Sunday 28 October 2007

ვაზის და გლეხის ტირილი კახეთში


ზვიად რუაძე

გურჯაანელი 78 წლის ლერი ლაზაშვილისთვის ყოველი დილა ვაზზე სიმღერით იწყებოდა. ყინვასა თუ სიცხეში იგი თავის მამა პაპისეულ ვენახში, რომელიც მისი საცხოვრებელი სახლიდან ორი კილომეტრითაა დაშორებული, ფეხით დადიოდა. ვაზზს ელაპარაკებოდა ისე, როგორც საკუთარ შვილს. უვლიდა როგორც ჩვილ ბავშვს. მისი დაკოჟრილი ხელები, მზისგან დამწვარი და დანაოჭებული სახე იმას მეტყველებს, რომ ამ გლეხმა თავის ცხოვრება შრომაში გაატარა. როგორც ბატონი ლერი გვიამბობს, ვაზი მისი მესაიდუმლეც ყოფილა: "განსაკუთრებული გრძნობაა, როცა მთელი ცხოვრება ვაზზს უვლი შვილივით. ჩემს ოჯახთან არ მისაუბრია იმდენი, რაც ამ ვაზთან. იგი ჩემი მესაიდუმლეც იყო. ვაზი მისმენდა. როცა ამ ცხოვრებაზე გაბრაზებული ცრემლი მომერეოდა, თითქოს ისიც ტიროდა და თან მამშვიდებდა. რაოდენ ცუდ ხასიათზეც არ უნდა ვყოფილიყავი, ვენახში მისვლის დროს ოპტიმისტური განცდები მეუფლებოდა", - ამბობს ბატონი ლერი და თვალზე ცრემლი ადგება, რადგან გადაწყვეტილი აქვს, რომ შვილივით ნაზარდი ვენახი გაჩეხოს.
მოხუც მევენახეს წელს უხვი მოსავალი მოუვიდა. ას მეასედ ნაკვეთში 4 ტონა ყურძენი დაკრიფა, თუმცა რეალიზება ვერ მოახერხა. ნერვიულობის გამო, სახლში მისული 78 წლის მოხუცი ავად გახდა და გული წაუვიდა. "რომ არა მეზობლები, ჩემი მეუღლე ახლა გარდაცვლილი იქნებოდა. დილის ექვს საათზე ქარხანაში ჩასაბარებლად გატანილი ყურძენი, საღამოთი ოთხ საათზე სახლში მოიტანა. არცერთმა ქარხანამ არ მიიღო იმ მიზეზის გამო, რომ არ იბარებდნენ. სახლში ჭურჭელიც არ გვქონდა, რომ ჩაგვეწურა. ბოლოს მეზობლებმა გვათხოვეს რამდენიმე ტონიანი ავზები და მასში ჩავწურეთ ეს ოთხი ტონა ყურძენი", - ამბობს ლერის მეუღლე მერი ლაზაშვილი.
კახელი გლეხისთვის ვაზიდან მოწეული მოსავალი წლის საზრდოა. ერთი ჰექტარი ვენახის წლიურად მოვლა კი 1 500 - 2 ათასი ლარი ჯდება. თუმცა დღეს, როგორც მევენახე ამბობს, ვაზში დახარჯულ თანხას ვერ იღებს, ამის გამო იგი ვენახს კაფავს. გურჯაანელმა ავთო ყალაბეგაშვილმა ექვსი წლის გაშენებული საფერავის ჯიშის ვაზი გაჩეხა. იგი ამბობს, რომ ვაზის გაკაფვა შვილის მკვლელობის ტოლფასია, მაგრამ სახელმწიფომ მას სხვა გამოსავალი არ დაუტოვა. "ამ გადაწყვეტილებამდე ხელისუფლებამ მიმიყვანა. კილოგრამ საფერავს 40 თეთრი დაადეს და მისი გადახდაც ენანებათ. ქარხანაში მითხრეს, ნაწილს მაისში გაგისტუმრებთო. ავდგები, ბალახს დავთეს და გავყიდი. მას უფრო ფასი აქვს", - ამბობს ავთო ყალაბეგაშვილი, რომლის გადადგმულ ნაბიჯსაც ხელისუფლებისგან მწვავე რეაქციები მოყვა. ამ ამბავს მთავრობის წარმომადგენლებმა დადგმული სპექტაკლი უწოდეს. მოგვიანებით ყალაბეგაშვილის ვაზის გაჩეხვის თემა ტელევიზებს შორის დაპირისპირების მიზეზიც გახდა. ხელიუსფლებისთვის სასურველი ტელეკომპანია აცხადებდა, რომ ყალაბეგაშვილს ვაზის გაჩეხვაში ფული, მთავრობის მიმართ რადიკალურად განწყობილმა ტელევიზიამ გადაუხად.
მართალია კახელების უმრავლესობა მიმდინარე რთველით უკმაყოფილოა, მაგრამ არიან ადამიანები, რომლებისთვსაც ერთ კილოგრამ ყურძენში გადახდილი თანხა მისაღებია. ამ ადამიანთა რიცხვს გურჯაანელი შალვა ომსარაშვილიც მიეკუთვნება. მას ერთ ჰექტარ ვენახზე 10 ტონა ყურძენი მოუვიდა. "არ ვიცი სხვებს რა პრობლემები აქვთ რიალიზებაში, მაგრამ მე წლევანდელი რთვლით ძალზე კმაყოფილი ვარ. კლიენტი მოვიდა და ერთ კილოგრამ რქაწითელში სუფთა - 40 თეთრი გადამიხადა. მე რომ წამეღო ქარხანაში ჩასაბარებლად, მას ხარჯი კილოზე 7 თეთრი ექნებოდა", - ამბობს გურჯაანელი შალვა ომსარაშვილი.
საფერავის ყურძენში გადახდილი ფასი მისაღებია ახაშნელი ნათელა თათრიშვილისთვისაც: "მართალია თავიდან გაგვიძნელდა მოსავლის დაბინავება, მაგრამ უეცრად მოგვადგა მყიდველი და იმაზე მეტი, 80 თეთრი გადაგვიხადა საფერავში, რასაც არ ველოდი. უნდა გითხრათ, რომ წლევანდელი რთველი ჩემი ოჯახისთვის ბარაქიანი იყო."
საქართველოში "ყურძნის ომი" გასულ წელს რუსეთის მიერ დაწესებულმა ღვინის ემბარგომ გამოიწვია. ამის შედეგად საქართველოში არსებულმა არერთმა ღვინის ქარხანამ იზარალა. მათ რიგებს სს "კოტეხის" ღვინის ქარხანაც მიეკუთვნება. საწარმო წელს ყურძნის შესყიდვას იმ მიზეზის გამო ვერ ახერხებს, რომ შარშან წარმოებული ღვნის რეალიზებაც ვერ მოხდა. "ჩვენთან ამჯერად ყურძნებს სხვა კომპანიები იღებენ და ერთი კილოგრამი რქაწითელის ფასი 28 თეთრია, საფერავის კი 40", - ამბობს მთავარი მეღვინე დათო ბეჟაშვილი.
უკმაყოფილო გლეხები თქმით, მათ ყურძნის მიღებაზე უარს კონცენტრატების საწარმო "ქართული პეროდუქტებიც" ეუბნება. არადა წარმატებული რთველისთვის სახელმწიფომ შარშან ქარხანას ხუთი მილიონ ევროს სუბსიდია გამოუყო. "მივიტანეთ ყურძენი და უკან გამოგვატანეს, არ ვიღებთო", - ამბოს ლერი ლაზაშვილი. მევენახის ბრალდებას უსაფუძვლოს უწოდებს საწარმოს ხელმძღვანელი მაგული ღვალაძე "პირიქით, ჩვენ ვიხვეწებით უწამლი და ვაქირულა ჯიშის ყურძენი შემოიტანონ. ფასი 18-20 თეთრია, ბრალდება კი უსაფუძვლო. ეტყობა სხვა ქარხანაში ერევა ამ ადამიანს ჩვენი საწარმო", - ამბობს ღვალაძე.
გასული წლის მსგავსად, მთავრობამ სახელმწიფო პროგრამის თანახმად, წელსაც გამოყო კერძო კომპანიებისთვის 5 მილიონიანი უპროცენტო კრედიტი. როგორც სოფლის მეურნეობის შტაბში აცხადებენ, ღვინის კომპანია ნაფარეული, ასკანელი ძმები და შპს "გუგული" პირნათლად ასრულებენ დავალებებს. პროგრამის თანახმად, კომპანიებმა მიღებული ნედლეულიდან სასპირტე და საკონიაკე მასალები უნდა დაამზადონ. "ტენდერი გამოცხადდა და მასში გავიმარჯვეთ. პროექტში მონაწილეობა ისეთ კომპანიებს შეეძლოთ, რომლებსაც სპირტისა და საკონიაკე მასალების დამზადების გამოცდილება ჰქონდათ. ჩვენ ისეთი ყურძენი ჩავიბარეთ, რომელიც ღვინის მასალის დასამზადებლად გამოუყენებელია და მხოლოდ სპირტში თუ ივარგებს. ჩვენმა საწარმომ გლეხებისგან ამ რთველზე 98 ტონა საფერავი და 1 300 ტონა რქაწითლის ჯიშის ყურძენი ჩაიბარა", - შპს "გუგული" ხელმძღვანელი დავით თოფურია
ოპოზიციის თქმით, ეს თანხა საკმარისი არ არის იმისთვის, რომ კახელმა გლეხმა მოსავალი დააბინავოს. კონსერვატიული პარტიის ლიდერს, ზვიად ძიძიგურს მიაჩნია, რომ აგრარული მეურნეობის გადასარჩენად აუცილებელია მემამულესთვის მრავალწლიანი სუბსიდიების გამოყოფა. "თუ მთავრობას უნდა, რომ გადარჩეს მევენახეობა, აუცილებელია საქართველოს პარლამენტმა ქვეყნის ბიუჯეტიდან, ამ ეტაპზე სასწრაფოდ გამოყოს 100 მილიონის ოდენობით სუბსიდია. წინააღმდეგ შემთხვევაში მევენახეობას გადაშენება ემუქრება", - აცხადებს ძიძიგური.
ექსპერტების თქმით კი, "სოფლის მეურნეობის სუბსიდირება ყველა ევროპულ ქვეყანაშია აპრობირებული. თუმცა სპონტანურად გადაწყვეტილების მიღება ამ საკითხთან დაკავშირებით არ შეიძლება და შესაძლოა იგი სეჭვო იყოს. მართალია სუბსიდირება შეიძლება ამ ეტაპზე გლეხებისთვის მისაღებია, მაგრამ ყველაფერი უნდა დაიგეგმოს და შეისწავლოს. თანხა კი, როგორც წესი, მოსავლის დამუშავების დროს უნდა გაიცეს", - აცხადებს ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში ანა ქათამაძე.
სოფლის მეურნეობის სამნისტროში აცხადებენ, რომ აგრარული დარგის გასავითარებლად სუბსიდიაზე საუბარი ზედმეტია, რადგან ქვეყნის ბიუჯეტს ამის საშუალება არ გააჩნია.
"რთველი 2007"-ის მიმდინარეობით კმაყოფილებას ვერ ფარავს საქართველოს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. "რუსული ემბარგოს და მტრების გასახარად წელს კახეთში რთველი წარმატებულად დასრულდა. ჩვენ მოვახერხეთ მთელი მოსავლის დაბინავება, გაყიდვა და მოვახერხეთ ის, რომ კახეთში შევიდა ძალიან დიდი რაოდენობის, ასობით მილიონი ლარი", აცხადებს სააკაშვილი.
იმის გამო, რომ წელს რქაწითელის და საფერავის ყურძნის რეალიზება ჭირს, სოფლის მეურნეობის მინისტრი პეტრე ცისკარიშვილი კახელ გლეხებს ახალ რჩევას აძლევს. საფერავის და რქაწითელის ვაზის ნაცვლად, რომლის რეალიზებაც დღეს პრობლემადაა ქცეული, უწამლი ვენახი გააშენონ, რადგან ამ ვაზს დიდი მოვლა და წვალება არ სჭირდება. "ჩვენ ბაზარზე იაფფასიანი ყურძნის მოთხოვნა გავაჩინეთ. ესენია უწამლი ჯიშის ვაქირულა, შანიძე და სხვა. ხალხმა უნდა იცოდეს, რომ ამ ყურძენს არ ჭირდება არანაირი მოვლა და არა აქვს ხარჯი. თან მოსავალი სამჯერ მეტი მოდის, ვიდრეს ეს კეთილშობილი, რქაწითელის ჯიში. მისი ფასი 20 თეთრი კი, როგორც ბიზნესი, ძალიან მომგებიანია", - ასეთ რჩევას აძლევს გლეხებს ცისკარიშვილი.
რამდენიმე წლის წინ, ამგვარი მიმართვით, საფერავის ჯიშის ვაზის გასაშენებლად, მოწოდებები შევარდნაძის ხელისუფლებაში ყოფნის დროსაც ისმოდა. თუმცა დღეს კახელ გლეხებს ათობით ჰექტარ სფერავის ვაზზე ყურძენი ულპებათ. სამთაწყაროელმა მევენახეებმა არ იციან რა უყონ უკვე დაჩამიჩებულ მოსავალს: "ჩვენი გასაჭირი გულთან არავინ მიიტანა. მთავრობა გვაბოროტებს. რა ვუყო ამ მოსავალს? იძულებული ვარ ღორებს დავუყარო", - ამბობს დედოფლისწყაროს რაინის სოფელ სამთაწყაროში მცხოვრები ზვიად პაპიაშვილი.
როგორც შარშან, წელსაც, რთვლის მიმდინარეობასთან დაკავშირებით სოფლის მეურნეობის სამინისტრომ გურჯაანის რაიონში სპეციალური შტაბი გახსნა. შტაბში ყვეელანაირი ინფორმაცია იყრის თავს - თუ რა რაოდენობის მოსავალია და როგორ ხდება მისი დაბინავება. შტაბი ყურძნის ყიდვის მსურველებს მევენახეებთან კონტაქტში ეხმარება. შტაბის ინფორმაციით, ამ დროისთვის კახელი გლეხისგან მოსავალი ასამდე სხვადასხვა კომპანიამ შეისყიდა, მათ შორის ნავთობისა და გაზის კორპორაციამ 53 ტონა. ასევე რამდენიმე რეგიონის მუნიციპალიტეტის გამგეობებმა.
სოფლის მეურნეობის შტაბის ინფორმაციით, გასულ წელს კახეთში 130 ათასი ტონა ყურძენი მოიკრიფა. აქედან 69 ათასი ტონა სპირტის დამზადებას და ღვინის წარმოებას მოხმარდა. 60 ათასი ტონა კი ბაზრებზე, მოხმარებაში გავიდა. რთვლის დაწყებამდე პრეზიდენტმა სააკაშვილმა ბიზნესმენებზე, როგორც თავად განაცხადა, "მსუბუქი ტერორი" განახორციელა. მან ბიზნესმენებს თხოვნით მიმართა, რომ კახელი გლეხებისგან ყურძენი შეესყიდათ. ანალოგიურ სვლას მთავრობამ წელსაც მიმართა, ოღონდ არა ღიად. "შარშანდელთან შედარებით წელს 70 პროცენტით მეტი მოსავალი - 200 ათასი ტონა ყურძენი მოვიდა. გლეხებისგან ნედლეულის შესყიდვა კი გასული წლის მსგავსად ხდება. მოსავალს როგორც ქარხნები, სხვადასხვა კომპანიებიც იღებენ. ამ დროისთვის კი მოსავლის 60 პროცენტია დაბინავებული", - ამბობს ჩვენთან საუბარში შტაბის ხელმძღვანელი აკაკი სიხარულიძე.
საქართველოში საწარმოების საპრივატიზაციო დოღი 1992 წლიდან დაიწყო. კახეთში მოქმედი 50 ქარხანა კერძო საკუთრებაში გადავიდა. მალე ქარხნის მეპატრონეებმა ვენახები ასობით ჰექტარ მიწის ფართობებზე გააშენეს და გლეხისგან ყურძნის მიღების პრობლემები სწორედ ამ დროიდან წარმოიქმნა. ის, რომ დღეს ერთი კილოგრამი ყურძნის ღირებულება 18 დან 30 თეთრამდე მერყეობს, ამას მეწარმეები ბაზარს და რუსეთის მიერ დაწესებულ ემბარგოს უკავშირებენ. ფასებში ჩარევაზე უარს აცხადებს მთავრობაც. კახელ გლეხებს კი მიაჩნიათ, რომ "მთავრობამ ციდი ნაბიჯი გადადგდა, როცა რუსეთთან ურთიერთობა გააფუჭა. მაშინ ერთი კილო საფერავი 1 ლარი და 80 თეთრი ღირდა. რაქაწითელის ფასი კი 50-60 თეთრი იყო", - ამბობს გურჯაანელი კახი შიუკაშვილი.
კახეთი წლების წინ ვაზის ქვეყნად ითვლებოდა. 100 ათასი ჰექტარი ვაზიდან დღეს უკვე 35 ათასიღაა დარჩენილი და კახელი გლეხი მასაც გაჩეხვას უპირებს.

© „მარანი“

2 comments:

Anonymous said...

ჩვენ კერძო საერთაშორისო ფულის კრედიტორები ვართ. ჩვენ ვთავაზობთ სხვადასხვა სესხებს ძალიან დაბალი საპროცენტო განაკვეთი სამი პროცენტი წელიწადში. ჩვენი სახსრები მხოლოდ კერძო და კორპორატიული საინვესტიციო პორტფელებისგან იღებს პირდაპირ იურისდიქციაში.
 
ჩვენ გთავაზობთ სესხის თანმხლები ხაზები COLLATERAL გარეშე 3% ინტერვალში
* პირადი სესხები * ბიზნეს სესხები * საინვესტიციო სესხები * მანქანის სესხი
* სტუდენტური სესხი * ფერმის სესხი * სახლი სესხი
 
თუ თქვენ დაინტერესებული ხართ ჩვენი შეთავაზებით გთხოვთ მოგვაწოდოთ მოკლე ინფორმაცია ელ.ფოსტის მეშვეობით: collinsmark640@gmail.com

Anonymous said...

ჩვენ კერძო საერთაშორისო ფულის კრედიტორები ვართ. ჩვენ ვთავაზობთ სხვადასხვა სესხებს ძალიან დაბალი საპროცენტო განაკვეთი სამი პროცენტი წელიწადში. ჩვენი სახსრები მხოლოდ კერძო და კორპორატიული საინვესტიციო პორტფელებისგან იღებს პირდაპირ იურისდიქციაში.
 
ჩვენ გთავაზობთ სესხის თანმხლები ხაზები COLLATERAL გარეშე 3% ინტერვალში
* პირადი სესხები * ბიზნეს სესხები * საინვესტიციო სესხები * მანქანის სესხი
* სტუდენტური სესხი * ფერმის სესხი * სახლი სესხი
 
თუ თქვენ დაინტერესებული ხართ ჩვენი შეთავაზებით გთხოვთ მოგვაწოდოთ მოკლე ინფორმაცია ელ.ფოსტის მეშვეობით: collinsmark640@gmail.com