ზვიად რუაძე
თელავის რაიონის სოფელ გუგულაში მცხოვრები თენგიზ გიგიტელაშვილი უკვე 50 წელია მამა-პაპისეულ ვენახს შვილივით უვლის. 73 წლისაა და ამბობს, რომ ვაზის დანახვაზე ერთი სიცოცხლე ემატება. დღეს ის, სხვა კახელი გლეხების მსგავსად, თავისი ხუთ ჰექტარზე გაშენებული 30 ტონა ყურძნის დაბინავებაზე წუხს. შარშანდელზე 70 პროცენტით მეტი მოსავლის მიღებას ელიან მთლიანად კახეთშიც. ყურძნის ფასს კვლავაც ბაზარი დაარეგულირებს, თუმცა უკვე ნათელია, რომ ის შარშანდელზე ნაკლები იქნება… შარშან ამ დროს კახეთი გახურებულ რთველში იყო ჩართული. წელს რთველმა სტარტი ოდნავ დაგვიანებით აიღო, რასაც ბუნებრივ პირობებსა და ვაზის დაავადებებს მიაწერენ. ყურძნის დაბალი შაქრიანობის გამო "რთველი 2007” აქტიურ ფაზაში ერთ კვირაში შევა. დღეს ყურძნის კრეფა კახეთის მხოლოდ რამდენიმე რაიონშია დაწყებული: დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ სამთაწყაროში და ფიროსმანში. იქ, ძირითადად, თეთრი და მცირე რაოდენობით შავი ყურძენი იკრიფება.
კახეთში განლაგებული სოფლის მეურნეობის სამინისტროს საგანგებო შტაბის ინფორმაციით, სამთაწყაროში ძირითადად აჭარლები ცხოვრობენ, ამიტომაც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ორგანიზებით აქტიურად გააქვთ ყურძენი რეგიონში. ერთ-ერთი ბოლო ინფორმაციით, ამ სოფელში უკვე 350 ტონა ყურძნის შესყიდვა მოხდა, თუმცა, როგორც შტაბში ამბობენ, ეს მხოლოდ დასაწყისია. მცირე ნაბიჯებით რთველი დაიწყო ყვარელშიც, სადაც ძირითადად შავ ყურძენს ყიდულობენ.
მალევე ესტაფეტა სიღნაღს,Õგურჯაანსა და თელავს გადაეცემა, ბოლოს კი რთველი სრულიად კახეთს მოიცავს.
სიტყვამ მოიტანა და, უნდა აღინიშნოს, რომ პეტრე ცისკარიშვილმა ტრადიცია არ დაარღვია და გურჯაანში მდებარე სასტუმრო "რები გურჯაანში" სოფლის მეურნეობის სამინისტროს სპეციალური საორგანიზაციო შტაბი გახსნა. კახეთში დისლოცირებულ სამინისტროს თანამშრომლებს ცისკარიშვილის მოადგილე ბაკურ კვეზერელი ხელმძღვანელობს. შტაბის მიზანი, ისევე როგორც შარშან, მევენახეებსა და პოტენციურ კლიენტებს შორის ინფორმაციის გაცვლაა, რათა გლეხებისა და ყურძნის შესყიდვის მსურველების ერთმანეთთან დაკავშირება ეფექტურად მოხდეს.
შარშანდელი რთველი წლევანდელისგან რადიკალურად განსხვავებული და ცოტა უცნაურიც კი იყო. განსხვავებული იმიტომ, რომ "რთველი 2006"-სთვის, სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარდა, მობილიზებულები იყვნენ ძალოვანი სტრუქტურები. კახეთში შინაგან საქმეთა და თავდაცვის მინისტრები ერთმანეთს ენაცვლებოდნენ. მოგვიანებით მათ გენერალური პროკურორიც შეუერთდა. აღარაფერს ვამბობთ სოფლის მეურნეობის მინისტრ მიხეილ სვიმონიშვილზე, რომელსაც თვენახევრის განმავლობაში ლამის ვენახებში ეძინა. "ბრიგადირი" მიხეილ სააკაშვილი კი თითოეული "კოლმეურნის" მუშაობას თვალყურს ადევნებდა და ზოგს "ნაკრეფს" უქებდა, ზოგსაც საჯარო შენიშვნებით იკლებდა.
თუმცა, თუ შარშან რთველის ხასიათი რუსეთის ბაზრის დაკარგვამ განსაზღვრა, წელს ამას ყურძნის უდიდესი მოსავალი დაემატა. მოთხოვნასა და მიწოდებას შორის, რბილად რომ ვთქვათ, არათანაბარმა დამოკიდებულებამ მეტი თავსატეხი გააჩინა. ისე, ამას თავსატეხს მხოლოდ საქართველოში თუ უწოდებენ, რადგან ჩვეულებრივ ასეთ მოსავალზე ბევრი ქვეყანა იოცნებებდა.
შტაბის ინფორმაციით, რამდენიმე თვის წინ მოსავლის საპროგნოზო მაჩვენებელი 200 ათას ტონას შეადგენდა, თუმცა ბუნებრივმა პირობებმა თავისი სიტყვა თქვა და დღეს კახეთში 170 ათას ტონა ყურძნის მოსავალს ელიან.
ფასის დარეგულირებაზე პასუხისმგებლობა მთავრობამ კვლავაც თავიდან აიცილა - ფასს ბაზარი არეგულირებს. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, შარშანდელთან შედარებით ყურძნის ფასი ნაკლებია, კერძოდ, კილოგრამი ყურძენი 15-20 თეთრი ღირს. ამის ვარაუდი ადვილად შეიძლებოდა, თუ პრეფიციტულ სიტუაციას გავითვალისწინებთ. შედარებისთვის, შარშან ერთი კილო "რქაწითელის" მინიმალური ფასი 28 თეთრი, მაქსიმალური - 60 თეთრი იყო, ხოლო "საფერავის" ღირებულება 80-დან 1.20 თეთრამდე მერყეობდა. "რქაწითელის" ფასი შარშან ბაზარზე უმნიშვნელოდ იყო გაზრდილი, რასაც ვერ ვიტყვით "საფერავზე", რომლის მინიმალური ფასი ორი წლის წინანდელ რთველზე 1.50 თეთრი იყო.
მიუხედავად იმისა, რომ შტაბის ინფორმაციით, ყურძნის ჩაბარების მსურველი ქარხნების რაოდენობა გაზრდილია, ეს ჩაბარებული ყურძნის მოცულობაზე ნაკლებად იმოქმედებს, რადგან ისინი ძალიან მცირე რაოდენობით ყურძენს შეისყიდიან. კერძოდ, წელს ყურძენს 92 ქარხანა ჩაიბარებს, მათ შორის: შპს "ალავერდი", შპს "ხარება", ზეგაანის ღვინის ქარხანა, "ძველი მარანი”, "კოტეხი”, "გურჯაანის ღვინის მარანი”, "ამაღლება”, შპს "მუკუზანი", შპს კაჭრეთი, "ჯი-ვი-ესი", "წინანდლის მარანი", "თელიანი ველი", "ვაინ მენი" და სხვა კომპანიები.
"ღვინის მწარმოებლების მხრიდან განსაკუთრებულ აქტივობას არ უნდა ელოდოთ. ამის თქმა მე ღვინის მწარმოებელთა ასოციაციის სახელით შემიძლია,” – განაცხადა ასოციაციის თავმჯდომარე ლევან კობერიძემ "24 საათთან” საუბარში. ეს თავად კომპანიებმაც დაადასტურეს. კომპანია GWS-ი, რომელიც რთველს უახლოეს დღეებში გეგმავს, წელს კვლავაც იყიდის ყურძენს, თუმცა იმდენივეს, რამდენიც შარშან შეიძინა. საკუთარი ვენახებიდან კომპანია 1200 ტონა ყურძნის მოსავალს ელის, კახეთში, იმერეთსა და ცაგერში კი დამატებით 300 ტონა ყურძენს შეიძენს. შედარებისთვის, ემბარგომდე კომპანია 5 ათას ტონა ყურძენს ამუშავებდა.
ღვინის მწარმოებელ კომპანიებში ამბობენ, რომ საბოლოო ჯამში, გლეხი შარშანდელზე ნაკლებ შემოსავალს მაინც არ მიიღებს.
შარშანდელ 31 სექტემბრის საღამოს გაგახსენებთ, როდესაც საგარეჯოში მიხეილ სააკაშვილმა ბიზნესმენები ვენახში შეკრიბა, გულწრფელად გულზე ხელი დაიდო და მათ ერთი უბოროტო განზრახვის შესახებ უამბო: "კიდევ ერთი რამ მინდა გითხრათ, გთხოვოთ: უბრალოდ, წელს ყველანი უნდა დავეხმაროთ კახეთს, გთხოვთ... დღეს მე მინდა თქვენზე განვახორციელო მსუბუქი რეკეტი, პირველად და უკანასკნელად. მოგიწოდებთ, კომპანიებმა 10-10 ტონა ყურძენი შეისყიდოთ კახეთის რეგიონიდან. თუ გინდათ, თანამშრომლებს აჭამეთ, თუ გინდათ, დაწურეთ და თქვენი სახელობის ღვინოები ჩამოასხით..." ხელისუფლებას უბრალოდ დაინტერესებული მოქალაქეების, ბიზნესმენების, ენერგეტიკოსების თუ მასწავლებლების იმედი წელსაც აქვს. თუმცა თუ შარშან ეს პრეზიდენტის თავაზიანი (მო)თხოვნის წყალობით მოხდა, წელს, როგორც ამბობენ, მოქალაქეები თავად მიხვდნენ მსგავსი ნაბიჯის მნიშვნელობას. მით უმეტეს, თუ ყურძნის დაბალ ფასსაც გავითვალისწინებთ.
"როგორც წესი, დასავლეთი კახურ ღვინოს ეტანება და, ალბათ, წელს მათი მხრიდან მეტ აქტიურობას უნდა ველოდოთ. ამას დაბალი ფასიც განაპირობებს. არ ვიცი, ეს რამდენად დააბალანსებს სიტუაციას, თუმცა უდავოა, რომ ეს სეგმენტი უფრო აქტიური იქნება,” – აღნიშნა კობერიძემ.
საქართველოში ადგილობრივი ბაზრის პრიორიტეტულობის გაზრდის აუცილებლობაზეც ალაპარაკდნენ. ღვინის მწარმოებელთა ასოციაციის თავმჯდომარის ინფორმაციით, საბჭოთა პერიოდში ადგილობრივ ბაზარზე სავაჭრო ობიექტების მოთხოვნა ბუტილირებულ ღვინოზე 30-40 მილიონ ბოთლი იყო. დღეს საქართველოში დაახლოებით 2 მილიონი ბოთლი ღვინო იყიდება. "მაგრამ ეს სიტუაცია წარმოებული ღვინის საფასო პოზიციონირებაზეა დამოკიდებული. იქიდან გამომდინარე, რომ წელს შედარებით იაფი ყურძენი იქნება, გამორიცხული არ არის, რომ მწარმოებლებმა ადგილობრივი ბაზრისთვის იაფფასიანი ბოთლის ღვინოების გამოშვება გადაწყვიტონ. ეს ადგილობრივ ბაზარზე რეალიზაციის გაზრდის წინაპირობა გახდება. არც ის არის გამორიცხული, რომ ძალიან დაბალი ფასის შემთხვევაში, რუსეთის ბაზრის დაბრუნების ან ახალ ბაზრებზე გაფართოების იმედით, კომპანიებმა რეზერვიც კი შექმნან. თუმცა ამ გარემოებების და სხვა ოპტიმისტული განცხადებების მიუხედავად, არ მგონია, რომ რთველი 2007 იოლად ჩაივლის. მოსავალი მეტია, თავსატკივარიც მეტი იქნება,” – გვითხრა ლევან კობერიძემ.
და რას ამბობს გლეხი?
"გლეხებმა ჯერ არ ვიცით, რას მოვუხერხებთ მოსავალს. ერთი რამ ცხადია: მთავრობამ საბოლოო პასუხი უნდა მოგვცეს - ან ვენახებს გავჩეხავთ, ან ღვინის რეალიზაციისთვის ბაზრები მოიძიოს," – აღნიშნა კახელმა თენგიზ გიგიტელაშვილმა.
"ბოლო წლებში ატამი მოვაშენე, რადგან ყურძენს ფასი დაეკარგა. იმდენი ვენახი დავიტოვე, რომ მე და ჩემს სტუმრებს წლიდან წლამდე გვეყოფა. აბა, როგორ გავაშენო ვაზი, როცა ერთი კილო ტყემალი 2 ლარი ღირს და ყურძენი კი - 20 თეთრი?!" - კითხულობს ჭანდრელი მალხაზ მთივლიშვილი.
"24 საათი"
No comments:
Post a Comment