Wednesday 10 October 2007

ლაბორატორიული კვლევის პროგრამა. შედეგები

"სასურსათო პროდუქტების ლაბორატორიული კვლევის" პროგრამის ფარგლებში, სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნული სამსახურის მიერ ალკოჰოლური სასმელების შემოწმებისას არაერთი დარღვევა და ფალსიფიკაცია გამოვლინდა.
როგორც "ინტერპრესნიუსს" სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნული სამსახურის პრესსამსახურიდან აცნობეს, ჩამოსასხმელი, ქარხნული და გლეხური წარმოების ალკოჰოლური სასმელების ნიმუშებიდან აღებულია 144 ნიმუში. აქედან, თბილისში - 112, ხოლო რეგიონებში - 32.
შესყიდული ნიმუშები ლაბორატორიული კვლევის მიზნით გადაეცა აკრედიტებულ და დასახელებულ საგამოცდო ლაბორატორიას. მიღებული შედეგების საფუძველზე ეროვნული სამსახურის მიერ მომზადებული დასკვნები რეაგირებისთვის შემოსავლების სამსახურს გადაეგზავნა.
თბილისში აღებული ალკოჰოლიანი სასმელების 112 ნიმუშიდან 91 ღვინის, 21 კი სხვა ალკოჰოლური სასმელისაა. 91 ღვინის ნიმუშიდან სხვადასხვა სახის დარღვევა აღინიშნება 32-ში, რომელზედაც შესაბამისად მომზადდა 18 გადაწყვეტილება ღვინის რეალიზაციის აკრძალვის შესახებ, ხოლო 15 ნიმუშის მასალა გადაეცა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტს. 59 ნიმუშში წარმოების წესების დარღვევის არანაირი ნიშანი არ აღინიშნება.
რაც შეეხება სხვა ალკოჰოლიანი სასმელების 21 ნიმუშს - (13 არყი, 2 სპირტი, 2 კონიაკი, 3 ლიქიორი და 1 ”ამარეტო”) დარღვევა აღინიშნება 7 არყის და 1 ლიქიორის ნიმუშში. შესაბამისად, მომზადდა: 1 ნიმუშზე (ლიქიორი - ,,ღვინის საფერავი”) გადაწყვეტილება მავნებელი სურსათის განადგურების შესახებ, ხოლო 7 ნიმუშის მასალა გადაეცა შემოსავლების სამსახურს. 13 ნიმუში კი შეესაბამება სახელმწიფო სტანდარტით დადგენილ ნორმატივებს.
რეგიონებში აღებული ალკოჰოლიანი სასმელების 32 ნიმუშიდან 30 არის ღვინის, ხოლო 2 – არყის. მათგან ერთი ნიმუში არ შეესაბამება საქართველოს სახელმწიფო სტანდარტით დადგენილ ნორმატივებს. 30 ღვინის ნიმუშიდან სხვადასხვა სახის დარღვევა აღინიშნება 20-ში, რომლებზედაც შესაბამისად მომზადდა 4 გადაწყვეტილება ღვინის რეალიზაციის აკრძალვის შესახებ, ხოლო 16 ნიმუშის მასალა შემოსავლების სამსახურს გადაეცა.
აღნიშნული 16 ნიმუშიდან 1 ნიმუშზე (ჩამოსასხმელი გლეხური წარმოშობის თეთრი ღვინო ,,ცოლიკაური” - ქ. ზუგდიდი) მომზადდა გადაწყვეტილება მავნებელი სურსათის განადგურების შესახებ. 10 ნიმუშში კი წარმოების წესების დარღვევის არანაირი ნიშანი არ აღინიშნება.

"ინტერპრესნიუსი"

No comments: