, ხავერდოვანი, კვამლისა და წიწაკის სურნელით გაჯერებული სასმელი მიიღოს წლების მერე. თუმცა ხშირია შემთხვევები, როცა ე.წ. დროზე ადრე მომწიფებული ღვინოებით ნაშოვნ ფულს მწარმოებელი სწორედ იმ ნაღდი ღვინოების შექმნაში დებს.
ვენახები აქ 3000 ჰექტარზეა გადაჭიმული, სულ ხუთი კომუნაა და კლასიკური წითელის გარდა მცირეოდენ თეთრ ღვინოსაც წურავენ (გრენაშ ბლანის, ბურბულენის, რუსანისა და კლერეტისგან).
Châteauneuf-du-Pape-ს ბოთლი ადვილად იცნობა პაპის გერბით, თუმცა ნეგოციანტების მიერ ჩამოსხმულზე გერბს ვერ ნახავთ, უფლება არა აქვთ. საერთოდ კი ითვლება, რომ ყველაზე კარგი ე.წ. საავტორო შატონეფებია, მე ბედმა გამიღიმა და პროვანსში, შატო გრინიონში სტუმრობისას სწორედ ეგეთი დავლიე, Domaine du Pegau-ს ნაწარმოები (როგორც შემდეგ გავარკვიე, ამ მეურნეობაში ხელოვნურად ამცირებენ მოსავლიანობას, მტევნებს აცლიან ვაზს და ხშირად თოხნიან).
Châteauneuf-du-Pape მუქი ლალისფერია ბროწეულის ტონებით, აქვს ძალზე კომპლექსური ბუკეტი, ალუბლიდან დაწყებული – ვანილით დამთავრებული. ოზ კლარკი მასში “წიწაკის, მიწის, შოკოლადისა და ალუბლის” არომატებს გამოყოფს. დაძველების შემდეგ ხილის სურნელი მეორე პლანზე გადადის და ტყავის, თამბაქოსა და სხვა ელიტური სურნელები იჩენს თავს. კარგია შებოლილ და შემწვარ ხორცთან, ასევე ნანადირევთან და სოკოსთან.
Gigondas – ეს ღვინო, შატონეფთან ერთად, უკვე სერიოზულ კონკურენციას უწევს ბორდოს შატოებსა და ბურგუნდიულებს. იგი კოტ-დიუ-რონ ვილიაჟის ზონაშია განლაგებული საბლესა (Sablet) და ვაკეირასს შორის (Vacqueyras) და საკმაოდ ცხელი მიკროკლიმატით გამოირჩევა. ნიადაგი თიხისა და ქვიშაქვის ნაზავია. რთველი დაახლოებით სექტემბრის ბოლოს იწყება. აპელასიონის ხარისხი ჟიგონდასმა 1971 წელს მიიღო და აქ მხოლოდ წითელ და ვარდისფერ ღვინოს აწარმოებენ. ჟიგონდასში 80% გრენაშია, დანარჩენი სირა და მურვედრი. საუკეთესოა 4-5 წლიანი დაძველების შემდეგ. რობერტ პარკერის სიტყვით, ზოგიერთ ჟიგონდასს ნამდვილად აქვს პერსპექტივა დიად, ელიტურ ღვინოდ იქცეს, თუმცა მის მოსათვინიერებლად ხშირად ხანგრძლივ ფილტრაციას მიმართავენ. ჟიგონდასის სიძლიერეზე ისიც მეტყველებს, რომ სომელიე არ ურჩევს თავის კლიენტებს ჟიგონდასის შემდეგ რომელიმე სხვა წითელი ღვინის დალევას.
აქ ტექნოლოგიებიც განსხვავდება, მაგალითად დომენიკ აი, რომელიც პარკერის კლასიფიკაციის მიხედვით მოდერნისტებს ეკუთვნის, ღვინოს კასრებში 1.5-2 წელს ინახავს და ბოთლებში ფილტრაციის გარეშე ასხამს. არც იმაზე დარდობს, რომ ღვინომ შესაძლოა ლექი დაიდოს. ამაზე იგი ამბობს, ბოთლის ფსკერზე დალექილი ღვინის მჟავას კრისტალები ღვინოში საუკეთესო თვისებების კონცენტრაციის ნიშანიაო. ღვინო სხეულიანი, ჰარმონიული და დახვეწილი გამოდის, ტანინითა და მაღალი გემური თვისებებით. ჟიგონდასის ფერს ძალზე უცნაურად ახასიათებენ ხოლმე, მაგალითად როგორც ბროწეულის, ქლიავისა და კრამიტისფერის ნაზავს. ძირითადად კენკრის სურნელით გამოირჩევა, ასევე აქვს წიწაკის, დაფნისა და ხავსის ტონები. ძალზე მდიდარი გემო აქვს. ყველა იმ კერძის ჩამოსათვლელად კი, რაზეც ეს ღვინო “მიდის”, ნამდვილად არ მეყოფა ნერვები, უბრალოდ გეტყვით, რომ ჟიგონდასი საუკეთესო ღვინოა ნანადირევზე მისაყოლებლად.
მწარმოებლები: Paul Jaboulet Aine, Domaines Perrin, M.Chapoutier, Domaine Raspay-Ay, Guigal.
Vacqueyras - ცალკე აპელასიონად საკმაოდ გვიან, 1990 წელს გაფორმდა და კოტ-დუ-რონ ვილიაჟის ვენახთა ჯგუფს გამოეყო (საერთოდ, ჟიგონდასსა და ვაკეირასში ღვინის მეურნეობებს პატარა ისტორია აქვს, მასიური წარმოება 20-ე საუკუნის 50-იანი წლებიდან იწყება). ფართობი 1500 ჰექტარია. ჯიშური ნომენკლატურა Villages ღვინოების კომპოზიციას იმეორებს: გრენაში, კარინიანი, სენსო, სირა და მურვედრი (წითელი და ვარდისფერი). თუმცა ვაკეირასელ მეღვინეებს სიმძიმის ცენტრი კარინიანიდან და სენსოდან სირა და მურვედრზე გადააქვთ. ვეკეირასზე უფრო ენერგიული ღვინო ითქმის, ვიდრე დახვეწილი. არსებობს თეთრი ვაკეირასიც (ბურბულენი და რუსანი). წითელი ღვინო მშვენივრად ვითარდება 10-15 წლის განმავლობაში. გამოირჩევა ინტენსიური ხილის არომატითა და მოცხარის ტონებით. გემო ჰარმონიული აქვს, ხავერდოვანი ტანინებით. კარგია ცხვრის ხორცთან, შემწვარ ფრინველთან, თხის ყველთან და ზოგიერთ სუბპროდუქტთან (თირკმელი).
Côtes du Rhône – მხარის ძირითადი აპელასიონია და ამიტომ ნებისმიერი სახის კოტ დიუ რონის შეიძლება ხელში ჩაგივარდეთ, ჩალისფერიდან და ღია ვარდისფერიდან დაწყებული – კრამიტისფერიტა და მუქი ლალისფერით დამთავრებული. შეხვდებით დახვეწილ მსუბუქ ღვინოსაც და ნამდვილ ალკოჰოლურ მონსტრებსაც. საფრანგეთში, სუპერმარკეტში შესულებს, ღვინის თაროებიდან ყველაზე მეტი Côtes du Rhône-ის ეტიკეტები შემოგეფეთებათ, ამიტომ განსაკუთრებული გამოცდილება გჭირდებათ, ან კარგი გზამკვლევი, რათა ამ სიმრავლიდან ღირსეული ამოარჩიოთ. საუკეთესო მწარმოებლები: Cantheride, Bel Air, Chapoutier, Guigal, Lionnet, Grand Moulas.
Côtes du Rhône Villages – ცალკე აპელასიონად 1993 წელს გაფორმდა. ძირითადად წითელ ღვინოს წურავენ, უმაღლესი ხარისხისას, მთავარი ჯიში გრენაშია (არაუმეტეს 65%), ასევე სირა, მურვედრი, სენსო და კარინიანი, საიდანაც ძალზე მხნე ღვინო გამოდის მიწისა და მალინის ტონებით. სხეულიანი, მრავალფეროვანი და შინაარსიანი. საუკეთესო მწარმოებლები: Alary, L’Oratoire St-Martin, Meffre, Brusset.
Tavel – ავინიონის დასავლეთით, კირქვიან ნიადაგზე გაშენებული ვენახებიდან (ფართობი 759 ჰექტარი) დაწურული ღვინო. ნებისმიერი ტაველი ვარდისფერია (rose) და მას არამხოლოდ საფრანგეთის, არამედ მსოფლიოს საუკეთესო ვარდისფერს უწოდებენ. იყენებენ გრენაშს, სენსოს, სირას, მურვედრსა და კარინიანს. ძალიან მშრალი ღვინოა, რასაც ხშირად სხვადასხვა არომატი ეწირება ხოლმე. ტანინიანია და საკმაოდ დაბალი მჟავიანობით. ბოლოდროინდელი ტექნოლოგიური მიღწევები ხილის კომპონენტებისა და მჟავიანობის გაზრდის საშუალებას იძლევა. ღვინო 4-5 წელი შეიძლება ევოლუციონირდეს, თუმცა აპოგეას რთველიდან 2-3 წლის შემდეგ აღწევს. არომატში ყვავილებისა და ხილის ტონები გამოიყოფა, კარგია თევზთან, ძეხვეულთან, შემწვარ გულ-ღვიძლთან. საუკეთესო მწარმოებლები: Guigal, Trinquevedel.
Lirac – ტაველის აპელასიონის სიახლოვეს, 650 ჰექტარის ფართობზე გაშენებულია ვენახი, სადაც წითელი ღვინის ჯიშების გარდა თეთრებსაც ბევრს შეხვდებით. ლირაკი ძირითადად წითელი ან ვარდისფერია. აყენებენ ძალზე დახვეწილ ღვინოს, რომელიც საკმაოდ იაფიც ღირს. წითელი შატონეფ-დუ-პაპის შედარებით მსუბუქი ვარიანტია. ვარდისფერი, ზოგის აზრით მძიმეა, ოზ კლარკი კი მიიჩნევს, რომ ასეთი სამხრეთი რეგიონისთვის იგი ძალზე ცოცხალი და მოქნილია. არსებობს თეთრი ლირაკიც. წითელ ლირაკს მუქი ლალისფერი აქვს, მწიფე ქლიავის, კაკაოსა და ალუბლის ლიქიორის არომატით. კარგია სტეიკთან. საუკეთესო მწარმოებლები: Aqueria, Maby, Fermade, La mondoree.
სამხრეთული ღვინოებიდან კიდევ მრავალის გამოყოფა შეიძლება (მათ შორის საუკეთესოებია Rasteau, Côtes du Luberon, Côtes du Vivarais, Costiere de Nimes, Coteaux du Tricastin, Côtes du Ventoux, Chateau Pesquie), თუმცა ამჯერად სჯობს რონის იმ რაიონზე ვისაუბროთ, სადაც ყველაზე დიდხანს მომიწია ყოფნა და შესაბამისად, ყველაზე მეტი გავიგე იქაური მეღვინეობის თავისებურებათა შესახებ.

საფრანგეთის რაჭაში

საუბარია მდინარე დრომის ულამაზეს ხეობაზე და მხარეზე, რომელიც ვალანსის გადასახვევიდან იწყება და ალპებამდე აღწევს. ამ მხარეს რონის ალპებსაც უწოდებენ, იგი შედარებით აღმოსავლეთითაა, რონის სხვა აპელასიონებისგან მოშორებით და ამიტომ არც სამხრეთულებს მივაკუთვნე ეს ადგილი და არც ჩრდილოეთს. დისა და შატიიონ ენ დიუაში გაშენებული ვენახები ამ ორ რეგიონს შუაა მოქცეული და მდინარე დრომი იდეალურ გამყოფს წარმოადგენს ჩრდილოეთ და სამხრეთ რონას შორის.
პატარა ქალაქ დიში რამდენიმე დღე გავჩერდით და ამ დროის მანძილზე ძალიან ბევრი საინტერესო რამ ვნახე. თავიდანვე გეტყვით, რომ ეს რეგიონი შესანიშნავი ცქრიალა ღვინით, Clairette de Die-თია განთქმული და ამიტომ ყველაფერს ამ აპელასიონის სუნი უდის და ყველა მარანში, კაფესა თუ ბარში ეს სახელი ტრიალებს. ხალხი ძალიან გულთბილია, კარგი სტუმარმასპინძლობა იციან და საერთოდაც, რაჭას მაგონებდა ეს მხარე ვენახებითაც და მთებითაც. იქ რამდენიმე მეგობარიც გავიჩინე, მათ შორის მეღვინეეები, რომლებიც, მიუხედავად იმისა, რომ ფესტივალის ორგანიზატორებისგან ღვინო არ მოგვკლებია, ყოველთვის ხელდამშვენებულები მოდიოდნენ ხოლმე სხვადასხვა ღვინოებით. ჩვენც ვხსნიდით ხოლმე და ვაგემოვნებდით ერმიტაჟს, ალიგოტედან დაწურულ შატიიონ ენ დიუას, ვაკეირასს და მუსკატის არომატულ ღვინოს.
დრომის ნაპირები რამდენიმე არაჩვეულებრივი ყველითაა განთქმული, მათ შორის კი პიკოდონი საუკეთესოა. ეს ყველი ჩემთვის აღმოჩენა იყო, იგი გარეგნულად მართალია ჩვენებურ, ფშაურ დამბალ ხაჭოს გავდა, მაგრამ გემომ ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბა. საერთოდაც იქ ყველი დიდი კალათით მოაქვთ, რომელსაც ცაცხვის ფოთოლი აქვს ამოფენილი და პირთამდეა სავსე სხვადასხვა სახეობის ობიანი თუ ჭყინტი მარგალიტით. მასპინძლებმა საუზმეზე ერთიორჯერ უგემრიელესი ვენახის ატამიც გამოგვიტანეს და როცა ვუთხარით, “ჩვენთან ამას ვენახის ატამს ვეძახით მეთქი” - გახარებულებმა დაგვიდასტურეს, რომ მათთანაც იგივე სახელი ჰქონდა ამ ჯიშის ატამს.
დის ვენახები ვერკორის ქედის ძირასაა გაშენებული, თავად დი კი გლანდასის უზარმაზარი მთის ჩრდილქვეშაა მოქცეული. აქ კარგად ერწყმის ერთმანეთს მთისა და პროვანსის ცხელი ჰავა, ყურძენი კი ძირითადად 200-700 მეტრის სიმაღლეზე მოჰყავთ და ამის გამო ითვლება, რომ დის ვენახები ყველაზე მაღალია მთელს საფრანგეთში.
ღვინის ნამდვილი წარმოება დიში 18-ე საუკუნეში დაიწყო და პირველი მარნებიც მაშინ შეიქმნა. 20-ე საუკუნის 40-იან წლებამდე მხოლოდ კერძო მარნები იყო და არც აპელასიონები არსებობდა, აქაური ღვინო კი ძირითადად ლიონისა და გრენობლის კაფეებში იყიდებოდა. იდეა, დის მხარეში კოოპერატივის შექმნის შესახებ, 1926 წელს იშვა, სისრულეში კი მხოლოდ 1950 წელს მოვიდა ეს ჩანაფიქრი. საქმეს ანრი ბონე ედგა სათავეში, Jaillance-ის ქარხნის დამაარსებელი. თავიდან სულ 25 ჰექტარი ვენახი ჰქონდათ და 80 000 ბოთლს ასხამდნენ, დღეს კი მარტო კლერეტი ისხმება 8 მილიონი ბოთლი.
Clairette de Die - პირველი თარიღი კლერეტის ისტორიაში, ძვ. წ. 77 წელია და პირველი ნაბიჯებიც ამ ღვინის წარმოებაში რომაელების სახელს უკავშირდება (აქაური ღვინო პლინიუსსაც აქვს ნახსენები თავის Naturalis Historia-ში). არსებობს ლეგენდაც, რომლის მიხედვით ერთ-ერთ მეღვინეს ყურძნის წვენით სავსე ამფორა მდინარე დრომში დარჩენია მთელი ზამთრის მანძილზე, გაზაფხულზე კი, როცა გაყინული მდინარე გამლღვალა და მეღვინეს ამფორისთვის თავი მოუხდია, იქიდან შუშხუნა, ცქრიალა ღვინოს ამოუხეთქავს. დღეს ეს ლეგენდა, შეიძლება ითქვას, მეთოდად იქცა, ჩემი თვალით ვნახე, კლერეტისთვის განკუთვნილ საუკეთესო მტევნებს როგორ აყრიდნენ ყინულს და დასაწურად ამზადებდნენ.
დის ტრადიციული ტექნოლოგია ცოტათი განსხვავდება კლასიკური შამპანურის ტექნოლოგიისგან, ამიტომ ამ სხვაობის უკეთ წარმოსაჩენად სჯობს ცოტა დაწვრილებით მოგითხროთ შამპანური და ცქრიალა ღვინოების შესახებ.
შამპანურის დაყენება საკმაოდ რთული პროცესია. ყურძენს სამჯერ წურავენ და მისგან სამგვარ წვენს იღებენ. cuvee პირველი გამონაწურია, ყველაზე მაღალი ხარისხისა, პირველადი ტკბილი – მეორე გამონაწური და მეორადი ტკბილი – მესამე გამონაწური, რომელიც დაბალი ხარისხისაა და შამპანურში იშვიათად იყენებენ. ამის შემდეგ წვენი დუღს რკინის ან მუხის კასრებში, შემდეგ კი იწყება კუპაჟირება, ამ დროს შამპანური თავის უნიკალურ გემოს იძენს და დგება დრო მთავარი პროცესისა, რომელიც ბოთლებში ჩამოსხმით იწყება. ღვინოს საფუარის ბაქტერიებსა და შაქრის ხსნარს უშვებიან, ანუ მზადდება ე.წ. liqueur de tirage, სატირაჟე ლიქიორი და უკვე მეორედ, ამჯერად ბოთლებში იწყება ფერმენტაცია (დუღილი), რომელიც რამდენი თვე გრძელდება და მთელი ამ დროის მანძილზე ბოთლებს აბრუნებენ ხოლმე, რათა ლექმა ერთ ადგილას მოიყაროს თავი. დაძველების შემდეგ რემიუაჟის (remuage) ოპერაციის ჯერი დგება, ანუ ლექი საცობზე გადადის და უკვე ვერტიკალურ მდგომარეობამდე მისულ ბოთლს, დეგორჟირების (dégorgement) პროცესი უტარდება. ამ დროს ღვინის გარკვეულ მოცულობას ბოთლის ყელში, საცობთან - იქ, სადაც ლექი იყრის თავს, - ყინავენ და შემდეგ ამ ყინულს ლექიანად აცლიან. ეს გახლავთ კლასიკური შამპანური ტექნოლოგია, რისგანაც Clairette de Die-ს ტექნოლოგია განსხვავდება. საქმე ისაა, რომ კლერეტში ცქრიალი და შუშხუნი არ მიიღწევა მეორადი ფერმენტაციითა და სატირაჯე ლიქიორით, არამედ პირველივე ფერმენტაცია ბოთლებში სრულდება. ამას ტრადიციულ Dioise ტექნოლოგიას უწოდებენ.
დიში რთველი დაახლოებით 6 კვირა გრძელდება (ადგილების მიხედვით), რის შემდეგაც ყურძენი სერიოზულ შემოწმებას გადის და 2-3 საათში ტკბილიც მზადაა. ფერმენტაცია 4 გრადუსზე ხდება, მეორე ეტაპი კი 8-12 თვე, 7 გრადუსზე გრძელდება. ეს პროცესები ძალიან საინტერესო სანახავია, მითუმეტეს, რომ ჩვენ, მხარეში საუკეთესო ქარხანაში მოგვიწია ამაზე თვალის დევნება. Jaillance-ს საწარმო, რომელიც დის ყველა მეღვინეს აერთიანებს, საფრანგეთში ერთ-ერთ საუკეთესო ცქრიალა ღვინოებს აყენებს. Jaillance-ის სარდაფებში 8 მილიონზე მეტი ბოთლია და ისინი უზარმაზარ ყუთებშია მოთავსებული (თითოში 600 ბოთლი ეტევა). განათება სარდაფში მბჟუტავია, იდუმალი და იქ მოსეირნეზე, თითოეულ ბოთლში მიმდინარე პროცესებზე ფიქრის გარდა, ეს განათებაც მოქმედებს. ტემპერატურაზე აღარაფერს ვამბობ, იქ მუდმივად 7-8 გრადუსია და მთელი ამ ცივი ლაბირინთის მოხილვის შემდეგ სტუმარი უკვე მზადაა, რათა საუკეთესო შუშხუნები დააგემოვნოს და მნიშვნელობა არა აქვს გიყვარს თუ არა ეს სასმელი, მთავარია, რომ ნაღდს სინჯავ, ნამდვილ ცქრიალა ღვინოს.
მე არ მივეკუთვნები ცქრიალა ღვინის ტრფიალთა რიცხვს, თუმცა როგორ არ დაუჯეროს კაცმა სახელოვან ოზ კლარკს, ბრწყინვალესა და უმაღლესი ხარისხისას რომ უწოდებს Clairette de Die და როგორ არ მოსვას თითო ჭიქა აპერეტივზე, ჭამის წინ?!
Clairette de Die-ს მართლაც გასაოცარი არომატი აქვს. ასეთი აქამდე არაფერი მქონდა დალეული და სიმართლე გითხრათ ცოტა გამაკვირვა კიდეც ამ გემომ. საქმე ისაა, რომ ამ დასახელების ცქრიალა ღვინოში ორიგინალური ჯიშის, კლერეტის წილი სულ რაღაც 25%-ია, მაშინ როცა, ძირითადი, 75% მუსკატზე მოდის (Muscat a petits grains, მუსკადელსა და მუსკადეში არ უნდა აგვერიოს), ჯიშზე, რომელიც გასაოცარი არომატით გამოირჩევა და ღვინოც შესაბამისი დახვეწილობით გამოირჩევა. იქ ყოფნისას ათამდე სხვადასხვა სახის კლერეტი დავლიე, თუმცა, როგორც ამბობენ, ყველას მაინც 90-10% შეფარდებიანი (სადაც მუსკატი 90 პროცენტია), ანდა სულაც 100-იანი სჯობს, საერთოდ კი საუკეთესო Clairette de Die Cuvée Impériale და Cuvée Excellence გახლავთ.
კლერეტის გარდა ქარხანა შესანიშნავ Crémant de Die-საც ასხამს, მშრალ ცქრიალა ღვინოს (Brut), ასევე Crémant de Bordeaux (Brut, Demi-sec, Rosé), Crémant de Bourgogne (Brut), Vouvray (Brut, Demi-sec). კრემანში კლერეტის წილი 100%-ია, კრემან დე ბორდოში კაბერნე და მერლო (Rosé), სემიიონი, სოვინიონი, იუნი ბლანი და მუსკადელი (Demi-sec), Vouvray-ში კი 100% შენინ ბლანია (ლუარას თეთრი პინო).
ასხამენ ღვინოსაც, AOC Châtillon en Diois-საც, რომელიც იაფი, მაგრამ ხარისხიანი და გემრიელი ღვინოა. მე რამდენიმე შატიიონი გავსინჯე და მათ შორის ყველა მეტად Châtillon en Diois Domaine de la Gouyarde მომეწონა, რომელსაც ალიგოტეს ჯიშის ყურძნისგან წურავენ. საერთოდაც თეთრ შატიიონებს ძირითადად ალიგოტესა და შარდონესგან აყენებენ, წითელსა და ვარდისფერს კი მეტწილად გამესგან (ცოტაოდენ სირასა და პინო ნუარსაც უმატებენ).

ეპილოგი

რონის ნაპირებზე უკვე წლევანდელ, ახალ ღვინოს სინჯავენ, აფასებენ, არჩევენ, აუმჯობესებენ. დაძველებაზე ფიქრისას ზოგს მუხის ჩიფსებისკენ გაურბის თვალი, ზოგი კი ახალი კასრების ძიებაში ამერიკას სტუმრობს. რონაში უფრთხილდებიან ტრადიციებს, თუმცა როგორც ამბობენ, ბოლო წლებში შესანიშნავი ახალი თაობა მოვიდა, რომელთაც ახალი დასახელებები, ახალი ხარისხი და რაც მთავარია, იმიჯი მოუტანეს მშობლიურ ღვინოს. ეს უკვე ყველგან ჩანს, მსოფლიოს ნებისმიერ კონტინენტზე აღმოაჩენს კაცი “რონული რენესანსის” ნიშნებს და იმედს ვიტოვებთ, რომ ოდესმე ქართველ მეღვინეებსაც გამოადგება რონელი კოლეგების ბოლოდროინდელი გამოცდილება.

2006, ნოემბერი
© „მარანი“

No comments: