Sunday, 21 October 2007

ღვინის ჭარბწარმოება ევროპაში


უკვე დიდი ხანია ევროკავშირის ქვეყნებს ღვინის ჭარბწარმოება აწუხებს და მის თავიდან ასაცილებლად გარკვეული ზომების მიღება უწევს. 2000 წლიდან მოყოლებული წარმოებული ღვინის 10 %-ს გადასამუშავებლად აგზავნიან. მიმდინარე წელს გამოცხადდა ტენდერი 653,4 ჰექტოლიტრის დისტილაციაზე - წარმოდგენილი იყო ფრანგული, ბერძნული, იტალიური და ესპანური ღვინოები.
ამ ბოლო დროს ევროპაში არგენტინული და ჩილეს ღვინოები უფრო პოპულარული გახდა. დღესდღეობით მათი იმპორტი ევროკავშირის ქვეყნებში ოცჯერ მეტია, ვიდრე ეს ათი წლის წინ იყო. ამის გამო ღვინის წარმოების ტრადიციის მქონე ზოგიერთი ქვეყანა იძულებულია ვენახების რაოდენობა შეამციროს, ზედმეტი პროდუქცია კი ბიოეთანოლად აქციოს.
ღვინის გადამუშავებით მიღებულ ბიოსაწვავს ბენზინს უმატებენ. ასეთი საწვავი გარემოს ნაკლებად აბინძურებს. ევროკომისიის გეგმის მიხედვით, 2020 წლისთვის, ევროკავშირის ქვეყნებში საწვავის მინიმუმ 10% ბიოლოგიური წარმოშობის უნდა გახდეს.
ავტომობილების საწვავად ეთანოლის გამოყენებას ევროპის ქვეყნები უკვე აქტიურად უჭერენ მხარს. გერმანიაში ბიოსაწვავი არ იბეგრება, ხოლო შვედეთში ბიოსაწვავზე მომუშავე მანქანები უფასოდ შედიან სტოკჰოლმის ცენტრში და არ უწევთ ე.წ. "პარკინგის" გადასახადის გადახდა.


© „მარანი“

No comments: