Wednesday 10 October 2007

"მემარჯვენეები" ვაზის კულტურასთან დაკავშირებით სასწრაფო გადაწყვეტილების მიღებას ითხოვენ

"ახალი მემარჯვენეები" რთველთან და ზოგადად, საქართველოში ,,ვაზის კულტურის" ბედთან დაკავშირებით სასწრაფო გადაწყვეტილების მიღებას ითხოვენ.
როგორც პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე ,,მემარჯვენე" მანანა ნაჭყებიამ განაცხადა, მაშინ, როდესაც პარლამენტის დღის წესრიგი საკმაოდ მსუბუქია, სჯობს მოიწვიონ სოფლის მეუნეობის მინისტრი პეტრე ცისკარიშვილი და ,,ვაზის კულტურასთან" დაკავშირებით მთავრობის ხედვა მოისმინონ.
მისი აზრით, ორი ტელევიზიის კინკლაობაზე საინტერესო ის არის, რომ კახეთში გლეხები მართლაც ცუდ მდგომარეობაში არიან. "ბიუჯეტმა აუცილებლად უნდა აიღოს თავის თავზე ვაზის გადარჩენა" - მიიჩნევს ნაჭყებია.
მისი განცხადებით, როდესაც პრეზიდენტმა უცებ გამოყო 100 მილიონი ისეთი სოციალური დახმარებებისთვის, რომელმაც მოსახლეობა უფრო შეურაცხყოფილი დატოვა, ვიდრე გახარებული, შეიძლება გლეხების დახმარებისთვის 50 მილიონი მაინც გაიღოს.
,,მემარჯვენეების" აზრით, რთველი ახლა პიკშია და ხელისუფლების მხრიდან გადაწყვეტილებები საჩქაროდ უნდა იყოს მიღებული, რათა ზოგადი დაპირებების ნაცვლად, პრობლემა რეალურად გადაიჭრას.

"ინტერპრესნიუსი"

No comments: