XIV საუკუნიდან, მას შემდეგ რაც ინგლისსა და საფრანგეთს შორის ომი დაიწყო, ორი ერი მეტოქეობის ჟინით აღივსო. ფრანგებს ინგლისელები სნობებად მიაჩნდათ, ინგლისელები კი ფრანგებს "ლიბერალებს" უწოდებდნენ და ვულგარულობაში ადანაშაულებდნენ. "კლასობრივი" სიძულვილი და ხელჩართული შეტაკებები დაბალი ფენის პრეროგატივა იყო, ელიტა კი ამ გრძნობას სოკრატულ დიალოგებსა და ლიდერობისკენ მძაფრ ლტოლვაში გამოხატავდა. არისტოკრატული მეტოქეობის ნათელი მაგალითია როტშილდების ფრანგულ და ინგლისურ შტოთა საუკუნენახევრიანი დავა პოიაკში პირველობისათვის.
წინაპართა ისტორია
1853 წელი. ბარონმა ნათანიელ დე როტშილდმა (ინგლისური შტო) Château Brane-Mouton იყიდა, მაშინვე შეუცვალა სახელი და Mouton-Rotschild დაარქვა. ვენახი, რომელსაც საფუძველი ბარონმა ჟოზეფ დე ბრანმა 1730-იან წლებში ჩაუყარა, მისი ოჯახის საკუთრებაში 1830 წლამდე რჩებოდა. ამის შემდეგ იგი ბარონმა ჰექტორ დე ბრანმა 1,2 მილიონ ფრანკად გაყიდა. გარიგების შედეგად ჰექტორმა მარგოსა და სენტ-ჟიულენში რამდენიმე შატო შეიძინა და Château Margaux -ს მაშინდელ დიასახლიზე სარფიანად იქორწინა. ამის გამო მას "ვენახების ნაპოლეონი" შეარქვეს. ახალი მფლობელის, ვინმე მესიე ტიურეს ხელში მუტონის საქმე უკან წავიდა. სხვადასხვა დაავადებამ ვენახი თითქმის გაანადგურა.
1855 წელი. არაფერია საოცარი იმაში, რომ კლასიფიკაციის მომენტისთვის ნათანიელმა მამულის მდგომარეობა ვერ გააუმჯობესა. და მაინც, როდესაც ამ მეურნეობას Margaux, Latour, Haut Brion-ისა და Lafite-ს შემდეგ მხოლოდ მეორე კლასი მიენიჭა, ბარონი დე როტშილდი შეურაცხყოფილი დარჩა. მან ოფიციალურად განაცხადა, რომ შედეგებს არ ცნობდა.
1868 წელი. ბარონმა ჯეიმს დე როტშილდმა (ფრანგული შტო), ნათანიელის ბიძამ, Château Lafite იმ პერიოდისთვის არნახულ თანხად, 4,4 მილიონ ფრანკად იყიდა. მართალია, ბარონი იმავე წელს გარდაიცვალა, მაგრამ ოჯახისთვის შენაძენი ძალზე წარმატებული აღმოჩნდა - მას Premier des Premiers crus-ს, ანუ "პირველთაგან პირველის" სტატუსი მიენიჭა. ეს ტიტული მდიდარმა წარსულმა განაპირობა. ლაფიტის მიწას - პოიაკის ყველაზე ფერწერულ მიდამოებს, ჩვ.წ.ა. 325 წელს პოეტი ოზონი უმღეროდა. მთელი შუასაუკუნეები, 1789 წლის ჩათვლით, Lafite-ს ბორდოს უმაღლესი ფეოდალური მსაჯულები ფლობდნენ, მათ შორის, "ვენახების პრინცად" წოდებული ლეგენდარული ალექსანდრ დე სეგიური. 1755 წელს ლუდოვიკო XV-ის კარს Lafite-ის ღვინოები მარშალმა რიშელიემ წარუდგინა. მეფეს სასმელი ძალიან მოეწონა და იგი ფრანგულმა არისტოკრატიამაც აიტაცა. მადამ პომპადური Lafite-ს ყოველდღიურად მიირთმევდა, ისევე, როგორც მოგვიანებით რევოლუციონერი დანტონი.
საფრანგეთის დიდი რევოლუციის დაწყებისას Lafite-ს მფლობელი ნიკოლა პიერ დე პიშარი გახლდათ. იგი არისტოკრატი იყო, მაგრამ მამულის შესანარჩუნებლად რისკზე წავიდა და საფრანგეთში დარჩა. საუბედუროდ, პიშარის იმედები მისმა ქალიშვილმა დაამსხვრია, რომელიც სამშობლოდან ქმართან ერთად გაიქცა. მან მემკვიდრეობის უფლება დაკარგა და Lafite რესპუბლიკის კუთვნილებად იქცა.
1803 წელს შატო იგნაციო-იოზეფ ვანლერბერგის კერძო საკუთრება გახდა. 1808 წელს ეს ადამიანი ბანკროტად გამოცხადდა, თუმცა, გარკვეული მაქინაციების წყალობით, 1866 წლამდე, ვიდრე გარდაიცვლებოდა, მამულის შენარჩუნება შეძლო. ციხესიმაგრის თეთრ სასტუმროში დღემდე ინახება ნაპოლეონის წერილი, რომელშიც სამშობლოდან დევნილი იმპერატორი ვანლერბერგს სთხოვს, წმინდა ელენეს კუნძულზე Lafite-ს ოთხი ბოთლი ჩაუტანოს. სწორედ ვანლერბერგის სახელს უკავშირდება ვინტაჟების უნიკალური კოლექციაც, რომლის ყველაზე ძველი ნიმუშიც 1797 წლისაა.
1860-1910 წლები. "ლონდონელმა" როტშილდებმა 1875 წელს ინგლისის მთავრობას სუეცის არხის მშენებლობისთვის 4 მილიონი ფუნტი ასესხეს, ამავდროულად, 15 წლის განმავლობაში (1874-1889) ლონდონის შემოგარენში, Waddeson-ის სასახლის რეკონსტრუქციაზე მუშაობდნენ, რომლის სარდაფი 15 000 ბოთლ ღვინოს დაიტევდა. მაგრამ თავად ბარონი ნათანიელი Mouton-ში კარგა ხანს არ ჩადიოდა, მით უმეტეს, რომ საცხოვრებელი სახლი იქ დიდხანს არ არსებობდა (Grand Mouton-ის ციხესიმაგრე, რომელშიც წლების მანძილზე არავინ ცხოვრობდა, განადგურდა. Petit Mouton-ად ცნობილი პატარა სახლი კი 1870 წელს აშენდა).
ამ დროს Lafite-ში ცხოვრება დუღდა. ბანკირი როტშილდები მას ქალაქგარე ვილად იყენებდნენ და ხელიდან არ უშვებდნენ შანსს, თავიანთი ღვინო მნიშვნელოვანი სტუმრებისთვის წარედგინათ. 1871 წელს შატოს "წითელ სალონში" ფრანკფურტის შეთანხმების პროექტი მომზადდა, რომელმაც საფრანგეთისა და პრუსიის ომი დაასრულა. ჯეიმს დე როტშილდის შვილებმა, ბარონებმა: ალფონსმა, გუსტავმა და ედმონდმა შატოს ყიდვიდან 15 წლის განმავლობაში რამდენიმე ბრწყინვალე ვინტაჟი შექმნეს. 1869, 1870, 1874, 1875 და 1878 წლის ღვინოები ისტორიაში შევიდა, მაგრამ 1890-იან წლებში შატოში ფილოქსერა გაჩნდა და შემდეგი ათი წლის ღვინოებს სუსტ და უსიცოცხლო სასმელად ახასიათებენ.
1920-1930 წლები. ნათანიელის შვილთაშვილის, ბარონ ფილიპ დე როტშილდის სცენაზე გამოსვლის შემდეგ Mouton ახალი ცხოვრებას იწყებს. პირველი მსოფლიო ომის დროს ახალგაზრდა ფილიპი საგვარეულო მამულში გადაბარგდა. იქ ჩასულს Petit Mouton ფერმერისთვის განკუთვნილ სახლად, თავად შატო კი სარდაფად მოეჩვენა. ეს გასაკვირი არაა, თუ გავითვალისწინებთ, რომ მამამისი ანრი, რომელმაც მთელი ცხოვრება თეატრს მიუძღვნა, Mouton-ში არასოდეს ჩასულა. 1922 წელს 20 წლის ფილიპმა დაარწმუნა მამა, შატო მისთვის გადაეცა. იგი გახდა პირველი როტშილდი, რომელმაც სერიოზულად მოჰკიდა ხელი მეღვინეობას. სწორედ ბარონი ფილიპია ავტორი დევიზისა: "მე არ შემიძლია ვიყო პირველი. მეორედ ყოფნის უფლებას თავს არ ვაძლევ. მე მუტონი ვარ."
1924 წელს ფილიპმა იმ დროისათვის უჩვეულო და რევოლუციური პრაქტიკა დანერგა – ხარისხის კონტროლისათვის ყველა ღვინო ბოთლებში შატოშივე უნდა ჩამოსხმულიყო. 1926 წელს მის მიერ მიწვეულმა არქიტექტორმა შარლ სიკლიმ მამულში 100 მეტრის სიგრძის საწყობი, Grand Chai შექმნა. ფილიპის მცდელობამ მალე ნაყოფი გამოიღო. 1991 წელს რობერტ პარკერმა Château Mouton-Rotshild 1929-ს 86 ქულა მიანიჭა, მაშინ, როცა Château Lafite-ს მხოლოდ 59 ქულა ერგო. ფილიპ დე როტშილდი თავად გადავიდა მამულში და Grand Mouton-ის გადაკეთებას შეუდგა.
ეს პერიოდი არცთუ სახარბიელო გამოდგა Lafite-სთვის. 1890-1946 წლების მონაკვეთი მის ისტორიას შავ ზოლად გასდევს. მხოლოდ 4 ვინტაჟი გახდა გამორჩეული: 1899, 1900, 1926 და 1929 წლების. თუმცა, თუ ისეთ ავტორიტეტულ ექსპერტს ვენდობით, როგორც პარკერია, აღნიშვნის ღირსი მხოლოდ 1934 წლის ვინტაჟია (1986 წლის შეფასებით, მას 90 ქულა მიენიჭა). 1928 წელს Lafite-ში ღვინის არასტაბილურობასთან საბრძოლველად ისეთ საინტერესო გამოსავალს მიაგნეს, როგორიც Grand Vin-ის პასტერიზაციაა.
1933 წელი. ვიდრე ლაფიტში "დაცემის ხანა" იდგა, ფილიპ დე როტშილდმა ბიზნესის გაფართოებაზე დაიწყო ზრუნვა. 1933 წელს პატარა სავაჭრო სახლის ბაზაზე, რომელიც იმავე წელს შეძენილ Château Mouton d`Armailhac-ის შემადგენლობაში შედიოდა, მან სავაჭრო კომპანია Baron Philippe de Rotshild S.A. დააარსა. ამასთანავე, დამოუკიდებლად შეუდგა Mouton-Rotshild-ისა და ახალი მარკის, Mouton Cadet-ის მარკეტინგს. შედარებისათვის მოგახსენებთ, რომ Lafite- ს მფლობელებმა თავისი მეორე შატო (Duhart-Milon) მხოლოდ 1962 წელს იყიდეს.
1940-50 წლები. 1945 წელს, მეორე მსოფლიო ომის დასრულების აღსანიშნავად, ბარონმა ფილიპმა მუტონის ეტიკეტების ცნობილი კონცეფცია მოიგონა, რომელზეც ყოველ წელს თანამედროვეობის ყველაზე ცნობილი მხატვრები მუშაობდნენ. საზღაურს მათ Château Mouton-Rotshild-ის ღვინით უხდიდნენ: 5 ყუთს იმ ვინტაჟიდან, რომლის ეტიკეტებსაც მხატვრის ნამუშევარი ამშვენებდა და 5 ყუთსაც - დაძველებულ სასმელს. სხვათა შორის, 1945 წლის მუტონის ღვინის შესახებ მაიკლ ბროდბენტი წერდა: "ეს ბორდო კი არა, Mouton-ია, ჩერჩილი ღვინოთა შორის."
ვიდრე მუტონში საკუთარ იმიჯზე ზრუნავდნენ, ლაფიტში მთელს იმედებს ახალ მფლობელზე ამყარებდნენ. ეს გახლდათ ბარონი ილაი დე როტშილდი, რომელმაც მამული 1946 წელს შეიძინა. 1947 და 1949 წლის ღვინოები გარკვეული ოპტიმიზმის საფუძველს იძლეოდა, თუმცა მათ უკომპრომისო რობერტ პარკერი ვერ მოხიბლეს. სამაგიეროდ, პარკერმა 1953 წლის ღვინო გამოყო და 1990 წლის დეგუსტაციისას 96-98 ქულით შეაფასა.
1956 წელს Lafite-ს ვენახები თებერვლის ყინვებმა სერიოზულად დააზარალა, 1959 და 1961 წლის ვინტაჟები ისევ ძალიან კარგი იყო. 1959 წლის Mouton-Rotshild-ს პარკერმა ისევ 96-98 ქულა მიანიჭა. სხვათა შორის, იმავე წლის Mouton-მა 99 ქულა დაიმსახურა (ეს ყველაფერი 1990 წლის შეფასებით).
1961 წელი. უდიდესი ვინტაჟის წელია მედოკში. Mouton-Rotshild-ში მართლაც გრანდიოზული ღვინო მიიღეს. მართალია, პარკერი მას უმაღლეს შეფასებას არ აძლევს (92 ქულა), მაგრამ გასაოცარი პოტენციალი გააჩნია: მისი სიმწიფის პერიოდი 2020 წელზე მოდის. Lafite-ს კი ისევ დაღმასვლის პერიოდი დაეწყო. ჰიუ ჯონსონი Lafite-ს გამორჩეული ვინტაჟების აღწერისას 1961 წლის ღვინოს არცკი მოიხსენიებს, პარკერი კი უფრო მეტად შეურიგებელია. მისი თქმით, კრიტიკოსები უფრთხოდნენ სიმართლის თქმას Lafite-ს შესახებ. იმის მაგივრად, რომ პირდაპირ აღენიშნათ მისი უხარისხობა, წერდნენ, რომ "ამ ღვინოებს დრო სჭირდება." პარკერი მას 84 ქულით აფასებს და გამანდგურებელ რეკომენდაციას აძლევს: "შოკისმომგვრელად მსუბუქი, ზედმეტად მჟავე და უხეში."
1962 წელი. Mouton-Rotshild-ში საზეიმოდ გაიხსნა მუზეუმი "ღვინო და ხელოვნება," რომელიც ნაწილობრივ Grand Mouton-ის მიწისქვედა სართულებზე იყო განლაგებული. მისი მოწყობა საიდუმლოდ მიმდინარეობდა, ამიტომ მეზობელი მეღვინეები ძალზე გაოცდნენ, როდესაც ბარონ ფილიპის პომპეზური პროექტის შესახებ შეიტყვეს. მუზეუმის შექმნაში ფილიპს მეორე ცოლი, ამერიკელი ბარონესა პაულესა და იმ დროის საკულტო მწერალი, ანდრე მალრო ეხმარებოდნენ. მათ ბროლის, ვერცხლის, გობელენების, ხალიჩებისა და სხვა ხელოვნების ნიმუშთა უძვირფასესი კოლექცია შეაგროვეს. თითოეული ექსპონატი, უძველესი კერამიკიდან - პიკასოს ტილოებამდე, რაღაცით მაინც ღვინის კულტურას უკავშირდებოდა.
იმავე პერიოდში "ფრანგი" როტშილდები პოიაკში მეოთხე კლასის მეურნეობას, Château Duhart-Milon-ს ყიდულობენ, რომელიც არცთუ სახარბიელო მდგომარეობაშია: ვენახები მხოლოდ 17 ჰექტარს მოიცავს და ისიც სრულ განახლებას საჭიროებს. ამ საქმით ახალი მფლობელები 10 წელიწადს იყვნენ დაკავებული.
1973 წელი. მოხდა ნამდვილი სენსაცია. ისტორიაში ერთადერთი შემთხვევა, როდესაც 1855 წლის კლასიფიკაციას გადახედეს და Château Mouton-Rotshild პირველ კლასამდე დააწინაურეს. რასაკვირველია, ეს ბარონ ფილიპ დე როტშილდის ოფიციალურ ინსტანციებთან 20-წლიანი ბრძოლის შედეგი იყო. ფილიპმა ძველი დევიზი ახლით, კიდევ უფრო პომპეზურით შეცვალა: "მე პირველი ვარ. მეორე უკვე ვიყავი. მუტონი არ იცვლება."
1974 წელი. Chateau Lafite –Rotshild -ში მმართველობის სადავეები ბარონ ილაიას ნათესავმა და როტშილდების მეხუთე თაობის წარმომადგენელმა, ბარონმა ერიკ დე როტშილდმა ჩაიბარა. იგი დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე გახლდათ, რომელშიც მის გარდა ბარონები დევიდ, ედუარდ, რობერტ, ნათანიელ და ბენჯამინ დე როტშილდები შედიოდნენ. ახალი მმართველების ხელში "დაცემის ხანა" დასრულდა.
პოიაკის ახალი დროება
ერიკ დე როტშილდი კონკურენციის წარმოშობის შესახებ
ბარონი ერიკი 35 წლის იყო, როდესაც Lafite -ს მმართველობა მიანდეს. იგი ხმაურიანი წვეულებების მუდმივი სტუმარი გახლდათ და უსაქმურობაც ხიბლავდა, რის გამოც ბიძია ილაი ხშირად ტუქსავდა, მაგრამ Lafite -ს მოვლას უდიდესი მოდომებით მოეკიდა. აღმოჩნდა, რომ ამ მხიარული, დროსტარებისა და გართობის მოყვარული ადამიანის მიღმა ძალზე საქმიანი კაცი იმალებოდა. "როდესაც ისეთი მამულის მფლობელი ხდები, რომელიც მრავალ მიზეზთა გამო დიდად არ უყვარდათ, დამოკიდებულების შესაცვლელად გარკვეული დრო გჭირდება" - ამბობდა იგი. ერიკმა Lafite-ს გაცილებით თანამედროვე სტილისკენ უბიძგა, თუმცა ეს მოგვიანებით მოხდა.
რაც შეეხება კონკურენციას, 1980 წლამდე ბორდოში შატოებს შორის არავითარი შეჯიბრი არ მიმდინარეობდა, ვიდრე ჟურნალისტები არ აყვირდნენ, ეს ღვინო იმას სჯობსო. შემდეგ ამერიკელებმა დიდი რაოდენობით დაიწყეს ღვინის მოხმარება და ლიდერობის თემა სულ უფრო აქტიურად წამოწიეს წინ. მათ უყვართ შეჯიბრი და კლასიფიკაცია, ბორდოს კი მათთვის ერთის შეთავაზებაც შეეძლო და მეორისაც. სწორედ ჟურნალისტებმა უბიძგეს შატოს მფლობელებს კონკურენციისკენ. გარდა ამისა, კალიფორნიაში შესანიშნავი კაბერნე წამოვიდა და ბორდოს პოზიციები შეირყა.
ადვილი მისახვედრია, რომ როტშილდების ბანკის "ფრანგული" შტოს ნაციონალიზაციამ 1982 წელს ერიკს სურვილი აღუძრა, მთელი ენერგია მეღვინეობის განვითარებისკენ მიემართა. ერიკი უარყოფს პოლიტიკური ფაქტორის გავლენას და ამტკიცებს, რომ 1982 წელი არ ყოფილა ლაფიტის შემობრუნების პერიოდი: "ეს იყო კარგი ვინტაჟი, მაგრამ ისიც გასათვალისწინებელია, რაც ლაფიტის დიდების დასაბრუნებლად უფრო ადრე გავაკეთეთ. ჩვენ გავიარეთ გზა ტრადიციული და შესაძლოა, არცთუ ნატიფი მეურნეობიდან არტისტულ და სუპერპროფესიონალურამდე."
1980-იანი წლების დასაწყისში Domains Barons de Rotschild (Lafite) (შემოკლებით DBR) ღვინის წარმოების თვალსაზრისით საგრძნობლად გააქტიურდა. თუმცა, იმავე პერიოდში ხელიდან გაუშვეს გარკვეული შანსები, რასაც ერიკი დღესაც მისტირის: "ვენახები მაშინ ძალიან იაფი იყო და ვნანობ, რომ მათი ყიდვა ვერ შევძელი. რამდენიმე მათგანი ჩვენს საკუთრებაში რომ იყოს, ახლა წარმატებული მეურნეობა იქნებოდა."
დღესდღეობით DBR Château Duhart-Milon-ის გარდა სოტერნში Château Rieussec-საც ფლობს (ბელგიელ ფინანსისტთან, ალბერ ფრერთან ერთად, რომელმაც ცოტა ხნის წინათ ფრანგ მეწარმე, ფილიპ არნოსთან საპაიო საწყისებზე Château Cheval Blanc იყიდა). 1990 წელს Rieussec თავის მხრივ პომეროლში ყიდულობს Château L`Evanglie-ს. 1999 წლიდან მას ხელმძღვანელობს DBR შარლ შევალიეს მეთაურობით. ის არის, როგორც უწოდებენ, მხატვარი მეღვინის ტალანტით, რომელიც Lafite -ს და მთლიანად DBR-ის ფინანსური დირექტორია და ბარონ ერიკთან უკვე 19 წელია მუშაობს.
ცოტა ხნის წინათ როტშილდებმა კომპანია Castel-თან ერთად ღვინის სანეგოციანტო ხაზი შეიძინეს, თუმცა, ამ შენაძენით ყველა მათგანი არ მოხიბლულა. ზოგიერთი ძალზე უკმაყოფილოა, რომ როტშილდების ლოგოტიპი, "ხუთი ისარი" იაფფასიანი ღვინოების ეტიკეტზე გამოიყენება. თუმცა, ერიკი თავის სტრატეგიას ბოლომდე იცავს: მისი თქმით, Castel ეფექტური პარტნიორია ღვინის კუპაჟირებისა და ჩამოსხმის საქმეში. "ჩვენ ვარჩევთ და ვყიდულობთ ღვინოს, Castel კი ტექნიკურ მხარეს აგვარებს, ამასთან, უზრუნველყოფს სუპერმარკეტებთან ურთიერთობასაც. DBR-ის ყველა ოპერაციის კონტექსტში ეს პროექტი მხოლოდ 5%-ს შეადგენს" - ამბობს ბატონი ერიკი.
DBR ქონებას მთელს მსოფლიოში ფლობს: Chalone და Hewit Ranch კალიფორნიაში, Aussieres ლანგედოკში, Bodega Caro არგენტინაში, Quinta de Carmo პორტუგალიაში, Vina los Vascos ჩილეში. მიმდინარე პროექტია საპაიო საწყისებზე ღვინის საწარმოს შეძენა მერიმეში Castellare di Castellina-სთან ერთად, სადაც სუპერტოსკანურ ღვინოებს აწარმოებენ. სრულიად ნათელია, რომ სახელგანთქმული ხუთი ისარი ახალი მიმართულების ჩვენებას განაგრძობს.
სახელგანთქმული კლერეტის წარმოება Lafite-Rotschild-ში
იმ მიზეზებს შორის, რომლებიც წლების განმავლობაში Lafite-ს წარუმატებლობას განაპირობებდა, შატოთი დაუინტერესებელ მფლობელებთან ერთად ისიც იყო, რომ ღვინოს კასრებში ძალიან დიდხანს აძველებდნენ (32-36 თვეს ამჟამინდელი 24-30-ის ნაცვლად). დაუდასტურებელი ჭორებით, Lafite-ში ბოთლებში ღვინის ჩამოსხმას ხშირად 8-12 თვემდე წელავდნენ. ეს ერთი ვინტაჟის სხვადასხვა ბოთლს შორის მნიშვნელოვან სხვაობას განაპირობებდა.
Lafite-ში რთველი სექტემბრის დასაწყისიდან ოქტომბრის ბოლომდე იწყება. - ნებისმიერ მომენტში, როდესაც მარცვალი სიმწიფის ოპტიმალურ ზღვარს მიაღწევს. შატოს მფლობელები 250 კაცს ქირაობენ, რათა ეს პროცესი მაქსიმალურად დააჩქარონ. დაზიანებული და მკვახე მტევნები ვენახშივე ირჩევა. უხვმოსავლიან წლებში შესაძლოა ყურძნის ნახევარიც კი აღმოჩნდეს წუნდებული. ღვინის საწარმოში იყენებენ მტევნისგამომცალკევებელ-წნეხს. მარცვალი ჯერ ფრთხილად შორდება მტევანს, შემდეგ კი იჭყლიტება. დაჭყლეტილ ყურძენს მუხის ჭურჭელში ათავსებენ (15 750 - 20 250 ლიტრი). ფერმენტაციისას აკონტროლებენ, რომ ტემპერატურა 30 გრადუსზე მაღლა არ ავიდეს. თუ მაჩვენებელმა ამ ნიშნულს გადააჭარბა, დურდოს ქვაბის ფსკერიდან ზედაპირისკენ სპეციალური გამაგრილებელი მოწყობილობით ქაჩავენ.
ფერმენტაცის პროცესი ერთიდან სამ კვირამდე გრძელდება. ამასთან, მთელი ეს პერიოდი ყურძნის კანი შესაძლოა ღვინოში რჩებოდეს, თუ მისგან ფერისა და გემოს მაქსიმუმი უნდა გამოიტანონ. ამის შემდეგ წვენს ახალ, 225-ლიტრიან ბარიკებში ასხამენ, რომლებიც ბურბონის ტყის მუხისგანაა დამზადებული. დარჩენილი მასა ჰიდრავლიკური წნეხით იწურება. მიღებული ზედმეტად ტანინიანი ღვინო საჭიროების შემთხვევაში შესაძლოა ძირითად ღვინოსთან კუპაჟირდეს (არაუმეტეს 10%).
ბარიკები, რომელთა რაოდენობა მოსავლიან წელიწადში 1100-მდეა, ერთ რიგშია ჩამწკრივებული. ვიდრე ვაშლოვან-რძიანი ფერმენტაცია მიმდინარეობს, მათ თავზე მჭიდროდ არ ახურავენ. ახალი წლის დასაწყისში მამულის მფლობელი, მმართველი, "ქვაბის ოსტატი" და კონსულტანტ-ენოლოგი პროფესორი ბუასსენო მოშუშხუნე, მელნისფერ ღვინოს სინჯავენ, რათა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი დახარისხება ჩაატარონ: რომელი კასრები ივარგებს ძირითადი ღვინის, რომელი - მეორე ღვინის, Carruades de Lafite-ის და რომელი - მხოლოდ Pauillac AOC-ისთვის. ამის შემდეგ კასრებს დიდ ქვაბებში აპირქვავებენ, სადაც მანამდე ერთმანეთისგან იზოლირებული სხვადასხვა ხარისხის სასმელის კუპაჟირება ხდება. კასრები ირეცხება, გოგირდით მსუბუქად იბოლება და კუპაჟირებული ღვინით ხელახლა ივსება. მათ მთელი წელი თავზე მჭიდროდ არ ახურავენ და ყოველ კვირას სასმელს ამატებენ, რათა "ნალექის" გაჩენა ან აორთქლების შედეგად ღვინის რაოდენობის შემცირება არ დაუშვან. ამ წელიწადის განმავლობაში ღვინოს ორ-სამჯერ სუფთა ბალონებში წურავენ და ათქვეფილი კვერცხის ცილით "ასუფთავებენ." თეთრი ქაფი ღვინოს ზემოდან ესხმევა, კოაგულირდება, ფსკერზე ეშვება და თან ზედაპირზე მოცურავე ნაწილაკები მიაქვს. როდესაც კონკრეტული ვადა დგება, კასრს საცობს მჭიდროდ ახურავენ და კედლისკენ ატრიალებენ. ახლა ღვინის გასინჯვა მხოლოდ პაწაწინა ონკანიდან შეიძლება, რომელიც ჭურჭლის კიდეზეა დამაგრებული.
Lafite-ში ღვინოს კასრში 9-12 თვეს აჩერებენ, მეორე ზაფხულამდე ან შემოდგომამდე, შემდეგ ბოლოჯერ წურავენ და ბოთლებში ასხამენ.
აღწერისას ღვინის დამზადების პროცესი ძალზე რთული ჩანს, სინამდვილეში კი ყველაფერი გაცილებით მარტივია და ყურძნის ბუნებრივი თვისებებიდან გამომდინარეობს.
ფილიპინა დე როტშილდი
როტშილდების იმპერიის ახალი ჰორიზონტები
ბარონი ფილიპ დე როტშილდი 1988 წელს გარდაიცვალა და მამული მემკვიდრეობით მის 53 წლის ქალიშვილს, ფილიპინას ერგო. 1960-იან წლებში იგი Comedie Francaise-ში თამაშობდა, 1970-ში ერთ-ერთ მთავარ როლს ასრულებდა ძალზე პოპულარულ კომედიაში - "ჰაროლდი და მოდი." 1980-იან წლებში მამულის საქმეებში ჩაერთო. მისი პირველი პროექტი მუტონის ეტიკეტების მოძრავი გამოფენა იყო (მთელი მსოფლიოს გალერეებში წარმოადგენდნენ მხატვრების მიერ შესრულებულ ორიგინალებს). იმავე დროს ფილიპინა სხვა რეგიონებში ერთობლივი საწარმოების შექმნით დაინტერესდა.
ამჟამად მის მიერ "მიერთებული" Domaines Baron Philippe de Rotschild S.A. იმპერია მოიცავს Mouton-Rotschild-ს, d`Armailhac, Clerc Milon, Counet-ს და მთელ რიგ არაკლასიფიცირებულ შატოებს ბორდოში. ამას ემატება Opus One კალიფორნიაში, Almaviva ჩილეში და რამდენიმე შედარებით იაფი მარკა ლანგედოკში.
ბარონ ერიკის მსგავსად, ფილიპინაც ოჯახის ნების წინააღმდეგ წავიდა, თუმცა, მას აქვს თავისი მოსაზრება, თუ რატომ უნდა იყოს 8 დოლარად ღირებულ ლანგედოკური ღვინის ბოთლის ეტიკეტზე გამოსახული "ხუთი ისარი": "იმის მიუხედავად, რამდენია თქვენი შემოსავალი, უნდა შეგეძლოთ როტშილდების სახელგანთქმული ემბლემა თქვენს მაგიდაზე იხილოთ", - ამბობს იგი. ეს დაახლოებით იგივეა, როდესაც Waddeson-ში მდებარე გალერეა National Trust House-ში შესულებს იქაური ბრწყინვალების ნამცეცი შინ ჩაის ტილოს სახით მიგაქვთ. ეს არ ნიშნავს, რომ ღვინოებია ცუდი (ისევე, როგორც National Trust House არის ერთი იმ მცირერიცხოვან ადგილთაგან, სადაც ხარისხიანი ჩაის ტილოების ნახვა შეიძლება). მაგრამ რა აკავშირებს მათ მუტონთან?
თავისი მიდგომით ბარონესა არა მხოლოდ ნათესავებს ეწინააღმდეგება, არამედ მეზობელ მეღვინეებსაც. მაგალითად, კორინ მენცელოპულოსი Chateau Margaux-დან განმარტავს, თუ რა საფრთხეს მოიცავს ერთობლივი საწარმოები: "თუ ჩვენ ახალ სამყაროში დაფუძნებისას ვერ გამოვუშვებთ ისეთი მაღალი ხარისხის ღვინოს, როგორიც მარგოშია, ამით Margaux-ს რეპუტაციას შევლახავთ. და თუ მოხდება წარმოუდგენელი რამ და ასეთსავე ღვინოს შევქმნით, ჩვენსავე თავს და მსოფლიოს დავუმტკიცებთ, რომ ტერუარის კონცეფცია მცდარია. ეს კი ძალზე სახიფათოა."
მაგრამ როტშილდებს არ სურთ ერთ ადგილზე გაჩერება. ისინი გარკვეულწილად "მისიონერის" ფუნქციასაც ასრულებენ, როდესაც მთელს მსოფლიოში ენოლოგიის ბორდოულ სტილს ამკვიდრებენ. მაგალითისთვის, Almaviva გაცილებით ფრანგული სტილისაა, ვიდრე კაბერნეს საფუძველზე დამზადებული სხვა ჩილეური ღვინოები; Opus One გაცილებით ფრანგულია, ვიდრე წამყვანი კალიფორნიული წითელი ღვინოები, და ბოლოს, ხუთისრიანი ლანგედოკის ღვინოები უფრო ბორდოს მოგვაგონებს, ვიდრე ლანგედოკს (ჩილეში ჟურნალისტებმა უკვე გამოიგონეს ფიქტიური კატეგორია Premier Orden ჩილეური ღვინოებისთვის: "ღვინო უნდა დამზადდეს იმ ფრანგული ღვინოების სტილში, რომლებიც Premier Cru-ს მიეკუთვნება").
მაგრამ ფილიპინა ცდილობს არ გადააჭარბოს თავის გავლენას: "ჩვენი პარტნიორები იცნობენ თავიანთ რეგიონებს, მე კი უნდა ვიცოდე, საით გადავდგა შემდეგი ნაბიჯი. კალიფორნიაში ყველა დასცინებდა Opus One-ს, რომ არა Mondavi, ჩილეში კი ჩემი ძვირფასი Concha-ს გარეშე ვერაფერს გავხდებოდით" - ამბობს იგი. "ღვინის წარმოებაში, იქნება ეს Opus One, Almaviva თუ Mouton, თქვენს ხელთ არსებული ყურძნით მუშაობთ, - ამბობს Baron Philippe de Rotschild S.A.-ს გენერალური მმართველი პასკალ მარტი. - Almaviva-სა და Opus One-ს შექმნისას ჩვენ არ ვახდენთ Mouton-ის კოპირებას. ყურძენი სხვაა და სტილიც განსხვავდება. თუ შევაჯამებთ იმას, რასაც ჩვენ ვაკეთებთ, ერთი შეხედვით, ეს ყველაფერი იდენტურია, თუმცა განსხვავებულია ცალკეული დეტალები. სწორედ ეს განსხვავება ხდის გამორჩეულს თითოეულ კასრს. თქვენ გაქვთ კომპანიის სტილი და ტერუარი, რომელიც წინასწარ გათვლებს არ ექვემდებარება. როდესაც კონკრეტული ტერუარი ბოლომდე ვერ ამართლებს თქვენს იმედებს, მის "დაწმენდას" კომპანიის სტილით ცდილობთ". თუმცა, ხშირად დასაწმენდი საკმაოდ ბევრია. მეორეს მხრივ, როდესაც ადამიანები ეტიკეტზე ხუთ ისარს ხედავენ, სულ რომ არაფერი იცოდნენ წარმოდგენილი სასმელის შესახებ, კარგი ღვინის ასოციაცია უჩნდებათ. აქ ისევ National Trust-ს გავიხსენებთ: შესაძლოა, ნახატები და ავეჯი იყოს უცხო, მაგრამ სამაგიეროდ, ფარდებია კარგად ნაცნობი ფირმის. ესე იგი, ყველაფერი წესრიგშია.
Lafite-Rotschild
კრიტიკოსთა უმეტესობა დღეს ამჯობინებს არაფერი თქვას 1962-74 წლების Lafite-Rotschild-ზე. პარკერი მათ 86 ქულაზე მეტს არ აძლევს, ამასთან, 1969 წლის ღვინომ 62 ქულა მიიღო, 1971-მა - 60 და ბოლოს, 1974 წელს - 56 ქულა.
1975 წელი. მხოლოდ ერთი წელი გავიდა ბარონ ერიკის გამოჩენიდან და პარკერი ღვინოს უკვე 96-ქულიან შეფასებას აძლევს. პირველი მოსავლისთვის ბარონმა ერიკმა ენოლოგის შერჩევა ვერ მოასწრო, ამიტომ ფერმანტაციის გასაკონტროლებლად ემილ პეინო მოიწვიეს.
1976 წელს ისევ 96 ქულას იმსახურებენ. "შესანიშნავი ბუკეტი კედრის და სანელებლების მომაჯადოებელი აქცენტით და მწიფე ყურძნის არომატით."
ასეთია მისი შეფასება.
1982 წელს პარკერმა Lafite პირველად შეაფასა 100 ქულით და რასაკვირველია, სხვა კრიტიკოსებმაც მოიხსენიეს იგი საუკეთესო ვინტაჟებს შორის. "ამ ღვინის ცნობა ადვილია საოცრად მდიდარი ბუკეტით, რომელსაც კედრის, მუხის, შავი მოცხარის და მინერალური მარილების ტონები დაჰკრავს. საოცრად სქელი, ექსპანსიური ბუკეტი, რომელზეც ლეგენდები დადის."
1986 წელი - შემდეგია პარკერისა და ჯონსონის მიერ გამორჩეულ Lafite-ს ღვინოთა შორის. "ეს არის ჭეშმარიტად Lafite-ს სტილის ღვინო ნაზი, ჰარმონიული კონსისტენციით და ძალზე ნატიფი ფინალით. არაჩვეულებრივად სურნელოვანი ბუკეტი კედრის, წაბლის, მინერალური მარილებისა და მწიფე ყურძნის ტონებით."
პოიაკისთვის არცთუ წარმატებულ 1988 წელს Lafite-ში მიიღეს წლის საუკეთესო ღვინო ყველა მედოკურ crus classes შორის. პარკერმა მას 95 ქულა მიანიჭა, სათანადოდ შეაფასეს ჯონსონმა და ოზ კლარკმაც: "კლასიკური Lafite-ს ბუკეტი კედრის, არომატული ბალახების, გამომშრალი ხილისა და შავი მოცხარის ტონებით".
1990-იანი წლების საუკეთესო ვინტაჟებს შორის ჯონსონი გამოყოფს 1990 და 1996 წლის ვინტაჟს. პირველის შესახებ თავად შატოში ამბობენ, რომ მას აქვს ძალზე რთული ბუკეტი შავი მოცხრის, მოცვის, სანელებლების და მუხის ძალზე დელიკატური ტონებით. მას აბრეშუმისებრი ტექსტურა აქვს, თუმცა ტანინების შემცველობა ძალზე მაღალია, ამიტომ 2030 წლამდე არ მომწიფდება". 1996 წლის ღვინო სხეულიანია, კარგად სტრუქტურირებული. თავისი ელეგანტურობით მოგვაგონებს 1953 წლის, სიმაგრით კი 1959 წლის ღვინოს.
რაც შეეხება 2000 წლის ღვინოს, ექსპერტები დამაიმედებელ შეფასებებს აკეთებენ. მათი თქმით, ეს არის საუკეთესო მამულის საუკეთესო ღვინო."
სტილი
ლუდოვიკო XV-ის კარის პოეტი მეფის საყვარელ ღვინოს, Lafite-ს ასე აღწერდა: არომატი ახალგაფურჩქნულ ვარდზე, ციალი კი მზის სხივზე მეტი აქვსო. Lafite განლაგებულია შესანიშნავი დრენაჟის მქონე ხრეშიან ნიადაგზე, რომელსაც საფუძველში კირის პლასტი უდევს. სწორედ ეს აძლევს აქაურ ბორდოს ყველაზე რთულ და დახვეწილ გემოს მთელს პოიაკში. ზოგიერთები მას უფრო ქალურ და ნატიფ ღვინოდ მიიჩნევენ და "ჩავარდნილ" ვინტაჟებს სასმელის განსაკუთრებული დელიკატურობით ხსნიან. აქვს კედრის დამახასიათებელი არომატი. როგორც ჯეიმს სილი წერს, "თუ მოსავალი კარგია, ღვინო სუფთა და ისეთი რთული გამოდის, რომ მისი აღწერა პრაქტიკულად შეუძლებელია." პოიაკის სხვა ღვინოთაგან Lafite-ს ყველაზე მეტად Chateau Haut-Batailley უახლოვდება.
Mouton-Rotschild
ჯონსონიცა და პარკერიც მიიჩნევენ, რომ 1961, 1962 და 1966 წლების ღვინოები კარგი იყო (შესაბამისად, 92, 90 და 90 ქულა პარკერის შკალით). რაც შეეხება 1970 წელს, კრიტიკოსთა აზრები გაიყო. ოზ კლარკის აზრით, 1982 წლამდე Mouton-ში კარგი ვინტაჟი სწორედ 1970-ში იყო; ჯონსონიც "განსაკუთრებულად წარმატებულად" მოიხსენიებს ამ წელს, პარკერი კი მას 82 ქულას ანიჭებს. მისი თქმით, 20-ჯერ მაინც გასინჯა ეს ღვინო და მიაჩნია, რომ "Mouton-ის არცერთი ვინტაჟის ხარისხი არ ყოფილა ასე დამოკიდებული ჩამოსხმულ პარტიაზე."
შემდგომში შეფასების ღირსი აღმოჩნდა მხოლოდ 1982 წლის ვინტაჟი. "აბსოლუტური სრულყოფილება" - ამბობს მასზე პარკერი. - ამ ღვინის ორგანოლეპტიკური თვისებები "შვედური მაგიდის" მრავალფეროვნებას ჰგავს. ეს ასწლეულის ერთ-ერთი ლეგენდაა: 100 ქულა."
და ისევ 100 ქულა მიანიჭა პარკერმა 1986 წლის ვინტაჟს, თუმცა, მანამდე ჯონსონი და კლარკი 1983 და 1985 წელს გამოყოფენ (რომელთაც პარკერმა 90 და 92 ქულა დაუწერა), მაგრამ 1986 წელს ყველა კრიტიკოსი "კიდევ ერთ სრულყოფილებას" უწოდებს. ამას მოსდევს მცირეოდენი დაღმასვლა და მერყეობა 90 ქულიან შუალედში. შემდგომი სახელგანთქმული ვინტაჟი, თუმცა, ჯერჯერობით, შეფასების გარეშე, 1994 წლისაა.
1995 წლის ღვინოში გაცილებით ნაკლები კაბერნე სოვინიონი იყო, ვიდრე ეს ჩვეულებრივ არის Mouton-ში: 72% - 19% მერლოსა და 9% კაბერნე ფრანზე, ამასთან ღვინის ფერი არაჩვეულებრივად კონცენტრირებული გამოვიდა, ხოლო "მართლაცდა დეკადენტური ბუკეტი" მოიცავდა ალუბლის, მოცვის, მაყვლის, ტრიუფელის, ვანილისა და გამომწვარი მუხის არომატს. 90-იანებიდან ჰიუ ჯონსონი გამოყოფს 1995, 1996 და 1998 წლებს. Mouton-Rotschild 1996: "მუქი და სხეულიანი. იგრძნობა არომატი შავი მოცხარის ბალზამითა და ვანილის ღრმა ნოტებით. რთული და მაღალსტრუქტურირებული. კლასიკა." Mouton-Rotschild 1998: "საოცარი ჰარმონია კვამლის, შავი მოცხარისა და ვანილის არომატთა შორის."
და ბოლოს, 2000 წელი, რომელმაც Wine Magazin-ის შეფასებით 95-99 ქულა დაიმსახურა: "ყავა მოკკოს ნოტები, შავი მოცხარისა და ალუბლის მძლავრი ბუკეტი." თავად შატოს დეგუსტატორები მასში წითელი მოცხარის, ალუბლის ლიქიორის, მოცვის, ვანილისა და ყვავილების ნოტასაც გრძნობენ. ამას ემატება აბრეშუმისებრი, "ნაღების" ტანინები. თავისი სტილით ღვინო 1986 წლის Mouton-ს უახლოვდება.
სტილი:
ხრეშიანი ნიადაგი ქვიშის პლასტებით შესაფერის გარემოებებში ხელს უწყობს სქელი, მსუყე, ეგზოტიკური ღვინის მიღებას არა მხოლოდ პოიაკში, არამედ მთელს მედოკში. Mouton-ის კუპაჟში საკმაოდ მაღალია კაბერნე სოვინიონის წილი: დაახლოებით 85 %. პოიაკის სხვა ღვინოთაგან სტილით Mouton-ს ყველაზე მეტად Chateau Lynch Bages უახლოვდება.
ზოგჯერ ამბობენ, რომ Mouton-ის ღვინოთა სტილის უკეთ ასაღწერად ის ეპითეტები უნდა გამოვიყენოთ, რაც ბარონ ფილიპ დე როტშილდის დახასიათებისას: უხვი, მჭევრმეტყველი, მრავალწახნაგოვანი, გამორჩეული, გამბედავი.
© „მარანი“
No comments:
Post a Comment