Wednesday 13 February 2008

ვაზის გავრცელების მარშრუტი


საქართველო - მცირე აზია - საბერძნეთი - ევროპა

რეზო გეთიაშვილი


ევროპულ სამეცნიერო წრეებში ატეხილ დავაში ივანე ჯავახიშვილმა კულტურული ვაზის "დაბადების ადგილის" განსაზღვრისთვის თავის დროზე საკმაოდ თამამი ვერსია წამოაყენა - ამიერკავკასია. კერძოდ, საუბარი იყო საქართველოს ორ კუთხეზე, კახეთსა და სამეგრელოზე.
რამდენიმე წლის წინ ამ ვერსიაზე მუშაობა ცნობილმა ევროპელმა მეცნიერემაც დაიწყეს. მათ მიერ ჩატარებულმა კვლევების საფუძველზე, ლონდონის საერთაშორისო კონფერენციაზე საქართველო ვაზის სამშობლოდ უკვე ოფიციალურად გამოცხადდა.

* * *
ქართული ვაზის გენოფონდი, როგორც მსოფლიო გენოფონდის ღირსეული შემადგენელი ნაწილი, მთელს მსოფლიოშია აღიარებული. ამის ერთ-ერთი თვალსაჩინო დადასტურებაა მისი ფიქსაცია პარიზის ვაზის გენეტიკური რესურსების კატალოგში.
ქართული ვაზის ადგილობრივი ჯიშები ხასიათდება დომინანტურ გენთა დიდი კონცენტრაციით და მსგავსებით გარეული ვაზის ადგილობრივ ფორმებთან. საქართველო რომ კულტურული ვაზის წარმოშობის კერაა, ამაზე სწორედ ეს მსგავსება და ველური ვაზის ფორმების სიმრავლე მიანიშნებს. ეს ფაქტი ძველი მსოფლიოს ისტორიული წყაროებითაც დასტურდება.

* * *

"და იწყო ნოე კაცმან ქუეყანისა, და დასხა ვენახი და სუა ღუინისაგან და დაითრო..."
დაბადება

ცნობილია, რომ ბიბლიიდან დამოწმებული ფრაგმენტი მსოფლიოს წარღვნისა და ნოეს კიდებნის არარატის მთაზე დაშვების შესახებ, მეოთხე-მესამე ათასწლეულების მიჯნაზე მომხდარ მოვლენებს ასახავს და იგი შუმერული ეპოსიდან მომდინარეობს.
შუმერულ-აქადური ლურსმული წარწერების მიხედვით, რომელიც ბიბლიური წარღვნის პირველწყაროს წარმოადგენს, შუმერთა მეფე ზიუსუდრა (ნოეს პროტოტიპი, აქადურად - უთნაფიშთიმი) თავისი სახლეულით არარატის მთიდან საკმაოდ მოშორებულ ადგილას დასახლებულა. მით უმეტეს, რომ არარატის ველის ცივი ზამთარი (ტემპერატურა აქ მინუს 20 გრადუსზე დაბლა ეცემა) ვენახის გაშენების საშუალებას არ იძლევა, შესაბამისად, ნოეს საცხოვრებელი ადგილიც ვაზისათვის უფრო ხელსაყრელი კლიმატის მქონე მხარეში უნდა ვეძებოთ.
კონკრეტულად სად? სად შეძლო ნოემ ვენახის გაშენება და ღვინისაგან დათრობა? მივყვეთ ლურსმულ წარწერებს.
შუმერებს დიდად განვითარებული სოფლის მეურნეობა ჰქონიათ. მათი ხეხილის ბაღებში ბევრი ეგზოტიკური მცენარეც ხარობდა. მათ შორის, ვაზიც. თუმცა, აქაურ ვაზს მაღალი ღირსებების ან, როგორც თვითონ უწოდებდნენ, "სამეფო ღვინის" მოცემა არ შეეძლო. ამიტომ იძულებული იყვნენ, ღვინო მეზობელი ქვეყნიდან შემოეტანათ.
შუმერების ერთ-ერთი სავაჭრო გზა სპასეთის ყურის სანაპიროზე მდებარე ქალაქ ურიდან იწყებოდა, ჩრდილოეთით ქალაქ ლაგაშისკენ, შემდეგ კი ნიფურისკენ მიემართებოდ და ამიერკავკასიამდე აღწევდა. სხვა საქონელთან ერთად, სწორედ ამ გზით შემოჰქონდათ ღვინო, რომელსაც დიდი მოწონება ჰქონდა როგორც წარჩინებულთა შორის, ასევე დაბალ ფენებშიც.
ასირიული გადმოცემის თანახმად, მესამე ათასლეულის მეორე ნახევარში შუმერთა აქადური დინასტიის დამაარსებელს, სარგონ დიდს კაპადოკიაზე ლაშქრობის შემდეგ ჩრდილოეთის ქვეყნებიდან თავის ქვეყანაში ლეღვის ორ ჯიშთან და ვარდთან ერთად ვაზიც შემოუტანია. ამ გზასაც კვლავ ამიერკავკასიისკენ მივყავართ.
საინტერესოა ცნობილი გერმანელი მკვლევარის, ვ. ჰენის ლინგვისტურ-ფლორისტული ანალიზი: "ვაზის ჭეშმარიტი სამშობლო კასპიის ზღვის მახლობლად მდებარეობს. უღრან ტყეებში მკლავის სიმსხო ვაზები უზარმაზარ ხეებზეა გადახლართული. კახეთში, სამეგრელოში, სომხითში, სადაც დღესაც შემორჩა უძველესი წეს-ჩვევები, მოყავთ ნარინჯისფერი, ბალზამური სიტკბოს მეტად არომატული ვაზის ჯიშები, ხოლო უკეთილშობილესი კახური საფერავი ისეთ მუქწითლად შეფერილ წვენს იძლევა, რომ ამ წვენით მანდილოსნები ერთმანეთს მოკითხვის წერილებსაც კი უწერენ.
აქედან, სემიტური ტომების საშუალებით, ვაზი ქვემო ევფრატისა და სამხრეთ-დასავლეთის მიმართულებით ლიდიელებთან, ფრიგიელებთან, მიდიელებთან, შემდეგ კი საბერძნეთის ნახევარკუნძულზე გავრცელდა. ბერძნების ყველაზე ადრინდელი მოგზაურობების შედეგად კი ეს დემონური სასმელი იტალიის საზღვრებში მოხვდა, იქიდან კი მთელს ევროპას მოედო".
ვაზის წარმოშობის უძველეს კერა ამიერკავკასია რომ არის, ამაზე სპარსული და ძველებრაული ლეგენდებიც მეტყველებს. სემიტური თქმულებები კულტურული ვაზის სამშობლოდ გამორიცხავს ისეთ ძველ ცენტრს, როგორიცაა სირია-პალესტინა, ინდოევროპული კი - სპარსეთს. ორივე ეს გადმოცემა ვაზის კულტურის წარმოშობას სამხრეთ კავკასიას უკავშირებს, იმ ტერიტორიას, რომელიც ოდითგანვე აბორიგენი იბერიულ-კავკასიური ხალხით იყო დასახლებული.
სპარსული ლეგენდის მიხედვით, სახელგანთქმული მეფის შამირამის შვილმა უფლისწულმა ბადამმა სიკვდილს გადარჩინა ფასკუნჯი (ან არწივი), რომელსაც გველი ახრჩობდა. მადლიერმა ფრინველმა მეფეს მცენარის თესლები მიუტანა. ამ თესლებიდან კი მშვენიერი მცენარე აღმოცენდა და მშვენიერი ნაყოფი - მტევნები გამოიღო. ყურძენი დაწურეს და მიიღეს საუცხოო სასმელი - ღვინო. მეფის ბრძანებით მთელს ქვეყანაში ვენახების ზვრები გააშენეს. როგორც ლეგენდიდან ირკვევა, ფასკუნჯი "ჩრდილოეთის ქვეყნიდან" მოფრინდა. ირანის ჩრდილოეთით კი ამიერკავკასია მდებარეობს. უფრო მეტიც, მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ჩრდილოეთის მხარე (სპარსულად: "ქუსტი აპახტარ") საუკუნეების განმავლობაში არა ზოგადი მნიშვნელობით, არამედ კონკრეტულად ამიერკავკასიის აღმნიშვნელ გეოგრაფიულ-პოლიტიკური ტერმინად იხმარებოდა.
ებრაული გადმოცემის მიხედვითაც, ვაზის სამშობლოდ "ჩრდილოეთის ქვეყანა" - ამიერკავკასია, კერძოდ კი, სამხრეთ კავკასია და არარატის მხარეა.
სამწუხაროდ, მე-19 საუკუნის ბოლოს ამერიკიდან შემოჭრილი ფილოქსერისა და სოკოვანი დაავადებების გავრცელების შედეგად, ამიერკავკასიის ტყეებში ბუნებრივად მოზარდი ვაზის რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდა. ამას ჩაისა და სუბტროპიკული კულტურების მასობრივმა გავრცელებამ და ტყეების განადგურებამაც შეუწყო ხელი. მიუხედავად ამისა, ვაზის ფორმათა წარმოქმნის პროცესი მაინც არ შეწყვეტილა. კიდევ უფრო სამწუხაროა, რომ ქართული ვაზის გენოფონდი უკანასკნელი ორი ათეული წლის განმავლობაში ასეულობით უნიკალური ჯიშით შემცირდა. მეცნიერები ამ ჯიშებს ბოლომდე დაკარგულად ჯერ კიდევ არ მიიჩნევენ.

© „მარანი“

No comments: