Friday 25 January 2008

საფრანგეთი შამპანს მოთხოვნებს შეუმსუბუქებს


ლიკა ჯობაძე

წინასადღესასწაულო დღეებში შამპანური მთელს მსოფლიოში მდინარეებად მოედინება.

ყველაზე ცნობილ შუშხუნა ღვინოზე მოთხოვნილება მსოფლიოში იმდენად დიდია, რომ საფრანგეთის მაღალჩინოსნებმა შამპანურის მწარმოებელ რეგიონებს შესაძლოა საკანონმდებლო მოთხოვნებიც კი შეუმსუბუქოს.

საფრანგეთის ერთ-ერთი რეგიონი - შამპანი და სავაჭრო მარკა შამანური ერთმანეთთან მჭიდრო კავშირშია. ის ყურძნის იმ ჯიშის ტრადიციული სამშობლოა, რომლითაც შუშხუნა ღვინოს ამზადებენ.

საფრანგეთის ხელისუფლება ყოველთვის მკაცრ ლიმიტს აწესებდა ვენახის ზომებზე და შამპანში ვაზის ნარგავებს შორის მანძილზე.

ევროპასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში შამპანურზე გაზრდილი მოთხოვნილებიდან გამომდინარე, საფრანგეთის მაღალჩინოსნებმა შესაძლოა ეს მოთხოვნები შეამსუბუქონ.

ანალიტიკური პორტალ Breakingviews.com -ის წარმომადგენელი ბილ ეჩიქსონი ფიქრობს, რომ შამპანური საკუთარი წარმატების მსხვერპლი გახდა.

"უკანასკნელი ათი წლის მანძილზე შამპანურზე მოთხოვნა, შეიძლება ითქვას, ფენომენალური იყო. ამ მოთხოვნისა და წარმოების არსებული პირობების ფონზე, შამპანური მსოფლიოს აღარ ჰყოფნის.

ყურძნის ჯიში, რომლითაც შუშხუნა ღვინოს აყენებენ, საფრანგეთის ჩრდილო-აღმოსავლეთით, ერთ პატარა რეგიონში ხარობს. ყურძნის მთლიანი მოსავლით კი წელიწადში 330 მილიონი ბოთლი შამპანური იწარმოება. ამასთან, შუშხუნა ღვინის ფასიც იზრდება, რაც მწარმოებელთა ინტერესებში არ შედის, რადგან ეს პროცესი, ადრე თუ გვიან, მოთხოვნილების შემცირებას გამოიწვევს,” - ამბობს ეჩიქსონი.

ანალიტიკოსის აზრით, ამ პრობლემის გადაჭრის ერთადერთი გზა შამპანის რეგიონში ვენახების ზომების გაზრდაში მდგომარეობს.

საქმე ის არის, რომ მე-19 საუკუნეში, იქამდე, სანამ შამპანში ვენახებს გაანადგურებდნენ, მისი ზომა გაცილებით დიდი იყო, ვიდრე ახლა. საფრანგეთის ხელისუფლება, როგორც იქნა, შამპანის ვენახებისთვის ისტორიული ზომების დაბრუნების ინიციატივით გამოვიდა.

უზარმაზარი მოგება და ბრძოლა პოზიციებისთვის

შამპანის რეგიონში მევენახეობის გაფართოება ძალიან მნიშვნელოვანია. საქმე უზარმაზარ მოგებას ეხება. ვენახების გაფართოება მეღვინეების მოგებას 10-ჯერ გაზრდის. თეორიულად მეღვინეების მოგება 10 წლის მანძილზე 6 მილიარდი ევროთი გაიზრდება. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ახლად დარგული ვაზი ნაყოფს მხოლოდ რამდენიმე წლის მერე ისხამს. ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება ამ კუთხით არაფერს გააკეთებს, შამპანური მსოფლიო ბაზარზე პოზიციებს დაკარგავს.

შამპანურს ხომ გაცხარებული კონკურენციის პირობებში უწევს ბრძოლა. მართალია, ის საუკუნოვანი წარსულის უნიკალური სასმელია, მაგრამ ამ დროს არსებობს ბევრად უფრო ხელმისაწვდომი პროდუქტი - იტალიური prosecco და asti, ესპანური cava და შუშხუნა ბრიტანული და გერმანული ღვინოები.

შამპანური პოპულარულობას დაკარგავს, - ფიქრობენ ექსპერტები. განსაკუთრებით კი მაშინ, როცა მსოფლიო რეცესიის სტადიაში გადადის.”

© „24 საათი“

No comments: