Sunday, 23 September 2007

ნოდარ ჩხარტიშვილი - სინდისი და პროფესიონალიზმი



ქართულ ღვინოს რუსეთის ბაზარზე დაბრუნების შემთხვევაში დასამკვიდრებლად დიდი ბრძოლა მაინც არ მოუწევს - ეს ჯერჯერობით ერთადერთი ოპტიმისტური ვარაუდია, რომელიც მეღვინეების წრეში კეთდება. მაგრამ ჯერჯერობით მხოლოდ ვარაუდი. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიისა და მევენახეობა-მეღვინეობის საერთაშორისო აკადემიის აკადემიკოსი ნოდარ ჩხარტიშვილი ქართული მევენახეობა-მეღვინეობის მთავარ პრობლემებსა და ტენდენციებზე საუბრობს.



ქართული ღვინო - რუსების სულიერი განწყობილება



`რუსეთი საქართველოსათვის ღვინის ექსპორტის თვალსაზრისით უმთავრესი ბაზარი იყო, ბევრი წლის განმავლობაში ასე დარჩებოდა და დარჩება კიდეც. ამ მთავარი როლს რუსეთის ხელისუფლება მშვენივრად გრძნობდა და საჭირო დროსაც გამოიყენა. დღეს ხომ ახალი ბაზრის მოძიება არც ისე ადვილია, რადგან მსოფლიოს ბაზარი ღვინითაა გაჯერებული.ჩემი პროგნოზით, როგორც კი ქვეყნის ხელმძღვანელებს შორის ურთიერთობა დათბება, ღვინო აუცილებლად დაუბრუნდება რუსეთის ბაზარს. მე მაინც დროებითი მგონია ეს პროცესი. დასაბრუნებლად დიდი და ხელახალი ბრძოლა კი, ჩემი აზრით, ქართულ ღვინოს არ დასჭირდება - რადგან აქ თავი და თავი რუსების სულიერი განწყობილებაა ქართული ღვინის მიმართ. ეს განწყობილება კი წლები ყალიბდებოდა.`ამ სიტყვების ავტორი ნოდარ ჩხარტიშვილი იმასაც ამბობს, რომ `ზოგი ჭირი მარგებელიას` პრინციპმა აქ მაინც იმუშავა და სანქციებმა ქართველი მეღვინეები გვარიანად შეაფუცხუნა და ღვინის ხარისხი შესამჩნევად გამოსწორდა. `მარკეტინგითაც უფრო დაინტერესდნენ, რაც უფრო გართულდა სიტუაცია, მით მეტი ფიქრი დასჭირდათ, მით მეტი კვლევა, სად, რომელ ბაზარზე შეიძლება შესვლა და დამკვიდრება. აი, მაგალითად, სკანდინავიის ქვეყნებზე ვართ ორიენტირებულები, თუმცა პესიმისტური არც ოკეანის გადაღმა ქვეყნებზე ფიქრია. მართალია, კალიფორნიასა და ჩილეშიც მევენახეობა ძალიან განვითარებულია და ჩილეს ღვინო ევროპულ ბაზარზეცაა შესული, ფრანგულ ღვინოზე რომ აღარაფერი ვთქვათ, მაგრამ ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ ევროპას მრავალფეროვნება სურს. მას მობეზრდა ერთი და იგივე ღვინო.ჩვენთვის ამ ბაზარზე შესვლა დიდი ფულის დახარჯვას და დროს მოითხოვს. მაგრამ ამბიცია, რომ ჩვენი საკმარისი ნიშა დავიკავოთ ევროპის ბაზარზე, არ არის უსაფუძვლო.ბოლო წლებში საგრძნობლად გაუმჯობედა ღვინის ბოთლის, ეტიკეტის დიზაინიც, მოხდა ტექნიკური გადაიარაღება, უახლესი ქარხნები აშენდა, პროფესიონალებიც არ გვაკლია...კიდევ ორი რამ წარმატებისათვის: პასუხისმგებლობა და რაც მთავარია, ამ საქმის პატივისცემა. სხვათა შორის, ჩვენ გვქონდა იდეა, რომ როგორც ექიმები დებენ ჰიპოკრატეს ფიცს, რაღაც მსგავსი ჩამოგვეყალიბებინა, თუნდაც წესები მეღვინეებისათვის... თან, ღვინო, სამკურნალო საშუალებაცაა და ის რომ კარგი გამოვიდეს და ადამიანი არ მოატყუო, ამისათვის პროფესიონალიზმს სინდისი უნდა მიუმატო - ესეც კარგი ღვინის რეცეპტი`.ნოდარ ჩხარტიშვილი ამბობს, რომ 1990-იან წლების პრივატიზაციამ მევენახეობის სფერო თავდაყირა დააყენა. ზვრების გაუაზრებელმა დაქუცმაცებამ და გლეხებისათვის ყოველგვარი გათვლების გარეშე გადაცემამ შედეგიც ასეთივე მოიტანა - უფულო გლეხმა ვაზს შესაბამისად ვერ მოუარა და ამ მიზეზით, არაერთი ვენახი განადგურდა. მას შემდეგ ვენახების აღწერა აღარ მომხდარა.



თურმე, ვენახსაც სჭირდება პასპორტიზაცია



`საქართველოში დიდი ხანია არ ჩატარებულა ვენახების პასპორტიზაცია. ვიცოდით, რომ ვენახს ადრე 144 000 ჰექტარი ეკავა, შემდეგ ეს ფართობი 117 000 ჰექტრამდე შემცირდა. 1990-იან წლებში მეღვინეობიდან შესული თანხა ქვეყნის ბიუჯეტის მეოთხედს შეადგენდა. დღეს ეს ციფრები შეიცვალა. ჩვენი ვარაუდით, დღეს საქართველოში 300-400 000 ტონა ყურძენი უნდა იწარმოებოდეს. ამას, უხეშად თუ გავთვლით, დაახლოებით 90 000 ჰექტარი სჭირდება.მე არც იმის მჯერა, რომ გაჭირვების და რუსეთთან გართულებული ურთიერთობების გამო გლეხი ვენახს აჩეხავს. ის მისი სულიერი არსებობის წყაროა. თან ეს ეკონომიკა გლეხმა ძალიან კარგად იცის. კახეთში ყურძენი ვერაფერმა შეცვალა, ვერც საზამთრომ, ვერც რომელიმე ხილმა. ვაზი კახეთისთვის სიმდიდრის წყაროა და მას ხელშეწყობა სჭირდება. მისი გადარჩენისთვისაა სწორედ ეს ინვენტარიზაცია საჭირო - ზუსტად ვიცოდეთ სად რა გვაქვს, რა რაოდენობის. საქართველოში 1985 წლიდან ვენახების აღწერა აღარ მომხდარა. ფრაგმენტული აღწერა კი რეალურ სურათს ვერ მოგვცემს. მომავალში, თუ ევროკავშირში შევალთ, ყველაფერი სხვაგვარად იქნება, მაშინ უკვე საერთაშორისო ორგანიზაციები მოგვცემენ ლიმიტს, რამდენი უნდა გავაშენოთ და ა.შ.დღეს კი დაახლობით 2 მილიონი ლარი მაინცაა საჭირო იმისათვის, რომ გაკეთდეს პროგრამა, მომზადდეს კადრები, რომ ეს პროცესი დაიწყოს. ამას 2-3 წელი მაინც დასჭირდება. დღეს არც სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამა არსებობს მევენახეობა-მეღვინეობასთან დაკავშირებით. ჩვენს ინსტიტუტში კი გვაქვს დაწერილი კონცეფცია, რომელიც შეიძლება ამ პროგრამას საფუძვლად დაედოს.ყველა დეტალი გასათვლელია. მაგალითად, დღეს მევენახეობა-მეღვინეობაში ერთ-ერთ ხელსშემშლელი ფაქტორი ისიცაა, რომ ფერმერები აშენებენ საკუთარ ვენახებს და პირველ რიგში მის `დაბინავებაზე` ფიქრობენ. ეს ფერმერი, ცხადია, აღარ იყიდის ნედლეულს გლეხისგან. ამიტომ მგონია, რომ უნდა მოხდეს გარკვეული კოოპერირება დიდ ქარხნებთან, გლეხს სახვეწარი არ უნდა გაუხდეს, რომ ვინმემ მისგან ყურძენი იყიდოს.



სკოლა



სად უნდა გაიგოს მომავალმა მეღვინემ კარგი ღვინის დამზადების ზემოთ ნახსენები რეცეპტი? ნოდარ ჩხარტიშვილი ამბობს, რომ რეფორმამ სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტშიც გამოიწვია გარკვეული ქაოსი. კათედრები გაერთიანდა. ცალკე კათედრა ამ დარგს აღარ ეკუთვნის. `ეს ინსტიტუტი საკმაოდ კარგი სკოლა იყო. ევროპაში განათლებამიღებული ადამიანების მიერ დაარსებული. აქ არის უნიკალური ბიბლიოთეკა, ლაბორატორია, სპეციალური საცდელი ვენახები... დღეს არსებობს კიდევ ერთი საფრთხეც - ინსტიტუტმა შესაძლოა დაკარგოს მისი ტერიტორიის 10 ჰექტარი. ამბობენ, რომ ამ ტერიტორიაზე მშენებლობის წამოწყებას აპირებენ.აქამდე ეს 22 ჰექტარი შევინარჩუნეთ და გვინოდოდა, რომ ვაზისა და ღვინის ქალაქი გაშენებულიყო. სანახაობითაც საინტერესო იქნებოდა ტურისტებისათვის, ეს ხომ ფაქტობრივად მუზეუმია ჩვენს ვენახში 400-მდე ჯიშის ყურძენია დაცული და თუ ტერიტორიას გამოგვაცვლევინებენ, მარტო მის გადატანას დასჭირდება 5-6 წელი, ეს პროცესი კი ზარალის გარეშე ვერ ჩაივლის, შესაძლოა ბევრმა ჯიშმა ვერ გაუძლოს და გახმეს. ინსტიტუტს დღემდე აქვს შემორჩენილი ღვინოების უნიკალური კოლექცია. 1900 წლიდან დაწყებული, 30 000 ბოთლია დაცული. თუმცა, დღეს სამაცივრო სისტემაც აღარ ფუნქციონირებს. ყველას აწერია თავისი ასაკი. ღვინო ადამიანივითაა, დაიბადება, დავაჟკაცდება, მოხუცდება და მოკვდება ბოლოს`. ნოდარ ჩხარტიშვილი იმასაც შენიშნავს, რომ თუ მეღვინეს საკუთარი პროფესია არ ეამაყება, ის კარგ ღვინოს ვერ დააყენებს და ამის მაგალითად ერთ ძველ ამბავს იხსენებს:`წლების წინ ქართველი მეღვინეების პატარა დელეგაცია საფრანგეთში ვიყავით, სადაც საკმაოდ ცნობილი ღვინის, `შაბლის` ქარხანას ვეწვიეთ. მისმა მფლობელმა იცოდა, რომ საქართველო ღვინის ქვეყანა იყო და უნდა გენახათ როგორ ნერვიულობდა, სანამ ჩვენს შეფასებას მოისმენდა, თვალებში გვიყურებდა რას ვეტყოდით - თავისი საქმის იმდენი სიყვარული და პასუხისმგებლობა ჰქონდა.გვიყვებოდა, რატომ იყო `შაბლი` განსაკუთრებული ღვინო. მოჰყავდა ყველა არგუმენტი, რომ ის ნაოკეანარ ადგილას გაზრდილი ვაზის ყურძნიდან მზადდებოდა, რომ ამ ნიადაგზე ოკეანის გაქრობის შემდეგ დიდი რაოდენობით კაჟის შემცველი ნიჟარები დარჩა, რაც ვაზს განსაკუთრებულ თვისებებს ანიჭებდა… მსგავსი უპირატესობები ჩვენს ყურძენსაც გააჩნია, მთავარია, ჩვენც ასევე ვამაყობდეთ მისით`.

© „მარანი“

No comments: