Friday, 12 October 2007

ილია ჭავჭავაძე - ღვინის ქართულად დაყენება (1)


შევუდგებით რა ღვინის კეთების საქმის აღწერასა, საჭიროდა ვრაცხთ გავიხსენოთ, რომ მეცნიერებამ თუმცა ბევრი ღონისძიება აღმოუჩინა კაცს ყალბის ღვინის გაკეთებისათვის, მაგრამ იმავ მეცნიერებამ ბევრი სხვა ღონეც მისცა ადამიანს, რომ ბუნებური ღვინო ჯეროვანად კეთდებოდეს. ჩვენ მარტო ჯერ ამ უკანასკნელ ღონეთა ჩამოვთვლით და მასთან ერთად ვეცდებით დავანახოთ მკითხველს, რამოდენად ახლოა თუ შორსა ჩვენებური ღვინის მკეთებელი იმაზედ, რასაც ამ მხრივ მეცნიერება გვირჩევს.
რაკი ყურძენი დაიკრიფა იმ დარისა და დროს შერჩევითა, რაც წინა წერილში ვსთქვით, კაცი უნდა ეცადოს, შეძლებისამებრ, მარცვალი ყურძნისა მოაშოროს კლერტსა და გადაარჩიოს. კლერტს რომ ჩვენში არ აცლიან ყურძენსა, ამაზედ იმას ამბობენ, რომ კლერტით მარცვალი უფრო კარგად და ჩქარაც ისრისება, ფეხქვეშ დახურვას ამ გზით ჰშველის და უხდებაო. გარდა ამისა კლერტის შერჩენა იმისათვისაც საჭიროაო, რომ დაწმინდავების დროს, როცა ღვინოს ქუდს გაუტეხენ და დაურევენ, კლერტი ძირს ჩადის და ლექი ღვინისაც ძირს ჩააქვსო, ამის გამო ღვინო მალე დაწმინდავდება ხოლმეო. ეს არ ვიცით, რამოდენად მართალია და ამას მარტო გამოძიება გამოაჩენს. ხოლო ეს კი ცნობილია მეცნიერთაგან, რომ კლერტზედ დადუღებული ღვინო პირსა ჰბლანდავს, თუმცა ესეც კი მართალია, რომ კლერტზედ დადუღებული ღვინო, ესე იგი ჩვენებური ღვინო, უფრო ადრე და მალე დაწმინდავდება ხოლმე, ვიდრე უკლერტო. ღვინის საბაზრო საგნად გახდომისათვის ერთი უპირველესი საჭიროება მისი დაწმენდილობაა. გემოსათვის უკლერტოდ ღვინის დაყენება სჯობია, თუმცა ჩვენებურს ხალხს ძალიან უყვარს ის პირის მბლანდველი თვისება ჩვენებურის ღვინისა და უმაგისოდ ღვინოს განგებ ნაკეთებს ეძახის. კაცია და გუნებაო, ნათქვამია, და ჩვენებურს კაცს რომ თავისი საკუთარი გუნება ჰქონდეს ამ შემთხვევაში, ვინ რად უნდა სძრახოს. თუ დასძრახავს, იგი დარღვევს იმ ევროპიულს ანდაზას, რომელიც გვიქადაგებს: De gustibus non est disputandum, ესე იგი, გემოს თაობაზედ კაცს სიტყვა არ შეებრუნებაო.
ყოველ ამით იმის თქმა არ გვინდა, ვითომც ჩვენში კლერტის გამოცლა არ იცოდნენ. იციან, მაგრამ საკვირველი ის არის, რომ მარტო იმ ადგილებში იციან, საცა ღვინო მაჭრობაშივე იყიდება თითქმის დაუწმენდავი, მაგალითებრ, კახეთის სოფლებში – შაქრიანსა, ფშაანსა, ტურისციხესა და ზეგაანში, საცა ღვინო მაჭრობაშივე იყიდება. რა წამსაც დასწურვენ ხოლმე, მაშინვე ჭაჭიდამ გადაარჩევენ კლერტსა და უკლეტო ჭაჭაზედ დაადუღებენ ღვინოსა.

* * *

ევროპაში არამცთუ ყურადღებას აქცევენ, რომ ყურძნის მარცვალს კლერტი მოაშორონ და ისე სწურონ და დაადუღონ ღვინო, არამედ ზოგიერთს სახელოვანს ვენახში დაკრეფის დროს ზედ მტევანზედვე მაკრატლით ამოსჭრიან ხოლმე გაფუჭებულს და დაგოლვილს ყურძნის მარცვლებსა წინათვე, მინამ დაჰკრეფენ დასაწურავად. ჩვენში ბალღიც არ მოიპოვება ისეთი, რომ არ იცოდეს, რა კარგია ღვინისათვის გადარჩევა ყურძნისა. და თუ ყურძნის გაურჩევლობას ვინმე ცოდვად გვითვლის, ეს ჩვენს უვიცობას, არ-ცოდნას არ უნდა მიეწეროს. აქ სხვა მიზეზია და დიდად პატივსადებიცა. ეგრეთ გადარევა კარგა დროს, ჯაფასა და ხარჯსა ჰთხოულობს და ჩვენის ღვინის ფასი კი დღევანდელს ბაზარში ისეთი დაბალია, რომ უამისოდაც ძლივს აყენებს საზოგადო ხარჯსა, რაც მაგის გარდა ღვინის კეთებას უნდება. რასაკვირველია, მაგისთანა ჯაფას და ხარჯსა არ მოერიდება, მაგალითებრ, შატოდიკების პატრონი მარკიზი ლურ სალუსი, რომელსაც ბოთლი ღვინო თითქმის ოთხ-ხუთ მანეთად უსაღდება. ამისთანა ფასი რას არ შეაძლებინებს კაცსა! აკი ესეც არის. ამ მარკიზის ვენახში უფრო შორსაც მიდიან, მაგალითებრ თვითოეულ მტევანისგან მარტო დამწიფებულ და კარგად შემოსულს მარცვლებს ჩამოაცლიან ხოლმე და შემოუსვლელს ზედ ვაზზედვე დანარჩენის მტევნით სტოვებენ დასამწიფებლად.

* * *

რაკი ყურძენი დაიწურება ხოლმე ასე თუ ისე, ტკბილს მიუშვებენ ხოლმე ბოჭკაში. თითქმის ყველა ევროპიელნი ღვინის ჭურჭლად, ამ შემთხვევაში და საზოგადოდაც, ბოჭკასა ჰხმარობენ. რასაკვირველია, შესანახავად სხვა სახის ბოჭკაა და სადუღარად სხვა სახისა, და ამ უკანასკნელთ რუსულად ჰქვიან “ჩანი”. ჩვენში-კი უფრო ბევრგან პირდაპირ საწნახელისა თუ ნავის მილიდამ ქვევრში მიუშვებენ ხოლმე. ხოლო ამ ბოლოს ხანებში ზოგან “ჩანებსაცა” ჰხმარობენ და შიგ “ჩანებშიცა” სწურავენ კიდეც, განსაკუთრებით წითელს ღვინოსა. არსად არ შეგვხვედრია ამოგვეკითხა, რომ ევროპაში ტკბილი რამდენსამე წვერად გაჰყონ და ისე ცალ-ცალკე ჭურჭელში ადუღონ. ჩვენში-კი იციან: ვისაც დიდი მოსავალი მოსდის, საწნახელიდამვე გამოსულს ტკბილს სამ წვერად დაჰყოფს და ცალკე-ცალკე ქვევრში მიუშვებს. ერთი წვერი იგია, რაც მუშების პირველ გავლაზე წვენი წამოვა საწნახელიდამ. ამას ცალკე მიუშვებენ და ამბობენ, ამისი დაბალი ღვინო დადგებაო, რადგანაც რაც ჭუჭყი, მტვერი ჩაჰყოლია ყურძენს და რაც მეტი წყალი აქვს, ამ პირველ ნაწურ წვენს გაჰყვებაო. ამ წვენის ფერი თითქმის მღვრიე წყლის ფერია. წვენი ამის შემდეგ მალე იცვლის ხოლმე ფერსა, ასე რომ კაცი თვალით ადვილად შეამცნევს. რაკი ეს მოხდება, ახლა წვენს სხვა ქვევრში მიუშვებენ; ნაბოლოვარად წვენი ერთხელ კიდევ იცვლის ფერსა, უფრო მოჭირებულის ფერისა შეიქმნება, უფრო სქელი და წებოიანი, და მაშინ მესამე ქვევრში მიუშვებენ. რა თქმა უნდა, ამას მარტო დიდის მოსავლის პატრონი იქმს. საქმე ის არის, რომ ამ სამ წვერად დაყოფას ტკბილისას თავისი ცხადი აზრი და საბუთი აქვს. ამგვარად განცალკევებას სხვადასხვა სიწმინდისა, ფერისა და სისქის ტკბილისას, ცოტია თუ ბევრი ზემოქმედება უნდა ჰქონდეს ღვინის სიკეთეზედაც.
ამას მარტო ერთი ნაკლი აქვს, თუმცა ადვილად მოსაშორებელი, მაგრამ საკმაოდ ყურს არ ათხოვებენ ჩვენში. ამ შემთხვევაში, თვითეულ წვერ ტკბილისათვის ქვევრი იმოდენა უნდა იყოს, რომ ერთი დღის ნაწურმა ტკბილმა სადუღარად მოჰყაროს ქვევრი. თუ ქვევრი იმოდენად დიდია, რომ რამდენისამე დღის ნაწური სადუღარად ძლივს მოჰყრის, მაშინ ტკბილის მეორე და მესამე დღეს ჩამატება დუღილს ახანებს, აგვიანებს: დუღილის მალე გათავებისათვის საჭიროა ერთისა და იმავე დროის ნაწურით ერთსა და იმავე დღეს ქვევრი, თუ სხვა რამ ჭურჭელი, იმოდენად აივსოს, რამოდენადაც ქვევრს თუ ჭურჭელს დუღილისათვის ავსებენ ხოლმე.
რაკი ტკბილს, ესე იგი წვენს ყურძნისას, ქვევრში თუ რაიმე სხვა ჭურჭელში ჩააყენებენ, მას მერმედ დაიწყება ის ბუნებური მოქმედება, რომელსაც ჩვენში დუღილს ეძახიან. ყველაზე მეტად, თუ არ მთლად, ამ უნებურ მოქმედებაზეა დამოკიდებული ღვინის სიავკარგე, იმიტომ, რომ ყოველისფრით ერთისა და იმავე ყურძნის წვენისაგან შესაძლოა სხვადასხვა ღვინოც დადგეს, თუ დუღილი სხვადასხვა გარემოებაში მოსვლია, სხვადასხვა გვარისა და ხარისხისა ჰქონია.
საჭიროა ჭაჭა და კლერტი ჩააყოლონ ტკბილსა, თუ არა? ჩვენ დუღილს ბუნებური მოქმედება ვუწოდეთ, იმიტომ რომ დუღილი აქ კაცის ხელით მიცემული წამლით, თუ ნივთიერებით, არ აღიძვრის ხოლმე; ამ ნივთიერებას თუ წამალს თვითონ ბუნება აძლევს ყურძენსა. გამოჩენილმა პასტერმა დაამტკიცა, რომ იგი ნაწევრი, რომლის გამოც ტკბილი ადუღდება ხოლმე, ზედ ყურძნის მარცვლის კანზედვე არის მტვერსავით, ანუ უკეთ ვსთქვათ, ჰაოსავით. პასტერმა განგებ საცდელად დიდის სიფრთხილით წვენი ისე გამოსწურა ყურძნის მარცვალსა, რომ ჰაო არ ჩააყოლა; ნაწური მინის ჭურჭელში ჩაასხა და ჰაერი არ მიაკარა, იმიტომ რომ ჰაერშიაც ყოველთვის არის ის სამიკროსკოპო სხეული, რომელსაც ამადუღებელი თვისება აქვს. ყურძნის წვენი მინაში არ ადუღდა და როცა ის მტვერი, თუ ჰაო, ყურძნის მარცვლის კანისა ჩაუშვა, მარტო მას შემდეგ დაიწყო წვენმა დუღილი.

* * *

ვინც ჭაჭას არ ჩააყოლებს ტკბილს, იგი იმას აკლებს, რაც დუღილსა ჰშველის და ხელს უმართავს, ამიტომ რომ, თუმცა ნაწურს ტკბილს, ნამეტნავად ფეხით ნაწურს, იგი ამადუღებელი ჰაო გაჰყვება, მაგრამ უფრო მეტი კი ზედ ჭაჭას შეჰრჩება და ამიტომაც უჭაჭობა უნდა აუძლურებდეს დუღილსა და მით აგვიანებდეს და ახანებდეს. იქნება კიდეც ეს იყოს მიზეზი იმ ყველასაგან ცნობილ ამბავისა, რომ უჭაჭოდ ნადუღი ტკბილი გვიან დაწმინდავდება, გვიან დაღვინოვდება ხოლმე, რადგანაც ადრედაწმინდავება ღვინისა ადრე დადუღებაზეა დამოკიდებული. რა თქმა უნდა, რომ ჭაჭის მიცემა ტკბილის კარგად და მალე ადუღებისა და დადუღებისათვის ეგრე მეცნიერულად არ არის მიგნებული ჩვენში, როგორც პასტერს მიუგნია, მაგრამ გამოცდილებით კი უცვნია ჩვენებურს კაცს, რომ ღვინის კარგად ადუღებისათვის ჭაჭა საჭიროა.
გარდა ამისა ჭაჭა თეთრის ყურძნისა, თუ შავისა, – სხვა სამსახურსაც უწევს ღვინოსა: იგი ფერს აძლევს, ჰღებავს ღვინოს. თვითონ ევროპიელნი წითელის ღვინის დასაყენებლად შავის ყურძნის ჭაჭას აძლევენ დუღილის დროს, ისე როგორც ჩვენში ვიცით, იმიტიომ რომ საფერავი თუ საღებავი ყურძნის მარცვლის კანშია (იქნება ჩვენში არ იცოდეს ზოგმა, რომ შავის ყურძნის წვენი, ისე ფრთხილად გამოწურული, რომ ტყავი მარცვლისა არ გაისრისოს, თეთრია, ანუ, უკეთ ვსთქვათ, წყლის ფერია). ეს საფერავი, როგორც შავს ყურძენსა აქვს, ისეც თეთრსა თავთავისდაგვარად. ამ საფერავებით თეთრით თეთრს და შავით შავს ღვინოსა ვფერავთ ხოლმე, როცა ჭაჭაზედ ვადუღებთ ტკბილსა, იმიტომ რომ დუღილის დროს მარცვლის კანსა ტკბილი გამოსწოვს ხოლმე საფერავსა და იღებება. თუ ნამეტნავად კანი კარგად გასრესილია. ეს ვიცით და ჭაჭას სხვათა შორის ამისთვისაც ჩავაყოლებთ ხოლმე ტკბილსა. ხოლო ეს-კი ზოგჯერ გვავიწყდება, რომ რაკი ღვინოს დავურევთ და ჭაჭა ძირს წავა და დაილექება, მას შემდეგ ჭაჭა აღარც შემდეგის ჩუმის დუღილისათვის არის საჭირო, აღარც საფერავად, და თუ არ ახდენს, აღარას ჰშველის. ახლა გვეტყვიან: რად გინდათ რომ თეთრს ღვინოსაც ჰღებავთო? ჩვენ კიდევ ამას ვეტყვით: კაცია და გუნება. თუ ჭაჭის გამო წითელი ღვინო არა ჰხდება, რადგანაც თვითონ ევროპიელნი წითელის ღვინისათვის ტკბილს უსათუოდ ჭაჭაზედ ადუღებენ, თეთრის ღვინის ჭაჭახედ დაყენება რად უნდა გვეყვედრებოდეს და არ-ცოდნაში გვეთვლებოდეს! თეთრი მოჭირებული ფერი ღვინისა მოსწონს ჩვენს ხალხსა და დღევანდელს ბაზარსა, ისე როგორც შავი მოჭირებული ფერი წითელის ღვინისა. ესეთი მოწონება იქამდე გაძლიერებულია ჩვენში, რომ ამ ბოლოს ხანებში სირაჯები სიყალბესაც კი აღარ ერიდებიან და სხვადასხვაგვარ წამლებით თეთრს, მაგრამ მცქრალს ღვინოს, განგებ მოჭირებულ ფერს აძლევენ.
კლერტს რომ არ აცლიან და ტკბილს თან ჩააყოლებენ ჩვენში, ამასაც თავისი საბუთი ჰქონია და აქვს იმის გარდა, რაც წინათ ვსთქვით. კლერტი ღვინოს კეთილ სუნოვანობას ჰმატებს და გამძლეობის ღონეს აძლევს თურმე. კლერტში ერთგვარი ნაწევარია, რომელიც ამ სამსახურს უწევს ღვინოსა. უამისოდ კეთილსუნოვანება და გამძლეობა იმოდენად არ გამოჰყვება თურმე ღვინოს. ამასთვითონ მეცნიერი ღვინისმკეთებელი ტარდანი ამტკიცებს და თუ ამას დავუჯერეთ, ღვინის გემოსაც-კი უფრო სასიამოვნოდა ჰხდის ის სიმჟავე, რომელიც ენასა ჰკბენს და კლერტისაგან წარმოსდგებაო. გამოდის, რომ იმ სიკეთის გარდა, რაც კლერტზედ წინადა ვსთქვით, – ეს სიკეთენიც კლერტის წყალობით ჰქონია ღვინოსა. არ ვიცით, ეს რამოდენად მართალია. და თუ მართალია, მართალნი ყოფილან ჩვენებურნი ღვინის დამყენებელნიცა, რომელნიც უკლერტოდ ღვინოს არ ადუღებენ. თქმა არ უნდა, რომ ყველგან საჭიროა ზომიერება. ზომას გადამეტებული პურის ჭამაც კი მაწყინარია. ჩვენში კარგმა ღვინის მკეთებელმა და დამყენებელმა კარგად იცის, რამდენი ჭაჭა და კლერტი მისცეს და ზომას თავის დღეში არ გადააცილებს. ჩვენში კარგად იციან, რომ გადაჭარბებული ჭაჭა და კლერტი ღვინოს ავნებს. ამაზედ იტყვიან ხოლმე, “დასწვავსო” ღვინოს. მაშასადამე თუ ესეა, რომ კლერტი ღვინის გემოს არამც თუ აფუჭებს, აკეთებს კიდეც, და ამას გარდა სხვა სიკეთეც მოაქვს, რაღა საბუთი აქვთ წუნი დასდონ ჩვენს ღვინის კეთებას ამ მხრითა! თუ ეს კლერტის ჩაყოლება შეცდომაა და თუ ამისთანებში იმისთანა მეცნიერი ჰცდება, როგორც ტარდანი, ჩვენ ეს შეცდომა რად უნდა გვეკიჟინოს აბრუგაზვიადებულ გაბედვით და კადნიერებითა!

* * *

კარგის დუღილისათვის, გარდა იმისა, რომ კარგად დამწიფებულის ყურძნის წვენი უნდა იყოს, საჭიროა სითბო არა ნაკლებ 10 გრადუსისა და არა უმეტეს 15 გრადუსისა რეომიურის თერმომეტრით. ევროპაში მარანში, ანუ სარდაფში, საცა ტკბილი ჰდუღს, თუ 10 გრადუსზედ ნაკლები სითბოა, ან “ჩანს” ნამჯას შემოახვევენ გარშემო, ან ცეცხლს აანთებენ განგებ ამისათვის გაკეთებულ ბუხარში და ოთახსავით ათბობენ რამდენიც საჭიროა, – და თუ 15 გრადუსზედ მეტია, განგებ აგრილებენ. მაშასადამე, სარდაფი ან მარანი განგებ ამ ორ შემთხევისათვის აშენებული უნდა იყოს. მაინცდამაინც ამისთანა მარანს მარტო შეძლებული კაცი თუ შესწვდება და ამისთანა კაცები ჩვენში მარტო ორიოდეა, უმრავლესობა-კი უღონოა ამისათვის. ამიტომაც ჩვენში უფრო ბევრგან ფარღალალა მარნებია, ხშირად მარტო წალმით დახურული, ბევრგან უკედლებოცა. მაშასადამე, პირველ შეხედვით კაცი იფიქრებს, რომ ჩვენში არა სცოდნიათ ჰაერის სითბო-სიგრილის მნიშვნელობა დუღილისათვის. აბა ფარღალალა მარანში, რა თქმა უნდა, თავისუფლად იმუშავებს ცივი თუ თბილი ჰაერი და ამიტომ არც მეტს სითბოს ეშველება რამე და არც მეტს სიგრილესა. შესცდებიან ვინც ასე იფიქრებს: დააკვირდით, ჭურჭელი, რაშიაც ჩვენში ტკბილს ადუღებენ, რა ადგილას არის. იგი ღრმად ჩასმულია მიწაში და გარედ ჰაერზედ არა სდგას. რატომ? სხვათა შორის იმიტომ, რომ ვერც გარეთი სიცხე ჩაატანს მიწას ისე მალე და ხელაღებით, ვერც სიცივე. მიწა ინახავს ქვევრს ერთსა დაიმავე სითბო-სიგრილეში და გარეთი ჰაერის ცვლილება მაგოდენად არა სწვდება ქვევრსა და აქედამ ტკბილსა, რომელიცა ქვევრში ჰდუღს. იტყვიან, რომ რადგანაც ქვევრი აწოწვილია, ესე იგი, მაღალი, ამის გამო სხვადასხვა წელს ტკბილისას სხვადასხვა სითბო-სიგრილე ექმნებაო: თავში, მიწის ზედაპირზე ახლოს ტკბილი ერთს სითბო-სიგრილეში მოჰყვება, ქვედა პირში სხვაშიო. ეს ცოტად თუ ბევრად მართალია, მაგრამ ეგ იმოდენა თაბაუთს არა იქმს, რომ ხელჩასაკიდებელ მიზეზად გახდეს ქვევრის დაწუნებისათვის. ჩვენში გადამეტებულის სითბოსი უფრო ჰშინებიათ, როგორც ეტყობა, იმიტომ რომ კარგი დამყენებელი ღვინისა თრთვილს ელის და მერე ჰკრეფავს ვენახსა. თრთვილი დასაწყისია სიცივისა, აქედამ სჩანს, გადამეტებულის სიცხის შიში უფრო ჰქონიათ. მართალია, ეს იმითაც აიხსნება, რომ თრთვილი ყურძნის მარცვალს ჰკუმშავს, ცოტად აჭკნობს და, ამბობენ, მეტს წყალს აცლისო, მაგრამ ამ პატარა სიკეთეს არ ანაცვალებდნენ იმ დიდს სიკეთესა, რაც ღვინოსათვის დუღილია, თუ თან იმისი იმედი არა ჰქონოდათ, რომ ჩვენში ენკენისთვის ბოლოს და ღვინობისთვის დასაწყისს დუღილისათვის მეტი სიცხე უფრო საფიქრებელია, ვიდრე მეტი სიცივე. ხშირად ასეც არის, ნამეტნავად კახეთში.
ჩვენის მარნების ფარღალალობას ერთი სხვა სიკეთე სჭირს; ამისთანა მარანი უშიშია ადამიანისათვის და ამას არ შეილება ყურადღება არ მიექცეს. დახურულს, ყოველის მხრივ შეკრულს მარანს, თუ სარდაფს, დუღილის დროს დიდი სიფრთხილე უნდა, თორემ შეიძლება კაციც შეიწიროს. როცა ტკბილი დიდს დუღილშია და ბუყბუყებს, მაშინ ზემოთ ბურცებს ანუ ქაფს მოიგდებს. აქედამ ერთნაირი ბუღი გამოდის, რომელსაც ნახშირმჟავას ეძახიან მეცნიერნი. ეს ბუღი რომ ჩაისუნთქოს კაცმა, ძალიან ადვილად დაირჩობა. რომ დახურულს და შეკრულს მარანში, თუ სარდაფში კაცს ეს არ დაემართოს დუღილის დროს, ხშირად უნდა ამისთანა სარდაფსა, თუ მარანში, წმინდა ჰაერი ამუშავოს და ატრიალოს, რომ ის ბუღი გავიდეს და წმინდა ჰაერი შევიდეს. ევროპაში ამის ასაცდენელად კარგად დამწვარს კირსაც ჰხმარობენ: სარდაფსა, თუ მარანში, მოჰფენენ ხოლმე კირსა, და რადგანაც ნახშირმჟავას ძალიან იზიდავს კირი, ამიტომაც, რამოდენადაც ამოდის დუღილის გამო, იმოდენად კირი სჭამს, თუ ესე ითქმის.
ჩვენებურს კაცს გამოცდილებით უცვნია ეს ვითარება დუღილისა და რომ მეტი ჯაფა და სიფრთხილე არ აეკვიატებინა, სამჯობინარად დაუნახავს ღია მარანი, საცა ყოველთვის ნახშირმჟავასაც გამოსავალი აქვს და წმინდა ჰაერსაც შესავალი; ასადუღებლად საჭირო სითბო-სიგრილის თანაბარობისათვის ქევრი ცოტად თუ ბევრად ღრმად ჩაუსვამს მიწაში და ამასთანავე აუცილებელი საჭიროება ღვინის კეთებისა თავის ჯიბის მეტნაკლებობისათვის შეუფერებია. აქ, როგორც ვნახეთ, მაგრერიად არც მწვადი იწვის და არც შამფური.

გაგრძელება იქნება


© „მარანი“

No comments: