Saturday, 22 September 2007

ღვინის რეცეპტი


ჯეიმი ემბროუზი

ბევერლი ბლენინგი


განუწყვეტელი დისკუსია ალკოჰოლის სიკეთისა თუ მისი უარყოფითი გავლენის შესახებ უკვე ორას წელზე მეტი ხანია გრძელდება. მანამდე იგი სპორადულად წარმოიქმნებოდა ამა თუ იმ დროს, ხოლო XVII საუკუნიდან მოყოლებული, ფიზიოლოგების, ექიმების, ლიტერატორებისა და რელიგიური მოღვაწეების მიერ ეს საკითხი უცვლელად განიხილება ყველანაირ ჭრილში. ჩვეულებრივი ადამიანებისთვის, რომლებიც ღვინოს არც ისე ხშირად სვამენ, ბევრად ადვილი და მოსახერხებელია მისი სასარგებლოდ მიჩნევა. მტკიცე არამსმელებს (როგორც რელიგიური, ისე სამედიცინო მოსაზრებით) საპირისპირო პოზიცია უჭირავთ. ჟურნალ Wine-ის რედაქტორები ჯეიმი ემბროუზი (Jamie Ambrose) და ბევერლი ბლენინგი (Beverley Blanning) ჭეშმარიტების დადგენის მიზნით ცდილობენ ურთიერთსაწინააღმდეგო ცნობებში გარკვევას.


რეკომენდებული ყოველდღიური დოზა - ორი ბოკალი ღვინო მამაკაცებისთვის და ერთი ქალებისთვის


ღვინო სასარგებლოა თქვენი ჯანმრთელობისთვის. ღვინის მოყვარულთა და განსაკუთრებით მის მწარმოებელთა სასიხარულოდ, ეს გამონათქვამი, დაწყებული ეგრეთ წოდებული ფრანგული პარადოქსის აღმოჩენის მომენტიდან, სულ უფრო და უფრო დიდი უტყუარობით დასტურდება მეცნიერული კვლევებით. თუკი დასაწყისში მსჯელობა მიმდინარეობდა იმაზე, რომ ღვინის ზომიერი სმა ხელს უწყობს გულის მუშაობის გაუმჯობესებას, მოგვიანებით დადასტურდა ის ფაქტი, რომ ღვინის გონივრულად, დღეში დაახლოებით ორი ბოკალის დალევა, ხელს უწყობს ინსულტის რისკის შემცირებას 45%-ით (ჟურნალ Discover-ის მონაცემები 1999 წლის აპრილისთვის). გარდა ამისა, ბოლო წლებში გამოჩნდა კვლევები, რომელთა შედეგებიც მოწმობს, რომ ალკოჰოლი, და კერძოდ ღვინო, ხელს უწყობს დაავადებების მთელი სპექტრის განკურნებას - დაწყებული კუნთის აქტივობის შესუსტებით, რომელიც დაკავშირებულია ასაკობრივ ცვლილებებთან, დამთავრებული კუჭის წყლულით. აღმოჩნდა, რომ ერთ-ორ ბოკალ ღვინოს შეუძლია ტვინის უჯრედების ტონუსის ამაღლება და სიბერის შეჩერება, და ამ სიახლისთვის ჩვენ მზად ვართ მხიარულად ავწიოთ ბოკლები.


თავდაპირველად სამწუხაროზე


მაგრამ ყოველ მედალს ორი მხარე აქვს. ზოგიერთი გამოკვლევა ჩვენ გაცილებით ნაკლებად გვახარებს. ეს განსაკუთრებით ონკოლოგიურ გამოკვლევებზე ითქმის. ონკოლოგიურ კვლევათა ამერიკული ინსტიტუტის (AICR) მიერ 1999 წელს გაკეთებული ოფიციალური განცხადების თანახმად, თუ თქვენ აქამდე არ იღებდით ალკოჰოლს, მაშინ დაწყება არ ღირს, ხოლო თუკი იღებდით - იყავით ზომიერი. რეკომენდებული ყოველდღიური დოზა შეადგენს ორ ბოკალ ღვინოს მამაკაცებისთვის და ერთს ქალებისთვის, `ვინაიდან არსებობს მონაცემები იმის თაობაზე, რომ დიდი რაოდენობით ალკოჰოლის მიღება მნიშვნელოვნად ზრდის პირის ღრუს, ხორხის, საყლაპავი მილისა და ღვიძლის კიბოს განვითარების რისკს. დოქტორი სუშმა პარმერი (Sushma Parmer), კომუნიკაციების, ჯანმრთელობისა და გარემოს ცენტრის ხელმძღვანელი, აგრეთვე იმ კომისიის წევრი, რომელმაც წარმოადგინა AICR-ის ანგარიში სახელწოდებით `საკვები, კვება და ონკოლოგიურ დაავადებათა თავიდან აცილება: გლობალური პერსპექტივა`, ამბობს, რომ `რამდენიმე ქვეყანაში კიბოს წარმონაქმნების სრულიად სხვადასხვა მონაკვეთზე ჩატარებულ გამოკვლევათა დიდი რაოდენობა, საკმაოდ დიდი ალბათობით ადასტურებს ონკოლოგიურ დაავადებებსა და ალკოჰოლის მიღებას შორის კავშირის არსებობას. ყველაზე უსიამოვნო ცნობა მანდილოსნებისთვის არის სავარაუდო, მაგრამ ჯერ დაუმტკიცებელი კავშირი ალკოჰოლის მიღებასა და მკერდის კიბოს შორის. ჰარვარდის უნივერსიტეტის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ფაკულტეტის მიერ შარშან ჩატარებული ექვსი კვლევის მონაცემებით, ქალებისთვის, რომლებიც დღეში ორიდან ხუთ ბოკალამდე ღვინოს სვამენ, მკერდის კიბოს განვითარების რისკი მატულობს 41%-ით. მაგალითისთვის, დოქტორმა უილიამ დულიმ დოქტორ ჯონ ჰოპკინსის სპეციალიზებული სამედიცინო ინტერნეტ-საიტ Intelihealth-თვის მიცემულ ინტერვიუში ეს შედეგები უტყუარად ცნო. გარდა ამისა, დული, ჯონს ჰოპკინსის სამედიცინო ინსტიტუტის ქირურგიისა და ონკოლოგიის პროფესორი და მამოლოგიური ცენტრის დირექტორი, იმასაც ამატებს, რომ `ეს კვლევა მხოლოდ ადასტურებს ბოლო წლებში ჩატარებულ კვლევებს, რომლებმაც ასევე გამოავლინა კავშირი ამ ორ მოვლენას შორის`.ამ ძალზე უსიამოვნო ცნობის ეფექტს ოდნავ ამსუბუქებს ამერიკული ონკოლოგიური საზოგადოების წევრის, დოქტორ მაიკლ ტანის აზრი. იგი მიიჩნევს, რომ ალკოჰოლის ზომიერად მიღებას შეუძლია სიკვდილის შეყოვნება, რა მიზეზითაც არ უნდა იყოს ის გამოწვეული. ამ საბაბით შეიძლება კარგი ღვინით სავსე კიდევ ერთი ბოკალის აწევა.ჩატარებული კვლევების ყველაზე სასიამოვნო რეზიუმე შესანიშნავი სახელწოდებით `თქვენი ჯანმრთელობისთვის: ბრძნულად ღვინის სმის სახელმძღვანელო` (To Your Good Health:The Wise Drinker’s Guide; 1997) გამოთქვა ბრიტანული თიმეს-ის სამედიცინო სვეტის წამყვანმა და წიგნის ავტორმა, დოქტორმა თომას სტატაფორდმა. ამ ბრძენმა კაცმა აღნიშნა, რომ `უმნიშვნელო უმცირესობის გარდა, წითელი ღვინისა და სხვა სპირტიანი სასმელების ზომიერი რაოდენობით მიღება სასარგებლოა ყველასთვის, განურჩევლად სქესისა და ასაკისა`. იმავე დოქტორ სტატაფორდს ეკუთვნის მთავარი სიტყვა ღვინის სიკეთის შესახებ, ადასტურებს რა მასში განსაკუთრებით სასარგებლო ნივთიერებების შემცველობას ანტიოქსიდანტების სახელწოდებით.


`ფრანგული პარადოქსი`


დადგენილია, რომ საფრანგეთში გულ-სისხლძარღვთა დაავადებების მაჩვენებლები გაცილებით დაბალია, ვიდრე, მაგალითად, აშშ-ში, თუმცა მიჩნეულია, რომ ფრანგები მეტ ცხიმს იღებენ და გაცილებით მეტს ეწევიან. თავად ტერმინი `ფრანგული პარადოქსი` პირველად ამერიკული ტელეპროგრამა `60 წუთის` ეთერში გამოიყენეს. ეთერში პროგრამის გასვლის შემდეგ წითელი ღვინის გაყიდვამ მკვეთრად იმატა.


ყურძნის კანის სარგებელზე


ანტიოქსიდანტები `ცხოვრობენ` წითელ ღვინოში, მრავალწლოვანი დაძველების ერთალაოიან ვისკიში და მუქ ლუდში, როგორიცაა Guinness-ი ან პორტერი (როგორც ჩანს, ძილის წინ სწორედ შემთბარი პორტერის ტოლჩისადმი მიდრეკილებით აიხსნება XIX საუკუნის ინგლისელი მანდილოსნების მეტისმეტად ელეგანტური მოხუცებულობა: ანტიოქსიდანტები, სხვა ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ანელებს ნაოჭების გაჩენას). სწორედ მათი მოქმედებით აიხსნება ღვინის დადებითი გავლენა გულზე, ზოგიერთი განსაკუთრებით ოპტიმისტი მკვლევარი კი მიიჩნევს, რომ გულის მუშაობის სტიმულაციის გარდა, ანტიოქსიდანტები, მიუხედავად იმისა, რომ კიბოს გაჩენას ვერ ეწინააღმდეგება, ანელებს კიბოს უჯრედების ზრდას და, უფრო მეტიც, უკუაქცევს მათ განვითარებას. ანტიოქსიდანტები, რომლებსაც წითელი ღვინო შეიცავს, ფლავონიდებად იწოდება, უფრო ზუსტად, ესაა ყურძნის კანში არსებული ფენოლშემცველი ნივთიერებები. ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს, რომ ეს ნივთიერებები წითელ ღვინოში ოდნავ მეტია, ვიდრე თეთრში. ხუთი ფლავონიდი - რესვერატროლი, კვერცეტინი, კატეხინი, ეპიკატეხინი და რუტინი, უფრო ღრმა შესწავლას დაექვემდებარა. შედეგად გამოვლინდა, რომ ამ ფლავონიდთაგან ბევრის ანტიოქსიდანტური თვისებები 20-ჯერ უფრო ძლიერია, ვიდრე, მაგალითად, Е ვიტამინისა (რომელიც, სხვათა შორის, მართალია მცირე დოზით, მაგრამ მაინც არის ღვინოში). როგორც ჯანმრთელობის ფრანგული ეროვნული ინსტიტუტის კვლევების დირექტორი (Institut National de la Santé et de la Recherche Médicale) (INSERM) დოქტორი დანი ბლაში მიიჩნევს, ფლავონიდების წყალობით ღვინის უპირატესობა ზომიერი მოხმარებისას მნიშვნელოვნად გადაწონის ნებისმიერ შესაძლო ნაკლს.ღვინოში სხვადასხვა ნივთიერების შემცველობაზე ტერუარისა და კლიმატის გავლენის გამორკვევის შემდეგ გლაზგოს უნივერსიტეტმა გადაწყვიტა ჩაეტარებინა სხვადასხვა რეგიონის ღვინოების ფართომასშტაბიანი გამოკვლევა. ამ მიზნით, საფრანგეთში, ბულგარეთსა და ჩილეში მეღვინეობის მეურნეობების, მათი კლიმატის, გეოგრაფიისა და მეღვინოების მეთოდების შესასწავლად სპეციალურად იმყოფებოდა ჯენიფერ ბერნსი, რომელმაც 65 ღვინოში ფენოლის კომპონენტების შემცველობა გააანალიზა. ბერნსის გამოკვლევათა შედეგები პარამეტრების ჩვეულებრივი ნაკრებისთვის, რომელთა შესაბამისადაც ჩვენ ვირჩევთ ღვინოს, კიდევ რამდენიმეს დამატებას გვაიძულებს. მისმა კვლევამ გვიჩვენა, რომ რაც უფრო სქელია ყურძნის კანი, მით უფრო მაღალია ფლავონიდების შემცველობა. ამასთან, ამ კომპონენტების გაცილებით მაღალ კონცენტრაციას ფლობს ჩილეს, და ნაკლები ხარისხით ფრანგული კაბერნე სოვინიონი, მერლო და პინო ნუარი. `ასევე სათანადო დონეზე აღმოჩნდა ეს ნივთიერება კასრში ახლად ჩაყრილ ბულგარულ კაბერნე სოვინიონში, - ამბობს ბერნსი, - მაგრამ იგი ჯერ ახალგაზრდაა`. გახსოვდეთ: არავინ იცის რამდენი სასარგებლო ფლავონიდი იქნება მასში, როდესაც ის დაწესებულ ასაკს მიაღწევს. გამომდინარე იქიდან, რომ ქალბატონი ბერნსი კეთილსინდისიერი ექსპერტი იყო, მან არ დაასახელა კონკრეტული მწარმოებლები, მაგრამ მიუხედავად ამისა, ამ მონაცემებსაც თავისუფლად შეუძლია ბაზარზე სერიოზული ცვლილებების მოხდენა.


რესვერატროლი და სხვა


ღვინის მოყვარულთა მთავარი უპირატესობა ცხოვრების ჯანსაღი წესისა და ნატურალური წვენების მიმდევართა წინაშე იმაში მდგომარეობს, რომ კონკრეტული ყურძნის წვენი ღვინოდ გადაქცევისას, დუღილის პროცესში გაცილებით დიდი რაოდენობის ფლავონიდს იძენს, ვიდრე ნატურალური, აუდუღებელი სახით ჰქონდა. ამის შესახებ უკვე სრული თავდაჯერებულობით შეიძლება მოვუყვეთ ყველა იმ მეგობარს, რომელიც მომავალში ჯანმრთელად ყოფნის მიზნით, უმი საკვებისა და მსგავსი საეჭვო სიამოვნებების შესახებ აგიტაციას ეწევა. მეცნიერები, რომლებიც ღვინის შემადგენლობასა და მოქალაქეთა ჯანმრთელობაზე მის გავლენას შეისწავლიან, ბოლო რამდენიმე წელია ძირითად ყურადღებას რესვერატროლს, ყურძნის კანში არსებულ ერთ-ერთ ანტიოქსიდანტს უთმობდნენ. რესვერატროლი წარმოადგენს ყურძნის რეაქციას ლპობის პირობებზე. სწორედ ამიტომ, მისი შემცველობა განსაკუთრებით მაღალია ტენიან კლიმატში მოყვანილ ყურძენში. ჯიშები, რომლებსაც ლპობისთვის აქტიური წინააღმდეგობის გაწევა შეუძლია, ახდენენ მეტი რაოდენობის რესვერატროლის სინთეზირებას.სხვადასხვა გამოკვლევის საშუალებით გაირკვა, რომ ზოგიერთი ღვინო სხვა ღვინოებთან შედარებით რესვერატროლის უფრო მაღალი შემცველობით გამოირჩევა. მიუხედავად თეთრ ღვინოზე წითელი ღვინის საერთო უპირატესობისა, თვითონ თეთრი ღვინოებიც შეიძლება საკმაოდ განსხვავდებოდნენ სასარგებლო სუბსტანციების შემცველობით. აქ უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება ტერუარს და, გარდა ამისა, საბოლოო პროდუქტში ფლავონიდების შემცველობის დონე დამოკიდებულია ღვინის წარმოების მეთოდებზე. დოქტორ ბლაშის მიხედვით, პინო ნუარი წარმოადგენს რესვერატროლის მნიშვნელოვან წყაროს, რომელსაც, ცხოველებზე ჩატარებული კვლევების მონაცემებით, შეუძლია თრომბისა და ინსულტის წარმოშობის თავიდან აცილება, აგრეთვე კიბოს უჯრედების განვითარების შეფერხება.ბურგუნდიაში ყურძენზე ჩატარებულმა გამოკვლევებმა აჩვენა, რომ იქაური პინო ნუარი სხვა წითელ ჯიშებსა და სხვა რეგიონების პინო ნუართან შედარებით რესვერატროლის უფრო მაღალი შემცველობით გამოირჩევა. მაგრამ ბურგუნდიამ ძალიან არ უნდა აბზიკოს ცხვირი, ბორდოს უწინდებურად პატივისცემით უნდა მოვეპყროთ: ბორდოს წითელმა ღვინოებმა რესვერატროლის მიმართ ბრწყინვალე შედეგები აჩვენა (სიმართლე რომ ითქვას, ჩვენ ბორდოს ღვინოების საწინააღმდეგო არც არაფერი გვქონდა, ახლა ხომ მითუმეტეს...). იტალიელებსაც არ უნდა დაწყდეთ გული: ვალპოლიჩელოს ღვინოები ასევე უხვად შეიცავს მოცემულ ნივთიერებებს. კერძოდ, Recioto და Amarone წარმოადგენს ნამდვილ რესვერატროლურ კონცენტრატს: მასში ყველაზე სასარგებლო ფლავონიდი 2-3-ჯერ მეტია, ვიდრე სხვა ხარისხიანი ღვინოების უმეტესობაში. ყველაფრის გათვალისწინებით, ყურძნის ნაწილობრივი გამოშრობა და კანის ხანგრძლივი კონტაქტი ბადაგთან ფერმენტაციის დროს იწვევს საბოლოო პროდუქტში რესვერატროლის დონის ამაღლებას. ახლა უკვე მეღვინეების დავისთვის ახალი, ბარაქიანი ნიადაგი გაჩნდა: ვისი ღვინო შეიცავს ყველაზე მეტ რესვერატროლს? თუმცა, ზემოაღნიშნული მკვლევარები გლაზგოს უნივერსიტეტიდან იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ არ შეიძლება ღვინის სასარგებლო თვისებების დაყვანა რომელიმე ერთ კომპონენტამდე. მეცნიერთა ჯგუფი, რომელსაც სათავეში დოქტორი ალან კროზიერი ედგა, ორგანიზმზე წითელი ღვინის გავლენას სამი წლის განმავლობაში სწავლობდა. დოქტორი კროზიერიც მიიჩნევს, რომ ძნელია წითელი ღვინის რომელიმე ერთი შემადგენლის დასახელება, რომელსაც იგი უნდა უმადლოდეს საკუთარ შეუდარებელ სიკეთეს. რესვერატროლი კი უბრალოდ ავსებს საერთო სურათს.კროზიერის კვლევის მონაცემები პრესაში განხილვის საგანიც კი გახდა, როდესაც მისმა ჯგუფმა გამოაქვეყნა დოქტორის დასკვნა იმის თაობაზე, რომ ჩილეს კაბერნე სოვინიონს აქვს ანტიოქსიდანტების საკმაოდ მაღალი შემცველობა და ამიტომ, ის შეიძლება ჯანმრთელობისთვის ყველაზე სასარგებლოდ ჩაითვალოს. ეს აიხსნება მზის საათების დიდი რაოდენობით და ყურძნის სრულფასოვანი სიმწიფით, რომელიც ხელს უწყობს ანტიოქსიდანტების დონის ამაღლებას. მიუხედავად იმისა, რომ სწორედ ჩილეს ღვინოს დაუთმეს ჟურნალისტებმა ყველაზე დიდი ყურადღება, კროზიერი თვლის, რომ ნებისმიერი ქვეყნის ღვინოს, რომელიც დამზადებულია მწიფე, სქელკანიანი ყურძნისგან, ანტიოქსიდანტების მსგავსი შემცველობა უნდა ჰქონდეს.


თეთრი აფთიაქი


თეთრი ღვინის მოყვარულებს შეიძლება ეწყინოთ, რომ ძირითადი კვლევები უპირატესად წითელ ღვინოებს შორის ტარდება, თუმცა, თეთრი ღვინო შეიძლება ისეთივე სასარგებლო აღმოჩნდეს ჯანმრთელობისთვის, როგორც წითელი. უდავოა, რომ წითელი უფრო მეტ ანტიოქსიდანტს შეიცავს (გადამუშავების დროს კანთან შედარებით ხანგრძლივი კონტაქტის წყალობით), მაგრამ არსებობს ცნობები იმის შესახებ, რომ თეთრი ღვინის ანტიოქსიდანტები გაცილებით მეტი ეფექტურობით გამოირჩევა. ასე მაგალითად, კარდიოლოგიური კვლევების ჯორდანის ამერიკული ფონდის მიერ (Jordan Heart Research Foundation) ჩატარებულმა გამოკვლევებმა აჩვენა, რომ თრომბის წარმოქმნის რისკი 10%-ით მცირდება მათთვის, ვინც სვამს წითელ ღვინოს და, 20%-ით - მათთვის, ვინც უპირატესობას თეთრს ანიჭებს. ამავე კვლევის მონაცემებით, ორგანიზმში თავისუფალი რადიკალების რაოდენობა წითელი ღვინის მოყვარულთათვის მცირდება 15%-ით, თეთრი ღვინის მოყვარულთათვის კი - 34%-ით. თავისუფალი რადიკალები ისეთი უკარება მოლეკულებია, რომელთაც ზიანის მეტი არაფერი მოაქვს: მათი ზემოქმედებით ჯანმრთელი უჯრედები ნადგურდება, რაც არის კიდეც ორგანიზმის დაბერების ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი. ასე ამცირებს თეთრი ღვინო ამ მოლეკულების რაოდენობას ერთი მესამედით, რაც შეუძლებელია არ გვახარებდეს. აი, ვინმეს ვარდისფერი ღვინოებიც რომ შეესწავლა...მაგრამ ეს ჯერ კიდევ ყველაფერი არ არის. ამ კვლევის მონაცემები ოდნავ ეწინააღმდეგება ქვეყნიერებას მოდებულ ჯადო-სიტყვებს: `სასარგებლოა მხოლოდ წითელი`, მაგრამ მისი შედეგები ერთადერთი კარგი სიახლე არ არის თეთრი ღვინის მოყვარულთათვის. თეთრი ღვინის ანტიოქსიდანტების ეფექტურობის ბუნების გაგების მცდელობებმა იმ დასკვნამდე მიგვიყვანა, რომ იგი განპირობებულია თეთრი ღვინის ანტიოქსიდანტების მოლეკულების მცირე ზომით, რის შედეგადაც ისინი უფრო ადვილად აღწევს ორგანიზმის ქსოვილში.


დასაყოლებლად


ჯანსაღი ცხოვრების წესის ასოციაციის (Health Education Authority) სპეციალისტების აზრით, ღვინის ზომიერად სმის (დღეში ერთი-ორი ბოკალი) ძირითადი უპირატესობა გულ-სისხლძარღვთა დაავადებების პროფილაქტიკაში მდგომარეობს. მონაცემები ნამდვილად შთამბეჭდავია. ჯერ კიდევ 1979 წელს მიიღეს კარდიოლოგიურ დაავადებათა განვითარების შემცირებულ რისკსა და ღვინის სმას შორის კავშირის არსებობის პირველი დასტური. ახლახან ჩატარებული კიდევ ერთი კვლევის თანახმად, გულ-სისხლძარღვთა დაავადებისაგან გამოწვეულმა სიკვდილიანობამ 65 წელს გადაცილებულ მამაკაცებში საფრანგეთის ტულუზაში 100 000 კაციდან შეადგინა 78, ბელფასტში - 346 და გლაზგოში - 380. სტატისტიკის მიხედვით, ტულუზელი მამაკაცები სვამენ დაახლოებით 380 მლ. ღვინოს (ძირითადად წითელს) დღეში, ესე იგი დაახლოებით ნახევარ ბოთლს. გლაზგოს მცხოვრებნი, სავსებით შესაძლებელია, რომ უმთავრესად არცთუ ყველაზე მაღალი ხარისხის უბრალო ვისკის სვამდნენ. და რა ხეირი მოაქვს ამას ჯანმრთელობისთვის? რა თქმა უნდა, ტულუზაში მამაკაცების კარგი ჯანმრთელობის ერთად-ერთ მიზეზად ღვინოს ვერ დავასახელებთ. დღეგრძელობის რეცეპტი ასევე მოიცავს ხილის, ბოსტნეულისა და, თევზის ნაცვლად, რა თქმა უნდა კასულეს (cassoulet - ხორცის რაგუს განსაკუთრებული სახეობა) დიდი რაოდენობით მიღებას. მაგრამ მიუხედავად ამისა, ღვინო სერიოზულ ფაქტორად რჩება. ყველა ამ მონაცემს მხოლოდ ღვინის მწარმოებლები როდი მიესალმებიან. თუმცა მეცნიერული კვლევების უმრავლესობა მოცემული მომენტისათვის ღვინისკენაა მიმართული, სხვა სპირტიანი სასმელების მწარმოებლები მართებულად აღნიშნავენ, რომ ღვინოში სწორედ ალკოჰოლი უზრუნველყოფს მის სასარგებლო თვისებებს. განსაკუთრებით ლუდის მწარმოებლებს უხარიათ - რამდენადაც შესაძლებელია მსჯელობა ფიზიოლოგიისა და მიკრობიოლოგიის დარგში ბოლო ტენდენციების მიხედვით, მათი პროდუქტი მომდევნო ადგილს იკავებს მასშტაბური დაწვრილებითი კვლევების რიგში. აქამდე კი ლუდს რატომღაც მხოლოდ გერმანელი მეცნიერები შეისწავლიდნენ...


ანტიოქსიდანტები


ანტიოქსიდანტებს შეიცავს ახალი ხილი და ბოსტნეული და ისინი პირდაპირ უკავშირდება ორგანიზმის ნაადრევი დაბერების შენელების მცდელობებს. ანტიოქსიდანტები ახდენს ტოქსიკური ჯანგბადის ბლოკირებას, რომელიც დამღუპველად მოქმედებს დნმ-ის სტრუქტურაზე. თავის მხრივ, დნმ-ის დაზიანებას შეიძლება ბევრი დაავადების განვითარება, მათ შორის კიბოს სიმსივნეების წარმოქმნაც კი მოჰყვეს.
საკუთარი ღირსების დაცვა ვისკის მწარმოებლებმაც დაიწყეს. შოტლანდიური ვისკის ასოციაციის (The Scotch Whisky Association) წარმომადგენელი კარენ პრენტისი ამბობს: `წითელი ღვინო ნამდვილად შეიცავს უფრო მეტ ანტიოქსიდანტს, მაგრამ 100 მლ. ვისკის ისეთივე ანტიოქსიდანტური ზემოქმედება აქვს, როგორიც 100 მლ. წითელ ღვინოს`. არგუმენტის სახის მას მოჰყავს ჰარვარდის უნივერსიტეტის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ფაკულტეტის კვლევების მონაცემები: `ნებისმიერი სპირტიანი სასმელის მიღება ხელს უწყობს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარების რისკის შემცირებას... აღნიშნული მოვლენა ამ სასმელებში სხვა შემადგენლებზე მეტად განპირობებულია ალკოჰოლის შემცველობით`. ჯერჯერობით ეს მტკიცება ცოტა არ იყოს საეჭვოდ მოჩანს და მისაღებიც რომ იყოს, მხოლოდ ნამდვილად კარგი ვისკის მიმართ.აღსანიშნავია, რომ კვლევათა მონაცემები გამოირჩევა შედეგების წინააღმდეგობრიობით ან არაერთმნიშვნელოვნებით. თუმცა, ეს არ უნდა გაგვიკვირდეს, თუ გავითვალისწინებთ, რომ ისინი არც ისე დიდი ხანია რაც მიმდინარეობს. დოქტორი კროზიერის აღიარებით, ზოგადად ანტიოქსიდანტების და, კერძოდ, ღვინოში არსებული ანტიოქსიდანტების მოქმედების მექანიზმის ზუსტი გაგებისგან მას აშორებს არანაკლებ სამი-ხუთი წლისა.


დალევის სიხარული


სამედიცინო გამოკვლევების გარდა ღვინოს აქვს კიდევ ერთი თვისება, რომელიც დიდი ხანია ცნობილია. მიუხედავად ამისა, მისი სარგებელი მეცნიერების მიერ მხოლოდ ჩვენს დროშია შეფასებული. ღვინო ერთ-ერთი საუკეთესო ბუნებრივი ტრანკვილიზატორია. ცხოვრების მძიმე წუთებში, როდესაც `ფიგაროს ქორწინება` ხელმიუწვდომელია, არა მარტო შამპანური, არამედ ნებისმიერი სხვა ღვინოც აწყნარებს ნერვებს, ამცირებს სტრესს და ხელს უწყობს სრულ რელაქსაციას. აი, ფრანგმა ექიმმა-ჰომეოპათმა ე. მორიმ კი, საერთოდაც, ღვინის სხვადასხვა ჯიშით სხვადასხვა დაავადებათა მკურნალობის მთელი სისტემა გამოიგონა. ის ფრანგი დოქტორია და, რეკომენდაციას უპირატესად ფრანგულ ღვინოებს უწევს, მაგრამ ყოველთვის შეიძლება შესაფერი ანალოგის მოძებნა სხვა ქვეყნიდან. დოქტორი მორი მიიჩნევს, რომ, მაგალითად, ართრიტი იკურნება Bandol-ის დახმარებით, ხოლო ყველა თანამედროვე ქალის პრობლემა, ცელულიტი, შეიძლება გადაწყვიტოს Muscadet-მ. ცელულიტის შესახებ არაფრის თქმა არ შეგვიძლია, რადგან არ შეგვიმოწმებია, მაგრამ Muscadet-ის წყვილი ბოკალის შემდეგ თავად `ფორთოხლის ქერქის` პრობლემა რომ დაიჩრდილება, ამის გარანტიას ნამდვილად გაძლევთ. დოქტორი მორი სათანადო პატივს მიაგებს თანამედროვე ადამიანის ორგანიზმში წიდების წარმოქმნისა და მისი გაწმენდის აუცილებლობის შესახებ მოდურ თეორიებს და გვთავაზობს ყველაზე სასიამოვნო (თუმცა, შესაძლებელია არა ყველაზე ქმედით) პრეპარატს, რომელიც ხელს უწყობს საჭმლის მონელებისა და გულის მუშაობის გაუმჯობესებას, მადის აღდგენას, გადამეტებული დაძაბულობის მოხსნას, მინერალური უკმარობისა და დეტოქსიკაციის შევსებას. ყველა ამ და კიდევ მრავალი სიამოვნების მიღება შეიძლება უბრალოდ სათანადო რეგულარულობით ერთი ბოკალი შამპანურის სმისას. და მოდი ახლა, ვინმემ სცადოს და გვაძულოს გაწმენდის მიზნით შიმშილობა!

No comments: