Thursday 4 October 2007

ლეგენდები ღვინოზე - ღვინო უფრო ძველია თუ საქართველო?


ლევან სეფისკვერაძე

საქართველო ლეგენდების ქვეყანაა და ალბათ არსად ისე არ უყვართ ძველი, მეხსიერებაში მიმქრალი ამბები, როგორც ჩვენს ქვეყანაში. ძალიან იშვიათია ქართული ლეგენდა, რომელიც ღვინოს, სუფრასა და ზოგადად ბახუსის ტრფიალებას არ უკავშირდებოდეს. სხვადასხვა ისტორიულ წყაროებში, უმეტესად კი ზეპირ გადმოცემებში, ღვინოსთან დაკავშირებული ლეგენდადქცეული ამბები უხვად გვხვდება. ამ მასალის საერთო ანალიზით და სათანადო კვლევითაც ადვილად მივდივართ დასკვნამდე, რომ საქართველო მართლაც ღვინის სამშობლოა.

მეოთხე ჭიქა - "საეშმაკო"

ღვინოსთან დაკავშირებული ლეგენდები საქართველოს თითქმის ყველა კუთხეშია შემორჩენილი. მათ შორის - აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთშიც კი, სადაც ღვინის დაყენების კულტურა თითქმის არასოდეს არსებულა. თუმცა, ღვინის ნამდვილ ქართულ ფენომენს ფშაველები თუ ხევსურები ბარის ქართველებზე არანაკლებად აღიქვამდნენ. თიანეთში დღესაც შემორჩენილია გამოთქმა: "ჩვენებურს თუ ღვინო მასწყურდა, ვერა კახელი თამადა ვერ გაუძლებსო".
გიორგი იორამაშვილი, თიანეთის რაიონის სოფელი ზარიძეები: "ჩვენთან ერთი ძალიან ძველი ლეგენდაა შემორჩენილი, რომელიც დღეს ახალგაზრდებიდან ცოტას თუ ახსოვს: უხსოვარ დროს, როდესაც ღმერთი დედამიწაზე ცხოვრობდა, გადაწყვიტა, საიქიოდან გამოძევებული და შრომისაგან დაქანცული ადამიანების ცხოვრება უფრო საინტერესო გაეხადა. დაჯდა, იფიქრა, იფიქრა და ბოლოს გადაწყვიტა, ისეთი სასმელი შეექმნა, რომელიც კაცს მცირე ხნით, მაგრამ მაინც დააბრუნებდა სამოთხეში. თანამედროვე ენაზე რომ ვთქვათ, ღმერთმა ღვინო სამოთხის რამდენიმესაათიანი ილუზიის შემქმნელად გააკეთა. გააკეთა და ღვინის გასასინჯად ყველა ანგელოზი და ეშმაკიც მიიწვია. ღვინო ყველას მოეწონა. მათ შორის ეშმაკსაც. მაგრამ ეშმაკი რისი ეშმაკი იქნებოდა, ღმერთს რომ არ გაჯიბრებოდა. მანაც ბევრი იფიქრა და რაკი სხვა ვერაფერი მოიფიქრა, ადგა და ღმერთის მიერ გაკეთებული ღვინის ნარჩენებით, ანუ ჭაჭით, სხვა, უფრო მათრობელა და ძლიერი სასმელი - არაყი გააკეთა. მერე ამ სასმელის გასასინჯად ღმერთი მიიწვია. მივიდა ღმერთი, დალია ერთი ჭიქა, მეორე, მესამე და მეოთხეც რომ დალია, ეშმაკს უთხრა: "ვინც არაყი დალიოს, სამ ჭიქამდე ჩემსკენ იყოს, სამი ჭიქის მერე კი შენთვის დამითმიაო. თიანეთში მოხუცები ახლა როცა არაყს სვამენ, მეოთხე ჭიქას "საეშმაკოს" ეძახიან და ცდილობენ, რაც შეიძლება მალე გადავიდნენ მეხუთე ჭიქაზე. ბევრმა არც კი იცის, რატომ ეძახის მეოთხე ჭიქას "საეშმაკოს". არადა, ეს გამოთქმა და საერთოდ, ეს ტრადიცია სწორედ იმ ძველი ლეგენდიდან მოდის"

ბულბული, ლომი და ღორი

საერთოდ, უნდა ითქვას, რომ ღმერთი ღვინოსთან დაკავშირებული ქართული ლეგენდების დიდ ნაწილში ფიგურირებს. უმეტესწილად, ეს არის მამა ღმერთი. სავარაუდოდ, ეს ყველაფერი ქართველების ფსიქოლოგიაში ღვინის სიძველედ აღქმას უკავშირდება. სხვადასხვა რელიგიური ფაქტორები რომ გამოვრიცხოთ, მამა ღმერთი პირველ რიგში ძველის, უხსოვარის, პირველარსის გამომხატველია. ზოგადად მის სახელთან დაკავშირებული ნებისმიერი ამბავი, ამბის უძველესობას უსვამს ხაზს. განსაკუთრებით საინტერესოა, რომ ლეგენდების დიდ ნაწილში ღვინის შექმნას ქართველები სწორედ მამა ღმერთს უკავშირებენ.
მაგალითისთვის მოვიხმოთ ერთ-ერთი ყველაზე ძველი და საინტერესო ქართული ლეგენდა: ღმერთი დედამიწაზე დაეძებდა ისეთ ადგილს, სადაც ვაზი უნდა გაეშენებინა. მრავალი ადგილი შეარჩია, მაგრამ საბოლოოდ არჩევანი ისეთ ადგილზე გააკეთა, სადაც დამარხული იყო ბულბულის, ლომისა და ღორის ძვლები. ასეთი ადგილი საქართველო აღმოჩნდა (არქეოლოგიური კვლევებით დასტურდება, რომ ევრაზიის აფრიკასთან მატერიკულად ერთიანობის პერიოდში საქართველოს ტერიტორიაზე ლომები მართლაც სახლობდნენ). როდესაც ღმერთმა ამ მიწაზე ვაზი დარგო, შემდეგ მოსავალი მოიწია, დაწურა და ღვინო გააკეთა, ღვინოს იმ სამი სულდგმულის თვისებები გამოჰყვა, რომელთა ძვლებზეც ვაზმა იხარა. როდესაც ადამიანი ცოტა ღვინოს სვამს, მისი საუბარი ხშირად ბულბულის გალობასავით საამო მოსასმენია. როდესაც ზომაზე ცოტა მეტს სვამს, ლომს ემსგავსება და ყოველგვარი წინააღმდეგობის დაძლევის ილუზია ექმნება. უკიდურესად გადათრობის შემთხვევაში კი, ადამიანი ემსგავსება ღორს, თუ რატომ, ამის მიხვედრა ძნელი არ უნდა იყოს.

პრომეთე და ჭური-მთა

ქართველი ისტორიკოსები და ეთნოგრაფები, რომელთაც სხვადასხვა წერილობით წყაროებზე უწევთ მუშაობა, ამბობენ, რომ საქართველოს ისტორია ღვინის ისტორიის პარალელურია და ღვინის, პურადობისა თუ, ქართული ნადიმების თემას ვერც ერთი მკვლევარი ვერ უვლის გვერდს.
გიორგი მალხაზიშვილი, ისტორიკოსი: "სხვადასხვა წყაროებში გაფანტული ღვინოსთან დაკავშირებული ბევრი ძველი ამბავი, უმეტეს შემთხვევაში, ლეგენდა უფროა, ვიდრე რეალობა. თუმცა, თითქმის ყველა ძველი ისტორიკოსი თავს ვალდებულად თვლიდა, რომ ამა თუ იმ მეფის ცხოვრების აღწერისა და საერთოდ მათ ეპოქაზე საუბრისას, იმდროინდელი ნადიმის სცენებიც აღეწერათ და თითქმის ყველგან ჩანს, რომ მემატიანის მიერ ამ ამბების თხრობის მთავარი მიზანი, ნადიმებზე არსებული ღვინის ქებათა-ქებაა. რა გასაკვირია, რომ ღვინის განსაკუთრებული სიყვარულით კახეთის მეფეები და თავადები გამოირჩეოდნენ. ზოგიერთზე არსებობს დაუჯერებელი ლეგენდები, რომ თითქოს, 30 და მეტ ლიტრ ღვინოს სვამდნენ, რაც ნაკლებად სარწმუნოა. ერთი ლეგენდის თანახმად, კახეთის პირველ მეფეს, გიორგი მერვეს, სატახტო ქალაქიდან ახლოს მდებარე სოფლამდე თიხის მილი გაუყვანია, საიდანაც ნადიმების დროს ღვინო მოედინებოდა და მოქეიფეები ეგრევე მილიდან ივსებდნენ ჭიქებს. ეს ყველაფერი დაუჯერებელია, მაგრამ თუკი ჩვენი ქვეყნის ისტორიას გადავხედავთ, ღვინოსთან დაკავშირებულ ამაზე ბევრად საინტერესო ლეგენდებსაც წავაწყდებით.
ყველამ კარგად იცით ლეგენდა კავკასიონზე მიჯაჭვულ ამირანზე. ამ ლეგენდას მთელს მსოფლიოში მრავალი ინტერპრეტაცია აქვს, მაგრამ მე სვანეთში ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ინტერპრეტაცია მოვისმინე. სვანეთში არსებობს ერთი ძალიან პატარა მთა, რომელიც მეტად უცნაური ფორმისაა და იმერულ მოგრძო ჭურს ჰგავს. სვანური ლეგენდის მიხედვით, ზევსმა ამირანი (პრომეთე) როდესაც დასაჯა, ბოლომდე მაინც არ გასწირა და სწორედ ამ კლდეზე მიაჯაჭვა. ეს კლდე იყო ღვინით სავსე უზარმაზარი ჭური, რომელიც მუდამჟამს ღვინით იყო სავსე და ამირანი ასწლეულების მანძილზე ამ უზარმაზარი ქვევრიდან მწვეთავი ღვინის წვეთებით საზრდოობდა. ამირანის შესახებ არსებულ, ხშირად ურთიერთგამომრიცხავ ლეგენდებს შორის, ეს მთა-ჭურის ლეგენდა ნამდვილად ერთ-ერთი ყველაზე საინტერესოა და კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოში ღვინის დაყენების ტრადიცია მართლაც უძველესია".
კლდეზე მიჯაჭვულ ამირანზე შექმნილი ლეგენდის სვანური ინტერპრეტაციით, ადამიანს საზრდოდ მხოლოდ ღვინის წვეთების მიღებამაც კი შეიძლება შეუნარჩუნოს სიცოცხლე. ნებისმიერი ადამიანი იტყვის, რომ მსგავსი რამ მხოლოდ ფანტაზიის სფეროს განეკუთვნება. თუმცა, ღვინის საოცარი ძალის შესახებ არსებობს კიდევ ერთი, ამჯერად უფრო დამაჯერებელი ამბავი-ლეგენდა, რომელიც მართლმადიდებლურ სამყაროში ერთ-ერთ ყველაზე დიდ წმინდანს, სვიმეონ მესვეტეს უკავშირდება. სვიმეონ მესვეტემ ამა ქვეყნიდან განდგომის შემდეგ, ათეულობით წელიწადი ქვის სვეტზე, ფეხზე მდგომმა გაატარა. მის საკვებს მხოლოდ პურის მცირეოდენი ნამცეცები შეადგენდა, რომელსაც წმინდა სვიმონი ღვინოში ასველებდა და ისე ჭამდა. სვიმონ მესვეტის უდავოდ საოცარი გამძლეობის მთავარი მიზეზი, რა თქმა უნდა, რწმენაა. მაგრამ, ნუ დავივიწყებთ ღვინის საოცარ თვისებებსაც, რომელმაც წმინდანს სიცოცხლე ათწლეულების მანძილზე შეუნარჩუნა.

მითიური "დამღვინებლები"

ახალგაზრდა, გამოუცდელ ადამიანებზე ჩვენში ამბობენ, "ეს ჯერ დაუღვინებელიაო". საქართველოში, კერძოდ კი იმერეთში, არსებობდა გამოთქმა - "დამღვინებელი კაცი". ახლა ამ გამოთქმას თითქმის აღარავინ ხმარობს და არც მისი მნიშვნელობა იციან. ამ ფენომენთან დაკავშირებით, ზესტაფონელი გლეხი კობა ტაბატაძე, ჩვენთან საუბარში იხსენებს მოხუცებისაგან მოსმენილ ძალიან საინტერესო ამბავს. მისი თქმით, არსებობდა ლეგენდა "დამღვინებელ კაცებზე". ეს მითიური ადამიანები თეთრწვერა მოხუცებად აღიქმებოდნენ, რომლებიც გზიდან აცდენილ, არასწორად მცხოვრებ ადამიანებს სიზმარში ეცხადებოდნენ და ასწავლიდნენ (ხშირად მუქარის ხერხსაც მიმართავდნენ), როგორ უნდა ეცხოვრათ.
კობა ტაბატაძე: "ჩემს სოფელში, ბავშვობაში ერთხელ ერთი ახალგაზრდა ბიჭი ძალიან დათვრა და ლამის მთელი თავისი ოჯახი გალახა. ჩემმა დიდმა ბაბუამ ეს ამბავი როცა გაიგო, თქვა: მაგისთვის მართლა ალალია დამღვინებლის გამოცხადებაო. მე ვერ გავიგე, ვინ იყვნენ "დამღვინებლები" და მაშინ მიამბო ბაბუამ ეს ლეგენდა: დამღვინებლები ბრძენი, მოხუცი, თეთრწვერა კაცები იყვნენ, რომლებიც ადამიანებს მხოლოდ მაშინ ეცხადებოდნენ, როდესაც ისინი ძალიან ცუდ საქმეს ჩაიდენდნენ და ისე აშინებდნენ, ვისაც დამღვინებელი გამოეცხადებოდა, მეორედ ცუდად მოქცევას ვეღარ გაბედავდა. ხოლო იგივე უმსგავსობის განმეორებას თუ მაინც გაბედავდა, მისი საქმეები სულ უკან-უკან წავიდოდა და შეიძლება, მომკვდარიყო კიდეც. დამღვინებლის დასიზმრება უკვე იმას ნიშნავდა, რომ ადამიანი ძალიან ცუდად მოიქცა. როგორც ბაბუაჩემი ამბობდა, ვისაც დამღვინებელი კაცი დაესიზმრებოდა, უმეტესად რცხვენოდათ ამის სახალხოდ აღიარება, რადგან ეს ნიშნავდა, რომ ცუდი საქმე ჰქონდათ გაკეთებული. ამ დროს ცდილობდნენ, ყველაფერი ჩუმად გამოესწორებინათ. ხალხი ერთმანეთს თურმე ხუმრობითაც ეუბნებოდა: "დამღვინებლისგან შეშინებული ხომ არა ხარო?"
ღვინოსთან დაკავშირებული ლეგენდები, შეიძლება ითქვას, საუკუნეების მანძილზე ქართველების ცხოვრებისა და ჩვენი ქვეყნის ისტორიის თანმდევი იყო. მკვლევარები მიიჩნევენ, რომ საქართველოს ისტორია უმეტესწილად ლეგენდების ისტორიაა. ალბათ, გასაკვირიც იქნებოდა, ამ ლეგენდებში თავისი განსაკუთრებული ადგილი ღვინოს არ დაეჭირა. სადავო მხოლოდ ისაა, ღვინო უფრო ძველია თუ საქართველო.
© „მარანი“

1 comment:

Barry said...

In vino veritas : )