Wednesday, 19 September 2007

ლოთობა და ამისი მავნებელი ზედ-მოქმედება

ლოთობაზედ დიდი ლექცია წაიკითხა ამას წინად მოსკოვში პროფესორმა იანჟულმა. მეტი არ იქნება, მოკლედ გავაცნოთ მკითხველებს შინაარსი ამ საყურადღებო ლექციისა.რა არის ლოთობა? ლექტორის აზრით, ლოთობა ისეთი ხმარებაა მათრობელის სასმელებისა, როცა ადამიანს აღარ შეუძლიან ჩვეულებრივ კვალში იდგეს და ადამიანურად მოქმედებდეს. აქედამ ცხადია, რომ ლოთობა სხვაა და სასმელების სმა სხვა და თუ სმაში კაცი ზომას არ გადადის, ლოთობაც არ ეკიჟინება. ლოთობას დიდი ხანია ყურადღება მიაქციეს კანონ-მდებლებმა, ზნეობის მოძღვრებმა და მკურნალებმა. მკურნალი ლოთობას ისე უცქერის, როგორც ავადმყოფობას, რომელიც ცუდად მოქმედებს ადამიანის ჯანზე; ფსიქოლოგისათვის, ანუ ადამიანის სულის ვითარების მკვლევარისათვის ლოთობა ისეთი მდგომარეობაა, როცა ადამიანის ნება და სურვილი სუსტდება და აღარა მოქმედობს; ზნეობის მოძღვრისათვის ლოთობა სენია, რომელიც ჰრყვნის ადამიანის ზნეობასა და დედაა ყოველის ბოროტებისა; სოციოლოგოსისა და ეკონომისტისათვის ლოთობა მავნებელი ჩვეულებაა ერისა, ისეთი მავნებელი ჩვეულება, რომელსაც მოსდევს ფლანგვა სიმდიდრისა და რომელიც ძირს უფხვრის ერის წარმოებასა და ნაყოფიერს შრომას; დასასრულ, ლოთობა ანუ სასმელების ხმარება სახელმწიფო ხაზინისათვის სასარგებლოა და, როგორც ვიცით, დიდის შემოსავალის მომცემია.შემდეგ პროფესორმა უამბო მსმენელთ ისტორია ლოთობისა. ლოთობა ისეთივე ძველი ამბავია, როგორც თვით კაცობრიობის გაჩენაა ძველი ამბავი. კაცი დაბადებითვე ეტანება მათრობელს სასმელს. არ არის დედამიწის ზურგზე ისეთი ერი, რა გინდ ნადირ-მყოფიც უნდა იყოს, რომ რომელისამე მათრობელის სასმელის ხმარება არ იცოდეს. ზანგს, ნუმიელს, ყარღიზს, ვოტიაკს, სამხრეთ ამერიკის ნადირ-კაცს – ყველამ თავისებური სასმელები იციან. ას მილიონამდე კაცი ჰჭეღავს რასმე მათრობელს, ორასი მილიონი სწევს და ხმარობს ჰაშიშსა და ოთხას მილიონამდე კაცი კიდევ ხმარობს თრიაქს.ძველად ძრიელ ყოფილა გავრცელებული ლოთობა. არ არის არც ერთი ისტორიული ერი, რომ ლოთობა ჩვეულებად არა ჰქონიყოთ გადაქცეული. კანონ-მდებლობა და სარწმუნოება, რაც შეეძლო, ებრძოდა ამ სენს, მაგრამ-კი ვერ მოსპობდა ხოლმე.ეხლანდელს დროში ზოგან ძრიელ შეიცვალა საქმე ლოთობის მხრივ. ინდოეთის ეხლანდელს მკვიდრთა შორის ბევრად ნაკლებ არის გავრცელებული ლოთობა, ვიდრე იმათ დამპყრობელ და განათლებულ ინგლისთა შორის. ასევე ნაკლებ არის გავრცელებული ლოთობა ეხლანდელ ბერძენთა და ლათინის ტომის ერთა შორის, როგორც მაგალითად ფრანგებში, იტალიელებში, ისპანიელებში და პორტუგალელებში. ყველა ეს ერნი შესანიშნავნი არიან, რადგან დიდად ერიდებიან ლოთობას. ფრანგებს თუმცა მრავლად მოსდით ღვინო, ლოთობა მაინც არ არის და მხოლოდ ბოლოს დროს იჩინა თავი, მას შემდეგ, რაკი ვენახები ფილოქსერამ გააფუჭა და ღვინის გაძვირების გამო არაყი შემოვიდა ხმარებაში. გერმანელებმაც ძალიან წინ წადგეს ნაბიჯი და დიდად შეამცირეს თავიანთს ქვეყანაში ლოთობა. ინგლისში ჯერ კიდევ ძრიელ არის ლოთობა გავრცელებული, მაგრამ რუსეთში უფრო კიდევ მეტად ძრიელ იჩინა თავი ამ სენმა. ლოთობა რუსეთში იმისგან-კი არ წარმოსდგება, რომ ვითომ რუსეთში უფრო ბევრსა სმენ მათრობელს სასმელს. არა, სცდებიან ისინი, ვინც ასე ჰფიქრობენ. რუსეთში ლოთობის მიზეზი ის არის, რომ სმენ ერთბაშად და სმენ ბლომად, თორემ ზედი-ზედ რომ ვიანგარიშოთ, ორთა-შუა რიცხვით, რუსეთშიაც იმდენი ისმის სასმელი კაცის თავზე, რამდენიც ევროპაში. ზოგიერთ გუბერნიაში, საცა ბევრი ისმის სასმელი, ლოთობა ბევრად მცირეა, ვიდრე მაგალითად ვიატკის გუბერნიაში, საცა ბევრად ნაკლები ისმის სასმელი შედარებით ვიდრე სხვა გუბერნიებში, მაგრამ საცა ცხრაში ერთი მიცვალებული-კი უთუოდ ლოთობის მიზეზით არის გარდაცვლილი. პრუსიაში, საცა უფრო მეტი იხარჯება და ისმის სასმელი, ორჯელ ნაკლები ხალხი იხოცება ლოთობისაგან, ვიდრე სამხრეთ რუსეთშიაც-კი; არა თუ ჩრდილოეთისაკენ. რუსეთში ლოთობის მიზეზი ის-კი არ არის, რომ ბევრსა სმენ, არამედ ისა, თუ როგორა სმენ.ამითი გაათავა პროფესორმა იანჟულმა პირველი ნაწილი თავისის ლექციისა და მერე დაიწყო ლაპარაკი იმ ღონის-ძიებათა შესახებ, რომელსაც ხმარობდნენ, ან დღეს ხმარობენ კერძო კაცნი, საზოგადოებანი და სახელმწიფონი ამ მავნებელის ჩვეულების საწინააღმდეგოდ. მაგრამ ვიდრე ამაზე დაიწყებდა ლაპარაკს, მოკლე წინასიტყვაობაში მოუთხრო მსმენელთ, თუ რა ვნება და ზარალი მოაქვს ლოთობას ადამიანის ჯანისათვის, როგორ უმოკლებს ლოთობა ადამიანს სიცოცხლეს და ჩაჰყავს ბოლოს საფლავში. ლოთობა ხშირად სიღარიბის ბრალია, მაგრამ თვით სიღარიბე მომეტებულ ნაწილად ლოთობისაგან წარმოსდგებაო.ლექციის მეორე ნაწილიც ფრიად საინტერესოა, მაგრამ, გაზეთში უადგილობის გამო, თავს ვანებებთ.
`ივერია`, #111, 1888 წ.

No comments: