Monday 1 October 2007

რუსული ემბარგოს გამოძახილი



დიანა ჩაჩუა


კახეთში რთველი ბოლო ფაზაში შედის. მით უფრო ძლიერდება ვნებათაღელვა. გლეხებს ყურძნის ჩაბარება სურთ, ღვინის მწარმოებლები კი საკუთარი ვენახების მოსავლით კმაყოფილდებიან. მოთხოვნასა და მიწოდებას შორის არსებულმა არათანაბარმა დამოკიდებულებამ ყურძნის ფასი დააგდო. რთველის დასაწყისში ვარაუდობდნენ, რომ შესაძლოა დაბალ ფასს მეღვინეებისთვის დამატებითი რეზერვების შექმნისკენ ან, ადგილობრივი ბაზრის წახალისების მიზნით, იაფფასიანი ღვინოების წარმოებისკენ ბიძგი მიეცა, თუმცა ეს ასე არ აღმოჩნდა. ღვინის მწარმოებელი კომპანიები საკუთარ მოსავალს სჯერდებიან და საუკეთესო შემთხვევაში მცირედი რაოდენობით, ისიც განსაზღვრულ მიკროზონებში, მაღალი ხარისხის ყურძნის შესყიდვით შემოიფარგლებიან. ასეთი გეგმები აქვს, მაგალითად, საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებულ კომპანია “თელავის ღვინის მარანსაც”, რომელიც წელს 1500 ტონა მოსავალს ელის. ქართველი მეღვინეები რუსეთის ემბარგოს შედეგებს დღემდე იმკიან.

სანამ “თელავის ღვინის მარნის” მიერ წარმოებული ღვინო მაღაზიების დახლებზე დაიდებს ბინას, კომპანიის მესვეურებმა მაღაზიებისა და რესტორნების წარმომადგენლებისთვის სპეციალური ტური მოაწყვეს, რათა მათ საკუთარი თვალით ეხილათ ღვინის წარმოების სრული პროცესი. დღე კომპანიის ქარხნის დათვალიერებით დაიწყო, შემდეგ კი სტუმრებმა “თელავის ღვინის მარნის” ვენახში გადაინაცვლეს, რომელიც ქინძმარაულის ადგილწარმოშობის დასახელების კონტროლირებად ზონაში მდებარეობს.
"თელავის ღვინის მარნის" ისტორია 1915 წელს სოფელ კონდოლში პირველი ვენახის გაშენებით დაიწყო. დღეს კომპანია წარმოების მთელ ციკლს აკონტროლებს, ნერგის დამზადებიდან მზა პროდუქციის ჩამოსხმამდე. კომპანია ძირითად აქცენტს ექსპორტზე აკეთებს, თუმცა, როგორც იქ აცხადებენ, ყოველწლიურად ადგილობრივი ბაზრის წილი 30-35 პროცენტით იზრდება. ქართული ღვინოების ტრადიციული მარკების გარდა, თელავის ღვინის მარანი" ისეთ ექსკლუზიურ ღვინოებს აწარმოებს, როგორებიც უსახელაური, პინო და ქისია.
კომპანიის ვენახები კახეთში, მდინარე ალაზანის ველზე, სხვადასხვა ადგილწარმოშობის დასახელების კონტროლირებად ზონებშია განლაგებული. ცნობისათვის, კანონის შესაბამისად, ადგილწარმოშობის დასახელება არის გეოგრაფიული ადგილის, რაიონის, რეგიონის, გამონაკლის შემთხვევაში, ქვეყნის თანამედროვე ან ისტორიული სახელი. იგი გამოყენებულია იმ საქონლის მოსანიშნად, რომელიც წარმოშობილია ამ გეოგრაფიულ ადგილზე და რომლის განსაკუთრებული ხარისხი და თვისებები მთლიანად ან ძირითადად განპირობებულია მხოლოდ ამ გეოგრაფიული ადგილის ბუნებრივი გარემოსა და ადამიანის ფაქტორით, ამასთან, ამ პროდუქციის წარმოება, ნედლეულის დამზადება და დამუშავება ამ გეოგრაფიული ადგილის საზღვრებში ხდება.
“მზიანი, თბილი დღეები და გრილი ღამეები ჩვენს ვენახებში ყურძნის მოსამწიფებლად საუკეთესო პირობებს ქმნის. ადგილობრივი კლიმატის და ნიადაგური შემადგენლობის გათვალისწინებით 200 ჰექტარზე მეტი ვენახი გვაქვს გაშენებული შესაბამისი ქართული ჯიშებით: საფერავი, მუჯურეთული, რქაწითელი, უსახელაური, მწვანე და ქისი, აგრეთვე, უცხოეთიდან შემოტანილი ვაზით, როგორიცაა კაბერნე სოვინიონი, მალბეკი, მერლო და შარდონე,” – ამბობენ “თელავის ღვინის მარანში”, რომელიც საკუთარ ვაზის სანერგეს ფლობს. ის კომპანიას წელიწადში 200 ათასი ვაზის ნერგით უზრუნველყოფს. „თელავის ღვინის მარანში“ პერიოდულად ახალი და ძველი სამყაროს წარმატებული მეღვინეები და სპეციალისტები ჩამოდიან, რომლებიც ქართველ კოლეგებს მსოფლიოში მეღვინეობის დარგში უახლეს მიღწევებს უზიარებენ. ამჟამად კომპანიაში ავსტრალიელი და ფრანგი კონსულტანტები მუშაობენ. აღსანიშნავია ისიც, რომ ყოველწლიურად კომპანიის მესვეურებს მუხის კასრები საფრანგეთიდან შემოაქვთ.
“წელს საკუთარი ვენახებიდან 1500 ტონა ყურძენს ველით, რაც დაახლოებით მილიონ-ნახევარ ბოთლს უდრის. ეს სრულიად საკმარისია ჩვენთვის, ამიტომაც გლეხებისგან ყურძნის შეძენას ვერ მოვახერხებთ. შესაძლოა, მათგან ძალიან მცირე რაოდენობით ყურძენი შევისყიდოთ, თუ შესაბამის მიკროზონებში კარგი ხარისხის ყურძენი იქნება...” – განუცხადეს კომპანიაში “24 საათს”. შედარებისთვის, 2005 წელს კომპანიამ 5500 ტონა ყურძენი გადაამუშავა, რაც 5 მილიონ ბოთლს უდრიდა.
რაც შეეხება ადგილობრივ ბაზარს, “თელავის ღვინის მარნის” განცხადებით, ჯერჯერობით საქართველოში მიწოდება და მოთხოვნას შეესაბამება, ამიტომაც, ადგილობრივი ბაზრის წილის გაზრდის მიზნით, დამატებით ყურძნის შეძენა არ იგეგმება. “ჩვენი ღვინოები მოსახლეობის სხვადასხვა კატეგორიებისთვის არის ხელმისაწვდომი, ანუ ჩვენ არამარტო ძვირადღირებულ ღვინოებს ვაწარმოებთ. თუმცა თავისთავად იაფფასიანი ღვინო უხარისხოს არ ნიშნავს. ამასთან, ხალხში ფართოდ არის გავრცელებული ის აზრი, რომ ქარხნის ბუტილირებულ ღვინოს ოჯახის ღვინო სჯობს. მით უმეტეს, წლევანდელ პირობებში, როცა ბევრი უარს იტყვის ყურძნის ჩაბარებაზე, გლეხები თავად დაამზადებენ მეტი მოცულობის ოჯახის ღვინოებს...” – აღნიშნეს კომპანიის მესვეურებმა “24 საათთან” საუბარში.

"24 საათი"

No comments: