Friday 26 October 2007

ქართული სუფრა, ღვინის სმის წესი


ზურაბ კიკნაძე

"თამამად შეიძლება ითქვას, რომ არსად იმდენ და ისეთ
ძვირფას ღვინოს არ სვამენ, როგორც საქართველოში"
შარდენი


საქართველოს სტუმარს, უცხოელს, ორიოდე დღე თუ მაინც გაუტარებია ქვეყანაში, კეთილ მასპინძელს შინ მიუპატიჟებია, პირველი, რაც თვალში აუცილებლად მოხვდება, ეს არის ქართული ლხინის მკაცრი წესები, რკინისებური დისციპლინა სუფრაზე. ქართველი არსად, ყოფა-ცხოვრების არც ერთ სფეროში არ არის ისეთი სერიოზული და მთელი მონდომებით არ იცავს წესრიგს, როგორც სუფრაზე.
ნამდვილად, სუფრა ქართული ყოფითი და, შეიძლება ითქვას, სულიერი კულტურული ტრადიციის მნიშვნელოვანი მონაპოვარია. დღესდღეობით იგი ქართველობის ერთ-ერთი ძლიერი საიდენტიფიკაციო ნიშანია. როდის ჩაისახა იგი, ქვეყნის მრავალსაუკუნოვანი ისტორიის რომელ ეპოქაში, არავის უკვლევია. მთავარი ის არის, დღესდღეობით ეს ტრადიცია არსებობს და, მიუხედავად მრავალი მატერიალური გასაჭირისა, სიდუხჭირისა, რომელიც ქვეყანამ უკანასკნელ ხანს გამოიარა, იგი განაგრძობს არსებობას და თითქოს მას გადაშენება არ უნდა ემუქრებოდეს. სიღარიბემ, ხელმოკლეობამ ქართული სუფრა შეიძლება შეზღუდოს, მაგრამ მის არსს ვერ შეცვლის. იგი ყოველთვის ინარჩუნებს თავის საზრისს.
მარტივია ქართული სუფრის სტრუქტურა, მისი ელემენტებია: ღვინო, პური (ზოგადად, საკვების მნიშვნელობით), სადღეგრძელო და სიმღერა. ამ ოთხი ელემენტის ურთიერთმონაცვლეობა და ჰარმონიული შეხამება ქმნის ქართულ სუფრას.
ქართული სუფრა დიფერენცირებულია: არსებობს ლხინის სუფრა და არსებობს ჭირის სუფრა, არსებობს საგანგებო მრავალრიცხოვანი ოფიციალური სუფრა, არსებობს მეგობრული შინაურული სუფრა, არსებობს სპონტანური სუფრა - ყველას თავისი წესი აქვს, მაგრამ ყველასთვის არის ერთი კანონი, ასე ვთქვათ, ერთი დაუწერელი კონსტიტუცია. სუფრის კონსტიტუცია შეუბღალავია; ის შეიძლება განიცდიდეს ცვალებადობას, მაგრამ მისი ბირთვი, მისი საზრისი უცვლელი რჩება.
ქართველები სხდებიან სუფრის გარშემო არა მხოლოდ ჭამისთვის და სმისთვის - ეს არ არის თვითმიზანი. ისინი სიხარულით იკრიბებიან არა მხოლოდ იმისათვის, რომ სუფრაზე კარგი ძვირფასი ღვინო და ნუგბარი საჭმელები ეგულებათ, არამედ მათი სიხარული იმითაც არის განპირობებული, რომ მათი მონაწილეობით სრულდება რიტუალი, რომლის მიზანი ადამიანთა შორის კეთილგანწყობილი ურთიერთობების დამყარება-განმტკიცებაა. კავშირი ერთმანეთთან აწმყოში და წინაპრებთან წარსულში. აქ მათ საშუალება ეძლევათ, გამოხატონ თავიანთი სიმპათიები ნაცნობ, ნაკლებად ნაცნობ და ახალგაცნობილ ადამიანებთან, და სიყვარული, გულითადი გრძნობები მეგობრების მიმართ. მათ შეუძლიათ აქ გულღიანი იყვნენ, მისცენ გასაქანი კეთილგანწყობილებას, წრფელ გრძნობებს... სუფრა იძლევა ამის შესაძლებლობას, მის ჩარჩოში გადამეტებული კეთილგანწყობილება, გრძნობების გადაჭარბებული გამოხატულება ბუნებრივია. სუფრაზე მიღებულია და არ ითვლება უხერხულად იმაზე მეტის თქმა თანამეინახისადმი, რასაც ის სინამდვილეში იმსახურებს. სუფრის სივრცე, გარკვეული აზრით, პირობითი სივრცეა, თუმცა ეს პირობითობა გულითადი გრძნობებით არის შეფერილი და გაზავებული. ამ პირობითობას ემორჩილება სუფრის ყოველი წევრი, მან იცის, რომ ის არ იმყოფება ჩვეულებრივ ადგილზე, რომ სუფრა სხვაა და რომ აქ სხვა, ყოველდღიური ყოფისგან განსხვავებული წესები მოქმედებს.
ძველი რომაელების თქმით, სუფრის წევრები გრაციების რიცხვზე, ანუ სამზე ნაკლები არ უნდა იყვნენ და მუზების რიცხვს, ანუ ცხრას, არ უნდა აღემატებოდნენ. სამზე ნაკლები ვერ ქმნის სუფრის განწყობილებას, ხოლო ცხრაზე მეტი, რომაელთა ფიქრით, ძნელად სამართავია. მაგრამ ქართული სუფრის რიცხოვნებას, შეიძლება ითქვას, საზღვარი არა აქვს - ჩვეულებრივ, რიცხვი მოძრაობს ათიდან ხუთასამდე. ხუთასი და ზოგჯერ მეტი ადამიანის მართვა სუფრაზე, სადაც უზომო რაოდენობის (განსაკუთრებით, ქორწილში) ღვინო ისმის, შესაძლებელია ქართულ სუფრაზე მკაცრად დადგენილი წესების და, პირველ რიგში, სუფრის ხელმძღვანელის წყალობით, რომელიც მკაცრ კონტროლს აწესებს ღვინის სმაზე, რომ არ დაილიოს იმაზე მეტი, რაც დადგენილია სუფრის წესის მიხდვით, რომ სუფრა ქაოსში არ გადაიზარდოს. რაც შეეხება ქვედა ზღვარს, სამზე (ანუ გრაციების რიცხვზე) ნაკლები წევრი იმიტომაც ვერ შეადგენს ქართულ სუფრას, რომ ქართული სიმღერის შესრულება სამზე ნაკლები ხმით შეუძლებელია. სიმღერა კი ქართული სუფრის აუცილებელი ელემენტია. ის სუფრის დამამშვენებელია (ამას ჯერ კიდევ ჰომეროსი ამბობდა).
აი, მიიღო ადამიანმა მოწვევა ლხინზე. ეს არის დაბადების დღე ან რაიმე ღირსშესანიშნავი შემთხვევა – დიდი ხნით წასული ოჯახის წევრის შინ დაბრუნება ან გაცილება შორ გზაზე, ან უმაღლეს სასწავლებელში შესვლა და სხვა. იგი სიხარულით იღებს მოწვევას (არ არის აუცილებელი წერილობითი, საკმარისია ტელეფონით შეტყობინება პირადად მასპინძლისგან ან ვინმეს პირით), მხიარული და გულითადი საღამოს მოლოდინში, თუმცა მისთვის შეიძლება წინასწარ ცნობილი იყოს, რა შეხვდება იქ, როგორ წარიმართება სუფრა, რამდენადაც მისთვის ცნობილია მასპინძლის სტილი, სტუმრების კონტინგენტი და ა.შ., მაგრამ ამის გამო არ ხუნდება მისი მოლოდინი; ეს ჰგავს ერთხელ წაკითხულ საინტერესო და საყვარელ წიგნთან მიბრუნებას, სადაც ადრე შეუმჩნეველს აღმოაჩენს მკითხველი ან დავიწყებულს გაიხსენებს. ყოველი სუფრა, მიუხედავად ერთხელ და სამუდამოდ ცნობილი წესრიგისა, განუმეორებელია და ყოველთვის ინახავს რაღაც ხიბლს, მოულოდნელის მოლოდინს, რაღაც საიდუმლოს... ამ საზეიმო განწყობით, შესაძლოა, გულისძგერითაც ეშურება იგი შეკრებაზე, სადაც - და ეს მთავარია - იგრძნობს თავს საზოგადოების სრულუფლებიან წევრად.
ყველანი ადგილებზე სხდებიან, შემოუსხდებიან სუფრას, როგორც მრგვალ მაგიდას, რამდენადაც ყველანი თანაბარნი არიან; ადგილები არ არის წინასწარ განპიროვნებული, ოღონდ არის ერთი ადგილი სუფრის თავში, სადაც დაჯდომას ყველა გაურბის. ეს სუფრის ხელმძღვანელის - თამადის ადგილია. ის ჯერ თავისუფალია. სხდებიან. მასპინძელი გამოაცხადებს, რომ სუფრა "ნაკურთხია" და ახმაურდება დანა-ჩანგალი, კერძების შეთავაზება ერთმანეთისადმი, ზოგადი, შემამზადებელი საუბარი, "მსუბუქი საუბარი", ხუმრობა, ლაღობა, ანეკდოტი, ქების სიტყვები დიასახლისისადმი და ა.შ. წამოდგება მასპინძელი და ასახელებს და ნიშნავს სუფრის მეთაურს. და ახლადარჩეული თამადა დაიკავებს თავის ადგილს სუფრის თავში, საიდანაც მთელი სუფრა ჩანს, და შეუდგება თავისი მოვალეობის შესრულებას. არჩევანი ხშირ შემთხვევაში არავისთვის მოულოდნელი არ არის. პირიქით, ერთი თვალის გადავლებით სტუმარი ხვდება, თუ ვის დანიშნავს თამადად მასპინძელი. სიმართლე რომ ითქვას, მცირეთ თუ სიამოვნებთ ეს თანამდებობა სუფრაზე. უმრავლესობას ურჩევნია რიგით თანამეინახედ დარჩენა, რადგან თამადობა საპასუხისმგებლო თანამდებობაა, თამადა სულ მუდამ მობილიზებული უნდა იყოს, რომ არაფერი გამოეპაროს, ყველას საკადრისი პატივი მიაგოს, არავის მოაკლოს ყურადღება, არავინ გამოტოვოს, სადღეგრძელოები რიგის მიხედვით, შეუშლელად წარმოთქვას. ერთი სიტყვით, თამადა მუშაობს სუფრაზე.
რაც ბიბლიური ზირაქის ძის წიგნში სწერია, სწორედ ის არის, რაზეც ქართული სუფრის თამადობაა დაფუძნებული, ანუ თამადის ზნე და წესი:
"თუ თამადად დაგსვეს, თავს ნუ აიმაღლებ, არამედ იყავი დანარჩენთა შორის, როგორც ერთი მათგანი. ჯერ მათზე იზრუნე და მერე დაჯექი. როცა ყველაფერს აღასრულებ, რაც გევალება, დაიკავე შენი ადგილი, რათა თანამეინახეებში მოილხინო და სუფრის რიგიანი გამძღოლისათვის გვირგვინი დაიმსახურო. ისაუბრე, თამადას დარბაისლური სიტყვა შეშვენის, მაგრამ სიმღერას ნუ ჩაახშობ. როცა გისმენენ, სიტყვას ნუ გააგრძელებ და უდროო დროს ნუ ბრძენობ. რაც ლალის თვალია ოქროს ბეჭედში, იგივეა ხმატკბილი სიმღერა ნადიმობისას. რაც ზურმუხტის ბეჭედია ოქროს ბუდეში, იგივეა საამო ჰანგი ღვინის სმისას" (სიბრძნე ზირაქისა, 32:1-6).
ყველა ქართველს, ვისაც კი სუფრაზე აქტიურად გაუტარებია რაოდენიმე ჟამი, შეუძლია ავად თუ კარგად, თამადობის გაწევა. ეს მისი, როგორც ქართველის, პოტენციაშია, თუმცა სარეალიზაციოდ, შესაძლოა, შემთხვევა არ მიეცეს. მაგრამ არსებობენ ადამიანები, რომლებიც, როგორც იტყვიან, პატენტიან თამადებად არიან ცნობილნი; მათთვის თამადობა ბუნებრივი მოთხოვნილებაა და ვერც კი წარმოუდგენიათ თამადის როლში სხვა ვინმე სუფრაზე, როცა თავად იქ იმყოფებიან. ისინი უყოყმანოდ თანხმდებიან შემოთავაზებაზე, თუმცა შევხვდებით რიტუალურ განაზებას: "არა, ბატონო, რავა გეკადრებათ". ერთი ასეთი კურიოზი შეემთხვა ერთ "პატენტიან" ანუ პროფესიონალ სახელგანთქმულ თამადას, რომელიც ამავე დროს ცნობილი, არანაკლებ სახელგანთქმული კინომსახიობი იყო (დოდო აბაშიძე). რამდენიმე კვირით ადრე მას სთხოვეს თამადობა გაეწია ერთი დიდი მრავალრიცხოვანი ქორწილისათვის, რომელიც კახეთის ერთ-ერთ სოფელში უნდა გამართულიყო. მან სიამოვნებით მიიღო მოწვევა და დაიწყო მზადება თამადობისთვის. რამდენადაც იცოდა, რომ ბევრი რაოდენობის ღვინის შესმა მოუწევდა, შეუდგა ორგანიზმის ფიზიკურად თუ ფიზიოლოგიურად მომზადებას, ასე ვთქვათ, კუჭ-ნაწლავების გაპოხვას, რისთვისაც პერიოდულად იღებდა გარკვეული დოზით კარაქს. პროფესიონალურ ღვინის მსმელთათვის ცნობილია, რომ ამგვარად გაპოხილი შინაგანი ორგანოები ადვილად ითვისებენ ნებისმიერი რაოდენობის ღვინოს. დადგა ქორწილის დროც. მასპინძელი, ქორწილის მომწყობი, წესისამებრ, აცხადებს: ძვირფასო სტუმრებო, მადლობელი ვარ, რომ პატივი დამდეთ და მეწვიეთ ჩვენი შვილების ბედნიერების დღეს. მოგესხენებათ, ყოველ სუფრას ესაჭიროება ხელმძღვანელი. მე ვთხოვ, ჩვენს ძვირფას მეგობარს და ოჯახის ახლობელს, სახელოვან მსახიობს - დოდო აბაშიძეს, პატივი დაგვდოს და უთამადოს ამ მხიარულების სუფრას. დოდო აბაშიძე იმ კუთხიდან იყო, სადაც წესად არის თხოვნის რამდენჯერმე განმეორება. ერთი თხოვნა არ არის საკმარისი. და ისიც რიტუალურად "გაიპრანჭა": არა, როგორ გეკადრებათო. კახელი მასპინძელი ვერ მიხვდა იმერულ რიტუალურ უარს და იქვე, სრულიად, უდრტვინველად სხვა დაასახელა თამადად: მაშინ ჩვენი მიტუა უხელმძღვანელებს სუფრასო და მიტუაც "პრანჭვის" გარეშე შეუდგა მოვალეობის აღსრულებას. უნდა წარმოვიდგინოთ სახელოვანი მსახიობის და არანაკლებ სახელოვანი თამადის ფსიქოლოგიური მდგომარეობა, რომელმაც განმეორებითი თხოვნის მოლოდინში დაკარგა ესოდენ სანატრელი "თანამდებობა", რისთვისაც მთელი თვე ემზადებოდა.
როცა თამადის კანდიდატურა დასახელდება, მას იმწამსვე უყოყმანოდ მხარს უჭერს მთელი სუფრა - უარი ძნელად თუ ვისმე გაუვა.
აი, თამადა იკავებს თავის ადგილს, გადახედავს სუფრას და, თუ სუფრა დიდია, იგი დანიშნავს თავის მოადგილეებს სუფრის სხვადასხვა კუთხეში - ერთს, ორს, სამს, ზოგჯერ მეტსაც, როცა სუფრა განსაკუთრებით მრავალრიცხოვანია, როგორც ქორწილის სუფრებია. თამადა იწყებს თავის უშუალო მოვალეობას - სადღეგრძელოების წარმოთქმას, რომელთაც თავისი მეტ-ნაკლებად მკაცრი თანამიმდევრობა აქვთ, რაც განპირობებულია სუფრის ხასიათით, დანიშნულებით. მაგრამ არსებობს ზოგადი სქემა, რომელიც დაცული უნდა იქნას. თამადამ უნდა წარმოთქვას აუცილებელი სადღეგრძელოები, რომელთაგან რომელიმეს გამოტოვება ნაკლად ეთვლება. სავალდებულოს ზევით იგი თავისუფალია. მას ეძლევა იმპროვიზებული სადღეგრძელოების წარმოთქმის საშუალება.
სადღეგრძელოთა თანამიმდევრობა განსაზღვრულია, თუმცა დაშვებულია ვარიაციები, გადაადგილება, ზოგიერთი მათგანის ბოლოსკენ მოტოვება. ყოველ თამადას თავისი ინდივიდუალობა, თამადობის საკუთარი სტილი აქვს, რაც გავლენას ახდენს სუფრის ატმოსფეროზე, თანამესუფრეთა განწყობილებაზე. თამადა სუფრის რეჟისორია. სადღეგრძელოები მისი იარაღია. მათი ზოგადი რიგი ასეთია: მას შემდეგ, რაც თამადას სასმისის შესმით მიულოცავენ თამადად არჩევას, პირველ სადღეგრძელოში იგი თავის მხრივ დალოცავს სუფრას, დღევანდელ შეკრებას ამ შემადგენლობით; უსურვებს ყველას კარგად, მშვიდობიანად და ჰარმონიულად დროის გატარებას, ერთმანეთის მოსმენას და ა.შ. აქვე შეუძლია თქვას, როგორი წესით წარმართავს სუფრას, ავალდებულებს თუ არა სასმისის ბოლომდე დაცლას და ა.შ. ზოგიერთი თამადა მკაცრია, ვერ იტანს, როცა სუფრის წევრი ღვინოს "იპარავს". პარვას აქ მისი სემანტიკის საწინააღმდეგო მნიშვნელობა აქვს: სუფრის წევრის მხრიდან ღვინის პარვა ნიშნავს არა იმაზე მეტის შესმას, რაც ეკუთვნის სუფრის წევრს, არამედ სავალდებულო სასმისის არშესმას ან ბოლომდე არდაცლას ანუ თავის ისე მოჩვენებას, თითქოს სვამ, სინამდვილეში კი არ სვამ, ატყუებ თამადას და სუფრის წევრებსაც. სუფრის წევრს შეიძლება ჰქონდეს საპატიო მიზეზი, რაც მას ათავისუფლებს ღვინის სმისგან. ხშირად იმიზეზებენ ავტომანქანის საჭეს. ეს ნამდვილად გამამართლებელი საბუთია. თუმცა ზოგი თამადა არ დაგიდევს ამ მიზეზს. არიან სუფრის წევრები, რომლებიც საერთოდ არ სვამენ მაგარ სასმელს რაიმე ფიზიკური სნეულების გამო. ასეთნი მაინც იღებენ მონაწილეობას სუფრის ცხოვრებაში: მღერიან, სადღეგრძელოს წარმოთქვამენ, ოხუნჯობენ და ა.შ.
მეორე სასმისი აიწევა ოჯახის მთლიანად ან პერსონალურად მისი დიასახლისის სადღეგრძელოდ, რომელმაც ეს სუფრა გაამზადა და საშუალება მისცა ადამიანებს ემხიარულათ, ერთად სიამტკბილობაში დრო გაეტარებინათ. ეს იმ შემთხვევაში, თუ სუფრა ოჯახშია გაშლილი.
მესამე სადღეგრძელო შეისმის კონკრეტულად ამ შეკრების მიზეზისთვის - ეს იქნება დაბადების დღე, ნიშნობა, ბანკეტი დისერტაციის დაცვის შემდეგ თუ ქორწილი.
მეოთხე სასმისი ეძღვნება გარდაცვალებულთა ან ომებში დაღუპულთა ხსოვნას, რომელიც ფეხზე დგომით შეისმის; პურის ნატეხს ჭიქაში ჩააწებენ - ეს წესი ქრისტიანული ლიტურგიიდან მოდის: მართლმადიდებელ ეკლესიაში ევქარისტია ღვინოში ჩაწებული პურით გამოიხატება. ამას შეიძლება მოსდევდეს მშობლების სადღეგრძელო (თუ ცოცხლები არიან, ვუსურვებთ ჯანმრთელობას, დიდხანს სიცოცხლეს, გახარებას, თუ მიცვალებულნი არიან, მათი სულების განათლებას, დიდხანს ხსოვნას...).
სანამ თამადა სუფრის წევრების ანუ პიროვნულ (პერსონალურ) სადღეგრძელოებზე გადავიდოდეს, იგი სუფრას სთავაზობს ე.წ. აბსტრაქტულ (ზოგად) სადღეგრძელოებს, რომელთა რეპერტუარი საკმაოდ ფართოა (ყოველ თამადას შეუძლია გაზარდოს მისი რიცხვი); მისი ობიექტი შეიძლება იყოს სამშობლოს სიყვარული, მეგობრობის თუ სიყვარულის გრძნობა, ჩვენი საქმიანობა, მშვიდობა, წინაპრები, მეფეები, სახელოვანი მოღვაწეები, ბავშვობის მოგონება, მომავალი, ამ წამს დაბადებულნი, მანდილოსნები... ბავშვები...
თამადა იწყებს სუფრის წევრთა სადღეგრძელოებს. მას არავინ არ უნდა გამორჩეს. თუმცა სუფრის წევრნი თანაბარნი არიან, სუფრა ათანაბრებს მათ, თამადა პირველ რიგში განსაკუთრებით საპატივცემულო ადამიანთა სადღეგრძელოს სვამს და მოჰყვება იერარქიულად, ღირსებისა და დამსახურების მიხედვით. მრავალრიცხოვან სუფრაზე თამადა ადღეგრძელებს მათ წყვილ-წყვილად, სამ-სამად ან ჯგუფურად. შეწყვილება და დაჯგუფება სუფრის წევრთა ცოდნას მოითხოვს თამადისგან, რათა ერთ ჯგუფში მეგობრები, ერთმანეთის ნაცნობები და, შეძლებისდაგვარად, ერთი წრის ადამიანები მოაქციოს. თამადა სადღეგრძელოებს იმისდა მიხედვით აგებს, თუ რამდენად არის ცნობილი მისთვის სუფრის ესა თუ ის წევრი. ნაცნობთა სადღეგრძელოები გულითადია, თამადა მათი დღეგრძელობისას უფრო გულდაჯერებულად გრძნობს თავს, ამდენად მისი ნათქვამი გულწრფელია. სხვა შემთხვევაში სადღეგრძელოს შინაარსი ზოგადია, ხშირად - უზოგადესი, თუ მას სადღეგრძელოს ობიექტის შესახებ არაფერი ხელმოსაჭიდი არა აქვს. ასეთ შემთხვევებისთვის, როცა სუფრაზე მისთვის უცნობი ადამიანები იმყოფებიან, თამადა მათ შესახებ ინფორმაციას ოჯახის (თუ სუფრა ოჯახშია გაშლილი) უფროსისგან იღებს და ფაქიზად, ოსტატურად ჩააქსოვს თავის სიტყვაში.
ყოველი სადღეგრძელოს წარმოთქმის შემდეგ თამადა თავად ირჩევს სუფრის წევრს, რომელმაც მის შემდეგ უნდა წარმოთქვას სადღეგრძელო. ამას ალავერდი ეწოდება. ის, ვინც იღებს ალავერდს თამადისგან, თავისი სიტყვებით იმეორებს მის წარმოთქმულს, ავითარებს მას და, თავის მხრივ, სხვასთან გადადის ალავერდს. და ასე სუფრის ყველა წევრი ერთმანეთის მიყოლებით სვამს პერსონალურ ან ზოგად სადღეგრძელოს. სადღეგრძელოში ბევრი ქებაა, ხშირად გადაჭარბებული, ისე რომ ადამიანი უხერხულადაც კი გრძნობს თავს, მაგრამ იძულებულია იდგეს ფეხზე და უსმენდეს. ერთი ბეწო დამსახურება სადღეგრძელოში ხანდახან გრანდიოზულ მასშტაბებს იძენს, ადრესატი ითმენს ამას, მოთმინებით ისმენენ სუფრის წევრებიც, არავინ ამ ჰიპერბოლურ ქებას სერიოზულად არ აღიქვამს. ყველა აღიქვამს ამას, როგორც რიტუალს. რომაული ანდაზის პერიფრაზი რომ გავაკეთოთ, უნდა ვთქვათ, რომ სადღეგრძელოში უნდა ითქვას ან ქება, ან არაფერი. ნადღეგრძელევი ადამიანი მადლობას იხდის სიტყვიერად ან თავის დახრით და შესვამს სასმისს. მიუხედავად გადაჭარბებული ხოტბისა, რაც არცთუ იშვიათად ახლავს პერსონალურ სადღეგრძელოებს, ისინი ემსახურება სუფრის წევრების ურთიერთგაცნობას; თამადა ცდილობს თითოეულ სუფრის წევრში, რომელსაც ადღეგრძელებს, დაინახოს რაღაც კარგი თვისება, გაიხსენოს რაიმე კეთილშობილური აქტი მისი ცხოვრებიდან, ოდნავ შეალამაზოს, წინ წამოსწიოს...
თამადას შეუძლია და ვალდებულიც არის, შესვას რიგგარეშე სადღეგრძელოები. არსებობს სუფრაზე შემოსწრებულის სადღეგრძელო. შემოსწრებული შეიძლება იყოს სუფრის დაგვიანებული წევრი ან სტუმარი, რომელიც დაპატიჟებული არ ყოფილა და შემთხვევით მოხვდა სუფრაზე. ეს არავითარ უხერხულობას არ უქმნის არც მას, არც სუფრას. პირიქით, სუფრა სიხარულით და ენთუზიაზმით ეგებება მას. ყველაზე ძვირფასი ქართულ სუფრაზე დაუპატიჟებელი სტუმარია. ეს კარგი ნიშანია, რადგან "სტუმარი ღვთისაა". დაგვიანებულს "ჯარიმას ახდევინებენ". ჯარიმა ნიშნავს მის შემოსვლამდე შესმული სადღეგრძელოების შესმას, რათა დაეწიოს სუფრას, მისწვდეს მის კონდიციას. მას სთავაზობენ, ერთ ან რამდენიმე ჭიქაში ჩატიოს სუფრაზე წარმოთქმული ყველა სადღეგრძელო და მერე შეუერთდეს სუფრის აქტუალურ მიმდინარეობას.
თამადის გარდა, სადღეგრძელოს წარმოთქმის უფლება სუფრის წევრსაც ეძლევა. მაგრამ მას უფლება არა აქვს, წარმოთქვას თამადის სათქმელი სადღეგრძელო, არამედ რაღაც განსხვავებული, ინდივიდუალური - ამას "თავისუფალი სადღეგრძელო" ეწოდება. ყველა ვალდებულია, შეუერთდეს მას ან უხმოდ, ან გაიმეოროს, შეუძლია განავითაროს თავისუფალი სადღეგრძელოს თემა.
წესად არის, თამადამ მოითხოვოს გამორჩეული სასმისი რაიმე განსაკუთრებული სადღეგრძელოს შესასმელად; მასპინძელი სუფრაზე გამოიტანს და თამადას მიართმევს სხვა ფორმის სასმისს - ეს შეიძლება იყოს თიხის ან ვერცხლის თასი, ან აზარფეშა (გრძელტარიანი თასი), ოჯახის რელიკვია, რომელიც დაკავშირებულია რაღაც განსაკუთრებულის ხსოვნასთან; ეს შეიძლება იყოს ყანწი, რომლის თავისებურება ის არის, რომ იგი არ დაიდგმის, თუ ბოლომდე არ დაიცალა. საგანგებო სადღეგრძელოს დროს ჭურჭელმა უნდა ჩამოაროს სუფრის ყველა წევრი, რომ ამ ერთი სასმისით შესვას ყველამ. ამით გამოიხატება პატივისცემა სადღეგრძელოს ადრესატისადმი, ამავე დროს - სუფრის კონსოლიდაცია. საერთო სასმისის ჩამოტარება სუფრაზე რამდენჯერმე შეიძლება განმეორდეს.
ასე ერთმანეთის დღეგრძელობაში და ზოგადი სადღეგრძელოების წარმოთქმაში გადის დრო. თამადა თვალყურს ადევნებს სუფრის მიმდინარეობას, ვინ როგორ სვამს, ვინმე ხომ არ "იპარავს ღვინოს", თუმცა მას შეუძლია აპატიოს "ქურდს", მხედველობაში მიიღოს საპატიო მიზეზი. მნიშვნელობა აქვს, თუ როგორი რიტმია დაჭერილი სადღეგრძელოებს შორის: არც უნდა ჩქარობდეს, არც უნდა აგვიანებდეს, გრძნობდეს სუფრის განწყობილებას და ამის მიხედვით იქცეოდეს, დააცადოს თავისუფალი საუბარი, გადაძახებები სუფრის ერთი ბოლოდან მეორე ბოლოსკენ, რაც სადღეგრძელოთა წარმოთქმის დროს დაუშვებელია. დაუშვებელია როგორც თვითნებურად, თამადის უკითხავად სასმისის შესმა, ასევე - უკითხავად სუფრიდან წამოდგომა და საჭიროებისთვის გასვლა. ამისათვის თამადის ნებართვაა საჭირო. ზოგიერთ კუთხეში სუფრაზე შემოსულს, რამდენჯერაც არ უნდა შემოვიდეს, თუ სუფრა მცირერიცხოვანია, ფეხზე წამოდგომით ეგებებიან. პაუზებს სადღეგრძელოთა შორის სიმღერა უნდა ავსებდეს. თამადა წამოიწყებს სიმღერას ან მოუწოდებს სუფრის წევრებს, თუ თავად არ შეუძლია სიმღერა (თუმცა თამადის თვისებებში სიმღერის ცოდნაც შედის). იშვიათია სუფრა, სადაც მეინახეთა შორის თუნდაც ორი-სამი სიმღერის მცოდნე არ აღმოჩნდეს. ხდება იმპროვიზებული "გუნდის" შედგენა, აღმოჩნდება პირველი და მეორე ხმები, ბანის მთქმელიც, რამდენიმე მუსიკალური სმენის პატრონი და სუფრის მუსიკალური გაფორმებაც უზრუნველყოფილია. უსიმღერო სუფრა ნაკლული სუფრაა. სიმღერაც კი არსებობს, სადაც გაკიცხულია უსიმღერო "პურის ჭამა":

პურსა სჭამენ და ღვინოს სმენ, სიმღერას არ იტყვიანო,
არ ვიცი, ვისმე გლოვობენ, არ ვიცი, არ იციანო.

ერთადერთი გლოვის სუფრაა, სადაც არ ითქმის სიმღერა, თუნდაც ნაღვლიანი და სამგლოვიარო ჰანგისა და შინაარსის.
სუფრული სიმღერების რეპერტუარი ძალზე ფართეა. საქართველოს ზოგიერთ კუთხეში არსებობდა სუფრაზე სიმღერების შესრულების მკაცრად განსაზღვრული წესი. სუფრაზე იმღერებოდა არა ნებისმიერი სიმღერა, არამედ მხოლოდ და მხოლოდ სუფრული სიმღერები მკაცრი თანამიმდევრობით.
როგორც დასაწყისი აქვს სუფრას, ასევე აქვს მას დასასრული. როცა ამოიწურება სადღეგრძელოების (სავალდებულოთა და თავისუფალთა) მთელი რეპერტუარი, წამოდგება სუფრის წევრი, ხშირად უხუცესი, თანამესუფრეთა დავალებით და მათი სახელით ადღეგრძელებს თამადას, შეუქებს მას თამადობას, მადლობას გადაუხდის, უსურვებს მრავალგზის ლხინის სუფრაზე თამადობას და ა.შ. ბოლო სიტყვა მაინც თამადას ეკუთვნის. ბოლო სადღეგრძელო ეძღვნება ღვთისმშობელს, ეს არის ე.წ. საყოვლადწმიდაო. "ყოვლადწმიდა" მართლმადიდებელ სამყაროში ღვთისმშობლის უპირველესი ეპითეტია. ეს სადღეგრძელო აუცილებელია, იგი ასრულებს სუფრას. იმდენად აუცილებელია, რომ სოფელ ადგილას ყოფილა შემთხვევა, თამადას დავიწყნია მისი წარმოთქმა და თავის სოფელში წასული უკან მობრუნებულა ღამით, ქარში და ავდარში. საქართველოს მთიან კუთხეში სვანეთში დღემდე შემონახულია სუფრის წარმართვის და რიგის არქაული წესი. აქაც სუფრას ღვთისმშობლის ხსენება ამთავრებს. სადღეგრძელოთა რიგი ასეთია: პირველად წარმოითქმის დიდი ღმერთის "სადღეგრძელო", სადიდებელი; მეორედ ახსენებენ მთავარანგელოზს (იგულისხმება მიქაელი), მესამედ - წმიდა გიორგის. ამ სამ კანონიკურ სადღეგრძელოს და ღვთისმშობლის სამადლობელო სადღეგრძელოს შორის, ამ ჩარჩოში, სუფრის მანძილზე, თამადა წარმოთქვამს სადღეგრძელოებს, რომლებიც ეძღვნება შეკრების მიზანს (ნიშნობა, ქორწილი დ სხვა). პერსონალური სადღეგრძელოები აქ არ იციან. შესაძლებელია, თამადამ შესვას ვინმე საპატივცემულო სტუმრის ან უხუცესი ადამიანის სადღეგრძელო.
განსაკუთრებულია გლოვის სუფრა. მიცვალებულის დაკრძალვის შემდეგ მონაწილენი - ნათესავები, მიცვალებულის მეგობრები, ოჯახის ახლობლები, მეზობლები - სასაფლაოდან ბრუნდებიან სახლში ან მიდიან საგანგებოდ დაქირავებულ დარბაზში (დღეს უმეტესწილად ასე ხდება) და იმართება გლოვის სუფრა. ამას ეწოდება ქელეხი. იგი შედის დაკრძალვის რიტუალში, როგორც აუცილებელი შემადგენელი, დამაგვირგვინებელი ნაწილი. ამავე დროს, ქელეხი ჭირისუფლებისთვის ნუგეშისცემის ერთი ყველაზე ქმედითი საშუალებაა. ქელეხის სუფრა უფრო მეტად რიტუალიზებულია და მკაცრად რეგლამენტირებული, სადღეგრძელოთა რიგი და რიცხვი (მიღებულია კენტი - 9 ან 13) - განსაზღვრულია. სადღეგრძელოები თავს იკრებს მიცვალებულის გარშემო, მაგრამ მხოლოდ მისი ხსენებით არ ამოიწურება. პირველ ჭიქას აიღებს მასპინძელი-ჭირისუფალი და დაასახელებს თამადას, რომელსაც ირჩევს თავის ნათესავ-მეგობრებისგან ისეთ ადამიანს, ვინც კარგად იცნობს ოჯახის წევრებს, მათ ასავალ-დასავალს, გარდაცვლილებს და ცოცხლებს, რომ სადღეგრძელოები არა ფორმალურად, არამედ გულითადად წარმოთქვას. სუფრის წევრები ასწევენ ჭიქებს და "მიულოცავენ" თამადობას, უსურვებენ ამიერიდან ლხინის სუფრაზე გაეწიოს ხელმძღვანელობა. პირველი სიტყვა თამადისა ეძღვნება მიცვალებულს, რომელიც ახლახან მიაბარეს მიწას; თამადა მოკლედ ჩამოთვლის მის ღირსებებს, მის ღვაწლს, გულისტკივილს გამოთქვამს მისი დანაკლისის გამო, პირველ რიგში, ოჯახისთვის, მერე ნაცნობ-მეგობრებისთვის და, თუ გარდაცვლილი ცნობილი მოღვაწეა, საზოგადოებისთვის და, შესაძლოა, მთელი ქვეყნისთვისაც. სუფრის წევრები ფეხზე წამოდგომით - "ღმერთმა შეუნდოს, გაანათლოს მისი სული" - ამ სიტყვებით შესვამენ სასმისებს. შესაძლოა, ვინმემ რამდენიმე სიტყვა, როგორც ქება ან მოგონება, დაუმატოს თამადის ნათქვამს. მეორე სადღეგრძელოთი თამადა გაიხსენებს გარდაცვლილის მშობლებს, თუ ისინი აღარ არიან ამქვეყნად (თუ ცოცხლებია, მათი სადღეგრძელო სხვა დროს ითქმის). მესამე სადღეგრძელოთი თამადა მოიხსენებს გარდაცვლილის შვილებს, თუ ისინი გარდაცვლილნი არიან; მესამე რიგში ასევე გარდაცვლილ მეუღლეს; მეოთხე რიგში მის გარდაცვლილ ახლო ნათესავებს სახელდებით; მეხუთე რიგში, ყველა გარდაცვლილს სახელთა ხსენების გარეშე. ამით მთავრდება მიცვალებულთა მოსახსენებელი და შესანდობარი სადღეგრძელოები. ამის მერე იწყება დარჩენილთა ნუგეშისცემა და დღეგრძელობა. ესენი არიან, პირველ რიგში, მეუღლე (თუ ის ცოცხალია); მეორე რიგში, შვილები; მესამე რიგში, შვილიშვილები; მეოთხე რიგში, ნათესავები; მეექვსე რიგში, მეგობრები; მეშვიდე რიგში, კოლეგები; მერვე რიგში, მეზობლები, რომელთაც (ასე იტყვიან) ნათესავებზე და მეგობრებზე ადრე გაიგეს მისი გარდაცვალების ამბავი. როცა ქელეხის სუფრა ბოლოსკენ მიდის, შემოიტანენ კერძს - ფლავს (შილა-ფლავს ანუ ხორციან ფლავს, ხოლო თუ მარხვის დღეა, სოკოიანს), რაც ნიშანს აძლევს თამადას, რომ მან ხელმეორედ შესვას გარდაცვლილის შესანდობარი და ამით დაასრულოს სუფრა. სოფლებში ბოლო სასმისით მესაფლავეებს ადღეგრძელებენ, რომელთაც უკანასკნელი ვალი შეასრულეს მიცვალებულის მიმართ. თამადა დაასრულებს თავის მოვალეობას, მაგრამ მისი სადღეგრძელო არ შეისმის. მას მხოლოდ პრივატულად მადლობას გადაუხდის ჭირისუფალი და ერთხელ კიდევ უსურვებს მომავალში სამხიარულო სუფრის თამადობას.
საერთო წესია, რომ ქელეხზე სადღეგრძელოები მიცვალებულის გარშემო ტრიალებს, ესენი ძირითადად შესანდობარებია. თუშეთში, საქართველოს ერთ-ერთ ეთნოგრაფიულ რეგიონში, ქელეხზე მიცვალებული გარდაცვლილი მშობლების, და-ძმის და ნათესავების შესანდობართა შემდეგ აუცილებლად ითქმის სხვადახვაგვარად დაღუპულთა შესანდობარი: ზვავში მოყოლილთა ან წყალში დამხრჩვალთა; უპატრონოდ გარდაცვლილთა; მათი, ვისი სახლიც უპატრონოდ დარჩა; მათი, ვის სახლშიც ცეცხლი არასოდეს დაინთება; მათი, ვისაც არასოდეს არავინ გაიხსენებს; მათი, ვინც თავისი ქვეყნის გარეთ დაიხოცნენ; მათი, ვინც მტრის ხელით დაიხოცნენ; მათი, ვინც მტრის მიწაზე დარჩა მოკლული; მათი, ვინც მშობიარობას გადაჰყვა; მათი, ვინც მოუნათლავი მოკვდა; მათი, ვინც დაუქორწინებელი მოკვდა; ვინც, თავი მოიკლა...
როგორც ვხედავთ, სადღეგრძელოები (შესანდობარები) საკმაოდ ბევრია, მაგრამ მათ პატარა სასმისებით სვამენ, რომ არ დათვრნენ, ენა არ აერიოთ, ბარბაცი არ დაეტყოთ, რაც სირცხვილად ითვლება.
სამგლოვიარო სუფრა - ქელეხი მოკრძალებულია: მწვანილი, წნილი, ფხალი, თევზეული (სხვადასხვაგვარად მომზადებული), ლობიო და, რაც მთავარია, სამგლოვიარო სუფრაზე აუცილებელი წანდილი (თაფლში არეული მოხარშული ხორბალი). იგი უსათუოდ უნდა იგემოს სუფრის წევრმა, მასზე ამბობენ, რომ ის "მიუდის მიცვალებულს". დასავლეთ საქართველოში ქელეხის სუფრაზე აკრძალულია არამხოლოდ ხორცეული, არამედ თევზეულიც - მხოლოდ წნილი, ფლავი და ლობიო. ეს არის და ეს.
(საქართველოს რეგიონების მიხედვით განსხვავდება ქელეხის ტიპი. თუ აღმოსავლეთ საქართველოში და დიდ ქალაქებში ქელეხი მოსდევს დაკრძალვას, დასავლეთ საქართველოს სოფლებში ქელეხის სუფრა წინ უძღვის დაკრძალვას. მაგრამ ეს არ არის ერთიანი სუფრა: სხვადასხვა სოფლებიდან მოსულები ცალკ-ცალკე სხდებიან სუფრასთან; ერთნი მიდიან, მეორენი მოდიან. მიუსამძიმრებენ ჭირისუფალს, დასხდებიან სუფრასთან, შესვამენ სამ ჭიქა ღვინოს მიცვალებულის შესანდობარად და გადგება გვერდზე. ახლა სხვა პარტია მიუსხდება სუფრას და ასე მიცვალებულის გასვენებამდე).
გარდაცვალებიდან ორმოცი დღის შემდეგ კვლავ შეიკრიბებიან, ტრადიციის ძალით იგივე თამადა უხელმძღვანელებს სუფრას, აღნიშნავს რა ორმოცი დღის მნიშვნელობას გარდაცვლილისთვის (მისი სული, ქრისტიანული რწმენის თანახმად, ტოვებს მიწიერ სფეროს), გაიმეორებს იმავე სადღეგრძელოებს, რანიც დაკრძალვის დღეს წარმოთქვა. წლის გასვლისას კვლავ იკრიბებიან - ამას ეწოდება წლისთავი. ამ დროს ხდება "ჭირის ახდა". თამადობს იგივე პიროვნება, რომელმაც თამადობა გაუწია ქელეხს და ორმოცს. ამიერიდან ჭირისუფლებს, ოჯახს, სოფელს ნება ეძლევათ გამართონ ქორწილები და სხვა სამხიარულო ნადიმები. ზოგიერთ თემში ჭირის ახდის ნიშნად ვინმე არჩეული კაცი მთელი სოფლის შუაგულში და მთელი სოფლის გასაგონად მხიარულ ჰანგზე დაუკრავს ფანდურს.

პირველად დაბეჭდა გერმანულ ენაზე წიგნში: Nana Ansari. Die georgische Tafel, Mandelbaum Verlag, Wien, [2004]. სათაურით Georgische Tafel (Sufra), Zeremonie des Weintrinkens [ქართული სუფრა, ღვინის სმის ცერემონია].


© „მარანი“


1 comment:

Anonymous said...

შესანიშნავი სტატიაა

ნამდვილად ვისიამოვნე

ინგლისური ვარიანტიც რომ იყოს ამ სტატიის ნამდვილად გამომადგებოდა ჩმ უცხოელ მეგობრებს წავკითებდი