Saturday, 22 September 2007

ღვინით დახატული პორტრეტები (2) ჰიუ ჯონსონი (Hugh Johnson), ღვინის ქალაქის მერი


მალხაზ ხარბედია


ეს ადამიანი ალბათ თანამედროვეობის ყველაზე ცნობილი ღვინის მწერალი და კრიტიკოსია, ღვინის მწერალთა ინგლისური სკოლის მთავარი იდეოლოგი და ფუძემდებელი, ადამიანი, ვისი წიგნებიც სამაგიდოა ნებისმიერი ღვინის ისტორიკოსისთვის თუ მოყვარულისთვის. მისი `ღვინის ისტორია~, Pocket Wine Book (გამოდის ყოველ წელს 1977 წლიდან მოყოლებული) და `ღვინის მსოფლიო ატლასი~ უკვე კლასიკად იქცა. იგი მეცნიერიცაა და მწერალიც, ჰედონისტი და `ბრიტანეთის იმპერიის კავალერი~ და რაც მთავარია, საქართველოს დიდი მეგობარი. უკვე რამდენიმე წელია ლონდონში ფუნქციონირებს მის მიერ დაარსებული VINOPOLIS, ღვინის ქალაქი, რომლის ყველაზე საინტერესო და ამავე დროს, ყველაზე არქაული ექსპოზიცია ქართული ღვინისთვისაა გამოყოფილი. ღვინის სათავეებისადმი მიძღვნილ ექსპოზიციას ქართული სტენდი ხსნის, რადგან სწორედ ჰიუ ჯონსონი იყო ის ადამიანი, ვისი მეცადინეობითაც წლების წინ საქართველოს ღვინის აკვნის სახელი დაუმკვიდრდა. ეს სტენდი კომპანია GWS-ის, საქართველოს სახელმწიფო მუზეუმისა და ინგლისში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით გაკეთდა.ჯონსონი საქართველოს პირველად 1987 წელს ეწვია, მაშინ იგი ღვინის ისტორიისადმი მიძღვნილი დოკუმენტური ფილმების სერიაზე მუშაობდა და მიუხედავად სპეცსამსახურების დიდი წინააღმდეგობებისა საარქივო მასალების მოპოვების საქმეში, მაინც მოახერხა ღვინის სათავეებამდე მიღწევა. არქეოლოგიის მუზეუმში ნაპოვნი მასალები მისთვის ნამდვილი აღმოჩენა იყო და როგორც ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნა, არც ელოდა თუ ასეთ დამაჯერებელ მასალებს მიაკვლევდა სადმე. საუბარია კულტურული ვაზის პირველ ნაკვალევზე, რომელიც ძვ. წ. 7-5 ათასწლეულით თარიღდება და რომელიც საქართველოში, შულავერის გორაზე აღმოაჩინეს. არადა 1987 წლამდე ჯონსონმა თითქმის არაფერი იცოდა ქართულ მეღვინეობაზე, არც ლიტერატურა არსებობდა ამ თემაზე და ყველაფერი ორიოდე ღვინით ამოიწურებოდა, რომელიც შემთხვევით მოხვდა ევროპაში დეგუსტაციაზე (60-იან წლებში მას მიმოწერაც კი ჰქონია საბჭოთა მეღვინეებთან).ჰიუ ჯონსონმა კემბრიჯის უნივერსიტეტი დაასრულა და იმავე უნივერსიტეტის Wine&Food Society-ს წევრი გახდა. წლების მანძილზე მუშაობდა ჟურნალისტად, ჟურნალ Vogue-ს თანამშრომელიც იყო და ერთხელაც, როცა მიხვდნენ, რომ მას ღვინო კარგად ესმოდა, ინტერვიუზე გაუშვეს მსოფლიოს Wine&Food Society-სა და ჟურნალ Wine&Food -ის დამაარსებელ ანდრე სიმონთან. სიმონი მაშინ 81-ს იყო, ჯონსონი კი 21-ს და სრულიად მოულოდნელად მან ჟურნალ Wine&Food -ის რედაქტორობის წინადადება მიიღო.ამ მხრივ ჯონსონს ძალიან გაუმართლა, როგორც თავად ამბობს, სიმონმა მას ყველაფერი ასწავლა, ღვინისა და გასტრონომიის ყველა საიდუმლოს აზიარა და სულ მალე იგი მსოფლიოს ყველაზე სანდო კრიტიკოსად იქცა. 1986 წელს იგი Château Latour-ის დირექტორთა საბჭოში აირჩიეს, რაზეც სიამოვნებით დათანხმდა, შემდეგ კი გაკვირვებულ თაყვანისმცემლებს უხსნიდა, ასეთი გადაწყვეტილება იმიტომ მივიღე, რომ პირველ რიგში გარკვეული ინფორმაცია გახდებოდა ჩემთვის ხელმისაწვდომი, რომელიც ადრე, როგორც მწერალი-ჟურნალისტისთვის ყოველთვის დახურული იყოო.ჰიუ ჯონსონმა უდიდესი როლი შეასრულა ლეგენდარული ღვინის, ტოკაის აღორძინების საქმეში. იგი იყო Royal Tokaji-ს თანამფლობელი, რომელიც თავის მეგობართან ერთად 1989 წელს დაარსა. მაშინ ისინი უნგრეთს ეწვივნენ, შეიძინეს მიწის ნაკვეთი და საქმიანობას შეუდგნენ, დღეს კი ჰიუ ჯონსონის მეტ-სახელებს შორის კიდევ ერთი, `ტოკაის ელჩია~. უნგრული ტოკაისა და მისი სიყვარული ჯერ კიდევ 1970 წელს დაიწყო, როცა ჯონსონი პირველად მოხვდა ამ მხარეში. 1990 წელს კი, ანუ პირველ ვინტაჟზე, საშინელ პირობებში უწევდა მუშაობა, არ ჰქონდათ შენობა, მანქანა-დანადგარები, თუმცა ღვინო მაინც ჩინებული გამოვიდა, იმდენად, რომ 2 წლის შემდეგ ტოკაის ფრანგი ინვესტორების მთელი არმია მოაწყდა და მხარეში ნამდვილი ოკუპაცია დაიწყო.სხვათა შორის, ტოკაის ლუდოვიკ 14-ე მეფეების ღვინოს და ღვინოების მეფეს უწოდებდა, თუმცა ასეთი არისტოკრატიზმის მიუხედავად, ჰიუ ჯონსონი, თავისი არსით, მაინც ღვინის დემოკრატია და მიაჩნია, რომ არასწორია, როცა ღვინოს მხოლოდ რჩეულთა სასმელად წარმოიდგენენ ხოლმე. მისი აზრით, ნებისმიერ ღირებულებით ნიშაში უნდა არსებობდეს კარგი ღვინო, თუმცა იმასაც აღიარებს, რომ ელიტური ღვინოები ყველასთვის ხელმისაწვდომი ვერ იქნება. ჰიუ ჯონსონი ღვინოს საკმაოდ ჰედონისტურად აფასებს, მიუხედავად იმისა, რომ მეცნიერია და სულ სხვა ენითაც შეუძლია ღვინის აღწერა. მისი აზრით, საუკეთესოა ის ღვინო, რომლისკენაც ყველაზე მეტად მიგიწევს გული, ყველაზე მეტად მოგწონს და განსხვავებით ამერიკული ღვინის კრიტიკისგან, აზრის გამოთქმა, ღვინის აღწერა, დახასიათება უფრო მნიშვნელოვანია ჯონსონისთვის, ვიდრე ქულები და მოჭრილი შეფასება (შარშან ამის გამო სამკვდრო-სასიცოცხლოდ გადაიკიდა ჯონსონმა რობეტ პარკერი, ამერიკული ღვინის `მწერლობის~ გურუ). ინლისური სკოლის მთავარი იდეოლოგი არასდროს აძლევს ღვინოს საბოლოო შეფასებებს, არ ტვირთავს ნაწერს ტექნიკური ტერმინოლოგიით, ერთი სიტყვით, საშუალო ფენაზე ზრუნავს. ღვინოს ბავშვობიდან სვამდა და თავის შვილებსაც ბავშვობიდან მიაჩვია ღვინის გემოს, წყალგარეულს ასმევდა ხოლმე. კიდევ ერთი ამერიკული ნიშანი, რომელიც ჯონსონს არ მოსწონს, 18 წლამდე მოზარდთათვის ღვინის აკრძალვაა, მისი აზრით ეს ადამიანის უფლებების დარღვევაა. ერთხელ ერთი ლექციის დასრულების შემდეგ, სადაც ჯონსონმა მსგავსი აზრები გამოთქვა, ამერიკულმა პრესამ ისეთ ქარცეცხლში გაატარა მისი სიტყვები, კაცი იფიქრებდა ინცესტის პროპაგანდას ეწეოდა, ანდა რომელიმე ზესტაფონელი თამადასავით ძალით ასხამდა ბავშვებს ღვინოს. არადა ჩვენთანაც, საქართველოში, ბევრს ჰყოლია ბებია ან ბაბუა, რომელიც წყალგარეულ საფერავს ან ალექსანდრულს მოაწრუპვინებდა შვილიშვილს.ჰიუ ჯონსონის დემოკრატიული ბუნება იქიდანაც ჩანს, რომ იგი ძალიან ბევრს ზრუნავს დამწყებ ღვინის მოყვარულებზე. მაგალითად, ამასწინად გავოგნდი, როცა ჯონსონის რჩევაში გამოუცდელი ღვინის მოყვარულებისთვის ამოვიკითხე. `იყიდეთ ორნაირი ღვინო, ვთქვათ ორდინარული ბორდო და ქართული საფერავი. დალიეთ მეგობრებთან ერთად, შეეკითხეთ ერთმანეთს, დაახასიათეთ, იკამათეთ. ეს ყველაფერი კარგად დაგამახსოვრებთ ღვინოს. ამგვარი შეხვედრებით თქვენ შეძლებთ სავარძლებში გადაწოლილებმა იმოგზაუროთ.~

No comments: