იტალიაში, სამხრეთ ტიროლის ქალაქ მერანოში "ღვინისა და კულინარიის საერთაშორისო ფესტივალი” გაიმართა, სადაც ქართული ღვინის კომპანიები იყო წარმოდგენილი.
ფესტივალზე, ქართველი მეღვინეების გარდა, საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლილი ბეგიაშვილი და კახეთისა და რაჭის გუბერნატორების მოადგილეებიც იმყოფებიან. ქართული დელეგაციის წევრები სამხრეთ ტიროლის ავტონომიური ერთეულის პრეზიდენტმა ლუის დურნვალდერმა მიიღო, რომელიც ქართულ მხარეს 2008 წელს "ევროპის რეგიონების მევენახეთა ასამბლეაში” (AREV) რაჭისა და კახეთის გაწევრიანებაში დახმარებას შეჰპირდა.
"ორგანიზაციაში გაწევრიანებით ქართული ღვინის პრესტიჟი და ცნობადობა მსოფლიო ბაზარზე კიდევ უფრო გაიზრდება, ქართული მევენახეობის განვითარებისთვის ორმხრივი პროექტები განხორციელდება. ამაში ქართულ მხარეს სამხრეთ ტიროლი დაეხმარება,” - აცხადებენ საქართველოს დელეგაციის წევრები.
"ღვინისა და კულინარიის საერთაშორისო ფესტივალზე” წარმოდგენილი იყო ღვინის კომპანიების - "შუმის”, "ვინოტერას”, "მაისურაძის ღვინოების” და "კახურის” პროდუქცია: "საფერავი”, "წინანდალი”, "მუკუზანი”, შუმი”, "ქისი”, რომლებმაც ღვინის ცნობილი ექსპერტებისა და ჟურნალისტების მოწონება დაიმსახურა.
"ეს იყო ქართული ღვინოების პირველი წარდგენა ევროპის ამ პრესტიჟულ ფესტივალზე. მსოფლიო საზოგადოებამ ქართული დელეგაციისგან ერთხელ კიდევ შეიტყო, რომ საქართველო მეღვინეობის აკვანია და რომ სწორედ საქართველოში აღმოაჩინეს არქეოლოგებმა მსოფლიოში ყველაზე უძველესი ვაზი, რომლის ასაკიც 7000 წელია,” - აცხადებენ სოფლის მეურნეობის სამინისტროში.
ფესტივალზე აღინიშნა, რომ კავკასია, სადაც საქართველო მდებარეობს, და ალპები, სადაც სამხრეთ ტიროლია განთავსებული, მსგავსი კლიმატური პირობებით ხასიათდება. ითქვა ისიც, რომ ამ რეგიონებში მოყვანილი ყურძნის ღვინო თავისი თვისებებით საუკეთესოა მსოფლიოში გავრცელებულ ღვინოებს შორის.
სამხრეთ ტიროლში, ძირითადად, გერმანულენოვანი მოსახლეობა ცხოვრობს, ეს კუთხე გერმანულენოვან სივრცეში უძველესი მევენახეობისა და მეღვინეობის მხარედ მიიჩნევა. იქ დღემდე ხარობს 300-წლოვანი ვაზი.
ქართულმა დელეგაციამ სამხრეთ ტიროლის სოფლის მეურნეობისა და მეტყევეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის მუზეუმს საჩუქრად ვერცხლის მოოქროვილი ყურძნის წიპწა გადასცა, რომელიც საქართველოში აღმოჩენილი 7000-წლიანი წიპწის ზუსტი ასლია და სიმბოლურად საქართველოში მეღვინეობა-მევენახეობის უძველეს კულტურასა და ტრადიციებზე მიუთითებს.
© „24 საათი“
No comments:
Post a Comment