Friday 12 October 2007

პარლამენტის წევრები კახეთში ჩასვლას გეგმავენ

რთველთან და, ზოგადად, მევენახეობასთან დაკავშირებული პრობლემების გასაცნობად პარლამენტის წევრები შესაძლოა კახეთში ჩავიდნენ.

რეგიონში გასვლითი სხდომის ჩატარების ინიციატივით პარლამენტში ფრაქცია "მრეწველების” თავმჯდომარე ზურაბ ტყემალაძე გამოვიდა.
ტყემალაძის იდეას პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძეც იზიარებს, რომელსაც ამ მიმართულებით შექმნილი პრობლემების გაცნობის და, შესაბამისად, გამოსავლის მოძებნის მიზნით კახეთში ჩასვლა და გლეხებთან შეხვედრა მიზანშეწონილად მიაჩნია.
გასვლითი სხდომა, სავარაუდოდ, ბიუროს სხდომის ფორმატში გაიმართება, თუმცა, დეპუტატების კახეთში გამგზავრების დრო ჯერ დაზუსტებული არ არის.
ფრაქცია "მრეწველების” თავმჯდომარე ზურაბ ტყემალაძე ასევე აცხადებს, რომ საქართველოში ვაზის პრობლემების მოსაგვარებლად სახელმწიფო დოტაციაა საჭირო, რასაც მთავრობა არ ახორციელებს.
აღნიშნული განცხადება ტყემალაძემ პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძის რეპლიკის საპასუხოდ გააკეთა, რომელმაც განაცხადა, რომ "ამ სფეროში დოტაცია უნდა გაგრძელდეს.”
"ამ სფეროში დოტაცია არც ერთი თეთრი არ ყოფილა. ის 5 მილიონი, რაც წლევანდელი ბიუჯეტიდან არის გამოყოფილი, მთლიანად კრედიტია და დამეთანხმებით, რომ კრედიტსა და დოტაციას შორის ძალიან დიდი განსხვავებაა. პრობლემის მოსაგვარებლად ნამდვილად დოტაციაა საჭირო, რასაც მთავრობა არ ახორციელებს,” - განაცხადა ზურაბ ტყემალაძემ.
უმრავლესობის წევრ ელდარ კვერნაძის განცხადებით, ყველაფერი ძალიან კარგად მიმდინარეობს, მთავრობა ყველაფერს აკეთებს და ოპოზიციის პროტესტი უსაფუძვლოა.
"მთავრობა ყველაფერს აკეთებს და გასვლითი ბიუროების ჩატარება მართებულად არ მიმაჩნია,” - განაცხადა კვერნაძემ.

24 საათი

No comments: