Monday, 8 October 2007

აფხაზური ღვინის რუსეთში დაბრუნება მხოლოდ პოლიტიკური გადაწყვეტილებაა

რუსეთში აფხაზური ღვინის რეალიზაციის შესაძლო დაწყებასთან დაკავშირებით საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი პეტრე ცისკარიშვილი აცხადებს, რომ ნებისმიერი ასეთი გადაწყვეტილება პოლიტიკას უკავშირდება და ღვინის ხარისხთან ან თანმდევ ეკონომიკურ პროცესებთან საერთო არაფერი აქვს. "თუ რუსეთმა ასეთი ნაბიჯი გადადგა, კიდევ ერთხელ დადასტურდება, რომ ეს ყველაფერი პოლიტიკური გადაწყვეტილებაა და ეკონომიკურ და ბიზნესინეტერსებს არ უკავშირდება. რუსეთის მხარის გადაწყვეტილება არც თავად მომხმარებლების ინეტესების დაცვაზეა გათვლილი,” - განაცხადა ცისკარიშვილმა.
მისი თქმით, აფხაზეთი არ არის საქართველოს ღვინის მწარმოებელი რეგიონი. უფრო მეტიც, ჩვენ ვერ ავიღებთ ვერანაირ პასუხისმგებლობას აფხაზური ღვინის ხარისხზე.
"რუსეთის გადაწყვეტილება იმ პოლიტიკას ემსახურება რომელსაც საქართველოს წინააღმდეგ და მის საპირწონედ აფხაზეთის სასარგებლოდ ატარებს, ამ შემთხვევაში საუბარი ღვინის ხარისხზე და რუსეთის მოქალაქეების ინტერესების დაცვაზე არ შეიძლება” - აცხადებს ცისკარიშვილი.
კითხვაზე, რამდენად არის შესაძლებელი ქართული ღვინო აფხაზეთის გავლით მოხვდეს რუსეთის ბაზარზე, ცისკარიშვილი ამას ყოვლად დაუშვებლად მიიჩნევს.
"ასეთი რამ ყოვლად გამორიცხულია. ღვინის არც ერთი კომპანია არ შელახავს თავის რეპუტაციას, ამ გზით არ განახორციელებს ექსპორტს და, მით უფრო, ამას არც სახელმწიფო დაუშვებს,” - განაცხადა სოფლის მეურნეობის მინისტრმა.

ჯი-ეიჩ-ენი

No comments: