Tuesday, 30 October 2007

გზის დასაწყისი - ანუ რთველი აწმყოს გარეშე



მალხაზ ხარბედია

გაუცხოება


ჩემი ნება რომ იყოს და წლევანდელი ქართული რთველის შესახებაც ბევრი საინტერესო მასალა არ მქონდეს დაგროვილი, წერილს მთლიანად ერთი თემის, კერძოდ კი მოსავლიანობის საკითხის გარშემო ავაგებდი. გამოვიკვლევდი, თუ რა უპირატესობა აქვს მცირე მოსავალს და თუ რატომ დგება ზედმეტად უხვმსხმოიარე ვაზზე მოწეული ყურძნიდან უკბილო და უინტერესო ღვინო. ამ საკითხში გარკვევა ბევრს დაეხმარებოდა, გლეხიდან დაწყებული, სოფლის მეურნეობის ჩინოვნიკებით დამთავრებული (ვვარაუდობთ, რომ ქართველი მეღვინეები ამ საკითხში კარგად არიან ჩახედულნი) და ამ ერთი თვის მანძილზე წარმოქმნილი პრობლემების არსიც უფრო ნათელი გახდებოდა. სამწუხაროდ, დღეს მხოლოდ ამ საკითხით ვერ შემოვიფარგლებით, ბევრ რამეს მიმოვიხილავთ და შევეცდებით მაქსიმალურად დეტალურად მოგაწოდოთ ინფორმაცია წლევანდელი რთველის შესახებ, თუმცა ერთ მოკლე თავს უხვმოსავლიანობის პრობლემასაც მივუძღვნით.
ეს სიტყვა (პრობლება) ნამდვილად შეეფერება თანამედროვე ქართველი მევენახის მდგომარეობას, იმ ადამიანის მდგომარეობას, რომელსაც ნებისმიერ დაავადებაზე, სეტყვაზე, გვალვაზე და სხვა უბედურებაზე მეტად, დიდი მოსავალი აშინებს და თამამად შეიძლება ითქვას, წლევანდელი რთველის შემდეგ, ქართველ გლეხს (განსაკუთრებით კახელს) კიდევ ერთი მტერი გამოუჩნდა.
როგორც ჩანს, უკვე დადგა დრო ღვინოზე საუბრისას მკვეთრად გავმიჯნოთ ერთმანეთისგან მევენახე და მეღვინე, ყოველ შემთხვევაში დღევანდელი ვითარება ნამდვილად გვაიძულებს ამას. დღეს მეღვინეს უკვე სულ სხვა მოთხოვნები აქვს მევენახისადმი, ყველა გლეხი კი სამწუხაროდ ვერ აკმაყოფილებს გარკვეულ ნორმებს. არადა იდეალურ პირობებში ეს ორი რგოლი ძალზე შეთანხმებულად უნდა მოქმედებდეს და კანონთან ერთად, სწორედ ისინი უნდა არეგულირებდნენ მოსავლის ზუსტ რაოდენობასა და ყურძნის ხარისხს.
რუსული ემბარგოსა და 2005 წლიდან მორჩენილი დიდი რაოდენობით ღვინომასალების გამო ბოლო ორი წელია მოზრდილი კომპანიები მხოლოდ სიმბოლურად მონაწილეობენ რთველში, გლეხისგან მცირე რაოდენობით ყურძენს შეიძენენ, თანაც მათ უკვე თავიანთი ვენახებიდან მოწეული მოსავალი აკმაყოფილებთ, ახალგაზრდა ვაზიდან მოკრეფილი ყურძენი, რომელმაც თითქმის მთლიანად გადაფარა ის რაოდენობა, რომელსაც გლეხი ავსებდა.
წელს ყველაზე ცხადად გამოჩნდა გაუცხოება ყურძნის მყიდველსა და გამყიდველს შორის და მიუხედავად მთავრობის ოპტიმისტური განცხადებებისა, ნათელია, რომ რთველი-2007 ამ გაუცხოების სიმბოლოდ იქცა.

გამოსავლის ძიებაში

წლევანდელ რთველზე ბლომად იყო ასეთი სიმბოლური აქტები, ვენახის გაჩეხვით დაწყებული, მოსავლის გადაყრით დამთავრებული. თუმცა კი ყველაფერი ძალიან მშვიდად დაიწყო, გაკრიალებული პროპაგანდისტული ვიდეო რგოლებით და მთავრობის ოპტიმისტური განცხადებებით.
თავიდანვე ითქვა, რომ 2007 წელს საქართველოში დაახლოებით 45 ათასი ტონა ყურძნის გადამუშავება იგეგმებოდა (წინასწარი გათვლებით სრული მოსავალი 200 000 ტონას შეადგენდა) და რომ ყურძნის შეძენას დაახლოებით 50 ღვინის ქარხანა აპირებდა. სექტემბრის დასაწყისში სასტუმრო "რების" პირველ სართულზე "რთველი 2007"-ის საკოორდინაციო შტაბი გაიხსნა და პირველი განცხადება, რაც რთველის შესახებ გაკეთდა, ის იყო, რომ ყურძნის ფასის დადგენაში სახელმწიფო ვერ ჩაერეოდა, რომ არც ყურძნის ყიდვას დააძალებდნენ ვინმეს და რომ ყიდვის მსურველი ისედაც საკმაოდ ბევრი გამოჩნდებოდა საქართველოში. ამის საპასუხოდ, ოპოზიციამაც გახსნა თავისი ალტერნატიული შტაბი და ჩვეული ცეცხლოვანებით აღსავსე განცხადებები გააკეთა. ერთი სიტყვით, რეალობას ორივე მხარე დაშორდა, და თუკი ერთნი წარმატებულად სახავდნენ მიმდინარე რთველს, სხვებმა პოლიტიკური ბრძოლისთვის გამოიყენეს იგი და სულ მალე ორივე მხარე პოლიტიკურ ვენახს შეესია.
ოპოზიცია კარგად ორგანიზებულ მაფიაზე ალაპარაკდა, რომელიც ღვინის ქარხნებს ყურძნის ძვირად ჩაბარების საშუალებას არ აძლევდა, ხოლო მიხეილ მაჭავარიანმა არჩევნებისთვისაც კი დაიჭირდა თადარიგი: "ჩვენ ვფიქრობთ, რომ გლეხების დასახმარებლად უკეთესი ქნება, თუ ყურძენს შევიძენთ. ზვიად ძიძიგურს კი მიაჩნია, რომ უმჯობესია, გლეხებს საპროტესტო აქციების ორგანიზებაში დაეხმაროს. რომელი გზა უფრო სწორია, დაე, 2008 წელს ამომრჩეველმა გადაწყვიტოს". ამ განცხადებებმა ვერაფერი მოუხერხა ყურძნის ფასს, თუმცა არც ისე იყო საქმე, როგორც ზოგიერთი პოლიტიკოსის ნათქვამიდან მოჩანდა, თითქოს რქაწითელს მხოლოდ 18-20 თეთრად იბარებდნენ ქარხნები, საფერავს კი 25-30 თეთრად. ჩემი თვალით ვნახე, ხარისხიანი ყურძენს 40-50 თეთრად რომ იბარებდნენ, თუმცა რა უცნაურიც არ უნდა იყოს, როგორც წესი, საფერავისა და რქაწითლის ფასებში თითქმის არ იყო სხვაობა. თავდაპირველად, ილუზია მქონდა, რომ უფრო ძვირი ეღირებოდა ე.წ. მიკროზონებში მოწეული ყურძენი და რქაწითელისა და საფერავის ფასებს შორის განსხვავებას იქ მაინც ვნახავდი, მაგრამ მას შემდეგ, რაც კახეთის საუკეთესო აპელასიონებში დავესწარი რთველს (მუკუზანი, წინანდალი, კონდოლი, ქინძმარაული), საპირისპიროში დავრწმუნდი. გარდა ამისა, კომპანიების კუთვნილი ვენახების გარდა, თითქმის ყველგან გაურკვეველი იყო მოსავლის მომავალი და ყველგან გლეხი ერთსადაიმავეს ჩიოდა. წარმოიდგინეთ, საუკეთესო ტერუარებზე ხდებოდა ასეთი ამბავი და რა ბედი ეწეოდა ნაკლებად სახელოვან ადგილებში მოწეულ ყურძენს.
ასევე ჩემი თვალით ვნახე უზარმაზარი რიგები და ღამისთევები 10-ზე მეტ ღვინის ქარხანაში (მანავიდან დაწყებული – შილდით დამთავრებული), გზაზე დაღვრილი პირველი გამონაწური, მოლოდინში გაფუჭებული ყურძენი, დამჭკნარი საფერავის ვენახები, ბევრი ცრემლი და კიდე უფრო მეტი გინება და წყევლა-კრულვიანი მოკითხვები. ზემოხსენებული ფასი (40-50 თეთრი) ზოგჯერ ჩხუბითა და დიდი გაწევ-გამოწევის შემდეგ დგინდებოდა და რა თქმა უნდა, ვერანაირად ასახავდა რეალობას, იგი უფრო თვითღირებულება იყო, მაგრამ ერთი რამ შეიძლება ითქვას: უხარისხო ყურძენი წელს შარშანდელზე მეტი იყო, ამას უხვმოსავლიანობაც დაერთო და მთლიანობაში ისეთი სურათი შეიქმნა, თითქოს მხოლოდ იაფფასიანი ყურძენი მოსულიყოს კახეთში. სწორედ ამის გამოა, რომ დღესაც ყველას ჰგონია, თითქოს კახეთში მხოლოდ 20 თეთრად იბარებდნენ ყურძენს.
ზევით უკვე გაიჟღერა სოფლის მეურნეობის სამინისტროს განცხადებამ, რომ ყურძნის ფასის დადგენაში სახელმწიფო არ/ვერ ჩაერეოდა, თუმცა ლამის ერთად-ერთ გამოსავლად მათ "ვაზისა და ღვინის" შესახებ კანონში ცვლილებების შეტანა დასახეს, რომლის მიხედვითაც, საბრენდე სპირტის დამზადება და შემდგომ მისი რეალიზება შედარებით გამარტივებული წესებით მოხდებოდა, მინისტრის მოადგილემ ისიც კი აღნიშნა, "ადრე საბრენდე სპირტის დამზადება გარკვეული დაძველების შემდეგ იყო ნებადართული, პროცედურების გამარტივებით კი, ბიზნესში ახალი მეწარმეები ჩაერევიან, რაც თავის მხრივ, ეკონომიკურად მომგებიანი იქნება"-ო.
შესაძლოა ეკონომიკურად ეს მომგებიანიც იყოს, მაგრამ ქართული ბრენდისთვის ეს ნამდვილად წამგებიანი იქნება. შეუძლებელია ბრენდების შემთხვევაში ე.წ. "პროცედურების გამარტივებამ" შედეგი მოგვცეს, რადგან დაძველების გარეშე ღვინის სპირტს არც ფასი ექნება და ხარისხზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია. ასეთმა გადაწყვეტილებამ ვერც ფრანგებს უშველა შარშან, როცა ბოჟოლეს ღვინო გაუსაღებელი დარჩა (იგი სახელგანთქმულმა "ბოჟოლე ნუვოს" ფესტივალმაც ვერ გაყიდა) და იძულებულნი გახდნენ, 8 მილიონნახევარი ლიტრი ღვინიდან სპირტი გამოეხადათ (მკითხველს შევახსენებ, რომ გამეს ჯიშიდან დაწურული ბოჟოლე შედარებით დაბალი ღირსების ღვინოდ მიიჩნევა და სულ რამდენიმე თვეს ინახება). ცხადია ამან ვერანაირად ვერ უშველა საქმეს, იმიტომ, რომ არც ერთი სპირტის სახდელის მფლობელმა 35 ევროცენტზე მეტი არ გადაუხადა მეღვინეს ლიტრში, მაშინ, როცა წინა წელს ნეგოციანტი მისგან 1.80 ევროდ ყიდულობდა ლიტრ ღვინოს. ალბათ ასეთივე პრობლემები შეიქმნება ჩვენთანაც, მნიშვნელობა არა აქვს, ღვინომასალის შეძენაზე იქნება საუბარი თუ უშუალოდ ყურძენზე, სამაგიეროდ შიდა ბაზარი შესაძლოა უხარისხო სპირტებით გაივსოს. ამისთვის სახელმწიფომ 5 მილიონიანი კრედიტიც კი გასცა სამ კომპანიაზე, არადა ევროკავშირი ყოველწლიურად 500 მილიონ ევროზე მეტს ხარჯავს გაუსაღებელი ღვინის გადამუშავებაში, სასურველ შედეგს მაინც ვერ მიაღწია და ერთად-ერთ გამოსავლად ვენახების გაჩეხვაღა დარჩა.
ჩვენ ბოჟოლეს მასშტაბის პრობლემა არ გვიდგას, რქაწითლიდან და საფერავიდანაც გაცილებით გამძლე და დიდი პოტენციალის მქონე ღვინო იწურება, ვიდრე გამედან, მაგრამ ამის მიუხედავად, გამოსავალი, რატომღაც, მაინც არ ჩანს.
მითუმეტეს გამოსავალი არაა უწამლი ვაზის გაშენება, ბოლო დროს რამდენჯერმე ჩამოვარდა ამაზე სიტყვა, თუმცა თამამად შეიძლება ითქვას, რომ ამ იდეის განხორციელება კიდევ უფრო მეტ ზიანს მოუტანს ქართულ მეღვინეობას. ეს ჯიშები, ვაქირულა და შანიძე, ძალზე უხმოსავლიანია და არც განსაკუთრებული შრომა სჭირდება. მართალია გლეხი მოგებული დარჩება, როცა ფაქტობრივად უშრომლად კილოში 20 თეთრს გადაუხდიან, სამაგიეროდ ბაზარი გაივსება უხარისხო, არაფრისმთქმელი, იაფფასიანი ღვინით, რომელსაც საქართველო კიარა, მთელი დსთ ვერ აითვისებს. თანაც არც ისაა გამორიცხული, რომ ამ ჯიშებმა აპელასიონის ღვინოებშიც შეაღწიოს (მითუმეტეს, რომ ზოგიერთი მეწარმე დღესაც ხშირად ურევს ხოლმე ვთქვათ, დედოფლისწყაროს საფერავს "მუკუზანში", საგარეჯოს რქაწითელს კიდე "წინანდალში").

გავჩეხავ ვენახს – გავაშუქებ გაჩეხვას

ცალკე პრობლემაა ვენახების გაჩეხვა, წელს კახეთში "გაკაჭვებმა" ტოტალური ხასიათი შეიძინა, და ყველაზე მტკივნეული სწორედ ისაა, რომ ხშირ შემთხვევაში სწორედ საინტერესო ტერუარზე გაშენებულ, მოვლილ, ახალგაზრდა ვაზს ჩეხავენ. ასეთი შემთხვევები მრავლად იყო, ახაშენში, სოფელ გურჯაანში, კონდოლსა და წინანდალშიც კი. ვინც არ ჩეხავდა, ის იმუქრებოდა, გამჩეხავი კი ცრემლებს ღვრიდა, ან მედიის საშუალებებს უხმობდა საშველად. ავთო ყალაბეგაშვილი უკვე საზოგადო სახელად იქცა, მაგრამ მოდით კონკრეტულ ადამიანსა და შემთხვევას დავუბრუნდეთ და ვაღიაროთ, რომ მას მართლა ჰქონდა იმედი, რომ მას-მედიის დახმარებით რაღაცას უშველიდა, და სინამდვილეში, მართლაც იყო შანსი, რომ არამხოლოდ ყალიბეგაშვილს, არამედ ბევრ სხვასაც ეშველებოდა, მაგრამ ქართული სატელევიზიო მედიის არაპროფესიონალიზმმა საბოლოოდ გამოსტაცა ხელიდან გლეხობას ეს შანსი (ამაზე მოგვიანებით მოგახსენებთ).
სამწუხაროდ რთველის პიკი პოლიტიკური ვნებათაღელვების პიკს დაემთხვა. ოქრუაშვილის პირდაპირმა ეთერმა, შემდეგ მისმა დაპატიმრებამ და დაპატიმრების თანამდევმა მოვლენებმა ცხადი გახადა, რომ ხელისუფლება რთველზე ფიქრს საერთოდ თავს დაანებებდა და მხოლოდ ძალაუფლების დაკარგვის რეალური თუ ილუზორული საშიშროების აღმოფხვრაზე იზრუნებდა, ძალაუფლებისთვის მებრძოლი ოპოზიცია კი მხოლოდ ამ ბრძოლისთვის გამოიყენებდა რთველის ფაქტორს. მართლაც ასე მოხდა, სექტემბრის ბოლოდან მოყოლებული, ოქრუაშვილის თემის პარალელურად ოპოზიცია აქტიურად ალაპარაკდა რთველის შესახებ, კახეთში აქციებიც კი გაიმართა, დაიწყო მოსავლისა და სექტორის გადარჩენის გზების ძიება და ეს ყველაფერი ხელისუფლების სრული დუმილის ფონზე ხდებოდა. აი სწორედ აქ იჩინა თავი სატელევიზიო მედიის არაპროფესიონალიზმმა, უპრინციპობამ და შესაძლოა გულგრილობამაც, რადგან როცა გაირკვა, რომ რთველი აშკარად სერიოზული პრობლემებისა და ექსცესების ფონზე ჩაივლიდა (და რომ ვერც ხელისუფლება და ვერც ოპოზიცია ვერაფრით უშველიდა ვითარებას), იმის ნაცვლად, რომ ჟურნალისტები საქმეზე გადასულიყვნენ, მოემზადებინათ სპეციალური თოქ-შუები, ჩაეწერათ ექსპერტები და ცხადად ეჩვენებინათ სექტორში არსებული რეალური პრობლემები, ისინი პოლიტიკური რთველის ფერხულში ჩაებნენ და მიკროფონს ხან ოპოზიციისკენ იშვერდნენ, ხან ხელისუფლებისკენ. მთელი ამ დღეების მანძილზე წარმოუდგენელი რამ ხდებოდა საქართველოს ტელევიზიით, თითქმის ყველამ გამოთქვა აზრი წლევანდელი რთველის და პრობლემის დაძლევის შესახებ, გარდა პროფესიონალებისა. ეკრანზე არ გამოჩენილა არც ერთი მეცნიერი, ექსპერტი, მეღვინე...
პირველმა ესტაფეტა, რა თქმა უნდა, რუსთავი 2-მა აიღო, როცა პოლიტიკოსების ბრალდება ტელეკომპანია "იმედის" მიმართ კარგი სადღეგრძელოსავით აიტაცა და თავიანთი კოლეგები "სპექტაკლის დადგმაში" დაადანაშაულა. ეს ყველაფერი ოქრუაშვილის დაკავების შემდეგ მოხდა და საეჭვოდ დაემთხვა ორ ტელეკომპანიას შორის საინფორმაციო ომის დაწყებას. ამ დროიდან მოყოლებული, ორი კვირის მანძილზე (სანამ ყველაფერ ამას 12 ოქტომბერს ინგა გრიგოლიას "რეაქცია" არ "გააგვირგვინებდა"), რთველთან და მევენახეობასთან დაკავშირებული პრობლემები მხოლოდ ერთ თემას დაუკავშირდა, დადგა თუ არა იმედმა "გაკაჭვის სპექტაკლი" და გადაუხადა თუ არა ბადრი პატარკაციშვილმა ავთო ყალაბეგაშვილს ფული. მთელი ამ ორი კვირის მანძილზე სხვა არც არაფერი მოგვისმენია რთველის შესახებ, არც ერთი საქმიანი წინადადება. კახელი გლეხის ძახილი ტელეკომპანიების კინკლაობამ ჩაახშო და ამ დროის განმავლობაში მხოლოდ ორი მართალი სიუჟეტი გავიდა ტელევიზიების ეთერში ("დროების" ჟირნალისტის, დაჩი გრძელიშვილის მიერ მომზადებული და რუსთავი 2-ზე, "ბიზნეს კურიერში", თუმცა რამდენადაც ვიცი, იმავე რუსთავი 2-მა დაბლოკა თენგის გოგოტიშვილის სიუჟეტი), რომელიც პირდაპირ სვამდა საკითხს, ხელისუფლების, ოპოზიციისა და სხვა "დაინტერესებული პირების" გვერდის ავლით.
მთელი თვე ტყუილად ველოდი, ტყუილად მქონდა იმედი, რომ ერთ-ერთი არხი მაინც მიუძღვნიდა რთველის პრობლემას სპეციალურ გადაცემას, ერთ-ერთ არხზე მაინც ვნახავდი ღამის ეთერში მოწვეულ სტუმრებს, რომლებიც ქართულ მევენახეობაში შექმნილ პრობლემებზე ისაუბრებდნენ. ამდაგვარი რამ მხოლოდ 12 ოქტომბერს მოხდა და უნდა ვაღიარო, რომ იმდღევანდელ "რეაქციას" ცოტა რამ ჰქონდა საერთო რთველთან. გადაცემიდან ნათელი გახდა, რომ მასმედიას მხოლოდ საკუთარი თავი აინტერესებს, მხოლოდ თავისი სახელი აღელვებს და მხოლოდ რაღაცის გაშუქება-არგაშუქებაზე დაჰყავს პრობლემა, იმაზე კი ნაკლებად საუბრობენ, თუ რატომ მიიღო გლეხმა ეს გადაწყვეტილება. ყოველ შემთხვევაში, თვითონ ჟურნალისტები სიტყვას არ ამბობენ ამის გამო, მიდიან და პოლიტიკოსებს ეკითხებიან აზრს, რადგან საქართველოში ხომ მხოლოდ პოლიტიკოსებს მოეკითხებათ ჭკუა.
12 ოქტომბრის მთელი გადაცემა მარტო იმის მტკიცებას მიეძღვნა, რომ ყალაბეგაშვილის მიერ ვენახის გაჩეხვა არ ყოფილა "იმედის" ექსკლუზივი და საბრალო გლეხს მთელი გადაცემა აძახებინეს, "ცამდე მართლები ხართ ყველანი, ცამდე მართლები ხართო". ყალაბეგაშვილის ამბით ყველამ ისარგებლა თავად გლეხის გარდა. კონკრეტულად გამჩეხავიცა და ზოგადად კახელი გლეხი კი ისევ უფსკრულის პირას დგას, უფსკრულისა, რომელიც წლევანდელი უსარგებლო მოსავლითაა ამოვსებული.

მცირე მოსავალი – ხარისხიანი ღვინო

მსოფლიოში უკვე ათეული წლებია მცირემოსავლიანობის უპირატესობებზე საუბრობენ. ყველას კარგად აქვს გაცნობიერებული, რომ უხვი მოსავალი მხოლოდ თავსატეხია მეღვინისთვის და ხშირად გლეხისთვისაც. მოსავალზეა დამოკიდებული ღვინის კლასიფიკაციაც, ანუ მისი ხარისხის ნიშანი. კერძოდ კი, თუკი მოსავლიანობა, ვთქვათ, რომელიმე "კრუ კლასის" ვენახში ყოველწლიურად აჭარბებს ნორმას, მას კლასიფიკაციას აკლებენ და ღვინოც ქვეითდება. ამიტომ ზოგიერთი ვენახის მფლობელი თავის ე.წ. მწვანე რთველს (ამ დროს ხელოვნურად ამცირებენ მტევნების რაოდენობას, რათა დარჩენილმა მტევნებმა მეტი ის ნივთიერება მიიღონ, რაც უმთავრესია ღვინისთვის და მის ხასიათს აყალიბებს შემდგომში. ამ შემთხვევაში მოსავალი მცირდება, სამაგიეროდ ღვინის კონცენტრაცია იზრდება) ფარულად ატარებს, რათა მოსავალმა არ გადააჭარბოს ნიშნულს.
ჰიუ ჯონსონისა და ჯეიმს ჰელიდეის წიგნში "მეღვინეობის ხელოვნება" ძალიან საინტერესო ფაქტებია მოყვანილი ამ თვალსაზრისით, პირველ რიგში კი ის, რომ ფრანგებმა უკვე კარგა ხანია განსაზღვრეს ელიტური ღვინისთვის საჭირო კანონზომიერება, რომლის მიხედვითაც, უმაღლესი ხარისხის ღვინის შესაქმნელად ჰექტარზე 50 ჰექტოლიტრზე მეტი არ უნდა გამოიწუროს, ანუ 5 000 ლიტრი, მაშინ, როცა, კახეთში, ერთი ჰექტარზე გაშენებული რქაწითლიდან, უხვმოსავლიან წელს 15-17 ტონა ყურძენიც კი მოდის.
ბორდოს შემთხვევაში იდეალურად ითვლება მედოკის ძალზე ღარიბ ნიადაგზე გაშენებული ვენახები, ბურგუნდიაში კი, სადაც ძირითადად პინო ნუარი მოჰყავთ, ჰექტარის მაჩვენებელი Grand cru კლასიფიკაციის ვენახზე, 30 ჰექტოლიტრამდე კლებულობს.
ეს რა თქმა უნდა არ ნიშნავს, რომ ნებისმიერი მცირე მოსავალი ხარისხიან ღვინოს მოგვცემს. არც ბუნებრივი გზით შემცირებული მოსავალია (სეტყვა, გვალვა, სოკო და სხვა დაავადებები) გამოსავალი და ეს ყველაფერი ბევრ სხვა რამეზეა დამოკიდებულ: ჯიშზე, ვაზის ასაკზე, კლონების სელექციაზე, ნიადაგზე, წამალზე. მცირე მოსავლიანობის ამ ნორმებში (30-50 ჰექტოლიტრი ჰექტარზე) მუშაობა ძალზე რთულია მეღვინესთვის, ძვირფასი ღვინის მწარმოებლები იძულებულნი არიან რისკზე წავიდნენ, თუმცა, როგორც ექსპერტები აღნიშნავენ, ე.წ. 50-დან 100 ჰექტოლიტრამდე ნიშაში მუშაობა შედარებით უფრო მოსახერხებელია, მეტი გარანტიებია კარგი ღვინისთვის, სამაგიეროდ კონკურენცია აქ გაცილებით მაღალია.
ცნობილია, რომ თეთრი ჯიშები შედარებით ნაკლებად მგრძნობიარეა მაღალმოსავლიანობისადმი. ყურძნის კანი, რომელიც გადამწყვეტ როლს თამაშობს წითელი ღვინის შექმნაში, თეთრისთვის თითქმის უმნიშვნელოა, სადაც (ქართული და სხვა მცირე გამონაკლისების გარდა) მინიმუმამდეა დასული კანიდან ფერისა და გემოს გამოღების პროცესი. უხვმოსავლიანობისას სწორედ რბილობსა და კანს შორის შეფარდება იცვლება (რბილობის მოცულობა მატულობს), ამიტომ თეთრი ყურძნის კანიდან გამოწურული ნივთიერებების დანაკარგები მინიმალურია. წითელი ღვინის შემთხვევაში კი, პირველ რიგში რბილობის ზრდა ახდენს გავლენას ღვინის ფერზე, სტრუქტურაზე და სტაბილურობაზე, რომელსაც ტანინები და მჟავიანობა აყალიბებს. ამასთან ერთად კლებულობს ბუკეტის ინტენსივობაც.
როცა მოსავლიანობა მატულობს, მტევნისა და მარცვლის წონაც მატულობს, დაბლა იწევს მჟავიანობა, შაქრის დონე კი გემოს შესუსტებას იწვევს. უხვმოსავლიანი ვენახიდან მიღებულ ახალგაზრდა ღვინოს თითქმის არა აქვს ე.წ. ფინალი, ანუ გემოს განრძობითობა. მასში ნაკლებად შეიმჩნევა ჯიშური თვისებები და ხილის ტონები. დაძველებასთან ერთად კი ხილის ის უმცირესი კვალიც გაქრება, უკბილო, მოუქნელ, უგემურ ღვინოდ იქცევა და მთელი ჯიშური ხასიათი უკვალოდ დაიკარგება.
მცირემოსავლიანი შედევრების აუარება მაგალითის მოყვანა შეიძლება და ამ მხრივ სანიმუშოდ შესაძლოა ბურგუნდიული Montrachet გამოდგეს, სადაც ნებისმიერ ბურგუნდიულ გრან კრუზე ორჯერ ნაკლებ მოსავალს იღებენ. თანაც, პინო ნუარი ყველაზე მგრძნობიარეა მაღალი მოსავლიანობისადმი, რადგან თხელი კანი აქვს, კაბერნე სოვინიონს კი პირიქით, სქელი კანი აქვს და ამ მხრივ შედარებით გამძლეა ზედმეტი წყლის მიმართ.
ძირითად ქართულ საღვინე ჯიშებს უხვმოსავლიანობის პრობლემა ასევე ეხება, რადგან საფერავი და რქაწითელი თხელკანიანი ჯიშებია (საფერავის მარცვალი საშუალო და საშუალოზე მსხვილია, რაც კიდევ უფრო ზრდის რისკს), ასევეა კახური მწვანე, ქისი და ხიხვი. ამ მხრივ ყველაზე გამძლეა სქელკანიანი ქართლური და დასავლური ჯიშები: გორული მწვანე, ჩინური, კრახუნა, ცოლიკოური, ალადასტური, ალექსანდროული, ოჯალეში, ჩხავერი.
მოსავლიანობის თანამედროვე ტიპი არც ისე დიდი ხანია რაც ჩამოყალიბდა და იგი რამდენიმე მნიშვნელოვანმა ფაქტორმა განაპირობა: 1. კლონების სელექცია, რომელიც უხვ და რეგულარულ მოსავალს იძლევა (თუმცა კლონები ისე კარგად ვერ გამოხატავენ ნიადაგის (ტერუარის) ხასიათს, შესაძლოა ღვინოს ფერიც კარგი ჰქონდეს და ინდივიდუალობაც, მაგრამ მთლიანად ჩახშული იყოს ტერუარის ნიშნები) 2. ნამყენების სელექცია. 3. ვირუსებთან ბრძოლა. 4. სასუქი. 5. კარგი გაფურჩქვნა. 6. მაღალეფექტური ფუნგიციდებისა და ინსექტიციდების გამოყენება.
ცვლილებები მოსავლის რაოდენობის ზრდაში ყველაზე თვალშისაცემი გერმანიაში იყო, სადაც ღვინის რაოდენობა 100 წლის მანძილზე ჰექტარზე 17 ჰექტოლიტრიდან (1870-1879 წლის მონაცემები) 104 ჰექტოლიტრამდე გაიზარდა (1970-1979 წლის მონაცემებით), ზოგიერთ რეგიონში კი ამ მაჩვენებელმა 400-საც კი მიაღწია.
გარკვეულწილად ამას გერმანულმა ღვინის კანონმაც შეუწყო ხელი, რის შედეგადაც ისტორიას ჩაბარდა ლეგენდარული 100 წლიანი რისლინგების ეპოქა (19-ე საუკუნის 30-იანი წლებიდან მოყოლებული, ისტორიაში არაერთხელაა დადასტურებული 50-100 წლის რისლინგის გაყიდვის ფაქტი. დღეს კი წარმოუდგენელია რისლინგმა ამდენი ხანი იცოცხლოს).
საქართველოში დღესდღეობით სულ რამდენიმე კომპანია ზრუნავს მოსავლის შემცირებაზე, თუმცა ხელოვნური შემცირება თვითმიზნადაც არ უნდა იქცეს. ისიც შესაძლებელია, რომ ყველაზე კარგი წელიწადი ყველაზე მოსავლიანს დაემთხვეს, ამიტომ ამ შემთხვევაში უკვე რაღაც თეორიები კი არ გამოგვადგება, არამედ კონკრეტული მონაცემები, ის თუ როგორ მიმართებაშია ამათუიმ ასაკისა და ჯიშის, გარკვეულ ნიადაგზე დარგული ვაზი მოსავლიანობასთან, როგორაა იგი განვითარებული და რა შეფარდებაა ფოთლების, ყლორტებისა და მტევნების რაოდენობებს შორის.

საქართველო - ვაზიდან ჭიქამდე

ზემოთ აღვნიშნე, მეღვინე და მევენახე კარგა ხანია გაუცხოებულნი არიან მეთქი და ისიც ვთქვი, რომ დიდ საწარმოებს უკვე რამდენიმე წელია თითქმის მთლიანად საკუთარ ვენახებში მოწეული ყურძენი ჰყოფნით. ამის გამო, გლეხს არამხოლოდ მყიდველი მოაკლდა, არამედ დამკვალიანებელიც, ადამიანი, ვინც კარგად იცნობს (ყოველ შემთხვევაში უნდა იცნობდეს) ქართული და მსოფლიო ბაზრის მოთხოვნებს. სამწუხაროდ, გლეხამდე არანაირი ინფორმაცია არ აღწევს, განსხვავებით აქამდე მთლიანად რუსულ ბაზარზე ორიენტირებული ქართველი მეღვინეებისაგან, რომლებსაც ერთბაშად მოუწიათ დასავლურ ღირებულებებთან ზიარება და შესაბამისად, რეფორმებზე ზრუნვა. ისინი, მართალია ძალზე ნელი ტემპებით, მაგრამ მაინც ახერხებენ რუსეთზე უფრო საინტერესო ბაზრებზე შეღწევას, სადაც რუსულ ბაზარზე ათჯერ უფრო მკაცრად კონტროლდება ნაწარმი. ჯერ კიდევ წინაა ხარისხისა და ფასის ჰარმონიული შეხამების დასავლური გაკვეთილები, რომელიც, დარწმუნებული ვარ, ძალიან წაადგება ქართულ მეღვინეობას. ამის საუკეთესო მაგალითს ავსტრალია წარმოადგენს, მან სულ რამდენიმე წელიწადში დაიპყრო მსოფლიო ბაზარი. ბოლო წლებში წარმოუდგენლად გაიზარდა ავსტრალიური ღვინის ექსპორტი და ბრიტანეთში, მსოფლიოს ყველაზე დიდ, მრავალფეროვან და შესაბამისად ყველაზე კონკურენტულ ბაზარზე ავსტრალია ერთპიროვნულ ლიდერად იქცა. დღეისათვის მის 22.5%-ს საფრანგეთი 7-8%-ით ჩამორჩება.
რაც შეეხება ქართველ გლეხს, იგი, შეიძლება ითქვას, მარტო დარჩა თავის ვენახში. იგი არ იცნობს ბაზარს, არ იცის რაზეა მოთხოვნა და შესაბამისად ვერც შინაურ პირობებში დაწურული ღვინის გაყიდვას ახერხებს (არაერთხელ მსმენია კახელებისგან, რომ მათთვის თითქმის ყველა თბილისური რესტორნის კარი დაკეტილია და რომ ღვინოს არც ჩამოსასხმელ წერტილებში იბარებენ). გამოსავალი შესაძლოა კოოპერატივი იყოს ან ასოციაციების შექმნა, სადაც გლეხები ერთობლივად იზრუნებენ ხარისხზეც და საკუთარ უფლებებსაც ერთად დაიცავდნენ. აქ ისინი თანაბრად გადაინაწილებდნენ პასუხისმგებლობას, მოიწვევდნენ ქართველ თუ უცხოელ კონსულტანტებს. ასეთი გაერთიანებების მაგალითები მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში შეგიძლიათ იპოვოთ, თუმცა მოდით მაინც ძველ სამყაროს მივაკითხოთ, სადაც წარმატება პირველ რიგში მეღვინეებისა და მევენახეების შეთანხმებული მოქმედების შედეგია.
მაგალითისთვის, ასოციაცია “ბურგუნდია ვაზიდან ჭიქამდე” (Association Bourgogne de Vigne en Verre) მეღვინეთა კავშირია, სადაც თავიანთ მიზნად ხარისხი და ტერუარის ექსპრესია აირჩიეს და მიუხედავად იმისა, რომ აბსოლუტურად განსხვავებულ ღვინოებს წურავენ, გადაწყვეტილებას ყოველთვის ერთად იღებენ, ერთად ზრუნავენ თავიანთი ღვინოების მომავალზე. იგივე შეიძლება ითქვას “სამხრეთ ბურგუნდიის ხელქმნილი ღვინოების ასოციაციაზეც” (Association des Artisans Vignerons de Bourgogne du Sud), რომელიც მცირე საწარმოებს აერთიანებს და სადაც ე.წ. საცალო, კრეატიულ, არტიზანულ (რომელიც ხელქმნილად ვთარგმნეთ, რადგან პირდაპირი თარგმანი, ხელოსნური, ქართულში სხვა მნიშვნელობასთანაა დაკავშირებული) ღვინოებს ქმნიან. როგორც ევროპელები ირწმუნებიან, ასოციაციების წევრობა გაცილებით ეკონომიურია ხოლმე მეწარმესთვის, რეკლამისა და ბევრი სხვა თვალსაზრისით და დარწმუნებული ვარ, სულ მალე საქართველოშიც მიხვდებიან თუ რა უპირატესობა აქვს ღვინის მეურნეობას, რომელსაც თავად მოჰყავს ყურძენი, თავად წურავს ღვინოს და თვითონვე აძველებს მას.
ბორდოში ასეთია Cru Artisan კატეგორია, რომელსაც რამდენიმე წელია უკვე ეტიკეტებზეც აწერენ. ასეთი მიკროღვინოები საფრანგეთში ყოველთვის მზადდებოდა, მაგრამ სიმართლე ითქვას, Cru Artisan არასდროს ყოფილა ბოლომდე ოფიციალური. 1855 წლის კლასიფიკაციაში, როცა ხუთი კლასის გრან კრუები განსაზღვრეს, მასზე არაფერი იყო ნათქვამი, 1868 წელს გამოცემულ ფრანგული ღვინის ცნობარში კი უკვე მოხსენიებულია Cru Artisan და მომდევნო წლებში ამ წარწერას ეტიკეტებზეც არაერთხელ ნახავდით, თუმცა მისი აღიარება მხოლოდ 1994 წელს დაიწყო, როცა საფრანგეთის მთავრობამ და ევროკავშირმა Cru Artisan-ის დაკანონებაზე დაიწყო ზრუნვა და 11 კაციანი პროფესიული ჟიური შექმნა საამისოდ. დღეს კრუ არტიზანის ღვინოები მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ხარისხიან ღვინოებად ითვლება.
ასევე ძალიან საინტერესოა Cru Bourgeois კატეგორიის ღვინოები, რომელსაც პროცენტულად ბორდოში ყველაზე დიდი ნიშა უკავია (ბორდოში ბევრი სხვა ცნებაც არსებობდა, Petit Châteaux - მცირე შატო, cru grand bourgeois, cru grand bourgeois exceptionnel, cru paysan - გლეხის ღვინო), თუმცა მაღალი კლასის ღვინოებს რომ თავი დავანებოთ, უბრალო სუფრის ღვინოზე და ე.წ. მხარის ღვინოზეც ბევრ ყურადსაღებ მაგალითს ვნახავთ, საქართველოსთვის გამოსადეგს.
საქართველოს ღვინის კანონით, მოგეხსენებათ, ღვინოების შემდეგი კლასიფიკაციაა დადგენილი: 1. სუფრის, 2. მხარის, 3. სპეციფიკურ ზონებში წარმოებული ადგილწარმოშობის დასახელების (ა.დ) უმაღლესი ხარისხის და 4. სპეციფიკურ ზონებში წარმოებული ადგილწარმოშობის დასახელების კონტროლირებული (ა.დ.კ) უმაღლესი ხარისხის ღვინოები. თუკი გავითვალისწინებთ, რომ ქართული ბაზარი სავსეა უხარისხო სუფრის ღვინოებით, მხარის ღვინის ცნება კი თითქმის აუთვისებელია საქართველოში, ვფიქრობ მცირე მეწარმეებმა სწორედ ეს ნიშები უნდა ამოავსონ, თუმცა აპელასიონური ვენახების მფლობელებს შესაბამისი კონტროლირებითა და წესების დაცვით ძვირფასი ადგილწარმოშობის დასახელების ღვინოებიც შეუძლიათ აწარმოონ.
ცნობილია, რომ ნებისმიერ ქვეყანაში ყველაზე დიდი პროცენტი სწორედ სუფრისა და მხარის ღვინოებზე მოდის. ეს კატეგორიები ყველგან არსებობს და ყველგან ზუსტადაა განსაზღვრული, ხოლო ზოგან ქვეკატეგორიებითაც კია დაზუსტებული (საფრანგეთი - Vin de Table, Vin de Pays, იტალია - Vino da Tavola, Indicazione Geografica Tipica, ესპანეთი - Vino Сomarcal, Vino de Mesa, Vino de la Tierra, გერმანია - Deutscher Tafelwein, Deutscher Landwein, პორტუგალია - Vinho de mesa, Vinho Regional). მაგალითად საფრანგეთში სუფრის ღვინოზე ბაზრის 40% მოდის, მხარის ღვინოზე კი 14,5%, მაშინ, როცა მკაცრად კონტროლირებადი დასახელების ღვინოებს სულ რაღაც 1% უკავია. ჩვენთან სრულიად საპირისპირო ვითარებაა, ქართული ბაზარი წალეკილია უხარისხო ე.წ. აპელასიონური ღვინოებით და სუფრისა და მხარის ღვინოები უყურადღებოდ რჩება. ანდა წარმოიდგინეთ, რა ხარისხის იქნება იმ “კომპანიის” შედარებით იაფფასიანი “სუფრის ღვინო”, რომელიც უვარგის “წინანდალს” უშვებს, აპელასიონურ ღვინოს, სადაც შეიძლება საერთოდ არც იყოს კონკრეტულ ადგილას მოწეული მწვანე და რქაწითელი. ამ ვითარებაში მხოლოდ გლეხის მცირე ტირაჟიანი, მაგრამ ხარისხიანი და სანდო სუფრის ღვინოა გამოსავალი, ამავე დროს, კონკრეტულ სოფელში, ან მხარეში მცხოვრებ გლეხს ყველაზე მეტი უფლება ექნება მხარის ღვინო შექმნას, ღვინო რომელსაც შემქმნელის ხელიც დაეტყობა, თავისი ინდივიდუალობაც გამოარჩევს და რაც მთავარია, მხოლოდ რომელიმე მხარის ნიადაგის, კლიმატისა და ტექნოლოგიური ნიშნების მატარებელი იქნება. მხარის ღვინო ყურძნის მოყვანას, დამზადებასა და გადამუშავებას ადგილზე გულისხმობს და მისი სპეციფიკური ხარისხი, რეპუტაცია და სხვა მახასიათებლები მხარის ბუნებრივ, კლიმატურ და ნიადაგობრივ პირობებთან იქნება დაკავშირებული. თან რაც მთავარია, ეს ღვინოები არ უნდა დაემთხვეს ადგილწარმოშობის დასახელებისა და ადგილწარმოშობის დასახელების კონტროლირებად ღვინოებს, არ უნდა იძლეოდეს მათთან აღრევის საშუალებას, რაც კიდევ უფრო საინტერესოს გახდის მეღვინისთვის ამ საქმეს, რადგან ის იძულებული არ იქნება ზუსტად დაიცვას ნორმები, რომლებიც აპელასიონური ღვინოებისთვისაა აუცილებელი.
არსებითად ეს იქნება მეღვინეობის მეორე ლიგა, რომელიც წესით უფრო საინტერესო და მიმზიდველი უნდა გახდეს მომხმარებლისთვის, ვიდრე ათწლეულების მანძილზე ნაცნობი სამარკო ღვინოები. ღვინის მცოდნეები დამეთანხმებიან, რომ ხშირ შემთხვევაში ე.წ. მხარის ღვინოები ისეთ ხასიათს ავლენენ, რომ არაფრით ჩამოუვარდებიან მაღალხარისხიან კონტროლირებად ღვინოებს.
სხვათა შორის, მხარის ღვინის კატეგორია (Vin de Pays) თვით საფრანგეთშიც ახალი ხილია. იგი ფრანგული ღვინის ბიუროკრატიის არც ისე დიდი ხნის წინანდელი ინიციატივაა. შეიქმნა 1973 წელს, ოფიციალურად 1979-ში გაფორმდა და მიზნად სუფრის ღვინოების (Vin de Table) ხარისხის გაუმჯობესებას ისახავდა, წლების განმავლობაში კი ჩამოყალიბდა როგორც ელიტური სუფრის ღვინოების კატეგორია. ეტიკეტზე არ უნდა იყოს მითითებული არც ერთი სიტყვა, რომელსაც პირდაპირი კავშირი აქვს კონტროლირებად ღვინოებთან, სამაგიეროდ მეღვინეს აქ გაცილებით მეტი არჩევანი აქვს და ფანტაზიაც უფრო ისხამს ფრთებს სახელის დარქმევისას. მხარის ღვინოებს სახელებს მცირე ხეობის, მთის, ველის, ფერდობის მიხედვით არქმევენ, არსებობს ე.წ. ზონალური ქვეკატეგორიაც და საოლქო ან დეპარტამენტებისაც. საქართველოში ეს სხვანაირად შეიძლება გაკეთდეს, ყველამ კარგად ვიცით, რომ ჩვენში თითქმის ყველა ვენახს თავისი სახელი აქვს და არაა გამორიცხული, რომ გავიდეს დრო და სოფელ ვაზისუბანში მოწეული რქაწითლიდან დაწურულ რომელიმე ღვინოს “ძეძვიანი” დაერქვეს, ვენახის სახელის მიხედვით, კაჭრეთში მოყვანილი მწვანე და რქაწითლიდან კი “აზნაურას წილი” ან “სანგალი” დადგეს.
ბაზარს რაც შეეხება, კიდევ ერთი საყურადღებო სიახლე შეიძლება დაინერგოს ჩვენში, კერძოდ კი ე.წ. Farmers' Market (ფერმერის, გლეხის ბაზრობები), სადაც გლეხი თავის ხარისხიან ადგილობრივ ნაწარმს გაყიდის. საფრანგეთში, დიდი ბრიტანეთში და სხვა ევროპულ ქვეყნებში კარგად მუშაობს ეს პრაქტიკა. გასულ წელს ორი კვირა მომიწია ყოფნა სახელგანთქმული სამხრეთ რონის მხარეში და მახსოვს რამხელა განხვავება იყო მარკეტში ან სარდაფში ნაყიდ საშუალო ფასის აპელასიონურ ღვინოსა და ადგილობრივ Vin de Pays შორის, რომელიც ხშირ შემთხვევაში აშკარად ჯაბნიდა ტიტულოვან ღვინოს. ეს ღვინო კი, მაღაზიების გარდა, ყოველ ოთხშაბათსა და შაბათს გამართულ ბაზრობებზე შეგეძლოთ გეყიდათ, თანაც შედარებით იაფად.
ერთი სიტყვით, სანიმუშო და სამაგალითო მთელს მსოფლიოში მრავლად მოიძიება, ბევრი რამ შეგვიძლია ვისწავლოთ, უბრალოდ, ერთი რამაა მთავარი, მონდომება იყოს საიმისოდ, რომ ქართული მევენახეობა და მეღვინეობა ფეხზე დადგეს და ყველამ, მევენახემ, მეღვინემ, ღვინის ჩინოვნიკმა, ოპოზიციონერმა, მწერალმა, ჟურნალისტმა, ღვინით მოვაჭრემ, და რაც მთავარია, მომხმარებელმა, საერთო მიზნები დაისახონ და ერთობლივად გადაწყვიტონ ეს საკითხები. უზარმაზარი წარსულის მიუხედავად, დღეს ჩვენ მაინც გზის დასაწყისში ვდგავართ, რადგან თავიდან გვიწევს ქართული ღვინისთვის ბაზრის მოპოვება, რადგან ყოველი ქვეყანა თავის მოთხოვნას გვიყენებს და ჩვენც იძულებული ვართ, დავაკმაყოფილოთ ეს დაკვეთა. ერთიც არის, რაც უფრო მომთხოვნი იქნება დამკვეთი, მით უკეთესი ქართული ღვინისთვის. ცნობილია, რომ ბორდოს ღვინის ხარისხი საუკუნეების მანძილზე მკაცრმა ბრიტანელებმა ჩამოაყალიბეს, ღვინისა, რომელმაც დიდი გზა გაიარა უხარისხო კლერეტიდან – დღევანდელ ბორდომდე, უმდიდრეს და ყველასგან გამორჩეულ ღვინომდე, ვისთან კონკურენციაშიც აცნობიერებს თავს მსოფლიოს ნებისმიერი ელიტური ღვინო.
ჩვენ რომ ბედი გვქონოდა, რუსეთი გაცილებით ადრე ამოიღებდა ქართულ ღვინოს თავისი ქსელებიდან, სამაგიეროდ ახლა უფრო მეტი საჭირო ინფორმაცია გვექნებოდა სხვა ბაზრების შესახებ და ქართული ღვინის ცნობადობაც არ იქნებოდა ასეთ ჩანასახოვან დონეზე. რუსული ინერციისა და ამ ჩრდილოური ილუზიის შედეგია ვაზთან დაკავშირებული ის კულტურული ტრაგედიაც, რაც დღეს საქართველოში ხდება. ტრაგედიაა, როცა ქვეყანაში კარგი ვენახი იჩეხება და სამწუხაროა, რომ ქართული მევენახეობა არსებითად წარსულისა და მომავლის ამარაა დარჩენილი. უცნაურად ჟღერს, მაგრამ წლევანდელმა რთველმა აწმყოს გარეშე ჩაიარა, ყველა ან მომავლის იმედით კრეფდა ყურძენს ან წარსულს მისტიროდა, ნაღდი მუშტარიც ცოტა იყო და ნაღდი ფულიც. წელს მხოლოდ ერთი რამ იყო ბლომად და თავზე საყრელად, აუარება გაკვეთილი, მრავალი ჭკუისსასწავლებელი მაგალითი, რომელიც იმედია მისცემს გლეხს საშუალებას, ერთხელ და სამუდამოდ გამოსტაცოს პოლიტიკას ვაზი და ღვინო და იგი ხალხს დაუბრუნოს. სამწუხაროდ, თანამედროვე ქართული პოლიტიკა ქართული ღვინის ღირსი არაა.


© „მარანი“

6 comments:

Anonymous said...

I've been surfing on-line greater than three hours today, but I never found any attention-grabbing article like yours. It's pretty worth
sufficient for me. In my opinion, if all site owners and bloggers made good content material as you did, the internet
will probably be a lot more useful than ever
before.

Feel free to visit my blog post; voyance Gratuite

Anonymous said...

If you wish for to grow your knowledge only keep visiting this web
site and be updated with the most recent news update posted here.


my webpage; voyance Gratuite

Anonymous said...

Does your blog have a contact page? I'm having trouble locating it but, I'd like to shoot you an e-mail.

I've got some creative ideas for your blog you might be interested in hearing. Either way, great site and I look forward to seeing it expand over time.

Here is my blog post; rimmel

Anonymous said...

Hey There. I found your weblog the usage of msn.

This is a really well written article. I will
be sure to bookmark it and return to read more of your helpful info.
Thank you for the post. I will certainly comeback.


my page Rolland Garros

Anonymous said...

I gо to seе day-to-day some wеb sites and
wеbsіteѕ tо reaԁ articles
οг reviews, hοωеѵеr
thiѕ ωebpagе οffers quality based articles.



Feel frеe tо ѕurf to my blοg ρost; disque dur SSD

Anonymous said...

I don't know if it's just me or if eνerybody else
encounteгing рroblems wіth уour blog.
Ιt appeагs аs though ѕome of the wrіtten text on your content aгe running off thе screen.
Can somebody else ρleasе comment and let me know if this iѕ haрpening to them tοo?

This might be a problem with my bгowser becauѕе I've had this happen before. Kudos

my webpage - porte serviette