Monday, 8 October 2007

შეუფასებელი cru-ს ფასი


დიდი ქალაქების მკვიდრნი ხშირად ოცნებობენ სოფლის იდილიაზე, პატარა მყუდრო სახლსა და ვენახზე, თუმცა, ამ რომანტიკული ოცნების ახდენას მცირედნი თუ ახერებენ. განსაკუთრებით რთულადგანსახორციელებელია ოცნება N3. რასაკვირველია, საკუთარი ვენახი მშვენიერი შესაძლებლობაა სასარგებლო სასიამოვნოს შეუთავსო, თუმცა, ეს არცთუ იაფი სიამოვნებაა.
თუ მყარად გადაწყვიტეთ, რომ თქვენი ცხოვრების მთავარი მიზანი საკუთარი ღვინის წარმოებაა, უამრავი სიურპრიზისთვის უნდა იყოთ მზად და ისიც გახსოვდეთ, რომ მევენახეობა უბრალოდ, ჰობი არ არის. ეს არის საკმაოდ რთული და შრომატევადი საქმიანობა, რომელიც დიდ ენერგიას, ფინანსებს და ცოდნას მოითხოვს. რასაკვირველია, მისი შედეგები ძალზე სასიამოვნოა, თუმცა, ამ შედეგებით ტკბობას გარკვეული, ხშირად არცთუ მცირე დრო სჭირდება. შევეცდებით, დაახლოებით დაგიხატოთ ის სურათი, რაც თქვენი ოცნების განხორციელებას დასჭირდება.

ვენახის ფასი

პირველ რიგში, საჭიროა მიწა. უმჯობესია, ვენახი ვინმემ, მაგალითად, თოვლის ბაბუამ გაჩუქოთ. თუმცა, თუ თქვენს ირგვლივმყოფთა შორის ასეთი არავინ მოიძებნა, ისღა დაგრჩენიათ, სურვილის ასრულებაზე თავად იზრუნოთ. ამ შემთხვევაში არჩევანი ასეთია: შეგიძლიათ იყიდოთ უკვე გამართული, ყველაფრით უზრუნველყოფილი ვენახი; მიწის ნაკვეთი უკვე გაშენებული ვაზით ან დაუმუშავებელი ტერიტორია, რომელიც მანამდე სავენახედ არასოდეს გამოუყენებიათ. წინასწარ გეტყვით - ეს უკანასკნელი ყველაზე რთულია, ვინაიდან მეღვინეობის უძველეს რეგიონებში მსგავსი ნაკვეთის მოძიება პრაქტიკულად შეუძლებელია. აუთვისებელი მიწების ყიდვა გაგიჭირდებათ არა მხოლოდ ძველ, არამედ ახალი სამყაროს ცნობილ რეგიონებშიც, როგორიცაა ნაპას ველები კალიფორნიაში ან მაიპოს ველები ჩილეში.
იმასაც გეტყვით, რომ თუ მზა შატოს შეძენა გსურთ, თქვენი ჯიბის სისქეში ღრმად უნდა იყოთ დარწმუნებული, რადგან ყველა შესაძლო ვარიანტს შორის ეს ყველაზე ძვირი სიამოვნებაა, თუმცა, მას ბევრი პლუსი აქვს. თუ ჩაქცეული მილიონერი არ ხართ და გირჩევნიათ თქვენი მეურნეობის მოწყობა ნულიდან დაიწყოთ, ვენახის გაშენებასთან ერთად ღვინის გადამამუშავებელი საწარმოს აშენებაც მოგიწევთ. ვერ გეტყვით, რომ ეს ვარიანტი გაცილებით იაფია, თუმცა, განსხვავება, რასაკვირველია, არის. პირველ რიგში, უნდა განსაზღვროთ, სად გსურთ მიწის ყიდვა. ამაში კი ქვემოთ მოყვანილი მონაცემები დაგეხმარებათ.
აი, როგორია მიწის ფასი მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში:

საფრანგეთი

ლანგედოკ-რუსიიონი - 1ჰა - 8000 დოლარი (ვაზის გარეშე)

ავსტრალია

მაჯი - 1ჰა - 4500-5600 დოლარი (ვაზის გარეშე)

ურუგვაი

კანელონესი - 1ჰა - 3200 დოლარი (ვაზის გარეშე)

ინგლისი

კენტი - 1ჰა - 10 000-15 000 დოლარი (ვაზის გარეშე)

ესპანეთი

რიოხა ალტა და რიოხა ალავესა - 1ჰა - 93 000- 105 000 დოლარი (ვენახი 15-20 წლის ჩაყრილი ვაზით)

ჩილე

მაიპოს ველი - 1ჰა - 4800- 16 500 დოლარი (ვაზის გარეშე)


ციფრები შთამბეჭდავია, თუმცა, იმასაც გეტყვით, რომ ფასები მიახლოებითია და უამრავი ფაქტორის ზეგავლენას განიცდის. რეალურად, თქვენი ოცნების მიწა, შესაძლოა, გაცილებით ძვირიც ღირდეს, რადგან მეღვინეობით ცნობილ უძველეს რეგიონებში გასაყიდი ტერიტორიის შოვნა საოცრად რთულია. რიოხაში, მაგალითად, მიწა იმდენად იშვიათად იყიდება, ესპანელი მევენახეები დიდი ხნის განმავლობაში მის ღირებულებას ვერ ასახელებდნენ. თუ გაგიმართლათ და მაინც მიაგენით ნაკვეთს სასურველ რეგიონში, მზად იყავით, რომ ზემოთ მოყვანილ ციფრებზე გაცილებით მეტის გადახდა მოგიწევთ: ის, ვინც უნიკალურ წინადადებას გთავაზობთ, მზადაა მას ფასიც უნიკალური დაადოს.
თუ გსურთ, თქვენი ოცნების ღვინო მაინცდამაინც ესპანეთში დაწუროთ, იცოდეთ, რომ ახალი ვენახების გაშენებაზე აქ მეტად უცნაური შეზღუდვებია. არსებობს გარკვეული "კვოტა", რომელიც განსაზღვრავს, რა რაოდენობის ვენახი უნდა იყოს ქვეყანაში. მაგალითად, თუ თქვენ ფლობთ ვენახს ლა-მანჩაში, მაგრამ ამ საქმიანობის დაწყება პენედესში გსურთ, მხოლოდ ერთი გზა გრჩებათ: გაჩეხოთ ლა-მანჩის ვენახი და წინასწარ აიღოთ ნებართვა პენედესში ახალი ვენახის გასაშენებლად, რაც 30 000 - 40 000 დოლარი დაგიჯდებათ. ამასთან, ისიც გაითვალისწინეთ, რომ პენედესში მიწა ოდნავ იაფია, ვიდრე რიოხაში, თუმცა, პრინციპული სხვაობა არ არის - ჰექტარი 18 000-30 000 დოლარი ღირს, ამას ემატება მევენახეობის საწარმოებლად საჭირო ნებართვა - 6 000 დოლარი ჰექტარზე.
ვენახის ღირებულებას მისი ადგილმდებარეობაც განსაზღვრავს. იმავე ესპანეთში რიოხა ალტასა და რიოხა ალავესში ერთი ჰექტარის საწყისი ღირებულება ბახის რიოხაში ჰექტარ მიწაზე ფასის მაქსიმუმს უთანაბრდება.
ფასთა სხვაობა საგრძნობია ავსტრალიაშიც: სიდნეის მახლობლად, მაჯის ველებზე, სადაც ძირითადად შარდონე მოჰყავთ, მიწის ფასი ჰექტარზე 4 500 დოლარიდან იწყება; მარგარეტ რივერზე, ველზე, სადაც კაბერნე და სხვა ბორდოული ჯიშები მოდის, ასეთივე მიწა შეიძლება 15 000 დოლარი ღირდეს (1 ჰა), რადგან მათი შეძენით ტურისტული ბიზნესის წარმომადგენლებიც ინტერესდებიან. და ბოლოს, მაკლარენის ველებზე, რომელიც ბოლო დროს ავსტრალიის უმსხვილესი ღვინის მწარმოებელი კომპანიების დიდ ინტერესს იწვევს, 16 ჰა ფართობის ორწლიანი ვენახის საწყისი ფასი 750 000 დოლარია, რაც ნიშნავს, რომ ჰექტარი დაახლოებით 47 000 დოლარი ღირს. სამაგიეროდ, მაკლარენში თავისუფალი მიწა, ჯერჯერობით, არის. მაგრამ იქაური ანალიტიკოსების პროგნოზით, უახლოეს მომავალში სულ მცირე, 5 000 ჰა ახალ მფლობელს იპოვის.
ალბათ უკვე გასაგებია, რომ საფრანგეთის სხვადასხვა რეგიონში მიწის ღირებულება საკმაოდ სოლიდურია. იმედია, პირდაპირ Grand cru-ს ყიდვას არ მოინდომებთ, მაგრამ თუ მსგავსმა აზრმა მაინც გაგიელვათ, იცოდეთ, რომ ამ დონის ვენახი ბურგუნდიაში ხანდახან 5 000 000 - 6 000 000 დოლარი (1 ჰა) ღირს. შეკითხვაზე, რა ღირს მათთან მიწა, ბორდოელები გიპასუხებენ, რომ 1 ჰექტარის ფასი, მაგალითად, პომროლში - 1 000 000 დოლარია, შესაძლოა, მეტიც. მაგრამ თუ თქვენი ყველაზე სანუკვარი ოცნებაა, ღვინის ეტიკეტზე რაიმე სახით მაინც წააწეროთ ჯადოსნური სიტყვა Bordeaux, გირჩევთ Bordeaux AOC ან Bordeaux Supperieur ღვინოებით დაინტერესდეთ. ამ კლასის სავენახე მიწა დაახლოებით 12 000 დოლარი ღირს, უკვე ჩაყრილი ვაზით კი 40 000 დოლარამდე. მიწა პესაკ-ლეონიანში 40 000- 55 000 დოლარი ღირს, მედოკში კი 40 000 დოლარიდან უსასრულობამდე.


1 000 წვრილმანი

სასურველი ვენახის ფასს, ადგილმდებარეობასთან ერთად, მასზე გაშენებული ვაზის ჯიშებიც განაპირობებს: ვენახი, სადაც კლასიკური და კონკრეტულ რეგიონში ნებადართული ჯიშები ხარობს, გაცილებით ძვირია, ვიდრე ვენახი, სადაც ჯიშთა შერჩევა თავისუფალია. თითქმის მთელს ევროპაში თეთრი ჯიშებით გაშენებული ვენახი მათ წითელ ანალოგებთან შედარებით ოდნავ იაფია. გასაგები მიზეზების გამო, ეს წესი არ მოქმედებს გერმანიის უმეტეს რეგიონებში, სადაც ძირითადად ყურძნის თეთრი ჯიშები კულტივირდება.
დამწყები მეღვინისთვის შესაფერისია მიწის ნაკვეთი ლანგედოკ-რუსიიონში, სადაც ნორმალური კლიმატური პირობებია (რამდენადაც შესაძლებელია, რომ საფრანგეთში ნორმალური კლიმატი იყოს). მეღვინის კარიერის დაწყება არასტაბილურ ამინდთან ბრძოლით, მაგალითად, ბურგუნდიაში, წმინდა წყლის მაზოხიზმია. მსხვილმასშტაბიან წარმოებასა და ღვინის ექსპორტს არ გირჩევთ, რადგან ძალზე დაძაბული საქმიანობაა - პასტორალური იდილია ასეთ სტრესებს არ ითვალისწინებს. საუკეთესო არჩევანია მომცრო ზომის, დაახლოებით 5-6 ჰექტარიანი მამული, რომლის ფასიც 9 000 დოლარია (1 ჰა).
თუ დაუმუშავებელ მიწის ნაკვეთს ყიდულობთ, მოგიწევთ მისი გასუფთავება და ვენახის გასაშენებლად მომზადება. ეს არცთუ იოლი საქმეა, რასაც Simon Gilbert wines მთავარი მეღვინე და მმართველი, საიმონ ჯილბერტი დაგიდასტურებთ. მან ავსტრალიაში, მაჯის ველებზე იყიდა სავენახე მიწა, რომელიც ისეთი ქვიანი აღმოჩნდა, ჯერ მისი ქვებისგან გასუფთავება მოუწია, შემდეგ დამბის აშენება და მასში მილების ჩაწყობა, და ბოლოს, ელექტრობის გაყვანა.
აუცილებლად უნდა უზრონოთ იმაზე, რომ ვენახი ყინვისა და სეტყვისგან დაიცვათ, რადგან საფრანგეთის სამხრეთშიც კი მზე 365 დღე არ ანათებს. გარდა ამისა, დაცვა ქარისგანაც საჭიროა. იმაშიც უნდა დარწმუნდეთ, რომ ნიადაგის დრენაჟი ნორმალურია. მოგიწევთ მიწის შემოღობვა, ვაზის საყრდენი სარების მომარაგება, იმ ნიადაგის მოზომვა, სადაც ნერგები უნდა ჩაყაროთ. ამის შემდეგ შეგიძლიათ ნერგების ყიდვა. გაითვალისწინეთ, რომ მათ ფასს ვაზის ჯიში განაპირობებს: სოვინიონ ბლანი და შარდონე გაცილებით ძვირი დაგიჯდებათ, ვიდრე იუნი ბლანი ან ალიგოტე. თუმცა, როდესაც ასეთ სერიოზულ საქმეს ჰკიდებთ ხელს, ვაზის ჯიშებზე ფულის დაზოგვა სისულელეა. რასაკვირველია, დაგჭირდებათ მიწის დასამუშავებელი ტექნიკა და იარაღები. ტრაქტორის, ქიმიკატებისა და მუშა პერსონალის გარეშე ვერაფერს გახდებით, ამას გარდა, მოგიწევთ ყურძნის საკრეფი იარაღის შეძენაც.
მოკრეფილი ყურძენი საწნახელში გადააქვთ, სადაც მას ასუფთავებენ, წურავენ და დასაღვინებლად ან ლითონის რეზერვუარებში, ან ხის კასრებში ათავსებენ. მათი ფასი მკვეთრად განსხვავებულია იმის მიხედვით, რა ზომისაა კასრი, სად არის დამზადებული - საფრანგეთში, ამერიკასა თუ რუსეთში და ა.შ. გარდა ამისა, უნდა გაითვალისწინოთ ენოლოგის კონსულტაციის საფასურიც, რომელიც უამრავ საჭირო რჩევას მოგცემთ.
როგორც ხედავთ, ღვინის დაყენება ძვირადღირებული პროცესია და მეღვინეებს დიდხანს უწევთ ლოდინი, ვიდრე საწყის ინვესტიციას ამოიღებენ. და თუ ამ პროექტში სიტყვა "ექსპორტის" მონაწილეობა აუცილებელი არ არის, "ხარისხი" მთელი პროცესის განმავლობაში უნდა ფიგურირებდეს.
ღვინის წარმოება ბაზრის ზედა სექტორისათვის ითვალისწინებს მის გასუფთავებას, ფილტრაციას და ბოთლებში ჩამოსხმას, ამ უკანასკნელისთვის საჭირო დანადგარები კი საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა.



საბოლოო ნუსხა

ახლა შეგვიძლია დავთვალოთ, რა დაჯდება საკუთარ ვენახში მოწეული ყურძნის დაწურვით მიღებული სიამოვნება:

მიწა
8 000 დოლარი (1 ჰა), საფრანგეთის სამხრეთში

ნერგები
პტი მანსანისა და გრო მანსანის ძირი - 1,8 დოლარი, შარდონე - 3,5 დოლარი.

სარები
ცალი - 1,8 - 4,3 დოლარი

ტრაქტორი
23 000 დოლარი ან მეტი

ლითონის ჭურჭელი
(6 000 ლიტრის მოცულობის, უჟანგავი ფოლადი)
ცალი - 6 400 დოლარი

მუხის კასრები

225-ლიტრიანი კასრი - 400-650 დოლარი

ყურძნის წნეხი

10-ტონიანი 60 000 დოლარი, პატარა ზომის - 1 600 დოლარი

ბოთლებში ჩამოსასხმელი კონვეიერი

23 800 დოლარი და ზემოთ

ეტიკეტების მისაწებებელი დანადგარი

13 500 დოლარი

ფილტრი

6 400 დოლარი


საბოლოოდ, 5 ჰექტარიან ნაკვეთს დაახლოებით 300 000 დოლარი დასჭირდება. ჩამონათვალში არ შესულა კონსულტანტების, მეღვინეებისა და მუშახელის ანაზღაურება. გაითვალისწინეთ, რომ ევროპაში ეს თანხები ძალზე სოლიდურია. თუმცა, თუ ამ საქმიანობის შედეგებს გავითვალისწინებთ, ჩიტი ბრდღვნად ნამდვილად ღირს. სხვა თუ არაფერი, ოფისში ჯდომას, ზედმეტ წონას და კუჭის წყლულს ხომ მაინც აცდებით?
© „მარანი“

No comments: