Tuesday 18 September 2007

რაჭული ღვინო


ეკა ქევანიშვილი

წელს რაჭველებმა ღვინო `ხვანჭკარას`, იმავე `ყიფიანის ღვინოს` ამბროლაურის შესასვლელში ძეგლი დაუდგეს - ასე გამოხატეს სიყვარული საამაყო ღვინის მიმართ.
`კეთილმშვენი, ზაფხულ გრილი, ზამთარი თბილი და უქარო, მოსავლიანი. თვინიერ ბრინჯ-ბამბისა ნაყოფიერებს ყოველნი მარცვალნი, ვენახნი, ხილნი...`, ჯერ კიდევ ვახუშტი ბატონიშვილი წერდა ასე საქართველოს დასავლეთით მდებარე პატარა კუთხეზე, რაჭაზე - ნახევრად ტკბილი ღვინოების სამშობლოზე.ქვემო რაჭაში შემთხვევით აღმოჩენილი განძის შესწავლამ მეცნიერები მიიყვანა დასკვნამდე, რომ მეორე და პირველ ათასწლეულთა მიჯნაზე მდინარე რიონის შუაწელში მევენახეობას მისდევდნენ. ახლაც ასეა, რაჭაში ვენახები სწორედ რიონის ნაპირებს მიუყვება. ჯეჯორის ხეობაში (რიონის შენაკადია) მევენახეობის უკანასკნელ საზღვრად სოფელი ონჭევი იყო მიჩნეული. ხოლო ლუხუნის ხეობაში სოფელი აბარი... მერე საზღვრები შეიცვალა, ზოგან ვაზი გადაშენდა, ზოგანაც პირიქით.რაჭა-ლეჩხუმში ვაზის გავრცელების უმაღლეს მიჯნად 1100 - 1200 მ სიმაღლე ითვლება ზღვის დონიდან. და ამის დასტური 1200 მეტრზე მდებარე სოფელი საკაოა, სადაც ვაზი არსებულა. რიონის მარჯვენა სანაპიროდან ვენახიან ზოლში შემდეგი სოფლები შედის: ქვიშარი, ჭყვიში, ჟოშხა, ჭრებალო, ტოლა, ხვანჭკარა, ჩორჯო, ბოსტანა, ღვიარა, კლდისუბანი, სადმელი, ძირაგეული, კვაცხუთი, წესი, სორი, ნიგვზნარა, ხურუთი, ჭალა, ლაჩთა და შეუბანი.რიონის მარცხენა სანაპიროზე კი - ქვეღვარდია, ბაჯი, ქვედა შავრა, ბარეული, აბანოეთი, მიქარწმინდა, ბუგეული, საკეცია, იწა, ამბროლაური, ახალსოფელი, გორი, ქვედა კრიხი, ხიმში, მუხლი, შარდომეთი, ზუდალი, კომანდელი, მაიდანი, ონი და ღარი.ცალკეული ვაზის ჯიშს ვერტიკალური ზონალობის მიხედვით ჰქონდა ადგილი მიჩნეული. `მზიგული` ფერდობები ალექსანდროულის, მუჯურეთულისა და წულუკიძის თეთრას ნარგავებს ეჭირა. ზემოთ, მთის ძირებში, საადრეო ჯიშები, სამაჭრია, ხიხვი, ჭროჭინა, მოქათური იყო გაშენებული. ბევრი ძველი ჯიში დღეს აღარ არსებობს. ისინი მხოლოდ მოხუცებს ახსოვთ.რიონისპირა სანახებში თურმე, `წმინდა` ჯიშების, ალექსანდროულის და მუჯურეთულის გაშენებას ერიდებოდნენ და უფრო `ალეშ` ვაზს რგავდნენ, უხვი მოსავლით, მაგრამ შედარებით უხარისხო ყურძნით. ალექსანდროული და მუჯურეთული დღესაც ვაზის მთავარ ჯიშებად ითვლება. სწორედ მათგან მზადდება ცნობილი ნახევრად ტკბილი ღვინო `ხვანჭკარა`, რომლის გარეშეც ნამდვილი რაჭველის ოჯახში სუფრა არ იშლება.რაჭა სამ უმთავრეს უბნად იყოფა: ქვემო რაჭა, რიონის მარჯვენა სანაპირო, ბუნებრივად ტკბილი ღვინოების საწარმოო რაიონია, ხოლო მარცხენა სანაპირო სუფრის ხარისხიანი თეთრი ღვინოებისა. ზემო რაჭაში ძირითადად ორდინარულ ღვინოებს აყენებენ.ქვემო რაჭაში მევენახეობის უმთავრესი რაიონი ძველი `საყიფიანო` იყო, სადაც აყენებდნენ ღვინო `ხვანჭკარას`. ეს ტერიტორია ასკის წელიდან მდინარე რიცეულამდე გრძელდებოდა და პირველ ტოლას, მეორე ტოლას, ხვანჭკარას, ჩორჯოს, ბოსტანას და ღვიარას მოიცავდა. მაგრამ ყველაზე ხარისხიანი ყურძენი მაინც `საყიფიანოს გულად` წოდებულ პირველ და მეორე ტოლაში მოდიოდა. ამ სოფლებს მოჰყვება სოფლები, ხვანჭკარა და ჩორჯო. აქვე მოჰყავთ რაჭული თეთრას ძირითადი ნედლეულიც.ჩვეულებრივი ვენახის გარდა, მთელ რაჭაშია გავრცელებული ტალავერი, რომელიც ჭურის თავების და ეზოების საჩრდილობლად გამოიყენება.ალექსანდროულის შესახებ მე-19 საუკუნის შუა ხანებზე ადრე არავითარი წერილობითი ცნობა არ არსებობს. ხალხშია შემორჩენილი თქმულება, თითქოს ოდესღაც ალექსანდრე მეფემ გამოიყვანა და გაავრცელა ვაზის ეს ჯიში. საქართველოს ისტორია რამდენიმე ალექსანდრე მეფეს იცნობს, მაგრამ რომელზეა საუბარი, ეს დღემდე უცნობია. ვარაუდები ბევრი იყო, ერთ-ერთის მიხედვით, ეს ჯიში, შესაძლოა, სულაც ალექსანდრიიდან ყოფილიყო გადმონერგილი.ასეა თუ ისე, იქაური გლეხები ამბობენ, რომ ალექსანდროული რაჭული ყურძნის მეფეა, მას აღმერთებენ, ის წმინდაა რაჭველებისათვის და ამას ეთნოგრაფიულ ლიტერატურაში მოყვანილი რაჭველი მთხრობელების სიტყვებიც მოწმობს:`ძირდალოცვილია ალექსანდროული, თუ ხელს შეუწყობ და გაახარებ, შენც გაგახარებს. ზრდაში ლამაზია, მონაცრისფრო რქასა და დაკბილულ ფოთლებს დეიყრის, ყვავილობაზე ისე გაბრდღვიალდება, თვალს ვერ მოაშორებ… გვალვას უძლებს, გაჯინებული წვიმებიც ბიმბილს ვერ უფუჭებს, ქრისტეშობამდე რო დატოვო დოუკრეფავი, არ ჩამოცვივდება. ალეშივით არ დეიხირხლება ტევნებით, მარა რასაც მეიბამს, კარქათ ამწიფებს. რად გინდა ბევრი მეიბას და არ დაამწიფოს, ბატინაღველასავით დასალევს გემოტკბილი არ ჯობია?... ალეშ ყურძნებს უნდა ექინჩურო, გაგიგონია, უდანოდ ვერ მოწყვეტ, ალექსანდროულს ყუნწზე მუხლი აქვს, დააჭერ ცერის კანჭს - წკაპო, ერთს დეიძახებს და მაშინვე მოწყდება. ხორგოში აბრეშუმივითაა, გოუვლი-გამოუვლი, ფეხზე აგყობა... კვირიკვობისთვე ხუთმეტი რო ჩამოდგება ძველით, მაშინ იზამს შეთვალების ნიშანს. რაც უფრო გვიან მეირთელებ, უკეთესია, თუ საძვალო, თავი ღვინის დაყენება გინდა, შეჭკნობა უნდა აცალო...` ტოლა, ხვანჭკარა და ჩორჯო ალექსანდროულის სამშობლოდაა მიჩნეული. სხვაგან ეს ჯიში ვერ ხარობს`.ალექსანდროულის ვარიაციებიდან ჯერ მხოლოდ მუჯურეთულია ცნობილი.მთხრობელები მუჯურეთულს ასე ახასიათებენ: `ალექსანდროულს გავს ყველაფერში, მარა ბიმბილი აქვს ხრიკასავით. საჭმელად მუჯურეთული უკეთესია, ტკბილია, კრახუნობს. ღვინოთ ორივე სადიდებელია, მარა სიტკბოთი კინაღამ მუჯურეთული სძლევს. ორივე წმინდა ჯიშია…``ალეში` ღვინო, უფრო მდარე, თხელი ღვინოა. ზოგიერთი მკვლევარი ამ ჯიშს ვარდისფერ ჯიშად ასახელებს. ალეში ყურძნების ღვინო არ `ძველობს`, ამიტომ მეორე წლისათვის მას იშვიათად ინახვენ.მეცნიერები რაჭულად შემდეგ ჯიშებს თვლიან: ალექსანდროული, ბანძულა, ბარო, ბახვა, ბერაულა, ბერბეშო, ბულვა, ბუტკუ, გაღმოური კაპისტონი, თითა, თეთრა, მჟაველა, მწვანე, ნაცარა, ციცქინა, უსახელო, სადმელური, ფეროვანი, ცხენის ძუძუ, ჭროჭინა, ხარისთვალა და ა.შ. ჩამონათვალი საკმაოდ გრძელია. თუმცა, დღეს ამ ჯიშებიდან რაჭაში ბევრი აღარ არსებობს. ცნობილია, რომ წლის მოსავალი რომ არ დაღუპულიყო, გლეხს ვენახში მრავალი ჯიშის ყურძენი უნდა ჰქონოდა. ზოგს საღვინედ იყენებდა, ზოგს ხილად, საჩამიჩედ და სხვა. ყურძნის შეთვალებას `მწიფობაში შესვლა` მოსდევს. ამღვრეული ყურძენი ნელ-ნელა `იმსება`, `ნამს სვამს`. ამ პროცესს ხალხი `ყურძნის სიცილს` უწოდებს. ყურძნის მწიფობის შეტყობა კი, თურმე ასე ხდებოდა: ოჯახის უფროსი რამდენიმე ვაზზე მტევნებს კიმპალს შეაცლიდა, მზეზე გახედავდა და ფერს შეუმოწმებდა. თან გემოს გაუსინჯავდა. მერე ბიმბილებს ხელში გასრესდა, თუ თითები გაეტკბილებოდა და თან მწიფობის მაძღარ სუნს იგრძნობდა, მაშინ რთველის დაწყებას გადაწყვეტდა. ოღონდ ამ ოთხი კომპონენტიდან (ფერი, გემო, გატკბილვა და სუნი) რომელიმე თუ არ მოეწონებოდა, მაშინ ყურძნის დაკრეფს გადადებდა.ქვემო რაჭის ვენახიან ზოლში, ვენახების განლაგების სამი ზონა გამოიყოფოდა: მთისძირას საადრეო ჯიშები იყო გაშენებული, იგი გვიან გამოდიოდა და ადრე `ნაღვთიმშობლებს` იკრიფებოდა. შუა და ქვედა ზოლში რთველი სექტემბრის ბოლოსა და ოქტომბრის დასაწყისში იმართებოდა. `წმინდა ჯიშებს`, რომლის ღვინოც `საძველოდ` უნდოდათ, გაცილებით გვიან კრეფდნენ. ნოემბრის შუა რიცხვებშიც კი. ძველი ტრადიციები ბევრგან დღესაც შემორჩენილია. `თვარის შეშლაზე` რთველს ერიდებოდნენ, ჯერ ერთი, ცუდი ამინდი იყო და მეორეც, ღვინო `ავზნიანი`, ძნელად დასაყენებელი გამოდიოდა.სანამ გლეხი ვენახში შევა, დიდი მზადება იწყება: ორი კვირით ადრე მარანი დასუფთავდება, ჭურები აიხდება, მთელი ზამთრის განმავლობაში თავდაღმა დამხობილ საწნახელს გადმოაბრუნებენ, `ნაფთკენით` (შინაური ფრინველის ფრთებისგან დამზადებული პატარა ცოცხი) გაასუფთავებენ, გარეცხავენ. გამზადდება გიდლები, კალათები, გოდრები და იწყება... რთველი იქ ნამდვილ დღესასწაულს ჰგავდა და ბევრგან დღემდე ასეა.რაჭაში ახლაც ხშირად იტყვიან, სამ რამეს უნდა გაფრთხილება: სახლის საძირკვლის გამართვას, ცოლის თხოვას და ჭურის შეძენასო. ჭურს რაჭაში არ ამზადებდნენ, ის ძირითადად, სხვა კუთხეებიდან ჩაჰქოდათ და ამიტომაც თვალისჩინივით უფრთხილდებოდნენ. აი, საწნახელის დამზადებას კი რაჭაში დიდი ტრადიცია აქვს. გლეხები ყურძენს დღესაც საწნახელში წურავენ.ჭურიდან სითხის ამოსაღები უმთავრესი რაჭული ხელსაწყო `ხრიკაა`. რომელსაც მწარე კვახისგან ამზადებენ და ის ყველა ოჯახში მარნის მთავარი ატრიბუტია.ღვინოს სულიერივით ექცევიან რაჭაში, შეშინება იცისო. ამბობენ, `დიდი რუხუნი ღვინოს ეყურებაო`, ღვინის შეშინება კი იმას ნიშნავს, რომ სასმელს ძალა ეკარგება, თეთრი ღვინო აიმღვრევა, შავი გათხელდება, ამიტომ არის ხოლმე, რომ ხანგრძლივი ჭექა-ქუხილის შემდეგ ქვევრებს ხდიან და ღვინოს აჭაშნიკებენ ხოლმე.რაჭაში იციან შუაღვინოც - ეს წყალნარევი ღვინოა და მისი დამზადების წესი ასეთია: საწნახლიდან ღვინის გაშვების შემდეგ დაუწბერავ ჭაჭას, მიღებული ღვინის მესამედი და სუფთა, ცივი წყალი დაესხმევა. ჭაჭა სითხით უნდა დაიფაროს, თორემ ძმრის კოღო მოეკიდება. ნაყენს ერთი კვირა გააჩერებენ, დღეში სამჯერ დაურევენ, დუღილს როცა მოითავებს, ჭურში ჩაასხამენ და ზამთარში `სამწყურვალოდ` იხმარენ. მაგრამ ამ ღვინოს `გასართობს` ეძახიან. ის, ცხადია გვერდით ვერ დაუდგება ნაღდ რაჭულ `ხვანჭკარას` ან `თეთრას`.ჯერ კიდევ ანტიკურ ხანაში იყო ცნობილი კოლხური, ალისფრად მოელვარე, ტკბილი, სურნელოვანი ღვინოები. ეს დახასიათება მეცნიერებს `ხვანჭკარას` აგონებს. კოლხური ღვინოების წარმოებაში, ალბათ, რაჭასაც ჰქონდა თავისი წილი. მაგრამ მნიშვნელოვანი ცნობები რაჭული ღვინის შესახებ გვიან, მე-19 საუკუნეში გვხვდება. `ყიფიანის ღვინოზე` ბევრს წერდა მაშინდელი გაზეთი `დროებაც`. რაჭაში ღვინის შეფასების თავისი ტერმინები არსებობდა და დღესაც ასეა. თუ ვახუშტისთან ვხვდებით `ღვინო წარჩინებულს`, `ღვინო კეთილს` და ა.შ. რაჭაში ყოფილა ასეთი გამოთქმა - `ციცხინა, ფუცხუნა ღვინო` ან - `ცოლიკაურის ღვინო ისე ყეფს, რომ ერთი ბოთლი კისერს მოგტეხსო`.ფერს თავისი გამომხატველი სიტყვები ჰქონდა: `ალექსანდროულის ბიმბილი გიშრისფრად უნდა იყურებოდეს`, მწვანის ღვინო მწვანედ `კამკამობს`, წულუკიძის თეთრისა ყვითლად `ჭვივა` და ა.შ.ეს კი არა, ღვინოს რაჭველები ლექსებსაც უძღვნიდნენ:`უღვინოდ ლხინი ვინ ნახა,/ ვინ გადიხადა ძეობა,/ დავლიე იგი ზომაზე,/ მომცა ძალა და მხნეობა,/ გულს ჭირი გადამეყარა,/ ენას მიეცა მზეობა,/ ლოთობა, გზაში ბარბაცი,/ არ არის ჩვენი ზნეობა`.და რაც მთავარია, `ღვინომ, ნამთვრალევზე `გაყოლა` არ უნდა იცოდესო` - ამბობენ რაჭაში დღესაც. წელს რაჭველებს მოსავალი ყინვამ გაუფუჭა. ასეთ წელიწადს ისინი განსაკუთრებით დარდობენ ხოლმე, რადგან იქ ისედაც არ მოდის დიდი რაოდენობით წმინდა ჯიშის ყურძენი. ყოველწლიურად დაახლოებით 800-1000 ტონა ყურძენი გადიოდა ამ რეგიონიდან. შპს `რაჭული ღვინოს` დირექტორი ომარ ჭელიძე, რომლის ღვინის ქარხანაც სეზონზე 200-300 ტონა ყურძენს იბარებს ხოლმე, ამბობს, რომ ახლა მეღვინეები ახალი ბაზრების მოძიებით არიან დაკავებულნი. რაჭული ღვინის ძირითადი მომხმარებელი რუსეთი იყო. მცირე რაოდენობით გაჰქონდათ ამერიკაშიც. ახლა იმედები უკრაინაზე, გერმანიასა და კანადაზეა. თუმცა, ევროპის შემთხვევაში, მეღვინეები მაინც ეჭვობენ: `ხვანჭკარა` ნახევრად ტკბილი ღვინოა და ევროპას ასეთი ღვინო მაინცდამაინც არ იზიდავს. დასავლეთში შაქარი და მარილი ლამის ჭირად გამოაცხადეს... შესაბამისად, მათ მშრალი ღვინო ურჩევნიათ`.შპს `ხვანჭკარას` დირექტორი ავთანდილ ნამგალაძე კი დღემდე გაუსაღებელ შარშანწინდელ ღვინოზე დარდობს - 80 ტონა ღვინო დღემდე ქარხნის მარანში ინახება.თუმცა, ყურძენს ქარხნები წელსაც ჩაიბარებენ, სავარაუდოდ, კილოს 3 ლარად. `გაპატიოსნებული` ღვინო კი, ერთი ბოთლი, თბილისის სუპერმარკეტში 22 ლარი ღირს. ერთი კია, ჯერ ზუსტად არავინ იცის რომელი და რამდენი ფირმა შევა რაჭაში ყურძნის ასაღებად. ახალი კანონით, ყურძენი ადგილზე უნდა დაიწუროს და მხოლოდ ასე გავიდეს რაიონიდან. ამ საქმისთვის მალე იქაურ ქარხნებს კიდევ ორი ახალი ქარხანა შეემატება. წელს ვაზი ყინვას ამბროლაურში გადაურჩაო, ამბობენ ადგილობრივები. იქ კი სანამ რთველი არ დასრულდება, ყველა გლეხი ცას აჰყურებს, ან უდროო წვიმა არ წამოვიდეს, ან უცებ არ წამოთოვოს და მთელი წლის ნაშრომი წყალში არ ჩაყაროს. ესეც რომ არ იყოს, ოჯახისთვის უღვინო წელი ტრაგედია თუ არა, დიდი დარდი ნამდვილადაა. სუფრა რომც არ გაიშალოს, მარანში სტუმრის შეპატიჟება და თითო ჭიქით დალოცვა, ღვინის `გასინჯვა` და მისით თავმოწონება იქაური გლეხის უსაყვარლესი საქმიანობაა და თუ ღვინო მოუწონეს, მის სიხარულს ხომ საზღვარი არა აქვს. დაწუნებით კი რაჭულ ღვინოს იშვიათად იწუნებენ.

No comments: