Saturday, 6 October 2007
წარმოიდგინეთ - ქართული ღვინო შვეიცარიულ სუფრაზე
დიანა ჩაჩუა
შვეიცარელები ღვინის პრეტენზიული მომხმარებლების კატეგორიას მიეკუთვნებიან. განსაკუთრებული მახასიათებელი: აქვთ ბევრი ფული. შესაბამისად, მათთვის მსოფლიოს ნებისმიერი ღვინო ხელმისაწვდომია. ამის მიუხედავად, ისინი უპირატესობას მაინც სამამულო პროდუქციას ანიჭებენ, თუმცა როგორც სპეციალისტები ამბობენ, ბოლო წლებში შვეიცარიაში სულ უფრო ინტერესდებიან უცხოური ღვინოებით. მიზეზი - უბრალოდ, სიახლეები მოსწყურდათ. ყველაზე "ნეიტრალური" ერის წარმომადგენლებს, ისევე როგორც დანარჩენ ევროპელებს, ქართულ ღვინოებზე ნაკლებად თუ სმენიათ რამე. შვეიცარიის იმპორტის ხელშემწყობი ორგანიზაციის მისიის წევრი ურს მიულერი ერთ-ერთი მათგანი იყო, სანამ თავად არ ეწვია საქართველოს. დღეს ის ამბობს, რომ ქართულმა ღვინოებმა მოლოდინს გადააჭარბა. შვეიცარიელმა მიულერმა უკვე იცის, რომ საქართველო ვაზის უძველესი ქვეყანაა, რაც, მისი აზრით, შვეიცარიაში ქართული ღვინის პოპულარიზაციისთვის სასიკეთოდ შეიძლება გამოვიყენოთ.
ურს მიულერმა და შვეიცარიის იმპორტის ხელშემწყობი ორგანიზაციის მისიის დანარჩენმა წევრებმა, საქართველოში ერთკვირიანი ვიზიტის ფარგლებში, კახეთში და რაჭაში მდებარე ღვინის ქარხნები მოიარეს. პირველი შთაბეჭდილება: ქართული ღვინო აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს შორის ყველაზე მეტად არის მზად ევროპული ბაზრისთვის.
"არ ველოდი, რომ საქართველოში ასეთი მაღალი დონის ღვინოებს ამზადებდნენ. ჩვენს მიერ აქ გასინჯული ღვინოების უმეტესობას ევროპულ ბაზარზე მოსახვედრად კარგი შანსები აქვს. თქვენ გაქვთ ყურძნის ჯიშები, რომლებიც მხოლოდ საქართველოშია გაშენებული. ეს თქვენი უპირატესობაა. აზრი არ აქვს ღვინის ისეთი ჯიშებიდან დამზადებას, რომელთაც ევროპაში ისედაც ყველა კარგად იცნობს. თქვენ შანსი სხვა მიმართულებით გაქვთ - მიაწოდოთ ევროპას რაღაც ახალი." - განაცხადა შვეიცარიის იმპორტის ხელშემწყობი ორგანიზაციის მისიის წევრმა, ოტო გეიგესმა.
მისიის მიზანს ღვინის მწარმოებელი ქართული კომპანიების შერჩევა და მათთვის შვეიცარიისა და ევროპულ ბაზრებზე დამკვიდრებაში დახმარების გაწევა წარმოადგენს. საქართველო-შვეიცარიის ბიზნეს ასოციაციამ შვეიცარიის იმპორტის ხელშემწყობ ორგანიზაციასთან (SIPPO) თანამშრომლობის შეთანხმებას უკვე მოაწერა ხელი.
შვეიცარიელ სპეციალისტებს ქართული კომპანიები ჯერ არ შეურჩევიათ. ამ ეტაპზე მხოლოდ ქართული ღვინოები წაიღეს თან და მათი საგულდაგულო ანალიზის შემდეგ იმ 12 კომპანიას შეარჩევენ, რომელთა პროდუქციაც შვეიცარიის ბაზარზე წარდგება. ქართული ღვინოებისთვის კი, მისიის წევრების განცხადებით, შვეიცარიის ბაზარზე ადგილის გამოძებნა ნამდვილად შეიძლება. მიზეზი ბანალურია: ევროპას სიახლეები მოენატრა, საქართველოს კი ამის შეთავაზება შეუძლია.
"საქართველოში ღვინის წარმოების არაჩვეულებრივი კულტურა გაქვთ. აქ ბევრი ისეთი უჩვეულო ღვინოები გავსინჯეთ, რომლებსაც ევროპაში ვერსად იპოვით. თქვენ გაქვთ ყურძნის ჯიშები, რომლებიც მხოლოდ საქართველოშია გაშენებული. ეს თქვენი უპირატესობაა. აზრი არ აქვს ღვინის ისეთი ჯიშებიდან დამზადებას, რომელთაც ევროპაში ისედაც ყველა კარგად იცნობს. ევროპელ მომხმარებელს რაღაც ახალი სჭირდება. სწორედ ამის შეთავაზება შეგიძლიათ. თუმცა საქართველომ ევროპელ მომხმარებელს ღვინოსთან ერთად ქვეყნის შესახებ ინფორმაციაც უნდა მიაწოდოს. მნიშვნელოვანი მესიჯი იქნება ის, რომ საქართველო მსოფლიოში ღვინის უძველესი მწარმოებელია. მე ეს აქ ჩამოსვლამდე არ ვიცოდი..." - განაცხადა მისიის კიდევ ერთმა წევრმა, ირს მიულერმა.
როგორც შვეიცარიელმა სპეციალისტებმა აღნიშნეს, მართალია, ევროპაში ღვინის მოხმარება მცირდება, თუმცა იზრდება იმპორტირებული ღვინოების მოხმარების მაჩვენებელი. ეს კი, მათი შეფასებით, ქართული ღვინისთვის შანსია. "მაგრამ იმასაც ნუ ელით, რომ მომავალ წელს მთელი შვეიცარია ქართული ღვინოების სმაზე გადავა..." - ამბობდა ოტო გეიგესი.
ამის ილუზია ნამდვილად არ აქვს საქართველოს სომელიეთა ასოციაციის პრეზიდენტს. შალვა ხეცურიანის თქმით, შვეიცარიის ბაზარზე წარსადგენად ქართული ღვინოების მხოლოდ 2-3 პროცენტი თუ გამოდგება.
"დღეს ჩვენ ღვინის პროვინციალიზმში ვცხოვრობთ. ხალხმა, ქართული ღვინის გარდა, სხვა ღვინო არ იცის. არც მისი მოყვანა ვიცით, არც სმა და ა.შ. გვაქვს ისტორია. თუმცა გვაქვს ერთი უპირატესობაც: მაგალითად, ავსტრალიას, ბოლო 50 წლის მანძილზე, საკუთარ ტერიტორიაზე ტერუარების ძებნა დასჭირდა. საქართველოს ეს არ სჭირდება. ჩვენ ბოლო 200 წლის მანძილზე კარგად ვიცით, სად არის საუკეთესო ღვინოები. თუმცა აქ ერთი ფაქტორია: თუ პრომოუშენი ისეთ ღვინოებს გავუკეთეთ, რომლებიც მაღალი დონის ბაზრებზე წარსადგენად მზად არ არის, ეს უარეს შედეგს მოგვცემს," - აღნიშნა შალვა ხეცურიანმა, რომლის თქმითაც, ქართულ ღვინოს შანსი "ახალი სამყაროს ღვინოების" ნიშაში აქვს. "საქართველოს აქვს ახალი კონცეფცია, რომელსაც "ახალი ძველი სამყარო" ჰქვია. ამასთან, წარმატების მისაღწევად ჩვენ არა მარტო ქართულ ჯიშებზე, არამედ საერთაშორისო ჯიშებზეც უნდა ვიმუშავოთ," - დასძინა საქართველოს სომელიეთა ასოციაციის პრეზიდენტმა.
"ახალი სამყაროს" ღვინოებისთვის კონკურენციის გაწევის შესაძლებლობებზე საუბრობდნენ შვეიცარიელი სპეციალისტებიც: "მაგალითად, კალიფორნიაში მართლაც არის შესანიშნავი ღვინოები, თუმცა ისინი ძალიან ძვირი ღირს. "ახალი სამყაროს" ღვინოების უმეტესობა ძალიან "გაკეთებულია". საქართველოში კი კლასიკურ ღვინოებს აწარმოებთ," - აღნიშნა გეიგესმა და იქვე ქართველ მწარმოებელს ერთი რჩევაც დაუტოვა: "კარგათ უნდა გაიგოთ რა უნდა დასავლეთ ევროპის ბაზარს. თუმცა დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ ტკბილ ღვინოებს დასავლეთის ბაზარზე დასამკვიდრებლად ძალიან ცოტა შანსი ექნება."
როგორც დაგეგმილია, სამწლიანი პროექტის ფარგლებში შვეიცარიის იმპორტის ხელშემწყობი ორგანიზაცია საქართველო-შვეიცარიის ბიზნეს ასოციაციასთან ერთად ხარისხის მართვისა და მარკეტინგის საკითხებში სამუშაო შეხვედრებს გამართავს. ის ასევე ხელს შეუწყობს საერთაშორისო კონკურსებში და ევროპულ ბაზრებზე მათი პროდუქციის დამკვიდრებას და ქართველ და შვეიცარიელ ღვინის მწარმოებლებსა და იმპორტიორებს შორის პირდაპირი კავშირების დამყარებას.
© „მარანი“
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment